პოლიტიკური სპეკულაციები პანკისში

რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 15 ივნისს, პარასკევს, ქართულმა ინტერნეტმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. „ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ დუისსა და ბირკიანში _ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცველი არის მობილიზებული. რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ: „ახმადი ძლიერია“.
ამ ფაქტმა ადგილობრივები გააღიზიანა. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა“, _ იუწყებოდნენ ჟურნალისტები.

მართალია, ზემოხსენებული ინციდენტი მალევე ამოიწურა, მაგრამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ანალიტიკოსების ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ხეობაში რუსეთის სახელმწიფო ნომრიანი ავტომანქანის გამოჩენა ჩვეულებრივი პროვოკაცია იყო, რომელიც პანკისში ვითარების დაძაბვას ემსახურებოდა.
კითხვაზე, თუ ვის აწყობს ამ მხარეში არეულობას შეტანა, პასუხი ნათელია _ ოკუპანტ ქვეყანას. ახლა, შესაძლოა, ვიღაცებმა მხრები აიჩეჩონ, რუსეთი რა შუაშიაო, მაგრამ ეს გაკვირვება გულუბრყვილობა იქნება და მეტი არაფერი, რადგან თავის დროზეც ე. წ. პანკისის ანკლავი სწორედ ოფიციალურმა მოსკოვმა შექმნა და წლების განმავლობაში ისე წარმოაჩენდა, რომ ხეობა თითქოს კრიმინალებისა თუ ტერორისტების თავშესაფარი იყო. სწორედ ამ საბაბით რუსული პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებდნენ და პანკისის თემით აშანტაჟებდნენ.
ისე, ხმა დადის, რომ თავის დროზე პანკისის თემას პირადი და მერკანტილური მიზნებისთვის ზოგიერთი ქართველი მაღალჩინოსანიც იყენებდა, ანუ არსებობს დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ 90-იან წლებში, როცა სახელმწიფოში სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა, ძალოვანი უწყების გავლენიანი წარმომადგენლები იგივე ნარკობიზნესის საკითხებში ჩრდილოელ კოლეგებთან თანამშრომლობდნენ, ეს თანამშრომლობა კი, თურმე, იმას ნიშნავდა, რომ დანაშაულს, რეალურად, არავინ ებრძოდა და ყველა მხოლოდ ფულის კეთებაზე იყო გადასული. ამასთან, ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ადამიანის გატაცებაც მავანთ ბიზნესად აქციეს და ამ კუთხითაც ხეობის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდებოდა.
„ვარდების რევოლუციამდე“ ცოტა ხნით ადრე ხეობაში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს თქმით, სტაბილიზაციის ინიციატორები ამერიკელები იყვნენ, ანუ როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამერიკული პოლიტიკის გავლენიანმა წარმომადგენლებმა შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პრინციპში, ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ და პანკისში კრიმინალთა თარეში აელაგმათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო თანამეგობრობა გადამჭრელ ზომებს მიიღებდა.
ძნელი სათქმელია, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პანკისის პრობლემა მოგვარდა. შესაძლოა, ცალკეული პრობლემა მაინც არსებობდა, მაგრამ ადამიანების გატაცება შეწყდა და ხეობაც ნარკობიზნესთან აღარ ასოცირდებოდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პანკისი ქართული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ისევ რამდენჯერმე მოექცა. ეს, შესაძლოა, იმანაც განაპირობა, რომ სწორედ ამ დროს სირიის თემა გააქტიურდა, თან ცნობილი გახდა, რომ ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა პანკისელი თარხან ბათირიშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი იყო. 2014 წლის სექტემბერში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ ბათირიშვილი ტერორისტების სიაში შეიყვანა.
ამავე პერიოდში ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიაში 50 პანკისელი იბრძოდა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“, როგორც წესი, თურქეთის გავლით გადადიოდა.
ეს ის დროა, როცა რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები ტერორისტების საქართველოსთან კავშირზე ღიად მიანიშნებენ, ანუ სავსებით რეალური იყო საფრთხე, რომ კრემლს, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ჩვენს ქვეყანაზე იერიში კიდევ ერთხელ მოეტანა.
უდავო იყო, რომ ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ფართომასშტაბიან პროვოკაციაში ჩართვაზე უარს არ იტყოდა, მით უმეტეს, ამის მწარე გამოცდილება მხოლოდ 90-იან წლებში კი არა, 2012 წლის აგვისტოშიც გვქონდა, როცა ე. წ. ლაფანყურის მოვლენები განვითარდა.
სხვათა შორის, „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოვლის შემდეგ ლაფანყურის ამბავს სკრუპულოზულად გამოიძიებდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსულ „ოცნებას“ ეს თემა, რატომღაც, დაავიწყდა. „ქრონიკა+“-ის წყაროების თქმით, „ოცნების“ ცალკეულ წარმომადგენლებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციაში ყოფილი ხელისუფლება, კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ საქმის მასალებიდან ნათელი გახდა, რომ ის ნაბიჯები, რაც 2012-ის აგვისტოში მაშინდელმა ხელისუფლებამ გადადგა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო და, შესაბამისად, ლაფანყურის მოვლენებში სააკაშვილის ან, თუნდაც, რომელიმე „ნაციონალი“ მაღალჩინოსნის მხილება, უბრალოდ, არ გამოვიდოდა.
