კონსტიტუცია _ უფლებისა და თავისუფლების კონტროლი

თეორიულად ყველასთვის ცნობილია, რომ წესრიგი აუცილებელია, რასაც კონტროლი და ხელშეწყობა სჭირდება. ისეთი დიდი ფენომენისთვის, როგორიც სახელმწიფოა, რთულია თეორიებისა და პრაქტიკის თანხვედრა. კონსტიტუცია არის იმ კანონთა ერთობლიობა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობასა და სამართლიანობას.

საქართველოს კონსტიტუციურ რეალობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე:
_ რა არის კონსტიტუცია და რისთვის იწერება ის?
_ არსებობს პოლიტიკური წესრიგი, რომელსაც ჩვენ ვქმნით და რომლის ნაწილებიც ჩვენ ვართ. და როდესაც ამ პოლიტიკურ წესრიგში შევდივართ, იგულისხმება, რომ რაღაც საკითხები გადაწყდება უმრავლესობითა და უმცირესობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მე აუცილებლად მოვხვდები ოდესმე უმცირესობაში. მეტიც, შეიძლება, ერთსა და იმავე დროს, რაღაც საკითხში, უმცირესობაშიც ვიყო და რაღაც საკითხში _ უმრავლესობაში. თუმცა, ამავდროულად, წინასწარ უნდა ვიცოდე, რა არის ის მინიმუმი, გარანტიები, რომელსაც ეს ყოველდღიური პოლიტიკა და უმრავლესობა/უმცირესობის გადაწყვეტილებები არ შეეხება? რა მაქვს მე პოლიტიკურად დაბევებული, რომელსაც ვერავითარი უმრავლესობა ვერ წამართმევს, რაც უნდა უმცირესობაში მოვექცე _ იქნება ეს სიტყვის თავისუფლება, სოციალური გარანტიები და ა.შ.? ეს არის მუდმივი რამ, რაც კონსტიტუციის არსებობის პირობებში შეუცვლელი იქნება. კონსტიტუცია, ამ თვალსაზრისით, ამ გარანტიების კრებულია _ ის, რაც ყოველდღიური პოლიტიკის მიღმაა, რასაც ყოველდღიური პოლიტიკა არ ეხება, რაზედაც უკვე გადაწყვეტილია საკითხი და რაზედაც მსჯელობა არ მიმდინარეობს რუტინულ პოლიტიკურ პროცესებში. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ კონსტიტუციურ საკითხებზე არ ვიდისკუსიოთ. ამიტომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი, როგორც წესი, რთულია და ის სხვადასხვა მექანიზმს ითვალისწინებს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მთელმა საზოგადოებამ და არა რომელიმე ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა. ამდენად, კონსტიტუცია ეს არის ჩვენი კოლექტიური შეთანხმება იმაზე, რა ექვემდებარება ყოველდღიურ პოლიტიკას, რა არ ექვემდებარება და რა არის ის მინიმალური გარანტიები, რომელიც უმცირესობა-უმრავლესობის მიღმა არსებობს და რომელიც ამ კონსტიტუციის პირობებში ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გარანტირებულია.
_ საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე რას გვეტყვით?
