კვირიკაშვილის გაზაფხული-ზაფხულის კეთილები

პირველ ივლისს, მაშინ როდესაც უამრავი ქართული მედიასაშუალება საღამოს საკუთარი იუბილეს აღნიშვნისთვის ემზადებოდა, ხოლო ბავშვები „საკუთარ“ დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, ქართული პოლიტიკური მონასტერი აირია.

ცნობილი გახდა 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეში სასამართლოს განაჩენი. სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე დაადგინა ლევან დადუნაშვილის მკვლელი, ხოლო დავით სარალიძის მკვლელის დადგენა ვერ მოხერხდა.
შემდგომ განვითარებული პროცესები _ ანუ მთავარი პროკურორის აცახცახებული ხმა _ კარგად მოისმინა ყველა დაინტერესებულმა თუ დაუინტერესებელმა პირმა და ზოგი ფიზიკურად დადგა პარლამენტის წინ, ხოლო „დანარჩენი საქართველო“ ტელეეკრანებიდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას. იმ მომენტამდე გამოვტოვებ ყველაფერს, ვიდრე პარლამენტის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გამოჩნდა.
რაღა დაგიმალოთ და დიდად არ მესიამოვნა ეს ნასროლი ბოთლები თუ სხვა საგნები. ზოგადად, არც ბილწსიტყვაობის მომხრე ვარ, თუმცა რადგან ბატონი კვირიკაშვილი თავად გახლავთ 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პოლიტიკური მოდის _ „კეთილების სტილის“ ფუძემდებელი, სავარაუდოდ, კმაყოფილიც უნდა დარჩენილიყო აქციაზე მყოფი მიმდევრებითა და „კეთილების“ გამღრმავებელთა რუდუნებით. შურიანი და ბოღმით სავსე პოლიტკრიტიკოსები საკუთარი გაუნათლებლობის გამო ვერ ჩასწვდნენ პრემიერის მიერ აქციის შემდეგ კანცელარიაში წარმოთქმულ სიტყვას _ პროვოკაციები. „ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო“, _ დიახ, პრემიერი იმას გულისხმობდა, რომ სტვენა და მრავალსართულიანი „კეთილები“ პოზიტივი გახლდათ, ალბათ. აი, ისინი კი, „პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფი“ _ ნამდვილად ვერ ერკვევა თანამედროვე ქართული პოლიტმოდის სტილსა და მიმდინარეობაში და აბსოლუტურად შეუსაბამო აქსესუარებს _ ბოთლებსა და სხვა „სასროლ“ საგნებს იყენებს თვითდასამკვიდრებლად.
მართალი ბრძანა ბატონმა პრემიერმა _ ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. აქ მთავარი ის ხომ არ არის, ოპოზიციის მიღებული ხმებისა და საკუთარ სამზარეულოებში ჩაკეტილების ჯამური რაოდენობა ბევრად რომ აღემატება იმ ხალხის რაოდენობას, ვინც „ჩვენი ხელისუფლება“ აირჩია.
შემდგომი წინადადებაც აბსოლუტური ჭეშმარიტება გახდლათ, _ მე ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. დიახ, კვირიკაშვილი ყოველთვის იდგა „თავისი ხალხის“, თავისი კლანის გვერდით, რომელიც ბევრად მცირეა იმ რაოდენობაზე, რომელმაც „ჩვენი ხელისუფლება“ აირჩია.
მერე პრემიერმა განმარტა, თუ როგორ ემუდარებოდა და მუხლებში უვარდებოდა „აბსოლუტურად ყველა“, რომ არ გასულიყო აქციაზე, იმის გამო რომ იქ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი.
