მომსახურების ზონიდან გასული პრემიერი

12 ივლისი _ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ერთი თვის თავი _ პოლიტიკური კატაკლიზმის დღედ იქცა. ეს ისე _ უტრირებულად და შესაძლოა, ხატოვნადაც კი. თუმცა „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსული საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და მინისტრები ნამდვილად შოკირებულები და დაბნეულები იყვნენ.

ამ დღეს რეალურად გაცხადდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მიზეზი გიორგი კვირიკაშვილი აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრი, რომლის მიმართაც სხდომის მონაწილეთა უმრავლესობის კულუარული კომენტარები მაინც მორალური კრიტერიუმის იყო, _ ადამიანი სირცხვილისა და უხერხულობისგან თურმე არ კვდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია „თურმე“, ანუ კი გადარჩა ცოცხალი, მაგრამ ამ ვითარებაში უმჯობესი იყო, მომკვდარიყოო ან იმას მიანიშნებდნენ, რომ მის ადგილზე „მე“ მოვკვდებოდიო.
ისე, ქართულ პოლიტიკაში უტიფრობის დიაპაზონი ჯერ არ გაზომილა იმის მიუხედავად, რომ გარკვეული სტანდარტები წარსულიდანაც და არსებული რეალობის გათვალისწინებითაც მრავლად არის, ცხადია, რომ „კვირიკაშვილის უტიფრობის ქეისი“ სამომავლოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომი იქნება.
და მაინც, რა მოხდა 12 ივნისს? ამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, ისე, რომ ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს, ბოდიში მოუხადა პირველ რიგში საკუთარ თანაგუნდელებს და აღიარა საკუთარი საკადრო შეცდომა გიორგი კვირიკაშვილთან და არა მხოლოდ მასთან დაკავშირებით. ამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა (ნამდვილად უპრიანი იქნება სწორედ ამ ჟარგონის გამოყენება) „ბოლოდმე ჩახადა“ პრემიერ-მინისტრს, იგი გუნდის წინაშე გააშავა და მინიმალური ავტორიტეტიც კი არ შეარჩინა.

***
12 ივნისის რეკონსტრუქცია ძალიან ადვილია _ ბიძინა ივანიშვილი ყვება ფაქტებს, აკეთებს შეფასებებს და სვამს კითხვებს პრემიერ-მინისტრის მისამართით; გიორგი კვირიკაშვილი პასუხობს ან ვერ პასუხობს, ისიც აკეთებს შეფასებებს, ინტეპრეტირებს. მაგრამ ასეთ დროს ივანიშვილი ან პირზე აყენებს ცალკეულ მინისტრებს, ან მტკიცებულებებს უფრიალებს ცხვირწინ. სურათი მართლაც რომ მძიმეა დამსწრე საზოგადოებისთვის, როდესაც, სულ რაღაც, ერთი თვის წინ შენს პარტიულ და იდეოლოგიურ ხელმძღვანელსა და ქვეყნის მომქმედ პირველ პირს არა მხოლოდ პოლიტიკურ ვირეშმაკობებში ამხელენ, არამედ ტყუილში, პოლიტიკურ და ბიზნეს გარიგებებსა და კორუფციაში. კიდევ უფრო მძიმდება ვითარება, როდესაც საკითხი ეხება მილიარდებს და დაზარალებულ სახელმწიფო ინტერესებს. ესეც არაფერი, როდესაც ისიც ირკვევა, რომ ადამიანი კლასიკური ბრუტუსია და ხვდები, რომ ვითარება იმაზე ამაზრზენია, ვიდრე შეიძლებოდა დაგეშვა.

