ვინ რას და რატომ სწირავს პოლიტიკურ პარტიებს?

პოლიტიკური პარტიების საქმიანობას საქართველოში არეგულირებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წელს.
კანონი განსაზღვრავს როგორც პოლიტიკური გაერთიანების, შემდგომში პარტიის მნიშვნელობას და მის მახასიათებლებს, ასევე საქმიანობის საფუძვლებსა და პრინციპებს.

კანონის 25-ე მუხლში წერია, რომ პარტიის ქონებას ქმნის საწევრო შენატანები, ასევე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც კანონითაა დადგენილი და შემოწირულობები. ამავე მუხლის მიხედვით, შემოწირულობად ითვლება:
ა) პარტიის ანგარიშზე საქართველოს მოქალაქის მიერ ჩარიცხული ფულადი თანხა;
ბ) პარტიის ანგარიშზე იმ იურიდიული პირის მიერ ჩარიცხული თანხა, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან;
გ) პარტიის მიერ ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა (მათ შორის, შეღავათიანი კრედიტი) და მომსახურება (გარდა მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაოსი).
შემოწირულობები პარტიის გასაძლიერებლად და მისი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმაოდ ხშირად გამოყენებადი მეთოდია.
ქართულ პოლიტიკაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, არანაკლებია იმ შემომწირველების რაოდენობა, რომლებიც ყოველწლიურად ერთგულად ან ზოგჯერ არც ისე აფინანსებენ სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას და სწირავენ მათ საკმაოდ სოლიდურ თანხას.
შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერი პარტიისთვის ყველა მოქალაქის უფლებაა, რომელიც არ იზღუდება და ბუნებრივ პროცესსაც წარმოადგენს.
შემომწირველების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ამ მონაცემების პოვნა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ შექმნილ ვებპორტალზეა შესაძლებელი, რომელიც წარმოადგენს სიას და კონკრეტულ მონაცემებს შემომწირველების შესახებ.
კითხვები, რომელიც შემოწირულობების დროს ჩნდება ძირითადად მიემართება თავად შემომწირველის ვინაობასა და მათ საქმიანობაზე, ასევე მათ მიერ გაკეთებული ფულადი დახმარების მოცულობასა და მიზანზე, თუ რა კონკრეტულ მიზანს ემსახურება ესა თუ ის შემოწირულობა.
„ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, მცირე მონიტორინგი ჩაატაროს და გაგაცნოთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების შემომწირველები, რომლებიც საკმაოდ რეგულარულად და ასევე მოცულობითი შემოწირულობებით ეხმარებიან სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას.
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის საქმიანობის აღწერას, მათი კომპანიების ჩამონათვალსა და ასევე ამ კომპანიების სატენდერო ისტორიას.
– არის თუ არა შემოწირულობები სატენდერო პროცესებში კონკრეტული კომპანიების ან პირების წარმატების საწინდარი?
– ანდა პირიქით: წარმოადგენს თუ არა რამე სახის ძღვენს ან სამადლობელს შემოწირული ფულადი თანხები წარმატებული შესყიდვების შემდგომ პერიოდში?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება თავად გაქვთ, „ქრონიკა+“ მხოლოდ და მხოლოდ მშრალ ფაქტებსა და სტატისტიკას გთავაზობთ, რიცხვები კი თავად მეტყველებს. დასკვნა და შეფასება მკითხველისთვის მოგვინდია.
თავდაპირველად განვიხილოთ მმართველი პარტიის შემომწირველები და მათი საქმიანობა, ეს სია საკმაოდ გრძელია და სოლიდურ თანხებსაც აერთიანებს.
განვიხილოთ შედარებით მოცულობითი თანხები და ის კონკრეტული პირები, რომლებიც ამ შეწირულობის ავტორებად გვევლინებიან.
ალა კახნიაური _ მის მიერ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეწირული თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 25 000 ლარს. აქვს საკმაოდ აქტიური სამეწარმეო საქმიანობა.
