შემცირებული კეთილდღეობა და გაზრდილი სიღარიბე

ჩვენს ქვეყანაში რომ სოციალური ფონი გაუარესებულია, ამას ბოლოდროინდელი რამდენიმე კვლევა და მონაცემები ნათლად ადასტურებს, თუმცა მათ გარეშეც საგრძნობლად შესამჩნევია ის სიდუხჭირე, რაც დღეს საქართველოშია.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ეკონომიკა 2,8-დან 5%-მდე გაიზარდა, ანუ ცალსახად გვაქვს ეკონომიკური აქტივობები, შესაბამისად, გაზრდილი უნდა იყოს კეთილდღეობაც, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პარალელურად საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 407 339 ადამიანიდან 449 886-მდე გაიზარდა(!). ისიც მნიშვნელოვანია, რომ საგრძნობლადაა გაზრდილი მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობაც. ეს კი ორი წლის (2016 წლის დასაწყისიდან დღემდე) მანძილზე რიცხვებში შემდეგნაირად გამოისახება _ მოვალეთა რეესტრის ბაზაში რეგისტრირებული იყო 146 200-მდე ადამიანი, დღეს 253 770 ჩანაწერია(!), ე. ი. ეს ადამიანები კონკრეტულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ და თანხას ვერ იხდიან!
ბოლო დროს საკმაოდ ხმაურიანად ჩავლილ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადაც, საქართველოში „2015 წლიდან 2017 წლამდე უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
ასევე ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის ზღვარს და მის ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ ადამიანზე), _ აღიშნულია კვლევაში.
კვლევის თანახმად, სიღარიბის ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით და სამომხმარებლო ფასების (სურსათზე, ჯანდაცვაზე, ტრანსპორტსა და სხვ.) მნიშვნელოვანი მატებით, ეს უკანასკნელი კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაბალშემოსავლიან ოჯახებზე აისახა.
იმის პარალელურად, რომ UNICEF-ის კვლევაში სიღარიბის ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით აიხსნება, საქსტატის მონაცემები გვეუბნება (როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ), 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 3%-ზე დაბალი იყო, 2017 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა 5%-მდე გაიზარდა. ე. ი. გაზრდილი სიღარიბის მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას არ უკავშირდება და აქ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ.
ისიც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ინფლაციის მაღალი დონის (6.7%) გამო ეკონომიკის ზრდამ სიღარიბის შემცირებაზე გავლენა ვერ იქონია!
მოსახლეობის კეთილდღეობის კველევა აჩვენებს, რომ მართალია, გასულ წელს შინამეურნეობების შემოსავლები გაიზარდა, თუმცა სამომხმარებლო ფასების ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო შემოსავლების ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე ვერ აისახა.
ცალსახაა, რომ კონკრეტულ ასპექტებში UNICEF-ისა და საქსტატის მონაცემები ერთმანეთს კვეთს და გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს, ამიტომ საინტერესო გახლავთ ექსპერტების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.
საინტერესოა, რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა მოსახლეობის სიღარიბის დონის ზრდაზე და რატომ გვაქვს დღეს არსებული სურათი?
გელა ტყეშელაშვილი _ ეკონომიკის პროფესორი:
_ უპირველესი მიზეზი გაზრდილი სიღარიბისა არის ის, რომ ლარის კურსი დაეცა.
მეორე _ საქართველოში არ ფუნქციონირებს მექანიზმი, რომელიც ჯინის კოეფიციენტის შემცირებისკენ იქნება მიმართული (მდიდარი და ღარიბი ადამიანების ოდენობის ფარდობა, რომ მათ შორის ნაკლები სხვაობა იყოს). ასეთი მექანიზმი სახელმწიფო პოლიტიკაში საერთოდ არ არსებობს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები იღებენ ან პენსიას, ან სოციალურ დახმარებას, რომელთაგან არც ერთი გაზრდილა ნომინალურად და, ამავდროულად, კურსი, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა, რაც ანალოგიურად ემთხვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანის რაოდენობის ზრდასაც.
არ შეიძლება ქვეყანა არსებობდეს და მას არ ჰქონდეს სოციალური პროგრამა _ არ შეიძლება მდიდრებისა და ღარიბი მოსახლეობის გათანაბრებისკენ რაღაც სწრაფვა არ არსებობდეს; არ შეიძლება ისიც, რომ გადასახადები იყოს პროპორციული. ის აუცილებლად დიფერენცირებული უნდა გახდეს. ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, მეტ გადასახადს უნდა იხდიდეს, ვისაც ნაკლები აქვს _ ნაკლებს.