_ როგორც წესი, როცა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაზე მსჯელობენ, ნაკლებად ლაპარაკობენ ინსტიტუციურ წესრიგზე მაშინ, როდესაც იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა არსებობდა, გვქონდა კონსტიტუციური სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა კონსტიტუცია. მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაზე, როგორც მშრალ დოკუმენტზე, არ ვისაუბროთ, არამედ ის გამოცდილება განვიხილოთ, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ამ სამი წლის განმავლობაში მისი ინსტიტუციური ყოველდღიურობიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა; მეორე: როგორც წესი, ამ დოკუმენტზე საუბრობენ როგორც ან ძალიან ცუდზე, ან პირიქით _ ძალიან კარგზე. არადა, სიმართლე და მეცნიერული ანალიტიკურობა სწორედ ის არის, რომ პირადი სიმპათიების მიღმა დავინახოთ ეს წესრიგი; მესამე პრობლემა: ერთი მხრივ, კონსტიტუციურ წესრიგს განიხილავენ იმ რეალობისგან მოწყვეტილად, რაც საფუძვლად დაედო ამ კონსტიტუციას, არ აანალიზებენ მას; მეოთხე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც აქვს დღევანდელ კონსტიტუცინალიზმს ან იურიდიულ აზროვნებას, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის ანალიზს ცდილობს, გახლავთ ის, რომ, ძალიან ხშირად, თანამედროვე სტანდარტებით უდგებიან 1921 წლის კონსტიტუციას. არსებობს ერთი ძალიან კარგი მეთოდოლოგიური წესი არა მხოლოდ სამართალში, არამედ, ზოგადად, მეცნიერებაში, განსაკუთრებით _ პოლიტიკურ მეცნიერებაში, იმის შესაფასებლად ესა თუ ისე მოვლენა პროგრესული იყო თუ რეგრესული? ასეთ დროს ჩვენ ვიყენებთ არა დღევანდელ შეხედულებებს და დღევანდელი რეალობიდან კი არ ვკითხულობთ ნებისმიერ დოკუმენტს, არამედ იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც იმ კონკრეტულ პერიოდში არსებობდა. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაც, შესაბამისად, სამართლის იმ მიღწევების შუქზე უნდა წავიკითხოთ, რომელიც მაშინ კონსტიტუციონალიზმს ჰქონდა. მინდა დავიწყო თვითონ ამ ხალხის შეფასებით, ვინც მაშინდელი კონსტიტუციური წესრიგი შექმნა. ხშირად ამბობენ, რომ ისინი იყვნენ უტოპისტები, ადამიანები, რომლებსაც ნაკლებად ჰქონდათ რეალობის განცდა, რამაც საბოლოოდ შეიწირა კიდეც ქვეყნის დამოუკიდებლობა. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ძალიან უხეში და არაზუსტი შეფასება მაშინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისა. ძალიან ხშირად მათი მსჯელობა აბსოლუტურად რეალისტურია. ისინი ითვალისწინებენ იმ ვითარებას, რომ მათი თეორიული შეხედულებები პოლიტიკური სისტემის შესახებ იმ მომენტში საქართველოში ვერ განხორციელდებოდა სხვადასხვა მიზეზის გამო. შეიძლება, ეს მიზეზები დაკავშირებული ყოფილიყო საქართველოს მდგომარეობასთან; შეიძლება, ამ მიზეზების ნაწილი დაკავშირებული ყოფილიყო სხვა ისეთ საკითხებთან, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მაშინ საერთო იყო. სოციალ-დემოკრატები, ვინც მთავარი წამყვანი ძალა იყო მაშინ, ასეთ რაღაცას ამბობენ, რომ არსებობს ეკონომიკური ჩაგვრა და არსებობს პოლიტიკური ჩაგვრა. ცხადია, ამ ორს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს და ეკონომიკური ჩაგვრა არის საფუძველი, რომლიდანაც გამომდინარეობს პოლიტიკური ჩაგვრა. მაგრამ ეს ხალხი ამბობს, რომ ვინაიდან ამ მომენტისთვის არ არსებობს შესაბამისი საფუძველი ეკონომიკური რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური რევოლუცია, რომელიც მოხდა და შევამსუბუქოთ ჩაგრული ჯგუფებისა თუ ადამიანების გაჭირვება სწორედ იმით, რომ პოლიტიკური უფლებები და პოლიტიკური მექანიზმები მივანიჭოთ ამ ხალხს. ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა ამ ხალხის რეალისტური განწყობები როგორც მსოფლიოსთან დაკავშირებულ მოვლენებთან, ისე საქართველოს კონტექსტთან დაკავშირებით.
მოკლედ, 1921 წლის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ორი თეზისია:
1. როცა ლაპარაკობენ პირველ კონსტიტუციაზე, მას თანამედროვე გადმოსახედიდან უყურებენ, თანამედროვე თეორიული ჩარჩოთი აფასებენ, როცა მაშინ აბსოლუტურად სხვა ჩარჩოები მოქმედებდა;
2. პირველ კონსტიტუციაზე ამბობენ, რომ მას არ უმოქმედია. ფორმალურად მართლა არ უმოქმედია, მაგრამ, რეალურად, ეს კონსტიტუცია იმ წესრიგის კონსტიტუციური გაფორმება იყო, რაც იქამდე ისედაც მოქმედებდა 1918-1921 წლებში. ამიტომ, ფაქტობრივად, მას სამწლიანი გამოცდილება აქვს.
