საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება

XXI საუკუნე არის თანასწორობისა და თანაწორუფლებიანობის საუკუნე. მიუხედავად ამ თეორიის არსებობისა, ადამიანებს დღესაც უწევს საუბარი და ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ, ყველაფრის განურჩევლად, ადამიანების თანაბარ უფლებებზე და, ამის პარალელურად, თვალყურს ვადევნებთ ამ უფლებების დარღვევების ფაქტებს. გარდა უფლებებისა, არსებობს გარემოებები, რომელიც სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს.

2015 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ.
– ვინ იგულისხმება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში?
1995 წლიდან არსებობს საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვით: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში“.

ესმა გუმბერიძე _ სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი; შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თანადამფუძნებელი:
„ყოველ მესამე ან მეოთხე ჩვენგანზე შეზღუდული შესაძლებლობა ახდენს პირდაპირ და უშუალო გავლენას, რაც ჩვენი და ჩვენი ოჯახების ცხოვრებას ძალიან ცვლის. ამის მიუხედავად, თემა, სამწუხაროდ, არ არის ფართოდ განხილვადი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც გვაქვს იმის გააზრების პრობლემა, რომ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება იყოს, მაგალითად, სახელმწიფო დონეზე განხილვის საკითხი. ესეც არის ამის მიზეზი. ამ თემის გაუჟღერებლობას სხვა მიზეზები და მიდგომებიც აქვს. ჩვენს საზოგადოებაში მივეჩვიეთ იმას, რომ შეზღუდულ შესაძლებლობებზე ემოციურ ფონზე საუბრობენ: „თავი დაჩაგრულად ვიგრძენი“, „როგორ მეტკინა“, „გარიყული ვარ“ და ა. შ. ბუნებრივია, რომ საზოგადოების მობილიზებისთვის ეს საჭირო შეიძლება იყოს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობები და მათთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე თეორიული საკითხებითაც არის განპირობებული. მათ შორის, რატომ სვამენ რაღაც კონკრეტულ კითხვებს და რატომ არ სვამენ სხვა კითხვებს, როცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზეა ლაპარაკი? რატომ ეკითხებიან მას ყოველთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?“

კობა ნადირაძე _ მისაწვდომობის ექსპერტი და მკვლევარი, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა ადამიანის უფლებების კონვენციის დაცვის, იმპლემენტაციისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი:
_ რა ისტორია აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს?
_ 1926 წლიდან ორგანიზებული ფორმით იწყება მოძრაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები არსდება. 1926 წლამდე ნაკლებად თუ ჰქონდა ვინმეს წარმოდგენა და მაშინ არც იყო ასეთი განვითარებული სამართლებრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებული უფლებები და მოთხოვნები. „უსინათლოთა საზოგადოება“ და „ყრუთა კავშირი“ საქართველოში ერთსა და იმავე წელს (1926) დაფუძნდა. მას საზოგადოებრივი გაერთიანება ერქვა. დღეს ბევრმა იცის, როგორ დააარსოს არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგრამ იმ წლებში ასე არ ხდებოდა. ამბობენ, რომ „ყრუთა კავშირის“ შექმნის ინიციატორი ლავრენტი ბერია იყო. ერთი ვერსიით მას და ჰყავდა სმენის არმქონე, ხოლო მეორე ვერსიით მთავარი მოტივაცია იმისა, რომ ეს საზოგადოება ჩამოყალიბებულიყო, გახლდათ ის, რომ ამ ორგანიზაციაში აგენტები მზადდებოდნენ. სმენის არმქონე ადამიანებს ისეთი უნარი აქვთ, რომ შორი მანძილიდან მიხვდნენ, რას საუბრობს ორი ან მეტი ადამიანი ერთმანეთში. ბერია ასეთი მეთოდით უსმენდა ხოლმე ხალხს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლიდან საქართველოში ეს ორი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მას ჰქონდა საკმაოდ დიდი ბიუჯეტი, უძრავი ქონება. ფონიჭალა ერთადერთი უბანი იყო, სადაც ხმოვანი შუქნიშნები იდგა. თითქოს, იმის იქით უსინათლოს არ უნდა გაევლო. სხვა უბნებში ხმოვან შუქნიშნებს ვერ ნახავდით. აქ იდგა საცხოვრებელი სახლები, რომელიც ამ ორგანიზაციის ბალანსზე ირიცხებოდა. იყო სხვადასხვა პროფილის საწარმო: მზადდებოდა ცელოფნები, ჩამრთველები, გარკვეული დეტალები… შემდეგ ის რეალიზდებოდა და ამ გზით ივსებოდა ბიუჯეტი. აქ იყვნენ დასაქმებულები უსინათლოებიც. ბევრი ახერხებდა საზოგადოებაში ინტეგრირებასა და გადაადგილებას. თუმცა ესენი იყვნენ იზოლაციაში მყოფი ადამიანები. იგივე ეხება სმენის არმქონეებს.
