საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის ფურცლები

ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდი საბჭოთა კავშირი დღეს, ერთი შეხედვით, წარსულია, მაგრამ კვლავაც გამჯდარია ცნობიერებაში. დღემდე გვიყვებიან, დღემდე გვასწავლიან, როგორ ცდილობდა იგი ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას. ანტირელიგიური პოლიტიკა ერთ-ერთია იმ თემებს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობას გვახსენებს.

„ქრონიკა+“ ესაუბრა თსუ-ის პროფესორს, საბჭოთა კავშირის პერიოდში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებში კომპეტენტურ პირს, თამარ ბელქანიას:
„ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლენინმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რელიგიური კონტექსტი მოეხსნა მთელ საბჭოთა კავშირში, შესაბამისი პოლიტიკა გახორციელდა საქართველოშიც. ეს გულისხმობდა, რომ დაეხურათ ეკლესიები, სასულიერო პირები გაეპარსათ, ეკლესიიდან საეკლესიო სიძველეები გამოეტანათ, გადაედნოთ და ფულად გადაეხურდავებინათ, რომ ეკონომიკა ამოეწიათ და ეკლესია ჩაენაცვლებინათ პარტიით. 1921 წელს 1200 ეკლესია დახურეს საქართველოში. ეს ცენტრალიზებული პილიტიკა, რომელიც ყველგან განხორციელდა, საქართველოში მთელი სიმკაცრით მიმდინარეობდა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ძალიან რელიგიური ქვეყანა იყო. შესაბამისად, ქართველი ერის დამონება შეუძლებელი იქნებოდა, თუკი ის შეინარჩუნებდა პატრიარქის ავტორიტეტს, რომელიც ძალიან მაღალი იყო. 1924 წლის აჯანყებაში დიდი წვლილი მიუძღოდა საეკლესიო საზოგადოებასაც. პატრიარქი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ის იყო ძალიან ავტორიტეტული სასულიერო პერსონა, ამიტომ ცალკე დაიწყო პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ცალკე _ სინოდის წინააღმდეგ და ცალკე ქართული ავტოკეფალიის წინააღმდეგ… ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ქართული იდენტობის მატარებელი და საგანმანათლებლო ცენტრი ქართველებისთვის. ეკლესიების ფრესკები ჩამოშალეს, მოზაიკა (რაც ვერ აყარეს) დააბეტონეს, ჯვრები ჩამოხსნეს. ყველა სიწმინდე გაიტანეს და, რაც მთავარია, ზოგან გახსნეს საცხობი, ბიბლიოთეკა, საქონლის სადგომი… ძალიან ბევრი დოკუმენტი არის ქართულ არქივებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, სადაც მთელი რიგი მასალაა ბერიასა და სტალინის მიმოწერასთან დაკავშირებით. დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. ეს იყო პირველი განაჩენი. შემდეგ განაჩენი შიდაპატიმრობით შეცვალეს და ის ვერ დახვრიტეს იმიტომ, რომ მთელი ერის მობილიზება მოხდა. ამ ადამიანმა მსოფლიო საზოგადოებას მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები ეღიარებინათ. ხელისუფლება იძულებული იყო, ასეთი ადამიანი გაენეიტრალებინა. ეს იყო ტოტალიტარული რეჟიმი და საზოგადოებაში ყოველგვარი საღი აზრის ჩამხშობი. მათთვის მიუღებელი იყო ქრისტიანული მრწამსი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ათეისტები იყვნენ და მეორე, როგორც უკვე ვთქვი, ეკლესია ძალიან ავტორიტეტული იყო. ეკლესიის დისკრედიტაცია მათ ვერ მოახდინეს, ამიტომ იძულებული იყვნენ, რომ ეკლესია გაენადგურებინათ. მათი ეს გადაწყვეტილება ცალსახა იყო. ძალიან ცნობილი და ბევრი სასულიერო პირი დახვრიტეს. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ რელიგია პოლიტიკური პარტიებით ჩაანაცვლეს. ყველაფერი გადმოიღეს: იყო ხატი _ მათ გააკეთეს პოლიტიკური ბელადების ხატები; იყო საეკლესიო იერარქიები _ აქაც იყო პარტიული იერარქიები; იყო ნიშნები და მათაც შემოიღეს ნიშნები. მათ ქრისტიანობა გააუფასურეს, გააუბრალოეს და გააფერმკრთალეს. ამ პერიოდში კომკავშირლებისგან გააკეთეს „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“ და მათ დაავალეს ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ.
სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად: „რაც შეიძლება მალე ბოლო უნდა მოღებოდა სამღვდელოებასა და რელიგიას. დააპატიმრეთ მღვდლები, როგორც კონტრრევოლუციონერები და საბოტაჟის მომწყობები. დაუნდობლად და საყოველთაოდ დახვრიტეთ, რაც შეიძლება მეტი საეკლესიო პირი. დახურეთ ეკლესიები და ტაძრებში განათავსეთ საწყობები“, _ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ლენინი (დოკუმენტისგან ასლის გადაღება აკრძალულია).
ინიშნება კომპარტიის არაერთი კრება, რომლის დღის წესრიგშიც პირველ ნომრად არის შესული სარწმუნოების დევნა. ჩვენს არქივში ბევრი ასეთი დოკუმენტია დაცული. ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: „ჩვენ, რუისპირის კომიაჩეიკა, ფიცს ვდებთ, რომ მეტი აგიტაცია გავწიოთ ხალხში სარწმუნოების წინააღმდეგ. ეკლესია ხალხის დამონებასა და ჭკუის არევას ცდილობს. ვეცდებით, რომ ეკლესიებზე ჯვრების ნაცვლად წითელი ვარსკვლავი იყოს“.
სწორედ ამ დროს შეიქმნა ანტირელიგიური ორგანიზაცია „მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ავრცელებდა ანტირელიგიურ ლოზუნგებსა და პროკლამაციებს. შემზარავია კომუნისტების მიერ 1923 წელს შედგენილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე 1212 ეკლესია დაიხურა. საბოლოოდ კი, 1942-43 წლებისთვის, საქართველოში, სულ, 15 მოქმედი ეკლესია და 30 სასულიერი პირი იყო.
უშიშროების არქივში დაცული დოკუმენტები კარგად აღწერს მექანიზმს, თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა უშიშროება სინოდის წევრების ერთმანეთთან დასაპირისპირებლად. ამას ადასტურებს 1926 წლის 27 მარტით დათარიღებული საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც ლავრენტი ბერია საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივან კახიანს მითითებას აძლევს, რომ ამბროსი ხელაიას დაბრალდეს ეკლესიის ორ მტრულ ბანაკად დაყოფა. მითითების მიხედვით, რეაქციულ ბანაკად უნდა წარმოჩენილიყვნენ ამბროსი ხელაიას მომხრეები, პროგრესულად კი _ ბლაგაჩინი ხახუტაშვილის თანამზრახველები. ცენტრალურ კომიტეტს ხელი უნდა შეეწყო რეაქციული საეკლესიო პირების კომპრომეტირებისა და პროგრესული ფრთის აღზევებისთვის. ბერიას აზრით, ქართული ეკლესია მაინც ძალიან ძლიერია თავისი ავტორიტეტითა და გავლენით, ამიტომ მარტში ის მითითებებს რამდენიმე პუნქტად აყალიბებს: როგორმე თავიდან იქნეს აცილებული 12 მარტისთვის დაგეგმილი მეოთხე საეკლესიო კრება და გადატანილ იქნას ოქტომბრისთვის, რათა, ამ პერიოდში ამბროსი ხელაიას ოპოზიცია მოძლიერდეს. მითითების საფუძველზე დაისახა მთელი რიგი ღონისძიებები. მიიღეს რეზოლუცია ანტირელიგიური პროპაგანდა-აგიტაციის შესახებ. მითითებებს თან ახლდა ინსტრუქცია საბჭოთა კავშირის ფარგლებში მართლმადიდებლური ეკლესიის სრულ მართვასთან დაკავშირებით.
გახსნილი არქივის მიზანი უახლესი ისტორიის იმ რეალობის აღდგენაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრიფით საიდუმლო იყო. დღეს თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს ისტორია, რომ წარსული სწორედ შეაფასოს. კომუნისტური რეპრესიების პირობებში საქართველოს ისტორიამ გოლგოთის მძიმე გზა გამოიარა. 1977 წლიდან საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია ილია მეორე. ამ პერიოდიდან საქართველოში აღდგა და აშენდა 2000-ზე მეტი ეკლესია“.

