მშენებლობა და დაზარალებული ემიგრანტები

უკვე რამდენიმე თვეა, მოქალაქეების პროტესტის საგანი ხდება სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ საქმიანობა, მათი უკანონოდ წამოწყებული მშენებლობები, თანხის მითვისება და კონტაქტზე არგამოსვლა.

საქმე ის გახლავთ, რომ 2016 წლიდან აქტიურად დაიწყო და წარმატებითაც გაგრძელდა აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მხრიდან ემიგრანტებისთვის სპეციალური შეთავაზება, რომელიც წინასწარი შენატანის გარეშე შეღავათიან პროცენტში კონკრეტული ბინის შეძენას გულისხმობდა. მშენებლობას აზღვევდა სადაზღვეო კომპანია „ალდაგი“, რაც დამატებით სანდოობის განცდას უჩენდა მენაშენეებს. სპეციალური კურთხევა მიიღეს ემიგრანტებმა პატრიარქისგანაც, რომ სწორედ ამ კომპანიაში შეეძინათ მშენებარე ბინები და ყველანაირი შეღავათით ესარგებლათ.
ყველასთვის გასაკვირად მოვლენები ისე განვითარდა, რომ „სვეტი დეველოპმენტის“ ორ ობიექტზე, მირცხულავასა და ჭყონდიდელის ქუჩებზე, მიმდინარე მშენებლობები ისე შეწყდა, რომ რამდენიმე ბლოკი საერთოდ არ დაწყებულა, რამდენიმეში კი მხოლოდ საძირკველი ჩაიყარა. აღმოჩნდა, რომ კომპანიას ზოგიერთი კომპლექსის მშენებლობის პროექტი არც კი წარუდგენია მერიაში და შესაბამისად, მშენებლობის ნებართვაც არ ჰქონდათ! შეწყვიტეს კომუნიკაცია სადაზღვევო კომპანიასთანაც, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი „თამაშიდან გავიდა“.
დღეის მდგომარეობით მენაშენეების ნაწილს ბინა უკვე უნდა ჰქონდეს, თუმცა მათ არათუ ბინა აქვთ, არამედ მისი მშენებლობა არც კი დაწყებულა! პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს სადაზღვევო კომპანიასაც.
ერთადერთი, ვისი უფლებებიც განსაკუთრებულად ირღვევა, ეს ისევ მენაშენეები არიან. ისინი პერმანენტულად მართავენ საპროტესტო აქციებს და დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვენ. მათ ნაწილს სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი, ნაწილს კი _ პროკურატურაში.

სალომე დუნდუა _ კომპანია „სვეტის“ ერთ-ერთი მენაშენე:
„ჩვენ 2017 წელს შევიძინეთ ბინა. სამშენებლო კომპანია „სვეტს“ ძალიან კარგი პიარკამპანია ჰქონდა გაკეთებული, რომელშიც გამოიყენა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და სუხიშვილები. როგორც კლიენტს ყველაზე მეტად რამაც დამაინტერესა, ეს იყო სადაზღვევო კომპანიის როლი ამ პროექტში.
ვაპირებ, რომ, პირველ რიგში, კომპანია „ალდაგს“ ვუჩივლო! ჩემი ნდობა სწორედ იმან აამაღლა, რომ მშენებლობა მისით იყო დაზღვეული. მანამდე მთელი ქალაქი მოვიარე და დაზღვეული მშენებლობა არსად შემხვედრია! ჩვენ კი ხელშეკრულებაში გვიწერია, რომ თუკი „სვეტი დეველოპმენტი“ ვერ შეძლებს პროექტის დასრულებას ან რაიმე ხარვეზი იქნება, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ვალდებულია, ჩაანაცვლოს იგი სხვა კომპანიით _ ეს ერთი წინადადება იყო ამ აფერის დასაწყისი! ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ სამშენებლო კომპანიამ მშენებლობისთვის ტერიტორია შემოღობა, რაც კანონდარღვევა იყო და რაშიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ურევია ნარმანიას ხელი!!! უნებართვოდ დღეს 2 მეტრსაც ვერ შემოღობავს ადამიანი და ამ კომპანიამ ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე უზარმაზარი ტერიტორია შემოღობა! ამას რომ თავი დავანებოთ, ხელმძღვანელები ეჭიდებიან გეერგეს დოკუმენტს (განაშენიანების რეგულირების გეგმა), არადა, ეს გეგმა არ არის სათანადო დოკუმენტი მშენებლობის საწარმოებლად, ამისთვის მშენებლობის ნებართვაა უზენაესი საბუთი, რომლიც, თურმე, მათ არ ჰქონდათ!
