დავით სარაჯიშვილი – ჩუმი ქველმოქმედი, რომელსაც „ერის მამობის“ პრეტენზია არ ჰქონდა

იმ დროს, როცა დავით სარაჯიშვილი მეცენატობდა, არ იყო Forbes-ის რეიტინგი, თორემ, იქნებ, სწორედ ის ყოფილიყო პირველი ქართველი, ვინც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის.

საქართველოში დავით სარაჯიშვილი მეცენატობის სიმბოლოდაა ქცეული, ხოლო მისი ცხოვრება ქველმოქმედების უბადლო ნიმუში გახლდათ. ამასთან, უდიდესი სიმდიდრის ფლობის მიუხედავად, დავით სარაჯიშვილი სიკვდილამდე თავმდაბალ ადამიანად დარჩა, რომლის სახლში ნებისმიერ დროს თანაბრად მიესვლებოდა გლეხსაც და ინტელიგენტსაც – დავით სარაჯიშვილს არასდროს გასჩენია „ერის მამობის“ პრეტენზია და არც არასდროს უფიქრია ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში ჩართვაზე – აკეთებდა საქმეს, რაც კარგად იცოდა და მეგობრობდა, ხელს უწყობდა და ეხმარებოდა მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა…
1866 წელს დავითი პეტერბურგში გაემგზავრა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ ის უკვე გერმანიაში ჯერ მიუნხენის, მერე ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას, რომელსაც 1871 წელს ამთავრებს ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით.
საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში დავითი საზოგადოებრივ მოღვაწეობაში ჩაება და უცხოეთში სასწავლებლად მყოფ ახალგაზრდათა (ივანე მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე, ვასილ პეტრიაშვილი, გიორგი წერეთელი…) მიერ დაარსებულ საზოგადოება „უღელის“ აქტიური წევრი გახდა. საზოგადოება მიზნად ისახავდა ევროპული საზოგადოებრივი აზრის, ლიტერატურის შესწავლასა და პოპულარიზაციას საქართველოში. მათი ოცნება იყო სამშობლოს განთავისუფლება _ ეროვნული დამოუკიდებლობა.
დავითს კარგად ესმოდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელი იყო სამამულო მრეწველობის შექმნა, ამიტომ, საქართველოს ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, დავითი სოფლის მეურნეობით დაინტერესდა. ქ. ჰოპენჰაიმსა და ქ. ჰალეში განაგრძო სწავლა, 1878 წელს კი საფრანგეთში გადავიდა მევენახეობა-მეღვინეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით. სწორედ საფრანგეთში შეისწავლა მან არყის, ლიქიორისა და კონიაკის წარმოების ტექნოლოგია.
„დავითი კაპიტალისტი იყო არა მარტო იმიტომ, რომ კაპიტალის შეძენა უყვარდა, არამედ _ იდეისთვის. დ. სარაჯიშვილი გატაცებული იყო არა სიმდიდრის მოპოვების სურვილით, არამედ თავისი საქმიანობის იდეით“ (დ. გურამიშვილი, „სახალხო გაზეთი“, 1911).
სწორედ საქართველოში მრეწველობის შექმნის იდეა დაედო საფუძვლად სამშობლოში დაბრუნებული დავითის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების წამოწყებას. ქართული და მეზობელი ქვეყნის ყურძნის ჯიშების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად დავითი დარწმუნდა, რომ ქართული ჯიშის ყურძენთა ნაწილი ქიმიური შემადგენლობითა და თვისებებით საკმაოდ ემსგავსება ფრანგულ საკონიაკე მასალად მიჩნეულ ყურძნის ჯიშებს. დავითის მკაცრი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა წარმოების ყველა ეტაპი: სპირტის გამოხდა ფრანგული წესით, სპირტის დენატურაცია, დაძველება მუხის კასრებში. დაუღალავმა შრომამ წარმოუდგენელი შედეგი გამოიღო, _ XIX ს.-ის 90-იან წლებში სარაჯიშვილის ფირმა 50-მდე, ხოლო XX ს.-ის დამდეგს 60-მდე დასახელების ალკოჰოლიან სამელს ამზადებდა: არაყი, კონიაკი, რომი, შამპანი, ფარნშამპანი, გრანდ შამპანი, ბენედიქტინი, შასტრეზი, სხვადასხვა ნაყოფის ნაყენები, ლიქიორები და ა. შ. სარაჯიშვილის ფირმამ მონოპოლიური მდგომარეობა მოიპოვა სპირტ-კონიაკის წარმოებაში რუსეთის იმპერიის ბაზარზე. ფირმის პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა და შესაბამისად საღდებოდა ევროპისა და აზიის ბაზრებზეც: ბერლინი, ვენა, ჟენევა, ლონდონი, თავრიზი, კონსტანტინოპოლი. სარაჯიშვილისეულმა პროდუქციამ 1989-1913 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე 14 მედალი (აქედან 10 ოქროს) მოიპოვა.
