უკონტროლო იმპორტი: საფრთხე და გამოწვევები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 10710 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლების მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2017 წლისთვის საქონლის რეგისტრირებულმა იმპორტმა 7982 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

გასულს წელს იმპორტი საქართველოში 9,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8 მლრდ დოლარი შეადგინა.
ეკონომისტები თანხმდებიან, რომ ექსპორტისა და იმპორტის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და მისი გაძლიერებისთვის.
ყოველდღიურად იზრდება იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც იმპორტის შედეგად ხვდება საქართველოში და სამომხმარებლო ბაზარზე იკავებს ადგილს.
თავად იმპორტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც აუმჯობესებს ქვეყნის სავალუტო ბალანსს და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.
საქართველოში იმპორტი, ძირითადად, შემდეგი ქვეყნებიდან შემოდის: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, გერმანია, უკრაინა, სომხეთი.
შემოსავლების სამსახური განსაზღვრავს იმ კონკრეტულ პროცედურებს, რასაც იმპორტირებული პროდუქცია გადის ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს მანამ, სანამ ის სამომხმარებლო ბაზარზე მოხვდება და მყიდველისკენ გაიკვლევს გზას.
საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევები:
ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისთვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით ნებისმიერი საქონლის გადაადგილება (გარდა ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულისა) შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით.
იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო გამშვებ პუნქტში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ნიშანდებას და მოწმობით გადაადგილდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე, ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც საქონელს დაათვალიერებენ.
დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების ან/და ეკონომიკური დანიშნულებით შემოტანილი საქონლის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს:
✔ წინასწარ ან
✔ საქონლის შემოტანისთანავე _ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან
✔ შემოტანის შემდგომ გაფორმების ადგილზე ან
✔ დეკლარანტის მიერ შერჩეულ სხვა ადგილზე.
შემოსავლების სამსახურის ეს კონკრეტული პროცედურები და ნორმები ასევე განსაზღვრავს თავად იმპორტირებული საქონლის რაობას, მათი დეკლარირების წესებსა და გაფორმების პუნქტებს.
ასევე განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა წარედგინოს საბაჟოზე შესაბამის პირს იმპორტირებული პროდუქციის შემოტანის დროს. ეს დოკუმენტები ასახავს პროდუქციის შემადგენლობას, ასევე მისი მოქმედებისა და ზეგავლენის მოსალოდნელ შედეგებსა და იმ ეფექტს, რაც ამ პროდუქციის გამოყენებას ექნება.
ეს არის რეალურად იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მექანიზმი, რომელიც აუცილებელიც კია არსებობდეს, რადგან ყველა იმპორტირებული პროდუქცია არაა ვარგისი და ხარისხიანი და არც საზღვარგარეთიდან შემოტანილ ყველა პროდუქტს უნდა მიეცეს კონტროლის გარეშე ქართული ბაზრის დაკავების საშუალება.
ეს რეალურად საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის იმ ფონზე, როდესაც ქართულ ბაზარზე ხშირად მონოპოლია აქვს მოპოვებული იმპორტირებულ პროდუქციას.
დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ყველაფერი უცხოური კარგია. სწორედ ამის გამო კითხვის ნიშნებს ნაკლებად იწვევს საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქცია და მისი ხარისხი, ასევე უსაფრთხოება.
თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმპორტირებული პროდუქციის ხარისხთან და მის მავნებლობასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებით კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ არსებობს პროდუქცია, რომელიც არ კონტროლდება საზღვრების გადმოლახვის დროს და შესაბამისად მისი ხარისხი და უსაფრთხოებაც არაა დადგენილი.
ამ პროდუქციიდან ერთ-ერთია კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა იმპორტი საკმაოდ აქტიურად ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან და წარმატებითაც იყიდება ქართულ ბაზარზე.
2010-2017 წლისთვის საქართველოში 15 ტონამდე კოსმეტიკური საშუალება შემოვიდა, რომლის ხარისხი არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ შეუმოწმებია.
ტოქსიკოლოგები საუბრობენ ამ საშუალებების მავნებელ ეფექტებზე და იმ ზიანზე, რაც შეიძლება უხარისხო პროდუქციამ ადამიანის ჯანმრთელობასა და ორგანიზმს მოუტანოს.
ასევე რთული საკითხია საკვების იმპორტის თემა, რომელიც ბევრ პუნქტს ითვალისწინებს. იგეგმება კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და გამკაცრება, რათა მავნე საკვები პროდუქტის საქართველოს ბაზარზე მოხვედრა თავიდან ავიცილოთ და რისკები მინიმუმამდე დავიდეს.

