უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1918 წლის იანვარი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-18.

ანარქია რუსეთში

ქაოსი და ანარქია _ 1918 წლის იანვრის გამოცემებში ყველაზე ხშირად ეს ორი სიტყვა გვხვდება. რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე ვითარება იმდენად გაუგებარი, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი იყო, რომ საგაზეთო ცნობები თითქმის მთლიანად პოლიტიკურმა ამბებმა დაიკავა. ბოლშევიკების ძალადობა, საზავო მოლაპარაკებები, არმიის დემორალიზაცია, გაფიცვები, დემონსტრაციები, სამოქალაქო ომის დაწყება და პირველი შეიარაღებული დაპირისპირებები _ აი, ის თემები, რომლებმაც სრულად გაავსეს საგაზეთო ფურცლები.
4 იანვარს კიევის გუბერნიაში, სადგურ სტაროკონსტანტინოვკასთან ბრძოლა მოხდა უკრაინელებსა და ბოლშევიკებს შორის. უკრაინელებსა და ბოლშევიკებს შორის შეტაკება აღინიშნა ქალაქ ლუცკთანაც. 12 იანვარს კომუნისტების შეიარაღებულმა რაზმებმა აიღეს ირკუტსკი. ბოლშევიკების ქალაქში შესვლას ფოსტა-ტელეგრაფის თანაშრომელთა გაფიცვა და დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც წითლებმა სასტიკად ჩაახშეს. კომუნისტებმა დაიკავეს ქალაქი კალუგა და მთლიანად გაძარცვეს ყველა საბანკო დაწესებულება. მოსკოვში დააპატიმრეს ესერთა მთავარი კომიტეტის სრული შემადგენლობა. პარტიის მთავარი კომიტეტის შენობა დაარბიეს, დააპატიმრეს 58 ადამიანი და ყველა ბუტირკის ციხეში გამოკეტეს. 30 იანვარს გაზეთი „საქართველო“ აქვეყნებს სტატიას ბოლშევიკების მიერ კოლომნაში მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტის შესახებ: „კოლომნა დიდი ხანია, რაც დამშეულია. ერთი კვირის განმავლობაში კოლომნელებს ნამცეცი პური არ მიუღიათ. ქრისტეშობისთვის 28-ში შეიყარა დიდი მიტინგი. მოლაპარაკეები ავად ახსენებდნენ ბოლშევიკებს, რომლებმაც გაართულეს სურსათის საქმე. გადასწყვიტეს, საბჭოში განუცხადონ ბოლშევიკებს, რომ აღარ ჩაერივნონ სურსათის საქმეებში. ხალხი მშვიდად გაემართა საბჭოსკენ. წინ უძღვებოდნენ მეზღვაურთა შვილები. საბჭოდან გამოვიდნენ წითელ-გვარდიელები და ხალხს დაუწყეს ვინტოვკებით სროლა. საშინელი სურათი გაიშალა თვალწინ: ველური ყივილი, ისტერიკა, ცრემლები. შეშლილი დედაკაცები, ბავშვები მირბიან და ეცემიან ქვაფენილებზე. ამას მოჰყვა მეორე გასროლა და ხალხი მოითობა. შემდეგ დაიწყო კვლავ არეული სროლა. _ ამხანაგებო რას შვრებით! და არც კი დაეთავებინა ეს სიტყვა, რომ იგი მკვდარი დაეცა თოვლში _ ეს იყო ბოლშევიკი მეზღვაური. მეზღვაურის მკერდზე მოჰკლეს 8 წლის ბავშვი.
თოვლი შეიღება ალისფერ ლაქებით, ქვაფენილები მოიფინა დაჭრილ-დახოცილებით. „გამარჯვებულები“ გაიფანტნენ, ხოლო გვამები ორი საათის შემდეგ აკრიფეს ჯარისკაცებმა. დაახლოვებით მოკლულია და დაჭრილი 70 კაცი. ზოგი დაჭრილი სახლში გაიქცა. ამავე დროს ამ უბედურობის მსხვერპლი _ წითელგვარდიის უფროსი _ ბოლშევიკი ლაზარევი, შეიპყრო მილიციონერმა-ჯარისკაცმა, დაჩეხა ხმლით და შემდეგ ტყვიით მოუსპო სიცოცხლე. ასე დასრულდა ბოლშევიკების მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი ამბავი კოლომნაში“.
