ცა მეტიდან ცამეტამდე, ანუ სამი წლის შემდეგ…

საღამოს 22:00 იქნებოდა, ფანჯარასთან მისულმა დაუჯერებელი ოდენობის წვიმის ნაკადი რომ ვნახე. ერთ საათში ბენდელიანის ქუჩის დაღმართზე მიმავალ წვიმის ნაკადს უკვე პატარა მდინარის სახე მიეცა… ეს იყო 13 ივნისს…
14 ივნისის ჩემი დილა იყო მზიანი და არაფრით გამორჩეული… რა ვიცოდი, რომ ამ დილის მზის ნახვის შესაძლებლობა ამდენისთვის მოუსპია სტიქიას…

13.06.2015 _ შავი ცამეტის სტიქიის შემდეგ ზუსტად სამი წელი გავიდა!

2015 წლის 13 ივნისს თბილისს მოულოდნელად დამტყდარი სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი; დაზარალდა 239 ოჯახი და 1041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.
აბსოლუტურად განადგურდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გვირაბები, საყრდენი კედლები, გზები, საკომუნიკაციო სისტემები, ხიდები. დაზიანდა კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია, მზიურის პარკი და ზოოპარკი.
იმ დღეს იყო გლოვა, ტკივილის გაზიარება, იყო ერთად დგომა და იყო ძალა!
თბილისი გახდა ერთი!

13.06.2015

ყველაფერი უხვი ნალექის მოსვლით, გადაუღებელი წვიმებითა და მდინარე ვერის ადიდებით დაიწყო! კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც. ჯერ სვანიძის ქუჩა, შემდეგ კი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია და გმირთა მოედანი დაიტბორა! წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა, რომ მოვლენები ასეთ მასშტაბურ სახეს მიიღებდა, ამიტომ მშვიდად ეძინა მოსახლეობას, ეძინათ ზოოპარკის თანამშრომლებს, სახლში ბრუნდებოდნენ ან დანიშნულების ადგილისკენ მიდიოდნენ გმირთა მოედანზე მანქანებში მსხდომი ადამიანებიც.
წვიმის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში ბეთანიაში მთა ჩამოიშალა _ 50 ჰა-მდე ფართობი; მას დაემატა რამდენიმე ათასი კუბმეტრი ხე-ტყის მერქნიანი მასა. ერთმანეთს დაემთხვა 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა. მათ შორის: კლდე, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი, წყალმოვარდნა და ეროზიები. უკვე თითქმის 23:00 საათზე მთელი ეს მასა დედაქალაქში იყო.
ჯერ სვანიძის ქუჩის დატბორვა დაიწყო და წყლის დონემ კალაპოტიდან 15 მეტრის სიმაღლეზე აიწია. მასა არ გაატარა 1958 წელს აგებულმა გვირაბმა. წყალი 40 წუთის განმავლობაში გუბდებოდა. ბოლოს, ვაგონგენერატორის დაჯახების შედეგად, დაგუბებულმა მასამ ახალი სისწრაფე აიღო და ახალი ძალით დაეშვა ესტაკადისკენ.
წყალი სახლებში შევარდა, მოსახლეობა შოკში იყო. დაიწყო ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში, სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.
სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, დაიტბორა ნუცუბიძის პლატო. ვერის ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა.
ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და იქ მცხოვრები ძაღლების უმეტესობა იმსხვერპლა. თავშესაფარში ცხოვრობდნენ დათვებიც და ყველა მათგანი დაიხრჩო.
დაიტბორა და განადგურდა თბილისის ზოოპარკი, სტიქიას ზოოპარკის 3 თანამშრომლის სიცოცხლე და ბინადარი ცხოველების უმეტესობა ემსხვერპლა. იმ ცხოველების ნაწილის, რომლებიც ქალაქის ცენტრში გამოიქცნენ, ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება!
15 ივნისის საღამოსთვის, ზოოპარკის თანამშრომლებისა და მისი დირექტორის განცხადებით, თბილისში უკვე აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. 17 ივნისს, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა თეთრმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენმა გაქცევა მოახერხა. ორსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად ვეფხვი მოკლეს.
13 ივნისის ღამეს სოციალური ქსელითა და მედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე არაერთ ადამიანს მოუყარა თავი. ახალგაზრდები ჯერ შიშველი ხელებით, შემდეგ კი უკვე ნიჩბებითა და ხელთათმანებით შეიარაღებულები წმენდდნენ დატბორილ და მიწამიყრილ ტერიტორიებს. თუ მოქალაქეთა ნაწილი სტიქიის ზონაში ფიზიკურად შრომობდა, მეორე ნაწილი მათ საკვებითა და წყლით ამარაგებდა.
ნელ-ნელა ცნობილი ხდებოდა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც სტიქიამ იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები ინდირა და ლიზა ზარანდიები… დებთან ერთად იყო მათი მეგობარი სერგი კაპანაძე, რომელიც დღემდე დაკარგულია. 13 ივნისის საღამოს იხსენებს მათი ბიძაშვილი თამთა ზარანდია:
„მთელი დღის მანძილზე ერთად ვიყავით, საღამოს კი მარჯანიშვილზე ლიზისთან გავედით და უკვე იქ ველოდებოდით სერგის. მაშინ, დაახლოებით, 21:00 საათი იყო და ჯერ კიდევ არ წვიმდა. სერგი რომ მოვიდა, უკვე მაშინ დაიწყო წვიმა. მე ადრე წამოვედი და ისინი, დაახლოებით, 12 საათისთვის წასულან სახლში. გოგონებთან და სერგისთან ერთად იყო ირაკლიც, ინდირას შეყვარებული, რომელიც ადრე ჩავიდა ტაქსიდან, სერგი კი გოგონებს გაჰყვა.
დაახლოებით 00:30 საათი იქნებოდა, ირაკლიმ რომ ინდირას დაურეკა და მან უპასუხა, რომ გმირთა მოედანზე იყვნენ და მალე მივიდოდნენ სახლში. მას შემდეგ კონტაქტი გაწყდა. დილის 06:00 საათისკენ გოგონების დედამ, ბიცოლაჩემმა დამირეკა, მითხრა, რომ ინდი და ლიზი სახლში არ მოსულან. მას შემდეგ დავიწყეთ მათი ძებნა, ყველა დაქალთან და მეგობართან მოვიკითხეთ. დაახლოებით ერთ საათში გავიგეთ, რომ სვანიძის ქუჩაზე ასეთი რამ მოხდა, მაგრამ მსგავს ამბავს ბოლო წუთამდე არ ვფიქრობდით! შუადღისკენ ვაკის პოლიციიდან შეგვატყობინეს, რომ ინდირა უპოვიათ და იქ პირველად გავიგეთ, ასეთი უბედურება რომ დაგვატყდა! მთელი დღე საავადმყოფოებსა და პროზექტურაში ვეძებდით გოგონებს. ლიზი უკვე მესამე დღეს იპოვეს შემთხვევით, გაწმენდითი სამუშაოების დროს, სერგის პოვნა კი დღემდე ვერ მოხერხდა… იმ დღეებში ახალგაზრდობის მუხტი და პოზიტივი იგრძნობოდა. ყველა ჩაერთო და ზრუნავდა ქალაქსა და ერთმანეთზე. მერე ჩვენთან აურაცხელი შეტყობინებები, ზარები, ვიზიტები დაიწყო. თითქოს მთელი საქართველო მხარში დაგვიდგა მომხდარის გამო როგორც მორალურად, ისე ფინანსურად. ემიგრანტებიც კი რეკავდნენ და თავიანთ უკანასკნელ თანხებს იმეტებდნენ ოჯახისთვის. გვეუბნებოდნენ, 40 ევრო მაქვს და გთხოვთ, ჩაგირიცხავთო. კომპანიები მოდიოდნენ, თანამშრომლებმა 300 ლარი შევაგროვეთ და გვინდა, მცირედით დაგეხმაროთო! ლუკაზეც (ინდისა და ლიზის ძმაზეც) ისე ზრუნავდნენ!!! ამ მხარდაჭერით ცდილობდნენ, რომ ტკივილი მცირედით მაინც შეემსუბუქებინათ! ტკივილს ვერაფერი უშველის, თუმცა ხალხის თანადგომა ძალიან დაგვეხმარა!“
ცნობილია, რომ რუსეთში მცხოვრები დები მირიანაშვილების თაოსნობით შეიკრიბა თანხები და მერიასთან ერთად 21-ივე დაღუპულის ოჯახს ერთ კორპუსში შეუძინეს ბინები.
ფონდი „სოკო“ სანდრა რულოვსის პატრონაჟით მესამე წელია, 20-მდე წარმატებულ სტუდენტს დების სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას ურიცხავს.
ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკაში კი ინდირა და ლიზი ზარანდიების სახელობის კუთხე გაიხსნა.
ხობელმა, ჰამბურგის გამოყენებადი მეცნიერების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა თამთა ხარამიშვილმა კი ბიბლიოთეკას ამ კუთხისთვის 70 ქართულ, გერმანულ და ინგლისურენოვანი წიგნები გადმოსცა. თამთა ხარამიშვილი ლიზი და ინდიარას მეგობარი იყო, რომლის იდეითაც გაიხსნა ხსენებული კუთხე.
მოხალისეებს შორის ერთ-ერთი, რომელიც აქტიურად დადიოდა და საჭმლით, პირადი ჰიგიენის ნივთებითა და აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებდა მოსახლეობას, თეონა ჭალიძე გახლდათ, სწორედ მისი უშუალო ძალისხმევით გაიგო ავლაბრისა და ისნის რაიონის გამგეობამაც, რომ მათ რაიონში საკმაოდ ბევრი დაზარალებული იყო დროებით ჩასახლებული და მათ დახმარება სჭირდებოდათ:
„13 ივნისის სტიქიის შემდეგ მეგობრებთან ერთად მოხალისეების ჯგუფი შევქმენით, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ თანადამფუძნებელი ვიყავი და „ინოვაციებისა და განვითარების ფონდთან“ ვთანამშრომლობდით. ამ ფონდის ოფისი ზუსტად „მზიურის“ თავზე მდებარეობს და კარგი ლოკაცია იყო იმისთვის, რომ მოხალისეებისთვის მისატანი საკვებისთვის მოგვეყარა თავი. მაღაზიებში ნაყიდ და მოსახლეობისგან მოტანილ საკვებს ვამზადებდით ან ადგილზე მიგვქონდა მოხალისეებისთვის, ან ჩვენთან ამოგვყავდა და იქ ვუმასპინძლდებოდით.
შემდეგ უკვე დავიწყეთ დაზარალებულებისთვის პირველადი მოხმარებისა და საჭიროების ნივთების შეგროვება და მათთვის მიტანა. ყველა მისამართზე ვიყავით და ამ მოქალაქეების საჭიროება ჩავინიშნეთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ მათი უზრუნველყოფა ოპერატიულად ვერ მოახერხა. იყო არაკოორდინებული მუშაობის მაგალითები, რადგან გვქონდა შემთხვევები, როცა აღმოვაჩინეთ ადამიანები, რომელთა შესახებაც ამ კონკრეტული რაიონის გამგეობამაც კი არ იცოდა, ამ დროს კი ისნისა და ავლაბრის გამგეობიდან დიღომში მიჰქონდათ ტანსაცმელი და საჭირო ნივთები.
მედიკამენტებთან დაკავშირებული პრობლემაც ჰქონდათ ამ ადამიანებს. პრობლემის მოგვარებაში „ავერსი“ დაგვეხმარა.
დღეს ვიცი, რომ ჯერ კიდევ არიან ოჯახები, რომელთაც მერიისგან არ მიუღიათ დახმარება მუდმივი საცხოვრებელი ფართის სახით, რამდენიმე ოჯახი უკვე მე-3 წელია, ქირით ცხოვრობს“, _ ამბობს თეონა.
იმ ადამიანებს შორის, რომელთათვისაც მერიას ჯერ საცხოვრებელი სახლი არ გადაუცია და ქირით ცხოვრობენ, არიან ნასაკანიანი ნათელა და ჯავოევა აზა. ნათელას ოჯახში 8 სული ცხოვრობს, რომელთაგან ერთს, მის შვილს, ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა; აზას ოჯახი კი 5 სულისგან შედგება. ირივე მათგანი წყნეთის ქუჩაზე ცხოვრობდა და დღეს მათთვის მუდმივი საცხოვრებლის გადაცემის პრობლემას ის ქმნის, რომ არც ერთ მათგანს არ ჰქონდა თავიანთი სახლი გაფორმებული.
