უცნობი საქართველოს ქრონიკა – 1917 წლის დეკემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-17.

1917 წლის ბოლო თვე

ანარქიით მოცული ყოფილი რუსული იმპერია ახალ წელიწადს მსოფლიოში გაუგონარი ექსპერიმენტით ხვდებოდა, რომელსაც სახელად ბოლშევიზმი ერქვა. გაზეთში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით მთელი რუსეთი უწესრიგობასა და ქაოსში ჩაიძირა.
ნოემბრის მიწურულსა და დეკემბრის დასაწყისში ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან, რომელიც გერმანიას, ავსტრო-უნგრეთს, ბულგარეთსა და ოსმალეთს აერთიანებდა სეპარატული საზავო მოლაპარაკება წამოიწყეს. ამ მოლაპარაკებით კომუნისტები პირველი მსოფლიო ომიდან მინიმალური დანაკარგებით გამოსვლას ცდილობდნენ. 3 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს“ ნომერში მოცემულია ბოლშევიკთა ერთ-ერთ ლიდერ ლევ ტროცკის განცხადება, საიდანაც შემდეგი ირკვევა: „გერმანეთის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთისა და ბულგარეთის ერთ მხრივ და მეორის _ რუსეთის დელეგატებს შორის დაწყებული მოლაპარაკება ჩვენის დელეგაციის ინიციატივით შესწყდა ერთის კვირით, რათა ეცნობოს მოკავშირეთა ერებს და მთავრობათ თვით ფაქტი მოლაპარაკებისა და მათი მიმართულება. რუსეთის მხრივ მოთხოვნილია: 1) გამოცხადდეს, რომ დროებით ზავს თავის მიზნად აქვს ზავი დემოკრატიულ ნიადაგზე, როგორც იგი გამოხატულია სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ყრილობის მანიფესტში. 2) დროებითი ზავი ავალებს ორივ მხარეს ერთ ფრონტიდან მეორეზე ჯარების გადაყვან-გადმოყვანის აკრძალვას. თავის მხრივ მოწინააღმდეგე მხრის დელეგატებმა მოითხოვეს დროებით ზავის ჩამოგდება მთელ ფრონტზე ბალტიის ზღვიდან მოყოლებული შავ ზღვამდე. ეს დროებითი ზავი გაგრძელდეს 23 დღე“.
ეს განცხადება რუსეთის მსოფლიო ომიდან ფაქტობრივ გამოთიშვას ნიშნავდა. რუსული ფრონტი მთლიანად მოირღვა. ჯარისკაცებმა სანგრების დატოვება და მასობრივად სახლში დაბრუნება დაიწყეს. ისედაც არეულობით მოცული ქვეყანა ფრონტიდან გამოქცეულმა ჯარისკაცებმა გაავსეს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ყაჩაღობდნენ.
ლენინის პარტია ქვეყანაში საკუთარი წესების დაკანონებას შეუდგა. რუსეთის მართვას ბოლშევიკები შიშის, რეპრესიებისა და ტოტალური ექსპროპრიაციის გზით აპირებდნენ. მაგალითად, 9 დეკემბრის ნომერში მოყვანილი ცნობის მიხედვით ბოლშევიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ლევ ტროცკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციური მონაპოვრის შესანარჩუნებლად, მისი პარტია, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, საფრანგეთის რევოლუციონერების მსგავსად, რუსეთშიც გილიოტინის შემოღებას აპირებდა.
