მეოთხე პრემიერის მოლოდინში

ხომ არ იცით, შემთხვევით, ვინაა მამუკა ბახტაძე?.. არ იცით?.. ნეტავ, საიდან უნდა იცოდეთ?.. არც არავინ არაფერი იცის და…
წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევისას გაირკვა, რომ მამუკა ბახტაძე ქართულ პოლიტიკაში ყველაზე უცნობი ადამიანია. 55%-მა საერთოდ არ იცის, ის ვინაა და რა მერე?.. არც არაფერი. ის მაინც გახდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თუმცა არის რაღაც-რაღაცები, რაც უკვე ცნობილია საქართველოს მომავალი პრემიერის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ეს რაღაც-რაღაცა პრემიერ-მინისტრობისთვის არასაკმარისია, მაინც რაღაც წარმოდგენას გვიქმნის მის შესახებ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მამუკა ბახტაძე ივანიშვილის რჩეულად მიიჩნევა და ივანიშვილის ოჯახთან ასეთი ჩახუტება კი დღევანდელ საქართველოში სრულიად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ადამიანი მთავრობის მეთაური გახდეს. მერე რა, რომ არც პოლიტიკური და არც რაიმე სხვა გამოცდილება არ ქვს ამ 36 წლის ბიჭს? მთავარია, უტამ სთხოვოს მამიკოს და ისიც როგორ ეტყვის უარს?
პირველად ხომ არ ვრწმუნდებით, როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ის, თუ რა უნდათ ივანიშვილის შვილებს. მაგალითად, დაიჭერენ ბერას ძმაკაცებს? მისი ერთი სიტყვა საკმარისია იმისთვის, რომ დაკავებულები გამოუშვან და მათი დამკავებელი პოლიციელები სირცხვილის ბოძზე გააკრან. უნდა ბერას ნარკოტიკების ლეგალიზაცია? მაშინვე მიცუნცულდება შინაგან საქმეთა მინისტრი „თეთრი ხმაურის“ აქციაზე და ბოდიშებს მოუხდის ყველას ღამის კლუბში განცდილი დისკომფორტისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, უხარიათ ბავშვებს და რა ქნას მოსიყვარულე მამამ?..
თქვენც ის კითხვა გაგიჩნდათ, რაც მე? ანუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მაშინ ვინ ვყოფილვართ?.. ძნელი სათქმელია. არა, მისახვედრად ძალიან ადვილია, უბრალოდ, გამოსათქმელადაა ძნელი.
ივანიშვილის გეგმების მიხედვით, ბახტაძე პრემიერად, ჯერ კიდევ, სამი თვის წინ უნდა დაენიშნათ, მაგრამ ძველი პრემიერი გაჯიუტებულა, გაუგიჟებია თავი, პროექტები მაქვს დასამთავრებელი და არსადაც არ წავალო. პოლიტიკურ კულუარებში იმ მწარე საუბრის შესახებ გავრცელდა ამბავი, რომელიც ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის ყოფილა. ნაწილი სოციალურ ქსელშიც მოხვდა.
მოკლედ, რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ასეთი საუბარი „ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ნამდვილად შედგა.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ კვირიკაშვილი ჯიუტად არ ტოვებდა თანამდებობას.
ივანიშვილი: გიორგი, შენ ხარ უთავმოყვარეო კაცი. სამი თვეა იტყუები, დღეს გადავდგები, ხვალ გადავდგები.
ან:
– ამ აქციებისა და ამ არეულობების უკან იდექით შენ და მამუკა ხაზარაძე;
– გაანადგურეთ და გააჩანაგეთ ქვეყანა;
– გგონია არ ვიცი, რომ მიზანმიმართულად მავნებლობდი?
– პროექტები კი არ განაღვლებს შენ – მხოლოდ საკუთარი ჯიბე. მანახე ერთი ადამიანი, ვისთვისაც რაიმე გაგიკეთებია;
– ახლა, გინდა გადადექი, გინდა _ არა. ხალხი გამოგიტანს განაჩენს;
– ამასთან საუბარს აზრი არ აქვს.
