„საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ წინსვლა

ტურიზმი ნამდვილად არის ის ღერძი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და საერთაშორისო დონეზე მის წინსვლას განაპირობებს. ამ სფეროს წარმატება თავისთავად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება ვიზიტორი კმაყოფილი შემოთავაზებული მომსახურებით. რაც უფრო მეტია ნაფიქრი სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული მოცემულობების უზრუნველფყოფაზე, ბუნებრივია, მით მეტია ინვესტორის რაოდენობა.

შალვა ალავერდაშვილი _ „საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი:
„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, სულ რაღაც, ერთი თვის წინ პირველი ფედერაცია გახდა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც გაწევრიანდა HOTREC-ში _ ევროპის სასტუმროების გაერთიანებაში. ეს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ არ მომხდარა და პირველად ჩვენ მიგვიღეს. ეს ყველაზე დიდი წარმატებაა არა მხოლოდ ჩვენი ფედერაციისთვის, არამედ ქვეყნის აღიარების საკითხში. სწორი მიმართულებით მივდივართ ტურიზმის განვითარების მხრივ და, განსაკუთრებით, სასტუმროების განვითარების კუთხით. პრეზენტაციაზე ანგარიშს ჩავაბარებთ. ვართ აბსოლუტურად არამომგებიანი და არადაფინანსებული ფედერაცია. არც სახელმწიფო ბალანსზე ვართ. ჩვენი ფინანსური შემოსავალი არის საწევროს გადასახადი, განხორციელებული ვიზიტები. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარი თავი თავადვე დაიფინანსა. მაგალითად, HOTREC-ის წევრი როცა გავხდით, თვითონვე წავიდა საკუთარი ხარჯებით, რომ საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო, რაც ძალიან მისასალმებელია. ჩვენთან ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი გველაპარაკება. ვცდილობთ, რომ მათ დავეხმაროთ და რეკომენდაციები მივცეთ, სწორად როგორ იმუშაონ“.

სასტუმროები, რესტორნები

„ჩვენთან, ძირითადად, გაერთიანებულია არაბრენდული სასტუმროები, რომლებსაც უფრო მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება, ვიდრე ბრენდულ სასტუმროებს; რეგულაციებთან მიმართებით როგორ ავუწყოთ ფეხი მსოფლიო სტანდარტებს და ა. შ. რეალურად, ქვეყანაში სასტუმროების სტანდარტი არ გაგვაჩნია, თუმცა ვცდილობთ, რომ ინოვაცია გავრცელდეს, ფედერაციის წევრებისთვის გარკვეული ტრენინგები ვაწარმოოთ და ა. შ. ამ წუთებისთვის, საგადასახადო სივრცესთან მიმართებით, ომბუდსმენთან სამი წინადადება შევიტანეთ. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს შევხვდით და არაერთი საკითხი დავსვით, იმედი გვაქვს, სასტუმროების ე. წ. საგადასახადო რეგულაციები თანდათანობით გამოსწორდება და სასტუმროები გარკვეულ შეღავათებს მიიღებს“.

