“გული მიკვდება, ამხელა, ლომივით კაცს ატირებულს და განადგურებულს რომ ვხედავ…”

სტუდენტები, მოსწავლეები, დედები, მამები, შვილმკვდარი მშობლები, ემიგრანტები, საზოგადო მოღვაწეები და მსახიობები _ ეს არის იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ერთი მიზნისთვის _ სამართლიანობისთვის გაერთიანდნენ.

თითოეული მოქალაქე ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს _ გამწარებულ მამას, რომელსაც ხორავას ქუჩაზე შვილი სასტიკად მოუკლეს. 6-თვიანი უშედეგო ძიების შედეგად მკვლელი თავისუფალია.
„ზაზა სარალიძეს რომ ვუყურებ, გული მიკვდება… გული მიკვდება, ამხელა, ლომივით კაცს ატირებულს, განადგურებულს და ხმაჩახლეჩილს რომ ვხედავ“, _ ეს არის სიტყვები, რომელიც კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ „ქრონიკა+“-თან საუბრისას განაცხადა.
რეჟისორი ბედნიერია, რომ აღნიშნული აქცია პოლიტიზებული არაა და ტრიბუნა მხოლოდ ახალგაზრდებს უკავიათ. ამბობს, რომ პარტიული არასდროს ყოფილა და ყოველთვის იდგა და იდგება სიმართლის გვერდით. სიამაყით ევსება გული, როდესაც ქართველებში ამხელა ერთსულოვნებას ხედავს.
_ ბ-ნო ლევან, როგორც რეჟისორს, ხელოვანსა და, უბრალოდ, ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ შემიძლია არ გკითხოთ იმ მოვლენების შესახებ, რაც ჩვენ გარშემო ხდება. საუბარი მაქვს გამწარებულ მამაზე, რომელსაც შვილი ხორავას ქუჩაზე მოუკლეს და რომელიც სამართალს დღემდე ეძებდა, მაგრამ ამაოდ.
_ რა თქმა უნდა, მე როგორც მოქალაქე, სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ზაზას და რა შემიძლია რომ გითხრათ: ვუყურებ ამ ადამიანს და გული მიკვდება. გული მიკვდება, როდესაც ატირებულს, გაუბედურებულს და ხმაჩახლეჩილს ვხედავ ამხელა, ლომივით კაცს. ადამიანი არ მეგულება დღეს ისეთი, ვისაც ბატონი ზაზას მიმართ სიბრალული არ გააჩნია, მაგრამ მარტო სიბრალული არ კმარა, მხოლოდ სიბრალული არაფერს ნიშნავს, თუ ამას არ ახლავს თანადგომა და იმ ტკივილის გაზიარება, რასაც ის ამ წუთას გრძნობს. ვაკვირდები, თუ რა დღეშია და მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის ატანა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის ძალიან რთულია. საკვირველია, კაცს გული როგორ არ გაუსკდა.
ირინა ენუქიძის ნათელი მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც ბერმუხასავით ქალი იყო, დედა, რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა, თუმცა ბოლოს რა და როგორ დამთავრდა, ყველაფერი კარგად ვიცით. ადამიანი დაავადდა და არ მინდა, ზაზაც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ, რატომღაც, ძალიან უცბად დაივიწყა ეს ყველაფერი. ამ გაუხსნელი მკვლელობებისა და უამრავი სხვა ძალადობის გამო ჩვენ მოვიშორეთ წინა ხელისუფლება, თორემ საქმეს ისინი ნამდვილად აკეთებდნენ. იუსტიციის სახლიდან დაწყებული, ყველაფერი მაგათი გაკეთებულია… მამაშვილობაზე მაქვს ფილმი „ორმაგი სახე“ გადაღებული და ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაჩუმდე დღეს. მე ჩემი შვილის გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს შვილს რომ ვინმე შეეხოს, ყველას ჯვარი გვწერია, სასწაულებს გავაკეთებ. სამართალი რომ ვერ იპოვოს ამ კაცმა, მისთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუმცა ასეთი ცინიზმით და უყურადღებობით ესენი ნელ-ნელა კლავენ ამ კაცს. ის, რაც მოხდა ამ დღეების განმავლობაში, ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, სიამაყით მევსება გული.
_ როგორ ფიქრობთ, გამწარებული მამა იპოვის სამართალს?