შემდეგი ეტაპი არის 2000 წლის დასაწყისი. ამ დროს მასობრივად დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ორგანიზაციების შექმნა.
_ რა ჰქონდა დამახასიათებელი ამ ორგანიზაციების შექმნას?
_ ეს ორგანიზაციები იქმნებოდა ე. წ. დიაგნოზის საფუძველზე, რასაც ობიექტური მიზეზი ჰქონდა. ადამიანები ამ ორგანიზაციებს ქმნიდნენ გამომდინარე იქიდან, რომ მათ დიდი ხნის მანძილზე ერთ სივრცეში ყოფნა უწევდათ. მაგალითად, ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის იყო ადგილი, სადაც ისინი მკურნალობდნენ და გადიოდნენ რეაბილიტაციას. 90-იან წლებში „ჰემოფილიით დაავადებულთა ასოციაცია“ შეიქმნა და ისიც ერთადერთი საავადმყოფო იყო ყაზბეგის ქუჩაზე; დიაბეტით დაავადებულებმაც მსგავსი ორგანიზაცია შექმნეს, ასევე შეიქმნა სპორტსმენთა გაერთიანება და ა. შ. მოგვიანებით, ჩვენი ქვეყანა სამხედრო კონფლიქტებში ჩაერთო. აფხაზეთის ომის შემდეგ მასობრივად შეიქმნა შესაბამისი ორგანიზაციები: შშმ პირთა და ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია. ასეთი ორგანიზაციები საკუთარ სოციალურ პრობლემებს აყენებდა სახელმწიფოს წინაშე გადასაჭრელად, რომ ხელი შეეწყო რეაბილიტაციისთვის. მაშინ არ იყო ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც დღეს არის. არ ვიცოდით აქტები, არ ვიცოდით რა უფლებებით შეეძლოთ სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ჩვენ, უბრალოდ, რაც გვაწუხებდა, იმ საკითხების დაყენებას ვცდილობდით ან ჩვენ რომ მოგვეპოვებინა რესურსები, რათა ეს პრობლემები გადაგვეჭრა. ჩვენს შემთხვევაში ეს იყო ჰემოფილიით დაავადებულებისთვის რეაბილიტაციის საკითხები. შემდეგ უკვე აქტიურად დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციების შექმნა. მათ თავად დაიწყეს გარკვეული სერვისების მიწოდება, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში. მაშინ არც რაიმე სტანდარტები იყო. ორგანიზაციები თვითონ ვითარდებოდნენ და სერვისების ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვდნენ. ამ დროისთვის დონორი ორგანიზაციები არ არსებობდა და აქტივისტები დადიოდნენ გარკვეულ ორგანიზაციებში და ამ გზით ცდილობდნენ თანხის მოპოვებას. ძირითადად მაინც სახელმწიფო აფინანსებდა. შემდეგ ამ ორგანიზაციებმა შენიშნა ერთი რაღაც _ იქ მისულებს ყველას უარით ისტუმრებდნენ. ამან განაპირობა მათი გაერთიანება და შეიქმნა „საკოორდინაციო საბჭო“, რომელიც აერთიანებდა სხვადასხვა მიზნით შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ჩვენ თვითონ განგვესაზღვრა პრიორიტეტები.
_ რა საქმიანობებს ეწეოდა ეს ორგანიზაციები?
