დასაქმებულები მხოლოდ თბილისში არიან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი ანგარიშის თანახმად, თბილისი ორჯერ მეტ ადამიანს ასაქმებს, ვიდრე დანარჩენი საქართველო.
ამ კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ რაოდენობრივად მცირეა არაკვალიფიციური მუშების, ოფისის პერსონალის, მომსახურებისა და სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანების, ხელოსნებისა და სამრეწველო მოწყობილობების ოპერატორების რაოდენობა, ყველაზე მცირე კი სოფლის მეურნეობის სექტორზე მოდის.

კვლევა გარდა სტატისტიკური მონაცემებისა, ასევე თვისებრივი ხასიათისაა და გამოყოფს კონკრეტულ მიზეზებს, რაც უმეტეს შემთხვევაში დასაქმების მსურველის წარუმატებლობის ან მისი უმუშევრობის მიზეზი ხდება. ის ასევე ასახელებს და აკონკრეტებს პრობლემებს, რაც თავს იჩენს კადრის აყვანის პროცესში. ანგარიშის თანახმად, სამსახურში აყვანის დროს მთავარი წინააღმდეგობა ტექნიკური უნარების ცოდნის ნაკლებობაზე მოდის. 16% ჯგუფურად მუშაობის უნარს, 13% კი ახალი ინფორმაციებისა და უნარების შეძენას ასახელებს. შემდეგ მოდის გამოთვლის, წაკითხვისა და ცხრილების გამოყენება, ინფორმაციის გაცნობა და გადმოცემის უნარი, ბოლო პრობლემა კი კადრის აყვანისას ლიდერობის უნარის ნაკლებობაა.
ეკონომიკის სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დასაქმება საკმაოდ კომპლექსური და, ამავდროულად, პრობლემური საკითხია ჩვენს ქვეყანაში.
გარდა უმუშევრობის პრობლემისა, ხარვეზები თავს იჩენს ასევე შრომით ბაზარზე, რომელიც უმეტესად არათანაბარია და, შეიძლება ითქვას, თავისი ფორმით ძალიან ჰგავს თავკომბალას.
კვლევას რომ თავი დავანებოთ, ისედაც ადვილი დასანახი და მისახვედრია, რომ შრომითი რესურსების უმეტესობა თავმოყრილია თბილისში, დანარჩენი საქართველო კი ნაკლებად განვითარებული და კიდევ უფრო ნაკლებად დასაქმებულიცაა.
– რა გახდა ამის მიზეზი?
– როგორ იქცა თბილისი საქართველოს ეკონომიკურ ცენტრად და, ამავდროულად, შრომითი ბაზრის უპირობო ლიდერად?
ზოგადად მსოფლიოში დამკვიდრებულია კანონზომიერება, რომელიც ქვეყნის ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობის გადანაწილების წესს განსაზღვრავს. ამ წესს „ზიფის წესსაც“ უწოდებენ, რომლის თანახმადაც, თუ ქვეყნის უდიდესი ქალაქის მოსახლეობა არის 1000 კაცი, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა ამაზე დაახლოებით ორჯერ მცირე იქნება და ის 500 კაცს შეადგენს, მესამე ქალაქის მოსახლეობა უდიდესზე სამჯერ მცირე იქნება და 330 კაცს შეადგენს. სიდიდით მეოთხე ქალაქის მოსახლეობა 200 კაცი იქნება და ა. შ.
ამ კანონზომიერებიდან თვალსაჩინო გადახვევას წარმოადგენს საქართველო და მისი ქალაქები, სადაც თბილისია წამყვანი არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობით, ასევე ეკონომიკური და სოციალური გარემოს განვითარებულობითაცა.
შეიძლება დავასკვნათ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებიდან გადახვევა, რომელიც ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში ნორმაა, არასახარბიელოდ აისახება თავად ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც, პირველ რიგში, იმაში ვლინდება, რომ საქართველოში შრომითი ბაზარი სრულად ცენტრალიზებული და არათანაბარია.
საქართველოს შემთხვევაში სრულიად განსხვავებული პროპორცია გვაქვს: თბილისი _ 1.12 მილიონი მცხოვრებელი, ბათუმი _ 153 ათასი მცხოვრები, ქუთაისი _ 147 ათასი მცხოვრები, რუსთავი _ 125 ათასი მცხოვრები. ბუნებრივი განაწილების შემთხვევაში ბათუმის მოსახლეობა ნახევარ მილიონამდე უნდა ყოფილიყო, ხოლო ქუთაისის მოსახლეობა _ 300.000-ზე მეტი.
