ნანა ცინცაძე: “3 დღეში მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, 100 ათასობით გაზიარება, მოწონება, კომენტარი…”

„ქრონიკა+“-ს შევხვდები, საკარული მყავს სტუმრად და გულწრფელ ინტერვიუზე არაფრით ვეტყვი უარს“, _ ასე შემოგვეგება ექიმი, პოეტი და უმრავი სიმღერის ტექსტის ავტორი ნანა ცინცაძე, როდესაც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედით.

პოეტი ნანა ცინცაძე და მისი შემოქმედება მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები თითქმის ყველა ქართველი მომღერლის რეპერტუარშია. მათ შორის არიან: ლაშა ღლონტი, „ქართული ხმები“, ია ჩანტლაძე, ეკა კვალიაშვილი, კახა კუხიანიძე, თემურ თათარაშვილი, ქეთა თოფურია, დუეტი „ჯორჯია“, ნოდიკო ტატიშვილი, ზურა დოიჯაშილი, მამუკა ონაშვილი, გიგა კვენეტაძე, დავით არჩვაძე და ბევრი სხვა.
„ნებისმიერი შეხვედრა მკითხველთან _ ეს იქნება ახალი წიგნით, ლიტერატურული საღამოებით, შენს ლექსებზე შექმნილი სიმღერის პრემიერით თუ იმ პირადი კონტაქტებით, როდესაც ისინი გულწრფელად გამოხატავენ სიყვარულს შენი პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ, უდიდეს მღელვარებასთან და პასუხისმგებლობის გრძნობასთან არის დაკავშირებული“, _ ამბობს პოეტი.

ნანა ცინცაძე:
_ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც შენი შემოქმედება, ნაწერი უყვართ და ამახსოვრდება ხალხს, ამისთვის ნამდვილად ღირდა დაბადება. ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ფუფუნებაში ცხოვრება, ჩემი ნატვრა იყო, რომ ისე მეცხოვრა, ხალხს ვყვარებოდი ყოველთვის. რასაც ქმნი, ეს უნდა იყოს დასამახსოვრებელი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ლექსებს ძალიან კარგად მღერიან მამაკაცები ან ანსამბლები. მამაკაცს ხშირად დაუკოცნია ჩემთვის ხელები, როდესაც მათი სათქმელი ლექსით გადმომიცია. სონეტების წიგნი გამოვუშვი და მახსოვს, ბატონმა თემურ ჩალაბაშვილმა მითხრა: შენ არ აზროვნებ როგორც ქალი, რადგან არ შეიძლება ეს ყველაფერი შექმნას ქალმაო. შემდეგ ჩემი ერთი მეგობარი მეუბნება: შენა ხარ ის ქალი, რომელმაც სიღრმე შეიტანა პოეზიაშიო. მათი ეს სიტყვები ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. რაც შეეხება სასიმღერო ლექსს, ის უფრო მარტივი უნდა იყოს, რადგან მსმენელმა აიტაცოს და თუ ის სიმღერაც თაობებს დარჩება, მე მხოლოდ ერთ ფრაზას ვიტყვი: გმადლობ, უფალო, რომ მომავლინე ამქვეყნად.
თქვენ არ აზროვნებთ როგორც ქალი, ანუ თქვენი პოეზია არაფრით არ ჰგავს ქალის შექმნილ ლექსებს…
ვაღიარებ თქვენს პრიორიტეტს. არ მივეკუთვნები ფემინისტებს და არც იმ ქალებს, რომლებიც გენდერულ წონასწორობას ხმამაღლა გაჰყვირიან ქუჩაში. მსოფლიო ისტორიას რომ გადავხედოთ, 95%-ზე მეტი, რაც დიდებული შექმნილა, შექმნილა კაცებზე. ჩემი გონებით უფრო მამაკაცისკენ ვიხრები, თუმცა მთელი ჩემი არსებით ვარ ქალი, როგორც ვიზუალურად, ისე ჩემი მთელი შინაგანი სამყაროთი. თუ მაქვს ისეთი ძლიერი ბუნება, როგორიც თქვენ, მამაკაცებს, მაშინ ამისთვის დიდი მადლობა ღმერთს, ესეც უფლის საჩუქარია. ზოდიაქოთი ქალწული ვარ და ვატარებ ყველა იმ ნიშანს, რაც ახასიათებს ქალწულს.
ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ მედიცინას ავირჩევდი. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიის ცოდნამ და ამ სფეროში მუშაობამ კარგად დამანახა როგორც ქალის, ასევე კაცის ბუნება. ერთი ძალიან კარგი ლექსი მაქვს _ „ხვადი“, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ:
„თავაწყვეტილი ყიჟინი მამრის,
როცა ამაყად ისწორებს დეზებს,
ცხელი სურვილი, სურნელი ამბრის,
ძუკნის ძახილი სულ რომ აქეზებს,
როდესაც მოჰგავს მწევარს დაგეშილს,
ნესტოები რომ უთრთის ძალუმად,
როცა ნაცნობი სულით გალეშილს
ვიღაც სჭირდება ღამის აღლუმად.
როცა თვალები სისხლით ევსება,
როცა არ სტოვებს ბილწი თარეში,
როდესაც მადა ხორცით ეხსნება,
როცა ქალს ეძებს სავსე მთვარეშიც.
როცა არ ესმის სიტყვა უარი,
და ჩადრშიც ხედავს სხეულს ვნებიანს,
როცა ულაყი, სადაც ძუ არის,
მზერით აშიშვლებს ფარულნებიანს.
უცებ მისწვდება სხეულს კანკალი,
გადაუქროლებს შეშლილ სამყაროს
თავდავიწყება არის სამკალი
და ვნებად უნდა გამოაყაროს.
არ დაატიოს ტვინი არეში,
სადაც გონება გულის ხედია,
ეს მამრს სჭირდება ცაში თარეში,
ქალი ადვილი გასახედნია…“
მახსოვს, როდესაც ეს ლექსი პირველად ბატონ ალეკო ოღლიშვილს წავუკითხე, არაჩვეულებრივ კაცს და ჩემს უფროს მეგობარს, მანქანა გააჩერა, ხელზე მაკოცა და მითხრა: რანაირად დაინახე ასე კარგად კაცის ბუნებაო.
_ და რა უპასუხეთ?
_ არ ვიცი, რაღაცა მოდის ჩვენს ქვეცნობიერში, მერე ხდება მისი დანახვა და გაცნობიერება. ვერ გეტყვით, თუ რატომ ვიცი ასე კარგად თქვენი, მამაკაცების ხასიათი.
_ ცხოვრებაშიც ასეთი ძლიერი ხართ?
_ რამდენადაც ჩანს, რომ ძლიერი ვარ, იმდენად როცა მარტო ვრჩები, ცოტა სუსტიც ვარ, მაგრამ ცხოვრებამ არ გამანებივრა ისე, რომ სუსტი ვყოფილიყავი. გადაწყვეტილებებს ვიღებდი მე, ვახორციელებდი მე და ყველაფერს ვაგვარებდი მე, თუმცა მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომ სუსტი ვყოფილიყავი.
_ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის არ გიჭირთ?
_ მარტო დარჩენის ადამიანს ყოველთვის უჭირს. ნებისმიერ ასაკში კაცს ყოველთვის იშოვი, მაგრამ გააჩნია, ვის. იმ ურთიერთობას რა აზრი აქვს, კვირაში ერთხელ მაინც თუ არ გაგაბედნიერა? რთულია მოაზროვნე ადამიანმა იპოვო ის, რაც შენ გინდა, ვინც შენ გინდა. აქვე დავძენდი იმას, რომ სიყვარულისთვის ასაკი არ არსებობს.
„დრო უკურნებელ სენად არსებობს,
დროს არც სცივა და არცა სწყურია,
დროის მოპარვაც უნდა გაბედოს პრომეთემ,
მაგრამ მიჯაჭვულია.
მე კი მოვპარე დრო ცხოვრებას,
მაგრამ სად ვნახო მეორე დრომოპარული ადამიანი,
რომელთანაც მექნება შეთვისება, რასაც სიყვარული ჰქვია.
ფიქრებში სულ შეყვარებული ვარ, ალბათ, სიყვარული მიყვარს ძალიან…“
_ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი ფრაზა თქვით: მოზღვავებული ტკივილი ქმნის ნამდვილ პოეზიას და მე მქონდა ამის მიზეზი…
_ ტკივილი ნამდვილად ქმნის პოეზიას. ფასეულობათა გადაფასება ერთხელ არ ხდება ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ არანორმალურად ლაღი ბავშვობა მქონდა. სტუდენტობის პერიოდში გავთხოვდი. ყოველთვის მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. საკეისრო კვეთით გავაჩინე შვილი და ერთის მეტს ვერ გავაჩენდი. ამ ყველაფერმა დიდი ტკივილები ცხოვრებაში გამოიწვია, სხვა პროლემებიც, მაგრამ რაც არ უნდა რთული პერიოდი მქონოდა, საკუთარ თავს ყოველთვის მე ვშველოდი.