5 იანვარს რუსეთის ახლად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. დამფუძნებელ კრებას რუსეთის სახელმწიფოს მოწყობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებით დეპუტატთა უმრავლესობას მემარჯვენე ესერებისა (სოციალ-რევოლუციონერები) და ცენტრისტების გაერთიანება წარმოადგენდა. 715 მანდატიდან ბოლშევიკებს სულ 175 ჰქონდათ.
პირველივე სხდომა დამფუძნებელი კრებისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. დეპუტატთა უმრავლესობამ არ მიიღო ბოლშევიკების მიერ შემუშავებული სახელმწიფო მოწყობის გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთი საბჭოთა რესპუბლიკად ცხადდებოდა. კომუნისტებმა გააცნობიერეს, რომ დამფუძნებელი კრება მათ მუდმივად ხელს შეუშლიდა და მისი დაშლა გადაწყვიტეს. ლენინის პარტიამ დამფუძნებელ კრებას პირველი სხდომის ბოლომდე ჩატარების საშუალებაც კი არ მისცა და დეპუტატები დარბაზიდან გარეკა. ეს ასე მოხდა: ღამის 4 საათზე, როდესაც ტავრიდის სასახლის სხდომათა დარბაზში დეპუტატები გაცხარებულ კამათში იყვნენ, 22 წლის მეზღვაურმა ანატოლი ჟელეზნიაკოვმა კარი შეაღო. მის უკან სასახლის მცველ ბოლშევიკთა შეიარაღებული ჯგუფი იდგა. მეზღვაურმა ხალხის რჩეულებს გამოუცხადა, რომ დაცვა მათი ყბედობისგან დაიღალა და ამიტომ დეპუტატებმა დარბაზი უნდა დაცალონ. ასე მარტივად დაშალეს კომუნისტებმა რუსეთის პარლამენტი. რუსეთში ბოლშევიკური პარტიის სრული დიქტატურა დაიწყო.
გაზეთი „საქართველო“ 9 იანვრის გაზეთში ამ ფაქტს დიდ სტატიას უძღვნის, სადაც რუსეთის დამფუძნებელი კრების დაშლის დეტალებთან ერთად შექმნილ ვითარებაში საქართველოს პერსპექტივებსაც ეხება: „ლენინის განსაკუთრებულ დეკრეტით დამფუძნებელი კრება გარეკილ იქმნა. გარეკა ძალდაუტანებლივ არ მომხდარა. მოკლულია ერთი წევრი დამფუძნებელი კრებისა, ქუჩაში კი მრავალი ხალხი, რომელიც დამფუძნებელ კრების გამო, მანიფესტაციას ახდენდა. ამრიგად სისხლმა კვლავ შეღება პეტროგრადის ქუჩები და სამოქალაქო ომი ისევ მუსრავს რუსეთს. წმიდათაწმინდა რუსეთის დემოკრატიისა, მრავალ თაობათა მიერ ნანატრი და სასურველი იდეა დამფუძნებელ კრებისა ამ სამოქალაქო ომის სისხლშია ჩამხჩვალი. რუსეთი, რომელიც აქამდე უფსკრულის პირზე იდგა, უკვე ამ უფსკრულშია ჩაგდებული და რუსის ხალხს აღარ აქვს არამც თუ დამფუძნებელი კრება, არამედ თვით პოლიტიკური იდეალი, რომლისკენაც ის მიისწრაფოდა. დადგა ჭეშმარიტი და ნამდვილი ანარქია, გამეფდა სრული თავნებობა პოლიტიკურ ავანტიურობისა, რომელიც ღუპავს არა მარტო რუსეთს არამედ ყველა იმ ერებსაც, რომელთა ბედიც გადაბმული იყო აქამდე რუსეთის დემოკრატიის ბედთან.