ეს არაპროპორციულობა იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ შრომითი ძალების უმეტესი ნაწილი სწორედ დედაქალაქშია თავმოყრილი და, შესაბამისად, ნაკლებად ვითარდება სხვადასხვა დარგი საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა და რეგიონებში.
ექსპერტების შეფასებით, დედაქალაქის მოსახლეობისა და მისი ზომის ზრდის მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული მიგრაციული პროცესები და შობადობის ბუმია. ასეთი მაღალი ტემპით სხვა ქალაქების ზრდა არ მომხდარა.
საქართველოში შრომითი რესურსების არათანაბარი გადანაწილება პირდაპირ უკავშირდება ურბანიზაციის პროცესს, ურბანიზაცია კი, თავის მხრივ, ქალაქების არაპროპორციული განვითარებულობითაა განპირობებული.
ქალაქად გადასული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგიონების დატოვების მიზეზად ქალაქში მეტ სამუშაო ადგილსა და რეალიზების მეტ შესაძლებლობას ასახელებს.
ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩამოდის დედაქალაქში განათლების მისაღებად, ასევე სამუშაოდ და სხვა მიზნით. სწორედ ამიტომაც დედაქალაქში რეალურად ბევრად მეტი სამუშაო რესურსია ათვისებული, ვიდრე სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში, სადაც შრომითი ბაზარი შედარებით ღარიბი და ნაკლებად განვითარებულია.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შრომითი რესურსების ასეთმა არათანაბარმა განაწილებამ ქვეყნის საერთო ეკონომიკაზე და რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციული პროცესების პრევენციისთვის? „ქრონიკა+“-ის კითხვებს პროფკავშირის ეკონომიკური ანალიტიკოსი _ გიორგი ჭანტურიძე პასუხობს:
_ საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა 2018 წელს ეკონომიკური აქტივობა გადაიანგარიშა 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ უმუშევრობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე მანამდე იყო და 2017 წლის მდგომარეობით შეადგენდა 13,9%-ს. ქალაქად დასაქმებულია 767 ათასი, ხოლო სოფლად 939 ათასი ადამიანი. დასაქმებულთაგან დაქირავებით დასაქმებულად ითვლება 824 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულად 881 ათასი ადამიანი. ამ კუთხით გადაანგარიშებისას მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, მანამდე დაქირავებით დასაქმებულად ითვლებოდა 745 ათასი, ხოლო თვითდასაქმებულად 1 010 000 ადამიანი. ეს ცვლილება განპირობებულია იმით, რომ აღწერამ გამოავლინა შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები.
საქსტატი ამ სტატისტიკის შედგენისას შინამეურნეობების გამოკითხვას ეყრდნობა, სადაც 3500 ოჯახი მონაწილეობს. უმუშევრობის დონე ქალაქებში აღწევს 22,8%-ს, მაშინ როცა საქსტატის მიხედვით სოფლად უმუშევრობა მხოლოდ 5,1%-ს შეადგენს. აღწერამ კი გამოავლინა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი საცხოვრებლად სოფლიდან ქალაქში გადავიდა.
ქალაქებში ჭარბობს დაქირავებით დასაქმება, ხოლო სოფლად თვითდასაქმება. დასაქმების დონის გამოთვლის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა, ამასთან გაიზარდა უმუშევრობის საერთო დონე.
იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მოსახლეობის უმეტესობა ჩართულია სოფლის მეურნეობაში, სოფლად დასაქმებულთა 74,5%-ს შეადგენენ თვითდასაქმებულები. მხოლოდ 25,5%-ია დაქირავებით დასაქმებული, რაც შეადგენს 238 ათას ადამიანს. ქალაქებში კი პირიქით 23,5%-ია თვითდასაქმებული, ხოლო 76,5%, ანუ 585 ათასი _ დაქირავებით დასაქმებული.
საქსტატის მიხედვით საშუალო ხელფასი 2016 წელს შეადგენდა 940 ლარს. აქ, რა თქმა უნდა, შედის უმაღლესი მენეჯმენტის ხლეფასებიც, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ მაჩვენებელს. რეალურად ხელფასები ძალზე არათანაბრად არის გადანაწილებული და მრავალი ათასი ადამიანი 100 ლარზე ნაკლებ ხელფასსაც კი იღებს. საშუალო ხელფასი ითვალისწინებს მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია და მათი შემოსავალი ამ სტატისტიკაში არ აისახება. გადახდილი საშემოსავლო გადასახადიდან გამომდინარე შესაძლებელია, მიახლოებით გამოვთვალოთ სოფლად დასაქმებულთა საშუალო შემოსავალი. ეს მაჩვენებელი 200 ლარს არ აღემატება.