როგორც ჯავოევა აზა ამბობს, მანამდე წყნეთის ხევში ცხოვრობდნენ. სახლის გაფორმება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უპასუხეს, რომ სახლი სტიქიური უბედურების ზონაში მდებარეობდა და გაფორმებაზე უარი უთხრეს, ერთი წლის წინ ხელახლა შეიტანა განაცხადი და ახლა პასუხს ელოდება.
სანამ ისინი პასუხს ელოდებიან, მერია ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინის ქირისთვის ყოველთვიურად 900 ლარს იხდის, რაც სამი წლის მანძილზე გადახდილ 32 400 ლარს უდრის თითო ასეთ ოჯახზე!!!
სტიქიის დეტალებს იხსენებს და დღეს არსებულ მდგომარეობას განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი _ ირაკლი მაჭარაშვილი:
„ზუსტად სამი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის მიზეზი იყო ის, რომ ბუნებრივი მოვლენები და ადამიანის შეცდომები ფატალურად დაემთხვა ერთმანეთს.
დღის მოკლე მონაკვეთში დაახლოებით ოთხ საათში მოვიდა იმდენი ნალექი, რამდენიც, ჩვეულებრივ, ორ თვეში მოდის ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად არ უნდა ყოფილიყვნენ სიტუაციის გასამკლავებლად.
ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდულობით, დაახლოებით ამ შუალედით, ხდება ხოლმე მსგავსი ფატალური მოვლენები. 1960 წელს მოხდა მსგავსი რამ, დაიტბორა იგივე გვირაბი და მაშინაც იყო მსხვერპლი! როცა გარემოზეა საუბარი, აქ ფრთხილი მიდგომაა საჭირო!
ამ მოვლენას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბეთანიასთან მეწყერი წამოვიდა, რომელიც განვითარდა ბევრი სხვადასხვა მიზეზის თანხვედრის გამო: გეოლოგიური თავისებურებები, ტყე, რომელიც გაჩეხილი იყო (მეჩხერ ფესვებს კი უნარი არ აქვს, რომ ნიადაგი შეიკავოს), პლუს, არასწორად გაყვანილი გზები _ სამჯერაა გაჭრილი ეს არასტაბილური ფერდი.
თამარაშვილის ახალი გზაც ისე დააგეს, რომ გარემოზე ზემოქმედება არ შეფასებულა! არადა, ეს შეფასება საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, არა მხოლოდ ის, თუ რა დაემართება გარემოს, არამედ ისიც, თუ რა გავლენას იქონიებს გარემო ამ ინფრასტრუქტურაზე! იმ ადგილებში, სადაც ყველაზე უფრო მკვეთრად მიხვეულ-მოხვეულია მდინარე ვერე, გვირაბები გაკეთდა, რომელიც დიდ გამტარიანობაზე არ იყო გათვლილი!
ამ ყველაფრის გარდა უხეში შეცდომა ჰქონდა შსს-ს _ არაკოორდინებულად მოქმედებდნენ! მაშინ როდესაც უკვე დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ხალხი იღუპებოდა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორიაზე. აქ რომ უბრალოდ გადაეკეტათ გზა, თუნდაც ნახევარი საათით ადრე ეფხიზლათ, ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩებოდა! ერთი საათი მაინც ჰქონდათ ევაკუაციისთვის!
დღეს კი, სამი წლის შემდეგ, პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლების მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა. საზოგადოებას წარმოდგენაც არ აქვს თუ რა გაკეთდა. გარეგნულად ვიცით, რომ კალაპოტი ამაღლდა და ა. შ. მაგრამ კონკრეტულად გეგმა, თუ რა გაკეთდა პრევენციისთვის, არავინ იცის ან არავის უნახავს! ყველაფრის ფონზე ვხედავთ მერიის სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას _ ისევ გაიცემა მშენებლობის ნებართვები ამ ხეობაში!!!
სტიქიური უბედურების ერთ-ერთი ადგილი არის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ვარაზისხევზე ჩამოდის და იქაც ასეთივე საგანგაშო სიტუაციაა! ილიას უნივერსიტეტის დედამიწისშემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტმა მოდელირება გააკეთა და აჩვენა, რომ ძლიერი წვიმის ან მიწისძვრის შემთხვევაში შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს და თუ ეს ასე მოხდა, იგივენაირი ტრაგედია დატრიალდება აქაც. ამასობაში ათეულობით მშენებლობის ნებართვაა გაცემული ამ ტერიტორიაზე.
ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არანაირი ანგარიშვალდებულების მომატება არ იგრძნობა: მწარე გაკვეთილიდან დასკვნები ვერ გამოიტანეს და მეტიც, კომპანიამ, რომელმაც ასე არასწორად დააპროექტა და ააშენა გმირთა მოედანი-თამარაშვილის გზა, ისევ მას უკვეთავს მერია მორიგ მშენებლობას. კარტოზიას ქუჩაზე, იპოდრომთან, იგივე ადამინებს დაუკვეთა მშენებლობა და ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე, რომ პასუხისმგებლობა არავინ იგრძნო, როცა ამდენი ადამიანი და ცხოველი დაიღუპა?!“