ამავე სხდომაზე კომუნისტებმა ხალხის მტრებად და კანონგარეშედ გამოაცხადეს კადეტთა პარტია. ბოლშევიკთა მიერ დაწესებული მკაცრი ცენზურის გამო მოსკოვში გაიფიცა 18 გაზეთი. გამოცხადდა ბანკებისა და სურსათის ნაციონალიზაცია. სპეციალური დეკრეტით გაუქმდა შობისა და ახალი წლის დღესასწაულები. ერთ-ერთი ცნობის მიხედვით კი ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს საერთაშორისო ურთიერთობაში ახალი დიპლომატიური წესი დაენერგათ, რომლის მიხედვითაც, უცხო სახელმწიფოებში რუსეთის ელჩები აღარ დაინიშნებოდნენ. ლენინის პარტია აცხადებდა, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და ჩვენს მთავრობასთან ურთიერთობა ყველამ შუამავლების გარეშე უნდა დაამყაროსო. ვითარება ისეთ აბსურდულ ფორმებს იღებდა, ხანდახან სიმართლის დადგენა საგაზეთო ინფორმაციის მიხედვითაც კი ჭირდა. გაზეთი „საქართველო“. 22 დეკემბერი: „პეტროგრადში ხმები დადის ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, ამერიკას კამჩატკა მიჰყიდონო. ტროცკის ამერიკის სამხედრო აგენტ ჯონსონთან ამის შესახებ უკვე მოლაპარაკებაც ჰქონდაო. ამერიკას ტროცკის წინადადებაზე ცივი უარი განუცხადებია“.

არმია

რუსეთში დაწყებული არეულობის გამო საქართველო უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს იყო ქვეყანა, სადაც აღარც ცენტრალური ხელისუფლება არსებობდა და აღარც ერთიანი კანონი მოქმედებდა. ქვეყნის ფორმალური მთავრობა 1917 წლის ნოემბერში შექმნილი ამიერკავკასიის კომისარიატი გახლდათ, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ დროებითი ორგანო იყო. მართალია, საქართველოსა და მის დედაქალაქ თბილისში რუსეთის მსგავსი ანარქია არ გავრცელებულა, თუმცა ვითარება საკმაოდ მძიმე იყო. თბილისში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით 2 დეკემბერს გაზეთმა „საქართველომ“ ქალაქის გამგეობის მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც გამგეობა მოქალაქეების დაწყნარებას ცდილობდა: „ქალაქში არა სასურველ განწყობილების შექმნის გამო, რევოლუციურ ორგანიზაციების და ქალაქის თვითმართველობის ორგანოთა დადგენილებით ქალაქის დაცვა ჩაჰბარდა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელ კომიტეტს, რომლის ხელშიცაა მთელი მთავრობა. ქალაქის დაცვა სანდო ხელშია. ნურავის გეშინიათ წესიერების დარღვევის გამო. ამის გამო ქალაქის გამგეობა მოუწოდებს მცხოვრებლებს, სრული ნდობით მოეპყრან რევოლუციურ წესის დამცველ მთავრობას და სათანადო წესრიგი დაიცვან. ქალაქის გამგეობა მოუწოდებს ყველა კერძო და საზოგადო დაწესებულებებში მოსამსახურეთ, იმათ გარდა ვინც წითელ გვარდიაში ჩაეწერნენ, დარჩნენ თავ-თავიანთ ალაგას და თავიანთი თანამდებობა აასრულოს. მოქალაქე ვაჭრებს სთხოვენ ვაჭრობა განაგრძონ, რადგან საშიში აღარ არის რა“.
თბილისის გამგეობის მიერ გაკეთებული ამ განცხადების მიუხედავად, საქართველოში მდგომარეობა მართლაც საგანგაშო იყო. ბოლშევიკების პროპაგანდის შედეგად გახრწნილი კავკასიის რუსული ფრონტიდან მოხსნილი მთელი დივიზიები, საქართველოს გავლით უსისტემოდ რუსეთისკენ მიემართებოდნენ. გაჩნდა ჩვენი ქვეყნისა და მისი დედაქალაქის _ თბილისის დარბევის რეალური საშიშროება. რუსული საფრთხის პარალელურად გაიზარდა კავკასიაში ოსმალთა რეგულარული არმიის შემოჭრის საფრთხე. ქვეყანას ორმაგი ბოროტება ემუქრებოდა და თავის დაცვის გზა კი არ ჩანდა.
