სასაქონლო ბირჟის შანსები და პერსპექტივა საქართველოში

საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში რომ ბირჟებს განსაკუთრებული როლი აქვთ, ერთხმად ვთანხმდებით! საფონდო ბირჟის წარუმატებლობასა და კონკრეტული ჯგუფების მიერ მისი განვითარების ხელის შეშლაზეც არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა ნაკლებად შევხებივართ სასაქონლო ბირჟას და მის პერსპექტივას საქართველოში. არადა, საქართველოს უნიკალური პრიორიტეტი აქვს მისი ჩამოყალიბების, განვითარებისა და ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანის საკითხში.

ცნობილია, რომ მსოფლიოში სასაქონლო ბირჟების ისტორია, ჯერ კიდევ, მე-14 საუკუნიდან იწყება და დღეისთვის ისინი ეკონომიკური სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენენ. რეალურად, თანამედროვე სასაქონლო ბირჟები ძირითადათი სასაქონლო ფასების ფორმირების სისტემებია.
საქართველოში სასაქონლო ბირჟების ნამდვილი „ბუმი“ გასული საუკუნის 90-იანი წლების პერიოდში დაიწყო, რამაც, თავის მხრივ, ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკური სისტემის იერსახეზე.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და „აბრეშუმის გზის“ ისტორიული ფუნქციონირების გათვალისწინებით, არსებობს სასაქონლო საბირჟო ბაზრის წარმოქმნისა და რეგიონულ დონეზე განვითარების უნიკალური წინაპირობები.
სწორედ ამ ინიციატივით მიმართა რვა ადამიანისგან შემდგარმა ეკონომისტთა გუნდმა მთავრობას რამდნეიმე წლის წინათ. მათ შორის იყვნენ ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომისტი ედიშერ მუსერიძე და სხვები…
საქმე ის გახლავთ, რომ მთავრობამ ეს წინადადება ყურად არ იღო, არადა, პოტენციალი შკარად ცალსახაა და ინიციატორებმა კონკრეტულად გაწერილი, გამზადებული სამოქმედო გეგმაც შესთავაზეს მათ ყველანაირი მოთხოვნის გარეშე. საჭირო იყო მხოლოდ მათი კეთილი ნება, რომ საქმე წამოწყებულიყო და ბოლომდე სწორედ ის მოტივირებული ადამიანები მიიყვანდნენ, რომლებიც საქმეში ჩასართავად მზად იყვნენ.

ედიშერ მუსერიძე _ ეკონომისტი:
„საქართველოსა და რეგიონის დონეზე თავისუფლად შეიძლება სასაქონლო ბირჟის გაკეთება, მაგრამ, სავარაუდოდ, მთავრობის გარკვეულ ნაწილს შეეშინდა, რომ ეკონომიკური კოლაფსი არ მომხდარიყო. ჩემი აზრით, დიდ მომწოდებელთან კარტერულ შეთანხმებაში არ ჩაერივნენ.
კარტერული შეთანხმება კი, თავის მხრივ, გულისხმობს ფასების წარმოქმნის მექანიზმს, რომლის დროსაც დიდი მომწოდებლები თანხმდებიან კონკრეტულ ფასზე და სწორედ ამ ფასით ხდება პროდუქტის რეალიზება.
ძირითადად კი ეს ისეთ დიდ საქონელს ეხება, როგორიც არის ნავთობი, მეტალო პროდუქცია, ფქვილი, ხე-ტყე და ა. შ. ხსენებული კარტერული ფასების დანგრევა არის ბირჟის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამის შემდეგ რეალური ფასების დადება მოხდება პროდუქციაზე!
მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ყველამ კარგად იცის, საკითხი ვერ გადავჭერით, ვერ ვნახეთ კეთილი ნება მთავრობისგან, განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელიც, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს ფლაგმანი აღნიშნულ საკითხში. არადა, გასააზრებელი და საკითხავია, რომელი სახელმწიფო განვითარებულა ბირჟის გარეშე ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობით, როგორიც საქართველოს აქვს?!“

ბირჟა უზრუნველყოფს სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას, რადგან სწორედ აქ ხდება მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაცია და სადაც კონცენტრაცია ხდება, იქ წარმოიქმნება ყველაზე სამართლიანი ფასი!
ბირჟა სამართლიანი გარიგების გარანტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბირჟო საქონლის ნებისმიერი ექსპორტიორისთვის. მისთვის უფრო მიზანშეწონილი იქნება და უფრო ხეირიანად გაყიდის პროდუქციას, ვიდრე პირადი კონტრაქტებით, რომელიც შეიძლება შესრულდეს ან არ შესრულდეს.

