„ვინც ეძებს წინსვლას _ პოულობს საშუალებებს, ვინც ეძებს წუწუნის გამართლებას _ პოულობს მიზეზებს“

ადამიანი, რომლისთვისაც დაუღალავი შრომა და მხოლოდ მისით მიღწეული წარმატებაა პრიორიტეტული! პიროვნება, რომელსაც არაფერი ენანება სამშობლოსთვის და ამას საქმით ამტკიცებს. ლექტორი, რომელიც მუდმივად სტუდენტების ცოდნის ამაღლებაზე ზრუნავს. ადამიანი, რომელიც ცვლის და ავითარებს ახალ თაობას!
დღეს რაულ აგიკიანზე გიყვებით _ პიროვნებაზე, რომელმაც დიდი შრომისა და თავდადების წყალობით მიაღწია იმას, რომ დღეს არაერთი ახალგაზრდისთვის მისაბაძი მაგალითია, არ ჩერდება და მუდმივად განვითარებისთვის იბრძვის!

რაულ აგიკიანი 33 წლისაა, ქობულეთში, დაბა ჩაქვში დაიბადა და ახლა „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის“ მთავარი იურისტი, ადვოკატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) სასერტიფიკატო კურსებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიწვეული ლექტორი, ამასთანავე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი გახლავთ.
როგორც ამბობს, მისთვის ერთნაირად მთავარია იურისტობაც და პედაგოგობაც. ერთნაირად შემართულია სასამართლო პროცესზეც და მის მსმენელებთანაც. აღნიშნავს, რომ ბედნიერია იმის კეთებით, რაც ყველაზე ძალიან უყვარს და სადაც ყველაზე მეტად შეუძლია ემსახუროს სამართალს, სამშობლოსა და მომავალ თაობას!
იმაზე კი, თუ როგორ შედგა იურისტად, ლექტორად, ტრენერად თავად გვიყვება:

„დავიწყებ ბოლოდან _ ჩემი ყველაზე დიდი წარმატება და ბედნიერება ისაა, როცა ჩემი სტუდენტი და მსმენელი მადლობას გადამიხდის სწავლებისა და შედეგისთვის. ყველაზე დიდი წარმატება ისაა, როცა მართალ ადამიანს სასამართლო სისტემაში სიმართლეს ვაპოვნინებ! არა მგონია, რაიმე რეგალია, რომელიმე თანამდებობა ან ჰონორარი ამ ყველაფერზე მეტი იყოს!
დაწყებით კი ეს ყველაფერი ძალიან ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, როცა ბებიაჩემმა, ციალა სიამაშვილმა, შეძლო და ისე შემაყვარა სწავლა და შრომა, რომ, ფაქტობრივად, ვერც კი გავიგე, როდის გახდა ეს ყველაფერი ჩემი მუდმივი სწრაფვა და მიზანი.
2002 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა (ოქროს მედალზე) და იმავე წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 2007 წელს ისიც დავასრულე (წითელი დიპლომით) და მუშაობა დავიწყე „საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში“ იურისტად.
ვსწავლობდი პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით „GIPA“-ს „პრაქტიკული პოლიტიკის კურსზე“, დავასრულე გაუ-ს BMB-ს სასერტიფიკატო კურსი და „ეკონომიკური მედია სკოლა“. ხოლო ამ ეტაპზე ვწავლობ დოქტორანტურაზე სამართალმცოდნეობის მიმართულებით. აღნიშნულის დასრულების შემდეგ კი აუცილებლად კიდევ მოვიფიქრებ რამეს. 🙂
წლების მანძილზე ჩამომიყალიბდა რწმენა, რომ ნებისმიერი მიზანი საჭიროებს ბევრ შრომას, გამბედაობასა და ნებისყოფას. არასოდეს უნდა შეგებრალოს საკუთარი თავი და მით უფრო, არ უნდა მოსთხოვო სიბრალული სხვას. მხოლოდ სხვების, გასაჭირში მყოფი ადამიანების სიბრალული და გვერდით დგომა გმართებს ადამიანს! საკუთარი თავის კი არავითარ შემთხვევაში! სამყაროს არ აქვს ჩვენი ვალი, რომ ჩვენს ირგვლივ იტრიალოს, ამიტომ მარტივია: გსურს წარმატება? _ იბრძოლე, იშრომე და ისწავლე! არ გამოგივიდა? _ გაზარდე მონდომების დოზა! შენს გასაკეთებელს ვერავინ და არავინ გააკეთებს!