მეტიც: საქმის სპეციალისტები პირად საუბრებში ამბობენ, რომ თუ ლაფანყურის მსგავსი მოვლენები სხვა დროსაც განმეორდება, ნებისმიერი ხელისუფლება ზუსტად ისე უნდა მოიქცეს და ისე იმოქმედოს, როგოც, თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ იმოქმედა.
ერთი სიტყვით, დღესავით ნათელია, რომ პანკისი პოლიტიკური თამაშებისა და კლანური დაპირისპირების დროს კარგი იარაღია, რომლითაც შესაძლოა, მოწინააღმდეგე გაანადგურონ, მაგრამ ისინი, ვინც პანკისს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იყენებენ, ვერ ხვდებიან (ან ხვდებიან, მაგრამ უკან მაინც არ იხევენ), რომ ამით, უპირველესად, სახელმწიფოს აზიანებენ.
ეს კარგად გამოჩნდა გასული წლის მიწურულსაც, როცა თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სუს-მა პანკისში ვითომ ტერორისტებთან კავშირში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია დაგეგმა, რასაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ამ თემაზე „ქრონიკა+“-მა არაერთი მასალა გამოაქვეყნა და ჟურნალისტური გამოძიებაც ჩაატარა, ამიტომ დეტალებზე აღარ ვისაუბრებთ, თუმცა იმის სადემონსტრაციოდ, თუ როდის და რა მიზნით ხდება პანკისის თემით სპეკულაცია, წარსულს გაგახსენებთ.
მანამდე კი მცირე ამონარიდს შემოგთავაზებთ მუსა პანკისელის ინტერვიუდან, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ ახლახან გამოაქვეყნა. ცნობისთვის: მუსა პანკისელი ხეობის მკვიდრი და ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა:
„…აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობასთან მიმართებით პოლიტიკა შეცვალოს. სადღეისოდ ხეობას მთლიანად ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ, რაც, უპირველესად, თავად სახელმწიფოს აზიანებს. სამწუხაროა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის ყველა მთავრობას ხეობის მიმართ ერთნაირი პოლიტიკა აღმოაჩნდა _ ძალისმიერი მეთოდი, ხეობაში ძალის დემონსტრირება. თავდაპირველად, იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება მისი წინამორბედების შეცდომებს არ დაუშვებდა, თუმცა უშედეგოდ – მანაც იგივე გზა არჩია. სადღეისოდ გვაქვს რეალობა, რომ ქვეყნის მთავრობას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, ამ რეგიონების განვითარების მიმართულებით მწყობრი ხედვა არ გააჩნია. მხოლოდ ძალისმიერი მეთოდი, რაც, როგორც უკვე ვთქვი, უკუშედეგის მომცემია – ამუხრუჭებს ინტეგრაციის პროცესს და საზოგადოების განვითარებას.
ქისტებმა, როგორც არასდროს, ახლა დაიწყეს უფლებებზე საუბარი, რაც, ჩემი ხედვით, იმას ნიშნავს, რომ ინტეგრაციის პროცესი მიდის, ადამიანებს სურთ, ისინი სრულფასოვან მოქალაქეებად აღიარონ და ქვეყნის ცხოვრებაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა…
მთელი ჩემი ბავშვობა ამ პროცესებს ვუყურებდი. ასე გავიზარდე. დაიღალა ხალხი. ყველგან გავიწროებენ – აეროპორტებში, მეტროში, საჯარო სამსახურებსა და ა. შ.
რიტორიკულ კითხვას ვსვამ, – თუ ყველგან შემავიწროებ, ყველა კარს ჩამიკეტავ, სად წავიდე? რას მიპირებ? მოკლედ, მიდგომები უნდა შეიცვალოს. პოლიტიკოსები აქტიურად უნდა გადიოდნენ რეგიონებში, პირადად ეცნობოდნენ არსებულ ვითარებას. მხოლოდ ძალოვნების მიერ მიწოდებული ინფორმაციით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს ძალიან რთული და ვრცელი თემაა.
ქისტები ყველაზე ინტეგრირებული ერია საქართველოში, მაგრამ როცა დასაქმების ამბავი დგება, პრობლემები მაშინვე იჩენს თავს. მაგალითად, გამგეობაში არც ერთი ქისტი არ მუშაობს და იცით, რატომ? სუს-ი ბლოკავს.
…თემირლანის ამბების შემდეგ ძალიან ბევრ უცხოელს თუ ადგილობრივს შევხვდი. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება კიდეც. მაქსიმალურად ვაქტიურობთ, რომ პანკისის ხეობის შესახებ უცხოელებს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ძალიან ხშირად თავად თბილისშიც კი არ იციან, ვინ ცხოვრობს ხეობაში და რით არსებობს ეს ხალხი. აქ ჩამოსულები კი სასიამოვნოდ გაკვირვებულები რჩებიან. წარმოდგენებია, თითქოს პანკისის ხეობის ხალხი მეთვრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი. სიტუაციის გაცნობის შემდეგ კი აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ეს ხალხი უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ვიდრე ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი.
როდესაც „პანკისს“ უცხო ენაზე „დაგუგლავ“, მხოლოდ ნეგატიური შინაარსის ინფორმაცია გხვდება: „ვაჰაბიტები“, „ექსტრემისტები“, „რადიკალები“ და ა. შ. გვინდა, სადაც ხმა მიგვიწვდება, ყველას გავაგებინოთ, რომ დღეს პანკისის ხეობა ასეთი არაა. შსს-მ განასაჯაროვოს სტატისტიკა პანკისთან დაკავშირებით – როგორია ქურდობის, ყაჩაღობისა და სხვა სახის ძალადობრივი აქტის პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე ასზე მეტი ტერორისტული აქტია მომხდარი. არც ერთი ტერორისტული აქტი არაა ჩადენილი ქისტის ან, ზოგადად, მუსლიმანის მიერ. ნახეთ ეს სტატისტიკაც.
