„ოცნების“ კრიტიკული დღეები

„ქართული ოცნება“ დღენაკლული აღმოჩნდა _ დაბადება-დაარსებიდან ექვსი წლის შემდეგ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც, თავის დროზე, „დიადი“ მიზნები და გეგმები ჰქონდა, კრიტიკული დღეები უდგას. ქართული ანდაზაა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. ჰოდა, ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, მმართველმა გუნდმა სხვას კი არ უნდა დააბრალოს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფო გადატრიალების ნიშნები კი არ უნდა ეძებოს, არამედ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს და აღიაროს, რომ საკუთარი შეცდომებისთვის აგებს პასუხს! შეცდომები კი „ოცნების“ ანგარიშზე, როგორც იტყვიან, „ვედრო მანეთადაა“.

უმთავრეს შეცდომად, უფრო სწორად, დანაშაულად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის, ისინი, რომლებიც თავს დღემდე ნამდვილ „მეოცნებეებად“ მიიჩნევენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გუნდს იმ ადამიანებთან კოჰაბიტაციას უთვლიან, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს შავბნელი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ, ასე ვთქვათ, „საპატიო ადგილი“ პარლამენტარ ვანო ზარდიაშვილს უკავია, რომელსაც, როგორც „ქრონიკა+“-ს ეუბნებიან, „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი ვერ იტანენ.
„ოცნება“ თვითწმენდას იწყებს?

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ამ დღეებში „ქრონიკა+“-ისთვის გახდა ცნობილი, ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ერთგვარ მოძრაობას იწყებენ და მალე, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს საგანგებო განცხდებითაც მიმართონ, რომ თეა წულუკიანს თანამდებობა დაუყოვნებლივ დაატოვებინოს.
რა დააშავა ქალბატონმა წულუკიანმა, რომელიც სოზარ სუბარსა და კიდევ რამდენიმესთან ერთად ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ თანამდებობას ინარჩუნებს? ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ უმრავლესობის ერთ ნაწილს წულუკიანის მავნებლობის არაერთი მამხილებელი მასალა აქვს, თუმცა ვიდრე დეტალებზე გადავალთ, ალბათ, ურიგო არ იქნება იუსტიციის, ჯერჯერობით, მოქმედი მინისტრის პოლიტიკურ დოსიეს გადავავლოთ თვალი.
თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს თბილისში დაიბადა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ 1992 წელს საფრანგეთში ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო. 2000 წელს ასევე საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში, საჯარო ადმინისტრაციაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, თუმცა თავის დროზე ითქვა, რომ წულუკიანს იურისტის დიპლომი არ აქვს.
„იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს იურიდიული უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს და, შესაბამისად, ის იუსტიციის მინისტრობიდან უნდა განთავისუფლდეს“, _ ეს განცხადება 2013 წლის გაზაფხულის პირველ დეკადაში გირჩელმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და იმდროინდელი საპარლამენტო უმცირესობის წევრი გახლდათ.
მართალია, წულუკიანმა მისი განათლების გარშემო გაჩენილი კითხვის ნიშნების გაფანტვა სცადა და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს, რომელსაც მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ გადაცემა „აქცენტები“ მიჰყავდა, ჩარჩოში ჩასმული ENA-ს ორი დიპლომი გადასცა, სადაც მითითებული იყო, რომ წულუკიანმა დიპლომი საჯარო ადმინისტრაციის სპეციალობით აიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ გაქარწყლდა ეჭვი, რომ წულუკიანი არღვევდა კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
„სპეციალურად ამ ტელევიზიისთვის, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, ჩარჩოში ჩავსვი ჩემი ორი დიპლომი და დაგიტოვებთ, რომ წინ დაიდგათ და უყუროთ ხოლმე“, _ თქვა მაშინ ქალბატონმა წულუკიანმა საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში, რომლის შესახებაც მაშინდელი პრესა წერდა:
„მინისტრი უხეშობით გამოირჩეოდა როგორც ჟურნალისტის, ისე საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიმართაც. წულუკიანს პირდაპირ ეთერში ჩართული ჩიორა თაქთაქიშვილისთვის არც კი შეუხედავს. მეტიც, მთელი ჩართვის განმავლობაში იუსტიციის მინისტრი ზურგშექცევით იჯდა, თუმცა დეპუტატმა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს უკანონო მინისტრი ჰყავს.