ის ფლობს შპს „ძველ ხიდს“, სადაც გვევლინება დირექტორად, ასევე არის პარტნიორი შპს „ანლიმ მოტორში“ და გახლდათ ყოფილი დირექტორი წლების განმავლობაში შპს „მეცხრე არხი ინფოს“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ალა კახნიაურის კომპანიამ 20-მდე ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, საუბარია შპს „ანლიმ მოტორსზე“.
ტენდერების მონიტორის მონაცემების მიხედვით, ამ კომპანიის ძირითადი მომსახურების სფეროა სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. გამოცხადებულ ტენდერებში მის ძირითად მეტოქედ გვევლინება ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა „თეგეტა მოტორსი“, ძირითადი შემსყიდველები კი გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია.
კომპანიის მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება ჯამურად 366 000 ლარზე მეტია;
ზურაბ ყურაშვილი _ მმართველი პარტიის ერთ-ერთი აქტიური შემომწირველი. მან სამი ფულადი შეწირულობა გააკეთა: 10 000, 40 000 და 5 000 ლარის ოდენობით, ჯამურად საკმაოდ მოცულობითი თანხა, რაც 55 000 ლარს შეადგენს.
საინტერესოა, რას საქმიანობს ეს ადამიანი?
ის საკმაოდ აქტიური გახლავთ ბიზნესსფეროში. გვევლინება დირექტორად შპს „ლიფტ სერვისში“, ასევე არის ყოფილი ხელმძღვანელი „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“, რომელმაც ექვს ტენდერში გაიმარჯვა, ხოლო არც ერთში არ დამარცხებულა. ეს გახლავთ სააქციო საზოგადოება, რომელიც ტენდერების 67%-ში გამარჯვებულის სტატუსით გვევლინება.
მოგებული კონტრაქტების რაოდენობა არც ისე ბევრია და 7 000 ლარს აჭარბებს. მომსახურების სფერო ძირითადად არის სატელევიზიო და რადიო მომსახურება. შემსყიდველი კი გახლავთ თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო.
გიორგი ჩრდილელი _ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ შეწირული თანხა 90 000 ლარი. ის გახლავთ საკმაოდ ბევრი კომპანიის ხელმძღვანელი და აქტიური ბიზნესფიგურა.
შპს „ჯი-სი-ჯის“ დირექტორი, ასევე აღმასრულებელი დირექტორი შპს „თბილავიამშენში“. ის ასევე გახლდათ სს „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.
რაც შეეხება წარმატებულ ტენდერებს, საკმაოდ ბევრი გამარტივებული შესყიდვა უკავშირდება მის სახელს, რომელიც კომპანიისთვის კარგი შედეგით დასრულდა და ის გამარჯვებულად დასახელდა.
მომსახურების სფერო გახლავთ საბუღალტრო, აუდიტორული მომსახურება. ტენდერების 50%-ზე მეტი მიმდინარეა და დრო გვიჩვენებს, როგორ დასრულდება ის და მოახდენს თუ არა ხელმძღვანელის ფულადი შემოწირულობები რამე კონკრეტულ გავლენას ტენდერის პროცესებსა და მის შედეგზე;
მალხაზ შამუგია _ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ასევე აქტიური შემომწირველი, რომელიც მსხვილი თანხებით ეხმარება ფინანსურად მმართველ პარტიას.
მან გასულ წელს პარტიას შესწირა 50 000 ლარი, საინტერესოა ასევე ისიც, რომ მან 2012 წელს ასევე გააკეთა ფულადი შეწირულობა, თუმცა ის 20 000 ლარით დაეხმარა „ნაციონალურ მოძრაობას“.
მალხაზ შამუგია აქტიურად არის ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. პარტნიორია შპს „ჯი-ემ-ენ კომპანის“ და ასევე შპს Mn invest-ში.
შპს „ჯი-ემ-ენ“ კომპანიას ამჟამად სტატუსი აქვს შეჩერებული და სატენდერო სფეროში ჩართული არ არის.
რაც შეეხება კომპანია შპს Mn invest-ს, ის იმ კომპანიებს შორისაა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ჭიათურაში ადმინისტრაციული გარემოსდაცვითი დანაშაულისთვის დააჯარიმა.
