ტურისტული ადგილების სანიტარიული დაცვა _ კანონი და ფაქტები

ტურისტული ადგილების სანიტარიული დაცვა უმნიშვნელოვანესი პუნქტია ტურიზმთან დაკავშირებულ პროცესებსა და მოვლენებში. ეს პუნქტი, შეიძლება, დაბრკოლებად იქცეს ან პირიქით, მისი უზრუნველყოფის შემთხვევაში იყოს მთავარი, რაც ადამიანებს მიიზიდავს. შესაბამისი ზონების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოში კანონი ისევე მოქმედებს, როგორც სხვა არაერთი.
„ქრონიკა+“ ესაუბრება ტურიზმის ექსპერტ მალხაზ ჭეშმარიტაშვილს:
_ რამდენად ეფექტიანია „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ ქართულ რეალობაში და რა მოცემულობებს ითვალისწინებს ის?
_ ყველა გამგეობას აქვს ცენტრალიზებულად შემუშავებული სანიტარიული დაცვის ნორმატიული აქტები. ზოგადად, სანამ საკურორტო ზონამდე მიხვალთ, იქამდეც არის სანიტარიული კვანძების სიმწირე, რაც ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ტურისტებზე, მაგალითად, თბილისიდან, ცენტრალური ტრასით, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ყოველთვის დატვირთულია მგზავრებითაც და ტურისტებითაც.
რაც შეეხება კურორტებს, ის რამდენიმე სახისაა: ბალნეოლოგიური, კლიმატური, ბალნეოლოგიურ-კლიმატური და ა. შ. ეკონომკლასის ტურიზმი, ზოგადად, ყველაზე მასობრივია იმიტომ, რომ მეტ ხალხს, საშუალო ფენას, შეუძლია მისით სარგებლობა. იმ დიდ პოტენციალს, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეკონომკლასის ტურიზმის ჭრილში ათვისების მხრივ, ხელი ეშლება. წყალტუბო უმშვენიერესი ტრადიციული კურორტია, რომელიც უძველესი დროიდანვე მიიჩნეოდა ცნობილ ცენტრად. თუნდაც ბორჯომი, შოვი _ ვხედავთ, რომ რაღაც კეთდება, კერძო ინვესტორი შემოდის, მაგრამ ლუქსის ტიპის სამკურნალო სასტუმროს აშენებს წყალტუბოში, სადაც ფასები მაღალია. კარგი ხარისხია, სანიტარია დაცულია, მაგრამ ძალიან მაღალი ტარიფები ეკონომკლასის ტურისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ აქ დაისვენონ. ამიტომ ისინი საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ, სადაც სანიტარიული კუთხით მიწოდებული პროდუქციის ხარისხი ძალიან მაღალი არ არის; ბევრგან სველი წერტილების მდგომარეობა არაადეკვატურია. განსაკუთრებით ევროპელ დამსვენებლებში ეს ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს.
_ რა ბუნებრივ რესურსებს ფლობს, ძირითადად, საქართველო?
_ საქართველო მდიდარია ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტებით. მარტო შოვში, რამდენადაც მახსოვს, ექვსი სახეობის მინერალური წყალია, რომელიც არ არის ათვისებული და სადღაც, მდინარისკენ მიედინება. ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი პოტენციალი გამოუყენებელია. კომპლექსი, რომელიც ახლა შაორში კეთდება, რაც წყლის სივრცის ათვისებას გულისხმობს, უმნიშვნელოვანესია. ახტალა ველურ დონეზეა. პოტენციალი უდიდესია როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე _ აღმოსავლეთში. მთავარია, ისე ავითვისოთ, რომ საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ამასთანავე _ ხარისხი და ფასი ერთმანეთის შესაბამისი. მიმდინარე პროცესები მასობრივი გახდება და კიდევ უფრო მეტი დამთვალიერებელი ჩამოვა.
_ რამდენად არის ეს რესურსები დაცული?
_ ზოგან დაცულია, ზოგან არც ისე კარგადაა საქმე. ამ მხრივ ბორჯომის წყალი განსაკუთრებით დადებითადაა დასახასიათებელი. გარკვეული ტერიტორიები ცვლილებებს საჭიროებს. მაგალითად, ახტალა. ასევე საირმეში მშვენიერი სამკურნალო ცენტრი გაკეთდა, მაგრამ არ მგონია, რომ ფასები ხელმისაწვდომი იყოს მასობრივი ტურიზმისთვის. ბევრი რამ კეთდება, მაგრამ მასობრივი ტურიზმისთვის _ იშვიათად. საირმის შემთხვევაში ან ცენტრში უნდა დაისვენო, ან კერძო სექტორს უნდა მიმართო, სადაც კერძო სასტუმროები ბოლომდე კეთილმოუწყობელია.
_ საქართველოს „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ კანონის მიხედვით შესაბამისი ზონების დაპროექტების ხარჯები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა განისაზღვროს. რეალურად, რა ხდება?
