საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი

დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანას წარსულში ბევრი მტერი და მოწინააღმდეგე ჰყოლია. უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფოებისთვის საქართველო ყოველთვის იყო სამიზნე, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა მუდამ გახლდათ ქართველი მეომრის ბუნებრივი უნარი. 2018 წელს 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან.

აღნიშნული საკითხის დეტალებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ისტორიკოს მიშა ბახტაძეს:
_ რა იყო დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების წინაპირობა და გარემოებები?
_ დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს განპირობებული იყო, შეიძლება ითქვას, ორი მიზეზით: I. შიდა მიზეზები, ანუ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელიც საქართველოში, 1901 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო ზოგჯერ შეიარაღებული აჯანყების, ზოგჯერ შეთქმულების, ზოგჯერ (თერგდალეულების შემთხვევაში) მშვიდობიანი გზით, მაგრამ ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობდა. II. კონკრეტულად, იმ მომენტში, ეს იყო საგარეო ფაქტორიც. კერძოდ საფრთხე, რომელიც მოდიოდა ოსმალეთის იმპერიისგან. ეს იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომი ჯერ დამთავრებული არ არის. რუსეთის კავკასიის არმია დაშლილია, ფრონტი მოშლილია, ოსმალეთი იკავებს და იკავებს ტერიტორიებს და ასეთ პირობებში აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც, შეიძლება, ჩვენ დაგვიცვას, არის გერმანიის იმპერია. რატომ გერმანიის იმპერია? იმიტომ, რომ გერმანიის იმპერია არის ოსმალეთის მოკავშირე. ქართველებმა ეს კავშირები გამოიყენეს, რომლებიც ჩვენ გერმანიასთან, ჯერ კიდევ, 1914 წლიდან გვქონდა, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი შეიქმნა ევროპაში და გერმანიისგან გარკვეული გარანტიები მივიღეთ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში ისინი ჩვენ დაგვიცავდნენ. ვიმეორებ: ორი ფაქტორი უნდა გამოვყოთ. ერთი არის შიდა (მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისთვის), მაგრამ კონკრეტულად 26 მაისისთვის ეს არის საგარეო ფაქტორი, როცა საკითხი ასე დადგა _ ან გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას და გადავრჩებით ან ოსმალეთი სრულად დაგვიპყრობს ან ძალიან დიდ ტერიტორიებს წაგვართმევს. აი, ეს იყო, ძირითადად, განმაპირობებელი.
_ რას გულისხმობდა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“?
_ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ არის ის დოკუმენტი, რომელშიც თავიდანვე გაცხადდა, თუ რა პრინციპებზე აშენდებოდა სახელმწიფო. ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თავიდანვე გამოცხადდა, რომ ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა; გამოცხადდა, რომ ომის პერიოდში ის იქნებოდა ნეიტრალური სახელმწიფო; გამოცხადდა, რომ ნებისმიერ ადამიანს, მოქალაქეს, მიუხედავად თავისი რასისა, აღმსარებლობისა, ექნებოდა თანაბარი უფლებები. დამოუკიდებლობის აქტში, გარდა იმისა, რომ ითქვა, _ ჩვენ დღეს ვქმნით ახალ სახელმწიფოს და იშვა ახალი სახელმწიფო, ჩამოყალიბებული იყო ის ძირითადი პრინციპები, რომლებზედაც ეს სახელმწიფო აშენდებოდა. ვთქვათ, თანასწორობა, დემოკრატია, ნეიტრალიტეტი. უკვე ყველასთვის ცხადი ხდებოდა, რა იქნებოდა ამ სახელმწიფოსთვის პრინციპული. შემდეგ, წლების მანძილზე, სწორედ ეს პრინციპები ტარდებოდა ცხოვრებაში.
_ რა საშინაო მდგომარეობა იყო 1918 წლის საქართველოში?
