ვინც ირჯება, პურსაც ის ჭამსო?!

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად გასული წლის საშუალო ხელფასების მაჩვენებლი გამოავლინა.
სტატისტიკის მიხედვით, კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასები ყველაზე მაღალი სამშენებლო და საფინანსო სექტორებშია, ყველაზე დაბალი კი _ განათლების სექტორში.

სტატისტიკის მიხედვით გამოვლინდა სხვადასხვა სექტორის ჩამონათვალი, სადაც ყველაზე დაბალია მომუშავე ადამიანების ანაზღაურება, ასევე გამოიკვეთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მომგებიანი სფეროები.
ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
განათლება _ 565 ლარი თვეში;
სოფლის მეურნეობა _ 742 ლარი თვეში;
სასტუმროები, რესტორნები _ 818 ლარი თვეში;
კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა _ 838 ლარი თვეში;
დამამუშავებელი მრეწველობა _ 918 ლარი თვეში;
ვაჭრობა _ 935 ლარი თვეში;
ჯანდაცვა _ 958 ლარი თვეში;
მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა _ 1221 ლარი თვეში;
ენერგეტიკა _ 1224 ლარი თვეში;
სახელმწიფო მმართველობა _ 1296;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა _ 1329 ლარი თვეში;
სამთომომპოვებელი მრეწველობა _ 1337 ლარი თვეში;
საფინანსო საქმიანობა _ 1861 ლარი თვეში;
მშენებლობა _ 1999 ლარი თვეში.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ მათი ხელფასების კრებით მონაცემს, ვინც ამ სექტორებში ხელშეკრულების შედეგად არის დასაქმებული, ამიტომაც ის რეალური მაჩვენებლისგან შესაძლოა, განსხვავდებოდეს.
როგორც ჩანს, განათლების სფეროში თვიური საშუალო ხელფასი ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში განათლება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო.
რამდენად სამართლიანია ის ფაქტი, რომ განათლების სექტორი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა და ქვეყნის სიძლიერესა და მის განვითარებულობას განსაზღვრავს, ყველაზე ნაკლებ ხელფასს უხდის თავის მუშაკებს?
ან როგორ აისახება ეს ხელფასი სფეროში ჩართული ადამიანების მოტივაციასა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე?
პარლამენტში წარდგენილი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ზრდა არ იგეგმება.
2017 წლის იანვრიდან მასწავლებლების საშუალო ხელფასი გაიზარდა და ასე გამოიყურება:
მენტორი _ 1100 ლარი;
წამყვანი მასწავლებელი _ 965 ლარი;
უფროსი მასწავლებელი _ 800 ლარი;
პრაქტიკოსი მასწავლებელი _ 600 ლარი.
2015 წელს მიღებული ახალი სასწავლო სქემის თანახმად, პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე _ წამყვანი მასწავლებლები, მეოთხე კატეგორიას კი მენტორი მასწავლებლები იკავებენ.
2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების მონაცემებით, მასწავლებელთა გადანაწილება კატეგორიების მიხედვით ასეთია: პრაქტიკოსი – 44 570, უფროსი _ 18 809, წამყვანი _ 216, მენტორი _ 9.
ეს რიცხვები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს რეალობაში საგანმანათლებლო სფეროში ჭარბობენ პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელთა ანაზღაურებაც შედარებით დაბალია, მათი ფუნქცია- მოვალეობები და დაკისრებული პასუხისმგებლობა კი _ საკმაოდ დიდი. პედაგოგები ასევე საუბრობენ გარკვეულ პროცედურებზე, რომელიც სტატუსის მინიჭების საკითხს დროში აჭიანურებს და შესაბამისად ანაზღაურების საკითხშიც გარკვეულ გაურკვევლობას ქმნის. პედაგოგები და სპეცმასწავლებლები, რომლებიც მომავალ თაობაზე ზრუნავენ და მათთვის განათლების გადაცემის უმნიშვნელოვანეს პროცესს ემსახურებიან, რაც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, ხშირად ჩივიან დაბალ ანაზღაურებასა და დაუფასებლობაზე.
ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ყოველწლიურად მცირდება პედაგოგობის მსურველ ახალგაზრდათა რიცხვი. ქართველი აბიტურიენტები ნაკლებად ირჩევენ ისეთ დაუფასებელ და დაბალანაზღაურებად პროფესიას, როგორიც მასწავლებლობაა.
მაშინ როდესაც ძალიან ბევრ მასწავლებელს მიზერული ხელფასების სანაცვლოდ უწევს მასზე დაკისრებული ბევრი მოვალეობის შესრულება და მრავალი საქმის კეთება, საინტერესოა, როგორია განათლების სამინისტროში სახელფასო ფონდი და აქ დასაქმებული პირების საშუალო ანაზღაურება?
