ვინ გადაიხადა კორტავას საქმეში 30 000 ლარი და ვინ გაიყვანა ვანო მერაბიშვილი საკნიდან?!

2

ბევრად უფრო ამაზრზენი და გამაოგნებელია შემთხვევა, რომელსაც „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება: პატიმარ კორტავას საქმეზე, მართალია, გამოძიება გრძელდება, მაგრამ სოზარ სუბარი, პრემიების თანხიდან, რომელიც რეალურად „სადის“ „ობშიაკია“ და არა თანამშრომლების ანაზღაურება, იღებს 30 000 ლარს და თანხას უხდის კორტავას მამიდას. ფაქტის ნამდვილობაში შეიძლება ეჭვი შეგვპარვოდა, მაგრამ ამ ინფორმაციას ზუსტად ემთხვევა კორტავას მამიდის ჯერ აქტიურობის, შემდეგ კი სიჩუმის პერიოდი. ლალი მოროშკინას ინფორმაციების ნაწილის გასაჯაროების შემდეგ, გავრცელებული ცნობით, დარბაისელის „სადიდან“ განთავისუფლება ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევითა და დირექტივით მოხერხდა. ბოლო წვეთი ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა იყო. ციხის ტერიტორიიდან გაყვანილ მერაბიშვილს სწორედ დიმა დარბაისელი „ეკაჩავა“: „კაია, ძმაო, ახლა „ზა რეშოტკაი“? მე რომ გამიშვი 2005-ში ხომ გახსოვს, ახლა რას იტყვი, როცა ჩემს ხელში ხარ?“ სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაახსენდათ, რომ დარბაისელი გაშვებული იყო შსს-დან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებული დიმიტრი დარბაისელი ფანჯრიდან გადახტა, გარკვეული პერიოდი იმალებოდა და ახალაიასთან კონტაქტების აღდგენის მერე „კუდში“ დაბრუნდა. დიმიტრი დარბაისელი ციხეებში იარაღით შედიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მის წინააღმდეგ რამდენიმე სერიოზული ფაქტი მოროშკინამ „სუსის“ უფროსის მოადგილეს გადასცა, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, მათ შორის, ისეთ მძიმე ფაქტებზეც კი, როგორიც იყო დარბაისელის ბრძანებით მეექვსე დაწესებულებაში გადაკეტილი ყოფილი მაყურებლების (შანიძე, სეხნიაშვილი, მოისწრაფიშვილი) გეგუთის კოლონიაში გადაყვანა, რომლებიც გიგა ფარტენაძესთან შეასახლეს და მკვლელობის შემდეგ უკანვე დააბრუნეს მე-6 საპყრობილეში, რასაც მოჰყვა ბუნტი და დღეს ისინი გადაყვანილნი არიან მე-8 არასაპატიმრო დაწესებულებაში. ამავე პერიოდში იწყება ციხეებში აზარტული თამაშები, მათ შორის, „კრიტშიც“, რაც ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია, ისევე როგორც, ამ მომენტისათვის, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, იმდენად მოშლილია ციხეებში რეჟიმი, რომ დილა-საღამოს „პრავერკებიც“ კი არ ხდება.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ მირზა სუბელიანის მეშვეობით მოხვდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში ე. წ. ახალაიას ფირი, რომელიც დეკემბრიდან ოქტომბრამდე ინახებოდა სწორედ მასთან. თუ ახალაიას მოსმენების ფირი ამდენ ხანს ინახებოდა, სად არის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფირები? „ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფირიც მირზა სუბელიანთან ინახება და ის აუცილებლად გამოჩნდება მედიაში სწორედ მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილის უკანონო პატიმრობის საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლო დაიწყებს და ეს მოხდება სექტემბერში.

ვრცლად, ეს და სხვა დეტალები „ქრონიკა+“-ის #30 (66) -ში.