რევოლუციურ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჰარვარდელი ქართველი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების მანძილზე არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნისთვის, არამედ კაცობრიობისთვის ქმნიან ღირებულს… ის ასეთია…
თუკი ოდესმე ახალგაზრდა ქართველ ბიზნესმენზე გაგიგიათ, რომელმაც ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავარა, ახლა ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, მაშინ ნამდვილად სასიამოვნო იქნება, რომ ახლა მასზე მეტს შეიტყობთ!

საოცარია და ქართველმა ახალგაზრდამ იმ სფეროში შეაბიჯა, სადაც მხოლოდ ერთეულები ხვდებიან და მათგანაც რამდენიმე ახერხებს საკუთარი მიზნების ისე დალაგებასა და მიღწევას, რომ 24 წლის ასაკში კაცობრიობის ისტორიაში რევოლუციური ეპოქის ჩამოყალიბებას უძღვება.
არჩილ ჭეიშვილზე გიამბობთ, პირველ ქართველ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ბიზნესმენზე, რომელიც აუცილებლად გეგმავს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში ჩამოტანასა და მის გაზიარებას.
თავიდან ყველაფერი თბილისში დაიწყო… აქ დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ საქართველომ მისცა თითქმის ყველაფერი ღირებული, რაც ახლა აქვს. განსაკუთრებით კი სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები, ოჯახი დაეხმარა მიზნის მიღწევაში:
„მახსოვს, რამდენი პრობლემა იყო ჩემი სკოლის პერიოდში და მახსოვს, რომ მინდოდა, ეს ყველაფერი აღმომეფხვრა! მაშინვე გავიაზრე, რომ ამის საშუალება იყო ბიზნესი. ვფიქრობ, ეს არის სფერო, რომელსაც შეუძლია ყველა მიმართულებით გადაჭრას პრობლემა. სკოლაში იმ დროს, როდესაც ჩემს კლასელებს უნდოდათ მეხანძრეობა, პოლიციელობა, ასტრონავტობა, მე ერთადერთი რამ მინდოდა _ ბიზნესი! დავფიქრდი, რა დამეხმარებოდა იმაში, რომ ბიზნესის საშუალებით ქვეყანაში არსებული პრობლემები გადამეჭრა, მივხვდი, რომ ეს კარგი განათლება იქნებოდა! დავიწყე საუკეთესო უნივერსიტეტების ძიება ჩვენ ირგვლივ, მსოფლიოს მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ ამისთვის საუკეთესო ადგილი ამერიკა იყო! მერე ჩავედი ბოსტონში და ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე ეკონომიკის მიმართულებით.
საქართველოში ყოფნისას კარგად ვიცოდი ის, რაც ამერიკის ეროვნული გამოცდების საუკეთესოდ დასაწერად მჭირდებოდა. ძალიან კარგად უნდა მცოდნოდა სწორად და სწრაფად წერა და კითხვა. ძალიან რთული ტექსტების სწრაფი ანალიზის უნარი უნდა მქონოდა… რაც შეეხება საუბარსა და სმენას, სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვიყავი გაწაფული ამ მიმართულებით და იქ რომ ჩავედი, ლექციების ნახევარი არ მესმოდა. ხშირად ჩემი საუბარიც არ ესმოდათ. რთული იყო ჩემთვის იქ მოხვედრაც, რადგან ჩვენი განათლების სისტემა აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმათგან. იქ მისვლისთანავე 15-გვერდიანი ესეს დაწერა დამავალეს, მათემატიკაც ძალიან რთული იყო. მოკლედ რომ ვთქვა, სწავლის პირველი სემესტრი ძალიან რთული იყო, თუმცა მთლიანობაში ეს 4 წელი გახლდათ აბსოლუტურად პროდუქტიული, ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრის მომცემი და სახალისოც!
ავაწყვე ღირებული ურთიერთობები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. დღეს ამ ტიპის ურთიერთობა მაქვს ჩემს კურსელებთან, პროფესორებთან, ბოსტონში მცხოვრებ ხალხთან.
ჰარვარდმა მომცა პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობა. მასწავლა, როგორ ჩავხედო რეალობას თვალებში _ ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაც ადამიანის წარმატებას განსაზღვრავს, არის მისი უნარი, რეალობებს ჩახედოს თვალებში. თუ ამის უნარი არ გაქვს და ამავდროულად სუსტი ხარ რამეში, მაშინ არც შეეცდები ამ სისუსტის გამოსწორებას.
