„ვიღაცას ორი წიგნი არ წაუკითხავს, ერთმანეთზე ორ სიტყვას ვერ აბამს და პოლიტიკოსობა უნდა“

ოპერის სამყარო იმდენად დიდი და მრავალფეროვანია, ნებისმიერს გაუჭირდებოდა ამ სამყაროში შეღწევა და თავის დამკვიდრება, ბევრმა ქართველმა თავისი ნიჭიერებითა და განსაკუთრებულობით ეს მოახერხა და ამ სამყაროში ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი. დღეს მათ მსოფლიო აპლოდისმენტებით ხვდება.

თამარ ივერი ხშირად კრიტიკის ობიექტიც გამხდარა, მასზე ბევრს წერენ, სიძულვილის ენით საუბარსა და ჰომოფობიურ გამონათქვამებშიც სდებენ ბრალს, იყო დაპირისპირებები, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი იმდენად უმნიშვნელოა, რომ განხილვადაც არ ღირს.
რთული და ეკლიანი გზა გამოიარა იმისთვის, რომ დღემდე მოსულიყო. იყო ბევრი იმედგაცრუება, თუმცა ხელი არასდროს ჩაუქნევია.
„ქრონიკა+“-ის სტუმარია ქართველი სოპრანო _ თამარ ივერი.

ბავშვობა, ოპერის სიყვარული და „პირველი ბიზნესი“

_ ბავშვობა განსაკუთრებული პერიოდია, რადგან ჩემს ცხოვრებაში დატოვა ოჯახური იდილიის, სიყვარულის, სიკეთის წარუშლელი კვალი. ბავშვობა ჩემთვის არის მამაჩემის თვალები, ძლიერი ხელები, კეთილი გული, დედას ღიმილი. მე ამ გარემომ მომცა ყველაზე მთავარი გრძნობა _ ადამიანების სიყვარული და გულწრფელობა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ცელქი ბავშვი ვიყავი, მოუსვენარი, ემოციური. ხეებზე დავძვრებოდი, ქუჩაში დავდიოდი და ვმღეროდი. მადლობა მეზობლებს, რომ მიძლებდნენ და მათი ჩემდამი დამოკიდებულება ყოველთვის სიყვარულის ტოლფასი იყო. მანებივრებდნენ და როცა ვმღეროდი, მჩუქნიდნენ კანფეტებს, შოკოლადებს და ეს იმდენად მომწონდა, რომ ჩემი ბავშვური ბიზნესის ნაწილად ვაქციე. მერე ჩემი მეგობრებიც ავიყოლიე და ერთად ვმართავდით კონცერტებს. ერთხელ სიმღერის დროს, როცა ემოციებში შევედი და განსაკუთრებით ავუწიე ხმის ტემბრს, დედას ხელი მწარედ მწვდა ყურზე და მისი ბრაზნარევი ხმა ჩამესმა: შე უბნის ჯამბაზო, რა დღეში ხარ, რატომ მარცხვენო. ამ ყველაფერს ახლა ღიმილით, სიყვარულით ვიხსენებ და სიამოვნებას მგვრის.
ოპერის სიყვარული თავიდანვე მქონდა. მამა, ავთანდილ ჯავახიშვილი, ოპერის მომღერალი იყო და ჩემს ოჯახში იკრიბებოდა მთელი თეატრი, ისმენდნენ საოპერო არიებს, განიხილავდნენ ყველაფერს, რაც ოპერასთან კავშირში იყო, მე ეს მომწონდა და მათი საუბრის თანამონაწილე ვიყავი. რვა წლის ასაკში ყველა მომღერლის ხმის გამოცნობა შემეძლო. მეგობრებთან ერთად ვაწყობდი პატარა სპექტაკლებს, ვაფორმებდით სცენას, მე თვითონ ვქმნიდი სასცენო კოსტიუმებს, ვანათებდით სცენას და წარმოვიდგენდი, როგორ მოსწონდა ჩემი ნამღერი პუბლიკას, შევდიოდი ემოციებში და უფრო მეტი დრამატულობით ვაკეთებდი ამას.