2016 წლის ბოლოსთვის პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა გამოაქვეყნა იმდროინდელი განათლების მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სხვა საჯარო მოხელეების ანაზღაურება, რომელიც საგრძნობლად აღემატება პედაგოგებისა და სპეცმასწავლებლების, ასევე მეცნიერების მიზერულ ანაზღაურებას.
სწორედ ამ მონაცემების საპასუხოდ თავად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3540 ლარს შეადგენს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), დანამატის სახით კი 2710 ლარს იღებს (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), რაც ყველა მინისტრის სტანდარტულ ანაზღაურებას წარმოადგენს.

„ქრონიკა+“ წარმოგიდგენთ მცირე მიმოხილვას, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთდა და კარგად წარმოაჩენს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურებას, მათ დანამატებსა და იმ კონტრასტს, რასაც ეს ანაზღაურება ქმნის მოქალაქეების ანუ ამ სფეროში დასაქმებული სხვა ადამიანების ანაზღაურებასთან:
საჯარო დეკლარაციის თანახმად, განათლების ამჟამინდელი მინისტრ მიხეილ ჩხენკელის შემოსავალმა 13. 11.2017-დან 31.12.2017-მდე შეადგინა 10119,05 ლარი, რაც ერთი თვის პირობაზე საკმაოდ დიდი თანხაა და ნიშნავს იმას, რომ მინისტრმა, გარდა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებისა, ასევე მიიღო დანამატი ან პრემია, რომელიც საკმაოდ მოცულობითი აღმოჩნდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა 01.01.2016-იდან 31.12.2016-მდე მიიღო 61 200 ლარი, რაც საშუალოდ თვიურად შეადგენდა 5500 ლარზე მეტს.
განათლების მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილმა 2016 წლის დასაწყისიდან წლის დასასრულამდე აიღო ანაზღაურება 66 375 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი საშუალო თვიური ხელფასიც, დაახლოებით, 5500 ლარით განისაზღვრება.
მაშინ, როდესაც სფეროში დასაქმებული ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს არ ჰყოფნის საკუთარი შემოსავალი საარსებოდ, საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებსა და მაღალჩინოსნებს კონტრასტულად მაღალი ანაზღაურება აქვთ, რაც ძირითადი საბაზისო თანხაა და აუცილებლადაა გასათავლისწინებელი ის დანამატები და პრემიები, რასაც საკმაოდ ხშირად და თან გაურკვეველი მიზეზებითაც იღებენ საჯარო მოხელეები.
გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეების ხელფასები ახალი წესით, კოეფიციენტების მიხედვით დაითვლება.
ახალი წესით დაითვლება ხელფასები სსიპ-ებსა და აიპ-ებში. რაც შეეხება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათზე ხელფასის დათვლის ახალი წესი 2021 წლის იანვრიდან გავრცელდება.
ახალი კანონმდებლობით საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირები 2018 წლის იანვრიდან ხელფასთან ერთად დანამატსაც მიიღებენ და პრემიასაც, რომელსაც ფულადი ჯილდო დაერქმევა, თუმცა დანამატი წლის განმავლობაში, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს წლიური თანამდებობრივი სარგოს 20%-ს, ხოლო ფულადი ჯილდო – 10%-ს.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული საბაზისო თანამდებობრივი სარგო – 1000 ლარი, გამრავლდება კანონით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე და ეს იქნება საჯარო მოხელის ერთი თვის თანამდებობრივი სარგო, ანუ ერთი თვის ხელფასი.
საჯარო მოხელის ანაზღაურება მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და შეფასებაზე ორიენტირებულ პრემიას. თავის მხრივ, საჯარო მოხელის სახელფასო დანამატი წარმოადგენს მის მიერ საჯარო სამსახურში შესრულებული დამატებითი სამუშაოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით ანაზღაურებას, ხოლო საჯარო მოხელის პრემია არის საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრული წახალისების ფორმა.
საკითხავია, რა კონკრეტული დამსახურების წასახალისებლად ეძლევათ ქართველ საჯარო მოხელეებს საკმაოდ ხშირად დიდი მოცულობის პრემიები, მაშინ როდესაც სახელფასო ფონდები საგრძნობლად მცირდება?
ასევე საკმაოდ პრობლემურ საკითხად რჩება ჯანდაცვის სფეროში ჩართული მომუშავე პერსონალის ანაზღაურება, რომელიც არაერთგვაროვანია და დღემდე სადავო საკითხია.
კერძო კლინიკებში დასაქმებული ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარად განისაზღვრება; რაც შეეხება სასწრაფოს ექიმებს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი თვეში, საშუალოდ, 1376 ლარს იღებს, უმცროსი ექთანი – 1116 ლარს, ხოლო მძღოლი – 930 ლარს, რაც მკვეთრად განსხვავდება ქუთაისსა და რეგიონებში იგივე პოზიციაზე დასაქმებული მედპერსონალის ყოველთვიური ანაზღაურებისგან. ეს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცალკე განხილვისა და დავის საგანია უკვე საკმაოდ დიდი ხანია.