2010 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და თანდათან, ჩემს სტუდენტებთან და მსმენელებთან ერთად ვიზრდები. ვცდილობ, მუდმივად გავცე ის მცირედი ცოდნა და გამოცდილება, რაც მაქვს და ასევე მუდმივად შევივსო საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების მარაგი“, _ ამბობს სტატიის მთავარი გმირი.
მუდმივად მშრომელი და დაკავებული ლექტორი ფიქრობს, რომ სირთულე და სიძნელე თან ახლავს შრომას. თუ შრომობ და მიზნისკენ მიდიხარ, მაშინ, ბუნებრივია, გხვდება სირთულეები და სიძნელეები. მისივე თქმით, სხვაგვარად წარმოუდგენელია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მიზნისკენ სწრაფვისას ნებისმიერ სირთულეს აღვიქვამ არა როგორც დაბრკოლებას, არამედ როგორც მორიგ გადასაჭრელ ამოცანას. შესაბამისად, თავადაც ცდილობს გადაჭრას ყველა წინაღმართული დაბრკოლება!
საოცრად ახარებს საკუთარი სტუდენტების წარმატება. მაშინ განსაკუთრებულად ბედნიერი და ამაყია! მთავარი მოტივატორი ახალგაზრდებთან მუშაობისას მათთვის წარმატების მიღწევაში დახმარებაა, თან ფიქრობს, რომ ესაა შანსი თავადაც ისწავლოს, რადგან ცოდნის გაცემა ორმხრივი პროცესია:
„არ არსებობს ტრენინგი ან ლექცია, რომელზედაც მოუმზადებელი წავალ. ასჯერ რომ მქონდეს იმ თემაზე ჩატარებული ლექცია, ასმეერთედაც გადავხედავ მასალას და ვეცდები, ახლებურად დავინახო და გავიაზრო საკითხი. ბოლოს ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ისაა, რომ ვცდილობ, ოდნავ უკეთესი გავხადო ეს ქვეყანა, თუნდაც ჩემ ირგვლივ და თუნდაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ვცდილობ, დავეხმარო მსმენელებს პრობლემების დანახვაში, აღქმასა და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში“.
საინტერესოა, რომ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოში დებატების კულტურის განვითარებაში. ამ თემას ყოველთვის სერიოზულად ეკიდება და სიამოვნებით საუბრობს:
„ფორმალური დებატები უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის. მით უფრო ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის საკმაოდ მცირე და მყიფე სტანდარტი აქვს.
ასევე ვფიქრობ, თანამედროვე განათლების სისტემა არაა საუკეთესო გზა ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოსაყალიბებლად. ტესტირებებისა და ფორმალურ განათლებასთან ერთად აუცილებელია, ახალგაზრდებს მივცეთ დამატებითი წყარო ფორმალური დებატებისა და აზრთა ლოგიკური ჭიდილის სახით.
ამიტომაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, ცალსახად, სასკოლო განათლებაში აუცილებელ საგნად ჩაიდოს ფორმალური დებატების სწავლება მაღალ კლასებში (X-XII). აუცილებელია, რომ იმთავითვე შევაჩვიოთ ახალგაზრდები კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას.
ასევე ფორმალური დებატები სასურველია ისწავლებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო დონეზე. ასეთი საგანი (იგულისხმება ფორმალური დებატები) შეტანილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში და ამისთვის აუცილებლად იმსახურებს აღნიშნული სასწავლებელი შექებას.