ქალაქსა და სოფელს შორის შემოსავლების ასეთი დრამატული სხვაობა იწვევს მწვავე მიგრაციულ პროცესებს სოფლიდან ქალაქისკენ. სახელმწიფო თვითდასაქმებულად მიიჩნევს მასაც, ვინც საკუთარ მცირე ნაკვეთს ამუშავებს ან სხვა ნებისმიერი გზით მოიპოვებს საარსებო წყაროს. რეალურად კი სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც თვითდასაქმებულად მიიჩნევენ, არ მუშაობს და მათი შემოსავალი არსებობისთვისაც კი არ არის საკმარისი. მსგავსი პროცესების გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ქართული სოფლები გააგრძელებს დაცარიელებას. ამას ემატება ისიც, რომ გარე მიგრაციის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. 2002-დან 2014 წლამდე მოსახლეობა 700 ათასზე მეტით შემცირდა.
იმისთვის, რომ სოფლები არ დაიცალოს, საჭიროა სოფლის მოსახლეობისთვის მხარდამჭერი პროგრამების არსებობა.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა ქვეყნის დეინდუსტრიალიზაცია, რამაც გამოიწვია მოსახლეობის გადართვა სოფლის მეურნეობაზე და დაბალშემოსავლიან მომსახურებაზე. სოფლის მეურნეობაში შრომის ნაყოფიერება ძალზე დაბალია. სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მოსახლეობისთვის თანამედროვე მეთოდოლოგიების სწავლებით და მათი საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფით, გაზარდოს სოფლის მოსახლეობის შრომის ნაყოფიერება და შესაბამისად მათი შემოსავალი. ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა სოფლად მოსახლეობის შენარჩუნება.
უმუშევრობა ნომერ პირველი პრობლემაა არა მხოლოდ სოფლებში, არამედ ქალაქებშიც, მათ შორის, დედაქალაქშიც. უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, რაც ეკონომიკური ზრდით მიიღწევა. თუმცა ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში დიდი სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობაა _ არსებობს გარკვეული სამუშაო ადგილები, რომელზედაც დამსაქმებელი ამბობს, რომ ვერ პოულობს შესაბამის კადრს. ამ მიმართულებით აუცილებელია ქვეყანამ გამოიყენოს დასაქმების პროგრამები, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლისა და დასაქმებულის დაკავშირებას, ხოლო მეორე მხრივ სამუშაოს მაძიებელთა გადამზადებით მათ შესძენს შრომის ბაზარზე მოთხოვნად უნარ-ჩვევებს.
დღეისთვის სახელმწიფო ახორციელებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 2 090 000 ლარს. ეს თანხა საკმარისია მხოლოდ 2 ათასი ადამიანის გადასამზადებლად, რაც არასაკმარისია იმ 276-ათასიან უმუშევრობასთან გასამკლევებლად, რომელიც დღეს ქვეყანაშია. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა, სახელმწიფო მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და არ გამოყოფს საკმარის რესურსებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მცირე ქალაქებისა და რეგიონების განუვითარებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის რეალური პრობლემაა. ის ქვეყანაში თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის ცხოვრების დონის არათანაბარი განაწილების უმთავრესი მიზეზია.
ქვეყნის მართვის ორგანოები ძირითადად თბილისშია თავმოყრილი, რაც ადამიანებს სამუშაო ადგილებით იზიდავს. ასევე ამ უწყებების თბილისში კონცენტრაცია დედაქალაქში საქონელსა და მომსახურებაზე მთლიან მოთხოვნაზეც ახდენს გავლენას. ეს სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით ხდება. სახელისუფლებო ორგანოები არაპირდაპირაც ახდენენ დედაქალაქში სამუშაო ადგილებზე გავლენას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით 2050 წელს საქართველოს მოსახლეობის 36% იცხოვრებს სოფლად. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონამდე ადამიანი დატოვებს სოფელს და ქალაქად გადავა.
გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი და როგორ გავლენას მოახდენს ეს ფაქტები საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკასა და მის სოციალურ ფონზე, საკითხავი და გამოსაკვლევი სწორედ ესაა.