***
ახლა ცოტა უკან დავიხიოთ დროში. დღეს დაბეჯითებით შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ბოლო წვეთი არჩილ ტატუნაშვილის საქმე იყო. უფრო სწორად, ამ საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ხელმძღვანელებისადმი და მარია ზახაროვას დამამცირებელი პასუხი. იმ დღეებში ლამის ყველამ ივანიშვილისკენ _ რუსი ოლიგარქისკენ გაიშვირა ხელი და პრემიერ-მინისტრის მიმართვის უკან სწორედ არაფორმალური მმართველი დაინახა. დასავლეთმა, არაოფიციალური არხებით, სწორედ მას მოსთხოვა ამ დემარშის გამო პასუხი. თუმცა გაირკვა, რომ ამ საქმესთან ივანიშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა:
„ვისთან შეათანხმე ეს წერილი?! ვინ გირჩია?! რატომ ჩააყენე ქვეყანა ცუდ მდგომარეობაში და რატომ ჩაგვაყენე უხერხულობაში ჩვენს პარტნიორებთან?!“ _ ეს კითხვა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა, თუ პასუხად იმას არ ჩავთვლით, რომ თურმე ქვეყანას ყველა შესაძლო ნაბიჯი უნდა გადაედგა და მოესინჯა.
დახურულ სხომაზე კვირიკაშვილისადმი წაყენებული არაერთი პრეტენზიიდან განსაკუთრებით ყურადღსაღებია ის ფაქტები, რაც ასევე გახდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი და რაზედაც პასუხები საჯაროდ მოითხოვა პარტიის თავმჯდომარემ:
– კორუფცია და „ატკატები“ რეგიონურ დონეზე;
– კორუფცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში;
– საბიუჯეტო გარიგებები და „ატკატები“;
– სახელმწიფო მართვის სისტემის ნგრევა;
– პოლიტიკური და საკადრო კორუფცია;
– „ქართული ოცნების“ გუნდისგან დისტანცირება;
– საბანკო სექტორის ლობიზმი;
– სამართლებრივი საკითხები: „ციანდის საქმე“, „სარალიძის საქმე“, „მაჩალიკაშვილის საქმე“;
– სოციალური საკითხები;
– მაისისა და ივნისის აქციების პროვოცირება და მართვა;
– მავნებლობა;
– პოლიტიკური გარიგებები;
– და სხვ.
თოთოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ ბევრი ითქვა და არ ღირს მკითხველისთვის თავის მობეზრება, თუმცა ერთი რამ ნამდვილად საყურადღებოა _ განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში დახურული სხდომის ჩანაწერზე თუ „ვითომ“ ჩანაწერზე ცალკეულმა პოლიტიკურმა, საჯარო თუ ანგაჟირებულმა პირებმა ქილიკი დაიწეს.
როგორც აღმოჩნდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა მიზნით გარიგებებში იმყოფებოდა ცალკეულ ოპოზიციონერ ლიდერთან თუ საჯარო პირთან.
ითქვა ასეთი შინაარსის ფრაზა: რატომ შეხვედი ამათთან (გვარები და სახელები, რომელთა დასახელებისგან თავს ვიკავებ, _ ავტ.) გარიგებაში? რა საქმე გქონდა, რა მიზნით? რატომ უხდიდი ამათ (მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს, – ავტ.) ფულს ჩემი, პარტიისა თუ გახარიას კრიტიკაში?
ივანიშვილისთვის ცნობილი აღმოჩნდა იმ კონკრეტული პირების ვინაობაც, რომელთა მეშვეობითაც მაისისა და ივნისის აქციების დროს მოხდა მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნების კორექტირება _ ერთ შემთხვევაში გახარიას გადადგომის მოთხოვნად, ხოლო მეორე შემთხვევაში წულუკიანისა და გახარიას გადადგომის მოთხოვნად. ამ პროცესშიც, როგორც ირკვევა, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ცალკეული არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
ასე რომ, როდესაც ცალკეული პოლიტლიდერები, პოლიტიკოსები, საჯარო პირები ეკრანებიდან თუ სოციალური ქსელებიდან გმოძღვრავენ, პირველ რიგში, საკუთარ „შეკრულობას“ უნდა მიხედონ. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც მათ შეეძლებათ თავის გამართლება, _ ბიძინას წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა გზა კარგიაო. ხელისუფლებასთან ცალკეულ სახელმწიფოებრივ საკითხებზე პარტნიორობა და თანამშრომლობა ღია უნდა იყოს. პოლიტიკურ გარიგებას, რომელიც ან ფულით, ან კიდევ სხვა სარგებლით არის გამყარებული, იდეისა და ხალხის ღალატი, სიხარბე და მავნებლობა ჰქვია (ისე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ დღესაც კი ზოგიერთი მათგანი აგრძელებს გარიგება-დაკვეთის შესრულებას პოლიტიკური მოთხოვნების ნაწილში?).