8 ივნისს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით, საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა იმ სინაგოგების, მეჩეთებისა და სხვა რელიგიური შენობებისა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში მესაკუთრეებს ჩამოერთვათ ან შეეცვალათ ფუნქცია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წარმოდგენილი ნაგებობები ისტორიულ მეპატრონეებს არ დაუბრუნდათ. ამ შენობების ნაწილი ფოტოკოლაჟების სახით იყო წარმოდგენილი. ბევრ შენობას ფუნქცია აქვს შეცვლილი, ბევრისგან კი ნანგრევებიც აღარაა შემორჩენილი. მათი დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ნაგებობების ნაწილი დღეს გახლავთ სახელმწიფოს საკუთრება, ნაწილი კი სხვა რელიგიურ გაერთიანებებს ეკუთვნის. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიების დიდი ნაწილი დღეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრონობის ქვეშ. ამ შეხვედრის მიზანი იყო ეჩვენებინათ, როგორ გამოიყურებოდა ეს ნაგებობები წარსულში და როგორ გამოიყურება ისინი დღეს.

ნუგზარ პაპუაშვილი _ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი:
„მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი დაეფუძნა ანტირელიგიურ იდეოლოგიას და ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაფუძნებისთანავე ეს სახელმწიფო და ეს იდეოლოგია დაუკავშირდა ანტირელიგიას, ამიტომ კომუნიზმი და ათეიზმი ჩვენს ცნობიერებაში გამჯდარია, როგორც ერთი და იგივე ფენომენი. ჩნდება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს კომუნიზმი და რელიგიის საწინააღმდეგო კამპანია, ეს ორი მოვლენა, შინაგანი ბუნებით არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ეს შეიძლება, დისკუსიის საგანი იყოს. მე, პირადად, მგონია, რომ მაინცდამაინც ასე არ არის. ხაზგასმა მინდა იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, დაფუძნების დღიდანვე, ჩამოყალიბდა, როგორც ანტირელიგიური სახელმწიფო და ასევე დარჩა ის თავისი არსებობის ბოლო წლებამდე, ანუ „პერესტროიკის“ ბოლო ეტაპამდე. ანტირელიგიური იყო, ასევე, ის რელიგია, რომელიც საფუძვლად დაედო საბჭოთა კავშირს. ის, ჩვეულებრივ, იდეოლოგიური სახელმწიფო იყო. მისი იდეოლოგია გახლდათ მარქსიზმ-ლენინიზმი. ერთიც და მეორეც, მსოფლმხედველობრივად, არის ათეისტური თეორიები. რაც შეეხება, კონკრეტულად, ლენინის დამოკიდებულებას რელიგიასთან დაკავშირებით, მე ვიცნობ გამოკვლევას „ლენინი და რელიგია“. კვლევები, წყაროებზე დაყრდნობით, ყოველთვის აღნიშნავს, რომ ლენინი კატეგორიული წინააღმდეგი იყო თავის თეორიულ ნააზრევსა და გამოსვლებში მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისა. „ის გვასწავლიდა, არ დაგვეცინა და აგდებულად არ მოვქცეოდით მორწმუნეებს“. გამოდის, რომ ლენინი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას მიიჩნევდა დანაშაულად და, შესაბამისად, გათვალისინებული ჰქონდა სასჯელიც. მაგრამ, ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და, შეიძლება ითქვას, უკიდურესი ფორმითაც, დამახასიათებელი იყო როგორც ლენინისთვის, ისე _ ლენინელებისთვის. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ მორწმუნეთა გრძნობების არა ერთხელ და ორჯერ შეურაცხყოფას და ჩვენს ხელთაა არა ერთი და ორი დოკუმენტი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. განსაკუთრებით საინტერესოა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი, ლენინის ხელმოწერით გამოცემული დეკრეტი საეკლესიო ფასეულობათა ამოღების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს ის წლებია, როდესაც საბჭოთა კავშირში შიმშილი მძვინვარებს და სახელმწიფომ გადაწყვიტა, ამ დეკრეტის საფუძველზე, ეკლესიებიდან და მონასტრებიდან გამოეტანათ ყველა საეკლესიო ნივთი, რომელსაც კი ფასეულობა ჰქონდა. რასაკვირველია, ამ ნივთებთა შორის იგულისხმება საკულტო ნივთები. ეს დადგენილება 1922 წლის იანვარში გამოიტანეს და იმთავითვე დაიწყო მისი რეალიზება. ამას მასაში ძალიან დიდი წინააღმდეგობა მოყვა. პირდაპირ შედიოდნენ ეკლესიებსა და მონასტრებში და იქიდან ყველაფერი გამოჰქონდათ, რაც კი ფასეული იყო. ამის გამო ბევრგან მოხდა ამბოხება და განსაკუთრებული მძაფრი ხასიათი მიიღო ამბოხებამ ქალაქ შუიაში, პეტერბურგთან ახლოს. ამ ამბოხებამ საკმაოდ დიდი მასშტაბი შეიძინა.