ხანდახან რეალობა ძალიან მწარეა, მაგრამ ტკივილიც კარგია ხშირ შემთხვევაში, სიგნალია იმისა, რომ ჩვენ ლიმიტებს, ზღვარს ვაღწევთ! არავის შეუძლია განვითარდეს ლიმიტების მიღწევის გარეშე“, _ ამბობს არჩილი.
სტატიის მთავარ გმირს კურსელებთან, თანადამფუძნებლებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამერიკაში ორი კომპანია აქვს:
პირველი მათგანია Palatine Analytics _ ეს არის ადამიანის შეფასებისა და მიზნების მენეჯმენტის HR კომპანია. თანამშრომლები ერთმანეთს მათი უნარების შესახებ აძლევენ შეფასებებს კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მოდელი ანალიზს უკეთებს ამ შეფასებებს და დებს სამომავლო შედეგებს (ანუ შეფასების მიხედვით როგორი იქნება კონკრეტული თანამშრომლის შემდეგი მოქმედება ან როგორ შეიცვლება იგი, დატოვებს თუ არა კომპანიას და ა. შ.) და მეორე _ თანამშრომლებს აძლევს კონკრეტულ მითითებებს, რჩევებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთონ გასაუმჯობესებლად.
მეორე კომპანია კი ჯერ მხოლოდ ორი თვეა გამოჩნდა ბაზარზე, თუმცა უკვე შეძლო საკმაოდ სერიოზული კომპანიების დაინტერესება. GenesisAIარის კომპანია, რომელიც სხვადასხვა ხელოვნურ ინტელექტს ინფორმაციის გაცვლის, სერვისების ყიდვისა და სწავლის საშუალებას აძლევს, ანუ ისინი ქმნიან გლობალურ ხელოვნური ინტელექტის ქსელს და მათი მიზანია, რომ მსოფლიოში ყველაზე ღირებულ პროდუქციას ჩაუყარონ საფუძველი.
საინტერესოა, როგორ გაუჩნდა ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის იდეა და სურვილი ჩვენი სტატიის მთავარ გმირს და რა სირთულეები შეხვდა გზად ამ მიზნის მიღწევისას? ყველაფერს თავად გვიყვება:

„როცა მეორე ხელოვნური ინტელექტის კომპანია დავაარსეთ, მოტივაცია იყო პირველი კომპანია, მაგრამ პირველის დაწყების მიზეზი იყო დაკვირვება და კონკრეტული მიზნის დასახვა…
უკვე GenesisAI-ის დაარსების წინ დავაკვირდით იმას, რაც დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში ძალიან დიდი პრობლემაა. დღეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კონკრეტული რაღაც აკეთოს კარგად, მაგრამ მარტივად ვერ იწყებს სხვა რაიმე ახლის კეთებას. ვერ ახერხებს „სწრაფად ათვისებას“. ამის გარეშე კი ის ვერ შეძლებს თავისი სრული პოტენციალის მიღწევას!
იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე „ასწავლო“, ამისთვის კოდი უნდა დაწერო, მაგრამ მილიარდი ქმედებაა, ქეისია, რაც ასათვისებელი აქვს და ყველაფერში ხომ კოდს ვერ დაწერ?! მაგალითად, როდესაც თვითმართვადია მანქანა, მან უნდა იცოდეს, რომ როცა წითელი აინთება შუქნიშანზე, უნდა გაჩერდეს, როცა მწვანე _ წავიდეს, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დაუწერ?! ამიტომ უნდა „შთაბერო სული“, რომ თავისით მიხვდეს რაღაცებს, კოდის დაწერის გარეშე… სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა…
პირველი კომპანია Palatine Analytics-ის ორი ოფისი გვაქვს ბოსტონსა და ნიუ-იორკში. ამ კომპანიაში Google-ის, Facebook-ის, Microsoft-ის ყოფილი ინჟინრები გვყავს დასაქმებული. ასევე ვართ მე და ჩემი კურსელები ჰარვარდიდან და Wall street-ის ხალხი. სულ 25 ადამიანია დასაქმებული, გვყავს 40-მდე დიდი კლიენტი ამერიკაში და თვეში, დაახლოებით, 20-25%-ით ვიზრდებით.