ისე, სიტყვა პროვოკაციის წარმოთქმისას პრემიერ-მინისტრს არც კი გახსენებია, რატომ მიდიოდა აქციაზე და მისმა ხელისუფლებამ რა პროვოკაცია მოუწყო შვილმკვდარ მამას _ მსუბუქად რომ ვთქვა, დანაშაულის გამოუძიებლობის გამო. არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს ზაზა სალარიძის მარგინალიზება და არც იმის თაობაზე, თუ როგორ იყო დაბრმავებული „ჩემი ხალხის“ იქით ვერმომზირალი პრემიერი და ხელისუფლება.
ის, რომ ბატონი კვირიკაშვილი დიდი ხანია, მოწყვეტილია რეალობას და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, როგორ გაინაღდოს პრეზიდენტის პოსტი და ამ ნაბიჯისთვის მზად არის, ათონელზეც დაიდოს ბინა, ყველასთვის კარგად ცნობილია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მინიმალური პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობის განცდა რომ ჰქოდეს, ქვეყანასა და საკუთარ პარტიას _ ხელისუფლებას _ ასეთ ჩიხში არ შეიყვანდა, როგორშიც ამ დროისთვის იმყოფება.
საკუთარი განცხადების ბოლოს პრემიერმა იმდენად შემზარავი და დამცინავი სიტყვები თუ ფრაზები წარმოთქვა, რომ იმათაც კი სინანულით გააქნიეს თავი, ვინც შეგუებული იყო კვირიკაშვილის გაბრეჟნევებას. კერძოდ, „მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ჩემ მიერ თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, თუნდაც ოდნავ გააუმჯობესებს და განმუხტავს სიტუაციას, მე ამ ნაბიჯის გადადგმაზე არც ერთი წამით არ დავფიქრდები“. ჯერ ერთი _ აქციაზე ხალხი იდგა მომხდარი უბედურებისა და მწუხარების გამო და თუ იქ ანგაჟირებული მცირე ჯგუფი იყო, იმ ადამიანების გულის ტკივილსა და მწუხარებას რატომ არ გაუსწორა პრემიერმა თვალი, რომლებიც აქციაზე, დიახაც, ერთი კი არა, ორი ადამიანის უბედურების გამო იდგნენ? ისე, უბედური ამ სიტუაციაში ვინ უფროა, გარდაცვილი თუ მისი მრავალრიცხოვანი ჭირისუფალი ან თუნდაც ხალხი, რომელიც ტკივილს იზიარებს, ესეც ცალკე საკითხია. მაგრამ, ალბათ, პრემიერი საპასუხოდ იტყვის, _ მე ხომ არ მომიკლავს? ან, _ ასეთი ფაქტები ყველგან ხდება… და ეს უკვე, მისი პოლიტიკური ლოგიკით, არ არის უბედურება.
მაგრამ დააკვირდით, რაოდენ პროვოკაციული და დიახაც რომ დამცინავი გახლდათ განცხადების ამ ნაწილის გაგრძელება _ თურმე იმ დროისთვის, იმ დღისთვის ეს უბედურება დამდგარი არ იყო: „დღეს ეს სიტუაცია არ არის და ეს მომენტი არ დამდგარა“. ანუ კვირიკაშვილი რომ წავიდეს, ქვეყანაში სტაბილურობა რომ იყოს უზრუნველყოფილი და ვიღაცამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იგრძნოს _ უბედურება უნდა მოხდეს და მაშინ, იქნებ, თავად პრემიერმა ან ამ სპიჩის ავტორმა დააკონკრეტოს, რა არის მისთვის ერთი კაცის ღირებული უბედურება? რა არის სიკვდილზე, დანაშაულის დაფარვაზე, გამწარებულ მამაზე, აღშფოთებულ საზოგადოებაზე უფრო მეტი და ღირებული უბედურება?
განცხადების ტექსტის შუა ნაწილი კვირიკაშვილისა და მისი ხელისუფლების ვირეშმაკობის ნათელი დადასტურებაა.