_ მოგვიანებით, საქართველოში საბჭოთა ოთხი კონსტიტუცია მოქმედებდა. რამდენად ერგებოდა ის ქართველების ინტერესებს?
_ საბჭოთა კონსტიტუციებს რაც შეეხება, ეს იყო საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შედგენილი კონსტიტუცია, რომელზედაც ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. ეს იყო ტოტალიტარული სისტემა, რაც გამორიცხავდა ყოველგვარ კონსტიტუციურ რეალობას იმიტომ, რომ კონსტიტუცია შექმნილია, რათა უზრუნველყოს ადამიანთა თავისუფლება. შესაბამისად, რაიმე კონსტიტუციური გამოცდილების გამოტანა საზოგადოებას ამ რეალობიდან არ შეეძლო. ამდენად, საბჭოთა კონსტიტუციებმა არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ინსტიტუციური წესრიგის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ტოტალიტარულმა სისტემამ თავისთავად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქართველი საზოგადოების ცნობიერებაზე და მისგან გამომდინარე პრობლემები დღემდე არსებობს. ცხადია, წინააღმდეგი ვარ ყველა პრობლემის წარსულში გადატანისა, მაგრამ იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხოთ მისი გავლენები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე.
_ საქართველოში მოქმედ დღევანდელ კონსტიტუციას როგორ შეაფასებთ?
_ დავიწყოთ 1921 წლის კონსიტუციიდან, რომელსაც ძალიან საინტერესო ბედი აქვს. მან ხომ, ფორმალურად, სამ-ოთხ წელიწადს იარსება, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ეწერა, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ შეუწყვეტია მოქმედება და ის დღესაც მოქმედებსო. მაგრამ, ფაქტობრივად, მას არც მაშინ მოუხდენია რაიმე გავლენა პოლიტიკურ სისტემაზე და 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუცია მოქმედებდა, რომელშიც შემდეგ ცვლილებები შეიტანა მაშინდელმა ხელისუფლებამ. შემდეგ საბჭომ ეს კონსტიტუცია 1991 წლის 21 თებერვალს აღადგინა, თუმცა მან მაინც ვერ იმუშავა. 1993 წელს, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, დავალება იყო მისი მოდიფიცირება თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით. თუმცა მისგან, ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე მუხლი შევიდა კონსტიტუციაში, რომლებიც დღემდე შემორჩა. ის სული, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციაში იდგა, ვინც იყო უშუალო დემოკრატიის სული, სადაც ხალხი ყოველწუთიერად, ფეხის ყოველ ნაბიჯზე იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, არ გადმოვიდა 1995 წლის კონსტიტუციაში. ეს იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა და შევარდნაძის ინტერესებზე მორგებული. სხვათა შორის, ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა და ცუდ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი _ ამის შემდეგ ფუნდამენტური ცვლილებების შედეგად მიღებული ყველა კონსტიტუცია მმართველი ელიტის ინტერესების სასარგებლოდ განხორციელდა, რაც უკვე ყოველ ახალ ხელისუფლებას იმის სურვილს უჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ სუბიექტურად რაც გააკეთა, გაანადგუროს და შეცვალოს იმიტომ, რომ არ უნდა, იმ პოლიტიკურ წესრიგში იცხოვროს და იმოქმედოს, რომელსაც წინა ხელისუფლების სახელი ჰქვია და მორგებული იყო მათ ინტერესებს. შესაბამისად, მას ბევრი მახინჯი რამ ახასიათებს. შემდეგ უკვე საკუთარ თავზე ირგებს და თავის სიმახინჯეებს ქმნის. ამიტომ ეს ტრადიცია ჩაკეტილი წრეა, რომელიც ვერ გაირღვევა მანამ, სანამ კონსტიტუცია ისეთ პირობებში არ მიიღება, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ გუნდს არ ექნება იმდენი ძალა, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ თუ ისეთ ვითარებაში მივიღებთ კონსტიტუციას, როდესაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს იმდენი ხმა, რომ კონსტიტუციის ბედი გადაწყვიტოს, მაშინ ჩვენ მივიღებთ კარგ კონსტიტუციას იმიტომ, რომ ის იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა ქვეყნისთვის. მაგრამ როდესაც ისეთ პირობებში ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა ერთ პოლიტიკურ ძალას შეუძლია მიიღოს ის, მაშინ ის აუცილებალდ მოერგება საკუთარ ინტერესებს და ეს ყოველთვის პრობლემად დარჩება.