მეორე კომპანიაში (GenesisAI) ხელოვნური ინტელექტის სერვისის მყიდველებს სერვისის გამყიდველთან ვაკავშირებთ. ბეტა ვერსიას ახლა ვასრულებთ და გვინდა, რომ რევოლუციური, „მოაზროვნე“ ტიპის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში შევიტანოთ წვლილი“.
საკუთარი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმიდან გამომდინარე, მუდმივად დაკავებული არჩილი საქართველოს წელიწადში მხოლოდ ერთხელ სტუმრობს ხოლმე, რა დროსაც ცდილობს, ყველა და ყველაფერი მოინახიულოს და ესტუმროს. უყვარს საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. არასდროს ეზარება რაიმეს ახსნა ან რჩევის მიცემა ვინმესთვის, ვისაც მასავით სურს ჰარვარდში ჩაბარება ან Wall street-ზე მუშაობა.
გვიტყდება, რომ ძალიან უყვარს ქართული მუსიკა და ტრადიციული ცეკვა. ბავშვობაში ცეკვავდა კიდეც და ახლაც არ ამბობს უარს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცა. სპორტს დიდ ყურადღებას აქცევს და ჯანსაღი ცხოვრება მისთვის უპირატესია.
საინტერესოა, რომ ახალგაზრდას ხელოვნური ინტელექტის გარდა ეკონომიკა და ფინანსებიც ძალიან აინტერესებს. მუშაობდა Wall street-ზე ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიაში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გახლდათ.
Wall street-ამდე კი ბავშვობიდან ვაჭრობდა მარკეტზე და რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, როცა ეს თემა ახლაც უცხო ხილია ბევრისთვის საქართველოში, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ესმოდა სისტემა ჩვენი სტატიის მთავარი გმირს…
არჩილს ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს რაიმე ახლისა და ღირებულის შექმნა. უყვარს, როდესაც სხვა ადამიანის გახარებაში შეაქვს წვლილი. ამბობს, რომ ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანს ასწავლო როგორ ითევზაოს, ვიდრე დაჭერილი თევზი მისცე პირდაპირ!
საუბრობს ხალხზე, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველოში ყოფნით არაფერი გამოვა და წარმატებას ვერ მიაღწევს. მისივე თქმით, მთავარია გქონდეს მიზანი, პირველ რიგში შენ უნდა შეგეძლოს რამის მიღწევა, უნდა შეგეძლოს გარემოსთან ადაპტირება და შემდეგ უნდა გადადგა ქმედითი ნაბიჯები.
თავად ამერიკაში განათლების მიღების მიზნით და მის საქართველოში ჩამოსატანად ჩავიდა. ახლა კი მისი სამომავლო მიზნები ორ კატეგორიად იყოფა: საქართველო და მსოფლიო.
ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ჩამორჩენილია ხელოვნური ინტელექტის სფეროში, როცა ეს არის ახალი ინდუსტრია, კომპიუტერზე მნიშვნელოვანი და ღირებული რამ. გვიხსნის, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა გამარჯვებული _ აქ თუ მეტ ინფორმაციას აგროვებ, მერე შენი მოდელები უკეთესად მუშაობს, რაც კმაყოფილ კლიენტს ნიშნავს, ეს მათ დიდ რაოდენობას უდრის, კმაყოფილი კლიენტების დიდი ოდენობა კი ჯაჭვურ რეაქციას გვაძლევს, რის გამოც გამარჯვებული სულ ერთი ან ორი ქვეყანა, ანდაც სამი-ოთხი კომპანია იქნება. მისი თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვიყოთ ამ მიმართულებით. ამბობს, რომ საქართველოს გამოსავალი არის ტექნოლოგიებსა და ახალ მიღწევებში, სწორედ აქ უნდა დავეწიოთ და გავასწროთ სხვებს!
გვიმხელს იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისთვის მის ტექნოლოგიას ქართველ კლიენტებსაც უზიარებენ:
„საქართველოშიც გვყავს კლიენტები. ჩვენი მიზანია ამ ტექნოლოგიის იმპლემენტირება მოხდეს სახელმწიფო დონეზე, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებაში არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია სახელმწიფო უფრო ტრანსფარენტული გახადოს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, რისკენაც მივდივართ“.
ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაფერი ენანება იმ ხალხისთვის, რომელიც მის კომპანიებში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ისინი მაქსიმალურად ბედნიერები იყვნენ. არაფერი ენანება საქართველოსთვისაც, აპირებს, რომ რაც მიიღო საკუთარი ქვეყნისგან, საქართველოს ორმაგი სიკეთით დაუბრუნოს უკან!