ვფიქრობ, ზედამხედველობის სამსახურიდან დაწყებული, ნარმანიათი დამთავრებული, ყველა გარეულია ამ საქმეში და ამას ადასტურებს რიგი ქმედებები _ ის, რომ ამხელა ტერიტორია უნებართვოდ მოიღობეს, პირდაპირი სისხლის სამართლის დანაშაულია. ბინებს ისე ყიდდნენ, რომ აშენების ნებართვა არ ჰქონდათ! სამშენებლო კომპანიისთვის თანხის გადაცემა ქეშად ხდებოდა იმათგან, ვინც ერთიანი თანხით ყიდულობდა.
ჩვენ ნასყიდობის ხელშეკრულებები დადგვიდეს და, ფაქტობრივად, ჰაერი გაგვიფორმეს. ეს იყო სახელმწიფოს მიერ კანონით დაშვებული დაზარალებული მენაშენეების ძარცვა.
შემდეგ დაიწყო პრობლემები, იმდენად ბევრ ობიექტს მოედნენ, რომ ჩანდა, ჯეროვნად ვერც ერთ ობიექტზე ვერ მიდიოდა მშენებლობა.
მივედით კომპანიაში, პირადად ვიყავი ყველა იმ შეხვედრის ორგანიზატორი, რომლიც გივი ჯიბლაძესთან (პირდაპირ ვადანაშაულებ მას, ის არის ამ კომპანიის დამფუძნებელი) ეწყობოდა. მასთან შეხვედრისას თავიდან გივი ჯიბლაძემ სიტუაციის გასამართლებლად პირადი პრობლემები წამოაყენა, რომელიც თურმე მას პროკურატურაში ჰქონდა (როგორც დაზარალებულს ეს არ მაინტერესებს, მაგრამ წავედით ამ შეღავათზე, რომ პრობლემების მოგვარების შემდეგ აუცილებლად დაიწყებდა მშენებლობას). ამბობდა, ქართველებმა არ იციან იმ სტანდარტებით მშენებლობა, რითაც უნდა ავაშენოთ, ამიტომ აზერბაიჯანულ კომპანიას ვქირაობთო. თუ ქართველი მუშა ერთ კვირაში აშენებს, აზერბაიჯანელი იგივეს 3 დღეში ააშენებს და სწრაფი ტემპით წავა ყველაფერიო. ნებსით თუ უნებლიეთ გეგმა-გრაფიკიც ჩამოვაწერინეთ, დავაწერინეთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან მშენებლობა მირცხულავს ქუჩაზე იწყებოდა.
არ დაგავიწყდეთ, რომ მირცხულავას ქუჩა დიდუბის რაიონში მდებარეობს და აქ გამგეობის პასუხისმგებლობასაც ვაყენებ! _ სად იყვნენ?! რას აკეთებდნენ?! საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებით რომ არიან დაკავებულები, ერთხელ მაინც შემოიარონ თავიანთი უბანი და ნახონ, რა სიტუაციაა, ვინ რა მოღობა, ვინ რა დაანგრია!
ჯიბლაძესთან საუბრის შემდეგ მოვიდა აზერბაიჯანული კომპანია და ზუსტად ორ კვირაში მერიამ შეაჩერა მშენებლობა არა ნებართვის არქონის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ სახანძრო სტანდარტები. არადა, ამ დროს ბინები უკვე უნდა გვქონოდა!
