ორმოში ჩავარდნილი ეკლესია

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ვსაუბრობთ ინსტიტუტზე, რომელმაც ქვეყნის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ერისა და სახელმწიფოს იდენტობის მისია იტვირთა. დღეს ეკლესიის წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლოა, ორ ნაწილად გავყოთ _ გარე და შიდა და აქვე დავსვათ კითხვა: რამდენად უმკლავდება ეკლესია ამ გამოწვევებს და პირიქით, ზოგჯერ თავად ხომ არ არის ამ გამოწვევებში ჩართული, პროცესების მაპროვოცირებელი, რითაც თვითდაზიანებას აყენებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტსა და სახელმწიფოსაც?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიზნები და მისი გეოპოლიტიკური თუ კულტურული მისწრაფებები ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობისას განისაზღვრა, რაც ბრწყინვალედ გადმოგვცა გიორგი მერჩულემ. სწორედ ამ გზაზე იდგა და ასე ვითარდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ვიდრე რუსეთის იმპერიის საჯიჯგნი არ გახდა. სამწუხაროა, რომ ამჟამადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ნეოიპერიალისტური პოლიტიკის მიზნების განმხორციელებლად გვევლინება. ეს იმის მიუხედავად, რომ XX საუკუნის 20-იანი წლების დასასრულამდე უამრავმა საერო და საეკლესიო მოღვაწემ გულწრფელად სცადა დედა ეკლესიის სწორი მიმართულებით წარმართვა. მხედველობაში მყავს ილია ჭავჭავაძე, კათოლიკოსები კირიონი, ამბროსი და სხვა მოღვაწეები.
გაგახსენებთ უმნიშვნელოვანეს სიტყვებს, რომელიც წინ უძღოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას 1917 წელს, ნათქვამს კირიონ II-ის მიერ: „ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია“.
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრული მოცემულობით, არ ვგულისხმობ ცალკეულ ინდივიდუალურ გამონათებებს, აბსოლუტურად აცდენილია იმ გზასა და მიზნებს, რომლებიც საუკუნეების წინათ განისაზღვრა და რომელიც ქართველი ერის კულტურული იდენტობის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ არის ეკლესიის წიაღში ასეთი გულყრა და მოწიწება რუსეთისა და რუსული ეკლესიის მიმართ.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ დღევანდელ პირობებში, გეოპოლიტიკური გამოწვევების პარალელურად, ეკლესიის იდეოლოგიური ამოცანა და მისწრაფება უნდა განისაზღვროს და დაეფუძნოს სამ უმთავრეს ქრისტიანულ ღირებულებას _ თავისუფლებას, სამართლიანობასა და სიყვარულს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მუდამ ჰქონდა თვითგანწმენდის ძალა, ინსტინქტი და დღეს ამ მიმართებით უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, ეს იქნება ადეკვატური პასუხი იმ უამრავი გლობალური გამოწვევისთვის, რომელიც ეკლესიის წინაშე დგას.
გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწორი განვითარების პირობებში ძალუძს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა აღმოუჩინოს სახელმწიფოს უამრავი გეოპოლიტიკური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც აწუხებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ გლობალური შინაარსის მატარებელია.
და ახლა შიდა პრობლემების შესახებ კონკრეტული სურვილებისა თუ მაგალითების საფუძველზე:
ეკლესიამ თავი უნდა დაანებოს სახელმწიფოს დაშანტაჟებასა და მასზე ძალადობას. არავის დედამიწის ზურგზე არ აქვს უფლება, საქართველოს სახელმწიფოს, რომელსაც კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა, გამოხატავდეს პოლიციელი, ჯარისკაცი, სასამართლო, გამომძიებელი, საჯარო მოხელე, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი _ ყური აუწიოს და იძალადოს მასზე. დღეს ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს, _ მასების მართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, პროგრესის საწინააღმდეგოდ (პროგრესი იმთავითვე გულისხმობს ქართველი ერის კულტურული იდენტობის უცილობელ შენარჩუნებასა და განვითარებას), თუ სახელმწიფოს პარტნიორობა მასების მსახურებით? თუ ეს უკანასკნელია ამოცანა, მაშინ პროცესები თვითგანწმენდით უნდა დაიწყოს.
ორმაგი სტანდარტი და აბსოლუტური უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ეკლესიის წიაღში (დავაკონკრეტებ – საპატრიარქოში), დაუშვებელი და მავნებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
მაგალითად: 1. ცხადია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენას მკვლელობა არ ჰქონდა განზრახული. რეალურად, ეს ვერ დაადასტურა სასამართლომ. საპატრიარქო ამ განაჩენს დაეთანხმა. მაგრამ თუ დეკანოზი მამალაძე პატრიარქის მოკვლას აპირებდა, ფაქტია, რომ მას ჰყავდა ან ეყოლებოდა თანამზრახველები როგორც ეკლესიის წიაღში, ასევე მის გარეთაც. ჩვენ კი ვხედავთ, რომ ამ ვითარებაში საპატრიარქო დაეთანხმა შორენას მკვლელობის ვერსიას. ანუ რასთან გვაქვს საქმე? განა, ეს არ არის დანაშაულის დაფარვა და არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს?