საინტერესოა ლენინის დამოკიდებულება ამ ამბოხებასთან დაკავშირებით და მისი მითითება პოლიტბიუროს მისამართით: „სწორედ ახლა, და მხოლოდ ახლა, როდესაც ზოგან ჭამენ ადამიანებს და გზებზე ყრია ასობით თუ არა ათასობით გვამი, ჩვენ ძალგვიძს და, ამიტომაც, უნდა ჩავატაროთ საეკლესიო ფასეულობათა ამოღება გააფთრებული და დაუნდობელი ენერგიით. უკან არ უნდა დავიხიოთ და ჩავახშოთ წინააღმდეგობა. რადაც უნდა დაგვიჯდეს, ჩვენთვის აუცილებელია, ჩავატაროთ საეკლესიო ფასეულობათა ამოღება ყველაზე გადამჭრელი და სწრაფი გზით. რეაქციული სამღვდელოების წარმომადგენელთა რაც უფრო მეტ რაოდენობას დავხვრეტთ, მით უკეთესი იქნება.
ეს გახლავთ ის, რაც ხდებოდა რუსეთში საბჭოთა კავშირის დაარსების პირველ ათწლეულში. თუ ჩვენ შევადარებთ ვითარებას საქართველოში, დავინახავთ, რომ ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა აქაც. საქართველოში დაიხვრიტა სიდიდით მეორე ქალაქის მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა და მასთან ერთად კიდევ სხვა ბევრი სასულიერო პირი. ასევე რუსეთის მსგავსად საქართველოშიც მოხდა აჯანყება. მხედველობაში მაქვს 1924 წლის აჯანყება, რომელიც, მართალია, პირდაპირ რელიგიურ საფუძველზე დაფუძნებული არ იყო, მაგრამ ანალოგიური მოტივი ჰქონდა იმიტომ, რომ სასულიერო პირები, ძირითადად, იმ მოტივით მონაწილეობდნენ აჯანყებაში, რადგან, თვითნებურად, ეკლესია-მონასტრებიდან გამოჰქონდათ სიწმინდეები. საქართველოში შეიქმნა განმანათლებლური მოძრაობა. მართალი გითხრათ, ეს მოძრაობა საქართველოში გასაბჭოებამდე დაიწყო, თუმცა გააქტიურდა სწორედ 1922 წლის შემდეგ. ეს არის ის წელი, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გენუის სამშვიდობო კონფერენციას წერილი გაუგზავნა, რომელიც ცნობილია „მემორანდუმის სახელწოდებით“. ეკლესიის საწინააღმდეგო რეპრესიები საქართველოში საბჭოთა კავშირის პირველივე წლიდან დაიწყო. ამ დოკუმენტმა მას მცირე პრობლემები შეუქმნა გენუაში, რაც იმით გამოიხატა, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე მძიმე ფაქტი მოხდა _ მთელი საკათოლიკოსო საბჭო, სრული შემადგენლობით, დააპატიმრეს. ის მოძრაობა, რომელიც იქამდეც ცნობილი იყო, როგორც „განმაახლებლები“, კიდევ უფრო გააქტიურდა. ორგანიზაციამ 1926 წელს მოიწვია ყრილობა. მისი დიდი მასშტაბები მაფიქრებინებს, რომ ეს ჯგუფი მართლაც მთავრობის ხელშეწყობით მოქმედებდა. ყრილობამ მიიღო ოთხგვერდიანი რეზოლუცია, რომლის მთავარი აზრიც ეს იყო: კომუნისტები და, საერთოდ, კომუნიზმი, არ არის, თავისთავად, ღვთის საწინააღმდეგო საქმე. კომუნიზმი, როგორც ასეთი, ღვთის ნებიდან იღებს სათავეს. რასაც კომუნისტები აკეთებენ, ეს ყველაფერი იესო ქრისტეს ნება-სურვილია. ჩვენ კომუნისტებს ერთადერთ საქმეში ვერ დვეთანხმებით, რომ ღმერთი არ არსებობსო. უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ოთხგვერდიან რეზოლუციას იმდროინდელმა