ასეთ ვითარებაში, 1917 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სპეციალური მიმართვა გამოსცა, რომელიც ქართველ სამხედროებს ქართული ჯარის შექმნაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდა. გაზეთი „საქართველო“: „ერის ფიზიკური არსებობის დაცვა მოითხოვს საყოველთავო დარაზმვას, პირველ ყოვლისა კი გაწვრთნილ სამხედრო ძალას. ამ ძალის შექმნას უკვე შეუდგნენ კავკასიის ერნი. ახლა ჯერი მიდგა ჩვენზე. ასეთია მდგომარეობა. ამიტომ იყო ყველა ჩვენში მოქმედი პოლიტიკური პარტია, გარდა ბოლშევიკებისა, შეიკრიბა საქართველოს ეროვნულ საბჭოს გარშემო და მას უპირველესათ ქართველი ჯარის მოწყობა მიანდო. ჩვენი ახლად შემდგარი და შესაფერისად გაწვრთნილი ჯარი, რევოლუციისა და ერის ფიზიკურ არსებობის და მისი იდეალების განხორციელების საუკეთესო დარაჯი იქნება, ქართველი ჯარი ჩვენი დემოკრატიის ხელში მეტად ბასრი იარაღი გახდება. ამიტომაც საქართველოს ეროვნული საბჭო და მასთან არსებული სამხედრო საქმეთა კომისია მოუწოდებს ყველა ქართველ მხედრობას _ ჯარისკაცსა და აფიცრებს, გამოეშურონ საქართველოსკენ, როგორც კავკასიისა, ისე რუსეთის დასავლეთ ფრონტიდან და აქ ჩაეწერონ ქართულ პოლკებში… დაიხსენით რევოლიუცია განსაცდელისგან! უზრუნველ ჰყავით ერის ფიზიკური არსებობა და მისი საუკეთესო იდეალების განხორციელება! ჩაეწერეთ ქართულ პოლკებში!“
მაგრამ ერთია პატრიოტული მოწოდება, ხოლო მეორეა, თუ როგორი იყო ქვეყანაში რეალური ვითარება. ომისგან დაღლილი, სხვადასხვა პოლიტიკური მოწოდებით გაბრუებული ჯარისკაცები, ეროვნული საბჭოს მოწოდებას ხშირად უყურადღებოდ ტოვებდნენ და ჯარში სამსახურის ნაცვლად ნამდვილ დარბევებს აწყობდნენ.
1917 წლის დეკემბერს ქუთაისმა ჯარისკაცების მეორე შემოსევა გადაიტანა. სექტემბერში იმერეთის დედაქალაქი რუსული არმიის ნაწილების მიერ მოწყობილი არეულობისგან დაზარალდა. ორი თვის შემდეგ კი ქალაქი უკვე ქართველმა ჯარისკაცებმა ააწიოკეს. 20 დეკემბრის გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ეს დარბევა თავისი სექტემბრის მსგავსი მასშტაბური არ იყო, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ქართულ ქალაქს ქართველები შეესიენ, უფრო მტკივნეული გამოდგა.
ყველაფერი კი ე. წ. კემულარიას დუქანთან დაიწყო, რომელიც მიხაილოვის ქუჩაზე მდებარეობდა. დღის ორ საათზე ქართული პოლკის ჯარისკაცთა ერთმა ნაწილმა დუქანი გატეხა და იქ შენახული საქონლის დატაცება დაიწყო. ჯარისკაცებს არც ქალაქის ზოგიერთი მოქალაქე ჩამორჩა. კემულარიას დუქნის შემდეგ, თავდამსხმელთა ბრბომ სხვა დუქნებისკენაც გადაინაცვლა.
