უცნობი საქართველოს ქრონიკა: 1918 წლის თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-19.

1918 წლის თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ უცნაური გარემოება აღმოვაჩინე. გაზეთის გამოსვლის თარიღები ხშირად ისტორიულ მოვლენებს დროში არ ემთხვევა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, ის არის, რომ თებერვლის გამოცემებში გაზეთი ძველი სტილით გამოდიოდა, თუმცა ფრჩხილებში იქვე ახალი სტილის თარიღიც ჰქონდა მითითებული, ამიტომ ცნობილი ისტორიული მოვლენები გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე წინსწრებით გვხვდება. სანამ გავერკვეოდი, ამან ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. მაგალითად, ბრესტ-ლიტოვსკის ცნობილი საზავო შეთანხმება, რომელიც 1918 წლის მარტში გაფორმდა, გაზეთ „საქართველოში“ თებერვლის შუა რიცხვების ნომრებში მოხვდა. ამის გამო გაზეთ „საქართველოს“ თებერვლის მიმოხილვა, უნებურად, მარტის პირველ ნახევარსაც მოიცავს.

მდგომარეობა ბოლშევიკურ რუსეთში

უცვლელი ვითარებაა ბოლშევიკების მიერ მიტაცებულ რუსეთში, სადაც სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. გაზეთი თავის ფურცლებზე სისტემატურად აქვეყნებს სპეციალურ რუბრიკას, რომელიც კომუნისტების ძალადობას ეხება. ხარკოვში დახვრიტეს 60 ოფიცერი. სიკვდილის წინ მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
როგორც გაზეთი იუწყება, რუსეთის ჩრდილოეთი საყოველთაო შიმშილმა მოიცვა. კოსტრომიდან ივანო-ვოზნესენსკამდე ხალხი საკვების გარეშე დარჩა. უკეთესი მდგომარეობა არ იყო მოსკოვსა და პეტროგრადშიც, სადაც მოსახლეობას ერთ სულზე გირვანქის მერვედ პურს ურიგებდნენ. ეკატერინბურგში დეპუტატთა საბჭოების სარევოლუციო კომიტეტმა ადგილობრივ კაპიტალისტებს 1 მილიონი მანეთის გადასახადი დააკისრა. ვინც ამ განკარგულებაზე უკმაყოფილება გამოთქვა ყველა ციხეში ჩაყარეს.
მოსკოვში ყოველდღე ჩხრეკენ მდიდრების სახლს და მათი ქონების სრულ რეკვიზიციას ახორციელებენ. წითელგვარდიელები და მეზღვაურები ჩხრეკას აწარმოებდნენ პეტროგრადშიც, სადაც მოსახლეობაში გადამალულ სურსათს ეძებდნენ. თუ ვინმეს ზედმეტი საკვები აღმოაჩნდებოდა, სპეკულაციაში სდებდნენ ბრალს და დახვრეტით სჯიდნენ. პეტროგრადში, ნევის პროსპექტზე წითელგვარდიელებმა მოკლეს ცნობილი პროფესორი, ფსიქიატრი როზენბახი. რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის მზრუნველობის მინისტრ კოლონტაის ბრძანებით, ალექსანდრე ნეველის ლავრას ჩამოართვეს მთელი ქონება, რომელიც მილიონ 800 ათასად შეფასდა.
სახალხო კომისართა საბჭომ სპეციალური დეკრეტით აკრძალა ლიტურგია და საეკლესიო ქორწინება. ყირიმში გაძარცვეს საპატრიარქოს სალარო, საიდანაც მრავალი ისტორიული ნივთი გაიტანეს. წაიღეს მოოქროვილი და მსხვილი ბრილიანტებით შეჭედილი სახარება, რომელიც, სულ მცირე, 2 მილიონი მანეთი ღირდა. გაიტაცეს 1648 წელს დაბეჭდილი უძველესი სახარება.
