გახვევს თუ არა „იუნისეფის“ ახალი ანგარიში საქართველოს საერთაშორისო სკანდალში?


„იუნისეფის“ 2018 წლის ანგარიშში მოყვანილი აბზაცი, რომელმაც ყველაზე მეტად გაამძვინვარა ბიძინა ივანიშვილი:
„სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, სიღარიბის მიმართ შინამეურნეობებისა და ცალკეული პირების მოწყვლადობა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებით იყო გამოწვეული. როგორც წესი, სიღარიბის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას მიიჩნევენ. 2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე. გასული ორი წლის განმავლობაში, ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე“.

რეალურად, აქ საუბარია იმაზე, რომ კიდევ არა უშავდა რა, სანამ პრემიერი ივანიშვილი იყო. კვირიკაშვილის მოსვლისთანავე ვითარება საქართველოში კარდინალურად იცვლება.
არადა, ჯერ 2013, შემდეგ 2015 წელს სკანდალური სტატისტიკა მიაწოდა მთავრობას ექსპერტმა სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, ნატოს ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში _ შოთა ჩხეიძემ:
_ საქართველო, სამწუხაროდ, იმ სახელმწიფოთა შორის აღმოჩნდა, სადაც შიმშილობის საშუალო დონეა. გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ ის დღეში 1800 კ.კალორიაზე ნაკლებს იღებს. გაეროს მსოფლიო მოსახლეობის ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 13%-ს, ანუ 600 000 ადამიანს დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 1,25%, ანუ 2 ლარი, ხოლო აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სურსათის რეკომენდირებული ნორმების თანახმად, საკვები, რომელიც საქართველოს ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის (31-50 წ.) არის განსაზღვრული, მნიშვნელოვნად ნაკლებია 3-4 წლის ბავშვის ნორმაზე. საერთაშორისო ნორმებით, მსუბუქი შრომით დაკავებულმა საშუალო ასაკის მამაკაცმა, რომელიც იწონის 70კგ.-ს (ქალებში 60კგ.) დღეში 2700-3000 კ.კალ უნდა მიიღოს, საშუალოდ მშრომელმა 2950-3200 კ.კალ., ხოლო მათ, ვისაც მძიმე შრომა უწევთ, 3900-4500 კ.კალ. ამ დროს, საქართველოში დღიურ ნორმად დადგენილია 2300 კ.კალ., რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა არასრულფასოვნად იკვებება. სურსათი უნდა შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. კერძოდ, პური უნდა შეადგენდეს დღეში 150 გრამს, ხორცი _ 200 გრამს, რძის პროდუქტები _ 960 გრამს, კარტოფილი _ 170 გრამს, ბოსტნეული _ 370 გრამს, ხილი _ 210 გრამს, თევზი _ 50 გრამს, ცხიმი _ 30 გრამს, შაქარი _ 100 გრამს. ვერც ერთ ამ ნორმატივს რიგითი ქართველი ვერ იცავს. ჩვენი მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე (რაც 2100 კ.კალორიას შეადგენს) ნაკლებს იღებს, ხოლო 35% კი კრიტიკულზე (1800 კ.კალორია) ნაკლებს, ანუ 1600 კ.კალორიას. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის.
ახლა კი მივყვეთ „იუნისეფის“ სკანდალურ ანგარიშს, რომელიც საქართველოს ეკომიკურ, ფინანსურ, სოციალურ მხარეზე ალბათ ყველაზე რეალურ სურათს დებს. იმ სურათს, რასაც სწორედ ამ წლების განმავლობაში „ქრონიკა+“ გაგაცნობდათ.
იმავე პერიოდში ინფლაცია 9.2%-მდე გაიზარდა ისეთი კომუნალური სერვისებისთვის, როგორიცაა წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ტარიფი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27.5%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის ჯგუფის პროდუქტების შემთხვევაში ინფლაციამ 4.1%-ს მიაღწია. ამავე ჯგუფში ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი – 8.7% _ ამბულატორიულ მომსახურებაზე აღინიშნა. წლიურმა ინფლაციის დონემ 2017 წლის ივლისამდე საგრძნობლად მოიმატა და 6% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის იმავე პერიოდის პროგნოზს – 4%-ს აღემატება.
ეს, ძირითადად, გამოიწვია ფასების ცვლილებამ შემდეგი ჯგუფების პროდუქტებზე:
საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+7.1%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+17.3%), ტრანსპორტსა (+12.6%) და ჯანდაცვაზე (+6.9%). საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს შორის ინფლაციაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგი ქვეჯგუფების პროდუქტებზე:
ბოსტნეულზე (+25.6%), ხილსა და ყურძენზე (+15.9%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (+9.3%), ხორცზე (+9.1%), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (+5.6%), ზეთსა და ცხიმებზე (+5.5%) და თევზზე (+4.4%). აგრეთვე გაიზარდა „ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს“ ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასებიც (+17.3). ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების მატებამ შეადგინა +1.3%, ხოლო თამბაქოზე _ +37.1%. რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ პროდუქტებსა და სერვისებს, ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (+18.0%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (+4.0%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა _ ჯანდაცვის ჯგუფში ფასების მატება აღინიშნა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფსა (+18.1%) და ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (+5.5%). 2017 წელს ინფლაციის ზრდა ერთჯერადმა ფაქტორებმა გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა, ნომინალური ეფექტიანი გაცვლითი კურსის დევალვაცია და თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდის კიდევ ერთი ტალღა. ფაქტობრივად, წინა წლებთან შედარებით 2017 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონე 7.6%-მდე გაიზარდა.