ჩვენთან საშემოსავლო გადასახადი ერთია ყველასთვის _ 20%. აქ გინდა მილიონი ლარი ამიღია წელიწადში და გინდა 140 ლარი(!). აშშ-ში თუ ადამიანს შემოსავალი აქვს მილიონ დოლარზე მეტი, მაშინ ის საშემოსავლოდ იხდის მის 86%-ს და ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც 39 500 დოლარამდეა, საერთოდ არაფერს იხდიან…
შარშან ჩვენთან ისიც არ გაუკეთებიათ, რომ ვისაც 500 ლარზე ნაკლები ჰქონდა შემოსავალი, მათთვის დაებრუნებინათ გადახდილი საშემოსავლო.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, მართალია გვქონდა ეკონომიკური აქტივობები, რომლის ზრდასაც ხელი შეუწყო სახელმწიფო პროგრამებმაც (მაგრამ არა ღარიბებისთვის). მსგავსი პროექტები იყო „აწარმოე საქართველო“, სტარტაფები, სოფლის მეურნეობის პროგრამები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის იმ სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მყოფი ხალხისთვის. პირიქით, ეს უარესია მათთვის.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც უღარიბეს სახელმწიფოთა რიგებში გავდივართ. ქვეყნები, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე $10.000-ზე ნაკლებია, უღარიბესად ითვლება. ჯერ მხოლოდ ყაზახეთში, ლუქსემბურგში, ლიხტენშტაინში მშპ $10.000-ზე მეტია, ამერიკაში $53.000, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში $46-დან 52.000-მდეა და ა. შ.
პირველ რიგში, თუკი ბიუჯეტი იზრდება, მაშინ სოციალური დახმარება უნდა გაიზარდოს, უნდა მოინახოს საშუალება ამისთვის და მეორე _ გადასახადების დიფერენცირება უნდა მოხდეს, არ შეიძლება ერთნაირი გადასახადები ჰქონდეთ ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანებს!

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ რეალურად რომ ავიღოთ, მონაცემები წინააღმდეგობრივია, საქსტატის ან UNICEF-ის მიერ ჩატარებული კეთილდღეობის კვლევის შედეგები ერთმანეთს არ შეესაბამება, აქედან გამომდინარე, დასკვნების გაკეთება რთულია. თუმცა შეიძლება იმის დაშვება, რომ სიღარიბე გაიზარდა (ცალსახად ამის დასკვნა შეუძლებელია). თუ ჩვენ მივიღებთ ამ მოცემულობას და დავუშვებთ იმასაც, რომ ბოლო წელს ეკონომიკური ზრდა არის 5%, იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ მართალია ფასების დონე საერთო ჯამში 6-7%-ით გაიზარდა და ისეთი ტიპის საქონელზე აისახა, როგორიც არის სურსათი, მდიკამენტები და ა. შ., ამ კუთხით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე ან მის დაბლა არიან, გაუარესდა.
როგორც წესი, სიღარიბეს ითვლიან აშშ დოლარებში. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 2.5 დოლარი არის ხოლმე დღიური ნორმა. ჩვენ მშპ-ს ან ეკონომიკური ზრდის ტემპს თუ ავიღებთ დოლარებში, მაშინ ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია. ასევე ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ის ინკლუზიური ზრდაა, ანუ არ ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პროპორციულად ნაწილდება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპმა ვერ მოახდინა გავლენა ამ მოწყვლად ჯგუფებზე და საზოგადოების მდგომარეობა, საერთო ჯამში, შეიძლება, გაუარსედა.
სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდიდან არ მახსენდება ფაქტები, როდესაც რაიმე საწარმო ან ქარხნები გაჩერდა, თუმცა არც ის მახსენდება, რომ ახალი საწარმო ან ქარხანა გაიხსნა.
რეალურად, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარტნიორ ქვეყნებშიც არის ეკონომიკური ზრდის ტემპი _ ჩვენ მიბმული ვართ სხვა ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკური ზრდაც გავლენას ახდენს ჩვენზე. ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ინვესტიციები იზრდება. ეს ახდენს გავლენას ჩვენზე და ამ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს ვუბრუნდებით. თუ მოხდება ისე, რომ ამ ქვეყნებში მდგომარეობა უარესდება, ჩვენთანაც გაუარესდება კეთილდღეობა.
კიდევ ერთი ფაქტორია ნედლეულის ფასები. როდესაც ნავთობსა და სხვა ნედლეულზე ფასები იზრდება, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკის მსგავსი მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც.
საერთო ჯამში, მკვეთრი ცვლილებები, რომ ახალი სამუშაო ადგილები იქმნება ან არსებულები იკარგება, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად ჩვენს ქვეყანაში არ ხდება.
რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, როგორც კი მან დაიკლო, ლარმაც დაიწყო გაუარესება. მთავარი საბაზისო მაჩვენებელი, ცვლადები არის ეს.
ამას ემატება მოკლევადიანი ცვლადები _ მოლოდინები. როცა ნდობა იკარგება, რომ ლარი შეიძლება იყოს მყარი, მოლოდინი მართავს კურსსაც.
უშუალოდ კი ლარის გაუფასურება ვერ იქნება სიღარიბის გამომწვევი მიზეზი, ეს უკვე შედეგია.