_ როგორც გითხარით, მშობელთა ორგანიზაციებმა სერვისების გააქტიურება დაიწყო. ეს ორგანიზაციები, ძირითადად, რეაბილიტაციითა და სერვისების მიწოდებით კავდებოდა. პარალელურად ვითარდებოდა ინფორმაციული ნაწილი _ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მეტი უნდა სცოდნოდათ საკუთარი უფლებების შესახებ. 1992 წლის 3 დეკემბერს დადგინდა ამ დღის აღნიშნვა _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, როცა გაერომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ, პროგრამის მიხედვით, გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. საქართველოში ამ თარიღის აღსანიშნად 14 ივნისი დადგინდა. 26 მაისს ევროპაში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დამოუკიდებლად ცხოვრების საერთაშორისო დღე. 1993 წელს მიიღეს გაეროს სტანდარტული წესები. ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი გახლდათ, სადაც მკაფიოდ გაიწერა უფლებები, თუ როგორ უნდა ესარგებლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს საკუთარი უფლებებით. ძალიან მნიშვნელოვანია 31-ე მუხლი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ შექმნილი ორგანიზაციების საქმიანობის წასახალისებლად. ამ კანონზე დაყრდნობით საბჭომ დიდი აქციები მოაწყო და კანონი ამოქმედდა, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების მიერ იმპორტირებული საქონელი გადასახადებისგან განთავისუფლებულიყო. საკმაოდ დიდი თანხები მობილიზდებოდა, საიდანაც მერე ეს ორგანიზაციები საკუთარ პრობლემებს იფინანსებდნენ“.

ოლგა კალინა _ „ევროპის ფსიქიატრიის იუზერთა და გადარჩენილთა ქსელის“ თავმჯდომარე:
„ხშირად ფიქრობენ, რომ ფსიქიკური პრობლემები ჩვენგან ძალიან შორს არის. არსებობს მოსაზრება, რომ მკვლელობისას დამნაშავე აუცილებლად ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია. „ტრეტიაკოვის გალერეაში“ მამაკაცმა სურათი დააზიანა, რომელსაც ალკოჰოლიზმის პრობლემები ჰქონდა. მას ფსიქიკური პრობლემები არ გააჩნდა, მაგრამ კომენტარს ფსიქიატრიულ განყოფილებას სთხოვენ, ფსიქიატრი კი ამბობს, რომ შიზოფრენია მსგავს რეაქციებს იწვევს, რადგან როდესაც რამე არ მოსწონთ, ძირითადად, აგრესიული რეაქციები აქვთ. მსგავსი მიდგომა უსამართლობაა იმიტომ, რომ როდესაც ექსპერტი ფსიქიატრი ყველა ფსიქიატრის სახელით საუბრობს, ძალიან ცუდად ჟღერს და ადამიანებს სჯერათ, როცა მსგავს სტატიებს კითხულობენ. განსაკუთრებული სისასტიკე, განსაკუთრებული კრიმინალი, განსაკუთრებული ქცევა _ ეს ყოველთვის არ ნიშნავს ფსიქიკურ პრობლემებს. შეიძლება, ადამიანი უბრალოდ იყოს ასეთი და ეს მისი არჩევანია, _ აგრესიული ქცევა. შეიძლება, მისთვის საკუთარი ქმედება აბსოლუტურად ლოგიკურია. მაინც ვერ ვახერხებთ ბოლომდე იმ ხაზის გავლებას ჩვენსავე სტერეოტიპებში, რომ არსებობს ადამიანების ის კატეგორია, რომელიც ნამდვილად არის ფსიქიკური პრობლემების მქონე და უჭირს ცხოვრება; და არის ისეთი კატეგორია, რომელსაც არ აქვს პრობლემები, უბრალოდ, აქვს განსაკუთრებული ქცევები, ფილოსოფია და ეს არის მისი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გავაანალიზოთ. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებზე მაინც, უპირველეს ყოვლისა, ფიქრობენ, რომ ისინი არიან კრიმინალები, სერიული მკვლელები, მანიაკები და მათი გაშვება არ შეიძლება, აუცილებლად ჩაკეტილები უნდა იყვნენ. შესაბამისად, ინსტიტუციური კულტურა ფსიქიტრიაში ძალიან მდგრადია და დღემდე ბევრ ქვეყანაში ნარჩუნდება ეს უდიდესი შენობები და საშინელი პირობები. გაეროს კონვენციის მიღების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. მასში ბევრი ის უფლება აისახა, რომელიც რადიკალურად ცვლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას. ეს, ასევე, ეხება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. ბევრი მათგანი არის პირველი და მეორე (ასევე მესამე) ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. რეალურად, მათ აქვთ ეს ბარიერი ცხოვრებაში და მიიჩვენიან, როგორც შშმ პირები. ასევე არსებობენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ ეს პრობლემა გამოხატული და შეიძლება არც კი იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი. იმის გამო, რომ ყოველთვის ეშინოდათ, რას გააკეთებდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი, ფიქრობდნენ, რომ საერთოდ არ ღირს მათთვის არჩევანის უფლების მინიჭება. საჭიროა სხვა პირის დანიშვნა, რომელიც მის ნაცვლად გააკეთებს არჩევანს. მსგავსი არჩევანი ისტორიულად არსებობდა, რასაც მართებულად მიიჩნევდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ამით ადამიანს ყველანაირი არჩევანი ერთმევა. მაგალითად, იაპონიაში დაუნის სინდრომის მქონე გოგონას ძალიან უყვარდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. სხვადასხვა კანდიდატს სწავლობდა, ერთმანეთს ადარებდა და ფიქრობდა, რომელი იქნებოდა უკეთესი მმართველი. კანდიდატებზე ყველანაირ ინფორმაციას უკეთ ფლობდა, ვიდრე შეიძლებოდა საზოგადოების სხვა წევრს სცოდნოდა. მაგრამ აღმოაჩინა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. მამამისმა იაპონიაში ასეთი რეფორმის პროცესი დაიწყო. მისთვის ეს გახლდათ შოკი. ყველაზე მარტივი რამ, ხმის მიცემის პროცესი, ეკრძალებოდა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანს. ეს უსამართლობაა“.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვა პირთა თანაბრად აქვთ:
