საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე შეყვარებული მომავალი ეკონომისტი

ახალგაზრდა, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით უდგება საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკითხებს. სტუდენტი, რომელმაც ეროვნულ არქივში სწორედ თავისი მოტივაციისა და ინტერესის საფუძველზე საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა იკვლია და საკმაოდ საინტერესო ცნობებიც შეაგროვა ფართო საზოგადოებისთვის…

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, სტუდენტური სამეცნიერო პროექტი წამოიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის საშუალების მიცემას, გარკვეული პერიოდით მკვლევრებად ემუშავათ ეროვნულ არქივში, მოეძიათ მათთვის საჭირო დაცული დოკუმენტები და შეესწავლათ ეროვნულ არქივში მუშაობის სპეციფიკა. ერთ-ერთი კონკურსანტი ნიკოლოზ სეფიაშვილი გახლავთ, დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომელზეც, ვეჭვობთ, ძალიან მალე კვლავ დავწერთ მორიგი წარმატების ისტორიითა და მიზანმიღწეული პიროვნების სტატუსით.
19 წლის სტუდენტი წარმოშობით კახეთიდანაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სწავლობს.
როგორც ყვება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სფერო ეკონომიკაა, საქართველოს ისტორიის ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდა, განსაკუთრებით კი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მოვლენების. ამ პერიოდით დაინტერესება, დაახლოებით, 14-15 წლიდან დაიწყო, როდესაც დიდი ბაბუისგან გაიგო, რომ გვარში წინაპარი ჰყავდათ, ვისაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი… წინაპრების ბიოგრაფიის კვლევა ნელ-ნელა, დროთა განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის ისტორიის უფრო ღრმად შესწავლასა და შემდგომ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაში გადაიზარდა.
საქართველოს ეროვნულ არქივთან მისი დაახლოება კი მე-10 კლასიდან დაიწყო, როდესაც მთელი თბილისის მასშტაბით საქართველოს ეროვნულმა არქივმა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ჩაატარა ინტელექტუალური სასკოლო ღონისძიება „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, რომელიც რა? სად? როდის? ტიპის სააზროვნო თამაში გახლდათ.
მე-10 კლასში პირველად მიიღო მონაწილეობა ამ საგანმანათლებლო პროექტში, რის შემდეგაც უფრო გაუფართოვდა პირველი რესპუბლიკის ისტორიის შესწავლის ინტერესი.
იმაზე, თუ როგორ დაიწყო მუშაობა საქართველოს არქივში და რატომ აირჩია თემად პირველი რესპუბლიკის ეკონომიკა, თავად გვიყვება:
„პროექტში, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს უკავშირდებოდა, კონკურსანტებს შორის მე, ბაკალავრიატის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი და მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე აგვარჩიეს.
პირველი რესპუბლიკის საკვლევ თემატიკაში შეზღუდულები არ ვყოფილვართ, ვისაც რა სფერო გვაინტერესებდა, იმ კუთხით წავიყვანეთ ჩვენი მუშაობა. ამ მხრივ, ვფიქრობ, საკმაოდ მრავალფეროვანი და ნაყოფიერი შედეგი ვაჩვენეთ. არჩეული საკვლევი თემები მოიცავდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო (გიორგი ჯავახიშვილის კვლევა), საგანმანათლებლო (კონსტანტინე გოგიბერიძის კვლევა) და ეკონომიკურ საკითხებს, რაც ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ასევე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული საკითხები აღმოჩნდა.
ზოგადად, ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ეკონომიკისთვის მათემატიკის ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ისტორია და სოციოლოგია. შეიძლება ვინმე შემედაოს, თუმცა ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა.
როდესაც ერთ-ერთ კონკურსანტად მეც ამარჩიეს ეროვნულ არქივში, თავიდანვე ვიცოდი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემი კვლევა ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობოდა, გამომდინარე ჩემი სამომავლო პროფესიიდან და ზოგადი ინტერესიდან.
პირადად ჩემი სტუდენტური კვლევა დაეთმო საქართველოს პირველ ფინანსთა სამინისტროს, მის მოწყობას: შტატებს, განყოფილებებს, უფლება-მოვალეობებს, ასევე პირველი ქართული ქაღალდის ფულადი ნიშნების ემისიას 1918-1921 წლებში.
ჩვენი ნაშრომები ეროვნული არქივის საიტზე ელექტრონულად აიტვირთება.