_ ბუნებით ოპტიმისტი და მორწმუნე კაცი ვარ, ამიტომ მგონია, რომ ესენი უკვე ძალიან შეჯანჯღარდნენ. კარგად დაინახეს, თუ რა შეუძლია ხალხს. ამ პატარა ქვეყანაში ხალხმა რომ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, ვერც ჯარით, ვერც პოლიციით და ვერც დახვრეტით სიტუაციას ვეღარ გამოასწორებენ, ხალხს ვეღარ გააკავებ. სამართალს აუცილებლად იპოვის. ბედნიერი ვარ და სიამაყით მევსება გული, როცა ამდენ ქართველს ერთად ვხედავ, როცა ქართველი საზოგადოება ერთსულოვანია.
_ ახალგაზრდების დიდი აქტივობაა.
_ რა თქმა უნდა და ეს ძალიან კარგია. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამ ახალგაზრდებმა პოლიტიკოსები არ გაიკარეს და მათ არ დაუთმეს ტრიბუნა. პირიქით, რომ მომხდარიყო, ძალიან დამწყდებოდა გული. ამ ახალგაზრდებს ვენაცვალე, რადგან მათია ეს ქვეყანა. ეს ის ძალაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
_ ბატონო ლევან, იმ ფონზე, როცა 17 მაისს საპატრიარქოს რეგიონებიდან ავტობუსებით მრევლი ჩამოჰყავს თბილისში, როგორ ფიქრობთ, რატომ არ იგრძნობა საპატრიარქოს აქტივობა დღეს, რა ხდება, რატომ დუმს საპატრიარქო?
_ არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ დუმს საპატრიარქო და რატომ არ დაუდგნენ გვერდში ზაზა სარალიძეს. ფაქტი არის ერთი _ მოხდა ძალიან დიდი ტრაგედია და ვფიქრობ, რომ საპატრიარქოსთვის, ეკლესიისთვის და მით უმეტეს, ღმერთისთვის, ყველას შვილი შვილია.
_ სად ხედავთ საპატრიარქოს ფუნქციას?
_ საქართველოში ეკლესიასა და მით უმეტეს, ჩვენს პატრიარქს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია, თუმცა შიდა კულუარებში რა ხდება, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ.
_ დუმილი ხელისუფლებაში…
_ ძალიან ბევრი ახლობელი მყავს „ქართულ ოცნებაში“ და სხვათა შორის, ხმამაღალი განცხადებებისგან ხშირად შემიკავებია თავი, მაგრამ არაკაცი უნდა ვიყო, როდესაც გაუბედურებულ, შვილმკვდარ მამას ვუყურებ და ხმა არ ამოვიღო. ამას ვერ გაატარებ. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში და არც ერთი პარტიისთვის სანთლები არ დამინთია, მაგრამ ყოველთვის ვმდგარვარ და ვიდგები იქ, სადაც სიმართლეა. ჩემი პარტია ადამიანობა და კაცობაა. მე დღეს რასაკვირველია ზაზა სარალიძის გვერდით ვდგავარ, თუმცა ჩემი ჯანმრთელობის გამო ვერ მოვახერხე აქციაზე გასვლა, მაგრამ აუცილებლად შევუერთდები და მის გვერდით დავდგები, თუნდაც ცოტა ხნით, ხელს ჩამოვართმევ და გავამხნევებ.
_ ერთხელ თქვენ ასეთი ფრაზა თქვით: „რაც ბერი, ის ერი!“ _ რას გუულისხმობდით ამ სიტყვებში?
_ნამდვილად „რაც ერი, ის ბერი“ ან პირიქით, „რაც ბერი, ის ერი“… ისევ განუკითხაობაა, უყურადღებობა და დაუსჯელობის სინდრომია. ხალხმა სწორედ ამის გამო მოიშორა წინა ხელისუფლება და იგივე ხდება დღეს. ამ ხელისუფლებისთვის ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.
_ დღეს ძალიან ბევრი ყოფილი კულტურის მუშაკი, რეჟისორი თუ მსახიობი პარლამენტში არის. პირადად თქვენ თუ გრძნობთ ყოფილი კოლეგების მხარდაჭერას, ყურადღებას?