ივანიშვილის გამოთქმული ბრალდებებიდან ჩანს, რომ თებერვალში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ კვირიკაშვილი მალე თანამდებობას დატოვებდა (ამის შესახებ ინფორმაცია პირველებმა სწორედ „ქრონიკა+“-მა მოგაწოდეთ), სიმართლე ყოფილა. როგორც ჩანს, თებერვალში ივანიშვილების ოჯახში უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა განწყობა, რომ დროა, ბახტაძემ თავისი თავბრუდამხვევი კარიერა განაგრძოს.
ბახტაძის კარიერა კი მართლაც ძმაკაცურად, ყველაზე მყუდრო და ყველაზე ფულიანი ადგილით, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობით დაიწყო. მხოლოდ იმის მიხედვით, რაც დეკლარირებულია, ბახტაძის ყოველთვიური შემოსავალი 2014-16 წლებში 25 ათას ლარს შეადგენდა. წელიწადში ეს 300 თასი ლარია. გამოდის, რომ ამ თანამდებობაზე ამ პატარა ბიჭს მილიონამდე აუღია ხელფასის სახით. აი, ამას ჰქვია „ძმაკაცობა“…
ფულის შოვნის შემდეგ კი მთავრობაში გადაბარგებაც არ იქნებოდა ურიგო და უტას ერთი ხელის აქნევით ბახტაძე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი გახდა. მისივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ფინანსთა მინისტრის ხელფასი თვეში 20 ათასი ყოფილა. ნაახალწლევს კი უფლისწულის საძმაკაცოში პრემიერ-მინისტრის გამოჩენას გეგმავდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, კვირიკაშვილი გაჯიუტებულა.
მოკლედ, კვირიკაშვილს არათუ გაუჭედავს, არამედ ბიძინასთვის ენაც კი შეუბრუნებია.
კვირიკაშვილი: ასე მწარედ ნუ მეუბნებით, ბატონო ბიძინა;
– არ გადავდგები, პროექტები მაქვს დასამთავრებელი.
სავარაუდოდ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, ათასობით ადამიანი რომ უნდა დასაქმდეს. როგორც ირკვევა, კვირიკაშვილის შეპასუხებაში მუქარის ტონმაც გაიელვა:
– ნუ მანადგურებთ, ბატონო ბიძინა. მე შემეძლო მეთხოვა და დარეკავდნენ თქვენთან აშშ-დან, მაგრამ არ გამიკეთებია ეს.
როგორც ცნობილია, კვირიკაშვილი, ბევრი მეოცნებისგან განსხვავებით, ამერიკელების დიდ სიმპათიებს იმსახურებდა, ამიტომ მისი ეს მუქარის სიტყვები ცარიელ ადგილზე არ იყო ნათქვამი.
მაგრამ კვირიკაშვილის ყველაზე მწარე და სიმართლის დიდი დოზით შემცველი სიტყვები ასე ჟღერდა:
_ თქვენ რომ ვინმე ჭკვიანი მრჩეველი ან ფსიქოლოგი გყავდეთ, ახლა აქ ჩემს საკითხს არ განვიხილავდით, ბატონო ბიძინა.
ძნელია, ამ ფრაზაში არ დაეთანხმო ყოფილ პრემიერს. იმ კრიზისულ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა შესული, განტევების ვაცის ძიება მარიონეტებში ძალიან დიდი სისულელეა. ივანიშვილის მუქარა, რომ აწი ხალხი გამოგიტანს განაჩენსო, იმას ნიშნავს, რომ მას მართლა სჯერა, რომ ყველაფერს გიორგი კვირიკაშვილს გადააბრალებს, ხელებს შეაწმენდს და თვითონ ისევ თეთრი და ფუმფულა გამოვა ამ ტალახიდან. ივანიშვილი, როგორც ჩანს, ვერ ხვდება, რას ნიშნავს, ხელისუფლება სისტემურ დანაშაულს რომ სჩადის. ვერ ხვდება, რა შედეგები მოაქვს ამას ხელისუფლებისთვის. არც უახლესი ისტორია ახსოვს და როგორც ჩანს, მართლაც არ ჰყავს არც მრჩეველი, არც _ ფსიქოლოგი(!).