იხსენებს ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმატების მიღწევის გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ შეხვდა, როცა ყველაფერს თავიდან იწყებდა, ყველაზე რთული კი დასაწყისში საკუთარი თავის ფსიქოლოგიური კონტროლი იყო:
„სტარტაფ სამყაროში თავიდან ძალიან დიდი და ბევრი პრობლემაა. შეიძლება თანადამფუძნებელი წავიდა კომპანიიდან ან შეიძლება რომელიღაც დიდი კომპანია გიჩივის, ანდაც, შესაძლოა, თანამშრომელმა რაღაც კომპიუტერული სისტემა გააფუჭა და ა. შ. ამ პრობლემების დროს თუ ძლიერი არ ხარ, ის ცუდ გავლენას მოახდენს შენზე. მოტივაციას დაგაკარგვინებს! თუ დირექტორი ხარ და მოტივაციას დაკარგავ, სხვებიც დაკარგავენ მას…
თავიდან, როცა ამ სამყაროში შევედი, ჩემი ფსიქოლოგიის კონტროლი რთული იყო, ნელ-ნელა, როცა ჩემს თავთან ვიმუშავე, სიტუაცია გამოსწორდა და ახლა ყველაფერი სტაბილურადაა. სტარტაფერი და მეწარმე უნდა იყოს სტაბილური, ბედნიერების ხაზთან მუდმივად ახლოს. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს ხალხი მიუდგეს, როგორც მარათონს და არა როგორც 100-მეტრიან გარბენს. ბიზნესს სჭირდება წლები და თუ 6 თვის ან საათების მერე „გადაიწვი“, მაშინ ვერ შექმნი მას, ვერ მიაღწევ სასურველს!“ – აღნიშნავს ბიზნესმენი.
იხსენებს იმასაც, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრი გადაწყვეტილება უნანია, მიმხვდარა იმასაც, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიუღია, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამან ემოციურად არ უნდა დაგტვირთოს და არ უნდა დატუქსო საკუთარი თავი. მთავარია, მისგან ისწავლო და გზა გააგრძელო!
მიზნად ისახავს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრების თავიდან ბოლომდე შეცვლას და რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ. ამ საქმეში კომპრომისები არ აქვს! მუდმივად მაქსიმალისტია, როდესაც საქმე პიროვნებას ან მის საქმეს ეხება!
გვიხსნის საკუთარ დამოკიდებულებას ცხოვრებასთან მიმართებითაც, ამბობს, რომ ყოველთვის გრძელ ვადაში ფიქრობს! რასაც უნდა აკეთებდეს, ყოველთვის ითვალისწინებს არა იმას, თუ რა იქნება პირველი ხარისხის შედეგი და სარგებელი, არამედ იმას, თუ რა იქნება მესამე ხარისხის შედეგი (ვთქვათ, შოკოლადის ჭამის პირველი ხარისხის შედეგი არის ის, რომ სიამოვნებას მიიღებ მისგან, მეორე _ შეიძელბა გასუქდე, მესამე _ დიაბეტიც შეიძლება დაგემართოს). ჩვენც სწორად უნდა შევქმნათ გრძელვადიანი გეგმა, როგორ შევცვალოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე. გრძელ ვადაში უნდა ვიფიქროთ მომავალზე და არა უცებ მიღებულ შედეგზე.
ბევრ რამეზე მოფიქრალ ახალგაზრდას ბედნიერებას მცირე და მარტივი დეტალები ანიჭებს. ამბობს, რომ არასდროს ჰქონია დეპრესია და სულ მხიარულია! ერთადერთი, რაც აღიზიანებს, არის ის ქცევა, როცა ადამიანი სისტემატურად იღებს არარაციონალურ, არაპრაქტიკულ, გაუთვლელ გადაწყვეტილებას. საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს ადამიანმა იმისთვის, რომ უკეთესი გხდეს. ეს არის დროის სწორად გამოყენება! მართალია, თეორიულად ამის თქმა ადვილია, თუმცა ძალიან რთულია მისი პრაქტიკულად განხორციელება.