_ მთავარი პრობლემა იყო საზღვრები _ საზღვრები არ არსებობდა. რუსეთის იმპერიამ ცნება საქართველო არ იცოდა, ისევე როგორც არ იცოდა ცნება სომხეთი, აზერბაიჯანი და ა. შ. იყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ამიტომ როცა დადგა საკითხი, რომ სამივე რესპუბლიკა აცხადებს დამოუკიდებლობას, მთავარი პრობლემა იყო სწორედ საზღვრების საკითხი, _ სად ვაცხადებთ და რას ვაცხადებთ? საქართველოს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა, ეს იყო ისტორიული საქართველოს მიწები, რომლებიც უნდა მომხვდარიყო და შესულიყო დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში. იმ ტერიტორიებს, რომლებსაც ჩვენ ვითხოვდით, ყველაფერს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ისტორიულად გვეკუთვნის. რაც შეეხება მოსახლეობას, იგი მრავალეროვანი იყო. ეს ბუნებრივია. შეიძლება ითქვას, რომ ასე იყო მთელ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება, გამოვყოთ ერთადერთი გუბერნია, სადაც ცხადად ჩანდა, რომ იყო მხოლოდ ერთი ეროვნება _ ეს იყო ქუთაისის გუბერნია. ყველა დანარჩენ გუბერნიაში მოსახლეობა მრავალეროვანი და მრავალფეროვანი გახლდათ. ამას ითვალისწინებდნენ ჩვენი რესპუბლიკის დამფუძნებლები, როდესაც მათ დამოუკიდებლობის აქტში პირველივე დღეს ჩაწერეს, რომ ეროვნების მიუხედავად ყველა ერთნაირი უფლებებით სარგებლობს. ასე რომ, თავიდანვე მიანიშნეს, _ კი ბატონო, ეს ტერიტორია საქართველოსია და თქვენ აღმოჩნდებით ამ სახელმწიფოს ტერიტორიებში, მაგრამ თქვენი უფლებები სწორედ ისევე იქნება დაცული, როგორც _ ქართველების უფლებები.
_ იმდროინდელი საქართველოს საგარეო ვითარებას როგორ შეაფასებთ?
_ საგარეო ვითარება იყო ძალიან რთული. აქაც ორი საკითხი იკვეთება: პირველი, ეს არის მეზობლებთან ურთიერთობა. 1918 წლის ივნისში ჩვენ ოსმალეთთან ძალიან მძიმე ზავი დავდეთ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. თუმცა პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის დამარცხების გამო, მოგვიანებით, ეს ზავი გაუქმდა. რთული იყო ურთიერთობა სომხეთთან, სადაც სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა და ამის მოგვარება ომით გადაწყვიტა. ომი ერთი თვე მიმდინარეობდა. 1918 წლის 31 დეკემბერს ეს ომი დასრულდა და საბოლოო საკითხების გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიდო. ტერიტორიული პრეტენზიები იყო აზერბაიჯანთან, მაგრამ აქ საქმე ომამდე არ მისულა. რა თქმა უნდა, რთული ვითარება იყო რუსეთთან. და საგარეო პოლიტიკაში მეორე საკითხი იყო საერთაშორისო აღიარება. ესეც ძალიან რთულად მიდიოდა. პირველი ქვეყანა, რომელმაც იურიდიულად გვაღიარა, იყო არგენტინა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა ჩვენთან ხელშეკრულება დადო, ამის შემდეგ დაიწყო უკვე საქართველოს აღიარება. 1921 წლის იანვარში ინგლისმა და საფრანგეთმაც აღიარა საქართველო, თუმცა დიპლომატიურ წარმატებებთან ერთად იყო ასევე მარცხი. მაგალითად, „ერთა ლიგაში“ არ მიგვიღეს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს საგარეო დიპლომატები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყნისთვის საერთაშორისო აღიარება მოეპოვებინათ და ამ საქმეში სერიოზული წარმატებებიც ჰქონდათ. უბრალოდ, მეტი დრო არ მოგვეცა.
_ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რუსეთი…
_ რუსეთთან ურთიერთობა რთული იყო, იმიტომ, რომ რუსეთი იყო წითელი და თეთრი. წითელი _ „ბოლშევიკები“ და თეთრი _ „მენშევიკები“, მათთან მებრძოლები. ორივე აღიარებდა ერთიან დიდ რუსეთს. ჩვენ შეტაკებები გვქონდა სოჭის ოლქში და გაგრის ტერიტორიაზე. როდესაც ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, ჩვენ მხოლოდ 1919 წლის გაზაფხულზე განვდევნეთ. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სამოქალაქო ომში უპირატესობა ბოლშევიკების მხარეს იყო, თეთრგვარდიელებთან ურთიერთობამ აქტუალობა დაკარგა. თუმცა რაღაც მომენტში საფრთხე მათგან მოდიოდა. ის ჩვენ არ გვაღიარებდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მაინც ბოლშევიკები და მოსკოვი იყვნენ, ჩვენთან, მაინცდამაინც, საქმის გართულებას არ აპირებდნენ. თუმცა, ვიმეორებ, ოფიციალურად არ გვაღიარებდნენ. გაცილებით რთულად იყო ურთიერთობა საბჭოთა რუსეთთან. საბჭოთა რუსეთმა 1920 წლის აპრილის ბოლოს დაიპყრო აზერბაიჯანი და იმწამსვე სცადა საქართველოში შემოჭრა. მაშინ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დამარცხება მოახერხა. ზუსტად ამ პერიოდში მოსკოვში მიმდინარეობს მოლაპარაკებები გრიგოლ უროტაძესა და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. რუსეთს, ამ დროს, რთული ვითარება აქვს _ იგი იბრძვის პოლონეთთან, რომელთანაც აგებს და კიევიც დაკარგა, ამიტომ ასეთ პირობებში მისთვის საქართველოსთან ომი სრულიად მიუღებელია. ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რომ 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულებაზე, შეიძლება, ბევრი ვიდაოთ. იყო კარგი მუხლები, იყო ცუდი მუხლებიც, მაგრამ მთავარი, რაც ამ ხელშეკრულებაში ეწერა იყო ის, რომ რუსეთი ცნობდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მასთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გააჩნდა. მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ეს რუსეთისთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდი იყო, დროის მოგება იმიტომ, რომ 1921 წლის თებერვალში ისინი მოტრიალდნენ და, მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, რომლის მიხედვითაც საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. ასეთი რთული იყო მასთან ურთიერთობა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მათთან ხელშეკრულებაც დავდეთ, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო.
_ როგორ მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება?
_ საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევდა ამ ხალხს მუშაობა იმიტომ, რომ ახალი სახელმწიფოს მშენებლობლობა, ახლაც ვხედავთ, რომ რთულია და წარმოიდგინეთ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა, სტრუქტურების ჩამოყალიბება, მთავრობის ჩამოყალიბება რა სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ მათ ეს ყველაფერი მოახერხეს. აირჩიეს დამფუძნებელი კრება, ანუ პარლამენტი. აბსოლუტურად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები. 130 ხმიდან სოციალ-დემოკრატებმა 108 მიიღეს და ამიტომ, ბუნებრივია, პარტიული მთავრობა ჩამოაყალიბეს. იყო სერიოზული ოპოზიცია. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო ურთიერთობა გახლდათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ისინი ერთმანეთს ძალიან მწვავედ აკრიტიკებდნენ, მაგრამ, გარკვეულ საქმეებში, ძალიან აქტიურად თანამშრომლობდნენ. მაგალითად, ქართველი დიპლომატების უდიდესი ნაწილი ევროპაში იყო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. მაშინდელი საგანგებო რაზმის, ანუ, ასე ვთქვათ, უშიშროების სამსახურის უფროსი იყო ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან კარგად თანამშრომლობდნენ იმიტომ, რომ მათთვის მთავარი ღირებულება იყო საქართველო და საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ დამფუძნებელი კრება აქტიურად მუშაობდა. შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და 1921 წლის 30 თებერვალს კონსტიტუცია მივიღეთ. კონსტიტუცია, რომელიც იმდროინდელ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ეს კონსტიტუცია იყო იმდროინდელ რეალობას მორგებული. აქედან გამომდინარე _ ეფექტიანი. ყოველ შემთხვევაში, რეალობას მოწყვეტილი არ იყო და ჰაერში დაწერილი. სხვა საკითხია, რომ, სამწუხაროდ, ვერ იმუშავა, რადგან ოკუპაცია მოხდა, მაგრამ ბევრ რამეში პროგრესული იყო: რვასაათიანი სამუშო დღე, პროფკავშირების დაარსება, ქალებს საარჩევნო ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ, დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს ქალები… მთელი ის კანონმდებლობა, რომელიც მაშინ მიიღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო იმ დროისთვის და არაფრით ჩამორჩებოდა ევროპის მოწინავე სახელმწიფოების კანონმდებლობებს. ასე რომ, ის ხელისუფლება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. დამფუძნებელი კრების არჩევნები 1919 წლის თებერვალში ჩატარდა და მასში ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობის მიღება _ ქალსაც და მამაკაცსაც. ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო: ზოგიერთ რაიონში ვერც ჩატარდა არჩევნები, შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ მთლიანად, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
_ დროშა, ჰიმნი, გერბი _ ამაზე რას გვეტყვით?
_ დროშა, ჰიმნი და გერბი, ბუნებრივია, აუცილებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. დროშა, სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით მიიღეს. შინდისფერი, შავი და თეთრი იყო ტრადიციული ქართული ფერები და ამიტომ გამოიყენეს. გერბი, მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის გამოსახულებითაა და ჰიმნად აღიარეს კოტე ფოცხვერაშვილის „დიდება“. შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას _ არ მოსწონდეს, მაგრამ იმ ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ესენი უნდა ყოფილიყო იმდროინდელი საქართველოს სიმბოლოები. სიმართლე რომ გითხრათ, ამას საზოგადოებაში დიდი აღშფოთება არ გამოუწვევია.
_ ამ პროცესებს, საბოლოოდ, ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია მოჰყვა. რამ განაპირობა ასეთი შედეგი?
_ როცა პირველ რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ბუნებრივია, ხელისუფლებას შეცდომები ჰქონდა. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ხელისუფლება, პრინციპში, წლების მანძილზე არ ემზადებოდა ამ დამოუკიდებლობისთვის. მათთვის ეს, გარკვეულწილად, იმ მომენტისთვის, მოულოდნელი იყო. ამიტომ წინასწარი გეგმა, თუ როგორ უნდა აეშენებინათ ქვეყანა, არ ჰქონდათ. ბუნებრივია, მათ უჭირდათ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ, მეტ-ნაკლებად, ყველა პრობლემა გადაწყვიტეს. თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო არ დანგრეულა შიდა პრობლემების, გაფიცვებისა და შიდა აჯანყებების გამო. სახელმწიფო, უბრალოდ, უცხო ძალამ დაიპყრო. იცით, რა ხდება? კავკასია რუსეთისთვის ძალიან საინტერესო იყო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მან დაიკავა ბაქო და სომხეთი, ცხადია, დამოუკიდებელ საქართველოს აქ აღარავინ დატოვებდა. და ეს უკვე დროის ამბავი იყო. გითხარით, რომ 1921 წლის 21 იანვარს მოკავშირეთა საბჭომ, ანუ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ინგლისმა, საფრანგეთმა და იტალიამ საქართველო ცნეს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი დიპლომატიური გამარჯვება იყო და შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია კიდეც, რომ ეს არის დამოუკიდებლობის გარკვეული გარანტია. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ამან საბჭოთა რუსეთი დააჩქარა. ის მიხვდა, რომ თუ საქართველოს სწრაფადვე არ დაიპყრობდა, შეიძლებოდა, საქართველოს საერთაშორისო აღიარებების საკითხი წინ წასულიყო და „ერთა ლიგაშიც“ კი მიეღოთ. ჩვენ ვემზადებოდით საბჭოთა რუსეთთან ომისთვის, მაგრამ არა კონკრეტულად თებერვალში. ვფიქრობდით, რომ ეს ცოტა უფრო გვიან დაიწყებოდა. კონკრეტულად იმ მომენტისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ომის პირველ ეტაპზე დაშვებულია ძალიან ბევრი შეცდომა. ვითარება იყო რთული, მაგრამ არა _ კატასტროფული. ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ბრძოლა თბილისისათვის. პრინციპში, აქ ჩვენ მარცხი არ განგვიცდია. უბრალოდ, 24 თებერვალს მთავარსარდალმა მიიჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ქალაქის შეკრული დაცვა რთულია, რადგან, შეიძლება, ალყაში მოვხვდეთ. და მან მიიღო თბილისის დატოვების გადაწყვეტილება. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ _ ეს არ იყო მთავრობის გადაწყვეტილება და, ამ შემთხვევაში, ნოე ჟორდანია არაფერ შუაშია. ეს იყო მთავარსარდლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელმაც ეს არავის შეუთანხმა. და კიდევ ერთი _ თბილისს ვტოვებდით დროებით, შემდეგ კონტრშეტევა უნდა განგვეხორციელებინა და თბილისი დაგვებრუნებინა, მაგრამ ვითარება ისეთი აღმოჩნდა, რომ თბილისი ვეღარ დავიბრუნეთ. მთავრობა არსად გაქცეულა. ის 24 თებერვლის საღამომდე თბილისში იყო, სანამ მთავარსარდალმა უკან დაბრუნების ბრძანება გასცა. ანუ მთავრობა ბოლო წუთამდე თბილისში იყო. კიდევ ერთი რამ: ომი 25 თებერვალს არ დამთავრებულა. საბჭოთა რუსეთთან ომი დამთავრდა 12 მარტს. ჩვენ კიდევ ორი კვირის განმავლობაში ვიბრძოდით და ვცდილობდით, ამ მძიმე ვითრებიდან რამე გამოგვესწორებინა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ერთთვიანი ომი ჩვენი მარცხით დამთავრდა. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო ემიგრაციაში წასვლის შესახებ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის იქ იმ მეთოდებით იბრძოდნენ, როგორც შეეძლოთ.

საქართველოს პირველი რესპუბლიკა
საქართველოს ეროვნული არქივის მასალები

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულ, ყოველ მხრით მტრისგან შევიწროვებული, საქართველო თვისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო გარეშე მტრისგან დაეცვა.
რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თვისის ძალ-ღონის ამარად, საქართველომ და, მასთან ერთად, ამიერკავკასიამ, თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას. მისის საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკუდებლად განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს საყოველთაოდ
ა ც ხ ა დ ე ბ ს:
1. ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

დებულება
დამფუძნებელი კრების არჩევნებისა

საერთო დებულებანი:
1. დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეულნი მცხოვრებლების მიერ საყოველთაო _ განურჩევლად სქესისა _ თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციულ წარმომადგენლობის საფუძველზე.
2. დამფუძნებელი კრების არჩევნების საწარმოებლად არსდება რესპუბლიკის ერთი საარჩევნო ოლქი.
საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტო სცნეს შემდეგმა სახელმწიფოებმა:
თურქეთი _ 1918 წლის 3 ივნისი;
გერმანია _ 1918 წლის 10 ივნისი;
ავსტრია _ 1918 წლის 18 ივნისი;
არგენტინა _ 1919 წლის 15 სექტემბერი;
იტალია _ 1920 წლის 12 იანვარი;
საფრანგეთი _ 1920 წლის 12 იანვარი;
დიდი ბრიტანეთი _ 1920 წლის 12 იანვარი;
იაპონია _ 1920 წლის 7 თებერვალი;
ჩეხოსლოვაკია _ 1920 წლის 8 აპრილი;
რუსეთი _ 1920 წლის 7 მაისი;
ბელგია _ 1920 წლის 26 აგვისტო;
პოლონეთი _ 1921 წლის 28 იანვარი.
„მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და, ამავე დროს, ტრაგიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და, აი, ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს“, _ ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველი სხდომის ოქმში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.

მარიამ ტიელიძე