მე პირადად ფორმალურ დებატებში 2003 წლიდან ჩავერთე. იქედან მოყოლებული დღემდე, ანუ 15 წლის მანძილზე ფორმალურ დებატებსა და მის ემოციებში ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფორმალური დებატების ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე. თავიდან, დაახლოებით, ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ვდებატობდი. სამჯერ მოვიგე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საპარლამენტო დებატების ბრიტანული ფორმატით და ვიყავი არაერთგზის ინდივიდუალურ საუკეთესო მომხსენებელთა შორის.
ამის შემდგომ, ანუ მას შემდეგ, რაც გადავცდი მოდებატის ასაკს (იგულისხმება სტუდენტობის პერიოდის დასრულება), გავიარე ჯერ მსაჯობის, შემდეგ კი ქოუჩინგის შესაბამისი ტრენინგები, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ, ანუ 2008 წლიდან, პრაქტიკულად, დავიწყე ფორმალური დებატების მსაჯობა, ქოუჩინგი და ვცდილობ, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ თემის განვითარებაში საქართველოში.
ამასთანავე, მუდმივად ვცდილობ ვითანამშრომლო ყველა ორგანიზაციასთან, ვინც აღნიშნული მიმართულებით ნერგავს და ახორციელებს აქტივობებს. მათ რიცხვშია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საზოგადოება და ბანკები“, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „G4G“, „საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ფორმალური დებატების განვითარების საკითხზე“.
ახალგაზრდა ლექტორი ამბობს, რომ საკუთარი თავის უპირველესი კრიტიკოსი თავადაა. გულწრფელად ყვება, რომ არ არსებობს შემთხვევა, როცა რაიმე ნაკლი არ უპოვია საკუთარ ქმედებაში, თავის თავს, „მეორე რაულს“, საკმაოდ მწარედ აკრიტიკებს, არასდროსაა კმაყოფილი მიღწეულით და არასოდეს მოსწონს ბოლომდე მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, თუ გაკეთებული საქმე. შესაბამისად, მუდმივად ცდილობს გაუმჯობესებას!
მისი თქმით, საკმაოდ დიდ დროს უთმობს და უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს კითხვა. აღიზიანებს სიბნელე და უვიცობა. აღიზიანებს ადამიანი, რომელიც არ ცდილობს ისწავლოს და ღმერთის მიერ ბოძებულ გონებას, ნიჭს უმიზნოდ ანიავებს.
მიაჩნია, რომ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვნია პროგრესი, რაც მეტად განათლებულ სტუდენტს, უფრო ეფექტიან მსმენელს, უფლებადაცულ კლიენტს გულისხმობს.
ადამიანში კი ყველაზე მეტად მონდომებას, შრომისმოყვარეობას, პატიოსნებას აფასებს.
ამბობს, რომ ნებისმიერ საქმეს მთელი არსებით და თავგანწირვით ეკიდება. მისთვის ნებისმიერი წარუმატებლობა მიუღებელია და აუცილებლად ცდილობს, ის ახალ ტრამპლინად და შესაძლებლობად გარდასახოს.
ყოველ ახალ გათენებულ დღეს ახალ შესაძლებლობად, გამოწვევად და ახალ მისაღწევ მიზნად აღიქვამს.
ოცნებობს იმაზე, რომ ოდესმე 26 მაისი სოხუმში აღნიშნოს და ქართული დროშით გაისეირნოს. იმედოვნებს, რომ ამას მალე შევძლებთ!
ხუმრობით საკუთარ თავს დ’არტანიანს ადარებს, ამბობს, რომ გამხდარი ჩამოვიდა რეგიონიდან და ახლა სხვაგვარად გამოიყურება. დაშნით არა, თუმცა კალმით და კანონებით ებრძვის თანამედროვე ჟუსაკებსა და როშფორებს!
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დ’არტანიანს ჰგავს, მისაბაძ ადამიანად ყველაზე მეტად ბაბუა, კარლო აბაკუმოვი ესახება. მიზეზი ძალიან მარტივია _ ამ ადამიანმა პრაქტიკაში დაანახა ძალიან დიდი ვაჟკაცობა, ოჯახის სიყვარული და ბრძოლისუნარიანობა! ყველაზე მეტადაც სწორედ ბებია, ბაბუა და მისი ბავშვობის მეგობარი _ მამა გიორგი მამალაძე ენატრება. ამბობს, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით აუცილებლად ჩააბარებს საადვოკატო გამოცდებს, რომ ხშირად შევიდეს მასთან საპატიმროში და ნახოს იგი. გვიყვება იმასაც, რომ აბსოლუტურად დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში და მამა გიორგის გვერდით უდგას სამართლის პოვნის საქმეში!