ექსპერტების თქმით მთავარი ფაქტორები, რაც სასაქონლო ბირჟის განვითარებას მოჰყვება, შემდეგია:

• ლოჯისტიკის ქსელის გაძლიერება;
• რეგიონული დანიშნულება მეზობელი ქვეყნებისთვის _
არც ერთ ქვეყანაში, სადაც სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იგი ძალიან დიდი და მდიდარი ქვეყანა იყოს), არ არის ბირჟები. ბირჟები იქმნება იქ, სადაც არის სატრანსპორტო გზების გადაკვეთა!
ეს მოგვცემს საშულებას იმისა, რომ გამოვიყენოთ:
• სატრანსპორტო პოტენციალი;
• მოვიზიდოთ ინვესტიციები;
• ეს ხელს შეუწყობს ქართული საბროკერო კომპანიების, აგრობროკერის ინსტიტუტის შემოღებას, რომლიც უნიკალური იქნება და აქედან გამომდინარე, თანხები წავა ბიუჯეტში, გაიზრდება დასაქმება და საქართველოს უნიკალური მდებარეობის გამოყენება გამოგვივა ეკონომიკურ ჭრილში;
• ბირჟის საკომისიოები მიემართება მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში. ინვესტორების ძირითადი ინტერესი მიდის საბროკერო კომპანიებში, ვისი მეშვეობითაც გავა უცხოელი მონაწილე ბირჟაზე _ ეს იქნება დიდი რეზონანსი, რომლიც პირდაპირ უზრუნველყოფს სავალუტო ნაკადების მოზიდვას ქვეყნის ეკონომიკაში.