სასურსათო ბაზარი _ საკვები პროდუქტები

სამომხმარებლო ფასების ცვლილებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ საკვებ პროდუქტებსა და უალკოჰოლო სასმელებზე (+8.3%), ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე (+32.6%), კომუნალურ სერვისზე (წყალი, ელექტროენერგია, გაზი და სხვ.) (+7.2%) და ჯანდაცვის პროდუქტებსა და მომსახურებაზე (+11.3%).

ჯანდაცვა

საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები გაძვირდა (25.2%-მდე), ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები (4.4%-მდე), ანტიბიოტიკები (13.6%-მდე), ვიტამინები (18.5-მდე), საჭმლის მომნელებელი სისტემის მედიკამენტები (23.2%-მდე) და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები (14.0%). 2017 წლის პირველი იანვრიდან აქციზის გადასახადი გაიზარდა თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე.
მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაზე მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, შემცირდა. 2016 და 2017 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ნომინალური გამოსახულებით, შესაბამისად, 6.4%-ით და 10.0%-ით გაიზარდა. 2016 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებაზე გაწეული ხარჯების წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მეორე მხრივ, 2016 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, ჯანდაცვის ხარჯები 0.6 პროცენტული ერთეულით, ხოლო სოციალურ დახმარებაზე გაწეული ხარჯები – 1 პროცენტული ერთეულით შემცირდა.
2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთლიანი სახელმწიფო ხარჯებისთვის 11.4 მილიარდი ლარია გამოყოფილი, რაც გასულ წელთან შედარებით 9.7%-იან მატებას ნიშნავს. 2018 წელს მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისთვის გაწეული ხარჯების წილი 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდება.
ამასთანავე, მოსალოდნელია ჯანდაცვის ხარჯების წილის შემცირებაც 0.7 პროცენტული პუნქტით, სოციალური დაცვის ხარჯებისა კი – 1.0 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობა

უმუშევრობის დონე საქართველოში კვლავაც მაღალია. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმებულთა განაწილება.
სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი თვითდასაქმებულია და ძირითადად სოფლის მეურნეობაშია კონცენტრირებული, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2%-ია. საქართველოში სამუშაო ძალის რაოდენობა (დასაქმებულები + უმუშევრები) 2021.5 ათასი კაციდან 1998.3 ათას კაცამდე მერყეობდა. დასაქმებულთა უმეტესობა (ე. ი. თვითდასაქმებულები და დაქირავებულები) თვითდასაქმებულია.
თვითდასაქმებულთა კატეგორია უმეტესად სოფლის მეურნეობაშია კონცენტრირებული, სადაც მათი წილი 48%-ს შეადგენს. მანამდე დასაქმებულთა რაოდენობაში თვითდასაქმებულთა და დაქირავებულთა წილები, შესაბამისად, 57.3% და 42.3% იყო. ამავდროულად, 2016 წელს დაქირავებულ თანამშრომელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.1%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 0.7%-ით შემცირდა. საინტერესოა, რომ დასაქმებისა და უმუშევრობის დონე 0.2%-ით შემცირდა.
საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავაც რჩება ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონე. 2017 წელს, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის უმუშევრობის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენდნენ 15-19 და 20-24 წლის ახალგაზრდები. უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი იყო 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (31.9%). გასულ წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 5.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალი იყო 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც და 30.0%-ს უდრიდა.