გავლენიანმა სასულიერო პირმა, კალისტრატე ცინცაძემ, დაუპირისპირა ოთხასგვერდიანი პასუხი. ჩემთვის, როგორც უბრალოდ ადამიანისთვის, ის ფაქტი, რასაც ახლა გეტყვით, ძალიან გულში ჩამწვდომია _ ამ დოკუმენტის სტრიქონსა და სტრიქონს შორის იკითხება სურვილი კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის წუთისოფლიდან რაც შეიძლება მალე წასვლისა. კალისტრატე ცინცაძე ამ დოკუმენტს ასე ამთავრებს: როდესაც თქვენ ეს დოკუმენტი გამოეცით, თბილისში ჩამოიტანეთ და წარუდგინეთ კათოლიკოს-პატრიარქს, მას მალე წაერთვა მუშაობის უნარი. როდესაც თქვენ შემოხვედით მის კანცელარიაში, მის შემდეგ ენის მოძრაობის უნარი წაერთვა. კიდევ იმის შემდეგ მან ცნობიერება დაკარგაო. ხელისუფლებაში ამის შემდეგ მოდის სწორედ ის „განმაახლებლობა“, ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კომუნისტებს არ უნდა დავუპირისპირდეთო. მაგრამ ამ მოძრაობამ და მათმა იმედებმა იმისა, რომ თუკი ეკლესია შეცვლიდა კომუნისტებთან დამოკიდებულებას, კომუნისტები შეარბილებდნენ ანტირელიგიურ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, რომ კრახი განიცადა. მაგრამ ამ ანტირელიგიურ ისტერიას ისეთი მასშტაბები ჰქონდა, რომ მას ვერაფერი შეაჩერებდა, თუმცა კალისტრატე ცინცაძემ მოახერხა, რამდენადმე, რომ ეკლესია გადარჩენილიყო. სიონს დახურვა ემუქრებოდა, სვეტიცხოველი დახურული იყო. ისევე, როგორც რუსეთში, საქართველოშიც, საბჭოთა წყობილების პირველივე წლებში, ისლამთან დამოკიდებულება არ იყო ისეთი აგრესიული, როგორიც ქრისტიანობასთან მიმართებით. ქრისტიანობის მიმდინარეობებიდან ყველაზე უფრო ხისტი დამოკიდებულება კომუნისტურ მთავრობას მართლმადიდებლობასთან ჰქონდა. ლენინი ხედავდა, რომ ქრისტიანულ თემებში კლასობრივი სტრუქტურა იყო. ეს იყო მიზეზი“.

კათოლიკოს ამბროსი ხელაიას მიმართვა გენუის კონფერენციისადმი

ბოლშევიკების მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების ძარცვა-გლეჯასა და განადგურება-გაპარტახების ტრაგიკულ ისტორიას, აგრეთვე, საქართველოს დანაწევრებას ავტონომიურ ერთეულებად და ყოველგვარი ეროვნულობის მოსპობით შეძრწუნებულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის თებერვალ-მარტში საკათალიკოსო საბჭოს თანხმობით მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენციას ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ წითელი რუსეთის დელეგატებიც. მემორანდუმში აღწერილი იყო ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსია და ამ ანექსიის მძიმე შედეგები. საქართველოს ბოლშევიკურმა მთავრობამ კათოლიკოს-პატრიარქს ამბროსი ხელაიას არ აპატია მემორანდუმის გაგზავნა, მისი ანტიეროვნული პოლიტიკის საქვეყნოდ მხილება და დააპატიმრა. პატიმარს საბჭოთა სასამართლოზე ღირსეულად ეჭირა თავი. მან სასამართლოს ასე მიმართა: „გული ჩემი საქართველოს ეკუთვნის, სული – ღმერთს, გვამს რაც გინდაც, ის უყავით“.