შპს Mn invest-ის დარღვევათა რაოდენობა სამია, ხოლო დაკისრებული ჯარიმის რაოდენობა 7000 ლარამდეა;
გიორგი მიქაბერიძე _ იგი „ქართული ოცნების“ შემომწრიველთა სიაშია. მან 45 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას.
ის გახლავთ დირექტორი შპს „მაქსიმალის“, ასევე აღმასრულებელი დირექტორი სს დაზღვევის კომპანია ქართუში და პარტნიორი შპს „ეკო ჯგუფში“.
მის კომპანიებს საკმაოდ წარმატებული სატენდერო ისტორია აქვს.
მაგალითად, სს დაზღვევის კომპანია ქართუ 135 ტენდერში გამარჯვებულად დასახელდა. აქედან 23, ანუ საკმაოდ ბევრი, გადის გამარტივებული შესყიდვების კატეგორიაში, რაც გულისხმობს გამარტივებული პირობებისა და პროცედურების შეთავაზებას ამ კონკრეტული კომპანიისთვის და შესაბამისად აჩენს გარკვეულ ეჭვებს.
კომპანიის მომსახურების სფეროა სადაზღვევო და საპენსიო მომსახურება. მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება აღემატება 3 მილიონ ლარს, ძირითად შემსყიდველად კი გვევლინებიან სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გამოქვეყნებული 267 ტენდერიდან 50%-ზე მეტში სააქციო საზოგადოება დაზღვევის კომპანია ქართუ დასახელდა გამარჯვებულად და შესაბამისად გაუფორმდა ხელშეკრულება.

ახლა რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს და ყველაზე მსხვილსა და რეიტინგულს მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“.
– ვინ გვევლინებიან ამ პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველებად და როგორია მათი საქმიანობა?
– რამდენად ხშირად მონაწილეობენ ეს კომპანიები ტენდერებში?
– როგორია მათი წარმატებულობა ამ სატენდერო სფეროში ან რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ის კონკრეტული შემოწირულობა, რასაც ესა თუ ის ბიზნესმენი ან სუბიექტი გადასცემს პარტიას?
„ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულობების რაოდენობას თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდ კონტრასტს დავინახავთ. აქ უფრო მცირე მოცულობის თანხებზეა საუბარი, ზოგიერთი მათგანი ორნიშნა ან სამნიშნაც კია. ასევე ვხვდებით მინიმალურ ან სიმბოლურ შემოწირულობებს, რომელიც 5 და 10 ლარითაც განისაზღვრება.
შედარებით დიდ თანხებსა და მათ შემომწირველებს გადავხედოთ და მივყვეთ მათ საქმიანობას, ასევე წარსულს.
ირაკლი ნადირაძე _ მის მიერ შემოწირული თანხა პარტიისთვის ჯამურად 25 000 ლარია, ის 2013 წლიდან აქტიურად წირავს „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ფულად, ასევე არაფულად შემოწირულობას და ამ ფორმით ეხმარება ოპოზიციურ პარტიას.
ის გახლავთ საქართველოს პოლოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. არ აქვს აქტიური სამეწარმეო საქმიანობა და არც ტენდერებს აცხადებს ან იღებს მასში მონაწილეობას;
გია აბულაძე _ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი, ბიზნესმენი, რომელიც 5000 ლარით ეხმარება პოლიტიკურ პარტიას.
ის აქტიურად საქმიანობდა სამეწარმეო სფეროში, წლების განმავლობაში გახლდათ შპს „ოცნებისა“ და შპს „ჯი აი ემ კის“ აპარტამენტის დირექტორი.
შპს „ოცნება“ გამოცხადებული შვიდი ტენდერიდან მხოლოდ 29%-ში გახდა გამარჯვებული, ხოლო დამარცხდა 71%-ში. კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების საერთო საბაზრო ღირებულება აღემატება 6000 ლარს.
ძირითადად მომსახურების სფეროა სამშენებლო მასალები, ასევე სტრუქტურული მასალები და ქარხნული წარმოების მასალა.
