მთავრობის სარეზერვო ფონდის არამიზნობრივი ხარჯვა

რამდენიმე დღის წინ IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრაქტიკას ეხებოდა. ანალიზი მომზადებული გახლავთ პროექტ „საზოგადოების გაძლიერება კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში.

საკვლევი პერიოდი ხუთ წელს მოიცავდა _ 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით და კვლევით გამოვლინდა რიგი პრობლემები, მათ შორის ის, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის, ასევე გამოვლინდა ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.
როგორც ცნობილია, ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად გამოიყენება. თავისი არსიდან გამომდინარე კი სარეზერვო ფონდების რესურსები, ძირითადად, ფორ-მაჟორულ სიტუაციებზე უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფებზე.
თუმცა, როგორც კვლევით დადგინდა, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის შემთხვევაში, 2013-2017 წლებში იგივე მოცულობის თანხა დაიხარჯა ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც ფორსმაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე.

კვლევის მიზანსა და აღნიშნული საკითხით დაინტერესებაზე საუბრობს _ გიორგი ლომთაძე, IDFI -ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი:
„უმთავრესი მიზეზი, რატომაც ამ საკითხის კვლევა დავიწყეთ, არის ის, რომ ხშირად ზოგადი საუბრებიდანაც კი გვესმოდა მისი არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ და გვაინტერესებდა, იყო თუ არა ეს სიმართლე?
რეალურად, ყველამ ვიცით, რომ სარეზერვო ფონდები სწორად, არსობრივად რისთვისაც არის განკუთვნილი, იმისთვის უნდა იხარჯებოდეს. ასეთია გაუთვალისწინებელი მდგომარეობები, სტიქიები, ეპიდემიები, რაიმე ტიპის საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებიც მასშტაბურია… თუმცა, ამასთან, თუკი საბიუჯეტო დანაკლისი ექნება რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტს, მაგალითად სახანძროს ან მუნიციპალიტეტის ტრანსპორტს, მაშინ ამ მიმართულებით დაიხარჯოს თანხები.
კვლევისას უნდა გვენახა, რისთვის არის თანხები გამოყოფილი, ანუ მისი მიზნობრიობა, რა თანხა გამოყვეს და რამდენი დაიხარჯა კონკრეტულ შემთხვევაში. გვინდოდა, თემები მოთხოვნისა და მიზეზების მიხედვით დაგვეხარისხებინა“.

კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა, დაგეგმილთან შედარებით, მინიმუმ, 80%-ით იზრდებოდა. დახარისხების კუთხით კი გამოჩნდა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი ივსებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის:

• საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;
• ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომიის ხარჯზე;
• საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირების ხარჯზე;
• ბიუჯეტში სხვადასხვა კატეგორიის ასიგნებების შემცირების ხარჯზე.

IDFI-ის კვლევით, მონაცემების დამუშავების შედეგად გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორსმაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.
გიორგი ლომთაძე:
„ძირითადი მიგნებები, რაზედაც გავედით, იყო ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით. ხშირად ფინანსდება ღონისძიებები, რაც კარგი პრაქტიკა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში კეთდება, მაინც უმჯობესია, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ისეთი ტიპის ღონისძიების დაფინანსება, რომლის ჩატარების გარეშე სახელმწიფოს ძალიან დიდი ზიანი არ მიადგება. მაგალითისთვის, დოკუმენტური ფილმის გადაღება არ არის იმდენად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, რომ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდეს იგი. შეიძლება კონკრეტულმა ჯგუფმა ვერ გაითვალისწინა გარკვეული პირობები და ხარჯები, მაგრამ სარეზერვო ფონდიდან არ უნდა წავიდეს ეს თანხა კონცერტზე, დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე ან წიგნის გამოშვებაზე.
ამავე ფონდიდან ხშირად გვხვდება ყოველწლიური ღონისძიების დაფინანსებაც, მათ შორის, 26 მაისის ღონისძიების, საახალწლო კონცერტების, კონფერენციების (მაგ., „საქართველოს ევროპული გზა“, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აწყობდა)… იმ ღონისძიებებზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და შეიძლება ხარჯები გათვალისწინებული იყოს (დავაკვირდეთ, რა თანხა დაჯდა წინა წელს და მიახლოებით თუ იმავე მასშტაბის იქნება, მსგავსი თანხა გამოვუყოთ, ოღონდ არა სარეზერვო ფონდიდან), დაფინანსება რატომ უნდა გაიცეს კვლავ სარეზერვო ფონდიდან?!
რადგან კონკრეტული მომსახურების ან საქონლის შესყიდვისთვის არ არის აუცილებელი ელსისტემის გამოყენება და შესაძლებელია პირდაპირი წესით შესყიდვის განხორციელება, ხშირად არის შემთხვევები, როცა თანხა გაიცემა, საქონელს ან მომსახურებას პირდაპირი გზით იძენენ ხოლმე _ ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის დონე დაბალა იწევს! მაგალითად, თუ ვინმეს სპექტაკლის მოწყობა უნდა და დეკორაციები სჭირდება, მას პირდაპირ შეუძლია კომპანიასთან მივიდეს და იყიდოს ის დეკორაციები, რადგან ამგვარად შეძენილი საქონლის შემთხვევაში გამჭვირვალობის დონე დაბალია, უბრალოდ, ეჭვები ჩნდება“.

