წარსული, აწმყო, მომავალი _ უკვდავი მემკვიდრეობა

ნებისმიერი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი კულტურული მემკვიდრეობა _ წარსული, რომელიც მის საინტერესო მომავალს უზრუნველყოფს და ამ კონკრეტული ქვეყნის იდენტობას უსვამს ხაზს. საქართველოს ეს წარსული საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი აქვს. ბუნებრივია, დრო თავისას აკეთებს და ვერც ისტორიას ინდობს _ წლებისა და საუკუნეების შემდეგ განახლება და ხელის შევლება მემკვიდრეობას აუცილებლად სჭირდება.

„საიასა“ და „ტფილისის ჰამქრის“ ორგანიზებით, 2018 წლის 6 ივნისს, პროექტის „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. ამ პროექტის უმთავრესი მიზანია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის გაუმჯობესება და „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა.

ნოდარ ტანგიაშვილი _ EWMI, საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების მრჩეველი:
„ეს არის USAID-ის დაფინანსებული და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პარტნიორობას, რომელიც ორ გამორჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად იწყება: „საიასთან“ და „თბილისის ჰამქართან“. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რის გაკეთებასაც, ჩვენთან ერთად, ეს ორი ორგანიზაცია აპირებს. ეს არის თბილისის კულტურული მემკვიდრეობის განვითარება, განსაკუთრებით ძველ თბილისში _ მისი ურბანული იერსახის შენარჩუნებისთვის მოქალაქეებთან დიალოგი, საჯარო ინტერესების გამოკვეთა, ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული რესტავრაცია და განახლება. თბილისი ვითარდება და ამის მოწმენი ვართ. ის უამრავ ტურისტს იზიდავს, აქვს ეკონომიკური პოტენციალი და ეს კარგია, მაგრამ დღესვე, პარალელურად უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ის, რაც მემკვიდრეობით გადმოგვეცა, თუნდაც ასი წლის წინათ აშენებული შენობები, რომლებითაც დღეს ვამაყობთ, ასევე საამაყო უნდა იყოს ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. და თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა ხარისხიან რესტავრაციაზე, ორიგინალური ისტორიული იერსახის შენარჩუნებაზე, ათი წლისა და საუკუნეების შემდეგ გვიანი იქნება და, ფაქტობრივად, ვერაფრით შევძლებთ ამის გამოსწორებას. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი ეხება საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თბილისის მცხოვრებლებს – მათ საცხოვრებელ სახლებს, ქუჩებს, მათ ქალაქს… თანამშრომლობა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორს შორის უნდა შედგეს“.

სულხან სალაძე _ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე:
„ერთი მხრივ, ჩვენი მიზანია ვნახოთ ის, თუ რა ფინანსურ რესურსს ფლობს „თბილისის განვითარების ფონდი“? როგორ იხარჯება თანხები? რა პრიორიტეტები გამოიკვეთება? თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს რამდენად არის ჩართული ფონდი? ითვალისწინებენ თუ არა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიც არის კულტურული მემკვიდრეობა? რა ადგილი უჭირავს კულტურულ მემკვიდრეობას ფონდის საქმიანობაში? რა აქტივობები არის დაგეგმილი? როგორ იხარჯება ფინანსური რესურსი? რამდენად რაციონალურია, რა რისკებია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემსახურება თუ არა ეს ყველაფერი, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, თუ მხოლოდ დეკლარირებულ დონეზეა? ამიტომ შევეცდებით, ერთი მხრივ, ამ პროექტის ფარგლებში, კვლევითი სამუშაობები ვაწარმოოთ, უშუალოდ, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება თვითმმართველობასთან, კულტურის სამინისტროსთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ძალიან ბევრ ისეთ ჯგუფთან, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მუშაობს. წლების განმავლობაში (ბოლოს წლების ტენდენცია ამას განსაკუთრებით აჩვენებს) კულტურული მემკვიდრეობა, ურბანული გარემო, პროცესები, რომლებიც ქალაქში ცხოვრებასა და ჯანსაღ გარემოს უკავშირდება, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ბევრი ადამიანი წუხს იმ ყველაფრით, რაც ქალაქში ხდება. რა და როგორ შეიძლება შევცვალოთ მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, ამ პროექტისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. ვფიქრობთ, ამ ყველაფერს შევძლებთ. ამავე პროექტში მნიშვნელოვანი საკითხია მოქალაქეების გააქტიურება და ჩართულობა, მათთან კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბარი და მისი პერსპექტივიდან დანახვა, რომ აუცილებელია, ვიყოთ უფრო აქტიურები, მომთხოვნები თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კულტურული მემკვიდრეობის შენახვისა, თუ განვითარების თვალსაზრისით. ეს პროექტი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. ვგეგმავთ რამდენიმე საინფორმაციო ტიპის კამპანიასაც, მინიმუმ, ორი ტურის ჩატარებას ცოტა განსხვავებული ფორმატითა და მასშტაბით. სოციალური ქსელების საშუალებით ყველას ექნება იმის ბედნიერება, დროულად გაიგოს, როდის რა იგეგმება, რომ მონაწილეობა მიიღოს“.

