მსუბუქმამიდობა საქართველოში


ყველა ზნე და უზნეობა, ყველა ავი და კარგი, რაც კი რამ გვჭირს ქართველებს, ქართულ ანდაზებშია თავმოყრილი. ამ ანდაზებს ბოლომდე არც ვიაზრებთ ხოლმე და საწინააღმდეგო აზრისა და სიბრძნის მატარებელიც კი გვგონია. ასე მაგალითად, ხშირად ვამბობთ: ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს, მოუაროსო. ეს ფრთიანი ნათქვამი, რატომღაც, იმის აპოთეოზად გვეჩვენება, რომ ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას შეეშვას.

მოკლედ, ყველამ თავის ბოზ მამიდას უნდა მოუაროს და სხვების ბოზობაზე ლაპარაკს თავი გაანებოს. მოკლედ, ეს ერთნაირად ეხება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე საერთოდ სხვის საქმეებში ჩაურევლობას. და ეს სხვის საქმეში ჩაურევლობა რაღაცით თითქოს დათა თუთაშხიასეულ „არაა მაგი ჩემი საქმეს“ ეკილოკავება.
მოკლედ, ეს სიბრძნე საყველაფროა, საზოგადოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უფრო პირადი ცხოვრების განქიქების დროს გვახსენდება ხოლმე. ეს ანდაზა გვეუბნება, რომ არავის პირადი ცხოვრება არავისი საქმე არაა, გარდა თვითონ იმ პირისა, ვისიცაა ეს ცხოვრება.
ეს ჩვენ გვგონია ასე, არადა სწორედ ამ ანდაზაშია ჩამარხული სრულიად საწინააღმდეგო ფორმულა!
დიახ, ეს ანდაზა იმას კი არ გვეუბნება, ყველამ თავის ბოზობას მიხედოსო, არა, ბატონო _ ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო. ანუ ძმისშვილს არათუ უფლება აქვს ჩაერიოს მამიდამისის ცხოვრებაში, არამედ ვალდებულიცაა, მოუაროს, მიხედოს! ანალოგიურად დისშვილს აქვს უფლება და ვალდებულება, მოუაროს ბოზ დეიდას!
ამ ანდაზის მთავარი ფიგურანტი მანდილოსანია, რაც ჩვენს გენდერულ მიდგომებსაც ხდის ფარდას. საქართველოში ხომ მხოლოდ ქალი განისჯება ბოზობისთვის, კაცისთვის კი იგივე საქციელი ნებადართულიცაა და ხშირად წახალისებულ-წაქეზებულიც კი. ამიტომაც გვეუბნება ეს ფორმულა, _ ყველამ თავის ბოზ მამიდას და არა ბოზ ბიძას მიხედოსო. თუმცა არეალი ამ ანდაზით მაინც ერთია _ მოკლედ, ადამიანის პირადი ცხოვრება ეხება მის სანათესავოს. არა მხოლოდ ოჯახის წევრებს _ დებს და ძმებს, შვილებს და მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, არამედ დისშვილებსაც და ძმისშვილებსაც, ბიძებსაც, მამიდებსაც, დეიდებსაც! შსაბამისად, დეიდაშვილებსაც, მამიდაშვილებსაც, ბიძაშვილებსაც!
როგორც ჩანს, ჩვენი წინაპარი კიდევ უფრო ფართოდ იყურებოდა და ყველას საქმეებში ჰყოფდა ცხვირს და სწორედ ამ ტენდენციის შესაკავებლად იშვა ეს ფორმულა და რაღაც შუალედური დისტანცია დაიჭირა _ ახლო ნათესავებს უფლებაც მისცა და „მიხედვის“ ვალდებულებაც დააკისრა, სხვებს კი, უფრო შორეულ ნათესავებს და საერთოდ ნაცნობ-უცნობებს, აუკრძალა…
ეს ფორმულა დღესაც მოქმედებს მთელი თავისი ძალით და არა ისე, როგორც ერთი შეხედვით გვეჩვენება, რომ თითქოს საერთოდ კრძალავს სხვის საქმეებსა და პირად ცხოვრებაში ჩარევას. ეს რომ ასეა, ესეც ყველამ გადასარევად ვიცით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არათუ თავს უფლებას აძლევს ჩაერიოს ჩვენს პირად ცხოვრებაში, არამედ თავს ვალდებულადაც მიიჩნევს და ერევა კიდეც! მე ქართული რეალობისთვის ლეგიტიმურ ჩარევას ვგულისხმობ, თორემ ისე ნათესავი კი არა, ყველა ყველას ცხოვრებაში ყოფს დინგს და აფათურებს კიდეც.