გზა, რომელიც გამოიარა

_ რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩემი, ისევე როგორც ყველა წარმატებული ადამიანის ცხოვრების გზა ფიანდაზებით იყო მოფენილი. ეს ასე არ არის, ჯერ კიდევ ბავშვობაში ბევრჯერ განვიცადე იმედგაცრუება, რაც ჩემთვის მტკივნეული იყო, თუმცაღა დღეს ამ ყველაფერზე მეღიმება.
მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი და როცა ვისმენდი, თუ როგორ აღმოაჩინეს რეჟისორებმა სრულიად შემთხვევით მსახიობები ქუჩაში, ტრამვაიში, სულ ეს განცდა მქონდა, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდებოდა. როცა ვინმეს დაჟინებულ მზერას ვიგრძნობდი, ამას ჩემი ოცნების ასრულებას ვუკავშირებდი. ერთხელაც, სკოლაში კონკიას დგამდნენ და ძალიან მინდოდა მეთამაშა კონკიას როლი, გამოცხადდა კასტინგი და მივედი, კარგად ვითამაშე, ბოლოს დაგვიბარეს და მითხრეს, რომ მსახიობური ხარ, მეტყველი თვალები გაქვს, მაგრამ ჩვენ ვეძებთ ქერა, ცისფერთვალება, ნაზ გოგონასო. მე ვუთხარი, თავიდანვე რატომ არ მითხარით, როცა კასტინგზე მოვედი-მეთქი? თქვენ დედინაცვლის როლზე მოგიაზრებთ, რადგან უფრო მკაცრი გამომეტყველება გაქვთ, ძლიერი ხასიათი დავინახეთ თქვენშიო. ეს ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო! ახლა ძალიან მეცინება ამაზე. სიმღერის კონკურსზეც მივიღე მონაწილეობა და გამომიცხადეს, საოპერო ხმა გაქვს და შემდეგ ტურში ვერ გადაგიყვანთო. ესეც განვიცადე. მოდელების სახლში კონკურსი გამოცხადდა და მითხრეს, კარგი გოგო ხარ, სიარულის კარგი მანერა გაქვს, მეტყველი სახე, თვალები, გრაცია, მაგრამ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებო. მახსოვს, ჟიურის წევრს ვუთხარი, თუ სიმაღლე არ მიწყობს ხელს, დაიმახსოვრეთ, მე ფოტომოდელი მაინც გავხდები-მეთქი. ყველა დარტყმას ვიღებდი, მაგრამ უპასუხოდ არ ვტოვებდი. დამარცხებას არასოდეს ვეგუებოდი.

გზა კონსერვატორიიდან ევროპისკენ

_ ეს მართლაც რომ ძალიან რთული გზა იყო. ჯერ კიდევ კონსერვატორიაში ჩაბარების პერიოდში საკუთარ თავთან და სტრესთან ბრძოლა მომიწია, რადგან აპრილში მამა გარდამეცვალა და სამ თვეში გამოცდები იწყებოდა. მამას სახით საყრდენი გამომეცალა, დავკარგე მრჩეველი, მასწავლებელი, მეგობარი და ძალიან დიდი ემოციური სტრესი მქონდა. დედას და მამას მეგობრების, კოლეგების ძალისხმევით მაინც მოვხვდი კონსერვატორიაში. მე ბოლო რიგებში ვიყავი, ჩემზე წინ ბევრი მომღერალი იყო, მაგრამ მივხვდი, რომ სტრესი ჩემთვის ყველაზე ძვირფასს მართმევდა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა! ეს მამასაც არ მოეწონებოდა. დავიწყე მუშაობა და უკვე მესამე კურსზე ლიდერი ვიყავი, წარმატებებს მივაღწიე, რაც შემდეგ კარიერის გაგრძელებაში დამეხმარა, გავიმარჯვე ორ კონკურსში და გადავწყვიტე, ევროპაში წავსულიყავი, რადგან ამბიცია მქონდა, ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. როცა ჩავედი მითხრეს, რომ გამიჭირდებოდა თავის დამკვიდრება. ქართველი შემსრულებლები, რომლებიც ჩამოდიოდნენ, ორ-სამ წელიწადში უკანვე ბრუნდებოდნენ, რადგან დიდი კონკურენცია იყო. დავფიქრდი ამ ყველაფერზე, გავაცნობიერე, რომ პროფესიული კუთხით ჩემი მთავარი მიღწევა _ ორ კონკურსში მოპოვებული წარმატება და ის, რომ ბათუმის საოპერო სცენაზე ვმღეროდი, მათთვის არაფერს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, მჯეროდა საკუთარი თავის და აქაც დამეხმარა ჩემი ძლიერი ხასიათი. დავიწყე ბრძოლა, მისმენდნენ, მოვწონდი, მაგრამ ნდობის ფაქტორი დიდ როლს თამაშობდა. ეჭვის თვალით მიყურებდნენ, შეძლებს, რომ მთელი ოპერა ბოლომდე იმღეროს? ოთხ მოქმედებას შეასრულებს?
დროთა განმავლობაში მე მათი ნდობა მოვიპოვე და შევძელი, ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად მეღიარებინა შესაძლებლობა _ მემღერა სრულიად ევროპისთვის, სამყაროსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს ჩემი მთავარი გამარჯვებაა პროფესიაში. ამჟამად ვთანამშრომლობ წამყვან საოპერო თეატრებთან, მაქვს მნიშვნელოვანი როლები და ზუსტად ვიცი, წინ კიდევ უფრო საინტერესო პერიოდი მელის.