ამასთან, წულუკიანმა დაადასტურა თსუ-ს განცხადება იმის თაობაზე, რომ მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი იურიდიული განათლება არ მიუღია.
მინისტრმა გადაცემის წამყვან ეკა კვესიტაძეს შესთავაზა, რომ თუ მას მისი იურიდიული განათლების არ სჯერა, შეუძლია, სასამართლოში უჩივლოს.
საპარლამენტო უმრავლესობამ წულუკიანის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჩათვალა, რომ იუსტიციის მინისტრმა მის განათლებაზე ატეხილ სკანდალს პასუხი გასცა. ოპოზიციისთვის კი ჩარჩოში ჩასმული დიპლომით არაფერი შეიცვალა.
„ჩარჩოებში ჩასმულ დოკუმენტებში ეწერა, რომ მას იურისტის განათლება-კვალიფიკაცია არ აქვს… წულუკიანმა კობა დავითაშვილს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება შემოატანინა, რომელიც იუსტიციის სამინისტროში იყო მომზადებული. მას სურდა, რომ მისი განათლების შესახებ ინფორმაცია დამალულიყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“ კანონს საკუთარ თავზე ირგებს. მას იგივე უნდა, რომ სასამართლოში გააკეთოს“, _ აცხადებდა ირმა ნადირაშვილი. დავით დარჩიაშვილი კი იუსტიციის მინისტრს „გაბრაზებულ პოლიტიკოსს უწოდებდა და ამბობდა:
„ქალბატონი წულუკიანის არგუმენტაციაში ჩვენ დავინახეთ გაბრაზებული პოლიტიკოსი და არა _ კარგი იურისტი. გაბრაზებული ადამიანი კი ყოველთვის ძლევს იურისტს. მას აქვს ძალიან პრესტიჟული სასწავლებელი დამთავრებული, მაგრამ საჯარო ადმინისტრირების განხრით, რაც ქართული კანონმდებლობით მას არ აძლევს ამ თანამდებობის შეთავსების საშუალებას“.
ასე იყო თუ ისე, წულუკიანის დიპლომის სკანდალი წარსულს ჩაბარდა, თუმცა „ქრონიკა+“-თან პრივატული საუბრისას უმრავლესობის რამდენიმე წევრმა წულუკიანის „უდიპლომობის ამბავი“ კიდევ ერთხელ გაიხსენა და ისიც დასძინა, რომ ზვიად ძიძიგური, რომელიც დღეს „ოცნების“ ერთ-ერთი სახეა, შევარდნაძის დროს თითქოს წულუკიანის მამამ გაასამართლა და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
წულუკიანის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა ირაკლი ალასანიასთან არის დაკავშირებული _ 2010 წელს მან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დატოვა, სადაც 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და პოლიტიკურ პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა. თავიდან აღნიშნულ პარტიაში ქალბატონ წულუკიანს ადამიანის უფლებათა დარგში პარტიის თავმჯდომარის მრჩევლის სტატუსი ჰქონდა, მოგვიანებით კი ალასანიას მოადგილე გახდა.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნებიდან“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, 2012 წლის 25 ოქტომბერს კი საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
ყველამ იცოდა, რომ წულუკიანი ალასანიას მეგობარი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვეს, წულუკიანმა არჩევანი ძველი მეგობრის სასარგებლოდ არ გააკეთა, ანუ „თავისუფალ დემოკრატებს“ გაემიჯნა და კვლავ „მეოცნებედ“ დარჩა, შესაბამისად, მინისტრის პოსტიც შეინარჩუნა. ისე, თუ გახსოვთ, წულუკიანს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საგანგებო ბრიფინგზე უნდა გაეხმოვანებინა, თუმცა იუსტიციის სამინისტროში ჩანიშნული ბრიფინგი დათქმულ დროზე გვიან დაიწყო და მაშინ ამ დაგვიანების მიზეზად კულუარული მოლაპარაკებები დასახელდა, ანუ თითქოს წულუკიანს ივანიშვილმა შუამავლები გაუგზავნა და, „ოცნებაში“ დარჩენის სანაცვლოდ, პრივილეგიები და გავლენები შესთავაზა.