ჯინის ინდექსს რაც შეეხება, მე არ მგონია, რომ თუ ჩვენ პროგრესულ გადასახადს შემოვიტანთ, ეს სიღარიბის მაჩვენებელს შეამცირებს. იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან, საერთოდ არ იხდის საშემოსავლოს. ისინი არ მუშაობენ დაქირავებული შრომით, შესაბამისად, არ არიან აღრიცხული. თუ პროგრესულ გადასახადს შემოვიტანთ, ეს უბრალოდ საშუალო ფენაზე მოახდენს დიდ გავლენას და მათზე უარყოფითად იმოქმედებს, მაგრამ სიღარიბის დონეს არ შეამცირებს.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს თუ ავიღებთ, გასულ წლებთან შედარებით ჯინის ინდექსის მიხედვით, გადანაწილების მაჩვენებელი უფრო პროპორციულია, ვიდრე პირიქით.

სოსო არჩვაძე _ ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
_ სიღარიბის დონის ზრდა რომ მზარდი ტენდენციით მიდიოდა, იქიდაცანც ჩანდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დარგების მიხედვით ზოგან გაიზარდა, ზოგან კი შემცირდა. მაგალითად, მაჩვენებელი შემცირდა სოფლის მეურნეობაში. ამ დროს კი ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის თითქმის 45%-ს უტოლდება, შესაბამისად, ამ ადამიანების კეთილდღება ვერ გაიზრდებოდა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობის ზრდას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მიბმული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება ცალკეული ოჯახის შიდა მეურნეობის კეთილდღეობის ზრდასთან.
პირობითად, თუ ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ამ სექტორში წარმოება მცირდება, თუმცა ზოგადი მშპ იზრდება, მაშინ, შეიძლება, ერთდროულად იყოს ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მდგომარეობის გაუარესება, რასაც საქართველოს რეალობაში ვხედავთ.
ეს ყოველივე რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პენსია გაიზრდება 2019 წელს. ამ დროს კი 2016 წლის შემდეგ პენსია არ მომატებულა, ამ ხნის მანძილზე ფასებიც გაიზრდება და დაახლოებით 13%-იანი ინფლაცია გვექნება (25-30 ლარს უდრის). ამასთან, ზოგიერთი საქონელი უფრო მეტად ძვირდება, ვიდრე ფასების საშუალო მაჩვენებელი. მაგალითად, ტექნიკის ფასი არ იზრდება, პირიქით, მცირდება, მაგრამ მათი მომხმარებლები არა პენსიონერები ან სოციალურად დაუცველები, არამედ შედარებით შეძლებული ფენა არიან. პენსიონერები უფრო მეტად დამოკიდებული გახლავან მედიკამენტებსა და სურსათზე, რაც საშუალო ფასის ზრდასთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება, ამიტომ პენსიონერებისთვის ინფლაციის ტემპი გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას საქსტატი აფიქსირებს.
3 წლის თავზე კი პენსიის მხოლოდ 20-ლარიანი ზრდა არ იქნება კომპენსაცია! ყველა ხელისუფლება დებდა პირობას, რომ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას აპირებდნენ, მაგრამ ასე არ არის. ამ დროს ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ხალხის ლოდინის რეჟიმი მაქსიმუმ 3-4 წელიწადს გრძელდება, შეიძლება ნაკლებიც იყოს და თუ მან საკუთარ ოჯახსა და კეთილდღეობაზე ვერ იგრძნო გაუმჯობესება, ის ღია ფორმით გამოხატავს უკმაყოფილებას, რასაც ამ ხნის მანძილზე ვხედავთ.
რაც შეეხება სამუშაო ადგილების რაოდენობას, ეს ჩვენი ეკონომიკის სისუსტეა. საქართველოდან მილიონამდე ადამიანია გასული რამდენიმე მიზეზით. აქ არ არსებობს საკმარისი სამუშაო ადგილი. ემიგრანტები სხვა ქვეყნებში ქმნიან დოვლათს და თავიანთ ქვეყანას უგზავნიან ტრანზაქციების სახით.
თუ გვინდა ეკონომიკა ვითარდებოდეს, უნდა ვიზრუნოთ მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე კონკრეტული რეგიონების მიხედვითაც.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის გაღარიბებას კომპლექსური პროცესები იწვევს და არა ცალკეული. შეგვიძლია ვისაუბროთ ფდა ვიმსჯელოთ არსებული მდგომარეობით.
ფაქტია, რომ ქვეყანას აქვს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ფაქტია ისიც, რომ გაიზარდა სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვიც. პარალელურად იზრდება საქართველოდან წასული სამუშაოს მაძიებელი ადამიანების რაოდენობაც.
რა იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას და რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ხალხის ცხოვრების ნორმალურ დონეს, საკითხავი სწორედ ეს არის!

ნინო ტაბაღუა