დავით სარაჯიშვილის საკუთრებაში იყო არყისა და კონიაკის ქარხნები ერევანში, ყიზლარში, ბაქოში, ვლადიკავკაზში, ბესარაბიაში, ბარგუშეთში, გოგჩაში, ელიზავეტოპოლში, ასევე კონიაკისა და ღვინის საწყობები: ოდესაში, მოსკოვში, პეტერბურგში, ვარშავაში, ბაქოში, ფიოდორიში, ჩალოუში, კიევში, ვილნიუსში, რიგაში, ხარკოვში, როსტოვში, სამარაში, ყაზანსა და ა.შ.
დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 1880 წელს, მამისეულ სახლში დაბრუნდა (სერგეევის 13, ამჟამად ივანე მაჩაბლის ქუჩა). დაბრუნებისთანავე დასახლდა იქ, სადაც დაიბადა. 1880 წელს მან შეიძინა სასახლის ქუჩაზე ძველი ბინის ნაწილი, დაანგრია და მის ადგილზე ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა. „როდესაც დავითმა დაანგრია მამისეული სახლი სერგეევის ქუჩაზე, პირველი სართულის ქვეშ სარდაფები იყო და მახსოვს, მუშებმა 22 ბოთლი კარგად დაცობილი ძველი ღვინო იპოვეს. ახალი ბინის საძირკვლის ჩაყრისას კი დავით ზაქარიას ძემ მუჭა ოქრო ჩაყარა, მაგარი საძირკველი ექნებაო (ასეთი იყო მაშინ რწმენა, ადათი), ჩვენ დროებით გადავედით საცხოვრებლად ფრეილინის ქუჩაზე“. (ა. მამაცაშვილის მოგონებიდან). ერთხანს ამ სახლში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელმა საზოგადოებამ“ დაიდო ბინა. მცირე ხნით აქ აკაკი წერეთელიც ცხოვრობდა, ივანე მაჩაბელიც და არტურ ლაისტიც. 1907 წელს ავადმყოფი აკაკი წერეთელი ამ სახლში იწვა მასპინძელი ოჯახის მზრუნველობით. სახლს ულამაზესი ეზო ჰქონდა, ბაღი. მოლსა და ხეებს შორის საგანგებოდ დაკვალული ბილიკებით და მოუსვენარი, პლასტიური ფორმის აუზით, რომლის ცენტრშიც „პუტის“ მცირე ქანდაკება იყო აღმართული.
არქიტექტორად მოიწვია კარლ ცაარი, მასთან ერთად მუშაობდნენ თბილისელი არქიტექტორები: ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევი. სახლის მშენებლობა 1905 წელს დასრულდა და 3 მაისს დიდი ზეიმით აკურთხეს. პირველ სართულზე თავად დავითი ცხოვრობდა, აქ იყო მისი მისაღები, კაბინეტი, საზეიმო დარბაზი. დავით სარაჯიშვილის ულამაზესი პატარა სასახლე იყო იშვიათი ხის ჯიშებით დამშვენებული ბაღით, შადრევნებით, არწივისა და თუთიყუშისთვის საგანგებო გალიებით და პატარა კლდით, რომელზედაც ამაყად იყო გადმომდგარი მის საფირმო ემბლემაზე გამოსახული შავრქიანი ჯიხვის ქანდაკება. თვით სასახლის დარბაზები კი იშვიათი ბუხრებით, ბრინჯაოს ქანდაკებებით, ფერწერული ტილოებით, სარკეებით, ავეჯით და სხვა ძვირფასი ნივთებით იყო დამშვენებული.
სასახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ქორწილის იუბილეს, „ვერცხლის ქორწილს“ დაამთხვია, სადაც თავი მოიყარეს იმდროინდელმა საზოგადო მოღვაწეებმა… უამრავი სტუმარი: ვალერიან გუნია, დავით ფორაქიშვილი, აკაკი წერეთელი, გიგო გაბაშვილი, დათა ჩოლოყაშვილი, დავით ერისთავი, საშიკო ორბელიანი, ელისაბედ თარხნიშვლი. ამ სახლში დავით სარაჯიშვილი ხშირად მართავდა მუსიკალურ საღამოებს და მომღერლებს, მწერლებს, მხატვრებს იწვევდა.
