ნათია ფანჯიკიძე: “12 მაისის აქციას “მოცეკვავე აქციას” ვეძახი”

„ქრონიკა+“ ესაუბრება ფსიქოლოგს, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელ ნათია ფანჯიკიძეს:

მოცეკვავე აქცია

_ იმ აქციას მოცეკვავე აქციას ვეძახი, სადაც იდგნენ ძალიან კარგი, შეგნებული ბავშვები. იქ მიმდინარე მოვლენები თუ გახსოვთ, კამერები პროვოკაციულად მუშაობდნენ. სხვანაირი განწყობის შექმნა უნდოდათ და განსაკუთრებულად ექსცენტრიკულ ადამიანებს ეძებდნენ. ზოგადად, აქციას ყოველთვის ახლავს ექცესტრიმზი, რომლის დიდი გამოცდილებაც ჩვენ გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ იქ ის ქუჩა და ტერიტორიაა, სადაც ნებისმიერი ტიპის ადამიანი იყრის თავს. ზოგი მოღრიალე, ზოგი ნაკლებად თავაზიანი, ზოგიც ძალიან თავაზიანი და ა. შ. გააჩნია, რისი ამორჩევა, დანახვა და გავრცელება გვინდა. ეს უკვე ფუნდამენტში არასწორი იმიტომ არის, რომ შვილების თაობას ასეთი თვალით არ უნდა ვუყუროთ, ეს ჯანმრთელი საქციელი არ არის. ეს ხომ შენი მომავალია. მერე რა, რომ შენი ღვიძლი შვილი არ დგას იქ? როდესაც შენს მომავალს წინასწარ უყურებ ნეგატიური თვალით და არ გინდა, მათ რომ მოუსმინო, არასწორია…
5 თუ 6 ვიდეოს უყურეს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და, სამწუხაროდ, დედებისა და მამების თაობა ისე განეწყო, რომ გვესმის შეძახილები: დაკალით! დაწვით! მოკალით! ეს ჩემთვის ძალიან ცუდი მოვლენა იყო.
ძალიან ბევრი ის სტუდენტი თუ ახალგაზრდა, რომელიც ამ აქციაზე მივიდა, მათი უმეტესობა სოციალურ ქსელში ჩემი მეგობარია და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად აზროვნებენ, გონებამახვილები, მხიარულები, საქმიანები და ძალიან კარგი ადამიანები არიან. სხვათა შორის, თვითონვე ხუმრობდნენ, რომ ძალიან მაგრად შეგვისრულესო, ჯერ ნარკომანები გვეძახეს, შემდეგ ავტობუსებში ჩაგვსხეს, სახლებში მიგვაცილეს და მადლობებიც გვათქმევინესო.
საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ეს იყო რაღაც გარყვნილების ან თავაშვებულობის პროპაგანდა-აქცია. ალბათ, ყველას გამოუცდია ცხოვრებაში, რომ გწყინს რაღაც ფუნდამენტური და შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, უბრალო რაღაცაზე, თუნდაც ჭიქის გატეხვაზე ატეხო ერთი ამბავი. ის, რომ ამ აქციაზე ამდენი ხალხი გამოვიდა, იმას ნიშნავს, რომ ხალხის მოთმინების ფიალა აივსო. მაგრამ ამ ფიალის ავსების მომენტი დაემთხვა კონკრეტულ მოვლენას _ კლუბების დარბევას! წარმოიდგინეთ, სამსახურიდან გამოვდივარ, კაფეში დაღლილი ვჯდები, რომ დავისვენო და უცებ ვიღაცას თმებით რომ ვეთრიე, რა თქმა უნდა, მეც მეწყინებოდა და გავბრაზდებოდი. ყველა ქვეყანაში შეიძლება, რომ პოლიციამ მსგავსი რეიდი ჩაატაროს, მაგრამ მოსახლეობა შეურაცხყოფილი არ უნდა დარჩეს. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ რასაც ამბობენ, ეს ყველაფერი ძალიან დამზაფრავი ფორმით იყო. საზოგადოება იმდენად დასტრესილია, რომ ასეთი აგრესიული თავდასხმა მათში კიდევ უფრო იწვევს შფოთვას და აი, ეს შფოთვა საზოგადოებას აღარ სჭირდება.
ყველაზე ცუდი, რაც გავაკეთეთ, ჩვენ ამ ბავშვებს არ მოვუსმინეთ. როდესაც აგრესიაა, არასდროს უნდა დახუჭო თვალი, ბოლომდე უნდა მიჰყვე და გაარკვიო, სინამდვილეში ადამიანს რა აწუხებს, რა ადარდებს და რა არის, ზოგადად, მისი სატკივარი, მით უმეტეს, როცა ეს ეხება ახალგაზრდა თაობას.
ამ თაობას იმიტომ მივიჩნევ იდეალურ ბავშვებად, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ნებისმიერს სიტყვა ეთქმის. არ აქვს მნიშვნელობა, ცოტა შერეკილია თუ ბევრი, მწვანე თმა აქვს თუ ლურჯი, მთავარია, ისინი ერთმანეთს იტანენ. მაგრამ ზოგიერთ ტელევიზიას, რატომღაც, უნდოდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უარყოფით ჭრილში მიეწოდებინა. ტელევიზიები აჩვენებდნენ მხოლოდ განსხვავებული თმის ფერის ადამიანს, განსხვავებული ორიენტაციის მქონეს, ადამიანს, რომლის ხმის ტემბრი ვიღაცას არ მოსწონდა.
ეს იყო შოუ, რომელიც ყველა ფარგლებს სცილდებოდა. ხალათით თუ გამოვვარდი ქუჩაში, უნდა ივარაუდო, რომ კარგად არ ვარ, შეიძლება გლობალურად არა, მაგრამ რა იცი, იმ კონკრეტულ მომენტში რა მიჭირს? ამიტომ არ შეიძლება, რომ ადამიანს დააცინინო ადამიანზე. ამ ქვეყანას მხოლოდ სიყვარული აკლია.

