„ქოცბოტების“ იდეოლოგების სკანდალური დოსიეები

ამ წერილის წაკითხვა მართლმორწმუნე „ქოცებისთვის“ რეკომენდებული არ არის, რადგან მათ იმედები დაემსხვრევათ და ოცნებებიც გაუუფერულდებათ. დიახ, დღეს „ქრონიკა+“ მოგიყვებათ „ნაცბოტების“ „ხაზეინების“ შავბნელ წარსულზე და იმასაც გაგახსენებთ, რომ ეს ადამიანები, კერძოდ, კოკა ყანდიაშვილი, შალვა რამიშვილი, გოგა ხაინდრავა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ლაშა ნაცვლიშვილიც კი, თავის დროზე, „ნაცმოძრაობის“ აპეკუნები იყვნენ და მიხეილ სააკაშვილის მზეს იფიცებდნენ.

ამ მხრივ განსაკუთრებით შალვა რამიშვილი გამოირჩეოდა, რომელიც მიშას არაოფიციალური „პიარშჩიკიც“ გახლდათ. აი, გოგა ხაინდრავას კი _ არც მეტი, არც ნაკლები _ „ნაციონალურ“ მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც ეკავა. ახლა, ბატონი ხაინდრავა გამოვა და ფიცი-მტკიცს დაიწყებს, „ნაციონალებს“ დავუპირისპირდი და თანამდებობაც ჩემი ნებით დავტოვეო. კი ბატონო, მართლაც ასე იყო, რომ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, ოღოდ მას შემდეგ, რაც მისი მფარველი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. ასე რომ, თუ თვითონ მოკლე მეხსიერება აქვთ, ხალხს ყველაფერი ახსოვს და ელდარ შენგელაიას გენიალური „შერეკილების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟისა არ იყოს, აქედან, ანუ თავიდან ვერავინ ვერაფერს ამოშლის!
თავიდან იმის ამოშლაც შეუძლებელია, რომ ელდარ შენგელაიას ძმისშვილი, ანუ კონორეჟისორ გიორგი შენგელაიას ვაჟი ნიკუშა შენგელაია, პრინციპში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრია, თუმცა 80 წელს გადაცილებული რეჟისორი ივანიშვილს აკრიტიკებს და მას უმეცარს, გაუნათლებელს უწოდებს. არადა, იყო დრო, როცა რეჟისორ შენგელაიას ივანიშვილის მიმართ შვილზე არანაკლები სიმპათიები ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, Google-ის საძიებო სისტემა „ინახავს“ „ნიუსს“, რომელიც 2016 წლის 12 მაისით თარიღდება და სადაც ნათქვამია:
„კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ქართველი კინორეჟისორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატისა და საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნა.
კინორეჟისორს 11 მაისს 79 წელი შეუსრულდა. გიორგი შენგელაიას იუბილე და ვარსკვლავის გახსნა მსახიობებმა, ბიძინა ივანიშვილმა და კულტურის მინისტრმა მიულოცეს“.
ჰოდა, საინტერესოა, ივანიშვილი ორი წლის წინ, როცა ვარსკვლავის გახსნას ულოცავდა, განათლებული იყო და კინორეჟისორმა ახლა აღმოაჩინა, რომ გაუნათლებელია?
ამ კითხვაზე პასუხი ბევრი წიაღსვლის საშუალებას იძლევა. ასე, მაგალითად, შესაძლოა, გაჩნდეს მოსაზრება, რომ ივანიშილის უახლოესი გარემოცვა „გემის ჩაძირვის“, ანუ „ოცნების“ აღსასრულის მოახლოებას გრძნობს და თავის შველას ცდილობს!
რაც შეეხება „ბოტმაისტერების“ დოსიეებს, შს მინისტრის პერიფრაზი გამოვიყენოთ და შალვა რამიშვილით დავიწყოთ.

შალვა რამიშვილი ქვეყანას 1971 წლის 27 აგვისტოს მოევლინა და, როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, თუმცა, ალბათ, მალევე მიხვდა, რომ ფიზიკოსობით „მაყუთს“ ვერ იშოვიდა და იმთავითვე ჟურნალისტიკას „მიუძღვნა“ თავი _ 1991 წელს ჟურნალი „კიდე“ დააფუძნა და ერთი წლის განმავლობაში არათუ გამოსცემდა, არამედ რედაქტორობდა კიდეც მას. 1992 წელს „რეზონანსსა“ და „7 დღეში“ პამფლეტების, სტატიებისა და მოთხრობების გამოქვეყნებას იწყებს. 1994 წელს „იბერვიზიის“ თანამშრომელი ხდება, სადაც გადაცემა „ციმციმებენ ვარსკვლავები“ მიჰყავს. 1997-1999 წლებში რამიშვილი რადიო „რეზონანსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად გვევლინება, 1996 წელს _ ჯგუფ „სახის“ მენეჯერად.