ვითარება თანდათან უმართავი ხდებოდა და შესაძლოა, სექტემბრის მოვლენების სახე მიეღო. თუმცა ამჟამად საქმეში ქართველ ჯარისკაცთა შეგნებული ნაწილი და პოლიტიკურ პარტიათა შეიარაღებული რაზმები ჩაერიენ. ატყდა ორმხრივი სროლა. ბრბოს დასაწყნარებლად შორაპნის მაზრის სოფელ მარელისში მდგარი სამხედრო ნაწილის გამოძახებაც გახდა საჭირო. ამის შემდეგ მდგომარეობა შედარებით განიმუხტა და ჯარისკაცების დაშოშმინება მოხერხდა. გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 21 დეკემბერი: „სამწუხარო ამბები მოგვდის ქუთაისიდან. ეს ქალაქი მეორედ გახდა დარბევის ასპარეზად. გავერანებული ბრბო დათარეშობს ქუჩებში, ამტვრევს მაღაზიებს და იტაცებს საქონელს. ეს ამბავი იმდენად საყურადღებოა, რომ უსათუოდ უნდა მიექცეს ადგილობრივ მართველობათა და საქართველოს ეროვნულ საბჭოს დიდი ყურადღება. დარბევის ასპარეზი, უსათუოდ, მარტო ქუთაისით არ განისაზღვრება, ესეთივე ამბები განჯაშიც ხდება და ადვილად შესაძლებელია, თფილისმაც იხილოს პროვინციის მაგალითების განმეორება, შესაძლებელია უფრო დიდი მასშტაბით… კავკასიის ლაშქრის ყრილობაზე დამძიმებული ჰაერი ჯარის კაცებზედ მთელი სიმძაფრით გადადის და მათს ტემპერამენტს აცხოველებს. ბოლშევიკური ლოზუნგები უმეტეს წილად ხომ გაუგებრად ჰმართავს მათს შეგნებას და ანგარიშ მიუცემლად აბობოქრებს მათ… ყველა მომქმედმა პარტიებმა, ყველა ეროვნებათა აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა ერთის მხრით გავიდნენ ჯარში ფხიზელი ქადაგებით და მეორეს მხრით დარაზმონ ძალები თავ დასაცავათ. ზომები მიღებულ უნდა იქმნან წინ და წინ, თორემ გადაბრუნებულ ურმისთვის გზის ძებნა ნაკლებათ უშველის“.
ჯარისკაცთა უწესრიგობა დაფიქსირდა თბილისშიც. პირველ დეკემბერს რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების აღმასრულებელი კომიტეტის განკარგულებით, საბრძოლო მასალით დატვირთული 2 ვაგონი ავჭალაში უნდა გაეგზავნათ, მაგრამ რკინიგზის თანამშრომლებს ამის ნება 218-ე პოლკის რუსმა ჯარისკაცებმა არ მისცეს, რომლებიც ვაგონებს შემოეხვივნენ და იარაღის გადაცემას მოითხოვდნენ.
ვითარება მხოლოდ მაშინ განიმუხტა, როდესაც მუშათა და ჯარისკაცთა აღმასრულებელმა კომიტეტმა 218-ე პოლკის ჯარისკაცთა დასაშლელად ადგილზე ქართული სამხედრო ნაწილი გამოიძახა. ქართველმა ჯარისკაცებმა სადგურზე შეკრებილი სამხედროები ჰაერში სროლის შემდეგ გაფანტეს. როგორც გაზეთი იუწყება, სროლამ რკინიგზის სადგურზე მყოფი მოვაჭრეები შეაშინა, რომლებმაც დუქნები დაკეტეს და თვზარდაცემულები გაიქცნენ.

კრიმინალური მდგომარეობა

იმდროინდელ პრესას თუ გადავხედავთ, აშკარად გამოჩნდება, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა უსაშველოდ დამძიმდა. თბილისში, როგორც ჩანს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა და მოქალაქეებს საღამოს ქუჩაში გასვლისაც კი ეშინოდათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ გაზეთ „საქართველოში“ სერიოზულად განიხილავდნენ უბნების მიხედვით თავდაცვითი რაზმების ჩამოყალიბებას. გაზეთი მოსკოვისა და პეტროგრადის მაგალითს იშველიებს, სადაც კრიმინალთან საბრძოლველად საბინაო კომიტეტებმა შეიარაღებული რაზმები ჩამოაყალიბეს და მოსახლეობა თავად იცავდა უბნის უსაფრთხოებას.