_ როგორ უმკლავდებოდით მარტო ამ ტკივილებს?
_ ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ წიგნს ვკითხულობდი.
_ გშველოდათ წიგნების კითხვა?
_ რა თქმა უნდა. პირველ რიგში შენი გონება გშველის, გააჩნია. ერთხელ ვოლტერს ჰკითხეს, _ რამდენი წიგნი გაქვს წაკითხულიო? მან უპასუხა: თუ რაოდენობა გაინტერესებთ, ჩემს მოსამსახურეს უფრო მეტი ექნებაო. წიგნის კითხვა არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ასოებს გააყოლო თვალი და სწრაფად მორჩე გადაფურცვლას. წიგნს რომ კითხულობ, უნდა გააანალიზო იგი.
_ 12 წლის იყავით, პირველად ლექსი რომ დაწერეთ, შენახული გაქვთ ძველი ნაწერები?
_ დაახლოებით მაგ ასაკში ვიყავი, პირველად რომ დავწერე. სკოლის პერიოდში, სხვათა შორის, პროზა დავწერე. ყველაფერი შენახული მაქვს. 90-იან წლებში უფრო ინტენსიურად დავიწყე წერა.
_ თქვენთვის პოეზია ჰობის დონეზე იყო, პროფესიულზე თუ?
_ არ ვიცი, რა დონეზე იყო. სახელს ვერ დავარქმევ. გარდა ამისა, ვმუშაობდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში. 1988 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი ვარ. პირველ წიგნში ზუსტად 40 ლექსი დავბეჭდე და დღესაც სიამოვნებით დავბეჭდავდი. კულტურა, გემოვნება და მთხოვნილება ყოველთვის იგრძნობოდა. ძალიან მომთხოვნი ვარ. შენ თუ არ ხარ შენი თავის ოპონენტი, ალბათ, ვერაფერს შექმნი. გაგიკვირდებათ და არასდროს მომიწევია და არც დამილევია, მაგრამ ამას საერთოდ არ შეუშლია ხელი შემოქმედებაში. ჩემს იდეალურ სამყაროში იგრძნობა ის ყველაფერი, რაც შეიძლება იმ მწეველსა და მსმელს არ მოუვიდეს თავში. ჩემი რეალური სამყარო მოიცავს გალაქტიკას, მთელ ქვეყნიერებას და ესაა ჩემთვის ყველაფერი.
_ რანაირად ახერხებთ ამ ყველაფერს?
_ არ ვიცი. თვითონ მოდის ეს ფრაზები, თვითონ ლაგდება. ერთხელ დავწერე:
„ზევიდან მკარნახობს ვიღაც და მეც ვიწერ არეულ სტრიქონებს, მერე თავისთავად ლაგდება, რასაც მამა ღმერთი იგონებს“.
_ ქალბატონო ნანა, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს ერთ-ერთ ლექსზე „დაგთმე“, რომელმაც სრული რეკორდი მოხსნა ქართულ ტელესივრცესში და არა მარტო…
„დაგთმე… იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ,
დაგთმე… იმიტომ, რომ ვიცი, გიყვარვარ.
დაგთმე… იმიტომ, რომ ყველგან მეძებდე და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის,
სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი
და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი დათვალო მისხლით.
დაგთმე…
იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ
და როცა ძილი თავისთან მიწვევს,
შენ – მირაჟში ჩამომჯდარი თავსასთუმალთან მიკოცნი თითებს
დაგთმე…
იმიტომ, რომ ყოველი სიტყვით ერთმანეთს ვგავართ,
ის კი არა და… ეგ თეთრი კანი, წითური თმები და აზრთა წყობა,
ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი და მაინც ნდობა…
ყველა მზერაში სიმართლე და კოცნის წყურვილი,
გზები ცალ-ცალკე, ერთმანეთით გადაბურვილი.