პეტროგრადში ბოლშევიკებმა თოვლის საწმენდად ქუჩაში გარეკეს პროფესორები და აკადემიკოსები. როგორც გაზეთი გვამცნობს, პირველ დღეს ქუჩის დასუფთავებაზე სამხატვრო აკადემიის პროფესორები ამუშავეს.
7 თებერვლის გაზეთში დაბეჭდილია სპეციალური რეპორტაჟი პეტროგრადიდან, სადაც ქალაქის ზოგადი მდგომარეობაა გადმოცემული: „პეტროგრადში ნამდვილი ანარქია დაიწყო. ცისმარე დღეს ჰხდება მკვლელობა ქუჩებზე. ძარცვა-გლეჯას ხომ აღარავინ არ აქცევს ყურადღებას. ქალაქს ღამით არ ანათებენ და ქალაქში შემზარავი წყვდიადია. ნევის პროსპექტი მოფენილია დამსხვრეული ავტომობილებით. სახლებს არ ათბობენ და მცხოვრებნი სახლში ტყავებში სხედან. ტრამვაის ვაგონები კარგა ხანია არ უნახავს პეტროგრადის მიძინებულ ქუჩებს, რადგან ლიანდაგი თოვლით სავსეა. სიძვირე ყოველ დღე რთულდება. ცალი იხვი 14 ჰღირს, პურის პატარა ნაჭერს ჯარისკაცები ხუთ თუმნად ჰყიდიან. ქალაქში სამარისებული დუმილია.
პეტროგრადში სახადი მძვინვარებს. საავადმყოფოები ივსება ავადმყოფებით. სახადი გამოწვეულია სიმშილით. ქალაქში უკვე რამდენიმე ამბოხება მოხდა სიმშილის ნიადაგზე. ქალთა ბრბო შეიკრიბა ქარხნებთან, ქალები, მუშები მუხლჩოქით ევედრებოდნენ, მიეცათ მათთვის ხუთ-ხუთი კარტოფილი მაინც: „ჩვენ დავიმშენით და მიგვიშვით სასახლემდე“, _ ყვიროდნენ ისინი. წითელგვარდიელები თოფებით ემუქრებოდნენ. გვესროლეთ ჩვენ არ დავიძვრებით აქედან, ჩვენ მშივრები ვართ! წითელგვარდიელებმა სარაიონო საბჭოსგან შველა ითხოვეს ბრბოს გასაფანტად. საბჭომ ხალხს დელეგაცია გამოუგზავნა. რასაკვირველია, ამით საქმე ვერ გათავდა, ქალები დაეცნენ გაყინულ უმ კარტოფილს და გაშმაგებით ჭამა დაუწყეს. მუშები და ჯარის კაცები დუქნებს ამტვრევდნენ. საშინელ მდგომარეობაშია სიმშილისგან სატუსაღო და საავადმყოფოები“.

ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება

1918 წლის მარტში პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ლენინის მთავრობამ სეპარატული ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალური სახელმწიფოების (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი) კავშირთან, რითაც, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოვიდა.
საზავო მოლაპარაკებები ოთხთა კავშირთან, სადაც ძირითად როლს გერმანია ასრულებდა, ჯერ კიდევ, 1917 წლის ნოემბერში დაიწყო და საბოლოოდ 1918 წლის მარტისთვის დასრულდა. ბოლშევიკებისთვის ამ ზავს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მსოფლიო ომისა და რევოლუციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დაინგრა. კატასტროფულად დაეცა მოსახლეობის სოციალური დონე. ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა დასავლეთის ფრონტზე შექმნილი ვითარება. გერმანიამ კარგად ისარგებლა იმით, რომ დემორალიზებული რუსული არმია მას წინააღმდეგობას ვერ უწევდა და რუსეთის სიღრმეში 300 კილომეტრით წაიწია. გერმანელებს პეტერბურგამდე 170 კილომეტრი აშორებდათ. ამის გამო ბოლშევიკები პეტროგრადის დაცლასა და სამთავრობო სტრუქტურების მოსკოვში გადატანასაც კი ფიქრობდნენ. ამის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 24 თებერვლის ნომერში იუწყება: „როგორც გადმოგვცემენ, თუ გერმანელების ჯარებმა პაკოვი აიღო, სახალხო კომისრების საბჭოს გადაწყვეტილი აქვს მოსკოვში გადასვლაო. სახალხო კომისრებთან ერთად მოსკოვში გადავა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის მთელი შემადგენლობა“.