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ საინვესტიციო საქმიანობის ექსპერტ-ანალიტიკოსი და ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე:
_ ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა დამოკიდებულია, ეკონომიკურად ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე, სადაც შედეგობრივად წარმოებული პროდუქცია იქნება კონკურენტუნარიანი და „აღჭურვილი“ კონკურენტული უპირატესობებით.
საქართველოს რეალობაში ასეთ დარგს სავარაუდოდ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოება, რაც, პირველ რიგში, დამოკიდებულია აგროსექტორის კომპლექსურ განვითარებაზე. ამასთან ერთად, როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობა აპირებს ერთმილიარდიანი საინვესტიციო ფონდის შექმნას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს მზა აგროპროდუქციის ეფექტიანი სარეალიზაციო არხების შექმნა ე. წ. საბითუმო ბაზრის სახით. ამ შემთხვევაში, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაციის ყველაზე მისაღები და ეფექტიანი მექანიზმია სასაქონლო ბირჟა, რომელიც წარმოადგენს წმინდა კონკურენციის მქონე ორგანიზებულ, სტანდარტიზირებადი პროდუქციის საბითუმო ბაზარს.
_ კონკრეტულად რას უზრუნველყოფს სასაქონლო ბირჟა?
_ ეკონომიკურ ურთიერთობებში სასაქონლო ბირჟა უზრუნველყოფს პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაციის საფუძველზე პროდუქციაზე „სამართლიანი“ ფასების ჩამოყალიბებას და გარიგებების შესრულების შესაბამის გარანტიებს.
_ როდიდან დაიწყო და როგორ განვითარდა საქართველოში საბირჟო საქმიანობა, სად ვართ დღეს?
_ საბირჟო საქმიანობის ისტორია პოსტსოციალისტური ქვეყნების სივრცეში „პერესტროიკის“ დაწყებას დაემთხვა და სავსე იყო ძალზე საინტერესო მომენტებით და პარადოქსებით.
საქართველოში საბირჟო სტრუქტურების გაჩენა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. საბირჟო ინსტიტუტებიდან პირველად სასაქონლო ბირჟა (კავკასიის, თბილისის უნივერსალური, თბილისის ბირჟების სახით) ჩამოყალიბდა და დამკვიდრება დაიწყო საბირჟო ვაჭრობის ორგანიზების კულტურამ.
მაშინ საბირჟო ვაჭრობის მექანიზმები და ტექნოლოგიები, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად შეესაბამებოდა უცხოური სასაქონლო ბირჟების სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბირჟო საქმიანობაში მიმდინარე მოვლენებმა საკმაოდ ძლიერი ბიძგი მისცა საბირჟო სპეციალისტებისა და ბროკერების პროფესიონალიზმის ამაღლებაში, რაც, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მაღალი დონის მქონე საბირჟო სპეციალისტების კონცენტრაციაში აისახა საქართველოში. აღნიშნულ მოვლენას დაემატა მაშინდელი (ზ. გამსახურდიას) მთავრობის ხელშეწყობა და გარკვეული დაპირებები, რამაც იმედი შეჰმატა ისედაც ოპტიმისტურად განწყობილ ბროკერებს და საბირჟო ვაჭრობის ორგანიზატორებს.
ზედიზედ გაიხსნა: „კავკასიის ბირჟა“, „თბილისის სასაქონლო ბირჟა“, „თბილისის უნივერსალური ბირჟა“ და „ღვინის ბირჟა“. თავის მხრივ, სასაქონლო ბირჟების ამოქმედების ფაქტორმა შემოიტანა საბირჟო ბროკერების რიცხვის ინტენსიური ზრდა და ე. წ. საბროკერო საქმიანობის გააქტიურება, რამაც არცთუ ისეთი პატარა როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში. გაჩნდა დაინტერესება, გამოჩნდნენ და წინა პლანზე წამოიწივნენ აქტიური და საქმიანი ადამიანები, დაინერგა კორპორაციული კულტურის ელემენტები და რაც მთავარია, ადამიანები ინტერესით სწავლობდნენ ცივილიზებული ბიზნესის წარმართვის საბირჟო და არასაბირჟო მექანიზმებს.
_ რა მოხდა შემდეგ? რატომ ვერ განვითარდა ეს მიმართულება ჩვენთან?
_ იმდროინდელი ბირჟების ძირითადი დამახასიართებელი შეცდომა ის გახლდათ, რომ არ იყო ბოლომდე გათვითცნობიერებული საბირჟო საქონლის სტანდარტიზაციისა და უნიფიცირების თვისობრივი აუცილებლობის მნიშვნელობა. აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა სასაქონლო ბირჟებზე სხვადასხვა სახის ე. წ. არასაბირჟო (არასტანდარტიზებული) საქონლის წარმოდგენა, რის შედეგადაც სასაქონლო ბირჟის ინსტიტუტი გარდაიქმნა უფრო საბითუმო, სავაჭრო სახლების მსგავს სუბიექტებად, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საბირჟო ვაჭრობის ძირითადი პრინციპის დაცვით. ამასთან ერთად, ბოლომდე არ იყო გამოყენებული საბირჟო ვაჭრობის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა საბირჟო გარიგების მხარეთა შორის ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების გარანტიის მექანიზმი. სამწუხაროდ, ჩვენთან, 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან, პრიორიტეტი ცალსახად კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და შესაბამისად, საფონდო ბაზრის ჩამოყალიბებას მიენიჭა, რის შედეგადაც ორგანიზებული სასაქონლო ბაზრის განვითარება იგნორირებულ იქნა. დრომ აჩვენა, რომ ეს თვალსაზრისი, რომელიც სასაქონლო ბაზარს საფონდო და სავალუტო ბაზრების განვითარების ერთიან ჭრილში არ მოიაზრებდა, მცდარი იყო. სწორედ აღნიშნული მცდარი მიდგომა და ბირჟის, როგორც უნივერსალური ხასიათის სტრუქტურის იგნორირება გახდა შემდგომში იმის წინაპირობა, რომ, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ვერც საფონდო და ვერც საკრედიტო ბაზრის ინფრასტრუქტურა განვითარდა ჯეროვნად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარებები იყო გამოყოფილი.