_ ცნობილია გაეროსთან არსებული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO, რომლის შტაბბინა მადრიდში მდებარეობს და მის გენერალურ მდივნად ქართველი აირჩიეს. ორგანიზაციის რეკომენდაციები განვითარებადი ქვეყნების ტურიზმის აღორძინებისთვის სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობაა. იმის გამო, რომ კერძო სექტორი ძლიერი არ არის, იმ ადგილებში, სადაც ვინმეს სასტუმროს აშენება ან რამის გაკეთება უნდა, თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არაუზრუნველყოფილია (საგზაო, საკანალიზაციო, ელექტროენერგია და ა. შ.), ყველა სექტორი ვერ შეძლებს, რომ, მაგალითისთვის, ტრასიდან ერთ კილომეტრში რაღაც ააშენოს. ეკონომიკურად ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასურველია, სახელმწიფოს ჩართულობა მაქსიმალურად დიდი იყოს. ამას ჩვენი ქვეყანა აკეთებს, მაგრამ, სავარაუდოდ, რესურსები არ ჰყოფნის. მაგალითად, EURONEWS-ზე რეკლამა გადის. კარგად ვიცით, საქართველოს მედიასაშუალებებში რა ღირს ერთი წუთით რეკლამის გაშვება, და ეს EURONEWS-ზე კეთდება. სახელმწიფო აფინანსებს, რათა ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს, ტურისტების რაოდენობაც იზრდება, მაგრამ კარგი იქნება, თუკი მასობრივი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. ზოგან ეს უზრუნველყოფილია. თქვენ კარგად იცით, რომ ქობულეთი მშვენიერი კლიმატური კურორტია. გარდა რუჯის მიღებისა და ცურვისა წნევის მქონეებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებულებისთვის მისაღები ადგილია. იქ ბევრი სასტუმროა და, ასე თუ ისე, სტანდარტებიც შესაბამისია. ასეთი განთავსების მასობრივი საშუალებები თუ არ შეიქმნა, კურორტებამდე ვერც კი მივა ხალხი. ან მივა, მაგრამ როცა ნახავს, რომ შესაბამისი სანიტარიული პირობები არ არის, მეორედ აქ აღარ დაბრუნდება. ან თუ ძვირი დაჯდა, დიდხანს ვერ გაჩერდება და ა. შ.
_ რა არის აკრძალული შესაბამისი ზონების ტერიტორიებზე?
_ ტურიზმს ერთი პატარა პრობლემა აქვს _ სეზონურობა. სეზონის პიკის დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებს, რომ ეკოლოგია დაიცვას _ არ დაბინძურდეს გარემო, არ დანაგვიანდეს „ველური ტურისტებისგან“, რომლებიც კარვებსა და სანაპირო ზონებში ათევენ ღამეს. ერთი პერიოდი საფრანგეთმაც მოინდომა, რომ მასობრივი ტურიზმის განვითარებისთვის სხვა მიმართულება მოეძებნა და დაბალი შემოსავლის ხალხს უფლება მისცა, პარიზის სანახავად კარვები გაეშალა. ბულონის ტყე-პარკი ბოშათა ბანაკს დაემსგავსა. ბუნებრივია, შესაბამისი პირობები არ იყო _ რეცხავდნენ და ყველაფერს აქ აკეთებდნენ. ეს პროცესი მალევე აკრძალეს, იმიტომ რომ ეკოლოგიას დიდი საფრთხე დაემუქრა. ასე რომ, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შეზღუდვები არის. ბუნებრივია, დაცულ ტერიტორიებში ნადირობა და მსგავსი პროცესები აკრძალულია. ამას, ასე თუ ისე, იცავენ, თუმცა არც აქ ჰყოფნით მეტყევეები და რეინჯერები, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია, შესაბამისი რეგულაციები უზრუნველყოფილია.
_ რა შესაბამისი ნორმატივები არსებობს?
_ კონკრეტულ ქვეყნებში არსებობს მხოლოდ ტურისტთა დაცვისთვის ზოგადი პოლიცია. სანიტარიული დაცვის კუთხითაც არსებობს ზოგადი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ადამიანი რომ ჩამოვა _ არის თუ არა ტურისტი, ინფორმაციას უნდა ფლობდეს და უნდა ასრულებდეს. მაგალითისთვის: რესტორანი, რომელშიც კარგი საჭმელი კეთდება, ის ხომ მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილი რესტორანი არ არის? იქ გარკვეული ზოგადი ნორმები დაცული უნდა იყოს, როგორც ჩამოსული ტურისტისთვის, ისე _ ადგილობრივი მცხოვრებისთვის ან შიდა ტურისტებისთვის. ეს ნორმატივები არსებობს. ზოგან სრულდება, ზოგან _ ნაკლებად. მოწამვლის ფაქტებიც ხშირია.
_ რამდენად ეფექტიანია კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“?
_ კანონის ასპროცენტიანი ასრულება ძალიან რთულია. უდიდეს საკურორტო ზონებში ნაგავსაყრელები აქტიურად მუშაობს. მოსახლეობასთან ნაგავსაყრელები ახლოს არ უნდა იყოს, დასუფთავების სამსახური აქტიურად უნდა მუშაობდეს და გარემოს აკონტროლებდეს, რომ ტურისტებისთვის ეს მოცემულობები უკან დაბრუნების მიზეზი არ გახდეს. ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ მისი სრულყოფილი შესრულებაც წარმოუდგენელია. საერთო ჯამში, ტურისტების რაოდენობა იმატებს და, შესაბამისად, მათ მიმართ ყურადღებაც უნდა გაიზარდოს. ადრე მილიონი ტურისტი სტუმრობდა ქვეყანას, დღეს კი მათი რაოდენობა ექვს მილიონს ასცდა. ყოველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რა შემოსავლებიც ტურისტებს შემოაქვთ საქართველოში, ისინი სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ეს იმიტომ, რომ მოტივაცია გაჩნდეს მომავალი პოტენციური ტურისტებისთვის.

საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილებისთვის დგინდება სანიტარიული დაცვის სამი ზონა: I. მკაცრი რეჟიმის; II. შეზღუდული რეჟიმის; III. სამეთვალყურეო ზონა.

პირველი ზონა:
• მკაცრი რეჟიმის ზონა მოიცავს: კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ ტერიტორიას, სადაც განლაგებულია მინერალური წყლების ბუნებრივი და ხელოვნური გამოსასვლელები, სამკურნალო ტალახისა და სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსების საბადოები, სამკურნალო კარსტული მღვიმეები, პლაჟები _ მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების შესაბამისად განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორიითა და სანაპირო აკვატორიით.
• პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან;
ბ) საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა;
გ) სამთო და მიწის სამუშაოები;
დ) ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება.
• ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია: ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა (კაპტაჟები, საკაპტაჟე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მილგაყვანილობა, რეზერვუარები, სააბაზანო ნაგებობები, სასმელი წყლის გალერეები და ბიუვეტები, ესტაკადები და სამკურნალო ტალახის მოპოვებისა და გამოყენების სხვა დანადგარები), ნაპირსამაგრი, ეროზია და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, აგრეთვე კავშირგაბმულობის საშუალებებისა და საპარკო მოწყობილობების მშენებლობა და შეკეთება.

მეორე ზონა:
• შეზღუდული რეჟიმის ზონა მოიცავს ტერიტორიას, სადაც ხდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ჩამოდინება მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოებისკენ, აგრეთვე კურორტისა და საკურორტო ადგილის იმ ტერიტორიას, სადაც გაშენებულია საკურორტო ობიექტები, კურორტის ინფრასტრუქტურის სხვა შენობა-ნაგებობები, საკურორტო ბაღ-პარკები და კურორტის მიმდებარე ტყე-პარკები ან დაგეგმილია მათი გაშენება.
• ამ ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია:
ა) იმ ობიექტების მშენებლობა და გამოყენება, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის განვითარებასთან;
ბ) ახალი საწარმოო ობიექტების მშენებლობა და არსებულის განვითარება, რომელიც
უშუალოდ დაკავშირებული არ არის კურორტის კეთილმოწყობასთან და საკურორტო ადგილის ათვისებასთან;
გ) მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსებისა და ფერმების მშენებლობა;
დ) ნაგავსაყრელების მოწყობა;
ე) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და ქიმიური ნივთიერებების შენახვა;
ვ) ახალი სატრანზიტო-საავტომობილო გზების მშენებლობა;
ზ) სპეციალურ გამწმენდ ნაგებობათა გაუთვალისწინებლად კოლექტიური ავტოსატრანსპორტო სადგომების მოწყობა;
თ) შესაბამისი საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემის გარეშე ახალი საბინაო
მშენებლობის წარმოება, კოლექტიური მებაღეობის ორგანიზება, დროებითი ტურისტული სადგომების მოწყობა;
ი) ახალი სასაფლაოების მოწყობა და არსებულის გაფართოება;
კ) სასოფლო-სამეურნეო, საწარმოო და საოჯახო ნარჩენების შენახვა და ჩამარხვა;
ლ) პირუტყვის სასაკლაოების მოწყობა;
მ) ნახირის გატარება;
ნ) მავნებლებთან, სარეველებთან და მცენარეების დაავადებებთან საბრძოლველად ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება;
ო) ნახმარი და დრენაჟული წყლების წყლის ობიექტებში ჩაშვება (გარდა გაწმენდილი
ნახმარი წყლების სპეციალური სიღრმისეული ჩაშვებისა), აგრეთვე წყალსარგებლობის
სხვა სახეობა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს წყალსატევების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე;
პ) ტყის ჭრა (გარდა მოვლითი ჭრისა) და მიწის ნაკვეთების ისეთი გამოყენება, რომელიც იწვევს საკურორტო ადგილის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების შემცირებას ან გაფუჭებას.
• საკარანტინო მავნებლებისა და მცენარეების დაავადებების ფართოდ გავრცელებისას ნებადართულია: კომპეტენტური სამსახურების მიერ ადამიანისათვის უვნებელი, ნაცადი ქიმიკატებით სანიტარიული სამუშაოების ჩატარება.

მესამე ზონა:
• სამეთვალყურეო ზონა მოიცავს: ჰიდრომინერალური რესურსებისა და კლიმატის
ფორმირებისა და გავრცელების არეალს, კურორტის შემომსაზღვრელ ტყის მასივებს,
აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა გამოყენებამ სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე და კურორტის სანიტარიულ და ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებზე.
• ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
1998 წლიდან საქართველოში მოქმედებს „საქართველოს კანონი კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“. ამ კანონის მიზანია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თვისებების შენარჩუნება და მათი დაბინძურების, გაფუჭებისა და გამოფიტვისაგან დაცვის მიზნით სანიტარიული დაცვის ზონების დადგენა. ამ კანონის მიხედვით, სანიტარიული დაცვის ზონებში ტარდება სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ლანდშაფტის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების სანიტარიული ნორმების დაცვას, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მკურნალობისა და დასვენებისთვის; სანიტარიული დაცვის ზონებში იმ ბუნებრივი რესურსების დაცვა, რომლებიც არ განეკუთვნება სამკურნალო რესურსებს (სასმელი წყალი, მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის ზედაპირი და სხვ.), ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ა. შ.

2006 წელს მიიღეს პუბლიკაცია „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“, სადაც შევიდა შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
პირველი ზონის ტერიტორიაზე დამატებით აკრძალულია ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება (გარდა სანაგვე კონტეინერებისა).
ასევე მეშვიდე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ამ ზონის ტერიტორიაზე (პირველი ზონა) იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე. იკრძალება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების საკანალიზაციო სისტემების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის სანაპირო აკვატორიაში ან/და პლაჟების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულება“.
მეორე ზონასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა შემდეგი პუნქტი: ნაგავსაყრელების მოწყობა და საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების ნებისმიერი ფორმით განთავსება (გარდა სანაგვე კონტეინერებისა) და დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი: ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე“.

შესაბამის კანონში ვკითხულობთ:

• სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას;
• სანიტარიული დაცვის ზონების დაპროექტების ხარჯები გათვალისწინებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
• სანიტარიული დაცვის ზონებისა და საკურორტო ობიექტების საძიებო-საპროექტო სამუშაოებს ახორციელებენ ორგანიზაციები, რომლებსაც ამ სამუშაოების შესრულებაზე აქვთ შესაბამისი ლიცენზია.
სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება დამსვენებლების ინტერესი ყველა მიმართულებით. ნებისმიერ ადამიანს _ უცხოელსა თუ ადგილობრივს, უფლება აქვს, მის მიერ გაწეული ხარჯების შესაბამისად კომფორტული და დაცული დასასვენებელი გარემო ჰქონდეს. მათ უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები, მოვალეობები და ის ნორმატივები, რომლებიც ხელს უწყობს წესრიგსა და სიჯანსაღეს. ამის საუკეთესო საშუალება კი არსებული კანონმდებლობაა.

მარიამ ტიელიძე