გაზეთი ითხოვს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც იარაღის ხმარება იციან და შესაფერისი რეკომენდაცია აქვთ, ამიერკავკასიის კომისარიატმა ყაჩაღებისგან თავდაცვის საშუალება მისცა. ეს მოსაზრება იმით საბუთდებოდა, რომ საერთო ანარქიისა და გაუკითხაობის ფონზე ხელისუფლება, უბრალოდ, უძლური იყო, მოსახლეობა დაეცვა. გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 16 დეკემბერი: „თბილისი ამ უკანასკნელ ხანში საოცარ შიშით არის გარემოცული. ღამეობით განუწყვეტელი სროლაა ქუჩებში, დღისით ყოველ კუთხეში ხელჩართული ჩხუბია სასიკვდილო შედეგებით, შანტაჟისტების აღვირ ახსნილი უდიერობა ქმნის ისეთს განწყობილებას, რომ არავის არ შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მშვიდათ სახლიდან გამოსული ისევე მშვიდათ დაბრუნდება უკან. განსაკუთრებით განმარტოებულ უბნებში არავინ ერიდება წესიერების დარღვევას და ბნელი ღამე, რომლის განათება უკვე დიდი ხანია, რაც შეუძლებელი გახდა, ხელს უხსნის ყოველგვარ ავაზაკობას. ესეთი მდგომარეობის გაგრძელება შეუძლებელია“.
ორი კვირის შემდეგ გაზეთი ისევ უბრუნდება ამ თემას და მკითხველს აცნობს, რომ ზოგიერთ უბანში მოსახლეობამ უკვე ჩამოაყალიბა თავდაცვითი რაზმები და ამან შედეგიც გამოიღო. იქ სადაც სადარაჯოდ მოსახლეობა გამოვიდა, ძარცვა-გლეჯამ შესამჩნევად დაიკლო. თუმცა საერთო მდგომარეობა ისევ მძიმე იყო. მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა 1917 წლის თბილისში შობის ღამესაც კი არ წყდებოდა: „ხშირად შუა ქუჩაში აჩერებენ გამვლელ-გამომვლელებს და სცარცვავენ. ჯარის კაცებად და ხშირად მილიციონერებად გადაცმული შეიარაღებული ბოროტ-გამზრახველები გზად მიმავალს აყენებენ „ხელები მაღლას“ შეძახებით, შემდეგ ართმევენ რაც აბადია, ჰხდიან ტანისამოსს და ისე უშვებენ სახლში. შიშიანობა ძლიერდება საღამოობით და ღამ-ღამე გამუდმებით ისმის თოფისა და რევოლვერების უმიზეზო სროლა. განსაკუთრებით აუტანელი გახდა მდგომარეობა უქმეებში. შობა დღეს ბევრ ალაგას მოხდა მკვლელობა. შობა დღესვე მოსკოვის ქუჩაზე მოჰკლეს ერთი ასოთამწყობი, რომელსაც წინასწარ ტანისამოსი გახადეს და გაძარცვეს“.
დედაქალაქის მსგავსი ვითარება იყო რეგიონებშიც. ყაჩაღები მოსვენებას არ აძლევდნენ ტყიბულის მოსახლეობას. შეიარაღებულმა ბანდამ დაისაკუთრა ნაქერალას უღელტეხილი და განურჩევლად ძარცვავდა მგზავრებს. 24 დეკემბერს უღელტეხილზე ერთბაშად 60 მგზავრი გაძარცვეს. ზამთრის ყინვაში ხალხი დედიშობილა დატოვეს. წაიღეს 15 ათასი მანეთი და ძვირფასეულობა.