სალომე ბაღაშვილი _ ორგანიზატორი:
„ჩვენ ვახორციელებთ პროექტს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თბილისში“, რაც გულისხმობს იმას, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ სამართლებრივი მონიტორინგი უზრუნველვყოთ. ის ძირითადი ორგანოა, რომელიც ახორციელებს თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიმღები სხვა ორგანოების დაცვას. ჩვენთან ერთად ჩართულია „ტფილისის ჰამქარი“. ის, თავის მხრივ, საკუთარ საქმიანობას მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით შეაფასებს: რამდენად არის შესაბამისობაში ფონდის მიერ განხორციელებული რეაბილიტაცია თუ რეკონსტრუქცია მსოფლიო სტანდარტებთან“.

ცირა ელისაშვილი _ „ტფილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი:
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, იმ სეგმენტს, ვისთვისაც „ტფილისის ჰამქარი“ უკვე თერთმეტი წელია, არსებობს _ ეს არის მოსახლეობა და, ამ შემთხვევაში, გუდიაშვილის მოსახლეობა. „ტფილისის ჰამქარს“ ორი მიზანი აქვს: 1. გავზარდოთ ცნობიერება კულტურული მემკვიდრეობის კუთხით; 2. დავიცვათ ურბანული მემკვიდრეობა. ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს სწორად რეაბილიტაცია; როგორ უნდა გავითვალისწინოთ ამ რეაბილიტაციის პროცესში მოქალაქეთა ინტერესები. 2007 წლიდან, გუდიაშვილის თემასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ომი გადავიტანეთ საზოგადოებასთან ერთად. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე მაინც შევძელით, ქალაქისთვის ის ერთადერთი მოედანი შეგვენარჩუნებინა, რომელმაც, ასე თუ ისე, პირველადი სახით მოაღწია ჩვენამდე. შევძელით ის, რომ რეაბილიტაცია სწორად წავიდა _ ჯერ შეიქმნა კონსერვაციის გეგმა და, რაც მთავარია, თვითონ საპროექტო დოკუმენტაცია იმ ორგანიზაციამ შეადგინა, რომლის მიმართაც კითხვის ნიშანი (როგორც ჩვენი, ისე საზოგადოების მიხრიდან) არ არსებობდა. ეს არის „იკომოსის“ ქართული ჯგუფი. ახლა მთავარია, კარგი პროექტები კარგადვე შესრულდეს _ სამუშაო პროცესი იყოს სწორი. საავტორო ზედამხედველობას „იკომოსი“ ახორციელებს. ზოგადად, ამ პროცესის მონიტორინგს ჩვენ ვახორციელებთ. მიუხედავად იმისა, რომ, თითქმის, ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, მაინც ვფიქრობ, რომ არჩეული გზა სწორია.
გუდიაშვილის ქუჩის სახლების სარდაფებში ძალიან საინტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ამ ეტაპზე, პროცესში ჩართულია არქეოლოგი. არქეოლოგიურ მასალებს ვაგროვებთ. რაც მთავარია, საზოგადოება ელის, რომ გუდიაშვილი სარესტავრაციო მეთოდოლოგიის თვალსაზრისით გაკეთდეს არა მხოლოდ კარგად, არამედ მისი სოციალური სტატუსი შენარჩუნდეს, რაც წლების განმავლობაში არსებობდა _ გუდიაშვილი იყოს ცოცხალი ორგანიზმი, გუდიაშვილი იყოს მოსახლეობის, გუდიაშვილი იყოს არა მხოლოდ კომერციალიზაცია, არამედ ის ადგილი, რომელიც იძინებს, იღვიძებს და არ იკეტება! ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით ამ მიზანსაც მივაღწევთ. ეს იქნება ერთადერთი მაგალითი იმისა, რომ საზოგადოებამ, წლების განმავლობაში გაწეული შრომისა და ბრძოლის ფასად, მიაღწია იმას, რომ თბილისში რეაბილიტაცია ისე გაკეთდეს, როგორც ეს ესმის დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს და არა _ რეაბილიტაცია ქართულად“.