• სიცოცხლის უფლება;
• კანონის წინაშე თანასწორობის უფლება;
• მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება;
• პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
• წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელისაგან თავისუფლებლების უფლება;
• ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან თავისუფლების უფლება;
• პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება;
• მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება;
• დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება;
• აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება;
• პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
• საცხოვრებლისა და ოჯახის პატივისცემის უფლება;
• განათლების უფლება;
• ჯანმრთელობის უფლება;
• შრომისა და დასაქმების უფლება;
• ცხოვრების ადეკვატური სტანდარტისა და სოციალური დაცვის უფლება;
• პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;
• კულტურულ, სპორტულ, გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ განსაღვრავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურებას სხვადასხვა მიმართულების გარემოში. მის შესაბამისად:
• დაუშვებულია დასახლებული პუნქტების დაპროექტება და განაშენიანება, საცხოვრებელი რაიონების ფორმირება, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება, შენობათა და ნაგებობათა, მათ შორის, სასწავლო-საგანმანათლებლო, კულტურულ-სანახაობითი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, აეროპორტების, რკინიგზის სადგურების, საზღვაო და სამდინარო სატრანსპორტო საშუალებათა კომპლექსებისა და კომუნიკაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის ინდივიდუალური საშუალებების მშენებლობა და რეკონსტრუქცია, თუ ეს ობიექტები და საშუალებები არ მიესადაგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს;
• სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნის პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისთვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისთვის;
• სახელმწიფო ორგანიზაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც წარმოადგენს ორგანიზმის დარღვეული ან დაკარგული ფუნქციების, თვითმომსახურების, სხვადასახვაგვარი პრფესიული საქმიანობის უნარის აღდგენისა და კომპენსაციისათვის გამიზნულ ღონისძიებათა კომპლექსს, აგრეთვე საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს იცხოვრონ სრულფასოვნად და უზრუნველყონ თავიანთი უფლებებისა და პოტენციური შესაძლებლობების რეალიზაცია;
• სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო დახმარების მოთხოვნებისა და ადგილობრივი პირობების შესაბამისად ქმნიან სარეაბილიტაციო, მათ შორის, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრების ქსელს, აღდგენითი მკურნალობის განყოფილებებს ამბულატორიულ და სტაციონარულ სასწავლო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, სპეციალურ სასწავლო-აღმზრდელობით და სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებს, საწარმოებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებებს;
• განათლების ორგანოები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად ვალდებული არიან, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა, განათლება და სკოლისგარეშე აღზრდა მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად.
და ა. შ. თეორიულად, კანონში გაწერილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების კეთილდღეობასა და საზოგადოებასთან ადაპტაციისთვის ხელსაყრელი ყველა მოცემულობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საჭიროა სწორი გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც იქნება აბსოლუტურად ბუნებრივი. მთავარია, მათი კეთილდღეობის მიზნით გადადგმული ნაბიჯები არ იყოს ფორმალური და იყოს რეალური შედეგის მომტანი ნებისმიერი შშმ პირისთვის. არსებითია, რომ ყველა მოქალაქე იყოს ერთიან გარემოში და არ არსებობდეს „კაბინები“, რომლებიც იქნება კონკრეტულ ინდივიდებზე გათვლილი. რაც მეტად იქნება უზრუნველყოფილი ყველა ადამიანის თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით აღჭურვა, მით მეტად ძლიერი იქნება ქვეყანა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი.

მარიამ ტიელიძე