ამიტომ ასეთ პირობებში და ასეთ განსაცდელის დროს ქართველი ხალხის წინაშე დგება მეტად რთული და საბედისწერო კითხვა: რა უნდა ქმნას ქართველმა ხალხმა, როდესაც რუსეთი ანარქიის ცეცხლშია გახვეული, როდესაც ჩაჰქრა უკანასკნელი ლამპარი სინათლისა და როდესაც ყველაფერი სიბნელემ მოიცვა?
მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას იმისას, რომ შეუძლებელია ასევე შეგნებულად იღუპებოდეს ქართველი ხალხის ბედი და ქართველი ხალხი დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს თავის ბედის გამოყოფას იმ ცეცხლ-წაკიდებულ ბედისგან, რომელსაც დღეს „რუსეთის ბედისწერა“ ეწოდება. ჩვენ უფლება არა გვაქვს, ჩვენ არ შეგვიძლიან თუნდ ერთის წუთით დავტოვოთ იმ ცეცხლში ის, რაც ყველა ჩვენთვის ძვირფასია და რასაც საქართველოს მომავალი ჰქვია.
საქართველოს დამფუძნებელი კრება. აი, ერთად-ერთი ლოზუნგი, რომელიც უნდა აღმოცენდეს იმ ფერფლზე, იმ ნამწვზე, რომელსაც ეწოდებოდა „რუსეთის დამფუძნებელი კრება“.
რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე თხრობა გაზეთ „საქართველოს“ 6 იანვრის ნომერში დაბეჭდილი მცირე ცნობით უნდა დავასრულოთ, რომელიც ბოლშევიკური პარტიის წინამძღოლ ლენინს ეხება. ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილია და საკმაოდ საინტერეოა. საქმე ეხება ლენინზე თავდასხმას და თან ეს ამბავი ისეთი დეტალებით არის გაჯერებული, რომ ოდნავ ირონიული ელფერიც დაჰკრავს. გაზეთიდან არ ჩანს თუ ვინ დაესხა თავს ბოლშევიკთა ლიდერს, მაგრამ საკმაოდ კარგად არის აღწერილი კომუნისტების ბელადის შიში: „ამას წინად ლენინის მოკვლა განუზრახიათ და მის ავტომობილისათვის სროლა აუტეხიათ. ჩვენება ჩამოართვეს შოფერს. მასზე ეჭვი შეჰქონდათ, იცოდა, რომ ლენინისთვის სროლა უნდა აეტეხნათო. შოფერს განუცხადებია: სროლა, რომ აგვიტეხეს, ლენინმა დამიკივლა, „გააქანე“, მეც ავასრულე მისი ბრძანება, მაგრამ კინაღამ ავტომობილი არ გადაბრუნდა. ლენინი მთლად გაფითრებული ჩამოვიდა ავტომობილიდან და ვერ გამორკვეულიყო, განზრახ მოხდა ეს ამბავი თუ შემთხვევამ მოიტანა. ამ ბოლო დროს ლენინი ყოველ დღე იცვლის ავტომობილებს. იგი ნიკოლოზ რომანოვის ავტომობილითაც კი დაბრძანდება“.

ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკება

ბრესტ-ლიტოვსკში გრძელდება საზავო მოლაპარაკება ბოლშევიკურ მთავრობასა და ოთხთა კავშირის ქვეყნებთან. 5 იანვარს გაზეთი „საქართველო“ მხარეებს შორის მიღწეულ შუალედურ შეთანხმებას აქვეყნებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას გულისხმობს. მართალია, სულ ორი თვის შემდეგ გერმანია ამ პირობებს შეცვლის და რუსეთისგან უსიტყვო კაპიტულაციას მოითხოვს, მაგრამ იანვარში ბოლშევიკები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საკუთრ მიზანს მიაღწიეს და ომიდან გამოსვლა ტერიტორიების დაკარგვისა და კონტრიბუციის გადახდის გარეშე მოახერხეს.