20 დეკემბერს ხონს მძარცველთა ბრბო შეესია და ერთდროულად დაიკავა ქალაქის ფოსტა, გამგეობა, სასურსათო ნდობის ბანკი, კოოპერატივები. ყაჩაღებმა მილიციის შენობაც კი აიღეს და თავის კაბინეტშივე მოკლეს მილიციის უფროსი პრაპორშჩიკი კიჟირაძე. მძიმედ დაჭრეს საქმის მწარმოებელი. გაძარცვეს უკლებლივ ყველა დაწესებულება. ბანდას წინააღმდეგობა 10-მა მილიციელმა გაუწია. ორმხრივი სროლის შედეგად მილიციელებმა 6 თავდამსხმელი მოკლეს, ხოლო ერთი დააპატიმრეს. შემთხვევით დაიღუპა ორი მოქალაქეც. ამის შემდეგ ბანდამ უკან დაიხია. გაიტაცეს 7 ათასი მანეთი და სამი ეტლი. მძევლად აიყვანეს ფოსტის თანამშრომელი 3 ქალი, რომლებიც მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც სამშვიდობოს გავიდნენ და თავი ტყეს შეაფარეს.
ყაჩაღებისგან შეწუხებული მოსახლეობა ხშირად თავად უსწორდებოდა დამნაშავეებს და მათ ლინჩის წესით ასამართლებდა. გორის მაზრის სოფელ ხვედურეთში ბოროტმოქმედები სახლში შეუვარდნენ დათა ხორბალაძეს. წაართვეს 600 მანეთი და საოჯახო ნივთები. თავდამსხმელები დაიჭირეს და ქარელის მილიციას გადასცეს. მაგრამ შემდეგ სოფლის მოსახლეობამ ავაზაკების სოფლისთვის დაბრუნება მოითხოვა. გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 19 დეკემბერი: „ქარელის კომისარმა მოინდომა ხალხის დამშვიდება, მაგრამ ამაოდ, ხალხი დაჟინებით მოითხოვდა, ჩვენ როგორც ჩაგაბარეთ, ისე უნდა ჩავიბაროთო, თუმცა პირობაც მისცეს, რომ არ მოჰკლავდნენ. კომისარმა უარი ვეღარ მოახერხა, რადგან ხალხი აღელვებული იყო და ჩააბარა ხალხს. ხალხმა წამოიყვანეს. როცა თავიანთ სოფელს მოატანეს, ერთბაშად შემოეხვივნენ ჯოხებით, დაუშინეს და იქვე მოჰკლეს სანდრო არხოშაშვილი, ხოლო მეორე იპატივა ავადმყოფობამ. ეს იყო არჩილ ახალკაცი, რომელმაც ტირილით აღუთქვა, რომ ის მის დღეში აღარ გაჰბედავს ამისთანა საზიზღარ საქმის ჩადენას“.

ეკონომიკა

1917 წლის ბოლოს საქართველოს შიმშილი მოადგა. საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის განცხადებით 15 დეკემბრისთვის კომიტეტს სურსათის მთელი მარაგი გამოელია. თბილისში სულ 3-4 დღის საკვები იყო დარჩენილი. მსგავსი ვითარება გახლდათ მთელი გუბერნიის მასშტაბით. მაგალითად, თელავს უკვე 5 დღე იყო, რაც პური არ მიეწოდებოდა. ქალაქის მოურავ ელიავას განმარტებით უპურობა რუსეთში დაწყებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ გამოიწვია, რის გამოც ჩრდილო კავკასიასთან სარკინიგზო მიმოსვლა სავსებით შეწყდა.
გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ხორბალი შავი ზღვის პორტებიდან მაინც შემოვიდოდა, მაგრამ ეს იმედიც არ გამართლდა. ნოვოროსიისკიდან ბათუმში პურით დატვირთული გემი კი ჩამოვიდა, თუმცა რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ამ გემით ცდილობდნენ, ხორბლის დაცლას არ დაუცადეს, ხომალდზე ავიდნენ და ის ძალით გაიყვანეს ზღვაში.