შალვა რამიშვილს მიდრეკილება „მოდელირებისკენ“ რომ აქვს, ეს ცნობილია, მაგრამ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საკუთარი ბიოგრაფიის მოდელირებასაც მოახდენდა. ყოველ შემთხვევაში, იმ მონაცემების თანახმად, რომელიც საიტ ჰტტპ://წწწ.ნპლგ.გოვ.გე-ზეა გამოქვეყნებული, რამიშვილს, თურმე, არც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ უბრძოლია მიხეილ სააკაშვილის მხარდამხარ, არც დაჭერილი ყოფილა და მეტიც, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თურმე, არც „პირსისხლიანი“ „ნაციონალების“ გავლენის ქვეშ მყოფ „ტელეიმედში“ დასაქმებულა.
სამაგიეროდ, ამ ბიოგრაფიაში მკაფიოდ გახლავთ აღნიშნული, რომ შალვა რამიშვილი მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
არადა, ქვეყანამ იცის, რომ 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა თუ არა, რამიშვილმა „ტელეიმედში“ დურთა თავი, რომელსაც მაშინ „ნაციონალი“ გიორგი არველაძე ედგა სათავეში. „იმედზე“ რამიშვილმა ამერიკული ტელეშოუს ქართული ვერსიის, „სიმართლის დროს“ კეთება დაიწყო, რასაც სერიალი „სამსონაძეები“ მოყვა.
გასაგებია, რომ ფულს სუნი არ აქვს, სამაგიეროდ, არსებობს მორალი და ნამუსი. რამიშვილი დღემდე ამტკიცებს, რომ „ნაციონალებმა“ პროვოკაცია მოუწყვეს და გისოსებს მიღმა ამიტომ აღმოჩნდა, მაგრამ საინტერესოა, ციხიდან გამოსულმა პირდაპირ „ნაციონალების“ რუპორად ქცეულ ტელევიზიაში რომ იპოვა ნავსაყუდელი, რა გარანტია ჰქონდა, რომ ახალი პროვოკაციის მსხვერპლი არ გახდებოდა? იქნებ, რამიშვილის „გაიმედელება“ იმის ლატენტური აღიარება იყო, რომ დანაშაული მართლაც ჩაიდინა?
ერთი სიტყვით, რამიშვილის მისამართით არაერთი კითხვა არსებობს. ავიღოთ, მაგალითად, ის, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ „ნაციონალების“ პიარს არაოფიციალურად, როგორც ამბობენ, სწორედ რამიშვილი ხელმძღვანელობდა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა „მოქკავშირის“ ე. წ. რეფორმატორულ ფრთასთან. ასევე მისი უშუალო მონაწილეობით იქმნებოდა მულტსერიალი „დარდუბალა“, რომელიც შევარდნაძის მთავრობას აშარჟებდა, ანუ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რამიშვილს რევოლუციაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი და თუ ბოროტ ხმებს დავუჯერებთ, ამ წვლილისთვის მიიღო კიდეც ტელეკომპანია „202“-ის ლიცენზია, თუმცა როგორც „ქრონიკა+“-ს უყვებიან, რამიშვილმა გაკიწმარიშვილება მოინდომა, ანუ იმის ამბიცია გაუჩნდა, რომ ხელისუფლებაში მოსულ „ნაციონალებს“ მის დაკრულზე ეცეკვათ, მაგრამ რადგან ეს არ გამოუვიდა, „202“ ოპოზიციურ რელსებზე გადააწყო და ამით შეეცადა სააკაშვილთან ანგარიშსწორებას.
რამიშვილის ფულისადმი გადაჭარბებული ვნებები მაშინდელი ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს, ცნობილი იყო. ჰოდა, მოხდა ის, რაც მოხდა _ რამიშვილი ფულის გამოძალვაში ამხილეს, თუმცა ამ ბრალდებას „ქოცების“ ერთ-ერთი მთავარი „ბოტუსშტაბაში“ დღემდე არ აღიარებს. არადა, ყველას ნანახი გვაქვს კადრები, როგორ იღებს რამიშვილი ფულს კობა ბექაურისგან.
ხალხში მოარული ხმებით რამიშვილის „გაქოცების“ მთავარი მიზეზიც ფულისადმი სათუთი დამოკიდებულებაა. ეს კი არადა, „ქრონიკა+“-ს უყვებიან, რომ თავის დროზე რამიშვილი ცდილობდა, ბადრი პატარკაციშვილისთვისაც „შეეწერა“ „მაყუთი“, მაგრამ ცხონებულმა პატარკაციშვილმა რამიშვილი „გააფუფლოვა“ _ კონვერტი გადასცა, რომელშიც ფული კი არა, რაღაც იაფფასიანი მარკა იდო.