როცა თორნიკე ჯანელიძე გამოდის და ამბობს, რომ მშენებლობა მერიამ შეაფერხა, ეს ყველაზე დიდი ტყუილია! მერია მას ვერაფრით შეაჩერებდა, თუკი ის კეთილსინდისიერად ააშენებდა ამ კორპუსს. მერია მაშინაა დამნაშავე, როცა გარიგების ნებართვა მისცეს და ჯანელიძეს კანონი დაარღვევინეს.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანია „ალდაგს“, მასთან ა. წ. იანვარში მივედი და ვუთხარი, რომ მათი ჩართულობის აუცილებლობა, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, უკვე დადგა დღის წესრიგში! მათმა იურისტმა ჩემგან გაიგო, რომ „სვეტი დეველოპმენტის“ მთავარ გვერდზე (რომლითაც რეკლამას იკეთებენ და „სვეტის“ მენაშენეების 80% დაიღუპა), დევს განცხადება, რომლის თანახმადაც, სრული კომპლექსია დაზღვეული, ეს კომპეტენტური იურისტი ჩემგან იგებს ამ ყველაფერს და მეუბნება, _ მგონი, ჩვენ ერთ ნავში ვსეხდვართო! ზუსტად ერთ კვირაში კი საერთოდ გავიდნენ საქმიდან. მოქექეს ინფორმაცია და მიხვდნენ, რომ რთული ფონი შეიქმნა, მენაშენეები მათ მიადგებოდნენ ასანაზღაურებლად, ამიტომ სასწრაფოდ გაწყვიტეს ხელშეკრულება, ეს „სვეტსაც“ აწყობდა როგორც სადაზღვევოსთვის თანხის გადამხდელს. „ალდაგმა“ ძალიან დიდი თანხა აიღო „სვეტისგან“! როცა გივი ჯიბლაძეს მოვთხოვე, მაჩვენე ხელშეკრულება, რაც „ალდაგთან“ გააფორმე-მეთქი, მითხრა, _ ის ხელშეკრულება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ორ ფურცელს არ ამოგიბეჭდავ, ეს ჩვენი საიდუმლოაო! როგორც ჩანს, იმ ორ ფურცელში იყო ძაღლის თავი დამარხული. ვფიქრობ, როგორც კი სიტუაცია აირეოდა, ისინი მშვიდად დაშორდებოდნენ.
როცა მე გივი ჯიბლაძეს გვერდით დავუდექი იმ იმედით, რომ მშენებლობას დაიწყებდა, მაშინ პირადად მითხრა, _ იმ ადამიანებმა, ვისაც განვადება აქვს ბინის შეძენაზე და ბანკიდან რიცხავენ თანხებს, ბიტკოინებში ჩამირიცხონ, თვითონაც სარგებელს ნახავენო
მერე თავის მარკეტინგის სამსახურშიც მთავაზობდა მუშაობას, მეუბნებოდა, თანხას დაგიბრუნებ, სამსახურში აგიყვანო. არ მჭირდება მისი სამსახური, მენაშენეებისა და დაზარალებულების გვერდით ვდგავარ! ვერავინ და ვერაფერი ჩამინაცვლებს მათ გვერდით დგომას. ათასობით ადამიანი მირეკავს ყოველდღიურად, მათ შორის, ემიგრანტები და სულ მათ გვერდით ვიქნები, საქმეს ბოლომდე მივიყვან!
აუცილებლად ვითხოვთ, რომ ამ საქმეში მთავრობა ჩაერიოს. ის მიზეზი არ გვაინტერესებს, რომ კერძო ბიზნესია და მთავრობა ამაში არ ერევა! ისინი ჩანასახშივე ძალიან კარგად ჩაერივნენ, ხელი შეუწყვეს ამ თაღლითური გეგმის განხორციელებას და ახლა აგონ პასუხი!“

თამარ მეხუზლა „სვეტის ქალაქის“ კიდევ ერთი მენაშენეა, რომლის დედაც ემიგრანტი გახლავთ. მათ შპს „სვეტი ჯგუფთან“ 2016 წელს დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბინა 2017 წლის აგვისტოში უნდა ჩაბარებოდათ. მას შემდეგ გრაფიკით გათვალისწინებულ ე. წ. შიდა განვადებას იხდიდნენ, მაგრამ რამდენიმე თვეში მშენებლობა შეჩერდა:
„ფაქტობრივად, თანხის 35% გადახდილი მაქვს! უკვე მესამე წელია, შეჩერებულია მშენებლობა. კომპანია „სვეტის“ თანამშრომლები რეალურ კონტაქტზე არ გამოდიან. ვერ ვიგებთ, რა ხდება, რა ვითარება გვაქვს, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ! 2017 წლის 21 ნოემბერს გააკეთეს განცხადება, ისიც სოციალური ქსელით, რომ 2016 წლის დეკემბრიდან მოყოლებული (მას შემდეგ, რაც ლარის კურსი გაუფასურდა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით), რაც ახალი საგადასახადო კოდექსი მივიღეთ, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან მიღებული ავანსების დაბეგვრა დღგ-თი დაიწყო და 2018 წლიდან მერიის ახალი რეგულაციები შემოვიდა, ამ მიზეზების გამო შეჩერდა მშენებლობა _ არ ელეოდათ მიზეზები!!!