მინისტრისა და ექსპერტების შეფასებით, ქართული ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთ სუსტ წერტილად დასახელდა პირველადი ჯანდაცვის სექტორში სოფლის ექიმის პროგრამა, რომელიც ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. ამავდროულად, უკვე წლებია, იმასთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ გაიზრდება ამ პროგრამაში ჩართული მედპერსონალის ანაზღაურება, რომელიც საკმაოდ დაბალია და დაახლოებით ხუთას ლარს შეადგენს. ამ თანხაში აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ექიმის ჩანთა და ყველა ის ხარჯი, რომლის დაფარვაც ექიმს თავად უწევს პროგრამის პირობებიდან გამომდინარე. აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზეც კარგად ჩანს, რომ სოფლის ექიმის პროგრამას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აქვს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დაბალი ანაზღაურებაა, რომელიც ამ სფეროშო ჩართული ექიმების დაბალ სამუშაო ეფექტიანობასა და მათი საქმიანობის ნაკლებ წარმატებასაც განაპირობებს.
ამ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სფეროშო დასაქმებულ ადამიანებს საკმაოდ მინიმალური ხელფასები და ბევრი პრეტენზია აქვთ, საინტერესოა, როგორია სფეროს მმართველების ანაზღაურება და მათი თვიური შემოსავალი?
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მან, როგორც მინისტრმა, 2016 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ ერთ წელიწადში მიიღო 75 000 ლარი ხელფასის სახით. ეს იმას ნიშნავს, რომ მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ, 6200 ლარზე მეტია.
გასულ წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, დავით სერგეენკოს მოადგილე თამილა ბარკალაიას 2016 წელს ერთი წლის განმავლობაში სახელფასო შემოსავლის სახით აღებული აქვს 62 105 ლარი, რაც ყოველთვიურად 5000 ლარზე მეტს შეადგენს.
ჯანდაცვის მინისტრს საკმაოდ ბევრი მოადგილე ჰყავს, სხვა დანარჩენის ყოველთვიური ხელფასიც, დაახლოებით, ხუთი ათასი ლარით განისაზღვრება და რამდენჯერმე აღემატება ჯანდაცვის სფეროში ჩართული მედპერსონალის ანაზღაურებას.
ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო, რომელშიც, გარდა ხელფასებისა, ასევე შრომის უსაფრთხოებაც საკმაოდ დიდი პრობლემაა, უკვე წლებია, არის შახტები და აქ დასაქმებული ადამიანები.
უკვე რამდენიმე წელია, რაც განსაკუთრებით გაიზარდა დაღუპულ მეშახტეთა რაოდენობა. ეს ადამიანები ძალიან მძიმე პირობებისა და მინიმალური ანაზღაურების მიუხედავად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, ხშირ შემთხვევაში კი სწორედ ამას ეწირებიან. როგორც გაირკვა, მეშახტეების თვიური ანაზღაურება განსხვავებულია, თუმცა ყველა ვარიანტში არაპროპორციულია მათ მიერ შესრულებულ სამუშაოსთან და იმ რისკებთან მიმართებით, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აკეთებენ.
როგორც ცნობილია, ტყიბულის შახტში მომუშავე მეშახტეების ხელფასი 400-დან 600 ლარამდე მერყეობს, რაც მიზერული ანაზღაურებაა და ბევრი მათგანისთვის საარსებოდაც არასაკმარისია.
იმ ფონზე, როდესაც სახიფათო სამუშაო გარემოში მეშახტეები მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ განაგრძობენ შეუსვენებლად მუშაობას, ტყიბულის საკრებულოში დასაქმებული დეპუტატების თვიური შემოსავალი 3000 ლარს აღემატება და, ამავდროულად, საკმაოდ კომფორტულ სამუშაო და ინფრასტრუქტურულ პირობებსაც მოიაზრებს.
ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებია, რეალობა, რომელიც კარგად იძლევა იმ კონტრასტის დანახვის საშუალებას, რაც ჩვენს ქვეყანაში რიგითი მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეების ხელფასებს შორის არსებობს.
ანაზღაურება და ხელფასი, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებული ადამიანის შრომის მოტივაციას განსაზღვრავს და, ამავდროულად, მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც აისახება, საკმაოდ პრობლემური საკითხია, რომელიც უკვე წლებია, დავის საგანია.
თვალში საცემი და კონტრასტული სხვაობა რიგით დასაქმებულებსა და უმაღლეს თანამდებობებზე მყოფ ადამიანთა ხელფასებს შორის, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში შრომა არც ისე უსაფრთხოა, ბადებს კითხვას, _ განა, მართლა ის ჭამს, ვინც შრომობს, თუ?!

ანა ურუშაძე