ეკონომიკური პუნქტების გარდა ამ შუალედურ შეთანხმებაში განსაკუთრებით საინტერესო პირველი სამი პუნქტია, რომელიც მეომარ მხარეებს შორის ზავის შემდეგ არსებულ პირობებს განსაზღვრავს: „მუხლი 1-ლი. რუსეთი და გერმანეთი ოფიციალურად აცხადებენ, რომ მათ შორის ომი დამთავრებულია. გერმანეთი მზად იქნება ზავის ჩამოგდებისა და რუსეთის ჯარის დემობილიზაციის შემდეგ გასწმინდოს მოწინავე პოზიციები და გაანთავისუფლოს რუსეთის სახელმწიფოს ის ადგილები, რაც აღნიშნული არ იქნება მეორე მუხლში.
მუხლი 2-რე. ვინაიდან რუსეთის მთავრობამ წამოაყენა პრინციპი ყველა ერის თვით-გამორკვევისა სრულ დამოუკიდებლობისადმი, მან უნდა მიიღოს მხედველობაში განცხადება პოლონეთისა, ლიტვისა, კურლანდიისა, ლიფლიანდიისა და ესტლიანდიის, რომელთაც უკვე გამოსთქვეს სურვილი სრული დამოუკიდებლობისა და რუსეთიდან სავსებით გამოყოფისა.
მუხლი მესამე. თვითეული მხარე ვალდებულია ზავის ჩამოგდების შემდეგ, სამი თვის განმავლობაში გამოაქვეყნოს თავისი დამოკიდებულება ამ ხელშეკრულებასთან, ყოველ მხარეს უფლება ეძლევა ერთი თვის განმავლობაში უარი განაცხადოს ამ ხელშეკრულებაზე, ხოლო გაუქმებულ ხელშეკრულების ნაცვლად დადებულ უნდა იქნას ახალი ხელშეკრულება“.
თავისუფლებას ითხოვდნენ ბალტიელები, პოლონეთი, ფინეთი. გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ბრესტ-ლიტოვსკში ამ ერებს საკუთრი წარმომადგენლებიც კი ჰყავდათ. მაგრამ როგორც ამ პუბლიკაციიდან ჩანს, მოლაპარაკების პროცესში საქართველოს დამოუკიდებლობაზე სიტყვაც არ არის თქმული. ამ თემას გაზეთი 4 იანვრის ნომერში განიხილავს: „როგორც არ უნდა გათავდეს საქმე, ჩვენ _ როგორც ყოველთვის _ ვაი თუ ეხლაც დავაგვიანოთ. ქვეყნის ტრიალს უძლურ ბავშვივით მივდევთ უკან. მართალია, ქვეყნის ტრიალი ადამიანის სურვილს არ ემორჩილება, მაგრამ მას მაინც ემჩნევა მრავალი დაღი ხალხთა ენერგიისა და ნებისყოფისა. რატომ და როგორ მოხდა, რომ ლატიშებმაც კი ერთი ხაზი გაუსვეს ქვეყნის ტრიალს და მიიღეს „საზავო მაგიდასთან“ ადგილი, ხოლო ჩვენ, ქართველებმა და კავკასიელებმა ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხეთ? სად არის ჩვენი ნაქები გამჭრიახობა, ენერგია, ნებისყოფა და პოლიტიკური ალღო? ეს ჩვენ თავს ვკითხოთ და თუ საქმე ისე დატრიალდა, რომ ისტორიამ და შთამომავლობამ დასაწყევლად გახადეს ჩვენი თაობა და სახელი, ეხლავე მივიღოთ ეს წყევლა და სხვას ნუღარავის ნურაფერს გადავაბრალებთ“.