თანხას არ მიბურნებენ მიუხედავად მრავალი წერილობითი თუ ზეპირი მიმართვისა. პრიქით, ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში მაიძულებდა მათი იურისტი ნიკო ფილფანი, რომ გადამეხადა თანხები და პირნათლად შემესრულებინა ჩემზე ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტის დარღვევა გამოგივაო, მითხრა. თანხა მხოლოდ მაშინ დაგიბრუნდებათ უკან, როცა ბინა გადაიყიდებაო. არადა, ვინ იყიდის ჰაერს, როცა უკვე ასეთი ამბავია?!
თუ სოციალურ ქსელში არ ხარ, ვერაფერს იგებ! წერილობით არავის მოუმართავს, არავის აუხსნია, თუ რატომ არის შეჩერებული მშენებლობა, რომ გადახდები მაინც შემეჩერებინა. რეალუარად, თურმე მშენებლობის ნებართვაც კი არ ჰქონიათ და უბრალოდ წინა მერიასთან იყვნენ მოლაპარაკებულები ჯარიმის შესახებ. დღეს რაც არის აშენებული, ისიც კი ლპება, ათოვს, აწვიმს… სხვა გზა რომ აღარ დარჩა, აქციებს მივმართეთ და ამან გარკვეული შედეგი გამოიღო. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროს ბატონ თემურ ბოლოთაშვილთან მაქვს კომუნიკაცია, რომ გავიგო რა ვითარებაა ნებართვების კუთხით, თუმცა მათ კონტროლის მექანიზმი არ აქვთ ფინანსური კუთხით, რომ „სვეტს“ ფინანსური გარანტიები მოსთხოვონ. ამიტომ არც კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ვიცით. ოფისები დაკეტილი აქვს, შეცვალეს თანამშრომლები, ნომრები… შეხვედრა რომ მომინდეს როგორც მენაშენეს, ვერ ვხვდები მათ!
მენაშენეების 80% ემიგრანტია და არ მიუწვდებათ ხელი თუნდაც იმ ინფორმაციასთან, რაც უწყებებიდან საჯაროა. ბევრ საკითხშიც ვერ ერკვევიან და ვინც აქ ვართ, მათი იმედი აქვთ.
ისეთი პიარი შექმნეს, პატრიარქის დალოცვილები იყვნენ, არავინ იფიქრებდა, რომ უნებართვოდ დაიწყებოდა მშენებლობა და მათი ბიუჯეტი მყარი და კარგად გათვლილი არ იქნებოდა!!! სახელმწიფოს, შესაბამის უწყებებს ამ საქმეში ჩართვას, გარკვევას ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოძებნონ ინვესტორი, მოგვაშორონ ეს მატყუარა ხალხი, თორნიკე ჯანელიძე და გივი ჯიბლაძე!“

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მენაშენეების ნაწილმა ადვოკატი აიყვანა და სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი, ერთ-ერთი მათგანი ემიგრანტი ნინო კაპანაძეა. მან 2016 წლის დეკემბერში მე-17 ბლოკზე შეიძინა ბინა შეღავათიანი პირობით, წინასწარი შენატანის გარეშე. აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტზე საერთოდ არ ჰქონია მშენებლობის უფლება „სვეტს“. მიუხედავად ამისა, ბინა საჯარო რეესტრშიც კი დაარეგისტრირა.