თავის დროზე პატარკაციშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქოცების“ კიდევ ერთ იდეოლოგ გოგა ხაინდრავასაც. ისე, ამბობენ, რომ პატარკაციშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. ჰოდა, თუ ხაინდრავა გარდაცვლილი ბიზნესმენის ნაღდი მეგობარი იყო, საინტერესოა, დღეს მის „მტერთან“ როგორ მეგობრობს? მაგრამ ნათქვამია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და რა გასაკვირია, რომ ხაინდრავაც გაანათოს? _ სხვადასხვა არაოფიციალური ინფორმაციით, ხაინდრავამ ივანიშვილს „ჰეროკრატიისთვის“ კოლოსალური თანხა გამოსძალა, თუმცა ამ თანხის დიდი ნაწილი ფილმს კი არა, პირად ინტერესებს მოახმარა. ასევე ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილის ფულით ხაინდრავამ საკუთარი კომპანია „ლე ხაინდრაო პროდაქშენი“ დააფუძნა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც შარშან საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიალის გადასაღებ ტენდერში გაიმარჯვა. ხაინდრავა ამ კომპანიის დირექტორი და 33-პროცენტიანი წილის მფლობელია. როგორც თავის დროზე ინფორმაცია გავრცელდა, 12 სერიის გადაღებაში „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 484 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა დაიწყო თუ არა ამ სერიალის გადაღება, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
რაც შეეხება ხაინდრავას „ნაციონალურ“ წარსულს, უკვე აღვნიშნეთ, რომ ხაინდრავა „ვარდების რევოლუციის“ არათუ მხარდამჭერი იყო, არამედ რევოლუციონერებთან ერთად ბარიკადებზეც იდგა და ამის სანაცვლოდ „ვარდების რევოლუციით“ მოსულ ხელისუფლებაში თანამდებობაც მიიღო _ კონფლიქტების სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ამ დროს ხაინდრავას მეგობარი ზურაბ ჟვანიაც უკვე გარდაცვლილია, ხაინდრავა ოპოზიციაში გადადის _ ალბათ, ხვდებოდა, რომ გირგვლიანის საქმე ხელისუფლებას ცუდად მოუტრიალდებოდა და შეეცადა, „სუფთად გამოსულიყო“, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ხაინდრავა ჩვეულებას არ ღალატობდა და ერთ-ერთ მიტინგზე მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ამ ეპიზოდის გახსენება რეჟისორს არ უყვარს.
სხვათა შორის, 2012 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხაინდრავა დაკითხვაზე დაიბარეს. მანამდე კი საქართველოს პროკურატურამ მასალა გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ჟანდარმერიამ საქართველოს მხარეს გადასცა. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებდნენ, მასზე ასახული იყო საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, გოგა ხაინდრავას შეხვედრა საფრანგეთში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
„პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ქართველმა პოლიტიკოსმა კრიმინალურ ავტორიტეტებს დახმარება სთხოვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, სანაცვლოდ კი ისინი „ვარდების რევოლუციამდე“ არსებულ მდგომარეობას აღიდგენდნენ და ძველ გავლენას დაიბრუნებდნენ.
გავრცელებული მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობასა და „მხედრიონის“ მსგავსის აღდგენას გეგმავდა“, _ ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელიც მაშინდელმა ინტერნეტგამოცემებმა გაავრცელეს.
ზოგადად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხაინდრავა სკანდალში არაერთხელ გახვეულა. ცნობილია, რომ ის ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ფიგურა იყო და, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიას დამხობაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი.
2010 წელს ქართული ინტერნეტგამოცემა droni.ge აქვეყნებს სტატიას სათაურით: „გოგა ხაინდრავას ჩხრეკის დროს 700 აბი „სუბუტექსი“ უპოვეს“. სტატიაში ვკითხულობთ:
„ბოლო პერიოდში ოპოზიცია მის ერთ საკითხს აპიარებს მუდმივად _ მიხეილ სააკაშვილს ნარკომანობას სწამებენ, თურმე მიშა ხან „ჰეროინს“ ყნოსავს, ხან „სუბუტექსს“ ყლაპავს, სხეულზე კი ვენა აღარ დარჩენია მთელი. თურმე ვენაში გაჩხერილი კათეტერით დადის, რომ ნარკოტიკი უპრობლემოდ შეუშვას, ვენები აღარ დაიგლიჯოს. ალბათ, ასე კათეტერით იყო კაჩინსკის დაკრძალვაზე და ამერიკაში ვიზიტით და ამ კათეტერიან ხელს ართმევდა ამერიკელ მაღალჩინოსნებსა თუ დიპლომატებს. ამ სისულელეზე რეაქცია არ მექნებოდა, ამას ის ოპოზიციონერები რომ ლაპარაკობდნენ, რომელთაც ცხოვრებაში ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონიათ, პირიქით, მის წინააღმდეგ უბრძოლიათ კიდეც.
მაგალითად: დავით უსუფაშვილი, დავით საგანელიძე, ეკა ბესელია, ბიძინა გუჯაბიძე, მანანა ნაჭყებია, ფიქრია ჩიხრაძე და სხვები სააკაშვილს ლამის კაენის ცოდვიდან დღემდე ყველა ამქვეყნიურ ცოდვაში ადანაშაულებენ, მაგრამ ეს სისულელე თავში არ მოსვლიათ, ბრალდებას, ჰაერიდან მოტანილს, საფუძველი არა, მაგრამ რაღაცით დამაჯერებლობა უნდა შესძინო. დათო უსუფაშვილს სინდისი არ გაუშვებს თქვას, მიშა ნარკომანიაო, რადგან იგი პოლიტიკოსია და არა _ ძველი ბიჭი. რაც მთავარია, უსუფაშვილს შუბლის ძარღვი ჯერ არ გასწყვეტია.