საკუთარ საქმიანობასა და როლზე აღნიშნავს, რომ თავად რიგითი მუშაა და ცდილობს, მისი წილი აგურები დადოს საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობის საქმეში!
ფიქრობს, რომ აბსოლუტურად თავისუფალია და საკუთარი თავისუფლების ზღვარიც იცის. ეს უკანასკნელი იქ გადის, სადაც სხვების უფლებები და თავისუფლებები იწყება. თავისუფლება კი მისთვის ჟანგბადთან, აუცილებელ საჭიროებასთან ასოცირდება „თავისუფლება თავადაა სიცოცხლე და სიცოცხლე თავისუფლების გარეშე არ არსებობს!“ _ ამბობს ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს და ცდილობს იპოვოს, გაიგოს, გავითავისოს, საკუთარი თავი, არსი და ადგილი ამ სამყაროში. ფიქრობს, რომ ადამიანებს თავიანთი მისია აქვთ და არ არსებობს სიცოცხლე მისიის გარეშე! საკუთარ მისიად მუდმივად უკეთესობისკენ, პროგრესისკენ სწრაფვას მიიჩნევს.
იბრძვის მიზნისთვის, გახდეს უკეთესი და გახადოს უკეთესი ის გარემო, სადაც ხელი და სიტყვა მიუწვდება.
ცხოვრების აზრად სიკეთის კეთება, საზოგადოების, ქვეყნისა და ოჯახის სამსახური ესახება. ამბობს, რომ ადამიანი მხოლოდ თავის თავს არ ეკუთვნის _ ადამიანი საზოგადოების, ქვეყნისა და ოჯახის საკუთრებაა პირველ რიგში!
ფიქრობს, რომ დრო და ფორმაცია მხოლოდ საშუალებაა, მთავარი მიზანი და მიზნისკენ მიმავალი შეუპოვრობაა, ამიტომ ნებისმიერს აქვს მაქსიმალური წარმატების მიღწევის შანსი და შესაძლებლობა!
პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებს, არის სამართლიანობისათვის ბრძოლა, პროგრესისაკენ სწრაფვა და სიკეთის კეთება.
ხუმრობით ამბობს, რომ რომ არა რაული, დიდი სიამოვნებით იქნებოდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი. საკუთარი თავის დახასიათებისას კი აღნიშნავს, რომ ნამდვილი რაულ აგიკიანი არის უბრალო ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის, საზოგადოებისა და მომავალი თაობის ხვალინდელი დღე, ოჯახისა და სამშობლოს ერთგულება. არის ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდება!
ყველაზე ხშირად სამომავლო გეგმებზე, სტუდენტებსა და სწავლის პროცესზე, მსმენელებისთვის მოტივაციის ამაღლებასა და მათ მთელ რიგ პროცესებში მეტად ჩართულობაზე ფიქრობს. ფიქრობს იმაზე, თუ როგორც გახადოს საკუთარი თავი იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. სჯერა, რომ ადამიანების ხსნა სიკეთის კეთებასა და მომავალზე ზრუნვაშია. ამბობს, ყველაზე დიდი სიმშვიდეა, როდესაც იცი, რომ ვიღაცისთვის შეძელი პროგრესის მოტანა და სიკეთის გაკეთება, ამ დროს მშვიდად იძინებ და ხვდები, რომ ცხოვრება ღირდა!
შანსი რომ ჰქონდეს, ერეკლეს დროინდელ ქართლ-კახეთში დაიბადებოდა და მაქსიმალურად შეუშლიდა ხელს „პატარა კახს“ „გეორგიევსკის ტრატქატის დადებასა“ და საქართველოს გამთლიანებაზე (სოლომონის გარდაცვალების შემდგომ) უარის თქმაში!
საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებს ხოლმე, შემდეგია: „ვინც ეძებს წინსვლას _ პოულობს საშუალებებს. ვინც ეძებს წუწუნის გამართლებას _ პოულობს მიზეზებს“.
კითხვაზე, ვისთვის ან რისთვის არ ენანება რაიმე? _ პასუხობს:
„2008 წელს, როცა რეზერვისტები აგვისტოს ომში გაგვიწვიეს, რამდენიმე საათშივე წავედი ქუთაისში, რათა ჩემს მეგობრებს შევერთებოდი სამხედრო ბაზაზე. ბუნებრივია, ჩემგან დიდი „რემბო“ ან „კიბორგი“ არ დადგებოდა, მაგრამ საკმაოდ შეგნებულად მსურდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ჩემი ოდნავი წვლილი მაინც შემეტანა და თუ საჭიროება იქნებოდა, სიცოცხლეც შემეწირა ამ მიზნისთვის.
ანუ ეს საკმაოდ გააზრებული ნაბიჯი იყო, რითაც იმ წამს საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე შევაგდე. ამიტომაც, ალბათ, სამშობლო და ოჯახი არის ის ღირებულება, რისთვისაც სიცოცხლეც არ გენანება ადამიანს!“
რაული ღიად საუბრობს იმ პრობლემებზე, რასაც დღეს მისი მოღვაწეობის სფეროში ხედავს:
„ყველაზე დიდი პრობლემა სიზარმაცე და უპასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა გამოწვევაა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რამხელა მტერი გვყავს ჩრდილოეთით, რამხელა თავგანწირვა, შრომა და ბრძოლა გვჭირდება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში!
ხოლო რაც შეეხება სფეროს _ სიახლეების არ უნდა გვეშინოდეს. არ გვაქვს ჩვენ ისეთი უნაკლო სისტემები, რომ სიახლეებს ეჭვის თვალით ვუყუროთ. ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ახალგაზრდობა, ძალიან ნიჭიერი სტუდენტები, ძალიან კარგი გეოპოლიტიკური ლოკაცია და ისტორიულად ერთ-ერთი იშვიათი შანსი, ვიყოთ ძალიან წარმატებულები და გამბედავები. მონდომება და სახელოების დაკაპიწება სჭირდება ამას. ნაკლები სიზარმაცე და მომხვეჭელობა.
ამ პრობლემის მოგვარება კი განათლების უფრო მაღალი ხარისხით და დონით შეიძლება! სახელმწიფომ ნომერ პირველ პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს საგანმანათლებლო სფერო და ძალიან დიდი ინვესტიციები ჩადოს მასში!
ჩემი ნება რომ იყოს, განათლებისა და სასამართლოს სისტემიდან დავიწყებდი შეცვლას. განათლება და სამართლიანობა _ ესაა ოპტიმიზმისა და პროგრესის კონსტანტა! ვეცდებოდი, ერთხელ და სამუდამოდ ინსტიტუციონალიზაცია მომეხდინა ამ ფასეულობებისა ისე, რომ სისტემა მუდმივად ორიენტირდებოდეს განახლებაზე“, _ აღნიშნავს რაული.
საბოლოოდ კი მთავარი გმირის გზავნილი საზოგადოებისთვის შემდეგია:
„ვიშრომოთ, ვისწავლოთ და ვიბრძოლოთ საუკუნოვანი მიზნისთვის და მისიისთვის _ შევძლოთ წარმატებული, მდიდარი, განვითარებული და პროგრესული ქვეყანის მშენებლობა! ნუ გავიხედავთ წარსულში და ნუ გავიხედავთ ჩრდილოეთით!
ჩვენი სწორება ყოველთვის იყო პროგრესისკენ და განათლებისკენ! ამიტომაც მთელი ჩვენი ძალა და ენერგია მივმართოთ სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ, ტექნოლოგიური განვითარებისა და თავისუფლების ხარისხის ამაღლებისაკენ!
დაბოლოს: ვაკეთოთ სიკეთე!“

ნინო ტაბაღუა