ნინო კაპანაძე _ მენაშენე:
„გვიან გავიგე, რომ ეს მე-17 ბლოკის პროექტი არც ყოფილა მერიაში შეტანილი, არადა ბინა საჯარო რეესტრშიც დავარეგისტრირე შარშან, როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული. როცა უკვე მშენებლობა შეწყდა იანვარში და მერიისგან აიკრაძალა, კომპანიამ თქვა, რომ ის კორპუსები, რომელიც 2018 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო (ანუ ჩემი მე-17 ბლოკიც), უპრობლემოდ ჩაგვბარდებოდა, რომ არანაირი დარღვევა არ ჰქონდა და ჩვენ თანხის გადახდა უნდა გაგვეგრძელებინა. თუ ჩემი ნებით შევწყვეტდი თანხის გადახდას, ეს ხელშეკრულების დარღვევა გამოვიდოდა, ამიტომ ამ საქმის სამართლებრივად გადასაწყვეტად ადვოკატი ავიყვანე.
როცა ჯიბლაძეს გასული წლის დეკებერში ვესაუბრე და ვკითხე, რას იზამდა თუ მერია იმ სამი ხის გადარგვის ნებართვას არ მისცემდა, რომელიც ჩვენთვის ასაშენებელი კორპუსის ადგილას დღესაც დგას, მიპასუხა, ვუჩივლებ მერიასო. ახლა კონტაქტზე არ გამოდიან, სიცრუეში ვართ სულ, სახელმწიფო კი არ რეაგირებს“.

მენაშენეებს დახმარებას უწევს „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისი“ სპეციალური პროექტის _ ემიგრანტის ადვოკატის ფარგლებში. იგი არაერთი ემიგრანტის ინტერესს იცავს სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ.

„ქრონიკა+“ ესაუბრა „სარაჯიშვილის იურიდიული ოფისის“ იურისტ ირაკლი ბურჭულაძეს:
„ჩვენ ოფიციალურად გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებას პერსპექტივა ნაკლებად აქვს, რასაც ადასტურებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ოფიციალურად მოწოდებული არაერთი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ ქ. თბილისში, მირცხულავას ქუჩა ##9-11 მდებარე ობიექტზე მშებელობის ნებართვა დღემდე არ არის გაცემული. მაშინ, როცა ემიგრანტების მიერ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიმართ ნდობა, რომ მათ მიერ შეძენილი უძრავი ქონება ჩაბარდებოდათ დროულად, გამყარებული იყო სადაზღვეო კომპანია „ალდაგის“ მონაწილეობით.
ჩვენი კომპანიის დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებული ადამიანების მოთხოვნაა ხელშეკრულების შეწყვეტა და გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება.
თუმცა ჩემში, როგორც იურისტში, კითხვის ნიშნებს იწვევს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, სამშენებლო კომპანია „სვეტი“ იტოვებს უფლებას, ხელშეკრულების შეწყვეტისას მენაშენეების მიერ გადახდილი თანხის გარკვეული პროცენტი დაიტოვოს და გადახდილი თანხა დააბრუნოს დანაკლისით.
ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ დარღვეულია კეთილსინდისიერების პრინციპი.
„სარაჯიშვილის იურიდიული ოფისის“ სახელით მე, ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე, ამ ეტაპზე ვიცავ კონკრეტული ადამიანების ინტერესებს, თუმცა დაზარალებულების რაოდენობა არის დიდი და ყოველდღიურად მიწევს მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაცემა და ოფიციალური მომართვის შემთხვევაში მზად ვარ, როგორც ადვოკატმა, დავიცვა მათი ინტერესები.
ჩემ მიერ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიმართ განხორციელებულია ამ ეტაპისთვის აუცილებელი სამართლებრივი მოქმედებები, მათ შორის, გაფრთხილების წერილი კონკრეტული მოთხოვნით და სხვ. სარჩელი სამშენებლო კომპანია სვეტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ ეტაპისთვის წარმოების პროცესშია.
ასევე ჩემთვის ცნობილია, რომ დაზარალებულთა გარკვეულმა ჯგუფმა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურას მიმართა.
ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველეოდოთ. მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დაზარალებულის ინტერესები დავიცვა“.

კომუნიკაციაზე უარს არ ამბობს და საკუთარ პოზიციას გვიზიარებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგიც“, რომლის იურისტ თეა კვიციანის თქმით სადაზღვევო და სამშენებლო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება გახლდათ ერთ-ერთი სტანდარტული პროდუქტი, რომელიც არაერთი წელია, სადაზღვევო ბაზარზე არსებობს. მის თანახმად სამშენებლო კომპანია მზღვეველთან წარმოადგენს დოკუმენტაციას, რომელიც გულისხმობს სამშენებლო ხარჯთაღრიცხვას და სამშენებლო გრაფიკს (რა ვადაში უნდა შესრულდეს კონკრეტული სამუშაოები) და მზღვეველისგან დახმარებას ითხოვს, რომ ამ დოკუმენტაციის შესაბამისად მოხდეს მისი წარმოება:
„იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გრაფიკთან ჩამორჩენა, დაზღვევის პირობების მიხედვით, სამშენებლო კომპანიამ მზღვეველს პროექტის ღირებულებას გამოკლებული უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, თანხა უნდა გადასცეს და უნდა მიანიჭოს სრული უფლებამოსილება, რომ მან იმოქმედოს სამშენებლო კომპანიის ნაცვლად! _ ეს მოქმედება გამოიხატება ახალი კონტრაქტორების მოძიებაში, პროცესის სწორ მენეჯმენტში. თუკი სამშენებლო პროცესი დაჩქარებულია და იგი დამატებითი თანხების გაღებას მოითხოვს, ეს გახლავთ ფინანსურ ნაწილში მზღვეველის პასუხისმგებლობა! სწორედ აღნიშნულის მისაღებად მომართა „სვეტი დეველოპმენტმა“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“, წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, კონკრეტული სამუშაო შესრულების გეგმა-გრაფიკი და დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება, რომ ამ პროცესის განმავლობაში კომპანია „ალდაგი“ განახორციელებდა სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგს. ეს იყო შეთანხმების მოკლე შინაარსი.
რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას, მინდა გითხრათ, რომ ფინანსურად ვინმესთვის თანხის გადახდას ეს სადაზღვევო პროდუქტი არ ითვალისწინებს. ეს არის სამშენებლო პროცესში ჩართვა და იმ ხარჯის გაწევა, რომელიც დამატებით საჭირო გახდება იმ პროექტის ღირებულებაზე, რომელიც თავის დროზე დამზღვევს ჰქონდა.
ანუ სამშენებლო კომპანიის ფუნქცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ პროექტი უნდა იყოს აუცილებლად იურიდიულად და ფინანსურად გამართული, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ დამატებით ხარჯი გაწიოს იმისთვის, რომ პროექტი ფიზიკურად მივიდეს ბოლომდე, სამშენებლო პროცესი დასრულდეს!