გაფუჭებული საქმის გახარიას უწყებისთვის „დაბრუნება“ გახარიას დისკრედიტების მცდელობა გახლავთ. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პრემიერმა იქვე აღნიშნა ყოფილი მთავარი პროკურორის ღირსეული ნაბიჯი, რომელმაც „ერთი წამით არ დააყენა ეჭვქვეშ პროკურატურის რეპუტაცია“. ანუ ამით ის თქვა, რომ აგერ გამოიძიოს პოლიციამ, მაგრამ საქმე უკვე გამოძიებულია, პროკურატურის რეპუტაცია შეუვალიაო. უფრო დავაკონკრეტებ, _ მე მჯერა პროკურატურის და თქვენ რომ არ გჯერათ, ჰა, გახარიამ დაადგას ამას თავიო. სავარაუდოდ, გულში ისიც დასძინა „ჩემს ფეხებს დაადგამსო“. მესმის, რომ ეს ფრაზა არააკადემიურია, მაგრამ „კეთილების“ კოლექციაში ჯდება.
ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა ვერ გუობს მორალს. მაგრამ პოლიტიოსისთვის აუცილებელია გრძნობებზე თამაში, საკუთარი მორალური სისპეტაკისა და პიროვნული ავტორიტეტის წარმოჩენა. ალბათ ეს ფორმულა დაიცვა პრემიერმა და გადმოაფრქვია: „ასევე მინდა, გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი მოითხოვენ ინფორმაციის მიღებასა და ჩართვას პროცესში, იმ ხარისხით მიიღებენ ინფორმაციას და იქნებიან მაქსიმალურად ჩართულნი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმართულ პროცესში, ასევე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და ეს კომუნიკაცია იქნება მაქსიმალური.
პირადად გავაკონტროლებ აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს და პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დროის ტექნიკურად შესაძლებელ უმცირეს მონაკვეთში და ხვალ დილიდან მე მექნება საუბარი, თუ რა პერიოდი შეიძლება იყოს ეს, ჩვენ დავდებთ შედეგს. ეს იქნება პასუხი ჩვენი საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებზე და ამ გამოწვევაზე, ასევე პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან“.
„ანგაჟირებული ჯგუფის“ მიერ აქციიდან გამოძევებული პრემიერი რომ საკუთარ სიტყვაში „მე-მეს“ იმეორებს, ხომ უნდა მიხვდეს, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა უკვე ჩალის ფასი ღირს და მისი ავტორიტეტი კონკრეტულ სიტუაციაში კრიტიკას ვერ უძლებს?
ან რატომ უნდა მისცეს პრემიერმა გარანტია ვინმეს, თუ ქვეყანაში კანონი მუშაობს და სამართლიანობა ეჭვქვეშ არ დგება? ან რატომ ხდება აუცილებელი გარანტიის მიცემა, თუ ინსტიტუტები გამართულად მუშაობენ? ანუ რეალურად აღიარა, რომ ინსტიტუტებისადმი ნდობა ან არ არსებობს, ან მინიმალურია, ან რას ჰქვია, _ პირადად გავაკონტროლებ? თუ ამის უფლებამოსილება აქვს და ჰქონდა, ზაზა სარალიძე ხომ თვეებია, მიანიშნებს, აპროტესტებს გამოძიების მიმდინარეობას და კრიზისამდე, ანუ ამ შედეგამდე, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფო ინსიტუტების რეპუტაცია, რატომ არ გააკონტროლა? ან რას ნიშნავს „პოლიტიკური პასუხი ჩვენი მხრიდან“? პარლამენტის წინ აღშფოთებული მამის გამოჩენამდე გამოუძიებელი საქმე იყო პოლიტიკური პასუხი „ჩვენი მხრიდან“?
მოკლედ, ლოგიკას რომ თავი დავანებო, ნებისმიერი ფილოლოგი ან ლიტერატურის მოყვარული ადამიანი იმდენ სიყალბეს დაინახავს და ამოიკითხავს პრემიერის ამ მცირე განცხადებაში, რომ ესეც საკმარისია მისი პერსონალური პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის.

***
ახლა სხვა კითხვები ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს:

_ შედიოდა თუ არა თქვენს ინტერესში რუსთაველზე მიმდინარე აქციების პოლიტიზება და რადგანაც შესაძლებელი იყო ვითარების თუნდაც პირველ დღეს განმუხტვა, რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯი?
_ ჰქონდა თუ არა საქართველოს მოსახლეობის არა „ანგაჟირებულ ჯგუფს“, რომელიც არცთუ მცირერიცხოვანია, მომხდარი ფაქტით გაბრაზებისა და პროტესტის გამოთქმის უფლება?
_ არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ საქართველოს მომავალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ამჟამად თქვენს ხელისუფლებასთან დაახლოებული და ხელისუფლებაში მყოფი პირები _ პალიკო კუბლაშვილი და ვანო ზარდიაშივილი? გთხოვთ, აქვე განმარტოთ, რა სტატუსით („არ ვიცი“ და „ტყუილია“ არ მიიღება, ცუდ ფაქტებს დაგიდებთ)?
_ გამახსენეთ კონკრეტული მაგალითები თანამედროვე მსოფლიოს ისტორიიდან, როდესაც სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი შინაარსის საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების მონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე იმართება?
_ ნორმალურად მიგაჩნიათ პროცესი, როდესაც თქვენი pr და სხვა სამსახურები ეწევიან აქციის მონაწილეთა და დაზარალებულის მარგინალიზებას ყოფილ მმართველ პარტიასთან მისი აფილირებით (აქვე გთხოვთ გამოაქვეყნოთ სტატისტიკა, საქართველოს ხელისუფლებაში _ მთავარობაში მინისტრების მოადგილეებისა და დეპარტამენტების უფროსების დონეზე, პარლამენტში წევრების შემადგენლობაში, თვითმმართველობის პირველი პირებისა და საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ხვედრითი წილის შესახებ)?
_ იმის გათვალისწინებით, რომ თურმე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა „ღირსეული ნაბიჯი გადადგა“ პოსტის დატოვებით, ცხადია, რომ მას ვერ დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა შექმნილ კრიზისზე. აქედან გამომდინარე, ვის მიიჩნევს ბატონი პრემიერი პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირად განვითარებულ მოვლენებში (თუ კრიზისის განცდა არ არსებობს, ესეც განიმარტოს, რადგან ეს პრემიერის აშკარა დიაგნოზი იქნება ადეკვატურობასთან მიმართებით)?
_ რატომ იდგნენ ირინა ენუქიძის გვერდით პოლიტიკოსები? რატომ დგანან სალარიძის გვერდით პოლიტიკოსები? ირინა ენუქიძის მარგინალიზება იყო სწორი? სალარიძის მარგინალიზება სწორია? და ახლა ის მითხარით, ვისაც გირგვლიანიც სტკიოდა და სალარიძეც სტკივა, რა უნდა გააკეთოს? სახლებში ისხდნენ, ვიდრე „ოცნება“ და „ნაცები“ ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ უფრო მოხერხებულად დამალავს მკვლელებს?
_ რატომ არ ტოვებთ თანამდებობას, რატომ შეგყავთ ხელისუფლება ღრმა კრიზისში, რაც ავტომატურად იწვევს ქვეყანაში კრიზისს ყველა ნეგატიური, პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური გამოვლინებით?
_ რატომ ვერ ხვდებით, რომ ვითარების არსებულ რეჟიმში შენარჩუნება ნატოს მოსალოდნელი სამიტის წინ არასასურველ გავლენას ახდენს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე?

ამჯერად აქ გავჩერდები. დარწმუნებული არ ვარ, რომ ბატონი პრემიერი ამ კითხვებზე მიპასუხებს, მაგრამ ბატონ კვირიკაშვილს უნდა ესმოდეს, რომ დღეს ყოველი პასუხგაუცემელი კითხვა და გაწელილი პროცესი მის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.

***
ოხერი და მამაღაძლი რამეა მოდა, ბატონო პრემიერო. მიმბაძველობას უდებს სათავეს. რაც ძვირადღირებულია კოლექცია, მით უფრო ბევრი ფეიკი მზადდება. თან ისე, რომ გარჩევა ძნელია, იარლიყი ყველას მთავარი ბრენდის აკრავს, ამიტომაც სულაც ნუ გაგიკვირდებათ, რომ გარეთ თქვენი _ კვირიკაშვილის გაზაფხული-ზაფხულია კეთილების კოლექციის ბუმია. მოგიწევთ ამის ატანა, გნებავთ, ფეიკი ეძახეთ და გნებავთ _ ორიგინალი.
ჩვენც კი ვარჩევთ მაგ თქვენს კოლექციაში ხალტურას, ანუ ფეიკ ქოცებს, რომლებიც ადრე ფეიკი ნაცები იყვნენ და ახლა ფარჩაკი ქოცები არიან.

კოკა წერეთელი