ამ ფონზე გერმანიასთან სამშვიდობო ზავი ბოლშევიკებს სულის მოთქმის საშუალებას მისცემდა. მშვიდობის სანაცვლოდ გერმანიამ ბოლშევიკებს უმძიმესი ულტიმატუმი წამოუყენა, რაზედაც ლენინის მთავრობა იძულებული შეიქმნა, დათანხმებულიყო. რუსეთი კარგავდა ბალტიისპირეთს, უკრაინას, ბელორუსიის ნაწილს, პოლონეთს, ფინეთს. რუსეთი პოზიციებს თმობდა ამიერკავკასიაშიც. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლი, რომლის თანახმადაც, გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის სასარგებლოდ რუსეთი თმობდა ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქებს.
ბრესტ-ლიტოვსკის ზავი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევას მოასწავებდა. ამასთან დაკავშირებით გაზეთმა „საქართველომ“ 21 თებერვლის ნომერში (ახალი სტილით 7 მარტი) პირველ გვერდზე მოკლე მოწოდება გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი სათაური ჰქონდა: „საქართველოს ეროვნულ სხეულს განკვეთას უქადიან! გაუმარჯოს საქართველოს მთლიანობას!“ ამ მოწოდების ქვეშ დაბეჭდილი იყო ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა დელეგაციის მეთაურ კარახანის დეპეშის ტექსტი, რომელიც მან პეტროგრადში გააგზავნა: „შედარებით 21 თებერვლის (ახალი სტილი) ულტიმატუმთან, ახალ პირობებს აქვს საულტიმატუმო ვადის ხასიათი. ამ მიზეზის გამო და აგრეთვე იმის გამო, რომ გერმანელები უარობენ ხელშეკრულების ხელის მოწერამდე შესწყვიტონ სამხედრო მოქმედება, ჩვენ გადავსწყვიტეთ ხელი მოვაწეროთ იმ ხელშეკრულებას, რომელზედაც ეხლა ბჭობა სწარმოებს. ხელისმოწერის შემდეგ გამოვბრუნდებით. ამიტომ ხვალისთვის მატარებელი მოვითხოვეთ. ყველაზე სერიოზულ კამათს იწვევს 21 თებერვლის პირობები და რუსეთიდან ჩამოშორება არდაგანის, ყარსის და ბათომის ოლქებისა, თვითგამორკვევის უფლების სახით“.
27 თებერვალს, ანუ ახალი სტილით 14 მარტს, გაზეთი „საქართველო“ უკვე თურქეთის ულტიმატუმს აქვეყნებს, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის საზავო პირობების შესაბამისად ოსმალეთისთვის მიკუთვნებული ტერიტორიების დაცლას მოითხოვს: „ვეხიბ-ფაშას დეპეშა ბათომის, ყარსის და არტაანის ოლქის დაცლის შესახებ. ამიერკავკასიის კომისარიატის თამჯდომარემ მიიღო ორი დეპეშა ფრანგულ ენაზე. პირველი დეპეშა გამოგზავნილია კავკასიის რუს მხედრობის მთავარსარდალ ლებედინსკის სახელზე: „რუსეთის რესპუბლიკა დასთანხმდა დასცალოს ბათომის, ყარსის და არტაანიის ოლქები და ამის შესახებ ესეც არის ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. ამის გამო, გატყობინებთ, რომ მე ამ საათში ბრძანება მივიღე ჩემ გენერალისიმუსისაგან. გთხოვთ თქვენ მოკლე დროში დასტოვოთ აღნიშნული ოლქები“.