სარალიძე, დადუნაშვილი და სამართალი

_ რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას… დადუნაშვილის დედამ ერთი რამ ძალიან სწორად თქვა, _ ამ ტარგედიას დაზარალებული და მსხვერპლი არ ჰყავს, ყველა დაზარალებულიაო. ადამიანებმა არ ვიცით და ღმერთმა არ გამოგვაცდევინოს ამხელა ტანჯვა, რადგან იმაზე დიდ ტრაგედიად მე არაფერი მესახება. მგონია, რომ ადამიანს ყველაფრის გადატანა შეუძლია, მაგრამ მშობელს შვილი არ უნდა უკვდებოდეს! ეს არ დაუმსახურებია, ალბათ, ყველაზე საშინელ ადამიანსაც კი. ჰიტლერსაც არ უნდა მოკვდენოდა შვილი.
გლოვის ფორმა ყველას სხვადასხვანაირი აქვს, ზოგი შეიძლება ისეთ აპათიაში ჩავარდეს, რომ ამაოებასთან ჭიდილი მისთვის აღარაფერს ნიშნავდეს; ვიღაცამ თუ არ დაიღრიალა, ტკივილისგან შეიძლება გული გაუსკდეს და მოკვდეს. ამიტომ არაფრით არ შეიძლება, რომ გლოვის ფორმები ერთმანეთს შევადაროთ. აქედან თუ იქიდან ძალიან უხეშობას ვიჩენთ. ერთი მხრივ, ქართველები მგრძნობიარე, კარგი ხალხი ვართ, მაგრამ, მეორე მხრივ, უხეშებიც. შედარებითი დახასიათება იმისა, თუ ვინ უფრო სწორი ფორმით გლოვობს, არ შეიძლება. ერთია გლოვა, მაგრამ მეორეა სამართლებრივი მოთხოვნა. ჩვენ ვერასდროს დავიძინებთ მშვიდად, სანამ ვიღაცის შვილი ქუჩაშია.
არ აქვს მნიშვნელობა, სად აწყდები უსამართლობას. ეს შეიძლება იყოს ქონებრივი დავა, სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის დავა, როცა ადამიანს არ გაქვს იმედი, რომ სიმართლეს იპოვი. ეს საზოგადოებას ამახინჯებს, წელში ტეხავს. ადამიანები ვეღარ გეგმავენ ხვალინდელ დღეს და ეს სრულიად ქვეყნისთვის საშინელებაა. ერთ-ერთი პირველი ვარ, რომელმაც ეს გზა გამოიარა. თქვენ კარგად გახსოვთ გახმაურებული კაბელების საქმე, როდესაც ბანკში ფული უძრავად იდო, რომელიც საქმის ჩაბარების შემდეგ უნდა გადარიცხულიყო და საქმე, რომელიც მთელი მთავრობისთვის უნდა ჩაებარებინათ, რადგან ეს იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი. მოგეხსენებათ, ამხელა პროექტს მინისტრი არ აწერს ხელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი და სწორედ მისი გამოყოფილი იყო ეს თანხაც, მაგრამ, რატომღაც, მის მიმართ შეკითხვები არ დასმულა. 6 მილიონ ლარამდე ჯდებოდა მთელი ქვეყნის უსაფრთხოება, რომელიც კაპიკ-კაპიკ იყო დათვლილი. ამ ხმაურის ატეხით მტერს ეს გეგმა გადაუშალეს. გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. იმისთვის, რომ რაღაც ბუნდოვანება შეექმნათ თავდაცვის მაშინდელი მინისტრისთვის (ირაკლი ალასანია, _ ავტ.), ხუთი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს, ხუთი არაჩვეულებრივი, თავიანთი საქმის პროფესიონალი. მათ დიდი ერთგულებით აკეთეს ეს საქმე და მათთვის ეს ტერორი იყო. ერთ-ერთ მათგანს გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ამ საშინელი სტრესის შემდეგ მისი ჯანმრთელობა უფრო დამძიმდა, უსამართლობა ხომ ყველაზე დიდი სტრესია ადამიანისთვის. თორემ როცა იცი, რომ დამნაშავე ხარ, მაგ დროს შინაგანი თანხმობა მაინც გაქვს საკუთარ თავთან. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ამ ხუთიდან ერთ-ერთი დაპატიმრებული გახლდათ კურიერი, _ ადამიანი, რომელსაც საბუთებში ჩახედვის უფლებაც კი არ ჰქონდა, საბუთები მხოლოდ ერთი დეპარტამენტიდან მეორეში გადაჰქონდა. ის იყო სანდო, პატიოსანი ადამიანი, რომელსაც ამ საბუთებს ანდობდნენ. ეს ადამიანიც კი დააპატიმრეს. სწორედ ასე ცინიკურად დასცინოდა შოთაძე და მთელი მისი პროკურატურა ამ ხალხს. მის უკან, მოგეხსენებათ, ფარცხალაძე იდგა, ასევე სხვა ბევრი ჩრდილოვანი, ოდიოზური ფიგურა. ისინი ძალიან კომიკურები არიან. საერთოდ, ბოროტი ადამიანი ყოველთვის კომიკურია და არაპატიოსანი თავისი არსით. ახლა რომ ამბობენ, „ნაცებს“ ვერ ვიტანთო, რას ნიშნავს? სასამართლოსა და პროკურატურაში იტანენ და ახლა ქუჩაში ვერ იტანენ? ასე თვალში ნაცრის შეყრა უკვე ნამეტანია.
ეს არის მიზნობრივი დემაგოგია. ის, რომ სამართლის სისტემა უნდა დაინგრეს, ამაში ვეთანხმები ზაზა სარალიძეს, რადგან სამართლის სისტემა სამართლიანი გარემოს გარეშე ვერ განვითარდება, არც ინვესტიციას ჩადებენ, რადგან იმ უცხოელსაც აინტერესებს აქ სწორი სასამართლო. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რაიმე ცუდის შემთხვევაში სამართალს იპოვის და დაამტკიცებს. რაც შეეხება სარალიძის გამოსვლებს, მიტინგი რომ გახურდა, უფრო მეტი მოთხოვნები გაისმა, რომ მთელი მთავრობა გადადგეს. მოგეხსენებათ, რამდენი უსამართლობა გადავიტანე ამ მთავრობისგან, ისევე როგორც ძველისგან, მაგრამ ძველზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რადგან გუშინდელი დღეა, თუმცა გუშინდელი დღე არაა მათი ყოფნა პროკურატურაში, სასამართლოსა და სამართალდამცველ სისტემაში. აბსოლუტურად არაადეკვატური ვიქნები, რომ გითხრათ, ამ მთავრობის მიმართ რაიმე სიმპათია გამაჩნია ან აღტაცებული ვარ მათი საქმიანობით-მეთქი. მიმაჩნია, რომ სიმართლიდან იწყება ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთავრობის გადადგომა დღეს დროულად არ მიმაჩნია.
_ რატომ?
_ მხოლოდ იმიტომ, რომ ამისთვის არავინ არის მზად. ისეთი ქაოსი და გაყალბება იქნება, რომ არაფერი შეიცვლება. ქვეყანა, კიდევ ერთხელ, დიდ აჟიოტაჟში ჩაეფლობა. რაც შეეხება სისტემის დანგრევას, ორივე ხელი ამწევია, სისტემა უნდა დაინგრეს და საზოგადოებამ უკან არ უნდა დაიხიოს. ამ ცვლილების რესურსი ნამდვილად აქვთ ადამიანებს. სამართალი რომ აღდგეს, ყველაფერი გაჯანსაღდება: ვეღარავინ დაიმტკიცებს უკანონოდ ქონებას, ვეღარავინ დაჩაგრავს ვინმეს, სისტემა ვეღარ გასრესს ადამიანს, ამაზე დიდ მონაპოვარს შვილებს ვერ შეუქმნი.
_ სად ხედავთ გამოსავალს?
_ პროკურატურა მთლიანად შესაცვლელია. ეს რა ცინიზმი იყო შოთაძის მადლობებით გაცილება?! ასეთი კარგი თუ იყო და ორდენები უნდა დაგვეკიდა, რაღას უშვებდნენ? ეს ხომ საზოგადოების დაცინვაა და მეტი არაფერი?! თვითონ სისტემაა შესაცვლელი, თორემ შოთაძისნაირების პოვნას რა უნდა. თქვენ პროფესიონალებისა და, ზოგადად, ღირსეული კაცის პოვნა თქვით.