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ასეთი ტიპის გარიგება რეალურად შედგა თუ არა, მაგრამ იგივე „ოცნების“ დღევანდელი უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, რომ წულუკიანის სამთავრობო გუნდზე გავლენა წარმოუდგენლად დიდია. მეტიც, „ოცნების“ ზოგიერთი წევრი არც იმის თქმას ერიდება, რომ უსამართლობის განცდა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და ვერაღმდგარი სამართლიანობა, რომლის დაპირებაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნებამ“ ელექტორატს მისცა, სწორედ იუსტიციის მინისტრის ბრალია და ამიტომ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
„შოთაძე თუ ცუდი მთავარი პროკურორი იყო და ამიტომ გადადგა, მაინტერსებს, წულუკიანი, როგორც მისი ზემდგომი, თანამდებობას რატომ არ ტოვებს?“ _ იკითხა „ქრონიკა+“-თან პრივატული საუბრის დროს ერთ-ერთმა „მეოცნებემ“.
სხვათა შორის, შოთაძის გადადგომა წულუკიანს არ მოეწონა და ამის თაობაზე გენერალური პროკურორის გადადგომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი დაწერა:
„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად.
მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ _ მიმუშავია მასთან და ვიცი.
მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.
მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ, შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს ბევრს მოგიყვებით.
მსურს, მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა _ გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს, მეც.
დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? _ ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?
ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.
ამიტომაც მანამ, სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ, მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები“.
არ არის გამორიცხული, იუსტიციის მინისტრს ეს „პოსტი“ სანანებელი გაუხდეს. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ პრემიერ კვირიკაშვილის დავალებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ტრაგედიის, როგორც იტყვიან, ხელახალი გამოძიება შსს-მ დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელახალი გამოძიება დაადგენს, რომ შოთაძემ და მისმა ხელქვეითებმა ხორავას ტრაგედიის მტკიცებულებები გააყალბეს და გამოძიება არასწორი გზით წაიყვანეს, ყველა ლოგიკით, შოთაძისა და პროკურატურის მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს დღის წესრიგში. ასეთ დროს კი, მინიმუმ, მორალური პასუხისმგებლობა იუსტიციის მინისტრსაც მოუწევს, რომელიც შოთაძის გადადგომას, როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, ნეგატივად აფასებს.
კიდევ ერთი პრეტენზია, რაც უმრავლესობის ნაწილს იუსტიციის მინისტრთან აქვს, უვადო მოსამართლეების დანიშვნაა, რაც, თავის დროზე, წულუკიანმა სასამართლო რეფორმის მეორე ტალღად შეაფასა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეს რეფორმა წარსულს უნდა ჩაბარდეს და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაც უნდა ანულირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენა გამორიცხულია.

კვირკაშვილი, როგორც შევარდნაძის „ფეიკი“

შოთაძის გადადგომამ, როგორც „ქრონიკა+“-ს ეუბნებიან, ხელისუფლების კლანებს შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო ნათელი გახადა. საუბარი იმაზეა, რომ კვირიკაშვილს ყოფილ მთავარ პროკურორთან და მის კლანთან თითქოს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და კვირიკაშილი შეეცადა, რომ შოთაძე განტევების ვაცად გამოეყენებინა, თუმცა კვირკაშვილს იმ თაგვივით დაემართა, რომელმაც თხარა, თხარა და კატა გამოთხარა _ იმით შეგულიანებულმა, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი შოთაძის გადადგომით კმაყოფილი იქნებოდა, კვირკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა, ალბათ, ეგონა, რომ შევარდნაძის 40 წლის წინანდელ ტრიუკს გაიმეორებდა და მომიტინგეებს დაამშვიდებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა _ ხალხმა არ მოუსმინა და ზოგმა ბოთლებიც კი ესროლა. ბოთლის სროლა, ბუნებრივია, გამართლებული არ არის, მაგრამ ის, რაც დაემართა, კვირკაშვილმა საკუთარ პიარმრჩევლებს უნდა დააბრალოს. პიარმრჩევლები კი უხვად ჰყავს _ სახელდება კოკა ყანდიაშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავა. ასევე ამბობენ, რომ „კვირიკა“ ვინმე საშა კაცმანის მითითებებსაც ემორჩილება.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კვირიკაშვილს პოლიტიკურმა ბედისწერამ „ფეიკი“ შევარდნაძის როლი არგუნა და ამის შემდეგ თავმოყვარე ადამიანს თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ, ჯერჯერობით, პრემიერი შინ წასვლას არ აპირებს.