…ხშირად არის მცდელობა, პანკისის თემი საერთაშორისო ტერორიზმს დაუკავშირონ და ზევით მოხსენიებული ფაქტებიც ამიტომ მოვიყვანე. არსად არანაირი ფაქტი იმისა, რომ საერთაშორისო კი არა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბითაც მსგავსი რამ მომხდარიყოს, არაა“.
მუსა პანკისელის თქმისა არ იყოს, თუ საქართველოს უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ პანკისის, როგორც კრიმინალების თავშესაფრად წარმოჩენას ვიღაც ადრეც ცდილობდა და ახლაც იკვეთება ამის ნიშნები, თუმცა იმისთვის, რომ ეს ჰაერზე ნათქვამი არ გამოვიდეს, 90-იანი წლები გავიხსენოთ. კერძოდ, 1990-დან 2002 წლებში ადამიანებს ხშირად იტაცებდნენ და თითქმის ყველა გატაცების დროს ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ყველაფერ ამის უკან პანკისში გამაგრებული კრიმინალები იდგნენ, თუმცა, საბოლოოდ, გამოძებას, პრაქტიკულად, არც ერთ შემთხვევაში არ დაუმტკიცებია, რომ ეს მოარული ხმა სინამდვილეს შეესაბამებოდა. მეტიც, ადამიანის გატაცების ბევრი საქმე დღემდე არც გახსნილა.
რაც შეეხება ფაქტებს, 2001 წლის პირველ ნოემბერს პანკისის ხეობიდან ქართველ ბერებს იტაცებენ. როგორც მაშინ ითქვა, გამტაცებლები ბერებს, რომლებიც ბორბალოს მთაზე მოღვაწეობდნენ, 2001 წლის 27 ოქტომბერს ესტუმრნენ, წამოსვლისას კი მამა ბასილ მაჩიტიძესა და მამა ტახნილს პანკისამდე გაცილება სთხოვეს. პანკისში ჩასვლის შემდეგ გამტაცებლები მამა ბასილს ეუბნებიან, რომ ის გატაცებულია და არც იმას უმალავენ, რომ გატაცების „ზაკაზი ზევიდან“ მიიღეს.
გამტაცებლები მამა ტახნილს ულტიმატუმს უყენებენ, რომ თუ დილამდე სხვა მორჩილებს არ მოიყვანს, მოკლავენ. სასულიერო პირი ბორბალოს მთაზე მიდის და უკან ორ მორჩილთან ერთად ბრუნდება. როგორც მაშინდელი მედია იუწყებოდა, გატაცება ნარკობიზნესს უკავშირდებოდა, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ჩვეულებრივი ჭორი იყო.
გადის რამდენიმე დღე და გამტაცებლები ბერ ტახნილსა და ორ მორჩილს ათავისუფლებენ, მამა ბასილს კი იტოვებენ და გამოსასყიდს ითხოვენ.
ბერების განთავისუფლებას მხოლოდ პოლიცია კი არა, პანკისში მოქმედი ყველა დაჯგუფება საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამტაცებლებს ბერები სოფელ წინუბანში ჰყავდათ. გავა რამდენიმე ხანი და მამა ბასილის მეგობრები რუსლან გელაევს შეხვდებიან, რომელიც გატაცებასთან კავშირს უარყოფს და მომხდარის გამოძიების პირობას დებს. გილაევი სოფელ დუისთან 4 პიროვნებას მიაკვლევს, რომელთაგანაც ერთ-ერთი აღიარებს, რომ მამა ბასილი გამტაცებლებს გადასცა.
ამ ამბებიდან ძალიან მალე რუსლან გილაევი გარდაიცვლება. მამა ბასილის შესახებ კი ცნობები ამ დრომდე არ არსებობს.
ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და დღემდე ბურუსით მოცული გატაცება თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახს უკავშირდება, ანუ 2001 წელს ბატონი მერის ძმას, სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტ ლვან კალაძეს რკინიგზის მე-2 საავადმყოფოს ეზოდან იტაცებენ. თავიდანვე ხდება ცნობილი, რომ გამტაცებლები თეთრი ფერის „ნივით“ იყვნენ, რომელსაც ნომრები არ ჰქონდა.
ცოტა ხანში გამტაცებლები ლევან კალაძის განთავისუფლების სანაცვლოდ ოჯახს 600 ათას დოლარს მოსთხოვენ. წლების შემდეგ ლევან კალაძის გატაცებისთვის მერაბ ამისულაშვილს აკავებენ, რომელიც გამოძიებასთან ითანამშრომლებს და მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. ასევე საზღვარგარეთიდან ექსტრადირებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ სამი წევრი: შვეიცარიიდან _ დავით ასათიანი, სანკტ-პეტერბურგიდან _ ლევან ცინცაძე, საფრანგეთიდან _ თემურ გაგნიძე. სასამართლომ დავით ასათიანსა და ლევან ცინცაძეს 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თემურ გაგნიძეს კი _ 15-წლიანი.