რეგულაციები

„ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა: რამდენიმე წლის წინ, როცა სასტუმროებში უცხოური ვალუტის მიღებაზე ნება დაგვრთეს, ამ მიმართულებით ჯარიმები მოიხსნა. განსაკუთრებით, სასტუმროს შეუძლია, ერთიანი გადახდის საშუალებით უცხოური ვალუტა აიღოს (2000 დოლარის ეკვივალენტი ლარში) და ამაზე ჯარიმა არ გამოიწერება.
სასტუმროებში შემოსული კლიენტების დიდი ნაწილი, აეროპორტის გრაფიკიდან გამომდინარე, ღამით მოდის, დაღლილია და სადმე წასვლასა და ფულის გადახურდავებას ურჩევნია, უცხოური ვალუტა გამოიყენოს. სასტუმროებისთვის ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე, რაც ჩვენი აქტიურობით შევძელით, იყო ქრონომეტრაჟის მიხედვით სასტუმროებისა და რესტორნების დაჯარიმების მოგვარება. აბსურდული კანონები და აბსურდული ჯარიმები გახლდათ. ეს პრობლემაც მოიხსნა. ომბუდსმენი გიორგი პერტაია ძალიან დაგვეხმარა. ასეთი პატარა ცვლილებებით, თანდათანობით, ვეხმარებით სასტუმროებსა და რესტორნებს. პირველი თემა, რაც ომბუდსმენთან შევიტანეთ, არის ჭურჭლის ჩამოწერა. თითქოს არაფერია. დღევანდელი კანონის მიხედვით გატეხილი ჭიქის ნამსხვრევები უნდა შევაგროვო და შევინახო. გარკვეული პერიოდის შემდეგ საგადასახადოს ინსპექტორი უნდა გამოვიძახო, ვაჩვენო ეს ნამსხვრევები და, აქტის საფუძველზე, შემიძლია, ჩამოვწერო. სხვა შემთხვევაში ჩამოწერის უფლება არ მაქვს. ჩვენთვის, ბუღალტერიის სწორად წარმოების მხრივ, ეს ძალიან დიდი ხარვეზია. რეალური პრობლებით, რაც არავირტუალურია და არაგლობალური, ვცდილობთ, რომ რაღაც შეღავათები მიიღოს, განსაკუთრებით, პატარ-პატარა ბიზნესებმა, რესტორნებმა და სასტუმროებმა. ერთ-ერთი მაგალითი, რაც მახსენდება, არის ხუთი ნომრის ჩათვლით პატარა სასტურმოების მთლიანი განთავისუფლება გადასახადებისა და ბუღალტრული წარმოებისგან და გადასვლა ე. წ. ფიქსირებულ გადასახადზე, რაზეც ბევრი გვეთანხმება, თუმცა, ჯერჯერობით, რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა. საქმის კურსშია ყველა _ შევხვდით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ომბუდსმენს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს. იმედია, ამ საკითხის გადაჭრის პროცესიც დადებითად ჩაივლის. პატარა გესთჰაუსები, თავისთავად, დაძაბულია იმიტომ, რომ გადასახადები და ბუღალტერიის წარმოება საკმაოდ რთულია ორი ან სამი ოთახისთვის და არ ღირს. შესაბამისად, სახელმწიფოც ვერ იღებს შემოსავალს. ჩვენი თხოვნა იყო, ხუთი ნომრის ჩათვლით პატარა გესთჰაუსების განთავისუფლება ბუღალტრული წნეხისგან და ჩვეულებრივ, ფიქსირებულ გადასახადზე გადაყვანა. როგორც კი ნებისმიერი პატარა გესთჰაუსი იურიდიულ პირად ფიქსირდება, გადასახადები უსამმაგდება. ჩვენს ფედერაციას ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რეალურ ხალხთან, რეალურ გესტჰაუსებთან. ეს ხალხი ჩვენთან მოდის, საკუთარ გასაჭირს გვიყვება, ჩვენ კი ვცდილობთ, სახელმწიფოსთან, თანდათანობით, ეს სატკივარი მივიტანოთ არა განცალკევებულად, არამედ ყველა ერთად შეკრებილი, რათა საქართველოში სწორი რეგულაციები შემუშავდეს სასტუმროებთან და რესტორნებთან მიმართებით“.