კოტე ჩაჩიბაია _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი:
„რაც შეეხება საბჭოთა რეჟიმის დამოკიდებულებას რელიგიის მიმართ, როგორც კომუნისტური პარტიის მანიფესტში იყო გაცხადებული, ეს დამოკიდებულება იყო მიმართული რელიგიური ცრურწმენების წინააღმდეგ. საბჭოთა კომუნისტური პარტიის მხრიდან რელიგია აღიქმებოდა, როგორც ერთგვარი ცრურწმენა, რომელიც ხალხს უმახინჯებს სამყაროზე წარმოდგენებს. საბჭოთა კავშირის დამყარების პირველივე წლებში შეიქმნა სილაბუსები, რომელთა საშუალებითაც საბჭოთა კავშირს სურდა, „თვალი აეხილა“ საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა მათ დაენახათ, რეალურად რა ხდებოდა სამყაროში. ეს დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მხრიდან იყო დამცინავი და არა რაიმე მეცნიერულ თვალსაზრისებზე დამყარებული, თუმცა არც ეს დამოკიდებულება იყო ერთგვაროვანი. გარკვეული პერიოდების შემდეგ საბჭოთა კავშირი ცვლიდა საკუთარ მიდგომებს. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, რა განაპირობებდა ამ მოსაზრებების შეცვლას. ეს არ იყო მხოლოდ ფინანსური რესურსების ამოღება საბჭოთა კავშირის მხრიდან. უხეშად რომ ვთქვათ, ეს იყო უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედია, რომელიც, ბუნებრივია, ამ ადამიანებს დღემდე ახსოვთ. რაც შეეხება 30-ანი წლების მიწურულსა და 40-იანი წლების დასაწყისს, აქ ცალსახაა, რომ იცვლება პოლიტიკა. ეს პოლიტიკა იცვლება ხელისუფლებაში სტალინის მოსვლის შემდეგ, რომელიც არ იყო იმდენად აგრესიულად განწყობილი რელიგიების ფუნქციონირების მიმართ საზოგადოებაში. საბჭოთა კავშირის პერიოდი ანტირელიგიური იყო შინაარსობრივად, მაგრამ რელიგია, როგორც ფორმა, რომელიც, შეიძლებოდა, გამოყენებული ყოფილიყო მასების საკონტროლებლად, საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე მუდამ შენარჩუნებული იყო და, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ეს დამოკიდებულება უფრო და უფრო დომინირებს“.

ბექა მინდიაშვილი _ თეოლოგი:
„რატომ დაუპირისპირდა კომუნიზმი რელიგიის ფენომენს? კომუნიზმის სათავე არის წარმოსახული რეალობა, იმგვარი სივრცისა და საზოგადოების წარმოსახვა, რომელშიც სუფევს სრული თანასწორობა და ადამიანიები საკუთარი შეხედულებებისა თუ საკუთრების გამო ერთმანეთს არ უპირისპირდებიან და არიან თანასწორნი. მარქსი წერს, რომ მათ უნდათ შექმნან ისეთი საზოგადოება, რომელშიც არ იქნება პროფესია და შრომა არ იქნება საკუთრების ნაწილი. კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინური გაგებით, არის მეცნიერება, რომელიც უპირობოდ მიდის კომუნიზმის აშენებისკენ. სხვა გზა კაცობრიობას არ აქვს. ეს არის პროვიდენციალიზმი არა რელიგიური, არამედ _ ათეისტური პროვიდენციალიზმი და გაწერილია ისტორიის ქრონიკა. ყველაფერი, მათი შეხედულებით, არის უკიდურესად რაციონალისტური, მოკლებული ყოველგვარ ცრურწმენას, ვინაიდან ადამიანის გონებას შეუძლია, ობიექტურ ჭეშმარიტებას წვდეს“.

უშიშროების არქივი კიდევ უამრავ დოკუმენტს ინახავს, სადაც არის ფაქტები, თუ რა ხდებოდა საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის პირობებში: რა იყო მიზნები, რა სახელდებოდა მიზეზებად და, რეალურად, როგორ მიმდინარეობდა პროცესები? მაშინ აკრძალული მასალები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაშინ აკრძალულ თემებზე დღეს ყველა თავისუფლად საუბრობს. საბჭოთა კავშირი არის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ათწლეულები, რომლის ემოციებსაც დრო ვერ ანელებს.

მარიამ ტიელიძე