ნუკრი კაპანაძეს სათქმელი დაუგროვდა

მომღერალ ნუკრი კაპანაძეს ცხოვრებამ ბევრი სათქმელი დაუგროვა, სიმღერებმა კი საშუალება მისცა, თავისი სატკივარი მსმენელამდე მიეტანა. როგორც თვითონ ამბობს, რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო გზა გამოიარა. ბევრი სიძნელისა და პრობლემის მიუხედავად ხელი არასდროს ჩაუქნევია იმ საქმეზე, რასაც სიმღერა ჰქვია.

ნუკრი კაპანაძე:
_ ურთულესი, მაგრამ საინტერესო გზა გამოვიარე. ჩემს ცხოვრებაში რომ არ ყოფილიყო ბევრი კარგი ან დადებითი რამ, შეიძლება ამ ყველაფრისთვის ვერც გამეძლო და გავჩერებულიყავი. მე გადამარჩინეს ჩემმა მეგობრებმა, განსაკუთრებით კი ჩემმა მეგობარმა, უკვე ოჯახის წევრმა მაიამ. მან გადამატანინა ყველაზე რთული პერიოდი, თუმცა რაც განგრევს, ის გაძლიერებს. რთული პერიოდის შემდეგ ყველაზე კარგ ნამუშევრებს ვაკეთებდი. სწორედ მაგ პერიოდში შეიქმნა ის ჰიტები, რომელიც ჩემს შემოქმედებაში დარჩა და რომლითაც მაყურებელმა გამიცნო.
_ რისგან იყო გამოწვეული ეს რთული პერიოდი?
_ მარტო შემოქმედება ხომ არ არის? ცალკე გაქვს პირადი ცხოვრება. ზესტაფონში სკოლა რომ დავამთავრე და ჩამოვედი, აქ ნათესავებთან ვიყავი და საკუთარი ჭერი მჭირდებოდა, ჩემი კუთხე, შესაბამისად, როდესაც ბინა არ გაქვს, რთულია სხვა რაღაცებზე ფიქრი. გავიდა წლები და ქავთარაძეზე ერთოთახიანი ბინა ვიყიდე, ამის პარალელურად მიდიოდა ჩემი პირადი ცხოვრება, შეხვედრა ადამიანებთან, გულისწყვეტა, ეს ხომ ქალის ცხოვრებაა.
_ როგორ მოახერხეთ ის, რომ ნუკრი კაპანაძის სახელი და გვარი თაობებს დაამახსოვრდა?
_ აქ ჩემი ხასიათი მშველის და მომწონს ის, რომ მაძიებელი ვარ. ყველა საინტერესო მუსიკოსი მაინტერესებს და იმისკენ მივრბივარ. რაც არ ვიცი, მინდა გავიგო და კიდევ სიახლე მივიღო. ბევრი რამ არის ამოუწურავი, რაც შეიძლება რომ გავაკეთო. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები გამოვიარე, რაც იყო, როგორც იყო და ვისთანაც იყო. დღეს აქ ვარ, ახალი ეტაპი დადგა და ბევრი სიახლის დროა. გული მწყდება, რომ დრო ძალიან ჩქარა გადის და ბევრი რამ მაქვს კიდევ გასაკეთებელი, ბევრი სათქმელი დამიგროვდა, რაც უნდა გავიტანო მსმენელამდე.
ბედნიერი ვარ, რომ მყავს ის მუსიკოსები, რომლებიც ჩემს სათქმელს ისე მათქმევინებენ, როგორც მე მინდა. ასეთია კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე, უნიჭიერი ადამიანი, ვისთან ერთადაც ახალ სიმღერებზე ვმუშაობ. მარტო ვერაფერს გააკეთებ, შენი სულის კომპოზიტორი უნდა გყავდეს და დღევანდელი სათქმელი უნდა თქვა დღეს და არა _ ხვალ.
_ რა არის ის, რაც უნდა გაგეკეთებინათ წარსულში, არ გააკეთეთ და დღეს ნანობთ?
_ ძალიან ვნანობ, რომ არ ვისწავლე სოლფეჯიო, მუსიკალური განათლება არ მივიღე. პედაგოგმა ერთი-ორჯერ ხელზე მიმარტყა და წამოვედი, ჩემმა კლასელებმა კი ყველამ დაამთავრა მუსიკალური. ეს ძალიან გამიადვილებდა ბევრ რამეს სიმღერაში.