ვიზიტორები

„ადგილობრივ მოსახლეობაში ძალიან გაიზარდა კულტურა იმისა, რომ პარასკევსა და შაბათს ხალხი გარეთ გავიდეს და დაისვენოს. ეს საუკეთესოა შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ზოგადად, ძალიან ბევრი ადგილი გაჩნდა ისეთი, სადაც ადამიანი უქმეებზე დაისვენებს. ეს ძალიან კარგია, ერთი მხრივ, ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს რეგიონებთან მიმართებით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ძბევრი ქართველი არ ყოფილა საქართველოს ისეთ ადგილებში, სადაც, მაგალითად, ტურისტები ჩამოდიან და ათვალიერებენ. ამ ადგილების შესახებ ბევრმა ქართველმა არც კი იცის.
უცხოელ ვიზიტორებს რაც შეეხება, ძალიან ბევრი უცხოელი შემოდის არაბული ქვეყნებიდან, ასევე ირანიდან და, თანდათან, ევროპული ქვეყნებიდანაც. რამდენიმე დღის წინ პირველი ბალნეოლოგიური შეკვეთა მივიღეთ გერმანიიდან, რაც ძალიან კარგია. აქამდე ჩვენს ბალნეოლოგიას ნაკლებად ენდობოდნენ იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი კვლევები პოსტსაბჭოთა კვლევებზეა დამყარებული, თუმცა, დიდი მუშაობის შემდეგ, უცხოელები უკვე სამკურნალოდ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. ეს ჩვენთვის პროგრესია. ამის მერე საუკეთესო რეკლამა ჩამოსული სტუმრების მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. შევეცდებით, სტუმრებს ყველაფერი გავუკეთოთ, რომ, თანდათანობით, გერმანიაც და, ზოგადად, ევროპაც, უკვე დაიძრას არა მხოლოდ როგორც სათავგადასავლო კუთხით, არამედ ბალნეოლოგიური მიმართულებით, რაც მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალგადახდისუნარიან სეგმენტად მიიჩნევა _ ბალნეოლოგიას ყველაზე მეტი თანხის შემოტანა შეუძლია ქვეყანაში და ყველაზე მდიდარი ტურისტებიც სწორედ ამ მიზნით მოდიან“

ინვესტორები

„ქართველების, თითქმის, 85% ინვესტიციებს თვითონ აწარმოებს. ამ წუთებში სასტუმროების მშენებლობის ბუმია. ძალიან ბევრი სასტუმრო შენდება. ძირითადად მაინც ქართველები არიან, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესში საქმიანობენ, მაგრამ სასტუმროების ბიზნესში პოტენციალი დაინახეს და ცდილობენ, სხვა ბიზნესებიდან მოახდინონ თანხის ინვესტირება. ესეც მისასალმებელია. ძალიან კარგია, რომ ბევრი სასტუმრო შენდება და ბევრი ნომერი ემატება. ის 15% უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციებია, რაც ქვეყნის ბიუჯეტისთვის საუკეთესოა“.

თანამშრომლობა უცხო ქვეყნებთან

„როგორც თავიდან აღვნიშნე, ფედერაცია, სულ რაღაც, ერთი თვის წინ გახდა ევროპის HOTREC-ის წევრი. ეს არის დიდი მუშობის შედეგი ევროპის ფედერაციებთან. 24 წევრისგან შემდგარ ფედერაციაში საქართველო 25-ე წევრად შევიდა და მან 24-ვე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, არც ერთი ქვეყანა იმის წინააღმდეგი არ იყო, რომ საქართველო ევროპის სასტუმროების ფედერაციაში გაწევრებულიყო. ეს დიდი წარმატებაა ქვეყნისთვის. ეს გახლავთ პირად ურთიერთობებზე დამყარებული მუშაობა. ფედერაციის წევრებს ძალიან დიდი სამეგობრო წრე გვყავს ევროპის ფედერაციასთან მიმართებით, რაც სწორედ კერძო ურთიერთობების შედეგია და რამაც დღევანდელ რეალობამდე მიგვიყვანა. რამდენიმე კვირის წინ აზერბაიჯანში ვიყავით და იქაც ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა. იგეგმება აზერბაიჯანისა და საქართველოს ფედერაციების კიდევ უფრო დაახლოება. ჩამოდიან საქართველოში აზერბაიჯანის ფედერაციის წევრები, USAID-ის წარმომადგენლები, რომლებიც სასტუმრო ბიზნესის მიმართუელბით სომხეთის დახმარებას აპირებენ. სომხეთიდან რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც ამ სფეროში ძალიან გარკვეულია. იქაც დაფუძნდა სასტუმროების ასოციაცია და ჩვენგან ბევრი რჩევა მიიღეს, იქაც დაიწყება გარკვეული პროცესები. შემდეგ უკვე თბილისში შევხვდებით საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, სადაც ერთად გადავწყვეტთ, რა ნაბიჯები გადავდგათ სამომავლოდ“.