2. ჩვენ საკენკად შემოგვიგდეს, რომ საპატრიარქოში _ ეკლესიაში არსებობს პროდასავლური ფრთა და პროდასავლური ღირებულებების მატარებელი მღვდელმთავრები. მაგრამ დააკვირდით ე. წ. პროდასავლელი მეუფე იაკობის მაფიოზურ აზროვნებას. დააკვირდით მის განცხადებას, რომელიც ვაშინგტონში გააკეთა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, თუ პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებს, მაგრამ მამალაძემ ამის შემდეგ პირი არ უნდა გააღოს და არაფერი თქვას დაკავებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე. ეს დემოკრატიული, დასავლური ღირებულებაა, თუ გნებავთ, ქრისტიანული, რომელიც არათუ საეკლესიო მოღვაწეს, თითოეულ ჩვენგანს აძლევს მხილების უფლებას?
3. საპატრიარქოს დღის წესრიგი და მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას ვგულისხმობ _ საპატრიარქო არ უნდა მოქმედებდეს ლგბტ ან სხვა თემისა თუ ინტერესჯგუფების დღის წესრიგით და არათუ ცალკეულ საერო ღონისძიებებს აწესებდეს მათ საპირწონედ, არამედ არ უნდა რეაგირებდეს ასეთ თემებზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს წარმოაჩენს საპატრიარქოს მყარ რწმენას მის მიერ ნაქადაგები ღირებულებების საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპატრიარქო ჩართულია იმ დღის წესრიგში, რაც ქართული საზოგადოების მენტალურ გახლეჩას ემსახურება. ანუ ამით ხდება იმის ნიველირება, რომ სიტყვაა უმთავრესი. სიტყვით მოაქცია, სიტყვით გაიყოლა მაცხოვარმა მისი მიმდევრები და არა ძალით;
4. თავი დავანებოთ ახლა იმაზე საუბარს, რა იდეოლოგიური ორიენტაციისაა მოსაყდრე. რეალურად დღეს ის არის პირი, რომელიც არალეგიტიმურია და საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მოთხოვნის იგნორირებითა და დარღვევით ასრულებს მოსაყდრის მოვალეობას. რადგან დებულებაში შავით თეთრზე წერია მოსაყდრის დადგენის წესი. და აქ ჩნდება უმთავრესი კითხვა, როდესაც მოსაყდრე საკუთარ საქმიანობას ან მოღვაწეობას ახორციელებს საეკლესიო წესების დარღვევით, არ გვაქვს კი საფუძველი იმისა, გაგვიჩნდეს ეჭვი შემდგომ მისი სამართლიანობის შესახებ? გვაქვს კი ჩვენ იმის უფლება, არ გვქონდეს განცდა, არ გაგვიჩნდეს კითხვა, _ რატომ? თუ პატრიარქის ნებაზე მოვახდეთ აპელირებას, მაშინ ესეც უნდა ვიკითხოთ, _ ჩვენს ეკლესიას რომის პაპი ხომ არ მართავს, რომლისთვისაც უფლებების განსაზღვრა, რომ ის იყო ღმერთი დედამიწაზე, თავის დროზე, ქრისტიანობის გახლეჩის ერთ-ერთი მიზეზი გახდა?
ბოლო დღეების განმავლობაში ცალკეული საერო ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინე განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკვე არჩეულია და არავის მიეცემა უფლება, ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რომ მილიონობით ადამიანი შემოერტყმევა გარს ეკლესიას და მის მტრებს სინოდიში არ მისცემს ამ გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას. ეს არის უაღრესად საშიში დათქმა, უაღრესად საშიში ტენდენცია, მიმართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს გახლავთ არათუ ერის დაპირისპირების, მისი გახლეჩისა და უდიდესი განსაცდელის წინაშე დაყენების მცდელობა, არამედ ეს გახლავთ მზადება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევისა და დაშლისთვის.
ცხადია, რომ ეს მოლოდინი თუ უკვე ვიღაცის თავში გადახარშული და დადგენილია, გადაწყვეტილება ესკალაციისთვის ხდება და თითოეულმა მღვდელმსახურმა, რომელიც ამ პროცესების უკან დგას, სწორად უნდა გაიაზროს საკუთარი ქმედებების შედეგები, რადგან მოვლენების ასეთი ფორმით განვითარება იქნება ნაბიჯი უკან და დაბრუნება არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ სახელმწიფოებრივ მონობაში.
დაბოლოს, დღეს ეკლესია ორმოში ჩავარდნილ ცხვარს ჰგავს, რომელიც ორმოდან ამოსვლას კი არ ლამობს, არამედ გადარჩენა ორმოს გაღრმავება და თხრა ჰგონია. დროა, ეკლესიამ თვითგანწმენდისა და რეფორმებისკენ გადადგას რეალური ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. რწმენა? რწმენას ვერაფერს დააკლებს და პროცესები თუ ასე გაგრძელდება, ადამიანებს ღმერთთან სასაუბროდ სულ მალე ღვთისმსახურები სულაც არ დასჭირდებათ.

გოჩა მირცხულავა