რაც შეეხება „შევარდნაძის ტრიუკს“, საქართველოს მეორე პრეზიდენტმა ეს ილეთი 1978 წლის 23 ივლისს გამოიყენა. ამ მოვლენებს კარგად აღწერს თენგიზ პაჭკორია:
„…იმ მომენტისთვის თბილისის დინამოელები სსრკ-ს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იყვნენ (პირველზე კიევის „დინამო“ იყო)… იმ დღეს, მეორე ტაიმში, მთელი სტადიონი რამდენჯერმე, რამდენიმე წუთის მანძილზე, ერთხმად სკანდირებდა რუსულად: „სუდია, პიდ…“, რადგან იმ მატჩის არბიტრი, რომუალდას იუშკა, უბრალოდ, „ვერ ამჩნევდა“ ყიფიანის, გუცაევის, მანუჩარ მაჩაიძის, დარასელიას, შენგელიასა და სხვა ჩვენი ფეხბურთელების მიმართ „ზარიას“ მცველების უხეშ მოქმედებებს, ასევე „ვერ შენიშნა“, რომ სტუმართა მცველებმა, მეორე ტაიმში, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ორჯერ ხელით ითამაშეს.
მაყურებლების უკმაყოფილება დაიწყო ჯერ კიდევ მეორე ტაიმის დასაწყისში, როცა დინამოელებმა მოუმატეს ტემპს და მწვავედ შეუტიეს „ზარიას“, სტუმრები კი ხშირად უხეშად არღვევდნენ წესებს და ბატონმა იუშკამ რამდენჯერმე ეს ვერ შეამჩნია „ვითომ“. რაც შეეხება მატჩის ბოლოს _ საჯარიმოში ერთ-ერთი დინამოელის დაცემის შემდეგ იუშკამ, რატომღაც, თამაშის დასრულების სასტვენი მისცა, თუმცა სათამაშო კიდევ 2 წუთი იყო დარჩენილი (ტაბლოზე ასე ეწერა). ამან აღაშფოთა მაყურებლი. სასტვენის ხმაზე მინდორზე ერთი გულშემატკივარი გადმოხტა და შეეცადა, არბიტრისთვის დაერტყა, მაგრამ „დინამოს“ ფეხბურთელებმა და მილიციის თანამშრომლებმა ფანის მცდელობა აღკვეთეს.
…მოედანზე, მაქსიმუმ, ხუთი ათასამდე მაყურებელი თუ გადავიდა პირველი იარუსიდან, დანარჩენი კი, მათ შორის, მე და მამაჩემი, ტრიბუნებზე დავრჩით. მაყურებელი არა იმდენად კონკრეტულად ამ მსაჯის, იუშკას მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო იყო აღშფოთებული, არამედ, მათი თქმით, ეს მრავალჯერ მომხდარა, როცა მსაჯები ავიწროებდნენ თბილისის დინამოელებს და ქართველი ქომაგების გარკვეული ნაწილი ამას აღიქვამდა საკავშირო ფედერაციისა და მოსკოვის ჩინოვნიკების მითითება-მცდელობად: არ დაეშვათ თბილისელების გამარჯვება სსრკ-ს ჩემპიონატში.
მას შემდეგ, რაც ფეხბურთელები და მსაჯები მილიციის დაცვით გავიდნენ გასახდელში, მინდორზე გადმოსულ მაყურებელთა ნაწილი არ ტოვებდა მოედანს, არ იძროდა ადგილიდან ტრიბუნებზე მყოფი ათიათასობით მაყურებელიც. სტადიონის ბილიკებზე და მოედანზეც მოხდა რამდენიმე ინციდენტი ფანებსა და მილიციისა და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს შორის, მაყურებელთა ნაწილი ბოთლებს ისროდა მათი მიმართულებით, რამდენიმე მილიციელი, ჯარისკაცი და ქომაგი დაშავდა _ სხვადასხვა მონაცემით, 20-40 კაცი. სიტუაციის დაძაბვის გამო რადიოგადამცემით მაყურებელს ლეგენდარულმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ მიმართა. მან თქვა, რომ მატჩი გაპროტესტებულია და მაყურებელს სთხოვა, დაეტოვებინათ სტადიონი. ბატონ კოტეს, პატივისცემის ნიშნად, ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ხალხი არ ტოვებდა მოედანსა და ტრიბუნებს. შემდეგ მოედანზე გამოვიდა ქომაგების კერპი დავით ყიფიანი, მაგრამ ფანებმა იგი ხელში აიტაცეს და ფრთხილად და თბილად გაიყვანეს მოედნიდან გასახდელისკენ. მაყურებელი ითხოვდა შეხვედრის გადათამაშებას და მსაჯების დისკვალიფიკაციას.
