ხორავას ქუჩის ტრაგედიის გაუხმაურებელი დეტალები

გადაკეტილი რუსთაველი, კარვები პარლამენტთან, საპროტესტო აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მინისტრების გადაყენების მოთხოვნა, აქციის დაკავებული მონაწილეები, პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებაში და უუნარო ოპოზიცია, _ დღეის მდგომარეობით ასეთია ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის გაგრძელება.

ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ საპროტესო აქცია პარლამენტის შენობასთან კვირიკაშვილის გადაყენების მოთხოვნით გაგრძელდა. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ისევ სამართლიანობის აღდგენასა და შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების შიგნით შიდა ომი სხვადასხვა ფაზაში გადადის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პროტესტის მეორე დღეს, როცა რუსთაველზე სამოქალაქო საზოგადოება იყო თვითორგანიზებული, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურის გადაყენება. სუს-ის ახალი უფროსი ახალ მოადგილეებს დანიშნავდა და მათ შორის სოსო გოგაშვილი აღარ იქნებოდა. მოვლენების ასეთი განვითარება, პირველ რიგში, პრემიერ კვირიკაშვილს არ აწყობდა, რადგან ამ სცენარით იგი მთავრობაში ბოლო დასაყრდენს, სუს-ს კარგავდა. კვირიკაშვილმა აქციაზე მისვლით გიორგი გახარიას ილეთის განმეორება სცადა, მაგრამ ტაშის მაგივრად ბოთლები მიიღო. სამაგიეროდ, მან ამ ტრიუკით თანამდებობიდან გადაყენებას გადაარჩინა ვახტანგ გომელაური და ბურთი ისევ გიორგი გახარიას მოედანზე გადააგდო, საჯაროდ დაავალა მას ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიება.
ის, რომ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს წელიწადზე მეტია, საგამოძიებო ჯგუფი ჰქონდა შექმნილი და დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძისა და გიორგი კვირიკაშვილის კორუფციული სქემების გამოძიებას აწარმოებდა ფინანსური პოლიციის გამომძიებლებთან ერთად, ამაზე „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში უკვე ვწერდით. თითქმის ბოლომდე გამოძიებული სისხლის სამართლის საქმეები ახალ მთავარ პროკურორს ელოდება.
მთავარი პროკურორის სავარძელი ის თემაა, როცა ყველა მხარეს თავისი ლეგიტიმური ინტერესი აქვს. ხელისუფლების ყველა შტო ცდილობს, ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს, მათ შორის, „ევროპული საქართველოც“, რომელიც, ერთი მხრივ, ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობს, მეორე მხრივ კი იმ საპროტესტო აქციას ემიჯნება, რომელიც რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად იმართება. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას პავლე კუბლაშვილიც არჩევს და იუსტიციის მინისტრიც. სწორედ მთავარ პროკურორზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგით დასრულდება კვირიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება.
კვირიკაშვილის მარჯვენა ხელი და პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ახალ სკანდალში გაეხვია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დაიწყო ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გაყალბება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უფროსი გიორგი თვაური დიმიტრი ქუმსიშვილის ახლო მეგობარი და ნათესავია. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ექსპერტებმა დასკვნა სწორედ გიორგი თვაურის მითითებით გააყალბეს, მას კი ვიცე-პრემიერმა ქუმსიშვილმა მისცა დავალება.
ამ თემაზე ჩემ მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერილ სტატუსს მეორე დილით დიმიტრი ქუმსიშვილის საპასუხო კომენტარი მოჰყვა, მან პიროვნული შეურაცხყოფა მომაყენა, რაც მის ტაქტზე, კულტურასა და ეტიკეტზე მეტყველებს და გაბრაზებას სულაც არ ვაპირებ. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, უკიდურესი არაობიექტურობა კიდევ ერთხელ გამოიჩინა და ქუმსიშვილისთვის პასუხის გაცემის საშუალება არ მომცა. მოგვიანებით, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ ასევე გაავრცელა დიმიტრი ქუმსიშვილის კომენტარი, რომ ის „ქრონიკა+“-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. არც ამ სააგენტოს უკითხვას ან რატომ მიჩიოდა ქუმსიშვილი, ან რა რეაგირებას ვაპირებდი მის საჩივარზე. სახელისუფლებო მედიისა და სხვების გასაგონად: მიუხედავად იმისა, რომ „ქრონიკა+“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი არ არის, აუცილებლად მივალთ და მონაწილეობას მივიღებთ განხილვაში.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საზოგადოებრივ პროტესტს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელში ბოტების მობილიზაციით, ვაკის პარკში კი კონტრაქციის შეკრებით უპასუხა.