ორმოციდან საუკეთესო!

_ ბონში ელიზაბეტას როლზე გამოცხადებული იყო კასტინგი. ორმოცი სოპრანო უნდა მოესმინათ, ყოველდღე უსმენდნენ, მე მესამე დღეს გავედი და ერთხელ რომ ვიმღერე, დირიჟორმა მითხრა: შეგიძლია, დაისვენო და კიდევ იმღეროო? მე მივხვდი, რომ მოვეწონე, რადგან ვინც კი ამღერეს, პირველივე ცდაზე გაუშვეს. ამარჩიეს და კონტრაქტი გამომიგზავნეს. ამ წარმატებით დაიწყო ჩემი შემდეგი შემოქმედებითი კარიერა.

პროფესიაში ნაპოვნი სიყვარული

_ ჩემი სიყვარული, რაული ვიპოვე იქ, სადაც ჩემი შთაგონებაა. რომ არა ჩემი პროფესია, არ ვიცი შევხვდებოდი თუ არა მას. მან შეძლო, რომ მე გავაცნობიერე, თუ რაოდენ ძლიერი ხარ პროფესიაში, როცა გიყვარს. ოჯახის, სიყვარულის სინათლე შენი თვალების ნაწილი ხდება, როცა სცენაზე დგახარ! ეს განცდა და იმის წარმოდგენა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს რაული, კიდევ უფრო მაიძულებს, ვიყო ძალიან ღრმა განცდებში სცენაზე. უფრო მეტს ვთხოვ საკუთარ თავს.
მადლობა მას, რომ მიძლებს, ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სიმართლეა. არ ვარ მარტივი ადამიანი, ჩვენ ერთმანეთს ბევრ რამეს ვუთმობთ და სრულ იდილიას ვინარჩუნებთ ურთიერთობებში. გვყავს შვილები, ჩემი ცხოვრების აზრი. მადლობა რაულს, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი გრძნობა მაჩუქა და ცხოვრებას მილამაზებს!

რომ არა მუსიკოსი

_ რომ არა მუსიკოსი, ვიქნებოდი მსახიობი, თუმცაღა სცენაზე ნაწილობრივ მიწევს მსახიობობა, რადგან მიმაჩნია, რომ საოპერო მომღერალს ესეც უნდა შეეძლოს _ მთელი დრამატულობით უნდა წარმოაჩინოს სპექტაკლი და ბოლომდე თქვას სათქმელი. მიყვარს ისეთი სპექტაკლები, სადაც ძლიერი ქალი დომინირებს, „ბოჰემა“, „ტრავიატა“, „აიდა“ და ა. შ.
ვაცნობიერებ, რომ რთულია ითამაშო ასეთი როლები, რადგან მეტ დრამატულობას მოითხოვს და შესაბამისად, ხმას ავნებ, იძაბები, მაგრამ ეს ჩემი სტილია.
ხმას შენარჩუნება სჭირდება, არასწორი მუშაობა და დატვირთვა ცუდ შედეგს გვაძლევს. ხომ გსმენიათ გამონათქვამი: „ვინც თავს უფრთხილდება, მას ღმერთიც უფრთხილდება“. უხეშად რომ ვთქვა, მომღერალს თუ საჭე გაექცა და ხმა გაეხეხა, რთულია მისი დამუშავება. ეს მანამ უნდა გააკეთო, სანამ საფრთხის წინაშე აღმოჩნდები. რისკი კარგია, მაგრამ აქ არა. ინტონაციას გამოასწორებ, ბგერის განათებაზე იმუშავებ, მაგრამ ტემბრი თუ გაფუჭდა, იმას ვეღარ უშველი. ხმა არის ჩვენი ძვირფასი ინსტრუმენტი და მთავარია, როგორ მოვუვლით მას, როგორ დავუკრავთ. „გქონდეს კარგი ხმა, ეს ნიშნავს, სახლში გედგას „სტენვეი & სონსის“ როიალი“. აი, თუ ამ როიალზე დაკვრაც იცი, ეს უკვე მიღწევაა.

იმედგაცრუებები წარმატებების კვალდაკვალ

– ვყოფილვარ იმედგაცრუებული ჩემი შესრულებით. მახსოვს, ავსტრიაში დედა ქუჩაში ჩაიკეცა, ცუდად გახდა და საავადმყოფოში მისი სიკვდილ-სიცოცხლის საქმე წყდებოდა. ამ დროს მე სცენაზე ვიყავი და ვმღეროდი. არ ვიცოდი, დედა გამოვიდა თუ არა ნარკოზიდან, კონცერტის პარალელურად, ყოველ წუთს ვრეკავდი საავადმყოფოში. მიმაჩნია, ეს სპექტაკლი იყო ჩემი სირცხვილი, რადგან სიტყვები მავიწყდებოდა, მოძრაობებს ვურევდი, მუსიკალურად დირიჟორის ხელს ვერ მივყვებოდი, თუმცა ამ ყოველივეს გამართლება ჰქონდა. საკუთარ ნამღერს ყოველთვის ვუსმენ, ვცდილობ, შეცდომები ვიპოვო. როცა საკუთარ თავს ვაკონტროლებთ, დაშვებულ შეცდომებს ვაღიარებთ, უფრო ვიზრდებით. თვითკრიტიკა კარგია. „ღმერთო, ნუ დამაფასებ ჩემი მიღწევების მიხედვით, დამაფასე იმის მიხედვით, რამდენჯერ დავეცი და წამოდგომა შევძელი“, _ ეს დალაილამას სიტყვებია და ჩემს დამოკიდებულებას ზუსტად განსაზღვრავს.

პოპულარობა

_ რთულია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო, როცა გცნობენ, უყვარხარ, ეს სასიამოვნო განცდაა და არაფრით არ შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ პოპულარობასაც აქვს ჩრდილოვანი მხარეები, გიწევს საკუთარი ემოციების, სიტყვების, დამოკიდებულების მართვა. ზოგჯერ იმის ატანაც, რაც არ უნდა აიტანო.

პოლიტიკა და ხელოვნება

_ ვიცი, რატომ მისვამთ ამ კითხვას, რადგან დღეს ყველა პოლიტიკაში მიდის, თითქმის ყველა სფეროდან და შესაბამისად, ვიღებთ დიდ ქაოსს, რომელშიც ცხოვრება უკვე აუტანელია. მიმაჩნია, რომ ყველა თავის პროფესიაში უნდა იყოს ძლიერი და პროფესიონალი. პოლიტიკა სულ სხვაა, სხვა ხედვა და მიდგომებია საჭირო, სხვა უნარ-ჩვევები, მაგრამ თუ პოლიტიკაში მიდის ღირსეული ადამიანი, რომელსაც ბევრი აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული და ასეთივე შემართებით უნდა გააგრძელოს პოლიტიკაში მოღვაწეობა, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ხშირად, ხელოვან ხალხს შესანიშნავი განათლება და ინტელექტი აქვს, რამდენიმე ენა იცის, მსოფლიოს მაღალ წრეებში აქვს კონტაქტები და მათ გაპოლიტიკოსებაზე ხალხი უარყოფითად არის განწყობილი, ხოლო ვიღაცას ორი წიგნი რომ არ წაუკითხავს, ორ სიტყვას ვერ აბამს ერთმანეთს და დროშის ტარის ხელში ჭერის გამო პოლიტიკოსობას იწყებს, მისდამი ყველა ლოიალურია.