მეტიც, სხვების პირად ცხოვრებაში თუ საერთოდ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა ქართველის ჰობია. არაფერი ისე არ უყვარს, როგორც სხვისი ცხოვრების ჭვრეტა და განქიქება, მისი ცხოვრებით ცხოვრება. ოღონდ ესეც როცა აწყობს, თორემ მეორე წამს, როცა სხვაგვარად აწყობს, სწორედაც რომ ელვის სისწრაფით დისტანცირდება დათა თუთაშხიასეული „არაა მაგი ჩემი საქმეთი“, ანდა სწორედ „ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროთი“ იშორებს სხვა აბეზრებს თავიდან, ვინც მის საქმეებში ყოფს ცხვირს.
მოკლედ, ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო… ხან ყველას საქმეში ყოფს ცხვირს და ხან მისი საქმე არაფერი არაა. ხან ყველას მამიდებს და დეიდებს „მწყემსავს“ და ხან ყველას თავის მამიდისკენ მიუთითებს…
ორმაგი სტანდარტი (ფორმულით „ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“) ხომ ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი და ლამის აღარც კი გვიკვირს. რაღა შორს წავიდეთ, აგერ, ბოლო პერიოდის ამბები გავიხსენოთ:
გასულ კვირას ვიხილეთ შარდის კადრები ცოცხების კადრების შემქმნელებისგან. მაგრამ რად გინდა? მაშინ ერთი ცოცხი მიადეს გავაზე სულით ავადმყოფს და იმ ავადმყოფზე მეტად შეირყა და შეიშალა მთელი ერი, ისე შეირყა, რომ ელემენტარული პროქტოლოგიური ჭეშმარიტებაც არ გახსნებია _ ცოცხლგაყრილი ადამიანი რომ ვერ ლაპარაკობს… მაშინ აღშფოთდნენ, ბოქვენი ყოველგვარი სამართებლის, ეპილატორის გარეშე ამოიქნეს და დღეს? დღეს რა ქნეს? დღეს, როცა გამგებელმა ადამიანს საჯარო ბოდიშები ახდევინა და პირი ფსლით აბანინა მხოლოდ იმიტომ, რომ მიტინგზე მას და ბიძინა ივანიშვილს აგინა? არც არაფერი. ისე გაიტრუნენ, გეგონება, იმ მარნეულელს ვინმემ პირი წყაროს წყლით დააბანინა. ცოცხების დადგმული კადრები მათი საქმე იყო, მათი მისახედი და ეს? „არაა მაგი ჩემი საქმე“…
იტყვით, მაშინ ზოგადად ასეთი განწყობა იყო, ახლა ასეთიაო… მოკლედ, ყველაფერს დროს დააბრალებთ, მაგრამ აგერ, ბატონო, ერთ კვირაში მომხდარ ორ ამბავს შემოგთავაზებთ. გუდაურში ვიღაც რუს პარაპლანისტს მოსდეს და აიჯაგრა ერი, ამოიგლიჯა, ამოიპუტა ბოქვენი, როგორ თუ რამდენიმემ სცემა ერთსო. ეს რა ვაჟკაცურიაო! ისე დააყარეს მიწა ქართველებს, არც დაინტერესებულან, რამ გამოიწვია ეს ჩხუბი, ვინ რა ქნა და ვინ რა ჩაიდინა. იყო კი ამ ჩხუბში ეთნიკური მომენტი? მოკლედ, მოვეშვათ იმას, რომ როგორც კი ქართველს ვინმე სხვასთან ჩხუბი მოუვა, მიუხედავად მიზეზებისა, მიუხედავად იმისა, ნაცემი გამოვა იმ ჩხუბიდან თუ მცემელი, მაინც ყველაფერი ქართველის ბრალი რომაა. ამ შემთხვევაში მე სხვა ასპექტი მაღელვებს: ყველა ერთხმად გმობდა იმას, რომ ერთს სცემა რამდენიმემ, _ ეს რა ვაჟკაცობააო?!