გულისამრევია, როცა სააკაშვილის ნარკომანობაზე ერთი კაცი ლაპარაკობს ოპოზიციიდან, ერთადერთი და განუმეორებელი, გოგა ხაინდრავა. ეს ის გოგა ხაინდრავაა, რომელსაც ათეულობით ზვიადისტი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერები, თავის დროზე, აფხაზეთში ნარკოტრანზიტის მფარველობას აბრალებდნენ. მაშინ გოგა სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში _ 1993 წელს.
„ყველაზე ცნობილი ნარკომანი პოლიტიკოსთა შორის და ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ნარკომანებში“ _ ეს უკვდავი ექსპრომტი შალვა ნათელაშვილის პირადი არქივიდანაა.
მანვე „თბილისში ყველაზე ცნობილი ნარკომანი“ უწოდა ხაინდრავას. აქვე გავიხსენოთ: გოგა ხაინდრავამ ორჯერ თქვა უარი, გაევლო ნარკოტესტი და ჯარიმის გადახდა ამჯობინა. არცთუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აღიარა, რომ წამალზე იჯდა და კარგა ხანს „იჩხირავდა“.
მოკლედ, დღეს სააკაშვილის ნარკომანობაზე ის კაცი ლაპარაკობს, რომელმაც მთელი ცხოვრება „კაიფში“ გაატარა, „კაიფობდა“ მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრი იყო აფხაზეთში, „კაიფობდა“ მაშინ, როცა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახლდათ.
ცნობილი ისტორიაა: ერთხელ ცხინვალში ჩასულ გოგა ხაინდრავას ბორის ჩოჩიევის კაბინეტში „პერედოზიროვკა“ დაემართა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა ექიმმა ადრენალინის ორმაგი დოზა გაუკეთა და სიკვდილს ასე გადაარჩინა. აი, ასეთი მინისტრი იყო ხაინდრავა.
„კაიფობდა“ და, შიგადაშიგ, ხან ჩოჩიევს გამოჰყავდა ნარკოტიკს დახარბებული მინისტრი მდგომარეობიდან, ხან _ ედუარდ კოკოითს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველებო, ვიდრე ეს ამბავი გახმაურდებოდა, გოგა ხაინდრავა, ამბის შენახვის ხათრით, ჩოჩიევ-კოკოითსა და მათ „კამანდას“ ყურებით არ ეყოლებოდათ დაჭერილი?
ამას, იმ სპეცსამსახურის ენაზე, ხაინდრავა რომაა თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი, „დავერბოვკება“ ჰქვია. კიდევ კარგი, ამ ამბიდან ერთ წელიწადში მოხსნეს ხაინდრავა… მაგრამ იმ ერთ წელიწადში რამდენი ავნო საქართველოს იმის შიშით, საქვეყნოდ არ გავმაიმუნდეო, ეს კაცმა არ იცის.
სხვათა შორის, ჩოჩიევს გადაღებული და შენახული აქვს ის კადრები, პირზე დუჟმორეული, სკამიდან გადმოვარდნილი როგორ აგდია ხაინდრავა იატაკზე ჩოჩიევის კაბინეტში და როგორ ასულიერებენ მას. კაცმა არ იცის, ამ 15-წუთიან „დოკუმენტურ ფილმს“ როდის გამოიყენებს ჩოჩიევი. ხაინდრავას რა ეგონა, მარტო მაგან იცოდა ტელეკამერის ხმარება და კინოდოკუმენტალისტობა? შეცდა! ჩოჩიევიც არანაკლები ოპერატორი და კინოდოკუმენტალისტი ყოფილა!
ახლა ერთ ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც თითქმის ყველა ჩემმა კოლეგამ იცის, მაგრამ ამ დღემდე არ გაუხმაურებია. არადა, პირად საუბარში ყველა ამაზე ლაპარაკობს, როცა ხაინდრავას ახსენებს ვინმე. ეს ამბავი ჩოჩიევის კაბინეტში დატრიალებულ „ტრაგედიამდე“ მოხდა. ცხინვალში ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით ხაინდრავა „მოსალაპარაკებლად“ ჩავიდა.
„მოლაპარაკება“ 2 საათში მორჩა, მაგრამ მანქანით პირდაპირ თბილისისკენ არ წამოვიდა, თამარაშენიდან სოფელ ქურთაში ავიდა, ერთ ოჯახში შევიდა, 15-20 წუთი დაჰყო და წამოვიდა. ხაინდრავამ, ვიდრე ერგნეთს მოაღწევდა, ჯერ ოსური პოსტი გამოიარა, მერე რუსული უნდა გამოევლო და გააჩერეს. კი, საბუთიც უჩვენა, მინისტრი ვარო, ყველა ცნობდა სახეზე, მაგრამ მაინც არ გაატარეს.
ხაინდრავამ მაშინდელი სამშვიდობო ძალების სარდალ ნაბდზოროვს დაურეკა, მაგრამ მან არ უპასუხა. მოკლედ, ეს ხაინდრავა მანქანიდან გადმოიყვანეს, პიჯაკი გახადეს ძალით, მერე _ ჟილეტი და ჟილეტს შიგნით, მთელ ტანზე, პატრონაჟივით ჰქონდა ასხმული „სუბუტექსის“ 10-აბიანი ფირფიტები. ეს შენი ხაინდრავა დააჩოქეს, კეფაზე ხელები დააწყობინეს, ოღონდ, მანამდე საგუშაგოში შეიყვანეს.