ქართული ტელესივრცე, მუსიკალური კონკურსების შეფასება

_ ქართულ ტელესივრცეში რაც ხდება, ეს ყველამ ვიცით და ამაზე აღარ ვისაუბრებ. უბრალოდ ვისურვებდი, რომ უფრო მეტი შემეცნებითი გადაცემა იყოს. ისეთ გადაცემებს ნუ გავაკეთებთ, რომელიც ისედაც სტრესში მყოფ საზოგადოებას კიდევ უფრო დააბრკოლებს და გააღიზიანებს! ტელევიზია საზოგადოების მართვის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა და ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენონ. უფრო მეტი სინათლე, მეტი პოზიტივი!
რაც შეეხება მუსიკალურ კონკურსებს და თქვენს კითხვას, არის თუ არა ჩემი ადგილი ამ შოუების ჟიურიში: გიპასუხებთ, რომ საესტრადო სიმღერის კონკურსის ჟიურიში, ვფიქრობ, ნაკლებად არის ჩემი ადგილი, რადგან ასეთ კონკურსებში სჭირდებათ მენტორი, რომელიც უშუალოდ ესტრადის მომღერალი უნდა იყოს.
რაც შეეხება კონკურსანტების შეფასებებს: როცა ვინმეს ნამღერს უწუნებ, დაწვრილებით უნდა აუხსნა, აქ ინტონაციის პრობლემა იყო, ფრაზირების, თუ სხვა. თუ ზუსტად არ შევაფასებთ, მომღერალი ასე ვერ გაიზრდება. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ბავშვი დგას სცენაზე.
ასევე, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა კონკურსების შემდეგ ვეღარ ვითარდება. აღმოჩენა აღმოჩენად რჩება, ისევ ძველ სახეებს ვხედავთ სცენაზე. ერთი და იგივე, თან ვოკალურად გამართული ხმა მხოლოდ რამდენიმეს აქვს. ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ნატო მეტონიძე და კიდევ რამდენიმე ნამდვილად ნიჭიერია! აი, ბევრი სხვანაირად ცდილობს ყურადღების მიქცევას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ საქართველოში არ არის შოუბიზნესი, არ არიან აგენტები, არ ხდება ხელშეწყობა, ამ პროცესს დიდი ყურადღება სჭირდება!
ასევე დამღუპველად მიმაჩნია ტენდენცია _ თუ ინგლისურად ვერ მღერი, არ გაქვს პერსპექტივა. მე გოგი დოლიძისგან, ნანი ბრეგვაძისგან ინგლისური სიმღერა არ მომისმენია, არც თემურ წიკლაურისგან, მაგრამ ამ ადამიანებს ვაღმერთებდით. რატომ აიძულებ ახალგაზრდა მომღერალს, რომ ინგლისურად იმღეროს?
ეს საქართველოა და ღირებულია ქართული სიმღერა, დასაფასებელია უცხოურიც. ვიღაცა მღერის ჯაზსს და ვერ აიძულებ, იმღეროს რეპი.

სოციალური ქსელი

_ რატომღაც, ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს საუბარი იმ ცუდ ფაქტებსა თუ მოვლენებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამის ნათელი მაგალითია ფეისბუქის ჩემს გვერდზე გაკეთებული სტატუსები და კომენტარები. ამას არ ვაკეთებ სპეციალურად, უბრალოდ, თავს ვერ ვიკავებ ამდენი უსამართლობის შემყურე. რაულს არ მოსწონს ჩემი მხრიდან ასეთი აქტიურობა და მითხრა კიდეც, ნუ დააფიქსირებ შენს აზრს ამ ფორმითო.
უბრალოდ, ეს ჩემი სატკივარია, მარტო სცენაზე დგომა და სიმღერა არ არის ჭეშმარიტი ეროვნული მოვალეობა, მე ეს ყველაფერი მაწუხებს. ვითრგუნები იმის გამო, თუ როგორი სასტიკი დამოკიდებულება აქვთ ცხოველების მიმართ, როგორ ვერ გამოვედით ჩარჩოებიდან და როგორ ვცდილობთ, ზურგში დანა ჩავცეთ ერთმანეთს, გზა გადავუკეტოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. ვართმევთ განვითარების შესაძლებლობას იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცის ახლობელია. ამ ყველაფრით დამძიმებული საკუთარ ემოციებს ამ ფორმით გადმოვცემ. ვერ ვემსგავსები იმათ, მარტო სიმღერასა და საკუთარი კარიერის შენებას რომ გადაყვნენ და სხვა არაფერი აინტერესებთ. სარგებლის მიღების მიზნით რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან კრიტიკა არ დაიმსახურონ, პირში წყალს იგუბებენ, ვითომ ყველაფერი რიგზეა და ეს მათ არ ეხება! მე მტკივა ჩემი ქვეყანა და ამაზე ყველგან ვსაუბრობ! მე ვუმღერი ჩემს ქვეყანას, ჩემს ფესვებს, მე ვმღერი სამყაროსთვის, მაგრამ ვგრძნობ ქართული ფესვების სიღრმეს, მნიშვნელობას, სიდიადეს, ქართველობას!

გიორგი საკარული