ამ მომსახურებისა და პროდუქციის შემსყიდველად გვევლინებიან ძირითადად უნივერსიტეტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები;
კობა ნაყოფია _ „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწერველი, მან წლების განმავლობაში 12 000 ლარზე მეტი შესწირა ამ ოპოზიციურ პარტიას.
ის გახლავთ შპს „გოლდინვესტის“ პარტნიორი.
კობა ნაყოფია 2004-2008 წლებში იყო კომპანია „მადნეულის“ დირექტორი, რომელსაც წლების განმავლობაში ადანაშაულებდნენ ბოლნისის რაიონის ეკოლოგიური გარემოს დაზიანებასა და საკმაოდ ბევრ არაკანონიერ ქმედებაში. მდინარე მაშავერის დაბინძურება და დანაგვიანება სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება. არასწორი ტექნიკისა და სამუშაო პირობების გაუმართაობის გამო მდინარე ბინძურდებოდა არასასურველი ნივთიერებებით, რაც საკმაოდ დიდი ეკოლოგიური საფრთხის შემცველია მთლიანი ეკოსისტემისთვის.
გარდა ამისა, კობა ნაყოფიას, როგორც წარმატებული და შემდგარი ბიზნესმენის სახელი, ფიგურირებს პანამის დოკუმენტების გახმაურებულ საქმეში.
ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, რომელსაც პანამის ოფშორულ ზონაში კომპანიები აქვს დარეგისტირებული და ანგარიში გახსნილი.
პანამის საქმე დიდი ხნის განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმის საგანი, რადგან ოფშორული ზონა ხშირად კომპანიის ან ბიზნესმენის მხრიდან გადასახადის დამალვის ერთ-ერთი საშუალებაა და სწორედ ამ მიზნით გამოიყენება.
რაც შეეხება, მის კომპანიას, შპს „გოლდინვესტს“, ის ასევე ფიგურირებს ამ გახმაურებულ საქმეში. გამოძიებული დეტალების თანახმად, „გოლდინვესტის“ იურიდიული მისამართი თბილისია. ის ბოლო 2006 წლის მაისიდან „ზარაფხანის“ მფლობელია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კობა ნაყოფიას „გოლდინვესტმა“ 2 მლნ 40 ათას დოლარად შეიძინა.
მანამდე იყო აუქციონის წესით ნაყიდი სს „მადნეული“, კომპანიის აქციათა 97%-ში ნაყოფიას „პრომინვესტმა“ 40 მლნ დოლარი გადაიხადა, ამ თანხაში ბიზნესმენს „კვარციტის“ აქციათა 50%-იც გადაეცა. სს „მადნეულის“ შეძენით დაინტერესებული ბიზნესმენი მაშინ ბადრი პატარკაციშვილიც იყო, რომლის კომპანიაც აუქციონში 36 მლნ დოლარით მონაწილეობდა, საბოლოოდ ოქრო ნაყოფიას ერგო. მაშინ ის ჯერ დეპუტატი არ იყო, ბიზნესმენი საქართველოში 2005 წლიდან ჩნდება.
წლების განმავლობაში ოქროს ბიზნესის მფლობელი აქტიურად აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ კანონმდებელი ხდება – კობა ნაყოფია ბოლნისის მაჟორიტარულ არჩევნებს გამარჯვებული გახდა.
ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა მცირე ჩამონათვალია. დანარჩენი შედარებით პაატარა თანხებით და არასამეწარმეო საქმიანობით გვევლინება, შესაბამისად კითხვები მათი შემოწირულობების ფორმებთან და მიზნებთან დაკავშირებით ნაკლებად ჩნდება.
დაკანონებული უფლება ბევრ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, კონკრეტული მიზნით ან მიზეზით დააფინანსოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, დაეხმაროს მათ და ფინანსურად ხელი გაუმართოს.
საკითხავი ისაა, რამდენად აისახება შემდგომ ეს შემოწირულობები ამ კონკრეტული პირების საქმიანობასა და მათ მოღვაწეობაზე, ან წარმოადგენს თუ არა ეს თანხები მიღწეული შედეგებისა და მოპოვებული წარმატებების კომპენსაციას?

ანა ურუშაძე