იმავე დღეს ამიერკავკასიის კომისარიატმა კატეგორიული პროტესტი განაცხადა ოსმალთა მოთხოვნაზე და საპასუხო დეპეშა მოამზადა. ამ დეპეშას გაზეთი ვეხიბ-ფაშას მოთხოვნის ტექსტის გვერდითვე ბეჭდავს: „ყოველივე ხელშეკრულება ამიერ კავკასიის და მის საზღვრების შესახებ ამიერ კავკასიის მთავრობის დაუკითხავად და ნება დაურთველად მოკლებულია საერთაშორისო მნიშვნელობას და ამიერ კავკასიის მთავრობისთვის არ არის სავალდებულო, ვინაიდან ამიერ კავკასიის მთავრობა არასოდეს არ სცნობდა ბოლშევიკურ მთავრობას. თანახმად ოსმალეთის მთავრობასთან შეთანხმებისა, ჩვენ გავაგზავნეთ სამშვიდობო დელეგაცია ტრაპზონს, რომელიც იქ იმყოფება. მიუხედავად ამისა, თებერვლის 25 ჩვენმა მთავარსარდალმა დეპეშა მიიღო ვეხიბ-ფაშასგან, რომ ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქები დავსცალოთ თანახმად ბრესტლიტოვსკში დადებული ხელშეკრულებისა. გთხოვთ სასწრაფოდ გვაცნობოთ: წინადადება ხსენებულ ოლქების დაცლის შესახებ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ოსმალეთის მთავრობას არა ჰსურს სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს ამიერ კავკასიის მთავრობასთან. ხელს აწერენ: სეიმის თავმჯდომარე კ. ჩხეიძე და მთავრობის თავმჯდომარე ე. გეგეჭკორი“.

ეკონომიკა

რუსეთში შექმნილი ქაოსური ვითარება ზოგადად კავკასიას და კერძოდ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა. რეგიონი, რომელიც უკვე ას წელზე მეტი ხანია, რაც რუსეთზე იყო მიბმული, მძიმე კრიზისში აღმოჩნდა. საქართველო სურსათის, საწვავის, პირველადი მოთხოვნილების საგნების უმწვავეს დეფიციტს განიცდიდა. გაძლიერდა სპეკულაცია, გაუფასურდა მანეთი, შეზღუდვები დაწესდა ელექტროენერგიაზე. ქალაქ თბილისის გამგეობის 14 თებერვლის დადგენილებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირდათ თეატრებს, სინემატოგრაფს, კლუბებს, რესტორნებსა და სასტუმროებს.
სავალუტო სპეკულაციასთან საბრძოლველად ამიერკავკასიის კომისარიატმა სავალდებულო დადგენილება მიიღო, რომელიც გაზეთ „საქართველოში“ 1918 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნდა. ამ დადგენილების მიხედვით, იკრძალებოდა ფულის გადახურდავებაში პროცენტის აღება. გარდა ამისა, კომისარიატის განკარგულებით დაისჯებოდა ყველა, ვინც არ მიიღებდა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოშვებულ ბონებს ან ბონებს უფრო დაბალ ფასად იანგარიშებდა. ვინც აღნიშნულ ბრძანებულებას დაარღვევდა მას ერთ წლამდე ციხე ან 10 ათას მანეთამდე ჯარიმა ემუქრებოდა.
თუმცა ყველაზე საგრძნობი მოსახლეობისთვის მაინც პურის დეფიციტი იყო. ქვეყანა, პრაქტიკულად, შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა. ამის გამო ქალაქის გამგეობა იძლებული გახდა, მოქალაქეებისთვის ბარათებით გასაცემი პურის რაციონი კიდევ უფრო შეემცირებინა.
გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 14 თებერვალი: „ეს ორი დღეა, რაც ქალაქში პურს სულზე გირვანქის 3/8-ს აძლევენ. პურის რაციონის შემცირება იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო დროს ფქვილი სრულებით აღარ მოდის და რაც ხორბალი მოდის, იმის დაფქვას ქალაქის წისქვილები ვერ ასწრებენ. ამას გარდა საინტენდანტოს წისქვილები ხორბალს რუსეთში მიმავალ ეშელონებისთვის ფქვავენ და ქალაქის საჭიროებას ვეღარ აკმაყოფილებენ. ქალაქის რამდენიმე დუქანთან პურის რაციონის შემცირების გამო ჯერში მდგომ მოქალაქეთა შორის უკმაყოფილებამ იჩინა თავი და ზოგან აიძულეს კიდეც, რომ წინანდელი რაციონი მიეცათ პურისა. ამ დღეებში ბათომისა და კავკასიის მხრივ მოელიან ფქვილს და რაციონიც ნახევარ გირვანქამდე იქნება კვლავ აყვანილი“.

კრიმინალური მდგომარეობა

ანარქიის შედეგად უზომოდ იმატა კრიმინალური შემთხვევების რიცხვმა. ნავთლუღთან გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ მოხუცებულ ოჯახს. ცოლ-ქმარი, 110 წლის პეტრე და 80 წლის მარიამ შარაბიძეები ყაჩაღებმა ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამებს ნავთი გადაასხეს და დაწვეს. 3 თებერვალს რამდენიმე შეიარაღებული ბოროტმოქმედი სასტუმრო „ცენტრალში“ შეიჭრა და მის მეპატრონე კუიუჩიანს 225 მანეთი და ოქროს საათი წაართვა.
13 თებერვალს გაძარცვეს რუსული კლუბი. ღამის 12 საათზე კლუბში 12 შეიარაღებული შევარდა და ბანქოს მოთამაშეები დააყაჩაღა. მოთამაშეებს წაართვეს 40 რევოლვერი, ოქროს საათები, სხვადასხვა ძვირფასი ნივთი, ქურქები, ნაბდები და 60 ათასამდე მანეთი. ძარცვის შემდეგ თავდამსხმელებმა ყველა მოთამაშე იატაკზე დააწვინეს და დაუბარეს, რომ ხვალ ამ დროს ისევ მოვალთ და აბა, თქვენ იცით, თამაში არ შეწყვიტოთო.
კომიკური შემთხვევა მოხდა თიანეთში, რომლის შესახებაც გაზეთი 22 თებერვლის ნომერში გვაუწყებს: 7 თებერვლის ღამეს თიანეთის კომისარ ქუმსიშვილის ბინიდან ვიღაცამ ჯარისკაცთა ოჯახების შემწეობისთვის შეგროვებული 20 ათასი მანეთი მოიპარა. ბოროტმოქმედმა ქუმსიშვილის სახლის კარი გააღო, შემდეგ მისი საწერი მაგიდის უჯრა გახსნა, სადაც ფულის დასტა აღმოაჩინა და ნადავლით გაუჩინარდა.
მაზრის კომისარმა ალექსანდრე შუშანაშვილმა იმის ნაცვლად, რომ ქურდობაზე გამოძიება ეწარმოებინა, სოფლის მკითხავებს მიმართა და მათი საშუალებით ცდილობდა დამნაშავის აღმოჩენას.