არადა, ზუსტად იმ დღეებში რუსთაველზე პოლიციელებად წოდებულმა მუტრუკებმა დაუნდობლად სცემეს სიფრიფანა ნინო კვიტაიშვილს. სცემეს დღისით, მზისით, რამდენიმემ ერთს, მაგრამ რა გინდა? არც შეიმჩნია ერმა! მოკლედ, როცა უნდათ, იმჩნევენ და როცა უნდათ, არ იმჩნევენ; როცა უნდათ, ახსოვთ და წმიდათაწმიდაა ვაჟკაცობის კოდექსი და როცა უნდათ, სულ ცალ სუნიან „ნასკზე“ კიდიათ ეს თქვენი ვაჟკაცობა. ესაა, თორემ, აბა, ვინმემ ამიხსენით, რომელ ვაჟკაცურ კოდექსში წერია, კაცმა ქალს სცემოსო? პოლიცია ძალას იყენებს, როცა პირი წინააღმდეგობას უწევს! განა, ასეთი რა წინააღმდეგობა გაუწია სიფრიფანა ნინო კვიტაიშვილმა, რომ ძალის გამოყენება გახდა საჭირო?
ეგაა, რუსს თუ რამდენიმე ქართველმა სცემა, საწიოკო ამბავია და თუ აგერ, ოზურგეთის საკრებულოში მთელი „ქოცობა“ თავს დაესხმება ბესო ქათამაძეს და გადაუვლის, ეგ არავის აღელვებს, გარდა თვითონ ოზურგეთელებისა და ნაცემის თანაპარტიელებისა.
ხაზგასმით ვამბობ, მე ვსაუბრობ საზოგადოების აღშფოთების ხარისხზე, ხალხის რეაქციაზე და არა სახელისუფლებო ორგანოების რეაქციაზე! არადა, განსხვავებული აზრის გამო ანგარიშსწორება (შარდით პირის ბანა იქნება ეს თუ დეპუტატის ცემა დეპუტატებისგან) ბევრად უფრო საგანგაშო ტენდენციაა და სწორედაც რომ ასმაგადაა ასატეხი განგაში.
მერწმუნეთ, საგანგაშოა, როცა მარნეულის მერი ივანიშვილისა და მისი გინებისთვის მოქალაქეს შარდით პირს აბანინებს; საგანგაშოა, როცა საკრებულოს წევრს კრიტიკისთვის თავს უჩეხენ საკრებულოს წევრები!
ნაბიჯ-ნაბიჯ მყარდება დიქტატურა! თან ჩათლახურად _ ჯერ ფსელში გაბანავებს ვიღაც (მერი), თავს გაგიჩეხენ ვიღაცები (დეპუტატები), მერე მათ საჩვენებლად დატუქსავენ, შეიძლება დაიჭირონ კიდეც, მაგრამ გრჩება გაჩეხილი თავი, შარდით დაბანილი პირი _ შელახული ღირსება, რაც სხვებისთვის სიგნალია, რომ ენა დააყენონ…
დიახ, ამ ქმედებებში სწორედ ესაა მნიშვნელოვანი _ გცემენ იმისთვის, რომ შენთან ერთად ათასები გააჩუმონ _ დააშინონ. თავის გამჩეხი მოძალადის დასჯა დიდი ვერაფერი შეღავათია ვერც თავგაჩეხილისთვის და ვერც იმისთვის, ვისაც თავის გაჩეხა არ უნდა.
ამაზე უნდა ხტებოდეთ „ტრუსიკიდან“! მაგრამ არა, თქვენ ხომ არაფერი გაღელვებთ, რაც „ტრუსიკის“ ამბებს არ უკავშირდება!
ეს რომ ასეა, ეგეც ამ ბოლო კვირაში გამოჩნდა.