_ მოგვიანებით რატომ არ ისწავლეთ?
_ ვფიქრობდი, მაგრამ ისე ვიყავი ცხოვრებისეული პრობლემებით დატვირთული, რომ ამის თავი და გონება არ მქონდა. მაინც ადვილად ვახერხებდი სიმღერის სწავლას და ეს არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას. კარგი იქნებოდა, რომ მე თვითონ დამეკრა და შემესრულებინა რაიმე ნაწარმოები, დღეს კიდევ პიანისტზე ხარ დამოკიდებული. პიანისტი უნდა იყოს საუკეთესო და ამის ფუფუნება დღეს მე ნამდვილად მაქვს. ეს არის ჩემი დიდი დარდი. ყველას ვურჩევ, რომ მუსიკალური განათლება აუცილებლად მიიღოს. მე რომ პროფესიული განათლება მიმეღო, შეიძლება რაღაც ჩარჩოებში მოვქცეულიყავი. როგორი გიჟი და არანორმალურიც ვიყავი, დღეს სწორედ იმ სიგიჟეებს ვუბრუნდები.
_ დრომ რა გასწავლათ?
_ რთული შეკითხვაა… თითქოს დრომ მასწავლა, რომ მოთმინება კარგიაო, ეს მეც ვიცოდი, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ვერ ვთოკავ ემოციას, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, რატომ არის ეს ცუდი? ასეთი ვარ, მერე რა მოხდა? შეიძლება, ხვალ იგივე შეცდომა დავუშვა და კაცმა არ იცის, რა არის საერთოდ შეცდომა. იმიტომ ვუშვებ შეცდომას, რომ შემდეგ ამაზე ვიფიქრო.
_ სხვების შეცდომებზე უფრო სწავლობთ თუ საკუთარზე?
_ თეორიულად თითქოს ვსწავლობ, მაგრამ პრაქტიკულად _ ვერა.
_ რას გამოჰყავხართ წყობილებიდან?
_ უმადურობას. ვისაც კი ჩემთვის პატარა, იოტისოდენა პატივი მაინც უცია, ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო და არასდროს დამიკარგავს მადლიერების შეგრძნება, თუმცა ვინც უმადურია, ალბათ, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ მე ეს მანგრევს და გულს მტკენს.
_ რა არის ნუკრი კაპანაძის წარმატების ფორმულა?
_ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი საქმის დიდი სიყვარული. ეს არის არანორმალური სიყვარული, რომლის გარეშეც ვერ სუნთქავ. ჩემთვის მუსიკა და სიმღერა არის გადამრჩენელი.
_ მარტო საქმისადმი დიდი სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?
_ თუ ძალიან გიყვარს, ის არ გაჩერებს, თუმცა შეიძლება ძალიან გაყვარდეს, მაგრამ როგორც იტყვიან, საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ მოხვდე. გამართლებაც გინდა ადამიანს, მაგრამ მე მაინც ვამბობ, რომ ძალიან როცა გიყვარს, ის სადღაც მაინც გაარღვევს და ამოხეთქავს. ჩემთანაც ასე მოვიდა ეს ყველაფერი.
_ თქვენი რეპერტუარიდან რომელი სიმღერა მიგაჩნიათ სავიზიტო ბარათად?
_ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სიმღერა იყო. ის სიმღერები, რომელსაც ადრე ვმღეროდი, დღევანდელი თაობისთვის უცნობია. დღეს იქმნება სულ სხვა. ასე ერთი კონკრეტული სიმღერა არაა ჩემთვის სავიზიტო ბარათი.
_ „მხოლოდ ქართულს“ მინდა შევეხო. რამდენად საინტერესო იყო პირადად თქვენთვის ამ პროექტზე მუშაობა?