აღნიშნული სტუდენტური პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ყველას ვურჩევ, ვინც დაინტერესებულია ისტორიით, სოციოლოგიით, ფილოლოგიით, ეკონომიკით, სამხედრო თემატიკით არ გაუშვან ასეთი შესანიშნავი შანსი ხელიდან და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტში, რაც შესანიშნავი გამოცდილება იქნება მათთვის“.
19 წლის ახალგაზრდა, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ მიღწევად სკოლის წარმატებით დამთავრებას მიიჩნევს. ამბობს, რომ პირველივე კლასიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, მამამისის მსგავსად სკოლა ოქროს მედალზე დაემთავრებინა და ძალიან ახარებს ფაქტი, რომ ასეც მოხდა.
წარჩინებით დაამთავრა თბილისის ალოიზ მიზანდარის სახელობით ხელოვნების სკოლაც მუსიკალური განხრით (ფორტეპიანო). როგორც ნიჭიერი მოსწავლე, თბილისის მერიისგან დანიშნულ სტიპენდიასაც იღებდა.
ხუმრობით ამბობს, რომ როცა მის პატარ-პატარა „წარმატებებზე“ საუბრობს, არ შეიძლება არ დაასახელოს პირველი „წარმატება“, პირველი დიპლომი, რომელიც პირველ კლასში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის სააღდგომო გამოფენაში მონაწილეობისთვის დაიმსახურა. ბავშვობის შემდეგ ხატვაზე სიარული აღარ გაუგრძელებია, რასაც ახლა ძალიან ნანობს.
ხატვის სურვილი შემდეგ პოეზიისკენ მიდრეკილებამ ჩაანაცვლა. სკოლაში მოსწავლეთა სამოყვარულო ლიტერატურული წრე ჰქონდათ, რომლის ერთ-ერთი აქტიური წევრიც ჩვენი სტატიის მთავარი გმირი გახლდათ.
ნიკოლოზი აქტიურადაა ჩართული რიგ პროექტებში ქვეყნის გარეთაც. რამდენიმე თვის წინ პოლონეთში, ქალაქ ჟეშუვში იმყოფებოდა ერთ-ერთ სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც საკმაოდ წარმატებულად გამოვიდა ფართო აუდიტორიის წინაშე.
იხსენებს, რომ ყველაზე დიდი სირთულის გადალახვა ბავშვობაში მოუწია, რადგან ჯანმრთელობის მხრივ დაბადებისას პრობლემები ჰქონდა. ამი გამო ბავშვობაში ვერ უძლებდა მცირე ფიზიკურ დატვირთვასაც კი, ადვილად ცივდებოდა… პრობლემის გადალახვა კი მხოლოდ სისტემატური ვარჯიშითა და მშობლების თანადგომით მოახერხა.
ამბობს, მშობლების დამსახურებაა, რომ ბავშვობიდანვე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში იყო ჩართული, რამდენიმე წლის მანძილზე ცურვაზეც ატარეს. პარალელურად დადიოდა ტენისის კორტებზეც, რამდენიმე წელი კალათბურთის თამაშსაც მიუძღვნა.
საბოლოოდ, შრომამ და ვარჯიშმა თავისი შედეგი გამოიღო და დღეს ბავშვობის დროინდელი პრობლემები უკვე დაძლეულია!..
გვიტყდება, რომ საქმეში ყველაზე დიდი კრიტიკოსები მისი ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები არიან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი სტატიის გმირი დროს არ ინანებს კითხვასა და ფიქრისთვის, ამიტომ, შეიძლება, თავისუფლ დროს მთელი დღის მანძილზე სახლში იჯდეს და რაიმე საინტერესო ლიტერატურას გაეცნოს ან შემეცნებით გადაცემას დაუთმოს დრო…
ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად კარგად შეასრულოს მისი გასაკეთებელი საქმე და უკან არასდროს დაიხიოს. ყოველი ახალი გათენებული დღე კი იმედსა და სტიმულს აძლევს, რომ შემდეგი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნება!
ოცნებობს დასახული მიზნების ასრულებასა და სასურველის მიღწევაზე.
მისაბაძად მიიჩნევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობს ფუჭად არ გაატაროს თავისი ცხოვრება და რამით მაინც დადებითი კვალი დატოვოს საზოგადოებაში.