ანარქია გორის მაზრაში

ნელ-ნელა ბოლშევიკურმა ბაცილამ საქართველოშიც შემოაღწია და ჩვენს ქვეყანაში ანარქიისა და ძალმომრეობის პირველი ნიშნები გაჩნდა. 1918 წლის თებერვალში გორის მაზრაში თავად-აზნაურთა მასობრივი დარბევა დაიწყო. თავდამსხმელები არ ინდობდნენ არავის: კლავდნენ მოხუცებს, კაცებს, ქალებს, ბავშვებს. იტაცებდნენ და ანადგურებდნენ ქონებას. პირველი ცნობა ამ დარბევების შესახებ გაზეთ „საქართველოში“ 1918 წლის 6 თებერვალს დაიბეჭდა, სადაც დაწვრილებით იყო მოთხრობილი დარბევის ისტორია: „ცუდი ამბები მოდის ქართლიდან: საქართველოს გული ლამის აგრარულმა ტერორმა გასჭრას სასტიკი მახვილით. მოჰკლეს: ორი ძმა ციციშვილი, ერთი მათი ბიძაშვილი მაღალაშვილი, ყარანგოზიშვილი, თურქესტანიშვილი, ქვლივიძე და სხვა. გაზეთებმა გადმოგვცეს: თავს ესხმიან ავლევის, თამარაშენის, კნოლევის და სხვა გორის მაზრის სოფლების მემამულეებს: ამირეჯიბებს, ბაგრატიონ-დავითაშვილებს, ფალავანდიშვილებს. ძალზე გაულახავთ ზ.ნ. ფალავანდიშვილი, დუშიკო, ლუკა, ალექსანდრე ფალავანდიშვილი, უცემიათ აგრეთვე კონსტანტინე ამირეჯიბის მოურავისათვის, უგინებიათ სიტყვით კონსტანტინე ამირეჯიბი, ავლევის რაიონის კომისარი. მემამულეებისთვის წაურთმევიათ ვერცხლი, ოქრო. ქვემო ხანდაკში თოფით დახვრიტეს ილია ჩიქოვანი და სხვა.
აგრარულია ეს მოძრაობა თუ კიდევ სხვა რა _ ეს ჯერ კიდევ გამოცნობილი არ არის. ეს კი ცხადია, რომ ამ მოძრაობას მიზნად აქვს თავად-აზნაურობის და საერთოდ ინტელიგენციის წინააღმდეგ გალაშქრება“.
მოკლე დროში შეიარაღებულმა ბრბომ შიდა ქართლის თითქმის ყველა სოფელში აიკლო მემამულეები. თბილისს ქართლის სოფლებიდან გამოქცეული თავად-აზნაურობა მოაწყდა. ვითარება იმდენად უმართავი ხდებოდა, რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საშიშროება გაჩნდა. რა მოთხოვნები ჰქონდათ თავდამსხმელებს, გაუგებარი იყო. თებერვლის რევოლუციის შემდეგ განხორციელებული მიწის რეფორმის შედეგად მემამულეებს მიწები ისედაც ჩამოერთვათ და ისინი გლეხობას გადასცეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ რუსეთისგან განსხვავებით, სადაც მიწის მფლობელები დესპოტიზმით გამოირჩეოდნენ, ქართველი მემამულეები სოფლის მოამაგეებად ითვლებოდნენ და გლეხებს მათ მიმართ მტრული დამოკიდებულება იშვიათად ჰქონდათ.
გორის მაზრაში მიმდინარე არეულობას გაზეთი „საქართველო“ 14 თებერვალსაც შეეხო, სადაც ჩანდა ამ საშიში პროცესის გამომწვევი მიზეზები, ახსნილი იყო, თუ ვინ უპირისპირდებოდა მიწის მფლობელებს და ვინ ცდილობდა საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას: „ყოველ საათსა ახალი, ერთიერთმანეთზე შემაძრწუნებელი ამბავი მოდის ქართლის სოფლებიდან. თავად-აზნაურებზე ნადირობა არის გამართული. ხოცავენ კაცებს, ბავშვებს, ქალებს. იტაცებენ სარჩო-საბადებელს, სწვავენ და ანადგურებენ. დახოცილნი დასამარხავნი არიან. სოფლებს ნაბრძანები აქვთ, დამარხვის ნება არავის მისცენ.
სოფელ ყორნისში ქალიან-ბავშვიანათ ამოწყვეტილ ხერხეულიძეებს ერთი ძმა გადაურჩათ, რომელმაც სოფელ ხვითს შეაფარა თავი. გაქცეულს ექვსი ცხენოსანი ოსი დაადევნეს, დაიჭირეს, შეჰკრეს და წაიყვანეს.
