სამშენებლო სექტორის საგადასახადო შეღავათი და საქართველოს ეკონომიკის გადამრჩენელი „თანაინვესტირების ფონდის“ საიმედო პარტნიორი

2013 წელს საქართველოში „თანაინვესტირების ფონდი“ დაფუძნდა, რომელიც, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპიტალის მართვას ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პროექტია „აქსის თაუერსი“. საინტერესოა, როგორ გახდა „აქსისი“ ამ ფონდის პარტნიორი?

სავარაუდოდ, მინიმუმ „აქსისის“ ბოლო 3 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშებებია შესწავლილი, სადაც მკაფიოდ და ცალსახად არის მოცემული ინფორმაცია „აქსისის“ მიერ
კლიენტებისგან მიღებული ავანსების მოცულობისა და ასევე საანგარიშგებო პერიოდებში გახარჯული თანხების შესახებ.
„ქრონიკა+“-ს ამ ანგარიშგებებმა დააინტერესა და „აქსისის“ ვებგვერდს ვეწვიეთ. იქ, რა თქმა უნდა, ვერაფერი მსგავსი ვერ ვიხილეთ. ყოველი შემთხვევისთვის, გული მაინც არ გავიტეხეთ _ მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ამ ყველაფერზე saras.gov.ge იზრუნებს. შესაძლოა, მმართველობითი ანგარიშგებაც კი ვიხილოთ.
სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისათვის საგადასახადო თუ სხვაგვარი წნეხის მოხსნა, კერძო საინვესტიციო ფონდების შექმნა და მასშტაბური პროექტებით ეკონომიკის სტიმულირება რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს.
2015 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც:
დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტი) მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის პირველ იანვრამდე გამოსცემს;
შვებით ამოისუნთქა კლიენტებისგან „დატანჯულმა“, „შეწუხებულმა“ და „გადაგდებულმა“ კომპანია „აქსისმა“. ახალი კანონპროექტის მომზადებისთანავე გაორმაგდა უსასყიდლოდ თუ მინიმალური ანაზღაურებით მომუშავე მუშათა რაოდენობა „აქსის პალას 2“-ის სამშენებლო ობიექტზე. მობინადრეები ოპტიპიზმით სავსე ადევნებენ თვალ-ყურს კვირაში თუნდაც ერთი სამშენებლო ბლოკის დადებას. გაგებით მოეკიდნენ ისინი კომპანიის მძიმე მდგომარეობას და მალე შედეგიც მიიღეს _ დაახლოებით 3 თვეში ეზოში მშენებარე ობიექტზე ერთი სართულის კარკასი „წამოიჭიმა“. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც მობინადრეებმა „ქრონიკა+“-ს აუწყეს, თავიდან მშენებლობის ტემპი საკმაოდ მაღალი იყო და სახელმწიფოს მიერ ამ სექტორისთვის გაწეულმა შეღავათმა მომავალ მცხოვრებლებს მართლაც „სულზე მოუსწრო“: მაგრამ 2017 წლის 30 ივნისს მორიგი ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, როგორც უძრავი ქონების მიწოდების, ასევე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადამ კიდევ ორი წლით _ 2020 წლის პირველ იანვრამდე გადაიწია.
„აქსისის“ მიერ თითოეული ბლოკის დადება სათითაოდ რომ არ განვიხილოთ, პირდაპირ საგადასახადო შეღავათის შედეგზე გადავიდეთ: 3 წელიწადში აშენდა დაახლოებით 4 სართულის კარკასი. მორჩა! ანუ წარმოიდგინეთ _ წელიწადში საშუალოდ ერთ სართულზე მეტი თითოეულ გაჩერებულ მშენებლობაზე „აქსის პალას 2“- ში! ამას დამატებული და ადრე უკვე დასრულებულად გამოცხადებულ სამშენებლო ბლოკებში სადარბაზოების „იდეალური“ მდგომარეობა, 21 სართულს მომსახურე ერთი ლიფტი თავისი გადამწვარი პლატებით! ამ ლიფტის საფასურსაც მოსახლეობა იხდის და პლატის გადაწვა თითოეულ ოჯახს რამდენიმე ასეული ლარი უჯდება (მომსახურე კომპანია „თბილისის ლიფტი“ გახლავთ).