მომსახურე პერსონალის გადამზადება-ტრენინგი

„ახლახან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდით. რამდენიმე პროფესიული სასწავლებელია, სადაც სასტუმროების პერსონალს წვრთნიან. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით და ახლა უკვე პარლამენტშია კანონპროექტი დასამტკიცებლად, რომ ის სამი წელი, რომელსაც ახალგზარდა პროფესიულ სასწავლებელში გაატარებს, შეიძლება, კრედიტის სახით ჩაეთვალოს უმაღლეს სასწავლებელში. ნულიდან არ ექნებათ დასაწყები, თუკი უმაღლესი განათლების მიღებას ისურვებენ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კანონმდებლები. ძალიან ახლოს ვართ მის დამტკიცებასთან. წლებია, ამ თემაზე ვსაუბრობთ. იმედია, დადებითი შედეგით დასრულდება. მოგეხსენებათ, ქვეყანაში კვალიფიციური პერსონალის სერიოზული ნაკლებობაა. სამსახური ძალიან ბევრია. არავინ თქვას, რომ ვინმეს თუ მუშაობა უნდა სასტუმროების მიმართულებით, სამუშაო არ არის. ნამდვილად ძალიან ბევრია. უბრალოდ, წარმოდგენილი ვაკანსიები არ ემთხვევა მუშაობის მსურველთა უნარ-ჩვევებს. ისეთი პერსონალი, როგორიც ჩვენ გვჭირდება, ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, დაუსაქმებელი ადამიანი ბევრია, თუმცა თანხვედრისთვის აუცილებელია სწავლა და პროფესიული სასწავლებლების განვითარება, ტრენინგების სიმრავლე. კარგი იქნება, თუკი რეგიონებში ბევრად მეტი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება. ამით სასტუმროები პერსონალის დანაკლისს შეივსებენ, პერსონალის შიდა მიგრაცია შემცირდება და მოსახლეობა ადგილზევე დასაქმდება“.