„ქართულმა ოცნებამ“ იმით, რომ დაფარა მკვლელები და არასწორი გზით წაიყვანა გამოძიება, საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ვერავის დააჯერებს ივანიშვილი, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ მან არაფერი იცოდა; რომ ყველაზე გახმაურებული საქმის მიჩქმალვა სადღაც ხელისუფლების ქვედა ეშელონებში გადაწყდა. სისტემური დანაშაულის ჩადენისა და მისი გამჟღავნების შემდეგ პოზიტიური რეიტინგის დაბრუნება ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია.
დავუბრუნდეთ ბახტაძეს: უტასთან ახლობლობის გარდა მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო დეტალია 2012 წელი და პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ეს ამბავი „ოცნების“ მხარდამჭერებს უფრო დააინტერესებთ და იმედია, დააფიქრებთ. როგორც გაირკვა, ექვსი წლის წინ მამუკა ბახტაძე სულაც არ ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი ან მხარდამჭერი. პირიქით, მამუკა ბახტაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე 20 ათასი ლარი შესწირა.
დღეს მეოცნებეები ისტერიულად ცდილობენ, ბახტაძის ეს საქციელი როგორმე ახსნან და მომავალი პრემიერი ყოფილი ხელისუფლების მსხვერპლად წარმოაჩინონ. მათი თქმით, ახალგაზრდა ბიზნესმენს თურმე აიძულებდნენ თანხის გადახდას. ყველამ ვიცით, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა, მაგრამ მამუკა ბახტაძეზე და მის ბიზნესზე ეს ნამდვილად არ ვრცელდებოდა, რადგან იგი იმ კომპანიის გენდირექტორი იყო, რომლის დამფუძნებელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრი წყაროს მაჟორიტარი დავით ბეჟუაშვილი გახლდათ. ბეჟუაშვილი კი მთელი თავისი კომპანიებით ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო ყოფილი ხელისუფლების. ასე რომ, ივანიშვილის რჩეული ექვსი წლის წინ, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, სრულიად შეგნებულად აფინანსებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რომ არა ის შედეგი, რომელიც არჩევნებზე დადგა, ბეჟუაშვილიც და ბახტაძეც სიამოვნებით გააგრძელებდნენ იმის კეთებას, რასაც მანამდე აკეთებდნენ.
ივანიშვილის ოჯახის რჩეულობა და „ნაციონალებისთვის“ შეწირული 20 ათასი ლარი არის ჩვენი მომავალი პრემიერის მთელი პოლიტიკური ბეგრაუნდი. თუმცა არის არაპოლიტიკურიც: მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრის პოსტზე კიდევ იმით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი, რომ სოციალურ ქსელში, ინსტაგრამზე, თავის სურათებს ათავსებდა და შემდგომ არეკლამებდა მათ. ერთი შეხედვით არც არაფერი. ახალგაზრდა, 36 წლის უცოლო ბიჭისთვის სრულიად დამახასიათებელი საქციელია. მთელი მისი გონება იმითაა დაკავებული, როგორმე გოგონებს მოაწონოს თავი. ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ, გაუგებარია, რა შუაშია აქ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრობა?..
ბახტაძეზე არანაკლებ არასერიოზულად გამოიყურება ის, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილი ხელისუფლებაში შექმნილი კრიზისის მოგვარებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეისრეების შეცვლით ეს მთავრობა ხალხის გულს ვეღარ მოიგებს. საზოგადოების უკმაყოფილება უკვე გადავიდა ქუჩის პროტესტში, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი მღელვარება გველის წინ. იმისთვის, რომ მორიგ რევოლუციურ სცენარს ავარიდოთ ქვეყანა, ერთადერთი გამოსავალი არსებობს, ესაა ვადამდელი არჩევნები, რომელზეც უკვე თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ლაპარაკობენ ამდენს. ვადამდელი არჩევნებისკენ მიმავალი გზა შეიძლება იყოს ორნაირი: ერთი მშვიდობიანი, ხოლო მეორე რევოლუციური.