დაგთმე…
შენთვის რომ ყველა წამი მონატრების წამად მექცია…
რომ ცრემლი, სისხლად გარდაქმნილი, აქ დაგექცია…
რომ შენს ფიქრებში არ იყო სხვასთან,
რომ ერთად ყოფნის ყველა წამი ჩაგრჩეს კადრებად
და სულ ფიქრობდე – სხვა არავინ შემიყვარდება…
დ ა ვ თ მ ე…
ჩ ე მ ი უ უ ფ ლ ე ბ ო ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი …“
_ მირეკავს გია ჯაჯანიძე და მეუბნება: ყველანაირი რეკორდი მოხსენიო. 3 დღეში მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, 100 ათასობით გაზიარება, მოწონება, კომენტარი და არც ერთი უარყოფითი. როგორ შემიძლია, რომ ამ ადამიანების მიმართ არ გამოვხატო უდიდესი სიყვარული. რომელ მოდურობაზე მელაპარაკებით ან ვინ მომცა იმის უფლება, რომ მე ვიყო მოდური, ვიღაც ტიპი იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასეთი სიყვარული გააჩნიათ და აქვთ ჩემ მიმართ.
_ „დაგთმე“ _ ვისზე დაწერეთ ეს ლექსი, ვინ დათმეთ ცხოვრებაში?
_ საერთოდ, არ მიყვარს ზერელე ურთიერთობები, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ. ხშირად გვაქვს ცხოვრებაში წამი, როდესაც რაღაცა ან ვიღაცა უნდა დავთმოთ. ამ შემთხვევაში საქმე მორალთან მქონდა. მერჩივნა, ეს ლექსი დარჩენილიყო, ვიდრე გადამედგა ნაბიჯი, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი იქნებოდა.
_ ანუ?
_ უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ დათმო, არა სიყვარული, არამედ პიროვნება. შეიძლება სიყვარული ვერ დათმო, სულ თან ატარო, მაგრამ პიროვნება…
_ რა მოხდა ისეთი, რის გამოც დათმეთ ეს პიროვნება?
_ ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ბედნიერი ვარ, რომ კარგ დროს ვიკითხე მისი ასაკი, თორემ ნამდვილად შეუმჩნეველი იყო ეს სხვაობა ვიზუალურად. ჩვენ დიდი ხანი ვმეგობრობდით და ვმეგობრობთ დღემდე, მაგრამ როგორც კი მისი ასაკი გავიგე, ჩემს ტვინში სხვა მხრივ ყველაფერი დამთავრდა. არდაწყებული ისტორია დამთავრდა იქვე.
_ მხოლოდ ასაკი გახლდათ მიზეზი?
_ დიახ. წარმოუდგენელია ჩემთვის ეს ყველაფერი. ხომ გითხარით, მაქსიმალისტი ვარ. ჩემს მაქსიმალიზმში არ ჯდება და არ ეტევა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ დღემდე არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. ყოვლთვის ვამბობ, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მომკლავდა, ამიტომ მერჩივნა, ისევ ისეთი ლაღი და თავისუფალი დავრჩენილიყავი.
_ თანამედროვე ლიტერატურიდან ვინ მოგწონთ ყველაზე მეტად?
_ ვცდილობ, რომ ყველფერი წავიკითხო. მომწონს კახა ჭლიკაძე, არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა, რომელსაც შესანიშნავი ლექსები აქვს. ასევე ნინო გაბუნია. პროზაში სიამოვნებით ვკითხულობ აკა მორჩილაძეს. დემაგოგია არ არის ჩემთვის ლიტერატურა. ღმერთმა დაიფაროს, რომ კარგი არაფერი იქმნებოდეს.
_ გამორჩეული ლექსი გაქვთ, რომელსაც ყველაგან კითხულობთ?
_ განწყობას გააჩნია, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, ყველა, რატომღაც, მთხოვს, რომ „ალუჩა“ წავიკითხო. ყველანაირ საზოგადოებას უყვარს ეს ლექსი.
„გაცოფდა, გაგიჟდა ქარი, ქარაშოტი,
მუხლებზე დაისვა ქალწული ალუჩა,
სად აღარ ათრია ქალი საღამომდე,
მერე საცოდავი აიგდო აბუჩად.
ჩუმად ჩურჩულებდნენ ბაღში ჭორიკნები,
მას კი დამსხვრეული სტკიოდა ფიქრები.
აუ… გაიხარა ქარიშხლის ნაყოფმა
და ტანზე ასკდება ალუჩას კვირტები“.
_ დაბოლოს, რა არის ნანა ცინცაძის მთავარი სათქმელი?
_ ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. ჩვენ დავკარგეთ სიყვარული. ჩემი ბავშვობის თბილისი იცით, რით გამოირჩეოდა? გალაღებულები, გაღიმებულები და ბედნიერები დადიოდნენ ქუჩაში. დღეს კი დადიხარ ქუჩაში და ჩამოღვენთილი, ჩამომჭკნარი სახეებით ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ატყვიათ.

გიორგი საკარული