***
კიდევ რა? ის, რომ თუ პოლიტიკურ ძალა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური სინდისი აქვს ბატონებმა ქუმსიშვილმა და ალავიძემ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი და გამოძიების მსვლელობაში უნდა გამოიკვეთოს ყოფილი პრემიერის როლიც მათ საქმიანობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურულ სხდომაზე ამ პერსონების მიმართ გაკეთებულ განცხადებას ჩალის ფასი ექნება და მისი პერსონალური ავტორიტეტიც დაზიანდება. მეტიც: ეს იქნება ერთგვარი გარანტია „ოცნების“ სხვა ჩინოვნიკებისთვის, რომ მათ კორუფციისა და უკანონო გარიგებებისთვის არავინ დასჯის.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში (ანუ დახურულ სხდომაზე) გაკეთებული აქცენტი კვირიკაშვილი-ხაზარაძის ფაქტორზე. ბიძინა ივანიშვილს იმის დამადასტურებელი ფაქტები ჰქონდა, რომ სწორედ მამუკა ხაზარაძის ფინანსური რესურსებით იბრძოდა კვირიკაშვილი, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ტანდემში კვირიკაშვილის ბრალეულობა უფრო დაინახა, ვიდრე ხაზარაძის, რასაც ადასტურებს წარმოთქმული ფრაზა: ის მოტყუებით და არასწორად ჩართე პროცესში საკუთარი მიზნებისთვის.
შესაბამისად, ივანიშვილისთვის ისიც კარგად აღმოჩნდა ცნობილი, ანაკლიასთან დაკავშირებით როგორ გამოხატა მამუკა ხაზარაძემ ინტერესი: რა როლი შეასრულეს ამ პროცესში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა, რა დაპირებები გაიცა ამ მიმართულებით ბატონი ხაზარაძის მიმართ და რატომ იყო ხაზარაძე იძულებული და ვალდებულიც კი, მოეთხოვა გაცემული პირობის შესრულება? პირობის შესასრულებლად კი კვირიკაშვილი მისგან ცალკეულ პოლიტიკურ და ლობისტურ თანადგომას მოითხოვდა.
ამ ლობისტური თანადგომის ერთგვარი გამოხატულება გახლდათ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ ვაშინგტონში არაოფიციალური პირების _ ამჟამად ექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც მხარდაჭერილი იყო კვირიკაშვილის პერსონა და ღიად დაადანაშაულეს ბატონი ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადება.
სავარაუდოდ, საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით ეფექტიანად იმუშავეს, მით უფრო იმ უხერხულობის გათვალისწინებით, რომელზედაც დახურულ სხდომაზე აქცენტი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა.

ბ.ი: რატომ შეხვდი მაჩალიკაშვილს? ან თუ შეიძლებოდა ამ ადამიანთან შეხვედრა, რატომ არ შეხვდი აქამდე? ახლა რას ეუბნები აშშ-სა და პარტნიორებს, იმას, რომ ტერორისტის მამას და ტერორისტს ხვდები კანცელარიაში? ხომ უმტკიცებდით მათ, რომ ტერორისტი იყო? გეკითხები, რატომ შეხვდი?!
კვირიკაშვილის პასუხი და ივანიშვილის შემდგომი ტექსტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს შეეხება, შესაბამისად, თავს ვერ მივცემ უფლებას, ციტირება მოვახდინო, თუმცა შინაარსობრივად ვიტყვი, რომ საკითხის გაშლას პრემიერი რელიგიურ და ლოგიკურ ასპექტში შეეცადა, ივანიშვილის არგუმენტები კი სამართლებრივი და მორალური ხასიათის იყო.