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს სამართლის კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიზანიცაა საქართველოს სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების პრობლემური საკითხების (იქნება ეს ეკონომიკური თუ იურიდიული ხასიათის) მოგვარებაში დახმარება, პროფესიული გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით რეკომენდაციების შემუშავება და ამ გზით მათი სტაბილურობისა და პერსპექტიულობის ამაღლება. ფედერაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრასა და ღონისძიებაში. ფედერაცია საშუალებას მოგვცემს, მომსახურების ხარისხი შევუსაბამოთ მსოფლიო სტანდარტებს. HOREKA გახლავთ ICC (International Chamber of Commerce); GCCI (Georgian Chamber of Commerce and Industry) და EPAC (Economic Policy Advocacy Coalition) ორგანიზაციების წევრი. აგრეთვე HOREKA Georgia არის ევროპის სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების გამაერთიანებელი ორგანიზაცია HOTREC-ის წევრი.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები:
• ეროვნული სტანდარტების მიღება;
• სასტუმროებისა და რესტორნების კლასიფიკაცია;
• მსოფლიო და ევროპულ ორგანიზაციებში გაწევრიანება;
• საქართველოში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების მომსახურე პერსონალის უნარ- ჩვევების ამაღლება, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა;
• სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს შორის კავშირების დამყარება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ;
• სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების რეესტრის შექმნა და მათი შეკრებების ხელშეწყობა;
• სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების უფლებების დაცვა;
• კარიერული ზრდის ხელშეწყობა;
• ბიზნესის დაწყების ხელშეწყობა და ზოგადი პრინციპების გაცნობა;
• ქართული ბრენდის ხელშეწყობა, წახალისება და სტიმულირება;
• სასტუმრების, რესტორნებისა და კაფეების უკეთესი მოტივაციის ხელშეწყობა;
• საგადასახადო სისტემის მოწესრიგება/ინდივიდუალურად მორგება;
• სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის საქმიანობის ფორმები:
• საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები;
• პროფესიული განათლების კურსების ჩატარება; ტრენინგებისა და სემინარების უზრუნველყოფა;
• მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ბაზების შექმნა;
• სხვადასხვა ფორუმისა და შეკრების ორგანიზება;
• ბიზნესკონტაქტების დამყარება;
• სამოტივაციო შეხვედრების გამართვა და სამუშაო პრაქტიკის უზრუნველყოფა;
• ყოველთვიური ჟურნალი;
• სხვადასხვა ყოველწლიური კონკურსის ჩატარება;
• მასმედიასთან ურთიერთობა;
• დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობების დამყარება;
• კვლევებისა და მონიტორინგის განხორციელება;
• სათანადო ლიტერატურისა და სხვა ინფორმაციის გავრცელება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025-ს“. ამ პუბლიკაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ აქტივობად გაწერილია „კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით“. სწორედ ეს ქვეპუნქტი გულისხმობს და მოიცავს ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლის. გარდა ნათქვამისა, ხაზს უსვამს ყველა იმ აუცილებელ მოცემულობას, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული ვიზიტორისთვის კომფორტული და საინტერესო გარემოს უზრუნველყოფისთვის:
• ტურიზმის ინდუსტრიაში ხარისხის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პროგრამების შემუშავება და სტანდარტიზაციის ხელშეწყობა;
• ტურისტული პროდუქტის შემუშავებასა და მარკეტინგში, ასევე მომსახურების სფეროსა და სხვა მომიჯნავე საქმიანობაში ჩართულ, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ტრენინგი;
• ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებული ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამების შემუშავება/გაუმჯობესება;
• ტურიზმის სფეროში ციფრული დაჯავშნისა და ანგარიშსწორების სისტემებზე გადასვლის ხელშეწყობა;
• სსიპ _ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეული მომსახურების გაუმჯობესება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, ვებგვერდისა და სოციალური მედია არხების საშუალებით;
• მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება;
• ვიზიტორების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაძლიერება.
არსებობს საქართველოს კანონი თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ამ კანონის მესამე მუხლის თანახმად, სასტუმრო არის შენობა, რომელიც განკუთვნილია თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დროებით გადაადგილებული, ან/და ნებისმიერი მიზნით მოგზაური პირის მიღებისათვის/განთავსებისათვის. სასტუმრო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი კლასის, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). ამავე მასალის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს:
• სასტუმროს შენობამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (გაზი, წყალი, წყალარინება, ელექტროენერგია) მოწესრიგებასა და საჭიროების შემთხვევაში ახლის მშენებლობას;
• სასტუმროსთან მისასვლელი გზების მშენებლობას/შეკეთებას;
• სასტუმროს ტერიტორიის მიწის ნაკვეთის გონივრულ ფარგლებში კეთილმოწყობასა და გამწვანებას;
• ამ კანონით გათვალისწინებული სასტუმროსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის მინიჭებასა და მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემას.
სამინისტრო კი უზრუნველყოფს ინვესტორისთვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.
ტურიზმის სფეროში წინსვლის რესურსი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს. სწორი მართვისა და სწორი ნაბიჯების კვალდაკვალ არაერთი დადებითი ცვლილებაა მოსალოდნელი. როგორც უკვე ითქვა, ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება უკვე დადებითად ისახება ტურიზმის მაჩვენებელზე. ტურისტული გააქტიურება კი საქართველოსთვის, აზიელი და ევროპელი ვიზიტორების შემთხვევაშიც, საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.

მარიამ ტიელიძე