ხაინდრავამ დარეკვა ითხოვა, რადგან ამ დროს მობილურიც წაართვეს რუსმა ჯარისკაცებმა. ოფიცერმა გორშკოვმა, რომელიც რუსული მხარის ბლოკპოსტის მეთაური იყო, საკუთარი ტელეფონიდან დაარეკინა. ხაინდრავამ ზურაბ ჟვანიას დაურეკა და დახმარება სთხოვა. იმ დროს ჟვანია უცხოეთში იყო, მან ვანო ძალოვანს გადმოურეკა, მიხედე, გოგა დიდ შარშია გახვეული, რამენაირად გამოაძვრინე, თორემ საერთაშორისო სკანდალი ატყდება და ქვეყანა დიდად იზარალებს, საქვეყნოდ თავი მოგვეჭრებაო. ძალოვნებმა პრეზიდენტთან შეათანხმეს საკითხი. მიშამ, _ ეგ ამბავი რომ გახმაურდეს, მართლა გავმაიმუნდებით მსოფლიოშიო და ნება დართო, სიტუაცია განემუხტა, თუ შეძლებდა, თუმცა აქვე დავძენ, რომ ვიდრე ჟვანია პოლიციას დაურეკავდა, უკვე მოესწრო პრეზიდენტთან დარეკვა და საქმის კურსში მისი ჩაყენება.
ნაბდზოროვთან საქმე „ჩააწყვეს“ და ხაინდრავამ რუსული პოსტიდან ორასიოდე მეტრით აქეთ _ ქართულ საგუშაგოზე გადმოინაცვლა. ჰო, ხელბორკილებიც ედო, მაგრამ ახსნეს. რუსმა სამშვიდობოებმა ის 700 აბი სუბუტექსი დაიტოვეს, ხაინდრავას აბჯარივით რომ ჰქონდა ასხმული.
იმავე საღამოს ხაინდრავა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს უმტკიცებდა, 700 აბი ჩემთვის მჭირდებოდა, „საბარიგოდ“ არ მინდოდაო, მაგრამ არ დაუჯერეს _ არც ეს და არც ის, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ხაინდრავას მიერ ნარკოტიკების გადმოტანისა. ეს ამბავი 2005 წლის იანვარში მოხდა, მაშინ ქართული სპეცსამსახურები ის-ის იყო, ძალას იკრეფდა, თორემ ამდენს „კონფლიქტების მინისტრი“ ვერ გაბედავდა. მას უთუოდ ქურთაში, იმ „სატრანზიტო სახლში“ „დილერთან“ ერთად დააკავებდნენ, საიდანაც, მისივე აღიარებით, ნარკოტიკები წამოიღო.
ცოტა ხანში, 3 თებერვალს, ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა და ხაინდრავა „უკრიშოდ“ დარჩა. ხაინდრავა კი მალე მინისტრობიდან მოისროლეს და ოპოზიციაში გადაბარგდა, თუმცა ხანმოკლე „მოღვაწეობის“ მანძილზე ორჯერ მაინც მოახერხა, რომ ერთხელ ოსებისთვის, მეორედ რუსებისთვის დაეტოვებინა იშვიათი კომპრომატი.
ჩოჩიევის ოპერატორობის ამბავი მოგახსენეთ და კაპიტან გორშაკოვსაც არანაკლები ნიჭი აღმოსჩენია ოპერატორობისა: გოგა ხაინდრავას დაკავება, მანქანიდან გადმოყვანა, „სუბუტექსის“ აღმოჩენა (ან რა აღმოჩენა უნდოდა ტანზე შემოკრულს?), ხელბორკილების დადება, საგუშაგოზე მუხლზე დაყენება კეფაზე ხელებდაწყობილი ხაინდრავასი _ სულ მისხალ-მისხალ აღუბეჭდავს და კასეტა ნაბდზოროვისთვის გადაუცია.
სხვათა შორის, როცა სიტუაცია განიმუხტა და ხაინდრავა რუსული პოსტიდან ქართულს გადასცეს, ეს კადრები ქართულმა ტელეარხებმაც გადაიღეს და ხაინდრავას „ვაჟკაცობის“ დამადასტურებელი ფაქტები არქივში აქვთ.
ასეთია ერთი შემზარავი ისტორია მინისტრისა, რომელიც კონფლიქტებს აი, ასე აგვარებდა, ახლა კი ამბობს, სააკაშვილი, ბოკერია, გივი თარგამაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი მიშლიდნენ ხელს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტი მომეგვარებინაო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, _ აი, ამ ისტორიაზეა ზედგამოჭრილი.
სხვათა შორის, ამ ამბავს არაერთი სამხედრო ჩინოსანი შეესწრო ქართული სამშვიდობო ძალებიდან (როცა ხაინდრავა დააკავეს, რაკიღა მინისტრი იყო, ქართული და ოსური მხარე დაასწრეს ჩხრეკისას რუსებმა). ეს ხალხი თუ ხმას ამოიღებს და უფრო დეტალურად მოყვება ამ ისტორიას, მაგალითად, როგორ ტიროდა ჟვანიასთან სატელეფონო საუბრისას ხაინდრავა _ ურიგო არ იქნება.