თბილისის ფარგლებს რომ გავცდეთ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლისთვის, არაერთი პროექტი იგეგმება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი ძეგლებია:
1. ვარძიის კვლევა _ კლდის მასივების კვლევა, კედლის მხატვრობის კონსერვაციის დამასრულებელი ეტაპი, არქეოლოგიური სამუშაოები, ჰიდროლოგიური კვლევა, სეისმოლოგიური კვლევა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები და კლდის გამაგრება. ფიზიკური სამუშაოები განახლდება მაისიდან;
2. მეტეხი _ ტაძრის კონსერვაცია _ დასავლეთის ფასადისა და ქვის კონსერვაცია.
2015 წელს ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი მთელ პერიმეტრზე ბიოლოგიური ნადების საწინააღმდეგოდ ბენზინკოლიუმის ხსნარით დამუშავდა, გაიწმინდა არსებული ნადებისაგან; გახორციელდა დაბზარული ქვის კონსერვაცია, ბზარები ეთილ სილიკატისა და ნანო სილიკატის საშუალებით გამაგრდა, შეივსო ნაკერები;
2016 წელს ჩატარდა სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადების ქვის საკონსერვაციო სამუშაოები;
2017 წელს განხორციელდა დასავლეთი ფასადის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები;
2018 წელს დაგეგმილია დასავლეთ ფასადის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელება და დასრულება;
3. მცირე ჯვარი _ ქვის გამაგრება-კონსერვაცია.
2016 წელს შესრულდა ინტერიერსა და ფასადზე დაზიანებული ქვის კონსერვაციის I ეტაპი;
2017 წელს შესრულდა დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ფასადების ქვების საკონსერვაციო სამუშაოები;
2018 წელს დაგეგმილია ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების წარმოება, რითაც, საბოლოოდ, დასრულდება მცხეთის მცირე ჯვრის ქვის კონსერვაცია;
4. ნოქალაქევი _ ნოქალაქევის ქვედა ტერასის, მთავარი ქალაქის სრული კონსერვაცია; მიმდინარეობს ტაძრის სახურავის რეაბილიტაცია _ გადახურვა კრამიტით; წელს იგეგმება არქეოლოგიური ბაზის დემონტაჟი, მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება (ტენდერი გამოცხადდება ამ დღეებში).
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოები აქტიურ ფაზაშია;
5. ნიკორწმინდა _ გადაიხურება სპილენძის სახურავით, გამაგრდება ფასადები, მოხდება მხატვრობის კონსერვაცია, მთლიანად გამოიცვლება კარ-ფანჯარა და მოწესრიგდება ტერიტორია.
შეიღებება და შეიცვლება არსებული კარები და ფანჯრები; მოიხსნება სამრეკლოში არსებული ხის სართულშუა გადახურვები და მოეწყობა გამომშრალი ხის მასალით; განხორციელდება არსებული ხის სარკმლების დემონტაჟი, რესტავრაცია და თავიდან მონტაჟი; ასევე _ განხორციელდება ქვის საკონსერვაციო სამუშაოები; ინტერიერში ნალესობისა და ფერწერის რესტავრაცია; გარდა ამისა გათვალისწინებულია ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, მეხამრიდის მოწყობა და დამიწების კონტურის მოწყობის სამუშაოები;
6. ატენი _ დაიწყება ტაძრის ინტერიერის ქვისა და მხატვრობის კონსერვაცია;
7. უჯარმა _ იწყება მუზეუმ-ნაკრძალისა და ზედა ციხის რეაბილიტაცია, ბილიკების, ინფრასტრუქტურისა და მეორე კარიბჭის შესასვლელის მოწესრიგება ტურისტული მარშრუტისთვის;