შემდეგ არის 2004 წლის მოდელი, რომელიც ნახევარსაპრეზიდენტო მოდელს ამკვიდრებდა ძლიერი პრეზიდენტით. თითქოს ეს, ერთი შეხედვით, უფრო სუსტი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რეალურად, იმის გათვალისწინებით, რომ უმრავლესობას პრეზიდენტი ფლობდა, მისი ძალაუფლება, ფაქტობრივად, განუსაზღვრელი იყო. კიდევ უფრო გაძლიერდა მისი ძალაუფლება. რაც შეეხება 2010 წლის მოდელს, აქ, რეალურად, რა მოხდა: ის ძალაში შევიდა 2013 წლის ბოლოს და, ფაქტობრივად, მხოლოდ ძალაუფლების ცენტრი შეიცვალა. ძალაუფლების მოცულობა კი არ შეიცვალა, თითქოს ისე გამოვიდა, რომ პრობლემა იყო სიტყვა „პრეზიდენტი“. სინამდვილეში, პრობლემა იყო ძალაუფლების კონცენტრაცია და არა ის, ვის ხელში იქნებოდა ის. მთელი ძალაუფლება, რეალურად, პრემიერს გადავეცით და პრემიერი გახდა დაუბალანსებელი ძალაუფლების მქონე. რაც შეეხება 2012 წლის ცვლილებებს, როდესაც ჩვენ 2024 წელს საბოლოოდ გადავალთ კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე, იარსებებს ერთი პრობლემა _ მე პირადად მომხრე ვარ საპარლამენტო რესპუბლიკის, ჩემთვის ის იდეალური მოდელია, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკა არ მუშაობს უნიტარულ და ერთპალატიან პარლამენტში. ის ქმნის პრემიერის დიქტატურის საფრთხეს. და რატომ? ხელისუფლების დანაწილების სისტემა განსხვავებულად მუშაობს საპარლამენტო სისტემის დროს. აქ ერთმანეთს არ უპირისპირდება პრემიერი და პარლამენტი. ისინი ერთი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები არიან. განსხვავებით საპრეზიდენტო რესპუბლიკისგან, სადაც ცალ-ცალკე აირჩევა ეს ორი ინსტიტუტი და ისინი ხშირად სხვადასხვა პოლიტიკური ძალის არიან და ბუნებრივად აქვთ ერთმანეთთან კონფლიქტი, შესაბამისად, აბალანსებენ. ეს კონფლიქტი მთავრობასა და პარლამენტს შორის არ არსებობს. პრეზიდენტს რაც შეეხება, ის ყოველდღიურ პოლიტიკაში არ მონაწილეობს. რატომ არის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პალატებს. პალატები სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სისტემით აირჩევა. შესაბამისად, დიდი შანსია იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეფერილობისა იყოს. ამიტომ თუ ქვედა პალატა აირჩევს მთავრობას, ზედა პალატა მას გააკონტროლებს, თანამდებობის პირებს აირჩევს და ამგვარად მიიღწევა ბალანსი (რაც შეეხება ტერიტორიულ მოწყობას, თუ რთული ტერიტორიული მოწყობა გაქვს ან თუ რეგიონებიც გაქვს და ეს ძალაუფლებას ცენტრს ჩამოართმევს). მაშინ იმის შანსი, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ ძალაუფლების დიდი ნაწილი მოიხვეჭოს, არ არსებობს, ვინაიდან ძალაუფლების პროცენტულად მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონული მმართველობის ხელშია. იქ ცალკე პარლამენტი არსებობს, წარმომადგენლობითი ორგანო არსებობს, აღმასრულებელი ორგანო არსებობს. ამიტომ ეს აბალანსებს და აზღვევს ცენტრალურ ხელისუფლებას. მთავარი საშიშროება არის ძალაუფლების კონცენტრაცია. კონსტიტუცია ცდილობს, სწორედ ამ ძალაუფლების კონცენტრაციას აღუდგეს როგორმე წინ. სამწუხაროდ, ჩვენი კონსტიტუცია ამას ვერ ახერხებს. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია რაღაც მოხდეს, ეს არის საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტი. პარლამენტმა უნდა შეძლოს ძალაუფლების დაბალანსება. უმცირესობას გარკვეული უფლებები უნდა მივანიჭოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად აკონტროლოს მთავრობა, რათა მთავრობამ ვერ მოახერხოს ძალაუფლების კონცენტრირება საკუთარ ხელში.