მდგომარეობა საქართველოში

1918 წლის იანვარში საქართველოს რეალური საფრთხე დაემუქრა. კავკასიის დაშლილი ფრონტიდან რუსეთში მიმავალ სამხედრო ნაწილებს გზად ჩვენი ქვეყანა უნდა გაევლოთ. ბოლშევიკური აგიტაციით მოწამლულმა ჯარისკაცებმა რამდენჯერმე სცადეს თბილისში შემოჭრა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 11 იანვრის ნომერში იუწყებოდა. როგორც გაზეთში მოცემული ცნობიდან ჩანს, თბილისისკენ მომავალ ბოლშევიკურ ჯარს ნავთლუღთან აფხაზავას ქართულმა პოლკმა გზა გადაუღობა და ქალაქში შესვლის საშუალება არ მისცა. აფხაზავას ნაწილმა წითლების 3 ეშელონი შეაჩერა და მცირე ბრძოლის შემდეგ მათი განიარაღებაც შეძლო. ასეთმა სახიფათო ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ამიერკავკასიისა და, მათ შორის, საქართველოს ჯარის შექმნის საჭიროება. ამის თაობაზე ამიერკავკასიის კომისარიატმა იანვრის დასაწყისში სპეციალური დეკრეტი გამოსცა მობილიზაციის შესახებ. ყველა ახალგაზრდა, რომელსაც 1918 წლის 1-ლი იანვრისთვის 19 წელი უსრულდებოდა, ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სამხედრო სამსახურში. ჯარში მსახურის ვადად 6 თვე განისაზღვრა. დეკრეტი იუწყებოდა, რომ ავადმყოფების გარდა შეღავათით ვერავინ ისარგებლებდა. ჯარში იწვევდნენ ყველას განურჩევლად დაკავებული თანამდებობისა: საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ექიმებსა და ა. შ. დეკრეტი არ ეხებოდა მხოლოდ დედისერთებს. დეკრეტი იუწყებოდა, რომ ყველა გაწვეულს თან უნდა ჰქონოდა სამი დღის სამყოფი საკვები. გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 5 იანვარი: „ამ დღეებში საქართველოს ყველა ქალაქებსა, დაბებსა და სოფლებში გამოცხადდება ამიერ-კავკასიის კომისარიატის დეკრეტი ჯარის მობილიზაციის შესახებ. რევოლუციის ხანის განმავლობაში ეს მობილიზაცია პირველია საქართველოში. სწორედ ამ დროს, როდესაც დროებით ზავი უკვე ჩამოვარდნილია და მოლაპარაკება სამუდამო ზავის პირობებზეა გამართული, ქვეყნის ინტერესები კვლავ მოითხოვენ ხელახალ მობილიზაციას და რაც უნდა ძნელი იყოს ომისგან გაწვალებულ ქართველ ხალხისათვის ეს ახალი ტვირთი მობილიზაციისა, იგი უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ყოველივე ეჭვის გარეშე, მიუხედავად იმ სიმძიმისა, რომელსაც ის წარმოადგენს მისთვის. მხოლოდ დიდი სახალხო ინტერესები, მხოლოდ დიდი აუცილებლობა, მხოლოდ ერთად-ერთი სურვილი რევოლუციისაგან მოპოვებულ თავისუფლების შენარჩუნებისა და კიდევ სურვილი საკუთარ ფიზიკურ არსებობის შენარჩუნებისა _ აბედვინებენ ამიერკავკასიის დემოკრატიულ მთავრობას, მოუწოდოს ხალხს ახალ შეიარაღებისათვინ.
ერთის მხრივ გატიტვლებული ფრონტი და მეომარ სახელმწიფოს ჯარი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია უარჰყოს დროებითი ზავი, გადმოლახოს საზღვრები, უყოს ჩვენს ქვეყანას ოკუპაცია და ამრიგად ბოლო მოუღოს რევოლუციას და მეორეს მხრივ დღითი დღე მოზარდი ანარქია თვით ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ძირს უთხრის იმავ რევოლუციას და აბათილებს ყველა მოქალაქობრივ თავისუფლებას _ გაბედულად და აუცილებლად მოითხოვს ამ ჯარის ყოლას. არა იმპერიალიზმი, არა სურვილი ომისა, არამედ ზავი და საკუთარი თავის დაცვა, _ აი, წმინდა სიტყვები, რომელიც ეწერება ამ ახლად შემდგარ ჯარის დროშებს.