პენსიები და სოციალური დახმარებები

პენსიები და მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბავშვთა დახმარების პროგრამასა და სხვადასხვა კატეგორიისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებებთან ერთად, საქართველოში სოციალური დაცვის მთავარი ინსტრუმენტებია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ყველაზე დიდი წილი სოციალური დაცვის ხარჯებს უკავია და 2017 წელს ცენტრალური ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 24.6%-ს შეადგენდა (მშპ-ს 6.7%). სოციალური პენსიების წილი სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი მთლიანი ხარჯების დაახლოებით 62%-ს უდრიდა. საქართველოში სოციალური დახმარების ყველაზე დიდმა პროგრამამ, ხანდაზმულობის პენსიამ, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.2% შეადგინა. საქართველოში ხანდაზმულობის პენსიის თანხა ფიქსირებულია და საპენსიო ასაკის (65 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და 60 წელს გადაცილებულ ქალებზე) ყველა პირზე გაიცემა. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხანდაზმულობის პენსია 729,162-მა ადამიანმა მიიღო და მისმა მთლიანმა თანხამ 132,268,484 ლარი შეადგინა.
საქართველოს სოციალური დაცვის სისტემაში, ფულადი დახმარების სიდიდით მეორე ადგილზეა მიზნობრივი სოციალური დახმარება (TSA). მისი მიზანია იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობების გაუმჯობესება, რომლებიც ფინანსურ და მატერიალურ პრობლემებს განიცდიან. 2013 წლის ბოლოს, საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ტექნიკური ასპექტების გადასინჯვა წამოიწყო. შედეგად, ახალი კანონმდებლობა მიიღეს, რომელმაც მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმულა და სქემა შეცვალა. ასევე დაემატა ახალი მიზნობრივი პროგრამა – „ბავშვთა დახმარების პროგრამა“ (CPB). მისი განხორციელება 2015 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო კომპენსაციები 2015 წლის აგვისტოში განისაზღვრა. მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობა 30-60 ლარის ფარგლებში მერყეობს და მოწყვლადობის ქულაზეა დამოკიდებული. ამასთან ერთად, თითოეული ოჯახი, რომელსაც 100 000 ქულამდე აქვს, 16 წლამდე ასაკის ყოველი ბავშვისთვის 10 ლარს იღებს. 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 324,177 შინამეურნეობა (ანუ 977,055 ადამიანი) იყო რეგისტრირებული. აღნიშნულ პერიოდში, ყოველთვიური ფულადი დახმარება 132,051 ოჯახმა (შინამეურნეობების (ოჯახი, _ რედ.) მთლიანი რაოდენობის 12.4%-მა), ე. ი. 459,699 ადამიანმა მიიღო. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის თვიური ბიუჯეტი 21,128,468 ლარს შეადგენდა. საქართველოში სოციალური დაცვისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი დახმარებაა ბენეფიციართა სხვადასხვა კატეგორიებისთვის დადგენილი შეღავათები. ამ ტიპის დახმარებაში შედის სოციალური პაკეტი, ოჯახის დახმარება, კომუნალური გადასახადების შეღავათები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება.
მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებისთვის დადგენილ შეღავათებს მარჩენალდაკარგულები, პირველი ჯგუფის ინვალიდები, ომის ვეტერანები და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები იღებენ. ამავე დროს, მუნიციპალიტეტების უმეტესობა ფულად და მატერიალურ დახმარებებსაც გასცემს, თუმცა მათი ბენეფიციარების რაოდენობა და დახმარების თანხები საკმაოდ მცირეა.