მანამდე, სანამ 2018 წელია და შრომითი ბაზარი კვლავ ცენტრალიზებულია ქალაქ თბილისზე, ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ტოვებს არა მხოლოდ სოფლებსა და რეგიონებს, ასევე ქვეყნის საზღვრებსაც უკეთესი ცხოვრებისა და უკეთესი პირობების საძიებლად.
ადამიანური კაპიტალი ის უმთავრესი რესურსია, რომელიც ქვეყნის მთავარ სამუშაო ძალასა და სიმდიდრეს წარმოადგენს, რაზეც არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ ყველა სხვა დარგი დგას.
მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში ეკონომიკა ცენტრალიზებულია და შრომითი რესურსების უმეტესობაც ქალაქებზე მოდის, თუმცა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს გადანაწილება მეტისმეტად არათანაბარი და არაკანონზომიერია, რაც ნახევარზე მეტი საქართველოს განუვითარებლობას განაპირობებს.
რატომ იზრდება თბილისი და ამის ფონზე რატომ ვეღარ ვითარდება დანარჩენი საქართველო, ამ პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი“ _ შოთა გულბანი:
_ პირველ რიგში ეს განპირობებულია იმით, რომ ძირითადი ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში მოდის დედაქალაქზე, რაც ბუნებრივია წარმოქმნის მოთხოვნას სამუშაო ძალაზე. თუმცა, ამავე დროს, უმუშევრობის დონეც ყველაზე მაღალი დედაქალაქშია და ის 24,7%-ს შეადგენს, მაშინ როცა კახეთში 3,7%-ა, შიდა ქართლში _ 12,9%, ქვემო ქართლში _ 14,1%, იმერეთში _ 14% და ა. შ.
ცხადია, ამგვარი მოცემულობა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, როცა თითქმის არანაირი ღონისძიებები არ ტარდებოდა მთავრობის მხრიდან, თუნდაც საკანონმდებლო სტიმულირების წახალისების კუთხით, რომ სოფელში მცხოვრებ ადამიანებს სტიმული ჰქონოდათ იქ დარჩენის.
მოგეხსენებათ, საქართველოში, დაწყებული განათლების მიღებიდან, დამთავრებული ნორმალური სამუშაოს შოვნით, ყველაფერი თავმოყრილია დედაქალაქში და მცირე მასშტაბით სხვა ქალაქებში, ხოლო სოფლად თითქმის არ არსებობს ახალგაზრდა ადამიანისთვის მომავლის დაგეგმვის პრაქტიკული შესაძლებლობები, იმისთვის, რომ მან ცხოვრების მინიმალური სტანდარტები მაინც დაიკმაყოფილოს. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, ახალგაზრდა ადამიანების მოტივაცია, როცა ისინი ქალაქში მოდიან უკეთესი ცხოვრების მისაღწევად. თუ გვინდა, რომ ასე არ მოხდეს, მაშინ რეგიონულ დონეზე მთავრობამ მაქსიმალურად უნდა მოახერხოს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვა და რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა.
ცხადია, ურბანიზაციის მაღალი დონე შედეგია რეგიონებიდან ქალაქში მიგრაციისა, რასაც თავისი ობიექტური ეკონომიკურ-სოციალური საფუძვლები აქვს. მთავრობამ ამ პროცესის შესაჩერებლად სხვადასხვა საკანონმდებლო სტიმულირების მექანიზმი უნდა აამოქმედოს, როგორც საგადასახადო შეღავათების დაწესებით სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის, ისე ფულადი დახმარებების დაწესებით, მაგალითად, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვისაც.
ამ პოლიტიკას მოქმედი მთავრობა, გარკვეულწილად, ახორციელებს, თუმცა შედეგის მისაღებად გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო.

უმუშევრობა ქართული რეალობის ყველა დროის უპირველესი პრობლემაა, თუმცა არანაკლებ საყურადღებო და მტკივნეულია ამ პროცესების სხვა ასპექტი _ თავკომბალა ეკონომიკა, რომელიც თბილისზეა ორიენტირებული, დანარჩენ საქართველოს კი საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის.
და მანამდე, სანამ ათასობით ადამიანი ტოვებს სოფლებს, მერე ქვეყნის საზღვრებსაც, ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები, დასაქმებულები კი მხოლოდ თბილისში არიან.

ანა ურუშაძე