_ უსაჭიროესი პროექტი იყო „მხოლოდ ქართული“. ძალიან ბევრისთვის ქართული სიმღერა არამოდური გახლდათ. რატომ არ უსმენენ ქართულს? უცხოური სიმღერის მოსმენის გამო უნდა გავკიცხოთ? არა. ისინი ძალიან კარგ მუსიკას უსმენენ. რას ვაწვდით ჩვენ, რომ მოუსმინონ ქართულს? რა ხარისხს ვაწვდით? დამერწმუნეთ, როგორც კი ხარისხიან მუსიკას მივაწვდით, აუცილებლად მოუსმენენ ქართულს. აქ, რა თქმა უნდა, დიდი დოზით უნდა ჩაერთოს ტელევიზიები. ნელ-ნელა უკვე გაიზრდება მსმენელი და როდესაც სიმღერაში გულწრფელი ხარ, ხალხი ამას გრძნობს და აუცილებლად მიგიღებს. დრო უნდა შეიგრძნო, სათქმელი უნდა თქვა და შენი აღმოჩენები მათ უნდა უთხრა.
_ „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტებზე რას გვეტყვით, როგორი იყო მათთან მუშაობა?
_ მუსიკაში ყველა სხვადასხვანაირად აზროვნებდა: ერთი იყო, რომელიც ზუსტად სწავლობდა იმას, რასაც შენ ასწავლიდი; ერთი იყო, რომელიც იღებდა შენგან, მაგრამ თავისასაც აკეთებდა; ერთი იყო, რომელიც არ გეკამათებოდა და არც გეკითხებოდა, თუ რატომ ასწავლი ასე. მე კიდევ მიყვარს, როდესაც კითხვა უჩნდებათ, რატომ? აქ უკვე ლაპარაკია მოაზროვნე ადამიანზე. ადამიანი, რომელიც მარტო კი არ მღერის, არამედ აზროვნებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის აზრიანად მღერის. მე ისე ფაქიზად უნდა მიმეწოდებინა მუსიკა, რომ კონკურსანტი ნუკრი კაპანაძის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო, უნდა დარჩენილიყო ინდივიდუალური, მაგრამ რაღაც საინტერესო ჩემგან ესწავლა.
_ ამ ბავშვებს გაუმართლათ, რომ ძალიან ბევრ პროფესიონალთან უწევდათ მუშაობა. მაგალითისთვის მინდა აღვნიშნო მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე, რომელმაც სრულიად ახალი, განსხვავებული არანჟირება და ჟღერადობა შეჰმატა ქართულ სიმღერას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სიახლე სირთულეს უკავშირდება და ბევრს გაუჭირდა სიმღერაც?
_ ზოგადად, ექსპერიმენტებს ვემხრობი და აქ უკვე შეუვალი ვარ. აუცილებელია განახლება, მე ასე მოვდივარ და ასე ვაპირებ გაგრძელებას. ცუდი ექსპერიმენტიც რომ გავაკეთო, მაინც ცუდი მირჩევნია, ვიდრე ის ძველებური სიმღერა გადავამღერო. ბვერი კითხვა დაისვა ამ საკითხის ირგვლივ. ბავშვებს რომ ძველ სიმღერებს ვაძლევდით ამა თუ იმ მომღერლის შესრულებით, მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ ჰქონდათ მოსმენილი. ამიტომ მათთვის ის სიმღერაც ახალი იყო, რასაც ასრულებდნენ. ეს ძველი თაობისთვის იყო, ალბათ, გასაკვირი, რადგან ის ძველი ჟღერადობით მოსწონდათ, თორემ ამ ბავშვებისთვის ის ძველი სიმღერები ახალი იყო, ბევრი მათგანი არ იცოდნენ. რაც ზვიადმა გააკეთა, პროფესიონალი მომღერლები დახატავდნენ, ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ ნიჭიერი ადამიანი მაინც თავს გაართმევს და იმღერებს. ვფიქრობ, რომ ამ გზით სიარული ყოველთვის უმჯობესია. დედანი უნდა შენარჩუნდეს და სიმღერა იმაზე დაშენდეს. სუხიშვილებმაც ხომ გააკეთეს თანამედროვე ცეკვა, მივესალმები! რატომ არ უნდა განახლდეს, ისიც გვქონდეს, ესეც გვქონდეს… თუნდაც ჩემი სიმღერა „იაგუნდი“, ვიღაცისთვის ეს სიმღერა ქალაქური ჟანრის იყო, მაგრამ დღეს კლუბში შესასრულებელი სიმღერა გახდა და რა არის აქ ცუდი? სიახლის არ უნდა გვეშინოდეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მაგარი ჯგუფი, ვისთან ერთადაც მიწევდა ამ პროექტში მუშაობა: მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე, პიანისტი ნინო გულიაშვილი და ნანა გვარმიანი.

გიორგი საკარული