_ როგორია საქართველოში დღეს მოქმედი კონსტიტუციის სტრუქტურა?
_ ჩვენი კონსტიტუცია არის დაწერილი კონსტიტუცია. ის შედგება 78 მუხლისგან, 11 თავისგან. პირველი თავი ეხება პრინციპებს და მნიშვნელოვნად გადახალისდა იგი. მუხლებმა ფორმირება განიცადა. განისაზღვრა, რას ნიშნავს დემოკრატიული სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო, სამართლიანი სახელმწიფო… და ეს ძალიან მნიშნელოვანია. შემდეგ არის ადამიანის უფლებები, ანუ ის ძირითადი მიზნები, რასაც სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს. კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა. მთელი კონსტიტუციის ამოცანა არის მეორე თავით დასახული მიზნების მიღწევა. ეს თავი მისაღწევ მიზნებს დაგვისახავს, დანარჩენი ყველა სხვა ინსტიტუტი არის ის, თუ როგორ დავიცვათ ადამიანის უფლებები. შემდეგ მოყვება პარლამენტი, პრეზიდენტი, მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სასამართლო და ა. შ.
_ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომ კონსტიტუციამ რეალურად იმუშაოს?
_ თუ ჩვენს ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, კონსენსუსი ვერ მიიღწევა, ყველაფერი ძალაუფლებაზეა დამყარებული და ა. შ. ეს იმის გამო კი არ არის, რომ ქართველი ხალხი რამით განსხვავდება სხვებისგან, არა, ეს იმიტომ, რომ კონსტიტუციამ დაუსახა ეს ჩარჩო. კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ ამ ლოგიკით უნდა იმოქმედოს. კონსტიტუცია ქმნის ამ პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პოლიტიკური სისტემა უკვე უკან უბრუნებს კონსტიტუციას იმას, რაც მისგან მიიღო. მაგალითად, ჩვენ თუ გავიხსენებთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო წელს, მისი პოლიტიკური ძალაუფლება ძალიან შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ, ფორმალურად, ქაღალდზე, ყველაფერი იგივე დარჩა. რატომ? იმიტომ, რომ მან დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში. სააკაშვილის ბოლო წლის პრეზიდენტობა უფრო მარგველაშვილის პრეზიდენტობას ჰგავს, ვიდრე საკუთარ თავს მაშინ, როცა ის ამდენი წლის მანძილზე ერთი და იმავე კონსტიტუციით პრეზიდენტობდა და მარგველაშვილი სხვა კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტობს. მაგრამ სწორედ ის, რომ პრეზიდენტი არის მმართველი გუნდის მიღმა, განაპირობებს ისეთ ბალანსს, რა ბალანსიც ჩვენ გვაქვს. კონსტიტუციას, უპირველეს ყოვლისა, ამუშავებს კონფლიქტები. 2004 წლიდან 2012 წლამდე კოსტიტუცია, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა იმიტომ, რომ არ არსებობდა კონსტიტუციური ძალაუფლების გადანაწილება. როცა ერთმანეთში რამეს ვერ არკვევენ, კონსტიტუციას მიმართავენ და იქ ეძებენ პასუხებს არსებულ დავებზე. თუ გავიხსენებთ, კონსტიტუცია ყველაზე აქტუალური იმ წლებში იყო, როდესაც პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ამ დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ეს იმიტომ, რომ ძალაუფლების ცენტრები დაობდნენ და კონსტიტუციას ამ დავების გადასაჭრელად იყენებდნენ. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რა ვითარება შეიქმნება რეალურად. კონსტიტუცია, ფაქტობრივად, თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს. ის ქმნის სისტემას და ეს სისტემა შემდეგ მასზე გავლენას ახდენს.
_ მოქალაქეს როგორ შეუძლია კონსტიტუციის ფორმირებაში მონაწილეობა?