_ მე არათუ მხარდაჭერას, არამედ საერთოდ ვეღარ ვხედავ მათ. გაოცებული და გაკვირვებული ვარ. როგორ შეიძლება, ადამიანი იღვწოდეს მხოლოდ სკამისთვის და ამის იქით სულ ერთი იყოს, თუ რა ხდება ქვეყანაში?! აფხაზეთზე გადავიღე ფილმი „ჩემი მტერი _ ჩემი ძმა“, რომელიც 1991-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარ კონფლიქტზე მოგვითხრობს და მასში ქართველი და აფხაზი ადამიანების ურთიერთობაა ასახული. სწორედ ეს ფილმი ვერ გამაქვს რეგიონებში, იმისთვის რომ ხალხს ვაჩვენო.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ უამრავ პრობლემას ვაწყდები. არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ამ ფილმს უყურა და გულგრილი დარჩა. მით უმეტეს, ვათარგმნინე ინგლისურად, რუსულად და აფხაზურადაც კი. ვეტერანები ყველგან გვყავს, ყველა რაიონში და მინდა, რომ ამ ხალხმა უყუროს ამ ფილმს. მინდა, რომ ვნახო ეს ხალხი, ხელი ჩამოვართვა და ერთგვარი მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ჩვენ გამო ფეხი დაკარგეს, ხელი, ზოგი დაბრმავდა და უმრავიც დაიხოცა. ამის გაკეთება უჭირთ და ქვეყნის შენებაზე უკვე მირთულდება საუბარი.
_ როგორც ვიცი, ფილმის „ჩემი მტერი _ ჩემი ძმა“ ჩვენებას სოხუმში გეგმავდით.
_ სოხუმში ვაპირებდი, მაგრამ ახლა კიდევ არის საუბარი, რომ შეიძლება ჟენევის ეგიდით მაინც წაიღონ ეს ფილმი. ვნახოთ, რა იქნება.
_ რა საფეხურზე დგას დღეს ქართული კინო?
_ თითქოს რაღაც ძვრები არის, მაგრამ როდესაც მე კინოცენტრთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთან 15 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მოთხოვნები რაც მქონდა, კინოცენტრმა ყველაფერი გაითვალისწინა. მთავარია, საქმე გააკეთონ, კონკურსი ჩაატარონ ნორმალურად, ჟიური სწორად შეირჩეს… დღეს, სამწუხაროდ, ისევ მიხდება ბრძოლა იმ ფილმზე, რომლის გადაღებაც 2000 წლიდან მინდა.
_ რომელ ფილმზეა საუბარი?
_ „ციცინათელებზე“, რომელიც კონკურსში გავიტანე და ერთი ქულა დამაკლდა, მაგრამ ჩემსას მაინც ბოლომდე გავიტან.
_ წელსაც აპირებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას?
_ რა თქმა უნდა. რეჟისორებისთვის კინო ხომ იგივე ჩვენი შვილია და ამ შვილთან მიმართებით ისე მაწამებენ, რომ კაცი დამაბერეს. ეს არ არის კონკრეტულად ლევან ანჯაფარიძის ფილმი, ეს იქნება საქართველოსთვის და მის სადიდებლად გადაღებული ფილმი. ეროვნული კინო საქართველოში არ კეთდება. ეჭვები მიჩნდება, რომ სიტყვა ეროვნულის გაგება არ უნდათ, მეტიც, აღიზიანებთ.
_ ვის გულისხმობთ?
_ ყველა იმ თანამდებობის პირს, ვისაც შეუძლია რაღაც გააკეთოს, მაგრამ არ აკეთებს.
_ მაგალითად, კულტურის მინისტრს?
_ კულტურის მინისტრთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ის ამ შემთხვევაში კინოსთან არაფერ კავშირში არ არის.
_ აბა, ვინაა კავშირში?
_ კინოცენტრი, რომელსაც სახელმწიფო ფული აქვს. მას შეუძლია დააფინანსოს რეჟისორის ნაწარმოები. სანამ ამ ფილმს არ გადავიღებ, მაინც არ გავჩერდები.
_ გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოს წარმოადგენს სწორედ კულტურის მინისტრი, რომლის კომპეტენციაშიც შედის, უფრო სწორად, უნდა შედიოდეს თეატრი, კინო, ხელოვნება და აბსოლუტარად ყველაფერი, რაც კულტურას ეხება. რაზეა ეს ფილმი?
_ ქვეყნის მოუშუშებელ ტკივილზე, კიდევ ბევრია აფხაზეთზე სალაპარაკო. რა თანხაშიც მე წინა ფილმი გადავიღე, იმ თანხაში კინოებს არ იღებენ. მოსკოვიდან ჩამოსულმა ქართველმა რეჟისორმა რეზო მიგინეიშვილმა გადაიღო ფილმი, სადაც ჯგუფის ერთი სადილი 60 ათასი ლარი დაუჯდა და მე ამ თანხაში კინო გადავიღე. ამაზეა საუბარი და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, მაგრამ ისიც რომ არ ყოფილიყო, მაგასაც ვერ გავაკეთებდი. ანუ 3-წუთიანი კლიპის ფულით ჩვენ გადავიღეთ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც საქართველოს წაადგება.