ბრძენი პოლიტიკოსნი ყველა ამას აგრარულ მოძრაობად სთვლიან. მაგრამ აგრარულ მოძრაობას ნიადაგი არ აქვს. ფაქტიურად მთელი მიწა-წყალი გლეხების ხელშია. ვინ სჩადის ამას? გლეხი? წარმოუდგენელია. როგორ დავიჯეროთ, რომ ავლეველმა გლეხმა თავის მოამაგე და მოჭირნახულე ამირეჯიბი გალანძღოს და გაათრიოს ან კნოვლეველმა თავის გულწრფელი მეგობარი დუშიკო ფალავანდიშვილი გალახოს ან და სოფელ ქვემო ხვითში დააპატიმრონ და დაემუქრონ მ. დიასამიძეს, რომელმაც იხსნა ის სოფელიც და რამდენიმე სხვაც სასოფლო ბანკისა და კოოპერატივის საშუალებით ჩარჩ-ვაჭართა კლანჭებისგან?
თამამად ითქმის, რომ ქართლის გლეხობა განიცდის დიდ სულიერ ტანჯვას, მას ეს უბედურობა აშფოთებს, მაგრამ არა აქვს ძალა, რომ გაუმკლავდეს მოძალადე მკვლელებს. მაშ, ვინ არიან ეს გარეწარნი? ესენი არიან მცირე ჯგუფი, შემდგარი ქართველი ჯარისკაცთაგან, რომლებსაც ხელი აუღიათ ღმერთზედაც და სინდისზედაც და მათთან ერთად დიდი ბრბო ოსებისა, ამ ნამდვილ ველურ ბარბაროსებისა. დაიწყო ასე: ოსების სოფელ ბალთას 28 იანვარს შესდგა მიტინგი. ყრილობამ დაადგინა შეებრძოლოს თავად-აზნაურთ. ორი დღის შემდეგ შეიარაღებული ბრბო დაჰყვა სოფლებს: აბანოს, აბისს, წერონისს, ავლევს და კნოლევს. დაარბია და დაირეკა თავად-აზნაურნი, გაიყოლია საფალავანდო და საამირეჯიბო ოსები და ნაძირალა ქართევლი ჯარისკაცები. აიკლო თავად-აზნაურნი და წამოვიდა შუაგულ ქართლისკენ. რაზმს, რომელიც ხუთას კაცს აღემატება, მეთურობს ოსი ხარებოვი. მათ მიიმხრეს საციციანოს ოსები და მიუსიეს ციციშვილებს. ამ ბნელ ძალებს ასაზრდოებს შაუმიან-კუზნეცოვ-შატუნოვების მძაფრი აგიტაცია. აშკარაა, ვისთვის არის საჭირო საქართველოში არევ-დარევის შექმნა.
ჩვენი მიწა-წყალი უპატრონოდ არის მიტოვებული და უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ლამობენ დაეპატრონონ. სპობენ თავად-აზნაურთ და მათთან ინტელიგენციას. რჩება ხალხი უპატრონო. თითო-ოროლა კომისარი მათ ვერ ეწინააღმდეგება და მთელი ქართლი ეულ ხალხთა სათარეშოდ და საწეწად ხდება. მათი გულის ზრახვანი აშკარაა, მხოლოდ ჩვენ ვართ ბრმები“.

ბოლშევიკთა გამოსვლა თბილისში

ბოლშევიკების მიზეზით 1918 წლის თებერვალში საქართველოში კიდევ ერთი არეულობა მოხდა. ნათლად ჩანდა, რომ რუსეთის მსგავსად ლენინის პარტია საქართველოს დამორჩილებას ცდილობდა, თუმცა საქართველო რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდადა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ქართულ საზოგადოებაში ბოლშევიზმმა საყრდენის მოპოვება ვერ შეძლო.