„ქრონიკა+“ თბილისის მერიას კითხვებით დაუკავშირდა, თუ რა სამუშაოები შესრულდა სამი წლის მანძილზე და რა მდგომარეობაა ახლა უსაფრთხოების კუთხით იგივე ტერიტორიასა და სხვა საშიშ მონაკვეთებზე?
თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით: 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 33,501,398 ლარი დაიხარჯა, რაშიც შედიოდა შემდეგი სამუშაოების განხორციელება:
1. ქ. თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავება და შემოტანილი მასის (გრუნტი, ლამი, მერქანი) და სამშენებლო ნარჩენების გატანა;
2. ბაგების ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული კოლექტორის აღდგენა;
3. ძოწენიძის ქუჩაზე დაზიანებული კოლექტორის რეკონსტრუქცია;
4. ქ. თბილისში გმირთა მოედანთან სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო სამოსის, კუნძულებისა და მდ. მტკვარზე მოაჯირების აღდგენითი სამუშაოები;
5. წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
6. ჭავჭავაძის 83-ის მიმდებარედ კლდის დაფერდვის სამუშაოები;
7. ფიზკულტურის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები;
8. უჩანეიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მილხიდის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
9. ძოწენიძის ქუჩაზე დაზიანებული კოლექტორის რეკონსტრუქციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
10. ზემო ვეძისის #43ა-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
11. ქ. თბილისში, წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
12. თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
13. წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, საყრდენი კედლის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
14. ქ. თბილისში გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე განათების ქსელის მოწყობითი სამუშაოები;
15. მდინარე ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
16. წყნეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის მოწყობა;
17. ქ. თბილისში თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა;
18. ქ. თბილისში უჩანეიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მილ-ხიდის მშენებლობის სამუშაოები;
19. ქ. თბილისში უჩანეიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მილ-ხიდის (II ეტაპი) მშენებლობის სამუშაოები;
20. ქ. თბილისში გმირთა მოედანთან სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო სამოსის აღდგენის სამუშაოები;
21. ქ. თბილისში მდ. ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად პანდუსებზე ასასვლელი და ჩამოსასვლელი გზების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები;
22. ქ. თბილისში გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებული ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები;
23. ქ. თბილისში მდინარე ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის (გზაგამტარი) გვირაბებისა და მათი სათავისების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები;
ა. ქ. თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ხიდის მშენებლობისა და გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებული ავტომაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები;
24. ქ. თბილისში თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლების მშენებლობა;
25. ქ. თბილისში მდინარე ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბისა და მისი სათავისის აღდგენა- რეაბილიტაციის სამუშაოები;
26. დეკორატიული კედლის მშენებლობა;
27. მდ. ვერის ხეობაში ცხაურის ტიპის ნატანდამჭერი ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტირება;
28. გრიშაშვილის ქუჩაზე, წყნეთში სანიაღვრე კოლექტორის აღდგენა;
29. ქ. თბილისში, მდ. ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის (#4 და #6) გვირაბებისა და მათი სათავისების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები;
30. ზემო ვეძისის #43ბ-ს მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა;
31. წყნეთში, მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობა;
32. ქ. თბილისში, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6.34 კმ. სიგრძის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები;
33. ქ. თბილისში, წყნეთი-ახალდაბის გზის მე-3 კმ.-ზე დამეწყრილ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის სამუშაოები;
34. ახალდაბის გზის გაწმენდის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
35. ქ. თბილისში, მდინარე ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის #3 გვირაბის სათავისების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები;
36. ქ. თბილისში, მდინარე ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის #5 გვირაბისა და #5, #6 გვირაბების დამაკავშირებელი კედლების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ შემდეგი სამუშაოები განახორციელა:
საბურთალოს რაიონში სტიქიის ზონებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. სტიქიის შედეგად დატბორილი სარდაფებისა და შენობების პირველი სართულებიდან წყალი და შლამი ამოიტუმბა.