მე ამ საზარელი, მაგრამ უცხადესი ისტორიიდან ორად ორი კითხვა მაინც დამრჩა პასუხგაუცემელი, თორემ ხაინდრავა რაცაა, ეს იქიდან ვიცი, 1992 წელს ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ავტომატით რომ დასდევდა.
1) იმ 700 აბი „სუბუტექსიდან“, რომელიც რუსულ პოსტზე ჩამოართვეს, რამდენი აბი უნდოდა თავისთვის და რამდენი _ სარეალიზაციოდ?
2) დღეს ხაინდრავა სააკაშვილის ნარკომანობაზე ყოველდღე იმიტომ ყვირის, რომ დიდი ხანი არ არის, რაც საფრანგეთში გაიარა ანტინარკოტიკული კურსი და წამალს თავი დაანება _ აღარ ზის წამალზე. ახლა რომ შეამოწმო, უარს არ იტყვის, უწინდელისგან განსხვავებით. აი, ამიტომაცაა ომახიანი და დიდგულა. მეორე კითხვაც აქედან გამომდინარეობს: ნუთუ, ისეთი მიამიტია ხაინდრავა, რომ სჯერა, მისი საფრანგეთში მკურნალობის ამბავი ჟურნალისტებისთვის გაუგებარი დარჩებოდა?“
როგორც გითხარით, ეს სტატია droni.ge-მ 2010 წელს გამოაქვეყნა (სტატიის ლინკსაც აქვე გთავაზობთ: ჰტტპს://დრონი.გე/?მ=1&AID=453).
მას შემდეგ 8 წელია გასული, მაგრამ ხაინდრავას სტატიაში მოთხრობილი ფაქტების უარყოფა ან, სულაც, სასამართლოში ჩივილი არ უცდია. საინტერესოა, თუ ეს ყველაფერი ტყუილია, რატომ არ იცავს ღირსებას?
ამასთან, ხაინდარავას არც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცრისთვის, დავით მარტიაშვილისთვის უჩივლია, რომელმაც 2016 წლის შემოდგომაზე საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მზად არის, სასამართლოში დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა პირადად იყო ჩართული მოსახლეობის ძარცვასა და ნაძარცვის აფხაზეთიდან გაზიდვაში.
„მზად ვარ, ხაინდრავას მისი საქმიანობა შევახსენო 1992 წელს აფხაზეთში, რაც ძალიან კარგად მახსოვს. ეს საქმიანობა მიმართული იყო სოხუმის ჩაბარებისკენ. სწორედ მისმა „მოღვაწეობამ“ განაპირობა ის, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი განწყობილი იყო მტრის მხარეს და არა _ ჩვენს მხარეს. მაგალითად, აფხაზეთის სომხებთან მოვილაპარაკეთ, ჩვენს მხარეს ყოფილიყვნენ, მაგრამ ხსენებული „მოღვაწეობის“ შედეგად ისინი აფხაზების მხარეს დადგნენ.
რაც მთავარია, ნებისმიერი ნაძარცვის გატანა ზღვით, ჰაერით თუ ხმელეთით ხდებოდა ისე, რომ 30% პირადად გოგა ხაინდრავასი იყო. მისი გამოძახებით შემოდიოდა ზღვის პორტში ბარჟა ან აეროპორტში ვერტმფრენი, რომელთაც ნაძარცვი გადაჰქონდათ. ჩემზე იტყვიან, ალბათ, „ნაცია“, ესაა, ისაა… მაგრამ არ მაინტერესებს. გოგა ხაინდრავა იცით, რეებს აკეთებდა? მაგალითად, ერთი ჩემი მეგობარი ბატალიონის მეთაური (ვინც ახლა ხმას არ ამოიღებს) მიყვებოდა, რომ თუ სამხედრო შენაერთს რაიმე იარაღის მიღება უნდოდა, ხაინდრავასთან ერთად წამალი უნდა გაეჩხირა და მაშინ ტყვიამფრქვევს კი არა, საჰაერო-საზენიტო დანადგარსაც კი მიიღებდა… თავის დროზე გია ყარყარაშვილმა რაღაცები შეახსენა გოგა ხაინდრავას, თუ არ ვცდები, „ვარდების რევოლუციის“ დროს, მაგრამ ახლა ისიც არ ამოიღებს ხმას, ცნობილი მიზეზით, დარწმუნებული ვარ. ეს ის მიზეზია, რომ არავის სჭირდება იარლიყის მიწებება. ხალხს ქვეყანა ფეხებზე კიდია და მე არ მკიდია ფეხებზე. რაც უნდათ, ის „მომაკერონ“. უკვე შეუძლებელია იმის ატანა, რასაც ხაინდრავა აკეთებს: ყველა მისი ნაბიჯი ქვეყნის საზიანოდაა მიმართული. მე აქ რუსებს ვებრძვი, ეს ხალხი კი რუსებს გუნდრუკს უკმევს! ამიტომ მივიჩნიე, რომ ჩუმად არ უნდა ვიყო და სიმართლე ვთქვა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც დღეს სხვებს ასწავლის ჭკუას, თუ რა არის დემოკრატია“, _ ამბობს მარტიაშვილი ინტერვიუში, რომელიც 2016 წლის სექტემბერში საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ გამოაქვეყნა (ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად აქვე გთავაზობთ ლინკს: ჰტტპ://გჰნ.გე/ცომ/ნეწს/ვიეწ/159671).