რამდენიმე თვის წინ პატიმარმა კოტე ციხისთავმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობა მაშინდელ მთავრობაში დაიგეგმა და გიორგი საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. აღსანიშნავია, რომ ციხისთავი 90-იან წლებში ცნობილი კრიმინალის, შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი გახლდათ. ციხისთავის ამ ინტერვიუს შემდეგ ქართული მედია გაავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, მთავარმა პროკურატურამ სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაიწყო და დასაკითხ პირთა წრეც შეადგინა, რომელშიც შევარდნაძის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები შედიან, მათ შორის, ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე, ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე და საქმის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მოწმე.
სხვათა შორის, თავის დროზე, პანკისის თემის ერთ-ერთ აქტიურ ფიგურანტად მედია სწორედ შს მაშინდელ მინისტრ კახა თარგამაძეს მიიჩნევდა.
2009 წელს მიცემულ ინტერვიუში თარგამაძე, რომელიც საკუთარ თავს „რკინის კაცს“ უწოდებდა, იტყვის:
„არც ერთი ადამიანის გატაცება, რომელიც ჩემს დროს მოხდა, მხედველობაში მაქვს პანკისში გატაცებები, არ იყო დაკავშირებული ფულთან. ჰკითხეთ იმ ვაჟბატონ ცისკარიშვილს, ფული გადაიხადა?! ან ფადი ასლი რომ ბოდიალობს რაღაცებს, ფული გადაიხადეს?! ვერ გავიგე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამით იპარავდა ამ ხალხს და დილით ათავისუფლებდა?!
გატაცებები ხდებოდა იმის გამო, რომ პანკისში იყო დაჯგუფება მარგოშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩეჩნებსა და ქართველებს შორის შეტაკება მომხდარიყო.
პანკისის ხეობა არ იყო რუსული სპეცსამსახურების ინტერესი, პირიქით, მაშინ ეს იყო რუსული სპეცსამსახურების საწინააღმდეგო მოქმედება და რუსეთი ამის გამო გვიპირისპირდებოდა და ჩვენ უნდა გაგვევლო დანის პირზე: არც ჩეჩნები დაგვეპირისპირებინა და არც _ რუსები.
როდესაც ჩეჩნები პანკისში პირველად შემოვიდნენ, არსებობს დოკუმენტური მასალა, როგორ შევაჩერე მათი შემოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. სასაზღვრო ჯარი მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ეკუთვნოდა, დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო. მაინც მე დამავალეს ჩეჩნების შემოსვლის აღკვეთა და ისიც ჩემი უბედურება იყო, ისეთ რამეებს რომ მავალებდნენ, რაც მე არ მეხებოდა, მაგრამ, როდესაც კარგად აკეთებ საქმეს, სხვა რამესაც გავალებენ.
მოკლედ, შევაჩერე ჩეჩნური ძალების შემოსვლა და უკან დავახევინე.
…გილაევის ჯგუფს ჩეჩნეთში არ დაედგომებოდა და ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჩეჩნეთში მყოფ საველე მეთაურებთან. ძნელი სათქმელია, ვისი ინიციატივა იყო მათი შემოსვლა, მაგრამ შემდგომ ისინი, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენეს. როდესაც უკან დავახევინეთ, დაჭრილები დატოვეს. ჩვენ პანკისში შეიარაღებული ძალებით, მძიმე ტექნიკით შევედით. ეს ყველაფერი გადაღებულია. დავიკავეთ პოზიციები და ვუთხარით, მზად ვართ ბრძოლისთვის და იმ შემთხვევაში, თუ ნაბიჯს გადმოდგამთ, ცეცხლს გავხსნით.
…გივი თარგამაძემ განაცხადა, თარგამაძემ გადასცა ჩეჩნები რუსეთსო, არადა, ერთი კაციც კი არ გადაგვიცია რუსეთისთვის. ყველა დაჭრილი დავაკავეთ და ისე მოვათავსეთ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. „მაწვებოდნენ“, მაგრამ მე ვამბობდი, მათ დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი გასამართლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე-მეთქი.
მაშინ სხვა რამ ხდებოდა: დასავლეთს ჰქონდა პოზიცია, რომ ის ხალხი იბრძოდა თავისუფლებისთვის და დასავლეთი მხარს უჭერდა მათ იმ ბრძოლას. ასე რომ, ჩვენ არც დასავლეთი უნდა დაგვეზიანებინა, არც _ რუსეთი და არც ჩეჩნები გადაგვეკიდებინა. ერთი სიტყვით, ჩეჩნებმა უკან დაიხიეს, დაგვიტოვეს დაჭრილები, მე გამოვიყვანე ხეობიდან გია გულუას სპეცდანიშნულების რაზმი, ჩამენაცვლა თავდაცვის სამინისტრო და რაღაც პერიოდის შემდეგ ვიღებ ინფორმაციას, რომ იმ ხალხს იუსტიციის სამინისტრომ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. როდესაც ცისკარიშვილი გაიტაცეს, ბატონი მიხეილი იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდა, გავარდა ახმეტაში და ამბობდა, იუსტიციის სამინისტროს სპეცრაზმით გავათავისუფლებ ცისკარიშვილსო. ასეთი პასუხი გავეცი მაშინ: თუ მოკვლა უნდოდა ცისკარიშვილის, მოეკლა, რა საჭირო იყო ოპერაცია?! ცისკარიშვილი სამხედრო ოპერაციით კი არა, ოპერატიული მუშაობის შედეგად გავათავისუფლეთ. გამოვნახეთ ერთ-ერთი პიროვნება, პოლიციელი, რომელიც მარგოშვილის ძუძუმტე ყოფილა, გავატანე სატელიტური ტელეფონი და ვუთხარი, _ პირადად მე დამაკავშირეთ-მეთქი. დაველაპარაკე მარგოშვილს და პირდაპირ განვუცხადე: თუ სასწრაფოდ არ გამოუშვებდა ცისკარიშვილსა და მის თანმხლებ გოგონას, შევიდოდი და ჩავატარებდი სპეცღონისძიებას და ცოცხალს არ გავუშვებდი, რომც დახოცილიყვნენ მძევლები. ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალა იყო. მარგოშვილი დაიმუქრა, ამათ უბრალოდ კი არ გავანადგურებთ, სხვა რამესაც გავუკეთებთო. შემდეგ მითხრა, მხოლოდ ცისკარიშვილს გამოვუშვებთ და გოგონას დავიტოვებთო. ამაზე გავგიჟდი, ვერ მამაგრებდნენ. მეც დავემუქრე და შეეშინდა. ბოლოს, უშიშროებას გადასცა მძევლები. მაშინ ჩვენ და უშიშროება ერთად ვმუშაობდით, მაგრამ მეორე დღეს ცისკარიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და ჩვენი დედის გინება დაიწყო.
…რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „ბოევიკებზე“ განაცხადა, „იხ ბუდუ მოჩიტ ვ სარტირეო“ და შემდეგ ერთ-ერთი შეხვედრისას მითხრა, „ია ნე ტებე პორუჩალ ვ სარტირე მოჩიტ ბოევიკოვ, სვოიმ პორუჩალო“. „შაყირობდა“… მოკლედ, ის ორი ქართველი რომ გაიტაცეს, ქართველებმა საპასუხოდ ავტობუსი დაიჭირეს, მივხვდი, რომ შეტაკება გარდაუვალი იყო. ამასობაში პარლამენტმა დადგენილება მიიღო, რის მიხედვითაც ძალის გამოყენებით უნდა შევსულიყავით ხეობაში. ჩამოვფრინდი ვერტმფრენით, შევედი პარლამენტში, დავახურინე პარლამენტის სხდომა და პარლამენტის წევრებს შევთავაზე: რადგანაც ომს ვიწყებთ, მე ვიღებ იარაღს ხელში და მივდივარ პირველი, როგორც ყოველთვის-მეთქი და პარლამენტის წევრ ყველა მამაკაცს ასევე ვთხოვე, იარაღის აღება. მაგრამ მათ უცბად შეცვალეს გადაწყვეტილება (იცინის). იარაღის სროლა ბევრს შეუძლია, მისი მართვა – ძალიან ცოტას. მე ეს შემეძლო. მე „ბოევიკად“ შეიძლება, დიდად არ გამოვმდგარიყავი, თუმცა წინ მივდიოდი, „დუხი“ მქონდა, ბევრი კი კურდღელივით ცახცახებდა. კახა თარგამაძე წილს იღებდა პანკისში ნარკოტიკების ვაჭრობიდანო. კარგით, რა?! სად გაქრა ის ნარკოქარხნები?!
11 სექტემბრის შემდეგ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ამ პირების მიმართ და ყველა აღიარეს ტერორისტად. ჩატარდა ღონისძიებები, მაშინაც ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ იმ დროისთვის „ბოევიკების“ ძირითადი მასა იქ უკვე აღარ იყო“.
შს ყოფილი მინისტრის, კახა თარგამაძის ინტერვიუდან ზემოხსენებული ამონარიდი ირიბად მეტყველებს, რომ თარგამაძე რაღაცნაირად რუსულ ნარატივს ავითარებს, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს _ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მან მოსკოვს შეაფარა თავი და დღემდე იქ ცხოვრობს.
ამასთან, ფართო საზოგადოებისთვის ისიც ცნობილია, რომ თავის დროზე კოდორისკენ ჩეჩნების რაზმის გადაადგილებას სწორედ თარგამაძე უწევდა პატრონაჟს.
ვინმე ეთანხმება თუ არა, ფაქტია, რომ პანკისი კარგი სასპეკულაციო თემაა. ამას ქართული მედიის არქივიც მოწმობს.
ასე, მაგალითად, 2001 წელს გაზეთი „ახალი 7 დღე“ პანკისის თემაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომლიდანაც გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
„მამუკა არეშიძე, კავკასიოლოგი: პანკისის ხეობაში მდგომარეობა ხელისუფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის არასწორი ურთიერთობების შედეგია. დღეს არავის, განსაკუთრებით ხელისუფლებას, არ უნდა უკვირდეს, რომ პანკისში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა, რადგან დღევანდელი ვითარება არა უკანასკნელი რამდენიმე კვირის, არამედ წლების მანძილზე მიმდინარე პროცესების ლოგიკური შედეგია. მნიშვნელოვანია, რომ პანკისში მიმდინარე მოვლენების შესახებ ხელისუფლება თავიდანვე ინფორმირებული იყო (ჯერ კიდევ 6-8 წლის წინ პირადად მე ვაფრთხილებდი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს და საზოგადოებას, რომ მაშინდელი ვითარებიდან გამომდინარე, დღევანდელი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა), მაგრამ ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება არასდროს უცდია, პირიქით, პანკისის ხეობის თავისებურების მომიზეზებით, მუდამ დამკვირვებლის როლში მყოფი, სიტუაციას ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო ძაბავდა.