რაც უნდა დაღლილი იყოს ქართველი ხალხი ომით და მობილიზაციით, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ რევოლუციისა და საქართველოს უმაღლეს ინტერესების გულისთვის ქართველი ხალხი ერთი კიდევ შეინძრევა, ერთხელ კიდევ გაიღებს მსხვერპლს და ერთხელ კიდევ ჩაებმევა მძიმე უღელში – რათა უკანასკნელად დაამარცხოს ომი და შექმნას თავისთვის ის პირობები ცხოვრებისა, რომლებიც მიანიჭებენ მას ზავსა და თავისუფლებას“.
ჯარის შექმნის პარალელურად თბილისში ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც თბილისის დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. სხდომას ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა და მასში მონაწილეობდნენ მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, ქალაქის გამგეობის, ეროვნული საბჭოს, წითელი გვარდიისა და რევოლუციური პარტიების წარმომადგენლები. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქში წესრიგის გამკაცრებას გულისხმობდა. დაადგინეს წითელ გვარდიელთა და მილიციის მონაწილეობით ცალკეული რაზმების ჩამოყალიბება; აიკრძალა ქუჩაში თოფის სროლა. ამ წესის დამრღვევებს ჩამოერთმეოდათ იარაღი და 6 თვით დააპატიმრებდნენ; ჯარისკაცებს სასტიკად აეკრძალათ ყაზარმის გარეთ იარაღის ტარება: „უნდა გამოიცეს ბრძანება, რომ იმ პირებმა, რომლებიც სამხედრო სამსახურში არ იმყოფებიან დაუყოვნებლივ აიძრონ პაგონები და კოკარდები. თბილისის მეციხოვნეთა ყველა სამხედრო პირებს თან მუდამ თავთავიანთ ნაწილების მოწმობები უნდა ჰქონდეთ; პრინციპიალურად ნება დართულ იქმნას ღვინის გაყიდვა, რადგან ყოველივე აკრძალვა უფრო ახშირებს ჩუმად გაყიდვას; ქალაქის გასანათებლად დაევალოთ სახლის პატრონებს სახლის ფანრების ანთება. ამისთვის განაპირა უბნებს ნავთი მიეცემათ. იქ სადაც ელექტროთაა განათება _ სახლის პატრონები მოვალენი არიან, ელექტრო გამოიყენონ.
დანაშაულებასთან საბრძოლველად დადგენილია: 1. მილიციის უფროსს უნდა მიენიჭოს უფლება ადმინისტრატიულ წესით დაატყვევოს დამნაშავენი 3 თვემდე; 2. უნდა მოეწყოს სამხედრო სარევოლუციო ტრიბუნალი, რომელსაც ექნება უფლება მიუსაჯოს დამნაშავეთ ყოველივე სასჯელი და კატორგა; 3. მიღებულ იქმნას ზომები სასამართლოს უწყების სარეორგანიზაციოდ“.

ქართული უნივერსიტეტის გახსნა

1918 წლის პირველ იანვარს გაზეთ „საქართველოში“ გამოჩნდა განცხადება, რომელიც მკითხველს აუწყებდა, რომ სულ მალე თბილისში პირველი დამოუკიდებელი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნებოდა. ეს იყო უდიდესი მოვლენა. დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. უნივერსიტეტი არ იყო მხოლოდ სასწავლო ადგილი, უნივერსიტეტი არ იყო მხოლოდ ლექციების ჩასატარებელი და სამეცნიერო კვლევების ცენტრი. დამოუკიდებელი უნივერსიტეტის საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა ქართული საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, ერის განათლება, ეროვნული ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის ნიადაგის მომზადება. პირველი იანვრის განცხადებაში უნივერსიტეტის გახსნის კონკრეტული თარიღი არ იყო მითითებული, თუმცა აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტი იანვარში ამოქმედდებოდა: „ამ თავითვე იქნება სიბრძნის მეტყველების, ჰუმანურ მეცნიერებათა განყოფილება. ლექციები იქმნება საფილოსოფიო, საისტორიო, საენათმცოდნეო, საპედაგოგიო და სოციალურ მეცნიერებათა დარგებიდან. სტუდენტები მიიღებიან საშუალო სასწავლებლებში (ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, სასულიერო სემინარია (ოთხი კლასი), რეალური საეპარქიო და წმ. ნინოს დედათა სასწავლებლები, საოსტატო ინსტიტუტი და სემინარია, კადეტთა კორპუსი და სხვა) კურს დამთავრებულები. სტუდენტად ჩასარიცხად საჭიროა: 1) თხოვნა ქართულ უნივერსიტეტის დროებითი გამგეობის სახელზე (თხოვნაში აღნიშნული უნდა იყვეს მთხოვნელის მისამართი,) 2) მოწმობა განათლების ცენზის შესახებ და 3) მეტრიკული მოწმობა (ვაჟთათვის). მსმენელთათვის საჭიროა მხოლოდ თხოვნა.
სწავლის ფასი სემესტრში (ე.ი. ნახევარი წლისა) სტუდენტებისა და მსმენელთათვის ათი თუმანი; იმ მსმენელთათვის კი, რომელთაც მხოლოდ ერთისა ან ორი საგნის ლექციის მოსმენა ჰსურთ, ხუთი თუმანი. ფული ჩარიცხვისთანავე უნდა იყოს შემოტანილი. ჩაწერა შეიძლება იოსებ ყიფშიძესთან ქართული უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქართული გიმნაზიის შენობა) 12 საათიდან 2 საათამდე ყოველდღე, გარდა კვირა-უქმეებისა. ქართული უნივერსიტეტის დროებითი გამგეობის წევრნი: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი“.
20 იანვარს გაზეთში უკვე უნივერსიტეტის საზეიმო გახსნის კონკრეტული თარიღი სახელდება. „საქართველოს“ ინფორმაციით, ეს სასიხარულო ამბავი 26 იანვარს უნდა მომხდარიყო. საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, ეროვნული საბჭოს სახელით უნივერსიტეტის გახსნა აღმასკომის მდივან ნოე ჟორდანიას დაევალა. თუმცა 25 იანვარს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით იმის გამო, რომ ნოე ჟორდანია 25 იანვარს თბილისში არ იქნებოდა, ეს საპატიო მისია ეროვნულმა საბჭომ აკაკი ჩხენკელს მიანდო.
25 იანვრის ნომერშივე გაზეთი „საქართველო“ უნივერსიტეტის პროფესორებისა და რექტორის სიას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ახლად დაფუძნებული სასწავლებლის რექტორი ქიმიის დოქტორი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი იქნებოდა. სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე ჯავახიშვილი გახდა. უნივერსიტეტის პროფესორთა და ლექტორთა ჩამონათვალი ასე გამოიყურებოდა: პროფ. ა. ყიფშიძე (ფილოლოგიის მაგისტროსი), პროფ. ბენაშვილი (გეოდეზიისა და ვარსკვლავმრიცხველობის პროფესორი), პროფ კ. კეკელიძე (საეკლესიო ისტორია და მწერლობა), პროფ. დ. უზნაძე (ფსიხოლოგია და პედაგოგიკა), პროფ. ფ. გოგიჩაიშვილი (პოლიტიკური ეკონომია და სტატისტიკა), მეცნიერთ ხელმძღვანელი ე. თაყაიშვილი (ქართულ სიძველეთა მეცნიერება, ანუ არქეოლოგია). მეცნიერთ ხელმძღვანელი იუს. აბულაძე (სპარსული ენა), ლექტორი ელის. ორბელიანისა (ფრანგული ენა), ლექტორი არტ. ლაისტი (გერმანული ენა), ლექტორი ვანდა ღამბაშიძისა (ინგლისური ენა).