***
ახლა კი 12 მაისის სხვა მიზეზზეც შევაჩეროთ ყურადღება. როგორც სხდომაზე გაირკვა, გიორგი კვირიკაშვილი თანაგუნდელებისთვის დიდი ხნის წინ გავიდა მომსახურების ზონიდან. ცალკეული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რეგიონული საკითხებისთვის კვირიკაშვილის კარი დაკეტილი იყო უმრავლესობის წევრების უმეტესობისთვის. სწორედ თანაგუნდელებმა შეძლეს ბიძინა ივანიშვილისთვის მიეწვდინათ ხმა მათი იგნორირების, ცალკეული პროექტების ჩაგდებისა და უგულებელყოფის, კორუფციის თაობაზე.
ამავდროულად, ერთი შეხედვით, ძნელად დასაჯერებელი, მაგრამ ნიშანდობლივია ერთი ფრაზა, რომელიც ივანიშვილმა სხდომაზე წარმოთქვა: სამი წლის განმავლობაში, მიპასუხე, რაში ჩაგერიეთ? რომ ამბობენ, კულუარული მმართველობაო, რა გაიძულე? რამდენჯერ დამირეკავს ამ ხნის განმავლობაში? მხოლოდ რამდენჯერმე, ორ-სამჯერ, ალბათ, როცა კანში ვერ დაეტიეთ.
არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ამ სიტყვების წარმოთქმისას ბატონი ივანიშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხზე კვირიკაშვილი მას არ შეპასუხებია.
თუმცა აქ ჩნდება სხვა კითხვა: ცხადია, რომ იგი ვერ და არ იქნებოდა მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციების გარეშე, მაშინ ვინ ატყუებდა და ვინ ალამაზებდა სიტუაციებს? ვინ არის ან არიან პერსონები მისი გარემოცვიდან, რომლებიც მას არასწორ ინფორმაციებს აწვდიდნენ ან უმალავდნენ, ან კიდევ ატყუებდნენ? ხომ ცხადია, რომ ეს წრე საკმაოდ შეზღუდულია და ბატონი ივანიშვილი ვალდებულიც კია, ამ პერსონების მოტივაციაში გაერკვეს. განსაკუთრებით იმ ასპექტში, გარდა მატერიალური და გავლენით სარგებლობისა, რა სიკეთეები ჰქოდათ მათ ამ პროცესებში? ასევე, არც იმის გარკვევა იქნება ურიგო, იყო თუ არა რომელიმე მათგანი ჩართული მაისისა და ივნისის მოვლენებში? და სწორედ მის გარემოცვაში ხომ არ უნდა ეძებოს „ჯოზეფ კეი 2“ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი შიდა სახელისუფლებო გადატრიალების შედეგად ივანიშვილი იძულებული გახდებოდა, ჩამოშორებოდა ყველა პოლიტიკურ პროცესს და აღმოჩნდებოდა არათუ გარემოების, არამედ გადამტრიალებელთა მძევალი და ტყვე?
იმის მიუხედავად, რომ ზემოთ გამოთქმული ნამდვილად არ არის ჩემი ვარაუდი ან/და ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ცალკეული ფაქტებით არის გამყარებული, ამ საკითხის გარკვევა მაინც ივანიშვილის პრეროგატივაა და მისი გარიგებული გარემოცვის ცალკეულ წევრებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.
რაც შეეხება სახელმწიფოებრივ ჭრილში კვირკაშვილისთვის ინკრიმინირებულ პოლიტიკურ დანაშაულს _ აქციების უკან დგომას, შიდასახელისუფლებო გადატრიალებას შორსმიმამავლი გეგმებით, სადაც გარანტირებული უნდა ყოფილიყო კვირიკაშვილის გაპრეზიდენტება, ხოლო შემდგომ ვადამდელი არჩევნების საფუძველზე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და ამ გზაზე ასევე აუცილებლობას წარმოადგენდა გახარიასა და ბახტაძის განეიტრალება _ ვერ შედგა.
პირველი ივლისის აქციაზე კვირიკაშვილი გმირი და ლიდერი ვერ გახდა: „ხომ გითხრა გახარიამ, რომ აქციაზე მოსალოდნელი იყო პროვოკაცია და რატომ გახვედი? ან თუ გახვედი, რატომ არ უთხარი ხალხს ის, რასაც ის მოითხოვდა და რატომ არ გადადექი? _ ასეთი შინაარსის ტექსტით მიმართა ივანიშვილმა კვირიკაშვილს და დასძინა, _ ვისთან შეათანხმე, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდოდა? რატომ არ იცოდა ეს მთავრობამ და გახარიამ? ხომ იყო ამის ჩანაფიქრი გახარიას გაფუჭება?“

***
დაბოლოს, რა თქმა უნდა, 12 ივნისის შედეგი იყო 13-ში კვირიკაშვილის გადადგომა. მან გაიაზრა, რომ პრემიერი, რომელიც, ფაქტობრივად, საკუთარი თანაგუნდელების წინაშე გააფარჩაკეს, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა მას განუცხადა, რომ იგი აწი არ მოსთხოვდა კვირიკაშვილს გადადგომას და მასთან საუბრის აზრსაც ვერ ხედავდა, პრემიერმა გაიაზრა, რომ საბოლოოდ დისკრედიტებული იყო და წასვლა ამჯობინა. ამ დღემდე კი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: სამი თვეა იტყუები, _ დღეს გადავდგები, ხვალ გადავდგები… დიახ, კვირიკაშვილი წავიდა. თუმცა ჯერაც საკითხავია, რამდენი ხნით და სად? მით უფრო, როგორც ამბობენ, დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის, თუ მის მიმართ შესაბამის სამსახურებს კითხვები ექნებათ, ყველაფერი გულახდილად მოყვეს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ივანიშვილისთვის და „ოცნებისთვის“ გამოწვევების წორი გააზრებაა მნიშვნელოვანი. რადიკალური ქმედებების გარეშე, თუნდაც ეს, ერთი შეხედვით, პოზიტიური ცვლილება უფრო დააჩქარებს „ოცნების“ მმართველობის დასასრულს. პოზიტიური შანსი? როგორც იტყვიან, შანსი ყოველთვის არის, უბრალოდ, საჭიროა მისი სწორად გამოყენება.
12 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა ან „ქართული ოცნების“ ფორსირებულ დასასრულს დაუდო სათავე, ან იმავე „ქართული ოცნების“ გაკეთილშობილებისა და სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პროცესის დაწყების შესახებ გააკეთა განაცხადი.
ვნახოთ, ვნახოთ…

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი