აშენდება თუ არ აშენდება?!

ეს იყო თბილისში, კიდევ უფრო ზუსტად _ ვაკეში და კიდევ უფრო ზუსტად _ ვაკის პარკში.
ეს იყო 2013 წლის დასაწყისი, როდესაც ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ბიზნესჯგუფში შემავალმა ტიფლის დეველოპმენტმა“ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 მილიონამდე თანხა გადაიხადა და გეგმის მიხედვით პარკში 27 მეტრის სიმაღლის, ანუ მიწის ზევით 7, მთლიანობაში კი რვასართულიანი სასტუმროს აშენება დაიწყო.

ამ საქმეს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა. გარემოსდამცველები, ურბანისტები და ქალაქის მცხოვრებლები გაერთიანდნენ და რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენებას დაუპირისპირდნენ. მათმა მასობრივმა და საკმაოდ ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
სკანდალურად ცნობილ პროექტზე უარი 2015 წელს თბილისის მაშინდელმა მერმა დავით ნარმანიამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო თქვა. სწორედ ეს მიზეზი დასახელდა მრავალმილიონიანი ინვესტიციის შეჩერების საფუძვლად.
საზოგადოების განსაკუთრებული დაინტერესება საქმის დეტალებმა გამოიწვია.
სასტუმრო „ბუდაპეშტი“, რომლის აშენებასაც ქართულ-ყაზახური კომპანია საკმაოდ დიდი ინვესტიციების ფასად აპირებდა, საინტერესო ისტორიას ატარებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებობდა რესტორანი სახელწოდებით „ბუდაპეშტი“, რომლის ნაგებობის საერთო ფართობი ორივე სართულზე 480 კვ.მ. იყო. 1998 წელს მანამდე უკვე პრივატიზებული რესტორნის მფლობელებს რესტორნის გარშემო პარკის ტერიტორიიდან 2.864 კვ.მ. ფართი დამატებით გადაეცათ საკუთრებაში. 90-იან წლებში პარკის შუაგულში პრივატიზებული მიწის ეს ნაკვეთი, რომელზედაც სასტუმროს მშენებლობას აპირებენ, ნელ-ნელა გადაიქცა ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიად და დღეს ის უკვე ჭავჭავაძის 68 ნომრად რეგისტრირდება.
2013 წლის 24 ივლისს გიგი უგულავამ ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. 2013 წელს ტერიტორია ამ უფლებასთან ერთად „ტიფლის დეველოპმენტმა“ 2 700 000 დოლარად შეიძინა.
მას შემდეგ, რაც ვაკის პარკის რეკრეაციული ზონის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და გარკვეული სამუშაოებიც დაიწყო შესაბამისი სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, ბუნებისდამცველები ამ საკითხით დაინტერესდნენ და მრავალი ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს ამ ადგილას სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად.
გარდა ამისა, პროტესტისა და წინააღმდეგობის ფორმამ სასამართლოშიც გადაინაცვლა. ბრძანება მშენებლობის ნებართვის შესახებ საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა. მომჩივან მხარეს ზურაბ ბაქრაძე, თეიმურაზ კალანდაძე და ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ წარმოადგენდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ბათილად ცნო თბილისის მერისა და არქიტექტურის სამსახურის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებს დაევალა ხელახალი მსჯელობის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. თბილისის მერიის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაბათილების შესახებ თბილისის მერმა სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრა, შედეგად „ბუდაპეშტის“ მშენებლობა ჩაიშალა.
ორი წლის განმავლობაში მიყუჩებული საქმე გასულ კვირას კვლავ გააქტიურდა. გასულ კვირას თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა.
„მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 28 მაისს მიიღო.
ნიშნავს თუ არა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულ კომპანიებს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განახლების საშუალება კვლავ მიეცემათ და ამით გარემოსა და ქალაქის დაგეგმარებას გარკვეული საფრთხეები კვლავ შეექმნება? _ საკითხავი და გამოსაკვლევი სწორედ ესაა, რასაც დრო გვიჩვენებს.
ამჟამად კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პროექტის განმხორციელებელი კომპანიები შპს „ტიფლის დეველოპმენტი“ და შპს „გრაალი“ ადასტურებენ თავიანთი სამშენებლო ნებართვების კანონიერებას და არ გამორიცხავენ ამ პროექტში კვლავ ჩართვას.
აღსანიშნავი ფაქტია ასევე ისიც, რომ ზედამხედველობის სამსახურმა შპს „ტიფლის დეველოპმენტისა“ და შპს „გრაალის“ საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოკვეთა. გარდა ამისა ურბანისტები ამ პროცესებით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაზე საუბრობენ, ასევე ყურადღებას ამახვლებენ იმაზე, რომ ვაკის პარკის ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები ეწინააღმდეგება კანონს სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის შესახებ 31-ე მუხლს.
საუბარია იმაზე, რომ დისკრეციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ქალაქის მერს და ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელს მხოლოდ დასაბუთების შემთხვევაში. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შემთხვევაში ეს დასაბუთება არ არსებობს, რაც კანონდარღვევაა. დასაბუთების ვალდებულების იგნორირება კი შეიძლება ამ აქტის გაუქმების საფუძველი გახდეს.
საქმეში არსებობს საკმაოდ ბევრი ეჭვი და კითხვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელი და პასუხგაუცემელია.
სადავოა ასევე მერიის გადაწყვეტილება, რომელიც ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობდა ინვესტორებს ვაკის პარკის ამ კონკრეტული ადგილის სანაცვლოდ თავისი არქიტექტურული მშენებლობისთვის.
როგორც კომპანია შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ მიმართ თბილისის მერია ახორციელებდა ზეწოლას და აიძულებდა მათ, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ მიეღოთ ნაკვეთები ვარკეთილსა და ვაზისუბანში, რაც მათთვის სრულად მიუღებელი და გაურკვეველიც კი იყო.
2016 წლის აპრილში დაწყებული განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება _ „მწვანე ალტერნატივის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“ აპელაცია დაკმაყოფილდა.
შპს „ტიფლის კოსტავა“ და შპს „გრაალი“ ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კვლავ ააქტიურებს წლების განმავლობაში მიყუჩებულ საკითხს, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და მუდმივ დავას იწვევს როგორც ქალაქის მცხოვრებლებს, ასევე ეკოლოგებსა და ურბანისტებს შორის.
საინტერესოა, განახლდება თუ არა სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკის რეკრეაციულ ზონაში და იქნება თუ არა ამ პროექტის ინვესტორები კვლავ ზემოთ ხსენებული შპს „ტიფლის დეველოპმენტი“ და შპს „გრაალი“, რომელთა სახელს საკმაოდ ბევრი ხარვეზი და სადავო გადაწყვეტილება უკავშირდება?
„ქრონიკა+“ შპს „ტიფლის დეველოპმენტისა“ და მისი მესვეურების კვალს მიჰყვა.
და მაინც, რას წარმოადგენს უმსხვილესი ქართულ-ყაზახური კომპანია, რომელიც უკვე წლებია, აქტიურად ცდილობს ვაკის პარკში შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამ ძვირადღირებულ პროექტზე არ ამბობს უარს?!
„ტიფლის დეველოპმენტი“ ქართულ-ყაზახურ საინვესტიციო ჯგუფში შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2007 წლის მაისში შეიქმნა. ის რეგიონებშიც მოღვაწეობს და ასევე დედაქალაქის სხვადასხვა უბანში საქმიანობს.
შპს „ტიფლის დეველოპმენტი“ მომხმარებელს სთავაზობს როგორც საცხოვრებელ, ასევე საოფისე ფართებს. ის აშენებს თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობებს.
კომპანიის სამართლებრივი ფორმა გახლავთ შპს, არ აცხადებს ტენდერებს და თავადაც იშვიათად მონაწილეობს სხვადასხვა სატენდერო პროცესში.
საჯარო რეესტრის იურიდიული პირების ამონაწერით ვიგებთ, რომ შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორია გიორგი ზაქაიძე, მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე კი გახლავთ ყაზახეთის მოქალაქე ალექსანდრ კანტარევი.
რაც შეეხება მის დირექტორ გიორგი ზაქაიძეს, მას აქვს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 15 კომპანია. აქედან უმეტესობა შპს „ტიფლის დეველოპმენტის“ ცალკეული შვილობილი კომპანიებია. მათ შორის, შპს „ტიფლის საბურთალო“, შპს „ტიფლის ბილდინგი“ და შპს „ტიფლის ვერე“.
უმეტესობა ამ კომპანიებში ზაქაიძე იკავებს დირექტორის თანამდებობას.
თავად ზაქაიძისა და მისი კომპანიის სახელი წარსულში საკმაოდ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება.
2014 წლის დასაწყისისთვის სამშენებლო კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ (ყოფილი X ჯგუფი საქართველო და სითი ჯგუფი საქართველო) ერთ-ერთი დამფუძნებელი და 50%-იანი წილის მფლობელი იყო ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე. ის დააკავეს ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის გამო, რის მოტივადაც პირადი შურისძიება დასახელდა. სწორედ ამ პატიმრობის დროს დაკარგა ნამორაძემ ქონება, მისი წილი „ტიფლის დეველოპმენტში“ კი სრულად გადავიდა ზაქაიძის ხელში.
ცოტა ხნის შემდეგ კომპანიის სათავეში აღმოჩნდა ყაზახეთის მოქალაქე აზამატ სმაგულოვია, ზაქაიძემ კი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა.
რაც შეეხება კომპანიის ამჟამინდელ მესაკუთრეს, რომელიც ეროვნებით ასევე ყაზახეთის მოქალაქეა, ალექსანდრ კანტარევს, ის თბილისში, გარდა „ტიფლის დეველოპმენტისა“, ასევე ფლობს კიდევ ერთ კომპანიას, რომლის სახელწოდებათ გახლავთ შპს „თ.ბ.თ. ჯგუფი“. ეს კომპანია 2006 წელს დაარსდა, მისი დირექტორი კი ზურაბ ლორთქიფანიძეა.
კომპანიას საკმაოდ მძიმე პერიოდები ჰქონდა, განსაკუთრებით გასულ წელს, როდესაც კომპანიის მესაკუთრე ალექსადრ კანტარევი იძულებული შეიქნა, საკუთარი არამატერიალური ქონება, ანუ კომპანიის სრული წილი გირავნობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგეი მიტრიაშკინისთვის.
ასევე უნდა აღინიშნოს „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორ გიორგი ზაქაიძის ოჯახური კავშირები, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
როგორც ცნობილია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავებ შენობაშია, რომელიც თბილისში ჭოველიძის 10 ნომერშია. სამინისტრომ ეს შენობა შპს „ბიზნეს ცენტრ ბელინსკისგან“ იქირავა. თავის მხრივ ეს კომპანია „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ მიერაა დაფუძნებული. „ტიფლის ბიზნეს ჯგუფი“ კი 2013 წელს დააფუძნა ცაცა კვირიკაშვილმა. ეს უკანასკნელი, არც მეტი არც ნაკლები, ბიზნესმენ გიორგი ზაქაიძის დედაა.
საკითხავია, ეს ოჯახური კავშირი რა გავლენას ახდენს თავად ამ კომპანიების ბიზნეს საქმიანობაზე და რამდენად აისახება სამშენებლო საქმიანობაში მათ წარმატებაზე?
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ბურუსით მოცული საქმე უკვე წლებია, აქტუალურია, თუმცა, ამავდროულად, გაურკვეველი და ჩახლართულიც. ერთადერთი კითხვა, რაც არ იცვლება და მუდმივად აქტუალურია, ეს ვაკის პარკის რეკრეაციულ მნიშვნებლობასა და მის გარემოზე ამ მშენებლობის გავლენას ეხება.
ვაკის პარკს, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა, ჯერ კიდევ, 1946 წელს დაიწყო და მწვანე ზოლის შესაქმნელად 200 ჰა გამოიყო.
ვაკის პარკის, როგორც ქალაქის რეკრეაციული ზონის მნიშვნელობას, ყველა ერთხმად აღიარებს. ამავდროულად, კარგად შესამჩნევია ის ეკოლოგიური პრობლემები, რაც პარკს უკვე წლებია, აწუხებს. 2002 წლიდან დღემდე მცირდება პარკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცე და იკლებს მწვანე საფარი.
აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის გააქტიურება და სასტუმროს განთავსება შეაფერხებს პარკის ფუნქციონირებას და, ამავდროულად, საფრთხეს შეუქმნის ქალაქის საერთო ეკოლოგიურ მდგომარეობას.
პარკების კულტურა ურბანული მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ქალაქდაგეგმარებას და მის სწორ დაბალანსებას მისი მცხოვრებლებისთვის.

– რა გავლენა ექნება თბილისის ეკოლოგიაზე ამ მასშტაბურ მშენებლობას?
– რა საფრთხეები ახლავს თან სასტუმროს განთავსებას რეკრეაციულ ზონაში?

ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკოლოგი, „საბუკოს“ დირექტორი _ ნათია ჯავახიშვილი:
„რიგი მიზეზების გამო არ არის მიზანშეწონილი მსგავსი მშენებლობა.
თვითონ ვაკის პარკი სარეკრეაციო ზონაა და შესაბამისად, თუ ვაკის პარკში სასტუმრო აშენდება, რომელიც მარტო შენობა არ არის და ამას თან ახლავს პარკირების ზონა, აუზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, იგი ვაკის პარკს, როგორც რეკრეაციულ ზონას, ცალსახად დაუკარგავს ფასს: გაიზრდება ხმაური, მოიჭრება ხეები და ა. შ. შესაბამისად, არაფერი დარჩება რეკრეაციული ზონიდან და თავად თბილისს თავისი ისტორიული რეკრეაციული ზონა წაერთმევა.
ვაკის პარკს აქვს ეკოლოგიური მნიშვნელობაც იმდენად, რამდენადაც, ჯერ კიდევ, წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების კუთხით საინტერესო ადგილს, მაგალითად, ფრინველების სახეობების შესწავლის დროს, ვაკის პარკს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება, შესაძლებელია ბავშვების გაყვანა, სხვადასხვა ფრინველის ჩვენება და ა.შ, ასეთი ადგილი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვებმა ბუნებასთან კავშირი შეინარჩუნონ.
ჰაერის დაბინძურების კატასტროფულ ფონზე, რომელიც თბილისშია და მერიის უუნარობითაა განპირობებული, ჩემი აზრით, უფრო და უფრო მეტი ხის დარგვასა და ზოგადად მწვანე საფრის მასშტაბების გაზრდას უნდა ვცდილობდეთ და არა სასტუმროების აშენებას, რომელიც დამატებითი წნეხია ჰაერის ხარისხზე.
ცალსახაა, რომ ეს სასტუმრო მოსახლეობის, თბილისის მცხოვრებლების ინტერესში არ შედის. სამწუხაროდ, ჩვენი აზრი აღარავის აინტერესებს“.

„ტიფლის დეველოპმენტის“ წარმომადგენლების განცხადებით, თუ ისინი კვლავ იქნებიან ამ პროექტში და განაახლებენ მშენებლობას, აუცილებლად გაითვალისწინებენ მოწინააღმდეგეების პოზიციას და მათთან შეთანხმებით არ გამორიცხავენ თავად სასტუმროს პროექტის ცვლილებასაც, რომლის ბიუჯეტადაც უკვე დასახელდა 22 მილიონი ლარი.
ყოფნა-არყოფნასავით სადავო საკითხად დღეს დედაქალქში სასტუმროს აშენება-არაშენების თემა დგას, რომელიც ვაკის პარკში უნდა განთავსდეს.
მანამდე კი, სანამ მერიის გადაწყვეტილებებს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანცია კიდევ უფრო სხვადასხვანაირად განიხილავს და გადაწყვეტს, ვაკის პარკის ბედი გაურკვეველი რჩება, რომელიც უკვე წლებია, დედაქალაქის უმთავრეს რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს.

ანა ურუშაძე