– რამდენად კონტროლდება ქართული ბაზარი იმპორტის კუთხით?
– ხარისხიანია თუ არა პროდუქცია, რომელიც ჩვენს ბაზარზე საზღვრის გავლით უცხო ქვეყნებიდან შემოდის?
„ქრონიკა+“ ამ თემაზე ეკონომისტ გია ხუხაშვილს ესაუბრება: „ეკონომიკური საზღვრის სათანადოდ დაცვა უმნიშვნელოვანესი თემაა არა მხოლოდ საგადასახადო კუთხით, არამედ ადგილობრივი წარმოებისა და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის კუთხით. უკონტროლობის შემთხვევაში დემპინგის პირისპირ დარჩენილი ადგილობრივი პროდუქტი არაკონკურენტულია და იწვევს რეალური სექტორის განადგურებას, უმუშევრობასა და ა. შ., ამიტომ ეს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პრობლემაა.
აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული მექანიზმი იმპორტირებული პროდუქციის კონტროლისთვის, რათა შემდგომი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ.
ეს შეიძლება იყოს საზღვრებზე სურსათის უვნებლობის სამსახურების აქტიურობა, ხარისხის სტანდარტებით რეგულირება, ირიბი გადასახადების დაწესება და ა.შ.“

გარდა კოსმეტიკისა, ასევე საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმპორტირებულ სათამაშოებთან და მათ ხარისხთან დაკავშირებით.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა გასულ წელს რამდენიმე ქართულ მაღაზიაში ნაყიდი იმპორტირებული სათამაშო გერმანიაში ლაბორატორიული შემოწმებისთვის გააგზავნა. შედეგები საკმაოდ საგანგაშო აღმოჩნდა: ათიდან ცხრა სათამაშო მავნებელი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გამოდგა, რაც იმაზე მიანიშნებს რომ ძირითადად ჩინეთიდან შემოსული სათამაშო პროდუქცია უხარისხოა და ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიშიც.
ევროკავშირის საბაჟოებზე ყველაფერი მკაცრად მოწმდება, ჩვენთან კი ეს სისტემა შედარებით ზედაპირულად ფუნქციონირებს. პროდუქციას ქართულ ენაზე ეტიკეტი რომ უნდა ჰქონდეს, კანონის მოთხოვნაა, მაგრამ ის მხოლოდ სურსათის მიმართულებით სრულდება, რადგან ამ მოთხოვნას სურსათის ეროვნული ადმინისტრაცია ამოწმებს. სხვა სახის პროდუქცია აბსოლუტურად თავისუფლად შემოდის და იყიდება. რეალიზატორს პასუხს ვერც მოსთხოვ, თუ რატომ არ აქვს ქართულენოვანი ეტიკეტი. არ არსებობს კონკრეტული ორგანო ან სახელმწიფო უწყება, რომელიც იმპორტირებული პროდუქციის ხარისხსა და მის გავლენას გააკონტროლებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

– რა კონტროლის მექანიზმი შეიძლება არსებობდეს პროდუქციის იმპორტის დროს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი?
„ქრონიკა+“ საჯარო სამართლის ექსპერტ გენო მორჩილაძეს ესაუბრება:
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მატებაზე მოქმედებს და ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პროცენტულ მაჩვენებელსაც ზრდის არის ექსპორტის მაჩვენებლის გაზრდა იმპორტთან შედარებით. ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდო საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობაში აქვს, რადგან იმპორტი ექსპორტს, დაახლოებით, 2-ჯერ აჭარბებს.
ზემოთ მოცემული სტატისტიკური მაჩვენებლის დაფიქსირება განპირობებულია სხვადასხვა გარემოებით და თუ რა გარემოებებმა განაპირობა ასეთი განსხვავებები ექსპორტსა და იმპორტს შორის, ცალკე განხილვის საგანია.
როდესაც სახელმწიფო დიდი ოდენობით იმპორტული საქონლის მიღებას ახორციელებს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დადგენილი სტანდარტები.
საქართველოში იმპორტირებული საქონლის შემოტანისას საჭიროა:
1) შემოსავლების სამსახურისთვის წინასწარი შეტყობინება;
2) ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტირებისას სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური ნებართვის აღება;
3) შესაბამისი სერტიფიკატის ქონა.
იმ შემთხვევაში, თუ იმპორტულ საქონელს სურსათის უვნებლობის მიერ გაცემული სერტიფიკატი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში პროდუქციას (საქონელი) უკეთდება ლაბორატორიული ანალიზი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საბუთებრივად ყველაფერი სწორია და პროდუქციის იდენტურია, ამავდროულად შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული ნებართვები აქვს, პროდუქციის შემოტანა დასაშვებია.
ვფიქრობ, მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის არსებობით და დოკუმენტაციის იდენტობის დადგენის გარდა დამატებით უნდა გაატარონ ლაბორატორიული შემოწმება ისეთი სახის პროდუქციაზე, რომელიც მალფუჭებადია, სხადასხვა ვირუსის გამავრცელებელია და ა. შ. სახელმწიფოს უსაფთხოება იმპორტულ საქონელთან დაკავშირებით მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რომ თავიდან ავიცილოთ ის პრობლემები, რომელიც შეიძლება ამ კონკრეტული საკითხების გაუმართაობამ წამოჭრას. სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა წარმოადგინონ მალფუჭებადი პროდუქციის ჩამონათვალი და ჩაატარონ ლაბორატორიული ანალიზი მის ვარგისიანობაზე“.
იმ ფონზე, როდესაც იმპორტის მნიშვნელობა და ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში იზრდება, პირდაპირპროპორციულად მატულობს საფრთხე, რომ გაუკონტროლებელ პროდუქტს მავნე ზეგავლენა ექნება მომხმარებელზე.

ანა ურუშაძე