ფსიქოლოგები სკოლაში

_ როგორც ვიცი, ზოგიერთ კერძო სკოლას ფსიქოლოგი ჰყავს. ვფიქრობ, თვითონ პედაგოგები უნდა გადიოდნენ აუცილებლად სპეციალურ ტრენინგ-კურსს ასაკობრივ ფსიქოლოგიაში, რადგან მშობლის მერე პედაგოგი არის ის ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ დროს ატარებს ბავშვთან. ეს ტრენინგ-კურსი ძალიან კარგი და შედეგიანი იქნება, ასევე მათი ნერვებისთვის _ გადასარევი. თინეიჯერი რომ მასწავლებლის თვალწინ მერხს ააყირავებს და უზრდელად მოიქცევა, პედაგოგმა უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი მის წინააღმდეგ კი არაა მომართული, არამედ რა ასაკობრივი თავისებურებები ახლავს ამ პერიოდს ადამიანის ცხოვრებაში. ეს ტრენინგები პედაგოგებს საშუალებას მისცემს, რომ სკოლაში არსებული სხვადასხვა პრობლემა სწორად დაინახონ, აღიქვან და დააკვირდნენ. კვალიფიციური ფსიქოლოგი იმდენად დაკავებულია, რომ შეიძლება საჯარო სკოლის ხელფასი მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყოს, ამიტომ შესაძლოა, ვერ მოიპოვო ასეთი კადრი სკოლებისთვის, მაგრამ შეიძლება დამწყები, თუმცა ნიჭიერი ფსიქოლოგები მიიყვანო, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, ტრენინგს გადიან და საინტერესო იქნება მათთან მუშაობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მასწავლებელსა და ფსიქოლოგს შორის კოორდინაცია გადამწყვეტია.