მაყურებელს დაშლის თხოვნით მეგაფონით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის იმდროინდელმა პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ, მაგრამ არავინ ტოვებდა არც მოედანსა და არც _ ტრიბუნებს. ჩემ გვერდით, მეორე იარუსზე მსხდომებმა თქვეს, რომ, ალბათ, ჯარის დამატებით ნაწილს შემოიყვანენ სტადიონზეო. მამაჩემმა მითხრა, ჯობია, წავიდეთ, რადგან მას კარგად ახსოვდა 1956 წლის 9 მარტის მოვლენები თბილისში, როცა საბჭოთა ჯარისა და „სპეცნაზის“ ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ჯერ აპროტესტებდნენ ნიკიტა ხრუშოვის ინიციატივით მიღებულ გადაწყვეტილებას იოსებ სტალინის წინააღმდეგ, მერე კი ითხოვდნენ საქართველს დამოუკიდებლობას… 1977 წელს სტადიონზე მყოფი უფროსი თაობის წარმომადგენლები ფიქრობდნენ, რომ მოსკოვი კვლავ გამოიყენებდა ჯარს ხალხის დასაშლელად. როცა „დინამოს“ სტადიონზე მყოფი მაყურებელთა ნაწილი ასეთ ცუდ შესაძლო სცენარზე ფიქრობდა, ბევრისთვის მოულოდნელად, შევარდნაძემ დატოვა სამთავრობო ლოჟა, გადავიდა ტრიბუნებზე, შემდეგ _ მინდორზე და მაყურებელს სიტყვით მიმართა _ ის სთხოვდა მათ, დაშლილიყვნენ. ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რადგან იმ დროს სსრკ-ში, მათ შორის, საქართველოშიც არ იყო მიღებული კომპარტიის ლიდერების მოულოდნელი გამოსვლა მასაში და კიდევ იმიტომ, რომ შევარდნაძეს იმ დროსაც ჰყავდა ბევრი პირადი მტერი იმის გამო, რომ 1973-1975 წლებში „ნეგატიური მოვლენების“ (მექრთამეობა, მიწერები, სოციალისტური ქონების მიტაცება და ა. შ.) წინააღმდეგ ბრძოლის“ მოტივით საქართველოში დაიჭირეს რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო და პარტიული მუშაკი, ბიზნესმენი (იმ დროს „ცეხავიკებს“ ეძახდნენ მათ) და ათასობით სხვადასხვა პროფესიის ადამიანი. ზოგს ეს მოსწონდა, ზოგს _ არა, მაგრამ ბევრი იყო განაწყენებული შევარდნაძეზე. ამიტომ ამ სიტუაციში მოედანზე მისი გადასვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო.
„დინამოს“ სტადიონის მოედანზე გამოსვლის ეპიზოდი შევარდნაძემ, მოგვიანებით, 2006 წელს თბილისში ქართულ ენაზე გამოცემულ თავის მემუარებში „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“ აღწერა. ის წერს:
„ვნებათაღელვა მსაჯის შეცდომებმა გამოიწვია. ამას ისიც დაემატა, რომ მან თამაშის დასასრულ მოწინააღმდეგის კარში პენალტი არ დანიშნა. არ ვიცი, განზრახ გააკეთა ეს თუ უნებლიეთ, მაგრამ სტადიონის ტრიბუნები თითქოს ჩამოინგრა. ათასობით მაყურებელი მინდვრისკენ გაიჭრა, რომ არბიტრი დაესაჯა. ძლივს მოვახერხეთ მსაჯის დამალვა სტადიონის მიწისქვეშა ოთახში და მაშინ გულშემატკივრების რისხვა წესრიგის დამცველებს დაატყდა თავს. ქვებს ესროდნენ სამთავრობო ტრიბუნასაც, სადაც მე ვიჯექი. ორჯერ მივმართე მაყურებელს მეგაფონით, შევპირდი, რომ ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ ამაოდ. არავითარი არგუმენტი აღარ ჭრიდა. საჭირო იყო შოკისმომგვრელი მოქმედება. იძულებული გავხდი, ტრიბუნიდან პირდაპირ ხალხში გავსულიყავი (ეს უფრო გადახტომა იყო), ამას ნამდვილად არავინ ელოდა. რამდენიმე თანამშრომელი გამომყვა. ჩემთვის მოულოდნელად, მაყურებელმა გზა