გმირთა მოედანზე თერთმეტსართულიანი კორპუსის შიდა ეზოში შლამს ხელით იღებდნენ, რადგან სამდონიანი სარდაფი იყო, ასევე შლამის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ჩიქოვანის #30-ში, #34-სა და #36-ში.

საბურთალოს რაიონში 6 მისამრთზე ჩატარდა შლამის გაწმენდის სამუშაოები. შლამის გამოტანის მერე ჩიქოვანის #30-ში, #34-სა და #36-თან, ასევე ცნობილი 11-სართულიანის (კოსტავას #63) ეზოში საბურთალოს გამგეობამ თანამედროვე სკვერები მოაწყო ახალი საპარკო ინვენტარით, ავტომატური სარწყავი სისტემებითა და დეკორატიული განათებებით. ჩიქოვანის #30-სა და #34-თან 2 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო. ერთი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი აშენდა; მეორე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მოიცავდა ახალი, მესამე თაობის ხელოვნური საფრის მოწყობას, 6-მეტრიანი მეტალის ღობისა და სხვა დეტალების შეცვლას. კოსტავას #63-სა და ჩიქოვანის #36-თან სტიქიის დროს სრულიად განადგურებული წყალკანალიზაციის სისტემა მოეწყო.
2015 წლის 13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლი, გამგეობის მიერ ოცდაათივე სახლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ასევე 8 მისამართზე ჩატარდა სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელის რეაბილიტაცია.

ვაკის რაიონის გამგეობამ შემდეგი სამუშაოები განახორციელა:
ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 2015 წლიდან სტიქიის სალიკვიდაციო სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა: გაიწმინდა სტიქიით დაზიანებული უბნები, გამაგრდა ფერდობები, შესრულდა დაზიანებული სახლების სარემონტო სამუშაოები, აღდგა გზისა და სასმელი წყლის მომარაგების სისტემა. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართით და მათ კომპენსაციები გადაეცათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის და საოჯახო ნივთების შესაძენად.

2015 წელი:
1. ჭავჭავაძის #75-ის მიმდებარედ სტიქიის დროს დაზიანებული ვაკის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის აღდგენა _ 38 186 ლარი;
2. უჩანეიშვილის ქუჩაზე #18-33-ის მიმდებარედ (IV გასასვლელი) დაზიანებული ფერდობის გამაგრება _ 102 661 ლარი;
3. უჩანეიშვილის #16ა (I გასასვლელი) და #3 (II გასასვლელი) გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა _ 55 062 ლარი;
4. უჩანეიშვილის #14 გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა _ 249230 ლარი;
5. 2016 წელი _ საყრდენი კედლის მშენებლობა _ 97 594 ლარი.

სულ:
1. სტიქიით დაზიანებული უბნების გაწმენდა-გასუფთავებისთვის 2015 წელს ვაკის რაიონის გამგეობის მიერ 30 300 ლარი დაიხარჯა;
2. გამაგრდა სტიქიით დაზიანებული ფერდობები, რაზეც 372 200 ლარი დაიხარჯა;
3. სტიქიით დაზიანებული გზის აღსადგენად 38 200 ლარი დაიხარჯა;
4. აღდგა სასმელი წყლის მომარაგების სისტემა. სამუშაოებზე 4 700 ლარი დაიხარჯა;
5. განხორციელდა სტიქიით დაზიანებული სახლების სარემონტო სამუშაოები. სულ 3 040 664 ლარი დაიხარჯა (2015 წელს _ 753 800 ლარი, 2016 წელს _ 1 370 664 ლარი, 2017 წელს _ 575 441 ლარი)“.

საბოლოოდ, მნიშვნელოვანია, მკითხველმა იცოდეს, რომ მდინარე ვერის ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არც ზოოპარკი დატბორილა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წლებში, ასევე 1972-სა და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.
ზუსტად 3 წლის წინ, 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერის ადიდებამ კვლავ იმსხვერპლა 23 ადამიანის სიცოცხლე, დაზარალდა 239 ოჯახი და 1041 ფიზიკური პირი, განადგურდა ზოოპარკის ინფრასტრუქტურა, დაიღუპა 281 ცხოველი.
დღეს უკვე 3 წელია გასული ტრაგედიიდან, თუმცა მოსალოდნელი კატასტროფებისა და არასწორი დაგეგმარების შესახებ საუბარი არ წყდება(!).
თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 15 ივნისი გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ნინო ტაბაღუა