აქციაზე ია მეტრეველი, დავით ოქიტაშვილი, ლაშა ამირეჯიბი, სოსო რობაქიძე და სხვა გამარგინალებული მეოცნებები გამოჩნდნენ, მათთან ერთად იდგნენ თბილისის მერიის თანამშრომლები. „რუსთავი 2-ის“ კამერამ კონტრაქციაზე ტელევიზიის დაცვის ყოფილი უფროსი დააფიქსირა, რომელმაც სუს-ის დავალებით სათვალთვალო კამერები დააყენა ნიკა გვარამიას სამუშაო ოთახში.
ყველასთვის მოულოდნელად, ვაკის პარკში ზაზა სარალიძე გამოჩნდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შვილმკვდარმა მამამ თანაგრძნობის მაგიერ აგრესია მიიღო და ვაკის პარკი მალევე დატოვა.
სიტუაცია ოდნავ დააშოშმინა საქმეში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ჩართვამ. სწორედ სახალხო დამცველი იყო ზაზა სარალიძისა და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრის ინიციატორი. კვირიკაშვილმა მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე თავიდანვე უარი განაცხადა, მაგრამ, საბოლოოდ, შეხვედრა მაინც გაიმართა.
მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ხელისუფლებას კიდევ უფრო უჭირს, რადგან პანკისის ხეობში ჩატარებულ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა, მისი უშუალო განკარგულებით მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და მოგვიანებით, სწორედ ის ახდენდა ზეწოლას მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებზე. მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის, მისი მოადგილის გადაყენებას და იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც მის შვილს ესროლა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გოგაშვილს რამდენიმე სერიოზული პროვოკაცია აქვს დაგეგმილი. მას გოგაშვილის დავალებით სპეციალურად მიაწოდეს იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. ელოდებოდნენ, რომ გამწარებული მამა შურისძიებას დააპირებდა და სწორედ ამ დროს მას ან დააკავებდნენ, ან მის ლიკვიდაციას მოახდენდნენ. გოგაშვილის გეგმა ჩავარდა, მაგრამ თავად ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ გოგაშვილისთვის სამსახურის პრესტიჟი და მუნდირის ღირსება არაფერს წარმოადგენს, საკუთარი ტყავის გადასარჩენად ის მზადაა, სპეცდანიშნულების რაზმის ის წევრებიც გაწიროს, რომელთაც დავალებაზე თავად უშვებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელახალი გამოძიება დაიწყო. ამჯერად მისი ამოცანაა, ბოლომდე გაარკვიოს, ვინ შეუშალა ხელი გამოძიებას, ვინ გაანადგურა და გააყალბა მტკიცებულებები და ვინ მოახდინა ზეწოლა საქმის მოწმეებზე.
გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს მირზა სუბელიანი; დაკითხეს სამხარაულის ექსპერტები და დააკავეს მერაბ მორჩაძე, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, კალანდიების ახლო ნათესავია, მან თანხაც გადაიხადა იმისთვის, რომ მოწმეს ჩვენება შეეცვალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით მერაბ მორჩაძე ნამდვილად არის ლევან ჯანაშიას ძველი უბნელი და კარგი ნაცნობი, ამ ტრაგედიის მერე ხშირად კითხულობდა მათ ამბავს. ის, ამავე დროს, არის კალანდიების ნათესავი ბორის კაკუბავას მხრიდან. დაახლოებით თვენახევრის წინ ლუკა კალანდიას დაკითხვისას პროკურორი ფხაკაძე კალანდიას მერაბ მორჩაძის ვინაობის შესახებ ჩააცივდა და ჰკითხა, ეხმარებოდა თუ არა ის მის ოჯახს? ლუკა კალანდიამ ჯერ უთხრა, არაო, მერე ფხაკაძე რომ ჩააცივდა, კიო, _ ერთხელ იყო მოსული და საჭმლის ფული დაგვიტოვაო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ხორავას ტრაგედიის მერე, გარკვეული დროის შემდეგ, მიხეილ კალანდიამ მერაბ მორჩაძეს დაურეკა, _ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ და გვიშველე, გვიჭირს, თან ბიძაჩემი მირზა მძიმე მდგომარეობაში მაყენებსო. ეს დიალოგი იყო მიმოწერითაც. გამოძიება ამ მიმოწერას ან ამოიღებს, ან უკვე ამოღებული ექნება. ამის მერე მერაბ მორჩაძე რამდენჯერმე მივიდა კალანდიებთან და ერთადერთხელ დაუტოვა ასი ლარი, _ საჭმელი იყიდეთო. მოგვიანებით, როცა მირზა სუბელიანმა კალანდიებთან მერაბის კონტაქტის შესახებ გაიგო, დიდი გარჩევა მოაწყო და თავად მერაბ მორჩაძეც სერიოზულაც „აკაჩავა“. ეს მოხდა მიხეილ კალანდიას დაკითხვის შემდეგ, როცა კალანდიამ გამოძიებაში ზეწოლაზე ისაუბრა და გ.ჯ.-ზე თქვა, მის ხელში დანა არ დამინახავსო. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბრალდებულ გ.ჯ.-ს უკვე თავად ჰქონდა აღიარებული, რომ დანა ჰქონდა და გამოიყენა კიდეც.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ ჩვენება მირზა სუბელიანის წინააღმდეგ უკვე მისცა და სწორედ მის ჩვენებას მოჰყვა მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მირზა სუბელიანის მესამე დაბარება და დაკავება.