იხსენებს პერიოდს, როცა აშშ-ს ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა:
„ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მემეცადინა! იმისთვის, რომ ჰარვარდში ჩააბარო, უნდა აჯობო 99,9%-ს, როგორ უნდა მოხვდე იქ, თუ სხვა შენზე მეტ დროს დებს მეცადინეობაში? რა თქმა უნდა, დროის ეფექტიანი გამოყენებით! _ ეს არის ერთადერთი გამოსავალი. რესურსისა და ენერგიის ინვესტიცია ჩავდე, მაგალითად, სწრაფად კითხვაში, რომ შემდეგ სხვა საჭიროებებზეც გადამენაწილებინა დრო“.
როგორც არჩილი ამბობს, მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა რეი დალიომ, იმ კომპანიის დირექტორმა, რომელშიც Wall street-ზე მუშაობდა. ამ ადამიანის წიგნის წაკითხვამ თავად დალიოსაც კი დაამსგავსა და ის ფილოსოფია გაათავისებინა, რაც წიგნშია გადმოცემული.
ფიქრობს, რომ უმეტეს მიმართულებებში თავისუფლია, თუმცა სრულად არა. თავისუფლებად კი იმას მიიჩნევს, რომ ადამიანმა უნდა აკონტროლოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც უნდა ან არ უნდა. ამბობს, რომ როცა ადამიანი თავისუფალი არჩევანით იწყებს ნარკოტიკების მიღებას, ის მერე კარგავს არჩევანის უფლებას, რადგან ავტომატურად დამოკიდებული ხდება მასზე.
ხშირად ფიქრობს საკუთარ ქმედებებზე და მათ აანალიზებს _ ფიქრობს იმაზე, თუ სად არის კარგი და სად მოიკოჭლებს… საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობაზე ბევრს მუშაობს, რაც ძალიან კომპლექსურია, ამიტომ ბევრი მუშაობა უწევს.
მიაჩნია, რომ ადამიანებს ის მისია აქვთ, რასაც საკუთარ თავს თავად დაუწესებენ მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში.
კითხვაზე, თუ რომელი ეპოქაში დაიბადებოდა, იხსენებს ბავშვობას, როცა ძალიან უყვარდა ისტორია. თავადვე აკეთებდა მშვილდ-ისარს და ცხენზე ჯირითის დროს ისროდა კიდეც მას. უყვარდა რაინდების ეპოქა და ოცნებობდა, რომ იმ პერიოდში დაბადებულიყო, თუმცა ახლა იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვან ეპოქაშია დაბადებული, იმდენად მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობს, რომ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას ნამდვილად არ გამოაკლდებოდა, ამიტომ ახლა ზუსტად იქაა, სადაც ნამდვილად უნდა იყოს!
როდესაც ხელოვნური ინტელექტის თემით დაინტერესებაზე საუბრობენ, ახსენდება ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სფეროში შევიდა… ეს მისი გარდაცვლილი მეგობრის შემთხვევა იყო. ის არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან მყოფმა ადამიანმა იმსხვერპლა. არჩილი კი ამბობს, რომ მილიონობით ასეთი შემთხვევა აღარ იქნება, თუ თვითმართვადი მანქანები იარსებებს, რომლებსაც არც სიმთვრალე ან ნარკოტიკები, ან დაღლილი მძღოლი არ სჭირდებათ. მისი თქმით, ამ მიმართულებით დაღუპული ადამიანების რაოდენობაც კი 99%-ით შემცირდება.
როგორც თავად ამბობს, ნამდვილი არჩილ ჭეიშვილი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ კაცობრიობისთვის ღირებული შექმნას და ცდილობს, თვითონ იყოს ბედნიერი.
გვიმხელს წარმატების საიდუმლოსაც, რომლის სწორად გააზრებაც აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე: პირველი _ შესაძლებლობა, რომ რეალობას ჩახედო თვალებში; მეორე _ გრძელვადიანი ფიქრის უნარი;
მესამე _ დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ. წინ წახვიდე საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნებით.
ქართველ რევოლუციონერს ხელოვნური ინტელექტის სფეროში საზოგადოებისთვის შემდეგი გზავნილი აქვს:
„კაცობრიობა ტანჯვისთვის არაა შექმნილი, ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას. ამიტომ გავაკეთოთ ის, რაც არა მარტო მოკლე ვადაში, არამედ გრძელ ვადაშიც მოგვიტანს ბედნიერებას. თუ ამას გავაკეთებთ, ყველაზე დიდი პრობლემები, _ მოუთმენლობა და არასწორი პრიორიტეტების დასახვა, _ გადაიჭრება“.

ნინო ტაბაღუა