ნიშანდობლივია, რომ სასაქონლო ბირჟების ფუნქციონირების დროს შეინიშნებოდა უამრავი ისეთი დადებითი ფაქტორი, როგორც არის სასაქონლო საბითუმო ბაზრის გამჭვირვალობა და შედეგად მიღებული ფისკალური ეფექტი, საბაზრო ურთიერთობის განვითარება, დარგობრივი ბაზრების მარკეტინგის ცოდნისა და საბირჟო ურთიერთობების კულტურის ამაღლება და ბევრი სხვა.
შემდგომში არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ საქართველოში და დსთ-ს ქვეყნებში სასაქონლო ბაზრების მონოპოლიზაციამ საბირჟო მოძრაობას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ერთიმეორის მიყოლებით დაიწყო ბირჟების დახურვა და საბირჟო ბუმი ჩაქრა.
_ რეალურად დატოვა რაიმე პოზიტიური საქართველოსთვის უკვე წარსულში არსებულმა სასაქონლო ბირჟამ?
_ თავისთავად, უპირველეს ყოვლისა, დარჩა ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობების ნოსტალგია და კიდევ რამდენიმე ბირჟის სპეციალისტი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომლებსაც დღესაც ოპტიმისტურად სჯერათ ერთი გამონათქვამის იმის თაობაზე, რომ „ახალი კარგად დავიწყებული ძველია“.
_ დღეს არსებობს თუ არა საქართველოში სასაქონლო ბირჟის განვითარების პერსპექტივა?
_ რასაკირველია, კი და თანაც უნიკალური პერსპექტივა, რომელიც ძალზე ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი არ გააჩნია.
აღნიშნული პრიორიტეტი მდგომარეობს უკვე ბანალურად ჟღერად მომგებიან გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს „დიდი აბრეშუმის გზის“ ისტორიული არსებობა. მართლაც, მსოფლიო ბირჟების განვითარების ისტორიას რომ გადავხედოთ, შევნიშნავთ _ იმდროინდელი წამყვანი სასაქონლო ბირჟები (ამსტერდამი, ლონდონი, ჩიკაგო და სხვ.) ფუნქციონირებდნენ საკვანძო სავაჭრო მარშრუტების გადაკვეთის ცენტრებში და არც ერთი ბირჟა არ ჩამოყალიბებულა ამა თუ იმ საბირჟო საქონლის წარმოების არეალის მიხედვით.
დღეს ექსპერტები სავსებით სამართლიანად ანიჭებენ პრიორიტეტს არა ქვეყნის, როგორც სატრანზიტო სტატუსის მქონე ტერიტორიის განვითარებას, არამედ ერთიანი კავკასიური ბაზრის ფორმირებას საინვესტიციო და სასაქონლო ნაკადების აკუმულირების მიმართულებით. აღნიშნული მიდგომები თავსებადია გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკის მდგრადი განვითარების ახალ კონცეფციაზე გადასვლის მიმართულებითაც და არათუ გამორიცხავს, არამედ მოიაზრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასაქონლო ბირჟის ფუნქციონირებასაც.
_ რა იქნება ყველაზე ოპტიმალური მოდელი საქართველოს ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე?
_ ეს იქნებოდა არა უბრალოდ სასაქონლო საბირჟო მოედნის მოწყობა, არამედ ისეთი უნივერსალური სტრუქტურის ფორმირება, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებოდა აგრობროკერის ინსტიტუტის განვითარებას.
ამასთან ერთად, ლოკალური საბირჟო საქონლის გარდა ბირჟაზე, ძირითადად, წარმოდგენილი უნდა იყოს საბირჟო საქონელი, როგორც აზერბაიჯანიდან (ნავთობისა და ნავთობპროდუქტები), ისე შუა აზიის რესპუბლიკებიდან (ბამბა), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს (საზღვაო პორტამდე FOB-ის პირობებზე) ტერიტორიაზე განლაგებული სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტი წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ საბირჟო საქონელს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის არსებობს და საკმაოდ ფართო ნომენკლატურით.
რაც მთავარია, ბირჟის სახით შეიქმნება რეალური და გამჭვირვალე ფასწარმოქმნის მექანიზმი და ფასთაცვალებადობის რისკის დაზღვევის სისტემა.
დღეს მიმდინარეობს „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხილვა, რომლის ინიციატორია ჩინეთი და, სამწუხაროდ, საქართველო არც კი მოიხსეინება არანაირ კონტექსტში. არადა, საქართველოს შეუძლია სასაქონლო ნაკადების „ჰაბის“ ფუნქცია შეასრულოს ისე, როგორც არ შეუძლია ეს არც ერთ ქვეყანას!
დღეს საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო დონის ისეთი საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა სასაქონლო ბირჟა. რაც მთავარია არსებობს კანონი „სასაქონლო ბირჟების შესახებ“.
საქართველოსთვის სასაქონლო ბირჟა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, თუნდაც ანტიმონოპოლიური და ანტიდემპინგური ტენდენციების დანერგვისთვის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ ლიკვიდური და კონცენტრირებული საბირჟო ბაზრის ეფექტიანობაზე.
ქვეყნისთვის საბირჟო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს არსებული საბაზრო ურთიერთობების რეკონსტრუქციის მექანიზმს.
არსებობენ საკმაოდ კვალიფიციური კადრები, რომლებსაც საბირჟო საქმიანობისა და დარგობრივი ბაზრების ანალიზის კომპლექსური ცოდნა აქვთ კორპორაციულ ფინანსებსა და სამართალში, რასაც ვერ დაიკვეხნის მაღალანაზღაურებადი, საქართველოში მოღვაწე ბევრი უცხოელი ექსპერტი.
_ რა არის მნიშვნელოვანი ამ ამოცანის განსახორციელებლად?
_ მისი რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის პოზიცია, ანუ რამდენად გაიაზრებენ ქვეყნისა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგის მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სასაქონლო ბირჟის ხელშეწყობისა და ფორმირების აუცილებლობას.
საკითხავია, რატომ გახდნენ იგივე ლონდონი ან სინგაპური საფინანსო ცენტრები, ან შვეიცარია საბანკო ქვეყანა? – რადგან მათ შექმნეს ისეთი წინაპირობები, რომელიც კონკურენტულ უპირატესობაში იყო სხვა ქვეყნებთან. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა ისტორიული დერეფნით, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იგი!

ნინო ტაბაღუა