ორგანიზაციის კვლევით გამოვლინდა, რომ თემატური თვალსაზრისით ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად _ 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%); თუმცა ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება _ 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%). რიგ შემთხვევებში თანხა გაიცემოდა ღონისძიებებისთვის, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. მაგალითისთვის, საანგარიშო პერიოდის ყოველ წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გაიცემოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის _ 26 მაისის ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით. ჯამურად, 26 მაისის ღონისძიებაზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 5,162,626.80 ლარი.
მთავრობის სარეზერვო ფონდის ფაქტობრივ ხარჯში ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს (ჯამურად გაცემული თანხის 7%), ამ უკანასკნელში კი მოიაზრება ელექტროენერგიის სუბსიდიები, მოქალაქეების ერთჯერადი ფულადი და მატერიალური დახმარება, დევნილი ოჯახებისთვის დახმარების სხვადასხვა ფორმით გაწევა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა და სხვ.
თავად ღონისძიებების კატეგორიების მხრივ ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში გამოიყო ერთ კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებაზე _ 48 მლნ ლარი („2015 წლის რთველის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით“), ასევე სპორტული ღონისძიებების _ 32 მლნ ლარი, და სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსებაზე _ 9.6 მლნ ლარი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ნახევარზე მეტი თანხა 26 მაისის ღონისძიებას მოხმარდა.
ამასთანავე, ის ღონისძიებები, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა, კონკურენციის გარეშე შეიძლებოდა ყოფილიყო შეძენილი, რაც ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს აჩენს.
როგორც კვლევის ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძეც აღნიშნავს, გამოვლინდა ისიც, რომ რიგი სახელმწიფო უწყებები ყოველ წელს ითხოვდნენ თანხებს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემაზე მიუთითებს. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ჯამურად 2013 წლიდან 2017 წლის განმავლობაში გამოეყო 100 მლნ ლარზე მეტი, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტრო _ 40 მლნ ლარზე მეტი.
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის თანხები, ძირითადად, გამოიყოფოდა: სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ქართველი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის (საწევრო, მგზავრობა, საცხოვრებელი და სხვ.), ასევე საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.
ლომთაძის თქმით, მათ გამოითხოვეს დეტალური ინფორმაცია იმ შემთხვევებზე, რომელზეც მიიჩნიეს, რომ არ იყო საჭირო სარეზერვო ფონდიდან მსგავსი ოდენობის თანხის გაცემა:
„აქ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ ჩახედვა, იყო თუ არა არაეფექტიანი ხარჯვის შემთხვევები. მაგალითად, კორუფციის ან ინტერესთა კონფლიქტის რისკები. ეს უკანასკნელი ისეთ საკითხებს ეხება, რომლიც ბიუჯეტის დაგეგმვაა, რადგან გვაქვს სახელმწიფო უწყებები, რომელიც ყოველწლიურად მოითხოვს სარეზერვო ფონდიდან თანხებს. შეიძლება კითხვის ნიშნები დავსვათ, რამდენად კარგად გეგმავს ეს უწყებები ბიუჯეტს?! კვლევის მიხედვით, ასეთი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურის, ეკონომიკის სამინისტრო, ცესკო, მთავრობის ადმინისტრაცია.
კვლევის მთავარი სათქმელი ისაა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ღონისძიებებისთვის და მომატებული ექსტრემალური და ფორს მაჟორული სიტუაციების დროს. რაც მთავარია, შესყიდვების კანონმდებლობა უნდა ვრცელდებოდეს ზოგადად სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხებით შეძენილ საქონელსა თუ მომსახურებაზე“, _ დასძენს „ქრონიკა+“-თან საუბრისას ორგანიზაციის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე.

სარეზერვო ფონდის არამიზნობრივ ხარჯვასა და არაეფექტიანობაზე საუბრობს ეკონომისტი აკაკი ცომაია:
„აუცილებელი პირობაა: სარეზერვო ფონდი უნდა იხარჯებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიმართულებებზე და არა კონცერტებსა და გასართობ ღონისძიებებზე. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა გაგრძელდება და ქვეყანა რომელიმე სტიქიური უბედურების წინაშე აღმოჩნდება, საჭირო გახდება, რომ სხვა წყაროებიდან გამოინახოს ფინანსური რესურსები. ბუნებრივია, სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ფინანსდებოდეს ისეთი ღონისძიებები, რომელიც მის არსობრივ დანიშნულებაში არ შედის“.

საბოლოოდ, როგორც კვლევაში აღინიშნა, გამოვლინდა, რომ წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომელიც ყოველწლიურია და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელია მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში. შესაბამისად, მისი არაეფექტიანად გამოყენების ფაქტები თვალსაჩინოა. ყოველწლიური ღონისძიების ხარჯების გამოთვლა შესაძლებელია და დანაკლისი მუდმივად სამთავრობო სარეზერვო ფონდიდან არ უნდა ივსებოდეს.
რა შედეგს მივიღებთ 2018 წლის ბოლოს, ამას უკვე ნახევარ წელიწადში ვიხილავთ.

ნინო ტაბაღუა