ინფლაციის შედეგები

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში შინამეურნეობების რეალური ხარჯები შემცირდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში, გასული ორი წლის განმავლობაში, შინამეურნეობების საშუალო ნომინალური თვიური ხარჯები (788.6 ლარი) 4.1%-ით შემცირდა. ინფლაციის გათვალისწინებით, შინამეურნეობების საშუალო თვიური მოხმარება 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 10.1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ხარჯების განაწილებას, 2017 წელს შინამეურნეობების მიერ საკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯების 36.7%-ს შეადგენდა. საშუალოდ ერთი შინამეურნეობა გრძელვადიანი მოხმარების არასაკვებ პროდუქტებზე 33.8%-ს, ხოლო ჯანდაცვასა და მიმდინარე არასაკვებ პროდუქტებზე – შესაბამისად 8.7% და 14.8%-ს ხარჯავდა. ამასთან ერთად, შემოსავლების მცირე ნაწილი განათლებასა (2.8%) და სახლის გარეთ კვებაზე (3.1%) იხარჯებოდა. 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში შინამეურნეობის რეალური ხარჯების მთლიან სტრუქტურაში საკვები პროდუქტების, გრძელვადიანი მოხმარების არასაკვები პროდუქტებისა და განათლების წილები, შესაბამისად, 17.5%, 20.1% და 20.3%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვაზე, სახლის გარეთ კვებასა და მიმდინარე არასაკვებ პროდუქტებზე გაწეული ხარჯები, შესაბამისად, 6.3%, 8.0% და 51.8%-ით გაიზარდა. შეფასებების მიხედვით, 2017 წელს, შინამეურნეობის სიდიდისა და შემადგენლობის გათვალისწინების მიზნით, მათი შემოსავალი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით არის წარმოდგენილი.
თვიური მოხმარება ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე (ეზპ) გაანგარიშებით 356.7 ლარი იყო. ინფლაციის გათვალისწინებით, 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში შინამეურნეობის მიერ პროდუქტების სერვისების საშუალო მოხმარება, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით, 6.3%-ით შემცირდა. საშუალოდ, შინამეურნეობები ურბანულ დასახლებებში უფრო მეტს ხარჯავენ გრძელვადიანი მოხმარების არასაკვებ პროდუქტებზე, სახლის გარეთ კვებასა და განათლებაზე, ხოლო სოფლის შინამეურნეობები – სახლში კვებასა და ჯანდაცვაზე.
ნომინალური გამოსახულებით 2017 წელს ქალაქის მცხოვრებლები საშუალოდ 827.3 ლარს ხარჯავდნენ, რაც 10.6%-ით აღემატება იმავე პერიოდში სოფლის მცხოვრებლების მიერ გაწეულ ხარჯებს (748.2 ლარი). ურბანულ დასახლებებში შინამეურნეობის მიერ სახლში კვებაზე გაწეული ხარჯები მთლიანი თვიური ხარჯების 32.9%-ს, ხოლო სოფლად – 41.2%-ს შეადგენდა. ამის საპირისპიროდ „სახლის გარეთ კვების ხარჯები“ ქალაქებში უფრო მაღალი იყო (მთლიანი ხარჯების 3.7%), ვიდრე სოფლებში (2.4%). ამასთან ერთად, „გრძელვადიანი მოხმარების არასაკვებ პროდუქტებსა“ და „განათლებაზე“ გაწეული ხარჯები ურბანულ დასახლებებში ბევრად აღემატებოდა (36.3% და 3.7%) სოფლად იმავე კატეგორიებზე გაწეულ ხარჯებს (30.9% და 1.8%). 2017 წელს ქალაქში მცხოვრები შინამეურნეობების მიერ პროდუქტების საშუალო თვიური მოხმარება ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით 376.4 ლარს უდრიდა, ხოლო სოფლებში – 336.3 ლარს. ამავდროულად, სოფლად შინამეურნეობების მიერ პროდუქტების მომსახურების მოხმარების რეალური ხარჯები, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით, 0.4%-ით, ქალაქებში კი – 10.9%-ით შემცირდა.
2017 წლამდე პერიოდში, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე გაანგარიშებით, შემოსავლების უთანასწორობა 0.43-დან 0.42-მდე შემცირდა. ქალაქებში ეს მაჩვენებელი 0.42-დან 0.41-მდე შემცირდა, ხოლო სოფლებში 0.39-დან 0.42-მდე გაიზარდა. მთლიანობაში, საქართველოში მოხმარების უთანასწორობა 2015 წლის შემდეგ არ შეცვლილა. ამის მიუხედავად, სოფლად მოხმარების უფრო მაღალი უთანასწორობა იკვეთება, ვიდრე ურბანულ დასახლებებში. სიღარიბის მონეტარული მაჩვენებლები ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ წინა ანგარიშების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის სიღარიბისა და კეთილდღეობის მდგომარეობა წარმოდგენილ ანგარიშშიც სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე შეფასდა. ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4.0%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში – 4.5%. 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, გაიზარდა.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკა

გასული ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი, შესაბამისად, 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა (ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია მედიანური მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარს შეესაბამება). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა. ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პენსიონერთა წილიც 19.3%-დან 20.4%-მდე გაიზარდა. შეფასებების მიხედვით, სოფლებში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს შინამეურნეობების 24.1%, ხოლო ურბანულ დასახლებებში – შინამეურნეობების 20.9%. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1%-20.9%).
ასე და ამრიგად, საქართველოში ზოგადი სიღარიბის დონე გაიზარდა. თუ 2015 წელს ეს მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა.
საქართველოში ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს შინამეურნეობების 19.6%, მოსახლეობის 21.7%, ბავშვების 27.6% და პენსიონერების 17.6% (ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება). შეფასების მიხედვით, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სოფლად შინამეურნეობების 20.8% და ქალაქად – 18.4% ცხოვრობს. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რიცხვი, შესაბამისად, გაიზარდა. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ზოგადი სიღარიბის ზრდა სამწუხარო ფაქტია, ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
შეფასების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე). 2015-დან 2017 წლამდე პერიოდში საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერთა რიცხვი, შესაბამისად, პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც. მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობს ერთ ან ორბავშვიანი ოჯახების, შესაბამისად 27.2% და 24.5%. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან შინამეურნეობებს ეხება, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39.9%-მდე, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში – 33.4%-მდე იზრდება.
პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე ასეთმა ეკონომიკურმა წნეხმა შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა შეცვალა. ეს ნიშნავს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებზე უფრო მეტად აისახა ინფლაციური პროცესები, ვიდრე მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ოჯახი საქართველოში არსებობისთვის იბრძვის.

თამარ როსტიაშვილი