8. ფიტარეთი – წლის ბოლომდე დასრულდება ტაძრის სახურავის რეაბილიტაცია.
2017 წელს შესრულდა ფიტარეთის ტაძრის ლორფინის სახურავის ნაწილის რეაბილიტაციის I ეტაპი. კერძოდ, ტაძრის საკურთხევლის ორფერდა გადახურვის ლორფინის საბურველის კაპიტალური რეაბილიტაცია;
9. გორის ციხე _ კონკრეტული ადგილების არქეოლოგიური კვლევა და კონსერვაცია;
10. უფლისციხე _ თამარის დარბაზის კონსერვაცია. 2017 წელს ტურისტული ატრაქციის სახითა და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ფორმით დაინსტალირდა ვირტუალური რეალობის ტურის სტენდები.
თამარის დარბაზის კონსერვაციაზე ფიზიკური სამუშაოები დაიწყება, სავარაუდოდ, მაისიდან;
11. სვანეთის ძეგლები _ სვანეთში დაგეგმილია, დაახლოებით, 15 ობიექტის (მაჩუბისა და ციხე-კოშკის) რეაბილიტაცია;
12. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია _ ჩრდილოეთი მონაკვეთის (ჩრდილოეთი მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთ მკლავებს შორის სივრცის) მოხატულობაზე ჩასატარებელი საკონსერვაციო სამუშაოები;
13. ომუნეს ჯიხა _ კოშკის რეაბილიტაცია;
14. ტოლაანთ სოფელი _ გაგრძელდება იმ სკოლის რეაბილიტაცია, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა;
15. დოდოს რქა, დავით გარეჯის კომპლექსი _ ახლად გამოვლენილი ეკლესიის მხატვრობის კონსერვაცია;
16. დოლოჭოპი _ იატაკის კონსერვაციისა და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგების შემდეგ გარკვეული ადგილების კონსერვაცია;
2018 წელს, სახელმწიფო გეგმის ფარგლებში, გრძელდება ბაზილიკის საკონსერვაციო სამუშაოები, რაც მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ მინაშენების ნაწილების კონსერვაციასა და ნაწილობრივ აღგენით სამუშაოებს:
• სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილში გადმოქცეული კედლის გადაწყობა;
• ჩრდილოეთის მინაშენზე კედლის გადაწყობა 20-25 სმ. სისქეზე;
• ტაძრის საკურთხეველში არსებული ქვის კიბეებისა და ტახტრევნის გამაგრებასა (ლითონკონსტრუქციებით) და აღდგენას რიყის ქვით;
• ფიზიკური სამუშაოები დაიწყება მაისიდან;
• სამუშაოების დასრულების ვადა _ 27.09.2018
17. საფარა _ შარშან დასრულდა ტაძრის რეაბილიტაცია, სახურავის ლორფინის რეაბილიტაცია. წელს დასრულდება პატარა ტაძრის რეაბილიტაციაც.
2014-2015 წლებში შესრულდა საფარის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს რეაბილიტაცია.
2018 წელს საფარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია:
• სახურავზე დაზიანებული ლორფინების ახლით გათლა-მოწყობა;
• ტაძრის ინტერიერში დაზიანებული გაჯის ნალექსის მოხსნა და გასუფთავება;
• მინაშენის სარკმელების აღდგენა გარედან და შიგნიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეს;
18. შატილის კოშკი _ 2017 წელს ჩამოშლილი #6 კოშკის სრული რეაბილიტაცია;
19. ოძისი _ 2016 წელს განხორციელდა ერისთავების სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა გადაუდებლად აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს: სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნების, პატარა მარნის გადახურვისა და მთელი სასახლის გადახურვის საფრის რეაბილიტაციას;