მშვიდობიანი გზა ესაა, თუ ხელისუფლება მიხვდება, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ თვითონ უნდა წაიყვანოს პროცესები. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ნამდვილად შეინარჩუნებს შანსს, დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და მთელი თავისი არსებობის დროს იამაყოს, რომ ქვეყანა დაპირისპირებას აარიდა;
მეორე გზა კი უკვე კარგად გაკვალულია და არაერთხელ ვიხილეთ. ესაა, როცა ხელისუფლება გაჯიუტდება და ხელისუფლების შენარჩუნებას ყველანაირი მეთოდით შეეცდება. შედეგი მაინც იგივე დგება, მაგრამ ასეთი ხელისუფლების სამომავლო შანსები ძალიან ბუნდოვნად გამიყურება.
დავუშვათ, რომ „ოცნებას“ ეყო იმდენი ტვინი, არსებული კრიზისის განმუხტვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით გადაწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში სერიოზულ პრობლემად რჩება შერეული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას აძლევს შანსს, დაბალი მხარდაჭერით მაღალ შედეგს მიაღწიოს. ისევე როგორც ეს მოხდა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მხოლოდ 44% მიიღო, მაგრამ საკრებულოში 78% დეპუტატებისა შეიყვანა. იგივე განმეორდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა ივანიშვილის გუნდს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ პარლამენტის 80% მაინც მათ აქვთ. ეს უსამართლობა მაჟორიტარული სისტემის გამო ხდება იმიტომ, რომ 150-კაციან პარლამენტში 75 დეპუტატი პროპორციული სიით ირჩევა, ხოლო 75 _ მაჟორიტარულით. როგორი დაბალი პროცენტიც არ უნდა აიღოს ხელისუფლებამ პროპორციულ ნაწილში, მაჟორიტარების წყალობით ყოველთვის უმრავლესობას აღწევს.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარემ ბაქიბუქობა დაიწყო იმის თაობაზე, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ დეპუტატს შევიყვანთ პარლამენტში, ვიდრე ახლა გვყავსო. როგორ ფიქრობთ, რა უდევს ამ გაყოყოჩებას საფუძვლად? რა და სწორედ ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც ასე კბილებით ეჭიდებიან მეოცნებეები; რომლის შეცვლასაც და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვდა „ვენეციის კომისია“, ევროსაბჭო და ეუთო. კობახიძემ შესანიშნავად იცის, რომ ამომრჩევლის ნდობა „ოცნებამ“ დაკარგა. პროპორციულ არჩევნებში, დიდი-დიდი, 25-30% მიიღონ ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ აგერ არ არიან მაჟორიტარები… ისინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ანუ პოლიციის, სკოლების, საბავშვო ბაღების, გამგეობების, გუბერნიების აქტიური გმოყენებით, სუს-ის დახმარებით, თავად მაჟორიტართა ფინანსური რესურსით ამომრჩევლის მოსყიდვისა და კიდევ უამრავი მანიპულაციის მეშვეობით, მაინც მოაგროვებენ მაჟორიტართა აბსოლუტურ უმრავლესობას და 150-კაციან პარლამენტში ისევ ეყოლებათ 100 დეპუტატამდე მაინც. აი, ამ სისტემით გაგულისებული ბაქიბუქობს ირაკლი კობახიძე.
არსებული სისტემით ვადამდელ არჩევნებზე დათანხმება კატეგორიულად დაუშვებელია. ჯერ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, გადავიდეთ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები კრიზისს ვერ განმუხტავს. პირიქით, უსამართლო არჩევნები კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს და საპროტესტოდ განწყობილ მოსახლეობას კიდევ უფრო გაამწარებს.