„ქრონიკა+“-ს ამ საკითხზე ესაუბრა ერთ-ერთი მობინადრე _ მიხეილ გვასალია:
_ ეს ცვლილება მთავრობამ დააანონსა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა. საუბარი იყო რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის ბოლომდე თუ რომელიმე მშენებელი ბინას გაყიდიდა, იგი თავისუფლდებოდა დღგ-სგან. ეს იყო 18% ფართის გასაყიდი ფასი. პირობა იყო, რომ მშენებლობის ნებართვა უნდა ყოფილიყო გაცემული და მშენებლობაც 2008 წლამდე ყოფილიყო დაწყებული. ეს დაკავშირებულია აგვისტოს ომთან. რომ აი, ომის გამო მშენებლობები შეფერხდა და ბიზნესი დაზარალდაო. სახელმწიფო შეღავათზე წავიდა და სამშენებლო კომპანიებს უთხრა, რომ თუ შენ პირველი იანვრიდან გაყიდი ბინას, მაშინ არაფერს გახდევინებ, ოღონდ პირობა იყო, რომ მშენებლებს 2018 წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ გაჩერებული მშენებლობები.
_ თქვენ კონკრეტულად „აქსისთან“ გაქვთ პრეტენზია?
_ ერთ-ერთი დიდი მოთამაშე „აქსისიც“ არის, რომელიც ყოველთვის აპელირებდა, რომ ომის დროს დაზარალდა, ომის გამო შეფერხდა და მშენებლობები გააჩერა. მენეჯმენტიც ამ მილიონობით ლარის შეღავათებს მიესალმებოდა. განცხადებებიც იყო, რომ ყველა მომხმარებელი 2017 წლის ბოლომდე დაკმაყოფილდებოდა.
_ რა მოხდა თქვენს შემთხვევაში?
_ „აქსისმა“ამ თემის გამოყენება და მარკეტინგზე მუშაობა დაიწყო. რაც შეეხება ჩვენს ეზოს, გაჩერებულ მშენებლობაზე უცებ მოაყარეს მუშები 2015 წელს, როგორც კომუნისტების დროს ხდებოდა. გამორიცხული იყო, რომ 2017 წლამდე მოესწროთ ეს ყველაფერი. 2017 წლის ივნისში მათ 10%-იც არ ჰქონდათ გაკეთებული _ იმ ადგილზე 16-სართულიანი კორპუსი უნდა იდგეს და მხოლოდ 4-5 სართულია.
_ პასუხი არავის მოსთოხვეთ ან არსად გაასაჩივრეთ?
_ როგორ?! 2017 წლის ივნისში კანონში ცვლილება შევიდა, ლიბერალური მიდგომა გავრცელდა და მშენებლებს 2019 წლის ბოლომდე გადაუვადეს. დღეს 2018 წელია და კანტიკუნტად მუშაობენ, 3 თვეში ერთხელ მოდის მუშა, წელიწადნახევარი დარჩა და, სავარაუდოდ, ამ ვადაშიც ვერ ჩაეტევიან. ალბათ დედლაინი რომ მოახლოვდება, კიდევ შეღავათებს გაუკეთებენ ამ „გადამგდებ“ კომპანიას. ამ სფეროს არავინ აკონტროლებს, არავინ იცის, სად მიდის ჩვენი გადახდილი ფული.
_ ანუ ისევ მენაშენეებმა იზარალეთ?
_ სახელმწიფომ შეღავათები დიდ დეველოპერებს რომ გაუწია, ეს აღარავინ დაამონიტორინგა. აღნიშნული კომპანია არასანდოა და არ ვიცით, ვინ არის, არასაჯაროა მისი ფინანსები, ანალიზის საშუალება არ გვაქვს. გარდა ამისა, პროცესებს არც სახელმწიფო ამონიტორინგებს. მილიონობით ლარის შეღავათი გაკეთდა და არავინ ამოწმებს. მივესალმებოდით ამ შეღავათებს, საქმის 60% მაინც რომ შესრულებულიყო, მაგრამ ძვრაც კი არ არის.
_ არადა, სახელმწიფომ ეს ნაბიჯი სწორედ იმიტომ გადადგა, რომ სამშენებლო კომპანიებს ამ შეღავათებით საშუალება მისცემოდათ, გაჩერებული მშენებლობა დაესრულებინათ და თქვენნაირი მობინადრეები დაეკმაყოფილებინათ…
_ უცნაურია ეს ყველაფერი. სახელმწიფომ ბიზნესს შეღავათი მისცა, ბიზნესი კი ცუდად მოიქცა, მაგრამ კიდევ გადაუწიეს ვადა. რატომ? ცუდად მოქცევისთვის კიდევ წაახალისეს? ეს არის ხალხის ფული და დღგ, რომელიც სამშენებლო კომპანიებს მოუხსნეს, ესეც ხალხის ფულია. ეუბნებიან, ბიუჯეტში დღგ-ს არ გადაიხდი, შენ დაგრჩება და შეგიძლია, ცუდადაც მოიქცე. მოვა 2019 წელი და კიდევ გადაწევენ ვადას. 3 წელიწადში 4 სართულის აშენება სასაცილოა, ამ ვადაში საუკუნეების წინ აშენებდნენ მონასტრებს.
„ქრონიკა+“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს.

თამარ როსტიაშვილი