„კამარა“ _ ამერიკული მოდელი საქართველოში

_ ამერიკიდან რომ ჩამოვედი, ბატონ გოგი ნანეიშვილთან დავიწყე მუშაობა. ის ჩემი დირექტორი იყო. ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ ის გამოცდილება, რაც ამერიკაში მივიღე, გადავწყვიტე, საქართველოში დამენერგა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ გამეკეთებინა, რომელიც ამერიკული მოდელია. ეს გახლავთ გენიალური ამერიკელი ფსიქიატრის, ანათინა მიშერის მეთოდი, ვისთანაც მე ორი წელი ვმუშაობდი, მისი კლინიკური ასისტენტი ვიყავი. იდეა კარგად ვთარგმნე, კარგი ადაპტირება გავუკეთე და ჩვენს რეალობაშიც არაჩვეულებრივად იმუშავა. ფსიქოთერაპიის დისციპლინირებული მოდულები საქართველოში, ცხადია, არსებობდა, მაგრამ აქ არის კიდევ ბევრი სხვა საიდუმლოება, დამოკიდებულება პაციენტსა და თერაპევტს შორის, როგორი უნდა იყოს ტიხრები და განწყობა. ბევრი სხვა ნიუანსია, რომელიც რომ ჩამოვთვალო, საგაზეთო გვერდები არ გვეყოფა. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენგან ბევრი ადამიანი სიხარულით, ახალი სიცოცხლით გადის. ამაზე დიდი ბედნიერება კიდევ არ არსებობს.
_ ძირითადად, რა პრობლემებით გაკითხავენ პაციენტები?
_ სხვადასხვა პრობლემით, თანაც დაავადებამ სქესი არ იცის.
_ რამდენად განვითარებულია საქართველოში ფსიქოლოგთან მისვლის კულტურა?
_ ბევრი რამ არაა განვითარებული, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სწრაფად ვვითარდებით. კარგად ხედავთ, ამდენი ომის მიუხედავად, თბილისი როგორ ქალაქად იქცა. წინ წავედით, უფრო თავაზიანები გავხდით, ყველა სფეროში შეიცვალა მიდგომები, გიხარია, როდესაც კარგად გემსახურებიან ბარში, მარკეტში, მაღაზიაში… ყველაფერს ძალიან სწრაფად ვეწევით ქართველები. საბჭოთა კავშირის დროს, მაგალითად, ძალიან სტიგმატიზებული იყო ფსიქოლოგთან ვიზიტი, რადგან ფსიქოლოგები არ იყვნენ ფსიქიატრიულ კლინიკას გამოყოფილი და ფსიქოლოგთან მისვლის ძალიან ეშინოდათ. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ 45 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანები უფრო ინტენსიურად მოგვმართავენ, ვიდრე საბჭოთა კავშირში გაზრდილები, თუმცა მათი მომართვიანობაც ნელ-ნელა იზრდება. მათაც აღიქვეს, რომ ნებისმიერი განცდა, რაც არ უნდა გაწუხებდეს, თუკი ეს შენ გჭირდება, ფსიქოლოგთან უნდა გააანალიზო, რადგან კონკრეტული პრობლემა იოლად გადაგატანინოს. კარგის მეტი აქ არაფერია. ამის კულტურა საქართველოში გაიზარდა.
_ დაბოლოს, სად არის ირაკლი ალასანია დღეს, როგორაა, რას აკეთებს დიდი პოლიტიკის მიღმა?
_ დღეს რომ ირაკლი ალასანია კარგად იქცევა და არ მაბრაზებს, ეგეთი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში იშვიათად ყოფილა. ახლა ის ვაშინგტონში მუშაობს. არის ასეთი საკონსულტაციო გიგანტური კომპანია, რომელიც სხვადასხვა მთავრობას კონსულტაციებს უწევს, თუ როგორ ააწყონ სტრუქტურები სამედიცინო სფეროში, ასევე მუშაობენ ეკონომიკურ პროექტებზე. ირაკლის მაღალი პოზიცია უკავია და გრძელვადიანი კონტარქტი გააფორმეს მასთან, რის გამოც მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ შემიძლია გრძელი ვადით, თავისუფალ და ჩვეულებრივ მოქალაქედ ვიგრძნო თავი.
_ თუმცა ერთმანეთისგან ძალიან შორს ხართ.
_ შორს არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად უწევს ვიზიტები, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ საქართველოში ჩამოდის.
_ პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ აპირებს?
_ საბედნიეროდ, არა, მაგის გაგონებაც არ მინდა. როგორც უკვე გითხარით, გრძელვადიან კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი.

გიორგი საკარული