13 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ სამთავრობო ცნობა დაიბეჭდა, რომელიც სამი დღით ადრე თბილისში, კერძოდ კი ალექსანდროვის ბაღში მომხდარ სისხლიან შეტაკებას ეხებოდა: „10 თებერვალს ალექსანდრე ბაღში მოხდა სამწუხარო ამბები, რომლის შედეგად იყო რამდენიმე მოკლული და დაჭრილი. სასტიკათ შემოწმებული ცნობების თანახმად საქმე შემდეგნაირად იყო: როგორც მოგეხსენებათ, ამიერ-კავკასიის კომისარიატის დადგენილებით, სტეფანე შაუმიანი და მისი სეკრეტარი კუზნეცოვი უნდა დაეპატიმრებინათ. ეს პირები ეწეოდენ ეშელონებში, რომლებიც ფრონტიდან ბრუნდებოდნენ, ავაზაკურ პროვოკაციას და სცდილობდენ იმათი საშუალებით დასცემოდნენ თბილისს. არ ერიდებოდნენ სისხლის ღვრას, რომლებიც მოსალოდნელი იყო ამ ავაზაკურ საქციელის შედეგათ. როცა ეს ვერ შესძლეს შაუმიანმა და კუზნეცოვმა, მიმართეს თავიანთი მოქმედება შეუგნებელ ელემენტებში და ერთ და იმავე დროს, იმავე მიზნით დაგზავნეს გორის მაზრასა და ქუთაისში მისამხრობად. 10 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმის მოწვევის დღეს, მიუხედავად აკრძალვისა, შეკრიბეს მიტინგი ალექსანდრეს ბაღში, სადაც სიტყვების საშუალებით შეეცადნენ მასის ამხედრებას, რომ წასულიყვნენ სეიმის გასარეკათ.
ქალაქ თბილისის დამცველმა შტაბმა მიიღო ყოველი ზომა ამის თავიდან ასაცილებლათ. შტაბის აგენტებმა დიდხანს ურჩიეს ბრბოს დაშლილიყვნენ, მარა არავითარმა რჩევამ არ გასჭრა. ამ დროს ბრბომ იარაღი აყარა ერთ მილიციონერს და ბრბოსაგანვე ვიღაცამ გაისროლა, რომლითაც მოკვდა ერთი მილიციონერი, რომელიც ურჩევდა ხალხს დაშლილიყო. ამის პასუხათ მილიციონერებმა სროლითვე უპასუხეს, რომლითაც მოკვდა და დაიჭრა რამდენიმე კაცი“.
იმავე ნომერში გაზეთი ალექსანდრეს ბაღში გამართული მიტინგის დროს დაღუპული მოქალაქეების სიასაც აქვეყნებს. ამ ინფორმაციით მიხედვით იმ დღეს მოკლეს ბოლშევიკი მუშა მარტიროსიანცი, მილიციონერი გერსამია, ბოლშევიკი სიხარულიძე, ნოქარი სეხნიაშვილი და ბოლშევიკური პარტიის ცნობილი პროპაგანდისტი ვართანიანი. ამათ გარდა მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს 14 დაჭრილი, რომელთა შორის 2 ჯარისკაცი იყო. ამ ინციდენტის შემდეგ ალექსანდრეს ბაღი რამდენიმე დღით დაკეტილი იყო და ქალაქის გამგეობა იქ მოქალაქეებს არ უშვებდა.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ბოლშევიკთა მიტინგს ეხებოდა 15 თებერვალს გამოქვეყნდა. ეს ცნობა იუწყებოდა, რომ ქალაქის მილიციის უფროსის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ყველა ბოლშევიკი მილიციელი. ეს ზომა იმით იყო გამოწვეული, რომ ალექსანდრეს ბაღში კომუნისტების გამოსვლის დროს ბოლშევიკმა მილიციელებმა უარი განაცხადეს ბოლშევიკების წინააღმდეგ მოქმედებაზე. მეტიც: მათ მოინდომეს მილიციის რიგებში კრება მოეწვიათ და ბოლშევიკთა მხარდამჭერი დადგენილება მიეღოთ.
თუ 1918 წლის თებერვალში გორის მაზრასა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ერთობლიობაში განვიხილავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ ამ ორ ამბავს ერთმანეთთან აშკარა კავშირი აქვს.

მიხეილ ბასილაძე