„ქოცბოტების“ კიდევ ერთი „ხაზეინი“ უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილია, რომლის შესახებაც „ქრონიკა+“-ს კომპრომატები არაერთხელ გამოუქვეყნებია. ამიტომ ნაცვლიშვილის ბიოგრაფიის დეტალურ ანალიზს აღარ შევუდგებით და ყურადღებას ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე შევაჩერებთ, რომლითაც ნათელი ხდება, რომ „ოცნების“ იდეოლოგს რუსული კავშირები აქვს.
2013 წელს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს სტატიას: „რუსმეტალში“ ლაშა ნაცვლიშვილის აჩრდილი გამოჩნდა _ ბიზნესის წართმევის მცდელობა თუ პროკურატურის გაშიფრული სქემა?“ სტატიაში ნათქვამია, რომ ლაშა ნაცვლიშვილს ბიზნესის წართმევის მცდელობაში „რუსმეტალის“ ხელმძღვანელები ადანაშაულებენ.
„აღსანიშნავია, რომ „რუსმეტალის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, ზაზა მამულაშვილის განცხადების საფუძველზე (რომელიც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ლაშა ნაცვლიშვილის მეგობარია) 23 დეკემბერს კომპანიის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. აპრილში კომპანიის ფინანსურ დირექტორ გერონტი ცვარიანსა და ბუღალტერ თამარ ჯავაშვილს პროკურატურამ 202-ე მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც დოკუმენტების გაყალბებას ითვალისწინებს.
ორი დღის წინ კი პროკურატურის პრესსამსახურის ბრიფინგზე გაცხადდა ახალი ბრალდება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. პროკურატურის პრესსამსახურის უფროს ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, გაიხსნა შპს „რუსმეტალის“ მიერ საქართველოდან სილიკომანგანუმის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის მხოლოდ ერთ ეპიზოდში დადგენილი და დადასტურებულია, დაახლოებით, 2,5 მლნ ლარის გათეთრების ფაქტი. „დასახელებული კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია ქალაქ რუსთავის მოქმედი მერის, ლაშა მინდელის ძმა, მინდია მინდელი“, _ განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ საწარმოს წარმომადგენელთა მიერ საგარეო ეკონომიკური ოპერაციების დროს მიღებული მოგების დამალვის მიზნით, ყალბდებოდა ექსპორტის ამსახველი დოკუმენტები, ნამატი უკანონო შემოსავლები ირიცხებოდა მათ მიერ კონტროლირებადი ერთ-ერთი ოფშორული კომპანიის ანგარიშზე და შპს „რუსმეტალს“ უბრუნდებოდა ფიქციური ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც სესხის სახით მიღებული თანხა. შემდეგ კი, უკანონოდ ფულის წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელები ქმნიდნენ ყალბ დოკუმენტებს სესხის გასტუმრების თაობაზე, რომელთა მიხედვითაც თანხები თითქოსდა კრედიტორს უბრუნდებოდა ნაღდი ფულით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„სინამდვილეში აღნიშნული თანხების ნაწილი გამიზნული იყო წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საწარმო, რომლის ბრუნვა 200 მილიონზე მეტ ლარს შეადგენდა, უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ შემოწმებულა“, _ აღნიშნავენ პროკურატურაში.
„რუსმეტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია მინდელი პროკურატურის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, პროკურატურაში ჩატარებულ ბრიფინგზე სიმართლე ითქვა მხოლოდ ის, რომ ლაშა მინდელი მისი ძმაა.
კომპანიის გენერალურ დირექტორ თემურ მიმინოშვილის თქმით, ასევე ტყუილია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში „რუსმეტალი“ არ შემოწმებულა. მისი ინფორმაციით, „რუსმეტალი“ 2006-07 წლებში საგადასახადოს სამსახურმა შეამოწმა, 2008-09 წლებში კი _ ფინანსურმა პოლიციამ. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კომპანიის კამერალური შემოწმება, ვინაიდან „რუსმეტალს“ პროდუქტი ექსპორტზე გააქვს და დღგ-ს დაბრუნების საკითხი დგებოდა.
მიმინოშვილის განცხადებით, ამ წლების განმავლობაში კომპანიას დაერიცხა 600 ათას ლარზე მეტი ჯარიმა და „რუსმეტალის“ მიერ ყველა გადაწყვეტილება გასაჩივრდა. გარდა ამისა, 2010-11 წლებში კომპანიაში აუდიტი ჩაატარა აუდიტორულმა კომპანია „ფრაის უოთერ ჰაუს კუპერსმა“. აუდიტორთან გრძელვადიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული და ივნისიდან უნდა დაიწყოს 2012 წლის აუდიტიც. „ეს არის პირველი ტყუილი, რომ კომპანია არასდროს შემოწმებულა“, _ ამბობს მიმინოშვილი.