მენაშენეებს მცდარი ინფორმაცია აქვთ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია _ 2018 წლის იანვრის ბოლოს, მონიტორინგის პირობებში, სამშენებლო სამუშაოების ჩამორჩენა დაფიქსირდა, ვიხილეთ ის კრიტიკული ზღვარი, რომელიც მზღვეველს უფლებას აძლევდა, სამშენებლო კომპანია „სვეტისთვის“ მიემართა და დამატებითი 90-დღიანი ვადა განესაზღვრა ჩამორჩენის გამოსასწორებლად და სამუშაოების მიმდინარეობის იმ გრაფიკთან მისაყვანად, რომელიც თავად „სვეტმა“სადაზღვეო კომპანიასთან წარმოადგინა. ამასთან, დამატებითი პრობლემა იყო ისიც, რომ სადაზღვევო კომპანიის წინაშე დავალიანებაც ჰქონდა „სვეტი დეველოპმენტს“ და ამ საკითხზეც გაეგზავნათ წერილი. გარკვეული პერიოდის მანძილზე, 23 თებერვლამდე, ეს კომუნიკაცია „სვეტისგან“ არ ყოფილა. უკვე თითქმის ერთი თვის შემდეგ მათ სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ წერილობითი მიმართვა გამოუგზავნეს, სადაც ეწერა: გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იმყოფებიან ფორსმაჟორულ მდგომარეობაში და ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა თუ მისი მიუღებლობის გამო ისინი ვერ ახორციელებენ იმ გეგმა- გრაფიკთან შესაბამისობას, რაც თავიდან იქნა წარმოდგენილი, ამ მოცემულობაში მათთვის დაზღვევამ ინტერესი დაკარგა, არ აინტერესებდათ, რადგან მზღვეველის პასუხისმგებლობა აქ არ დგებოდა და სადაზღვევო პრემიისთვის სამომავლოდ გასაღები ხარჯები ერჩივნათ, რომ სამშენებლო პროცესისკენ მიემართათ. შესაბამისად, მათ ერჩივნათ, რომ შეეწყვიტათ „ალდაგთან“ ხელშეკრულება!
ჩვენ იმ პერიოდში, როცა აქციები იმართებოდა, არაერთ მენაშენეს შევხვდით, რომლებსაც სიტუაცია ავუხსენით და კონკრეტული წერილიც ვაჩვენეთ, რომ სადაზღვევო კომპანია არ გასულა პროექტიდან, თავად „სვეტი დეველოპმენტმა“ მიიღო ამის გადაწყვეტილება და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, იძულებით ვერავინ დატოვებს სადაზღვევო ურთიერთობაში კომპანიას, თუ მას აღარ აქვს ეს მიზანი ან ინტერესი, რომ დააზღვიონ!“

საინტერესო გახლდათ ქალაქ თბილისის მერიის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, ამიტომ „ქრონიკა+“ ესაუბრა თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ზედამხედველობისა და არც ერთი სხვა სამსახური არ ეწინააღმდეგება მშენებლობას, რომელიც კანონისა და ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობს:
„იმ ადამიანებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იცხოვრონ კონკრეტულ მისამართებზე, ისეთი ფართი უნდა ჰქონდეთ, რომ უპრობლემო იყოს მათი იქ ყოფნა. რაც შეეხება კომპანია „სვეტს“, მის მიმართ ზედამხედველობის სამსახურს დაწყებული აქვს წარმოებები სხვადასხვა მისამართზე, როგორც ნებართვიანზე, ისე უნებართვოზე, როგორც მიმდინარეზე თუ უკვე აშენებულზე. ამ კომპანიის მიმართ სხვადასხავა სახის ჯარიმაა დაწერილი. 2016 წლიდან მოდის ეს თემა. კომპანია „სვეტი“ჯარიმის გადახდას და მოწესრიგებას აპირებდა. ამ პერიოდში რაღაცები რომ არ მოწესრიგდა, იქამდე მივედით, რომ მშენებლობის შეჩერება მოგვიწია.
როცა არქიტექტურის სამსახურთან ერთად შევხვდით დაზარალებულებს ვუთხარით და ასეცაა, რომ ქ. თბილისის მერია მზად არის, ნებისმიერ კომპანიას ხელი შეუწყოს, რომელიც მზად იქნება თავისი დოკუმენტაციით მშენებლობის დასაწყებად. ხელს არავის შევუშლით, მათ შორის არის „სვეტიც“, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ურთიერთობა არქიტექტურის სამსახურთან.
ეს ყველაფერი მიმდინარე პროცესია და აპელირება იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურმა „ზედმეტი“ ყურადღება გამოიჩინა სვეტის მიმართ, არასწორია. ჩვენ „ზედმეტად“ გამოვიჩენთ ყურადღებას ყველა იმ მშენებლობის მიმართ, რომელიც კანონით არ მიმდინარეობს“.