შექმნილი უმძიმესი სასურსათო კრიზისის გამო ქალაქის მოურავმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც სკოლებში სწავლა შეწყდა. გაზეთი „საქართველო“. 1917 წლის 12 დეკემბერი: „ჩვენ ყოველი მხრიდან მოწყვეტილი ვართ და შიმშილი გვადგია კარს. დაუყოვნებლივ საჭიროა შესაფერისი ღონისძიებანი. გამგეობას უპირველეს საშუალებად მიაჩნია სასწავლებლებში სწავლის შეწყვეტა ეხლავე იანვრის 10-მდე. ამით თბილისს რამდენიმე ათასი მჭამელი მოაკლდება. მაზრებში იმდენი სარჩო კი მოიპოვება, რომ თავი შეინახონ დროებით მაინც და მანამდისინ საქმეს გამოვაკეთებთ. მოსწავლეების დათხოვნა იმისთვისაც არის საჭირო, რომ ფრონტიდან მომავალ ჯარებს ბინები მივსცეთ, სანამ თბილისიდან წავლენ.“
გაკოტრების შიშით საქონლის დაკვლა შეწყვიტეს ყასბებმა. ამან ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. პურის დეფიციტს ახლა უკვე ხორცის დეფიციტიც დაემატა. გაფიცული ყასბების წინააღმდეგ ქალაქის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო. 20 დეკემბერს ყასაბთა დუქნები მილიციამ და წითელ გვარდიელთა რაზმებმა ალყაში მოაქციეს. დუქნები გაჩხრიკეს, რამდენიმე ყასაბი კი საბოტაჟისთვის დააპატიმრეს. ამოღებული ხორცი ქალაქის გამგეობამ შემდეგ ქალაქის მაღაზიებში გაანაწილა გასაყიდად.
გაძლიერდა ეკონომიკური კრიზისის თანმდევი ინფლაციური პროცესი. ამის გამო ამიერკავკასიის კომისარიატმა ახალი ფულის _ ბონების გამოშვება გადაწყვიტა. როგორც გაზეთი იუწყებოდა, პირველ ეტაპზე მიმოქცევაში შევიდოდა 1; 2; 3; 5 და 10 მანეთის ღირებულების 50 მილიონი ბონი. ამიერკავკასიის კომისარიატის თავდებობით ბონები ყველგან უნდა მიეღოთ.
მდგომარეობა იმ დონემდე გაუარესდა, რომ გაფიცვა მილიციელებმაც კი გამოაცხადეს. ამის შესახებ გაზეთ „საქართველოს“ 2 დეკემბრის ნომერი იუწყება: „მილიციონერებს დანიშნული ჰქონდათ თვიურად 70 მანეთი, მაგრამ ამასაც დროზე ვერ ღებულობდნენ. უკანასკნელ დღეებში მათი ჯამაგირი თვიურად 125 მანეთამდე აიყვანეს, მაგრამ მილიცია აღებას ვერ ეღირსა. ამისათვის მილიციონერებმა თათბირი იქონიეს გიორგობის 27-ს და დაადგინეს გაფიცვა. ეს დადგენილება მათ სისრულეში მოიყვანეს. გიორგობისთვის 28-ს არც ერთი მილიციონერი ქუჩაში არ გამოსულა. ისედაც უპატრონო ქალაქს, ეჭვი არ არის, ეხლა უარესი მდგომარეობა მოელის. მილიციონერები ამჟამად 150 მანეთს სთხოულობენ თვეში“.

1917 წლის შეჯამება

დასრულდა 1917 წელი. ეს იყო რევოლუციის, ბოლშევიკური გადატრიალების, ქაოსის, ანარქიის, შიმშილის, არეულობისა და საყოველთაო გაჭირვების წელი. ამავე დროს 1917 წელს დაარსდა ქართული უნივერსიტეტი, კონსერვატორია, გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელმაც ყველა ქართული პარტია გააერთიანა და საფუძველი დაუდო მომავალში დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადებას.