2018 წლისთვის წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ერისთავების სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპის წარმოებას;
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
• ფასადებზე არსებული ნალესობის მოხსნა, კირ-დუღაბით დაგოზვა;
• აივნებზე კედლების გაწმენდა და შეღებვა;
• ფასადებზე მდებარე კარ-ფანჯრების გამოცვლა-რესტავრაცია;
• ცენტრალური კიბის რეაბილიტაცია;
• მეორე სართულზე აივნის აღდგენა;
• სარდაფის დონეზე სვეტებს შორის წყობის მოხსნა;
20. აკაკის წერეთლის სახლ-მუზეუმი (სხვიტორი) _ ჩატარდება სხვადასხვა სარესტავრაციო სამუშაო.
2018 წელს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურურის უძრავი ძეგლის სტატუსი. წარმოდგენილი რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისა და კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშოების წარმოებას.
სასახლის რეაბილიტაციისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
• კიბის, აივნის მოაჯირებისა და რიკულების დამზადება და მონტაჟი;
• ზეძირკვლის საპირე ქვების გადაწყობა;
• ფასადის კედლის საპირე წყობის მოლესვა;
• კარ-ფანჯრების რესტავრაცია;
• I სართულზე დაზიანებული ხის იატაკების მოხსნა და გრანიტის ფილის იატაკის მოწყობა;
• II სართულზე ჭერის გაწმენდა;
• ელექტროობისა და სუსტი დენების გაყვანილობის მოწყობა;
კარის ეკლესიის რეაბილიტაციისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
• სახურავის ბურულისა და ხის კონსტრუქციების დაშლა;
• ახალი ბურულქვეშა ხის კონსტრუქციების მონტაჟი და სახურავის ბურულის მოწყობა 30% ახალი კრამიტის დამატებით;
• ჰიდროსაიზოლაციო შრის მოწყობა;
• დასავლეთისა და ჩრდილოეთის ხის კარების რესტავრაცია;
• ეზოს რელიეფის აღდგენის მიზნით მიწის მოჭრა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში;
• ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ქვის კიბეების მოწყობა მეორადი ქვით, ხე-ლითონის მოაჯირების მოწყობით;
• ტაძრის ირგვლის სარინელის მოწყობა;
• ეზოს ბალახით მობელტვა;
21. ყვარელი (ილია) _ ილიას კოშკის რეაბილიტაცია.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ილია ჭავჭავაძის კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას.
კოშკის რეაბილიტაციისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
• რკ/ბეტონის სახურავის ფილის დემონტაჟი და ახალი გადახურვის მოწყობა;
• დაზიანებული სართულშუა გადახურვების მოხსნა და ახალი სართულშუა გადახურვების მოწყობა;
• არსებული კიბეების მოხსნა და ანალოგიურის მონტაჟი;
• არსებული ქვის იატაკის მონგრევა და ახლის მოწყობა ქართული აგურის გამოყენებით კირდუღაბის ფენაზე.

რაც უფრო მეტი მოქალაქე გამოიჩენს ინტერესს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საკითხში და რაც მეტი ადამიანი იპოვის საკუთარ თავში აღნიშნული ძეგლების მოვლა-პატრონობის უნარებს, მით უფრო დიდ ხანს და უსასრულოდ იარსებებს წარსული. მათი ძველი იერსახის შენარჩუნება რთულია, რადგან სიფრთხილესა და დაკვირვებას მოითხოვს. საქართველოს ნამდვილად აქვს რესურსი, მისდიოს წარსულს და შემოინახოს ის სამომავლოდ.

მარიამ ტიელიძე