გამოძიება სუბელიანს დანაშაულის მყისიერ შეუტყობინებლობას ედავება, რაც სასჯელის ზომად ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგზე საინტერესო იყო ხაზგასმა, რომ გრძელდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ, პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: ვისი დავალებით გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნა? პოლიტიკური ნებისა და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში კვალი აუცილებლად მივა გიორგი თვაურთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბ მორჩაძესა და მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. _ გისოსები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რომ შემეძლოს, ჩემს სიცოცხლესაც კი დავთმობდი ამ ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდო, _ თქვა ბოლო სიტყვაში მირზა სუბელიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, ასევე გრძელდება შვილმკვდარი მამების პროტესტი საქართველოს პარლამენტის წინ.

გამოძიება სუბელიანს დანაშაულის მყისიერ შეუტყობინებლობას ედავება, რაც სასჯელის ზომად ჯარიმას ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგზე საინტერესო იყო ხაზგასმა, რომ გრძელდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ, პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: ვისი დავალებით გაყალბდა ექსპერტიზის დასკვნა? პოლიტიკური ნებისა და ობიექტური გამოძიების შემთხვევაში კვალი აუცილებლად მივა გიორგი თვაურთან და დიმიტრი ქუმსიშვილთან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბ მორჩაძესა და მირზა სუბელიანს წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. `გისოსები ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რომ შემეძლოს, ჩემს სიცოცხლესაც კი დავთმობდი ამ ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდო~, _ თქვა ბოლო სიტყვაში მირზა სუბელიანმა. დღის მეორე ნახევარში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესის პარალელურად, საპატრულო პოლიციამ რუსთაველზე კარვები დაშალა და აქტივისტები დააპატიმრა. ბრიფინგზე გვითხრეს რომ კარვებში რამდენიმე, მათ შორის ინტერპოლის ძებნილი პირიც დააკავეს. საქართველოს საზღვარზე ძებნილი პირი ისე შემოვიდა, რომ არავის შეუმჩნევია, თან პოლიტიკური პროტესტის გრძნობამ სძლია და კარავში მივიდა. საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მთელი დღის განმავლობაში მეტისმეტად ცინიკურად და გამომწვევად იქცეოდა. `ქრინიკა+~-ის წყარომ გაარკვია რომ მას ზურგს ადიკო ივანიშვილი უმაგრებს, წინა ცხოვრებაში კუპატაძეების მთელი ოჯახი ვანო მერაბიშვილის ფანი იყო, ცოლიც კი მომსახურების სააგენტოში ყავდა დასაქმებული. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე თემურ კუპატაძე როგორც ნაცების ერთგული კადრი რუსთავის აზოტში მიავლინეს და ბიძინა ივანიშვილის მიტინგზე წასულ აზოტის ქარხნის მუშებს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. მეოცნებეებს კი რუსეთუმეებს და ქვეყნის მოღალატეებს უწოდებდა. ასეთი კადრი დღეს საპატრულო პოლიციის უფროსია და სწორედ მისი ბრძანებით მოხდა დღეს არაპროპორციული ძალის გამოყენება კარვების აღების დროს, ხოლო აქციაზე ლაივში მყოფი პოლიტიკოსები კი ჯერ დაკავებულად გამოაცხადეს, მოგვიანებით კი ფაქტები თავადვე უარყვეს. ქართული ოცნების ხელისუფლების შიგნით დიდი ომია დაწყებული ძალაუფლების მოსაპოვებლად და თანამდებობის შესანარჩუნებლად. ცხადია, აქციების გაგრძელება კვირიკაშვილის ინტერესებში შედიოდა, რადგან ქუჩის პროტესტის ფონზე მას არავინ გადააყენებდა. დღის ბოლოს, ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებით საპროტესტო აქცია ერთი კვირით შეწყდა. ეს ლოგიკურიც იყო. მათ ირგვლივ იმდენი ინტრიგა, დატრიალდა, პოლიტიკური ქაოსის შუაგულში აღმოჩდნენ. ორივე მათგანს ძალიან სჭირდება დასვენება და სამომავლო სტრატეგიის შემუშავება. მათ გასაგონად ვინც ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ მოწყობილ რევოლუციას ელოდებოდა, აუცილებლად უნდა ვთქვა- შვილმკვდარი მამები პირველ რიგში სამართალს ეძებენ.

ელისო კილაძე