იყო დრო, როცა პანკისი ყველაზე უწყინარ და კანონმორჩილ რეგიონად მიიჩნეოდა. პანკისელი მოსახლეობა აქტიურ მონაწილეობასაც კი იღებდა ეროვნულ მოძრაობაში და სოლიდარობას უცხადებდა გამსახურდიას ხელისუფლებას. ერთი სიტყვით, მაშინ ცენტრს პანკისის ხეობის სახით პრობლემები ნაკლებად ჰქონდა და მასზე ნაკლებადაც ზრუნავდა.
ჩეჩნეთის პირველი ომის დაწყებისთანავე პანკისში მცხოვრებმა ქისტებმა ჩეჩნეთს მიაშურეს. სხვათა შორის, პანკისში დღეს არსებულ ჩეჩენ ლტოლვილთა ერთი მესამედი სწორედ ის ქისტებია არიან, რომლებმაც, თავის დროზე, პანკისი დატოვეს და ჩეჩნეთში ამჯობინეს ცხოვრება, იქ ჩაეწერნენ კიდეც, მაგრამ ჩეჩნეთის ომის დასრულების შემდეგ ისევ პანკისს დაუბრუნდნენ. ამჟამად ისინი, იურიდიულად, რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ დაიბადნენ და გაიზარდნენ პანკისში. ამიტომ თუ ლტოლვილების დაბრუნებაზე იქნება საუბარი, ძალიან გაჭირდება, ამ ადამიანებს მოუწოდო დაბრუნებისკენ, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, როცა მათი სახლები მიწასთან არის გასწორებული.
1997 წელს ჩეჩნეთის პირველი ომის დასრულებამ პანკისელ ქისტებში გამარჯვების ეიფორია გამოიწვია. იმავე პერიოდში გამოჩნდნენ პანკისში პირველი ვაჰაბიტები. აღსანიშნავია, რომ ქისტი უხუცესები ჯერ კიდევ მაშინ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ რეგიონის კონტროლს, ხელისუფლება კი იქ არსებულ პრობლემებს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ყოველთვის იგნორირებას უკეთებდა. სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირება არ მოჰყოლია იმ პერიოდში დუისში მომხდარ გახმაურებულ ფაქტსაც, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ დუისის პოლიციის განყოფილება დაარბია. ხელისუფლების ამგვარი პოლიტიკის შედეგია ის, რომ სამართალდამცველებს რეგიონის კონტროლის უფლება დღეს, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვთ…
ჩეჩნეთის ომის შემდგომ პერიოდში პანკისის ხეობაში გაჩნდა შემოსავლის ახალი წყარო _ ნარკობიზნესი. სხვათა შორის, ხელისუფლებამ პანკისის ხეობაში ნარკოტიკების დიდი რაოდენობის უპრობლემოდ შემოსვლის შესახებაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ თვალს ამაზეც (ახლა უკვე შეგნებულად) ხუჭავდა. ნარკობიზნესი თანდათან ლეგალურ საქმიანობად იქცა: ხელისუფლების მაღალი ეშელონების ზოგიერთი „ჭკვიანი“ ჩინოვნიკი მიხვდა, რომ ბიზნესის ამ ფორმით საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულის იოლად შოვნა შეიძლებოდა. სამართალდამცველი ორგანოები აღნიშნულ ბიზნესს ფარულად თავად ჩაუდგნენ სათავეში, ხოლო იმისთვის, რომ მათი საქმიანობა შენიღბულიყო, რეგიონში ხელოვნურად შექმნეს უკონტროლო სიტუაცია. პანკისი, მაღალჩინოსნების წყალობით, თანდათან მოსწყდა დანარჩენ საქართველოს და ჩაკეტილ ზონად იქცა, სადაც, სამართალდამცველთა მტკიცებით, თურმე, „ხეობის თავისებურებიდან გამომდინარე“, სიტუაციის კონტროლი შეუძლებელი გახდა.
ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ პანკისში ე. წ. ჩეჩნური ნარკოტიკის შემოსვლა დაიწყო. სხვათა შორის, ეს ნარკოტიკებიც ჩეჩნეთიდან კი არა, ლარსის ხეობიდან შემოდიოდა სამხედრო გზით. დღეს პანკისში ნარკოტიკები იყიდება არა მალულად, არამედ საჯაროდ _ ნებისმიერ ჯიხურსა თუ აფთიაქში. ერთი სიტყვით, დანარჩენ საქართველოში დანაშაულად კვალიფიცირებული ნარკობიზნესი ამ რეგიონში ლეგალურ ბიზნესად იქცა და ამაში დამსახურების ლომის წილი სამართალდამცველ სტრუქტურებს მიუძღვით.
პანკისში დღითი დღე მატულობდა პიურტყვისა და ადამიანის გატაცების ფაქტები. ამგვარი ფაქტები თითქმის ყოველთვის ჩეჩნებს მიეწერება, არადა, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამტაცებელი არის არა ქისტი ან ჩეჩენი, არამედ, _ ქართველი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერც ამ დანაშაულს აკონტროლებს. გამოდის, რომ მისი უფლებამოსილება პანკისის ხეობაში რეალურად არ ხორციელდება.
…საქართველოს არაერთი დაუძინებელი მტერი ჰყავს, რომელთა მიზანსაც საქართველოს ტერიტორიების თანდათანობით ხელში ჩაგდება წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლებას დღეს სიფრთხილის გამოჩენა მართებს. პანკისის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის ძალისმიერი მეთოდით დარეგულირება აუცილებლად აფხაზეთის ტრაგედიას გაიმეორებს. ერთადერთი გამოსავალი საუბრის, მოლაპარაკების გზით სიტუაციის განმუხტვაა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განახორციელოს ხელისუფლებამ საკუთარი იურისდიქცია პანკისის ხეობაში. ამ ნაბიჯების გადადგმაც დიდი სიფრთხილით და ეტაპობრივად უნდა მოხდეს“.
ლია მელიქიშვილი, ეთნოლოგი: „პანკისი, კარგა ხანია, ჩაკეტილ ხეობას წარმოადგენს, სადაც ურთიერთობებს სახელმწიფო სტრუქტურები კი არა, კრიმინალები არეგულირებენ. პოსტსაბჭოთა საქართველოში ოთხი ისეთი რეგიონი იყო, რომელთა დაკარგვის საკმაოდ დიდი შანსი არსებობდა. სამწუხაროდ, ორი მათგანი უკვე დავკარგეთ. არის საშიშროება, რომ ამგვარი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო დარჩენილი ორიც ძალიან მოკლე დროში დაიკარგოს. ერთ-ერთი მათგანია პანკისის ხეობა. ის, რაც დღეს პანკისში ხდება, უჩვეულო ნამდვილად არ არის. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფოში, რომელზე პრეტენზიასაც ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა აცხადებს, ადვილი შესაძლებელია, ამგვარი კონფლიქტები (არა გლობალური, არამედ _ მიკრორეგიონული) განვითარდეს. ცნობილია, რომ საქართველო ორი ძლიერი სახელმწიფოს, რუსეთისა და აშშ-ის, ინტერესთა სფეროში შედის, ამიტომ ასეთი კონფლიქტები, მით უმეტეს, როცა ამას ხელისუფლების უუნარობაც ერთვის თან, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ რეგიონულ ერთეულს მესამე ძალა, ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობის წყალობით, ყოველთვის შესანიშნავად გამოიყენებს საპროვოკაციოდ. საინტერესოა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედიების შემდეგ რუსეთმა საპროვოკაციო ერთეულად პირველად სამცხე-ჯავახეთი აირჩია. მოვლენების განვითარება იქაც, ისევე როგორც პანკისში, ასე დაიწყო. ასე გრძელდებოდა ჩეჩნეთის ომის დასრულებამდე. ომის დამთავრებისთანავე კი პრობლემების ეპიცენტრმა ჯავახეთიდან პანკისის ხეობაში გადმოინაცვლა. აქედან საკმაოდ მარტივია დასკვნის გაკეთება: მოვლენები ჯავახეთშიც და პანკისშიც მართულია გარკვეული ძალის მიერ და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული სცენარი ნებისმიერ რეგიონში შესანიშნავად ხორციელდება. ჩეჩნეთის ომის შემდეგ რუსეთმა აამუშავა იდეა: რატომ ჯერ ჯავახეთი, როცა პანკისი არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა (გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის სიჭრელისა თუ სხვა თავისებურებების გამო) იმისთვის, რომ იქ პროვოკაციები განხორციელდეს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ, პროვოკაციად შეიძლება მივიჩნიოთ პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების გამოჩენამდე რუსეთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები პანკისში ჩეჩენი „ბოევიკების“ არსებობის შესახებ. რუსული და ქართული საინფორმაციო წყაროები დიდი შემართებით ამტკიცებდნენ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს უამრავი დანაშაული ჰქონდათ „ჩადენილი“. სინამდვილეში, დანაშაულის ჩამდენნი იყვნენ არა ჩეჩნები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა (როგორც ქისტები, ასევე ქართველები) და ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც, სიტუაციის დარეგულირების ნაცვლად, პანკისის ხეობას მიზანმიმართულად აქცევდნენ დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილ რეგიონად.
პანკისი, კარგა ხანია, ჩაკეტილ ხეობას წარმოადგენს, სადაც ურთიერთობებს სახელმწიფო სტრუქტურები კი არა, კრიმინალები არეგულირებენ. ამას თავად ქისტი მოსახლეობა აღიარებს. მათი მტკიცებით: „კრიმინალებსა და პოლიციას კუდი კუდზე აქვთ გადაბმული და ერთმანეთს არ გაწირავენ“.
პანკისში არსებული კრიმინოგენური სიტუაციისა და ნარკობიზნესის შესახებ სახელისუფლო რგოლებმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, როცა მდგომარეობა აქ შედარებით სტაბილური იყო და ქისტები თვითონ ითხოვდნენ ხელისუფლების მიერ კრიმინალების ალაგმვას. თუნდაც ერთი წლის წინ პოლიციას, მაქსიმუმ, 50 დამნაშავე რომ აეყვანა (რომელთა სახელები და გვარები მან მშვენივრად იცოდა), პანკისში დღეს სრული სიმშვიდე იქნებოდა, მაგრამ სამართალდამცველები ამ ხეობაში სიტუაციის დარეგულირებას ყოველთვის თავს არიდებდნენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს შექმნილი ვითარებაც ხელოვნურია და ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს“.
ელენე თევდორაძე, დეპუტატი: „ხელისუფლებას პანკისში შესვლა არ აწყობს, ე. წ. ავტორიტეტებს ელიავას ბედი ელით.
პანკისში ყოფნისას ერთმა გარემოებამ გამაოცა: ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ეს ხეობა საქართველოს აღარ ეკუთვნის _ აქაურმა მოსახლეობამ თითქმის არაფერი იცის დანარჩენი საქართველოს ცხოვრების რიტმისა და განვითარების შესახებ. არ იცის, რა არის კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები… პანკისის ხეობაში არ არსებობს პირველადი დანიშნულების ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: მაღაზია, აფთიაქი, საავადმყოფო და ა. შ. ქისტურ სოფლებში უყურებენ მხოლოდ რუსეთისა და აზერბაიჯანის ტელევიზიებს და საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციებს ახმეტის ბაზარში გაგონილი ჭორების დონეზე ფლობენ. პანკისის ხეობა მთლიანად მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. იგი დღეს მკვდარი ზონაა.
რეგიონი ჩეჩნეთის ომის შემდგომ ჩაიკეტა, როცა პანკისში ჩეჩნეთის ომიდან დაბრუნებულმა ქისტების უმრავლესობამ, თავის რჩენის მიზნით, ნარკობიზნესსა და ადამიანის გატაცებას მიჰყო ხელი. ქისტების ამ საქმიანობის წარმატებაში რომ ჩვენს ხელისუფლებასაც მიუძღვის გარკვეული წვლილი, ეს აშკარაა. სხვაგვარად კანონმოშიში და ტრადიციების მიმდევარი ქისტები ვერ გაბედავდნენ ისეთ კრიმინალურ საქმიანობას, როგორიც აღნიშნული დანაშაულებებია. აღსანიშნავია, რომ პოლიციამაც და კრიმინალებმაც საკუთარი საქმიანობის დასაფარად შესანიშნავად გამოიყენეს ჩეჩენი ლტოლვილების პანკისში არსებობა (აღნიშნული დანაშაულებები, როგორც წესი, ყოველთვის ჩეჩნებს ბრალდებოდა). სამართალდამცველებს, სწორედ, ძველი ცოდვების გამო არ აწყობთ პანკისში საკუთარი ძალების შეყვანა და კრიმინალების პასუხისგებაში მიცემა _ მარგოშვილმაც და სხვებმაც საკმაოდ ბევრი რამ იციან იმისთვის, რომ ისინი გაასამართლო. ამიტომ ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი მათი თავიდან მოშორებაა. ეს არის კიდეც ხელისუფლების მიერ მოსახლეობით მანიპულირების მიზეზი: თუ მოსახლეობა იარაღს აიღებს, შეტაკებების დროს არასასურველი პიროვნებები აუცილებლად „ბრმა ტყვიის მსხვერპლნი“ გახდებიან. სხვათა შორის, ამას მარგოშვილიც გრძნობს. პანკისში ყოფნისას მას შევთავაზე, ხელისუფლებას საკუთარი ნებით ჩაბარებოდა, მაგრამ მისი პასუხი დაახლოებით ამგვარად ჟღერდა: „როგორც კი ჩემ უკან ციხის კარი მოიხურება, იმ წუთში მომკლავენ. ჩემი ცოცხლად აყვანა არავის აწყობს“. მარგოშვილის ვარაუდს ერთი ფაქტიც ამყარებს: რამდენიმე დღის წინ ქისტებმა ყრილობა მოაწყვეს, რომელსაც მარგოშვილთან ერთად რეგიონის პოლიციის უფროსი თამაზაშვილიც ესწრებოდა. ეს საუკეთესო მომენტი იყო მარგოშვილის პატიმრობაში ასაყვანად, პოლიციამ კი სიტუაცია არ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მარგოშვილი ძებნილად ითვლება და მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: პანკისში ამჟამად უამრავი იარაღია და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარება საკმაოდ სარისკო საქმეა. როცა მარგოშვილს ვკითხე, საიდან აქვს ამდენი იარაღი, მიპასუხა, რომ იარაღს ორივე მხარისგან ყიდულობდა. სამწუხაროდ, რომელ მხარეებს გულისხმობდა, არ დაუზუსტებია.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებას შეიარაღებული რაზმისადმი: ეს მათი ემოციისა და პოპულიზმის შედეგია, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. რაც შეეხება კახეთის გუბერნატორ მედეა მეზვრიშვილის განცხადებას, რომ იგი ამბოხებულებს უჭერს მხარს, კანონის დარღვევაა _ მეზვრიშვილის კომპეტენციაში მხოლოდ კანონის მხარდაჭერა უნდა შედიოდეს, სახელმწიფო მოხელეს უფლება არ აქვს, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას უჭერდეს მხარს. გამოდის, რომ კანონი თავად მეზვრიშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, საქმე ბოლომდე მიიყვანოს და დამნაშავენი პასუხისგებაში მისცეს, მიუხედავად იმისა, აწყობს მას ეს თუ არა. პოლიციას ამაში, ბუნებრივია, მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. მანამდე კი აუცილებელია, სიტუაცია მოლაპარაკებით განიმუხტოს. ჩემი ღრმა რწმენით, ენა საუკეთესო იარაღია“.
შეგახსენებთ: ეს გახლავთ ამონარიდები გაზეთ „ახალ 7 დღეში“ 2001 წელს გაოქვეყნებული სტატიიდან.
მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ პანკისისგან რუსული სპეცსამსახურები „მიძინებული ვულკანის“ შექმნას ცდილობდნენ და ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ამ რუსულ მიზანს რაღაცნაირად ზოგიერთი ქართული სახელმწიფო სტრუქტურაც უწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში, ისე ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება თავისი უნიათობით თუ არაპროფესიონალიზმით რუსულ ინტერესებს ხელს უწყობს. არადა, იმ შეცდომის გამეორება, რომელიც 90-იან წლებში დავუშვით, აღარ შეიძლება.
ასე რომ, ფრთხილად, ბატონებო!

გიორგი აბაშიძე