კომპანიაში ასევე აბსურდულს უწოდებენ ბრალდებას, თითქოს დოკუმენტები გაყალბებული იყო. „თვითონ სქემა, რაზედაც პროკურატურა აპელირებს, რომ ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდა გადახდა, ეს იყო მარტივი ხელშეკრულება, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, დროზე ადრე შეწყდა. ამ კომპანიას, რომელიც ჩვენი პარტნიორი იყო, პრობლემები შეექმნა, ხელშეკრულება დროზე ადრე შეწყვიტეს და ნაღდი ანგარიშსწორება ითხოვეს. საუბარია, დაახლოებით, 1,4 მილიონ დოლარზე. ამაზე უარს ვერ ვეტყოდით, მით უმეტეს, რომ კანონი ნაღდ ანგარიშსწორებას არ კრძალავს. ამასთანავე, კომპანიაში ადასტურებენ, რომ მათ ეს ფული ნამდვილად მიიღეს და ამ ოპერაციით არავინ დაზარალებულა, მათ შორის, არც ბიუჯეტი. გარდა ამისა, აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ კომპანიას ბრალი ედებოდა თაღლითობაში, ახლა აღმოჩნდა, რომ ფულის გათეთრებასაც გვაბრალებენ და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ“, _ ამბობს თემურ მიმინოშვილი.
კომპანიის წარმომადგენლები ასევე განმარტავენ, რომ ზაზა მამულაშვილი, რომლის განცხადების საფუძველზედაც პროკურატურამ საქმე აღძრა, იყო უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელი, რომელიც ყველა ოპერაციაში მონაწილეობდა, ასევე არის კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი. შესაბამისად, თუ რამე ბრალდება არსებობს, პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება.
„რუსმეტალის“ ხელმძღვანელებს პროკურატურის მიმართ იქით აქვთ პრეტენზიები. მათი განცხადებით, ზაზა მამულაშვილს 2011 წელს კომპანიის მიმართ წარმოეშვა ფინანსური ვალდებულებები. კერძოდ, მისი შუამავლობითა და ორგანიზებით პროდუქცია უკრაინაში გავიდა, საიდანაც ფული არ შემოვიდა და იმ მცირე ნაწილზეც, რომელიც პროდუქციის ღირებულებიდან კომპანიამ მიიღო, სამოქალაქო დავა დაიწყო.
„პროკურატურაში შეტანილია ჩვენი ორი სარჩელი თაღლითობის სქემაზე, რომლის მეშვეობითაც მამულაშვილმა მილიონ ლარზე მეტი მიითვისა, თუმცა უკვე 2 თვეა გასული და ეს საკითხი წინ არ წაწეულა, მაშინ როდესაც მამულაშვილის განცხადების საფუძველზე საქმის წარმოება 3 დღეში დაიწყო. ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ შეთანხმებული ქმედება მიმდინარეობს. მამულაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია“, _ ამბობს მიმინოშვილი. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ამგვარი „შეთანხმებული“ ქმედების მიზანი არის კომპანიის დარჩენილი წილის მთლიანად მითვისება“, _ ნათქვამია სტატიაში და იქვე მინიშნებულია, რომ „რუსმეტალის“ ხელმძღვანელები გენერალურ ინსპექციას ამ საქმის წარმოების პროცესში ლაშა ნაცვლიშვილის მიერ განხორციელებული ქმედებების მოკვლევასა და შესწავლას სთხოვენ, თუმცა 2013 წლიდან ხუთი წელი გავიდა და ლაშა ნაცვლიშვილის საქმიანობა დღემდე არავის შეუსწავლია (ჰტტპ://წწწ.რესონანცედაილყ.ცომ/მობილე/ინდეხ.პჰპ?იდ_რუბ=2&იდ_არტც=15601).

„ქოცბოტების“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად კოკა ყანდიაშვილი მიიჩნევა. ყანდიაშვილი დღეს არის ანტინაციონალი, თორემ იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობით იწონებდა თავს და მეტიც, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონია, რომ სააკაშვილს მისთვის, როგორც თავად ამბობს, მედიის კონტროლიც კი დაუვალებია. ამის შესახებ თავად ყანდიაშვილი საუბრობს რამდენიმე წლის წინ ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იმასაც ადასტურებს, რომ მიშასთან მეგობრობდა. ამავე ინტერვიუდან ირკვევა, რომ ყანდიაშვილმა სააკაშვილი გოგირდის აბანოშიც დაპატიჟა:
„აღმოჩნდა, რომ ნამყოფი არ იყო გოგირდის აბანოებში. არ იცოდა, რა არის ქისა და ა. შ. ჩვენი წინაპრები დადიოდნენ და ეს მამაკაცებისთვის ერთგვარი ტრადიცია იყო. მე წავიყვანე ზუსტად რევოლუციის წინ. ვმეგობრობდით, კარგი ურთიერთობა გვქონდა…“
ყველა ამ ადამიანზე ინტერნეტში არაერთი მამხილებელი მასალა არსებობს, ამიტომ „ოცნებას“ ურჩევნია, რამიშვილთან, ყანდიაშვილთან, ნაცვლიშვილთან და ხაინდრავასთან კავშირი დროზე გაწყვიტოს, თორემ ეს ადამიანები იმაზე უარესს დამართებენ, რაც სხვა მთავრობებს დამართეს!

გიორგი აბაშიძე