გამოქვეყნებული იყო უნივერსიტეტის გახსნის დღის წესრიგიც, საიდანაც ირკვეოდა, რომ უმაღლესი სასწავლებელი ქართული გიმნაზიის შენობაში დაიდებდა ბინას, რომელიც წყნეთის ქუჩის პირველ ნომერში მდებარეობდა. ვინაიდან 26 იანვარი დავით აღმაშენებლის ხსენების დღე იყო და გიმნაზიასთან არსებული ეკლესიაც აღმაშენებლის სახლეზე აიგო, ეკლესიაში საკათალიკოსო წირვა შესრულდებოდა. უნივერსიტეტის გახსნა დღის პირველ საათზე სასწავლებლის მთავარ დარბაზში დაიგეგმა. პირველად სიტყვით გამოვიდოდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ჩხენკელი. შემდეგ ხალხს მიმართავდნენ უნივერსიტეტის საზოგადოების თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი მელიქიშვილი და სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი ჯავახიშვილი.
28 იანვარს გაზეთმა „საქართველომ“ უნივერსიტეტის საზეიმო გახსნის ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა: „იანვრის 26, საათის პირველზე დიდის ზეიმით გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. აუარებელ საზოგადოებას ვეღარ იტევდა ქართულ გიმნაზიის შენობის კედლები. გახსნის წინ საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსის მიერ შესრულებულ იქმნა საღმრთო წირვა, ხოლო წირვის შემდეგ თბილელმა მიტროპოლიტმა გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ ეროვნულ საბჭოს დავალებით უნივერსიტეტი გახსნა ა. ჩხენკელმა. მას მხარს უმშვენებდნენ ერთის მხრივ უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მელიქიშვილი, მეორეს მხრივ უნივერსიტეტის დეკანი ივ. ჯავახიშვილი და მთელი პლეადა ახალგაზრდა პროფესორ-დოცენტები.
აკაკი ჩხენკელმა ვრცელი სიტყვა წარმოსთქვა. კილო მისი ამ საზეიმო სხდომაზე მართალია არ იყო საზეიმო, მაგრამ მაინც წარუხოცელ შთაბეჭდილებას სტოვებდა მსმენელზე. აქ არ იყო რაიმე იაფ-ფასიანი ეფექტის გამომწვევი ილლუმინაცია, არამედ ცივი, მომენტის ღრმად შეძლებულ ადამიანის სიტყვა, რომელსაც თეთრ ჩირაღდანის აგზნება თუ ერთის მხრით ახარებს, ატკბობს, მეორე მხრით, სააკაძისებური მჭმუნვარება იცავს და გადამყდარ მახვილს დაყრდნობილი უმზერის უფსკრულის პირად წარმომდგარს ერს, რომელსაც დაჰვიწყებია მდგომარეობა, დაჰვიწყებია საშინელების მიერ ამართული ბლაგვი ნაჯახი და ბავშურ ენტუზიაზმით შეჰხარის განათლების ტაძარში ახალ ზარების ჩამორეკვას. შემდეგ ტრიბუნა დაამშვენა მელიქიშვილმა, ჭაღარა, წელთა დაზიდული, მაგრამ ენერგიით მეტყველი სახე გახარებთ, გატკბობთ: წინასწარ გაგრძნობინებთ, რომ ერი განცდათა გარდაქმნის შემდეგ არ უნდა დაეცეს სულით.
შემდეგ დაიწყო მილოცვები მეზობელთა თუ უცხოელთაგან. გესმით ქათინაურები მრავალ საზოგადოებათა და დაწესებულებათაგან. მრავალნაირია სიტყვათა კონა, მაგრამ ყველას ერთი და იგივე სურვილი ამკობს: „ქართველი ერი უპირატესია მეზობელთა შორის. იგი წინმარბოლი იყო პოლიტიკურად და განათლების მხრით წილად ჰხვდა პირველობა უნივერსიტეტის გახსნაში…“
უკანასკნელი მილოცვა მუშისგან იყო: ვლასა მგელაძე: „ამ გრძობის ტრიბუნა სული და გული ფიანდაზად გადაუშალა „ჩრდილოეთით დაბრუნებულ“ შვილთ. ყოველი მისი სიტყვა ველური ყვავილი იყო, რომელსაც მკვეთრ სურნელებასთან ერთად ფოლადის ფერი დასცემიათ… ზეიმი მისალოც დეპეშების წაკითხვით დამთავრდა“.

მიხეილ ბასილაძე