სარაჯიშვილის საგვარეულო მამულიდან გლეხ ტიმოთე კოტორაშვილს 6-7-ურმიანი ქარავნით ყურძენი ჩამოჰქონდა დასაწურავად და საკონიაკე სპირტის გამოსახდელად ოლღას (დღეს მერაბ კოსტავას) ქუჩაზე მდებარე სარექტიფიკაციო ქარხანაში, ასე რომ დიღმურ ყურძენს დიდი წვლილი მიუძღოდა ქართული კონიაკის დამკვიდრებაში. დაიწყო საკონიაკე სპირტის გამოხდა ფრანგული ტექნოლოგიით, მათი დაძველება მუხის კასრებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ კარდად ფლობდა კონიაკის წარმოების ტექნოლოგიას, მოიწვია ფრანგი სპეციალისტი ანტონ ჟურდი. 1884 წლის პირველ სექტემბერს თბილისში ოლღას ქუჩაზე სპირტის ქარხანა გაიხსნა, რითაც დაიწყო სარაჯიშვილმა სამრეწველო მოღვაწეობა. რამდენიმე რეკონსტრუქციის (1886-1892) ქარხანა დაკომპლექტდა ახალი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და თბილისის პირველი სარექტიფიკაციო ქარხანა გახდა.
დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო თავის საწარმოებში 8-საათიანი სამუშაო დღე 9 სათიანი სამუშაოს მოთხოვნის საპასუხოდ. დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკა და რაც მთავარია, არც ანდერძში დაივიწყა _ ქარხნებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მუშების კეთილდღეობისთვის გაიღეს.
საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივით და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნისა და მრავალ სხვა ეკლესიას.
ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში დავითს გვერდში ედგა ერთგული მეუღლე _ ეკატერინე ფორაქიშვილი. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე წყვილს შვილი არ ჰყავდა. „რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!“ (დ. სარაჯიშვილი).
დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიასა და მრავალ სხვას, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. „გავლიან დღენი, თვენი, საუკუნენი და დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის ხსენებას ვერავინ ამოშლის, ვერავინ ამოფხიკავს… შთამომავლობას გადაეცემა მისი ხსოვნა. ვინაიდან მისგან დაზრდილსა და განათლებულის ქართველთა შვილებით და შვილიშვილებით იქნება საქართველო სავსე“ (ზაქარია ჭიჭინაძე).
დავითი 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა ანდერძმა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საზოგადოება. ანდერძის თანახმად, მრავალმილიონიანი ქონების უდიდესი ნაწილი ქართველი ერის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. „თავისი ანდერძით სიკვდილი დათრგუნა და ბრწყინვალე შარავანდედი შეიმოსა“ (ი. გოგებაშვილი).
„განსვენებულის საფლავი დიდუბის ეკლესიის ეზოში მუდამჟამ სათაყვანებელი იქნება ქართველებისთვის“ (დეკანოზი ნ. თალაკვაძე).
საქართველოში დატრიალებული მოვლენების გამო, სამწუხაროდ, არც ეს წინასწარმეტყველება ასრულდა. დავითის ნეშტმა სამჯერ შეიცვალა განსასვენებელი: 1938 წელს, ხელისუფლების დადგენილებით, პანთეონში „ბურჟუას“ ადგილი არ იყო, ის ჯერ ვაკის სასაფლაოს ხევში, შემდეგ კი, მისივე თითიდან მოხსნილი ბეჭდის წყალობით, ვაკის სასაფლაოზე დაასვენეს. 1995 წელს კი მისი სახსრებით აშენებულ ქაშვეთის ეკლესიაში (ამ ფაქტის აღსანიშნავად ეკლესიის შესასვლელ კარზე დავითისა და მისი მეუღლის ინიციალებია ამოტვიფრული) გადაასვენეს. გულდასაწყვეტია, რომ არც აქ აღმოჩნდა სათანადო განსასვენებელი ამ ღირსეული წყვილისთვის, საფლავის ზედა პლიტა საეკლესიო მაღაზიის ვიტრინას ერწყმის, საფლავის ქვა კი მუდამ ავტომანქანებით არის შემოფარგლული(!!!).
„მაგრამ არ დაგივიწყებს შენ ჩვენი ჩამომავლობა და ყოველი ეროვნული საქმის დროს შენც, როგორც თანამოზიარე, ოცნებით გვერდით ეყოლები წარმოდგენილი“ (აკაკი წერეთელი).

დოროთე გითოლენდია