თორნიკე ჯანელიძე _ „სვეტის“ დირექტორი:
„ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი, რის გამოც რიგ კორპუსებში მშენებლობა შეჩერდა, გახლდათ საკანონმდებლო ცვლილებები _ „სვეტის“ პროექტებში საჭირო გახდა რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, რადგან „სვეტის“ მიერ დაწყებულ ობიექტებზე განსაზღვრული იყო კონკრეტული პირობები და კონკრეტული ბიზნესპროექტი ეყრდნობოდა იმ მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობას, რომლის ცვლილებამაც აუცილებელი გახადა „სვეტის“ პროექტებში რეორგანიზაციის დაწყება. ამავდროულად, ხელის შემშლელი ფაქტორი გახლდათ მზარდი დავალიანებების არსებობა.
„სვეტის“ ყველა პროექტში შეთანხმებული იყო განაშენიანების რეგულირების გეგმები კონკრეტული კოეფიციენტებისა და სართულეების მიხედვით და ეს პროექტები შეჩერებული იყო 2008 წლის ომის გამო. კომპანია „სვეტმა“ მის ყველა ობიექტზე მოახდინა განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირება, რათა პროექტები შესაბამისობაში ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტებთან. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეგრძელებინა ზემოხსენებული შეჩერებული ობიექტები, რისთვისაც აუცილებელი იყო განაშენიანების რეგულირების გეგმების კორექტირება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამავდროულად, „სვეტი“ ეტაპობრივად ახდენდა სანებართვო დოკუმენტაციის ატვირთვას სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე ეტაპს მოიცავს, პროექტების ნებართვებზე ატვირთვა ხდებოდა ეტაპობრივად. რიგ შენობა-ნაგებობებზე კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს, ხოლო რიგ შენობა-ნაგებობებზე სანებართვო დოკუმენტაციის არარსებობა გამოწვეული იყო ადმინისტრაციული ორგანოს არასამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად. კომპანია ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობდა, რა პერიოდშიც მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება და საკრებულოს მიერ შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმას მთავრობის 41-ე დადგენილება შეეხო, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო მისი გავრცელება წარსულში გაცემულ მიწის გამოყენების პირობაზე მოხდა 2017 წ. 20 ნოემბრიდან, როდესაც ყველანაირი გაფრთხილებისა და წინაპირობის გარეშე მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
გამომდინარე იქიდან, რომ სამშენებლო სამუშაოები ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაჩერა, პროექტის ვერც ერთი სამართალმემკვიდრე ვერ შეძლებდა სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას სანებართვო დოკუმენტაციის მთავრობის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანამდე. ამდენად, სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელება და სადაზღვევო პრემიის გადახდა პროექტისთვის იქნებოდა დამატებითი ტვირთი, რაც ნეგატიურად იმოქმედებდა პროექტებზე. შესაბამისად, სადაზღვევო პრემიისთვის გამოსაყენებელი თანხა მოხმარდება სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.
იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ შენობა-ნაგებობებზე არსებობს ჩამორჩენა ვადაში, კომპანია განიხილავს თანხის დაბრუნების კონკრეტულ წინაპირობას შემოტანილი თანხის სრულად დაბრუნების გზით. ხოლო რიგ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს წინაპირობა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისა და მყიდველი თავისი ინიციატივით ახდენს საკონტრაქტო პირობების დარღვევას, თანხის დაბრუნება განისაზღვრება ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
გამომდინარე იქედან, რომ მთავრობის 41-ე დადგენილების გავრცელებამ აუცილებელი გახადა პროექტებში ძირეული ცვლილებების შეტანა, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო, რეორგანიზაციის გზით გადაელახა არსებული დაბრკოლება. დღეის მდგომარეობით ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეჯერებულია პოზიციები სანებართვო პროექტების შეთანხმებასთან დაკავშირებით და განსაზღვრულია კონკრეტული მიმართულებები. შესაბამისად, მიმდინარეობს პროექტების ეტაპობრივად ატვირთვა, რასაც მოყვება ნებართვების დაკორექტირება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება-გაგრძელება. ამავდროულად, რეორგანიზაციის გზით კომპანია უზრუნველყოფს ალტერნატიული ინვესტიციის მოზიდვას, რათა საფრთხე არ შეექმნას პროექტის იმპლემენტაციას“.

ნინო ტაბაღუა