_ აფხაზეთის თემა რატომ შეარჩიეთ?
_ ესაა ჩემი ქვეყნის ტკივილი, ეს არის იმ ხალხის ტკივილი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცა. საქართველომ დაკარგა თავისი საზღვრები. არ მესმის, ამ თემით რატომ არ უნდა დაინტერესდეს რეჟისორი? როდესაც ამდენი ტკივილი აქვს ქვეყანას, სხვა თემით რატომ უნდა დაინტერესდე, თუნდაც კომედიით, მიუხედავად იმისა, რომ კომედიური ჟანრის ფილმები ძალიან მიყვარს და ძალიან რთული გადასაღებია. კინოცენტრის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა იცით, რა მკითხა? _ ბატონო ლევან, ერთხელ ხომ გადაიღეთ აფხაზეთზე ფილმიო? იმასაც ვერ ხვდება, რომ მხოლოდ ერთი ფილმით ვერ იტყვი ბოლომდე შენს სათქმელს. ამ კითხვის დამსმელი კომისიაში უნდა იჯდეს? მხოლოდ მემორიალზე ამოტვიფრული ბიჭების სახელები და გვარები არ კმარა. ისიც გამადიდებელი ლუპით უნდა ამოიკითხო. სხვანაირად მინდა, რომ მივაგო მათ სულებს პატივი და მათ წინაშე ქედი მოვიხარო.
_ ბატონო ლევან, თქვენი ბაბუის და იყო ვერიკო ანჯაფარიძე. რას გვეტყვით მის შესახებ, რამდენად დიდი როლი ითამაშა ვერიკოს სახელმა თქვენი, როგორც რეჟისორის ჩამოყალიბებაში?
_ ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს, რომ იყო ვერიკო ანჯაფარიძის შვილიშვილი. ვერიკოს ძმას, ანუ ბაბუაჩემს, ლევან ანჯაფარიძეს, დიდ ლევანს ეძახდნენ. მართლა ძალიან დიდი ექიმი იყო. ეს გახლდათ კაცი, რომელსაც ტერიტორიული მანძილის მიუხედავად შეეძლო პაციენტისთვის დიაგნოზი დაესვა. უძლიერესი, თავისი საქმის პროფესიონალი იყო. სხვათა შორის, ის სტალინის დედის პირადი ექიმიც იყო. მამაც უწესიერესი კაცი მყავდა, თეიმურაზ ანჯაფარიძე, ისიც ექიმი იყო, დედა კი ფსიქოლოგი მყავდა. სწორედ პროფესიის არჩევაზე რომ მიდგა საქმე ან ექიმი უნდა გამოვსულიყავი, ან ანჯაფარიძეების მეორე მხარეს უნდა წავსულიყავი. მსახიობი ვერ გავხდებოდი, ამიტომ რეჟისორობა ვარჩიე, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარ თავს მირჩევნია ჩემი სპეციალობა. თუ გამაკეთებინებენ, არ წააგებენ, პირიქით, ბევრს მოიგებენ, ოღონდ გადამაღებინონ ის, რაც მე მინდა და ნუ შემიშლიან ხელს.
_ ე. ი. ბავშვობიდან გინდოდათ რეჟისორობა?
_ მე-7 კლასიდან უკვე ვიცოდი, რომ რეჟისორი უნდა გამოვსულიყავი. ბავშვობიდან ვწერდი ნოველებს და ძალიან მიყვარდა ფილმები.
_ დღეს ხომ არ ნანობთ პროფესიის არჩევას?
_ არანაირად. იმხელა დიდ სიყვარულსა და დადებით ემოციებს ვგრძნობ ხალხისგან, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. უცხოეთიდან მირეკავენ და მეუბნებიან, რომ თქვენი ფილმი ბალიშის ქვეშ მაქვს შენახულიო, ამაზე დიდი ბედნიერება არსებობს რამე? მათი ასეთი განწყობა და ეს სიტყვები იმხელა სტიმულს მაძლევს, რომ რაც შეიძლება ბევრი კარგი ფილმი გადავიღო, არ გავჩერდე და სულ სიახლეები შევთავაზო საზოგადოებას.

გიორგი საკარული