მომცა და პირდაპირ მინდორზე გავედი. მთელი მოედანი ახალგაზრდებით იყო სავსე. „ბიჭებო, _ მივმართე მათ, _ ხომ ხედავთ, თქვენთან ვარ, მსაჯებს კი ჩვენ მოვუვლით“, _ ეს ვთქვი და გასასვლელისკენ გავემართე. ჩემთვის მოულოდნელად, ეს უზარმაზარი მასა მე გამომყვა. გაგანია ზაფხული იყო და დიდი სიცხე იდგა, თან „გამცილებელთა“ ცხელი სუნთქვა მდევდა, სული მეხუთებოდა. ჩემი ტანსაცმელი ოფლით ისე გაიჟღენთა, რომ იტყვიან, გასაწური იყო. ნახევარი კილომეტრი ვიარე სტადიონიდან, მეტი აღარ შემეძლო, სუნთქვა მიჭირდა და გარშემომყოფთ მივმართე: „გამიგეთ, უბრალოდ, ცუდად ვარ, სადაცაა წავიქცევი“…. ეტყობა, ადამიანის ფერი აღარ მედო. ახალგაზრდებმა წრე გააკეთეს და ამოსუნთქვის საშუალება მომცეს. შემდეგ თანდათანობით დამშვიდდნენ და ნელ-ნელა დაიშალნენ კიდეც. გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა: იმ დღეს სტადიონზე დიდი სისხლისღვრა ავიცილეთ“.
ეს არის, რაც ედუარდ შევარდნაძემ დაწერა მემუარებში 2006 წელს. მანამდე კი, 1997 წლის ივლისში, აღნიშნული ინციდენტის 20 წლისთავზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში, მაშინდელი პრეზიდენტის, შევარდნაძის ჩვეულებრივი, ყოველკვირეული პრესკონფერენცია ტარდებოდა. მე მას ვკითხე: „ამბობენ, რომ მაშინ, 1977 წელს, თქვენ სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროში გამოგიძახეს და საყვედური მოგცეს იმისთვის, რომ დაარღვიეთ ინსტრუქცია და მოედანზე გახვედით, სადაც გამწარებული მაყურებელი იყო. ეს მართალია?“ შევარდნაძემ ასე მიპასუხა: „კი, სსკპ ცკ-ს პოლიტბიუროზე იყო ამ თემაზე ლაპარაკი, ზოგიერთი ითხოვდა ჩემს დასჯას, მაგრამ ლეონიდ ბრეჟნევმა (სკკპ ცკ გენერალური მდივანი) შეაჩერა ისინი და უთხრა: „შესაძლოა, ედუარდ ამბროსიჩმა დაარღვია ინსტრუქცია, მაგრამ მან თავიდან აიცილა სისხლისღვრა“. პოლიტბიუროს სხვა დანარჩენმა წევრებმა ბრეჟნევს მხარი დაუჭირეს, თუმცა ზოგიერთს ჩემი დასჯა ერჩივნა“.
გიორგი კვირიკაშვილმა, ედუარდ შევარდნაძისგან განსხვავებით, ვერც ხალხი დაამშვიდა და თავიც ცუდ დღეში ჩაიგდო. ამ „გაპაზორებისთვის“ პასუხი მისთვის „ოცნების“ ლიდერს ჯერ არ მოუთხოვია, მაგრამ ისინი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ზედმიწევნით კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილისთვის ნასროლი ბოთლები შესაძლოა, ისე ჩათვალოს, რომ ხალხმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამიტომ პრემიერს ხალხში გასვლა, შესაძლოა, საბედისწერო ნაბიჯად ექცეს.
ზოგადად, „ოცნებას“ რომ კრიტიკული დღეები უდგას, ამას ყველა ხედავს _ მართალია, მმართველი გუნდი თავს იმით ინუგეშებს, რომ ხალხი ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს არ გაჰყვება, მაგრამ ეს თავის დამშვიდებაა და მეტი არაფერი, რადგან ქვეყანაში ტოტალური უიმედობისა და უსამართლობის განცდაა გამეფებული, რასაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ემატება. საქართველოს ისტორია ნათელყოფს, რომ ხალხმა შეიძლება, სიღარიბე აიტანოს, მაგრამ ღირსების შელახვასა და უსამართლობას არასოდეს ეგუება. ასე რომ, „ოცნება“ ცაიტნოტშია და თვითწმენდაც, სავარაუდოდ, ვეღარ უშველის.

გიორგი აბაშიძე