კითხვაზე, თუ რა პრობლემას ხედავს დღეს საქართველოში თავისი გადმოსახედიდან, შემდეგნაირად გვპასუხობს:
„საზოგადოების წევრებს გვმართებს, უფრო მეტად ვიყოთ ახლოს ერთმანეთთან, რომ გვესმოდეს ერთმანეთის, კი არ გვშურდეს ვინმეს წარმატების, არამედ პირიქით, ეს კარგი მაგალითი იყოს მოტივაციისთვის, რათა სხვამაც იშრომოს და მიაღწიოს თავის მიზანს!
ვფიქრობ, თანადგომა და ერთობა, მაღალ სამოქალაქო თვითშეგნებასთან ერთად, ქვეყნის სწორად და სწრაფად განვითარების ერთადერთი გზაა.
რაც ზემოთ აღვნიშნე, იმ პრობლემის მოსაგვარებლად კი, ჩემი გადმოსახედიდან, პირველ რიგში, საჭიროა სითბო, პოზიტივი, ოჯახში _ მშობლისგან, ხოლო სკოლაში _ მასწავლებლებისგან. ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ სპორტულ აქტივობაში მოზარდთა ჩართულობა მომავალი თაობის კარგად აღზრდის საწინდარია“, _ ამბობს ნიკოლოზი.
მუდმივად ფიქრობს რაიმე ახლისა და ღირებულის შექმნასა და მეტის სწავლაზე.
ყველაზე მეტად ბებია და ორივე ბაბუა ენატრება _ ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრი რამ ისწავლა ცხოვრებაში.
ამბობს, რომ ის საქმე, რასაც აკეთებს, მისთვის პირველ რიგში სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, შემდეგ კი უკეთეს პროფესიონალად ჩამოყალიბების მცდელობაა.
ახლა ცხოვრების იმ ეტაპზეა, რომელზედაც მთელი მისი შემდგომი გზა იქნება დამოკიდებული.
საკვირველია, თუმცა ფიქრობს, რომ საკუთარი თავი უკვე იპოვა, მაგრამ ჯერ კიდევ იბრძვის მის შესაცნობად, შემდეგ კი საკუთარი ადგილის საპოვნელად საზოგადოებაში.
მიაჩნია, რომ ადამიანს ორი მთავარი მიზანი აქვს, პირველი: იპოვოს საკუთარი თავი პროფესიაში და მეორე: შექმნას ოჯახი, რომელიც მასზე უკეთეს მომავლ თაობას აღრზდის.
ცხოვრობს პრინციპით, რომ იცხოვროს და არა უბრალოდ იარსებოს!
სავსებით დარწმუნებულია, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში მაქსიმალური წარმატების მიღწევის შანსი ყველას აქვს. ამისთვის კი საჭიროა დაუღალავი შრომა. ამბობს, თუკი ადამიანს რაიმე სურს და მის მისაღწევად შრომობს, აუცილებლად მიაღწევს. ამასთან, არასდროს უნდა ვუღალატოთ პრინციპებსა და საკუთარ ღირსებას.
ახალგაზრდა და მომავალი ეკონომისტის სამომავლო გეგმებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება შედის, ყველაზე ხშირადაც სწორედ მომავალზე ფიქრობს.
ცხოვრებაში, პირველ რიგში, უფლის, შემდეგ მისი ოჯახისა და მეგობრების იმედი აქვს.
ამბობს, რომ ყველაზე დიდი სიმშვიდე პოზიტივის გაზიარებას მოაქვს: „რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“ _ ეს სიტყვები მისი საყვარელი გამონათქვამია და ერთბაშად ამბობს ნიკოლოზის სათქმელსაც.
გასაკვირი არ არის ჩვენი სტატიის მთავარი გმირის პასუხი კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანასა და ეპოქაში დაიბადებოდა, შანსი რომ ჰქონდეს. ეს ცალსახაა _ რა თქმა უნდა, 1918-1921 წლების საქართველოში!
19 წლის შრომისმოყვარე და პერსპექტიული ახალგაზრდის გზავნილი საზოგადოებისთვის შემდეგია:
„ვიყოთ მეტად ყურადღებიანი ერთმანეთის მიმართ, რადგან საზოგადოება ჩვენი ოჯახია, ხოლო თითოეული ადამიანი ამ ოჯახის წევრი. უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს საჭირო დროს გვერდით დავუდგეთ. ვიყოთ მაქსიმალისტები და არა _ ამპარტავნები!“

ნინო ტაბაღუა