წინ 1918 წელი გველის. უმძიმესი და, ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი წელი. პირველი მსოფლიო ომის დასრულება, ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნა, ოსმალთა შემოტევა, გერმანული ჯარები, ბრიტანული არმია, ტერიტორიების დაკარგვა, ომი სომხეთთან, ისევ შიმშილი, ყაჩაღობა და გაჭირვება. ამასთან ერთად დამოუკიდებლობის გამოცხადება, ეროვნული ჰიმნი, დროშა და ქართული ხელისუფლება.
1917 წელი გაზეთ „საქართველოში“ გრიგოლ ვეშაპელის წერილით უნდა დავასრულოთ, რომელიც 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს არის გამოქვეყნებული. ამ წერილში 1917 წლის საქართველო ასი წლის წინანდელ საქართველოსთან არის შედარებული და ავტორი ისტორიულ მსგავსებაზე ლაპარაკობს: „ომის დაწყებიდან არც ერთი შობა დღე არ ყოფილა ჩვენთვის ისე მძიმე, როგორც დღევანდელი… ომმა და რევოლუციამ დახარჯა ქართველი ერის ფიზიკური, ეკონომიური და სულიერი ძალა… დროებით ზავი და ანარქია შიმშილის გარდა შინაურ და გარეშე მტრისგან აწიოკებას გვემუქრება… ისტორია მეორდება… ამ ასი წლის წინადაც ხომ ასე იყო: ქართველი ხალხის უღონობით გამწარებული მეფენი ორიენტის ძიებაში იყვნენ, მთიულეთით და ადერბაიჯანით გვიწყრებოდნენ, სპარსეთი და ოსმალეთი სტრატეგიულ საზღვრებისათვის ცეცხლისა და მახვილის რკალს არტყამდნენ საქართველოს… მომთაბარე ქურთები და შაჰსევანები საქართველოს მდიდარ დედა-ქალაქის ასაკლებად იყვნენ გამზადებულნი… ტომებათ და დასებათ დაყოფილი ქართველობა საქართველოს საქმეს თავის კეთილდღეობას ანაცვალებდა და გულცივად შეჰყურებდა, თუ როგორ იტანჯებოდა მეფე ერეკლე სახელმწიფოს სამხედრო და საფინანსო ღონის შესაკრებად… თუ როგორ გათავდა მაშინ საქართველოსა და მის მეზობელ მთა და ბარისათვის განადგურებულ თბილისის ისტორია, ეს ყველამ უწყის…
ახლა რა იქნება, არ ვიცით… ცხრა თვე სრულდება, რაც ჩვენი სამშობლო რუსეთის რევოლუციით არის ორსულად და თავისუფალ საქართველოს შობას ველით… აქამდის ის გვეშინოდა, რომ ნაშობი ჯანსაღი კი არა დღენაკლული ყოფილიყო, ახლა იმის გვეშინია, რომ საქართველო თან არ გადაჰყვეს ამ შობას…
მსხვერპლის გაღებისათვის უნდა ვიყვეთ მზად… შეიძლება ჩვენმა ეროვნულმა საბჭომ მალე დიდი სამხედრო და საფინანსო მსხვერპლის გაღება მოსთხოვოს ამერეთ იმერეთს… ღმერთმა ნუ ქნას, რომ განმეორდეს მეფე ერეკლეს სახელმწიფოებრივი ტრაგედია… მოვიკრიბოთ ის უკანასკნელი გრძნობანი, რომელიც ჩვენ გულს ჯერ კიდევ არ დაუხურდავებია პირადულ და პარტიულ ანგარიშზე და შევქმნათ ჩვენში და სხვებში ის ღვთიური აღტაცება, ენტუზიაზმი, რომელსაც არა ერთხელ დაუხსნია შინაურ და გარეშე გაჭირვების დროს ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატრია.
თუ ეს ენტუზიაზმი არა, ისე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ მოესწრება, რომ საქართველოს მოევლინოს ის ქვეყნის ზედა მშვიდობა, რომელსაც ასე ლამაზად ილოცავენ შობა ღამეს ქართულ ეკლესიებში“.
ხომ არაფერი გეცნობათ?

მიხეილ ბასილაძე