_ არსებობს მრავალი მოდელი: რეფერენდუმები, კვაზირეფერენდუმები, საერთო სახალხო განხილვები. ჩვენ, მაგალითად, ვიყენებთ საერთო სახალხო განხილვას. კონსტიტუციის პროექტი წარედგინება საზოგადოებას და მისგან იღებს პასუხებს. ეს, მაინცდამაინც, ეფექტიანი მექანიზმი არ არის. რეფერენდუმს არ ვიყენებთ. კვაზირეფერენდუმი, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მოდელია, რომელიც ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, პალამენტი იღებს კონსტიტუციას, შემდეგ იმართება არჩევნები (ეს მიღებული კონსტიტუცია ძალაში არ შედის). შემდეგ თუ ხალხი ფიქრობს, რომ ეს კონსტიტუცია კარგია, იმ პარტიებს დაუჭერს მხარს, რომელიც ამ კონსტიტუციას ხმას მისცემს მომდევნო პარლამენტში. თუ არ მოსწონს, მაშინ იმ პარტიას მისცემს ხმას, რომელიც მას ეწინააღმდეგება. შეიკრიბება პარლამენტი, კენჭს უყრის და თუ შემდეგი მოწვევის პარლამენტი დაადასტურებს წინა პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას, კონსტიტუცია ამოქმედდება.
_ საქართველოს პირველ კონსტიტუციასა და დღეს მოქმედ კონსტიტუციას შორის რა ტენდენციების გამოკვეთა არის შესაძლებელი?
_ პირველი კონსტიტუცია აბსოლუტურად განსხვავდება დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან. თუ პირველი კონსტიტუციის ამოცანა იყო, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ყოფილიყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, დღევანდელი, პირიქით _ მთელ ძალაუფლებას პოლიტიკურ ელიტას უთმობს. ეს ზოგჯერ თვითონ კონსტიტუციის ბრალია, ზოგჯერ _ ინტერპრეტაციის. ჩვენმა პარლამენტმა, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პროცედურულად, უარი თქვა 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი ინიციატივის განხილვაზე, არ განიხილა, ფაქტობრივად, უგულებელყო მოქალაქეების ძალიან მნიშვნელოვანი უფლება. ჩემი აზრით _ არაკონსტიტუციურად. საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იმ რაელობას ქმნის, რომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტები მონაწილეობს საარჩევნო მარათონში, ხოლო პატარა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც იმდენად კარგად ვერ არის დაფინანსებული და ა. შ., ართმევს პოლიტიკის ფორმირების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც უნდა გამოსწორდეს არა მხოლოდ იმით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, არამედ იმითაც, რომ უნდა შემცირდეს საარჩევნო ბარიერი, თორემ, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური ელიტები მოხვდება პარლამენტში, ხალხი კი კვლავ პოლიტიკის მიღმა დარჩება. სწორედ ეს არის ძირითადი განსხვავება იმიტომ, რომ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მთლიანად იყო ორიენტირებული უშუალო დემოკრატიისკენ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მიმართულებით გაძლიერება _ პირველი, ეს არის საპარლამენტო ინსტიტუტების გაძლიერება, მეორე _ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, მესამე _ საარჩევნო სისტემის შეცვლა. აი, ეს სამი კომპონენტი, ფაქტობრივად, არის შანსი იმისა, რომ ეს კონსტიტუციური მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, გადარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიერის დიქტატურას მივიღებთ.

საქართველოს კონსტიტუცია, მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს, შემდეგ თავებად იყოფა: ზოგადი დებულებები; საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი; საქართველოს პარლამენტი; საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობა; სასამართლო ხელისუფლება; სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი; სახელმწიფოს თავდაცვა; ადგილობრივი თვითმმართველობა; კონსტიტუციის გადასინჯვა; გარდამავალი დებულებები.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას. (15.10.2010. #3710 ამოქმედდეს 2011 წლის პირველი იანვრიდან)“, _ ვკითხულობთ კონსტიტუციის შესავალ ნაწილში.
მუხლი 109:
1. შესაბამისი წესით მიღებულ კონსტიტუციას ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური;
2. საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები ხელს აწერენ კონსტიტუციის ტექსტს. კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში, ტექსტი ღიად უნდა ინახებოდეს საქართველოს ყველა ადგილობრივი ორგანოს შენობაში, რათა მოსახლეობა მის შინაარსს გაეცნოს.

მარიამ ტიელიძე