ადამიანები ყოველ ოთხ წელიწადში ელოდებიან არჩევნებს იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც აღარ მოსწონთ, ხელისუფლებიდან გაუშვან. როდესაც ამომრჩევლები ხედავენ, რომ ხელისუფლებამ გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე მთელმა ოპოზიციამ ერთად, მაგრამ ხელისუფლებაში მაინც ის რჩება, არჩევნების მიმართ ნდობა ქრება. მოსახლეობას უჩნდება განწყობა, რომ რახან ვერ ვცვლით ხელისუფლებას არჩევნებით, მაშინ უნდა შევცვალოთ კომბლებით. კომბლების ხელში აღების სურვილი ქართველ ერს ივანიშვილის „ოცნებამ“ უკვე გაუჩინა იმით, რომ სისტემური დანაშაული ჩაიდინა _ მკვლელებს ხელი დააფარა და გამოძიება არასწორი გზით წაიყვანა. ოცი ათასი კაცი რუსთაველზე სამი დღის განმავლობაში ამის ნათელი მაგალითი იყო. და მერა რა, რომ ამ აქციებით ხელისუფლება არ ჩამონგრეულა? ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ გაბრაზება და უკმაყოფილება არსად გამქრალა. საზოგადოება ისევ აღშფოთებულია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებებით. მოლოდინი იმისა, რომ სისტემური დანაშაული გაიხსნება და სწორედ ის ადამიანები დაისჯებიან, ვინც მკვლელების დაფარვა გაბედა, არავის აქვს. ჯერ არავის უნახვს დედამიწაზე სისტემა, რომელსაც დანაშაული ჩაედინოს და შემდეგ ამის გამო საკუთარი თავი დაესაჯოს. სამართლიანობის აღდგენისთვის ერთადერთი გამოსავალია ახალი ხელისუფლება, რომელსაც ხალხის ნდობა ექნება და პოლიტიკური ნება, ეს დანაშაული გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.
დღეს უკვე ბევრი წინასწარმეტყველებს, რომ ბახტაძის პრემიერობა ივანიშვილის ძალაუფლების გედის სიმღერა იქნება. ისევე როგორც ღარიბაშვილისა და შემდეგ კვირიკაშვილის შემთხვევაში, ახლაც ყველა ხვდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარიონეტული ფიგურაა და მხოლოდ იმიტომაა მთავრობის მეთაური, რომ რეალური ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ ეზარება ამ თანამდებობაზე მუშაობა: ეზარება ყოველ დილას სამსახურში წასვლა; ეზარება მთავრობის სხდომაზე ჯდომა და სახელმწიფო საქმეების განხილვა; ეზარება სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე სიარული და თარჯიმნის მეშვეობით საუბარი. მოკლედ, ეზარება ქვეყნის ხელმძღვანელობა და ამიტომაც დაამსგავსა ქვეყანა შპს-ს, რომელიც შეგიძლია დააფუძნო, დირექტორად სხვა დანიშნო და ფეხი ფეხზე გადადებულმა ელოდო მოგებას. მაგრამ ივანიშვილს ავიწყდება, რომ ხელისუფლებასა და ძალაუფლებას აუცილებლად მოჰყვება პასუხისმგებლობა. და როგორაც არ უნდა ცდილობდეს ბატონი ბიძინა ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას, არ გამოუვა.
ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნება რომ სდომოდა, პრემიერ-მინისტრი თავად უნდა გამხდარიყო. ასეთ შემთხვევაში ქართველი ერისთვის ყველაფერი გასაგები იქნებოდა და რაც მთავარია, შეურაცხყოფილად არავინ იგრძნობდა თავს იმის გამო, რომ 36 წლის უწარსულო ღლაპი დაუნიშნეს ქვეყნის პრემიერად.
თუმცა ივანიშვილს კიდევ აქვს შანსი, კულუარებიდან გამოვიდეს და პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. ივანიშვილისთვის ეს პოსტი ყველაზე კომფორტული იქნება _ არც მთავრობის სხდომები, არც ქვეყნის მართვა. როცა გინდა, გაიღვიძე და როცა გინდა, დაიძინე. ამასთანავე, 2024 წლამდე გარანტირებულად ხელშეუხებლობა. წარმოიდგინეთ, 6 წელიწადში რა დღეში ჩაიგდეს თავი მეოცნებეემა და კიდევ რამდენიმე წელიწადში ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამენ?!. მათი ცალტვინობით მალე „ქართული ოცნებიდან“ შეიძლება აღარაფერი დარჩეს. ასე შეიძლება ივანიშვილიც გადაიყოლოს თავისმა პარტიამ. პრეზიდენტობა კი ივანიშვილისთვის საუკეთესო ჩირგვები იქნება.

დემნა ვეშაპიძე