კოტე იოსელიანმა პოლიტიკოსისთვის მიუღებელი რამ მოიმოქმედა _ ფრიად უშნოდ შეეხო პრემიერობის კანდიდატისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის პირად ცხოვრებას, პრაქტიკულად, ჭორი გაავრცელა. საზოგადოება აღშფოთდა. იყო კიდეც აღსაშფოთებელი. მაგრამ ამ საერთო ისტერიკაში მაინც იყო რაღაც გულისამრევი. გულისრევას იწვევდა ის, რომ აღშფოთებას გამოხატავდა და კოცონს ანთებდა ის ხალხი, ვინც თვითონ უბოდიშოდ ეხება სხვების პირად ცხოვრებას და არც ჭორების გავრცელებაზე იხევს უკან! აღშფოთებას გამოხატავდა ის ხალხი, რომელიც არანაირად არ აღშფოთებულა, როდესაც ეხებოდნენ იგივე სააკაშვილის, მისი მეუღლე სანდრა რულოვსის პირად ცხოვრებას; როდესაც ათასგვარ ბინძურ ჭორს ურვცელებდნენ ვერა ქობალიას; როდესაც მგლებს უბამდნენ „ბალკონზე“ ბაჩო ახალაიას; როცა ძუძუებს აჭმევდნენ სააკაშვილს და ა. შ.
გასაგებია, რომ ყველა ეს ჭორი „ფოლკლორულია“ და მათი ავტორი თავის დროზე არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკოსი, ანუ პოლიტიკოსს არ გაუჟღერებია ეს ჭორი, პოლიტიკოსი არ შეხებია…
თუმცა მე ახლა გაგახსენებთ რამდენიმე შემთხვევას, როდესაც სწორედ პოლიტიკოსები შეეხენ პირადს!
როდესაც კობა დავითაშვილი შეეხო სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებას, აღშფოთდა ერი?
როდესაც ბატონმა ივანიშვილმა საჯაროდ დაიწყო ჭორაობა ალასანიაზე, აღშფოთდა ერი? გადაიხსნა ვენები?
როდესაც ახლახან პრემიერობიდან მოსრიალებულმა კვირიკაშვილმა ნიკა გვარამიაზე „მრავალმნიშვნელოვნად“ ბრძანა: „კაცი რომ იყოს, ვუპასუხებდიო“, მაშინ რატომ არ აღშფოთდით?! განა, მის პირად ცხოვრებას არ ეხებოდა და ფერად ნამიოკს არ ისროდა? თუ თქვენი ღირსება მხოლოდ მაშინ იჯაგრება, როცა ივანიშვილის გარემოცვას ეხებიან?
ან მაშინ რატომ არავინ ისკუპეთ „პლავკებიდან“, როდესაც თამარ ჩერგოლეიშვილმა 300-კაციან დახურულ ჯგუფში ნიკა გვარამიას გაუვრცელა, რომ კოკაინს ყნოსავს? მაშინ კარგად ჩახტით სანგრებში და ყურებში „ნაუშნიკები“ ითახრეთ, ვითომც არაფერი გაგიგიათ? უი, ის მხოლოდ სამასკაციან ჯგუფში გაუვრცელეს და მაგიტომ? მაშინ კოტე იოსელიანის დანაშაული ის ყოფილა, დიდ აუდიტორიას რომ წაპოტინებია…
გეკითხებით, რატომ არ აღშფოთდით და ასე სერიულად რატომ არავინ გაემიჯნა ლალი მოროშკინას, რომელმაც სრულიად ბინძური კამპანია ააგორა მოკლული დათუნა სარალიძის გასაშავებლად?
არც ერთზე ხმა არ ამოგიღიათ და ახლა ყველამ თავი გაიგიჟეთ!
დიახ, არც დავითაშვილის, არც ივანიშვილის, არც კვირიკაშვილის და არც ჩერგოლეიშვილის შემთხვევაში არ ყოფილა არც მათ მაგიერ ბოდიშები, არც ეს ხარაკირები და საჯარო შახსეი-ვახსეები და არც ეს სერიული გამიჯვნები, რაც იოსელიანის შემთხვევაში მოხდა!
არ ვამბობ, რომ ეს აღშფოთება არ უნდა ყოფილიყო! უნდა ყოფილიყო! მაგრამ უნდა ყოფილიყო მანამდეც, სხვა შემთხვევებშიც!
უნდა ყოფილიყო მაშინაც, როცა პორნოკადრები გაუვრცელეს ერთ-ერთ მინისტრს… მაშინ, რატომღაც, არავინ აღშფოთებულა!
ასეა, რას ვიზამთ, ხან სცალიათ და ისტერიკებს აწყობენ, ხან კიდევ თავისი ბოზი მამიდის მოვლა-პატრონობით არიან დაკავებულნი და სხვებისთვის ვერ იცლიან!

რეზო შატაკიშვილი