რა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა ქართული გავლენა და რამდენ ენაზე ვსაუბრობთ ქართველები?

მსოფლიოში 200-მდე სახელმწიფოა, ენა 2800-ზე მეტია, დამწერლობა კი _ მხოლოდ 14, ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობის რიცხვშია.

ლათინური დამწერლობა და შრიფტი ემსახურება 68 ენას, რუსული, რომელიც ცალკე დამწერლობას არ წარმოადგენს (სლავურ-კირილური შრიფტია) _ 60-ს (ავტონომიებში და, რა თქმა უნდა, იძულებით), ხოლო ქართული ამჟამად მხოლოდ ერთს, მაგრამ როგორც დამწერლობის (ლიტერატურული და ადმინისტრაციული) საშუალება ოფიციალურად გამოიყენებოდა აფხაზურისა და ოსურისთვის. იბერიულ-კავკასიურ ენათაგან ლიტერატურული ტრადიციის მქონე ერთადერთი ენა, ქართული ენა და ანბანი, ისტორიულ წარსულში გამოიყენებოდა მოძმე ჩრდილოკავკასიელთა მიერაც!

***
რას ნიშნავს ქართველი? რამდენად გავრცელებული იყო ქართული ენა? ქართლის ეტიმოლოგია საბოლოოდ დადგენილი არაა, დასავლეთ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში (მაგალითად, მესტიის რაიონში არსებობს სოფელი ართვანი~) შემორჩენილია ინდოევროპული სუბსტრაქტის ნიშნად მიჩნეული სიტყვა „ქართა“, რაც ნიშნავს შემოღობილ ადგილს, აქედანვეა ნაწარმოები _ გალავანი, ნაგებობა, ციხესიმაგრე. ისტორიული ტრადიციით სახელწოდება მოდის ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ქართლოსის სახელისგან.

***
იბერიულ-კავკასიურ ენათა ძირითად ლექსიკონში საერთო კუთვნილებას წარმოადგენს ისეთი სიტყვები, რომლებიც აღნიშნავენ „გულს“, „მზეს“, „ენას“, ზოგ რიცხვით სახელს („ცალი“, „ტყუპი“), მათი სათანადო ძირები საკუთრივ იბერიულ-კავკასიურია. კავკასიისმცოდნეთა უმეტესობა ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იბერიულ-კავკასიურ ენათა ყველა ჯგუფის თავდაპირველ წარმოშობით ნათესაობას!
მაშ, ასე! _ რომელია იბერიულ-კავკასიური ენები?
X-ფუძე ენიდან, რომლის დაზუსტება მომავლის საქმეა, მომდინარეობს დღეისათვის ოთხ ჯგუფად წარმოდგენილი:
1) ქართველური ენები, რომელშიც ერთიანდება: საკუთრივ ქართული, სვანური, ზანური (მეგრული და ლაზური). ტოპონიმი „ზანი“ სვანურმა შემოინახა, სვანები მეგრელებს დღესაც ასე მიმართავენ, მაგრამ თავდაპირველი მნიშვნელობით იგულისხმებოდა ერთიანად მეგრელიც და ლაზიც. მიიჩნევა, რომ თავად ზანური დაიკარგა, როგორც უმწერლობო ენა და დაგვრჩა ორი დიალექტი მეგრულისა და ლაზურის სახით. ეს დაახლოებით ამგვარ შემთხვევას შეგვიძლია შევადაროთ, ქართული რომ დაკარგულიყო, კახური და იმერული დიალექტი კი შემოგვრჩენოდა. ლაზური და მეგრული, ფაქტობრივად, ერთი ენაა;
2) აფხაზურ-ადიღური ენები, მასში ერთიანდება: აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული და უბიხური (რუსების ბარბაროსული პოლიტიკის შედეგად დღეს უკვე არარსებული ენა: მთელი ხალხი რუსებმა 1864 წელს აბსოლუტურად გაანადგურეს, გადარჩენილი უბიხები თურქეთში გადასახლდნენ);
3) ვაინახური ენები: ჩაჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური, ანუ ბაცბური. ამ უკანასკნელზე ქართველთა ერთი ნაწილი საუბრობს (დაახლოებით 3 ათასი);
4) დაღესტნური ენები: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური, ლაკურ-დარგუული და ლეზგიური. საერთო ჯამში, დაღესტანში, დაახლოებით, 35 ენას, ზოგჯერ მეტსაც ითვლიან (მეცნიერთა შორის ამ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს). ცნობილია თქმულებაც: თითქოს ღმერთმა დაღესტნის ძნელადსავალ მთებში ფეხი წამოჰკრა და ენები სულ იქ დაებნა.
აფხაზურისა და ლეზგიურის მორფოლოგია ორ პოლუსს ქმნის. სტრუქტურის მიხედვით მათ შორის თავსდება ყველა სხვა იბერიულ-კავკასიური ენა (ქართველური, ადიღური, ნახური, დაღესტნური). მაგალითად, ქართული აფხაზურთან და ლეზგიურთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ეს ორი ენა ურთიერთთან, რაც მათ ქართულიდან განვითარებას ნიშნავს.
იბერიულ-კავკასიურ ენებს „ენათა კავშირად“ მიიჩნევენ, „ენათა კავშირად“ არ მიიჩნევა თვით დაღესტნური ენებიც კი, რაც მათი ქართულიდან და საერთოდ, იბერიულ-კავკასიურ ენათა საერთო წარმომავლობას ადასტურებს.
სხვათა შორის, იბერიულ-კავკასიურ ოჯახში აერთიანებენ დრავიდულ ენებს (ინდოეთის სამხრეთით 140 მილიონი კაცი საუბრობს, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ მე-7 ტომში მსოფლიოს ხალხთა ენების რუკაზე დრავიდული ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახშია გაერთიანებული). დრავიდებმა ჰარაფის ცივილიზაცია (ძვ. წ.-აღ.-ით 2500-1500 წწ.) შექმნეს _ აღემატებოდა მესოპოტამიისა და ძვ. ეგვიპტის კულტურებს. დრავიდებს სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდათ ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებთან, კავკასიასთან, ევროპასთანაც კი! ამავე ოჯახს აკუთვნებენ ბასკურს (სხვათა შორის, მეცნიერთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ფიქრობს, რომ პირინეის იბერიელთა მიერ ტერმინი „იბერია“ ბასკებისგან თუ ბასკთა წინაპრებისგანაა შეთვისებული), პელასგურს, ეტრუსკულს (რომის დამაარსებლები), შუმერულს, წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ენებს. ყოველივე აღნიშნულს საფუძვლად უძევს უხვი წერილობითი, არქეოლოგიური და გასაოცარი ლინგვისტური მონაცემები (ხშირ შემთხვევაში გამაოგნებლად ეხმიანება თანამედროვე ქართულსაც კი). როგორც ჩანს, ეს ვრცელი ტერიტორია უუძველეს ხანაში ერთ საერთო სივრცე-ცივილიზაციას წარმოადგენდა! ეტრუსკებზე დამატებით აღვნიშნავთ, რომ ტურშა, ანუ ტირსენიელები (შემდგომ ეტრუსკული ეთნოსის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი), იყვნენ შარდანები, ალბათ ქალაქ სარდის რაიონიდან. შარდანების ერთი ნაწილი სარდინიაში უნდა დასახლებულიყო, მეორე, შესაძლოა _ კოლხეთში, რაზედაც მიუთითებს იქ აღმოჩენილი სარდინიული ტიპის ითიფილიკური ქანდაკებები და ჰეროდოტეს ცნობა კოლხთა ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ.
ასევე საინტერესოა, რომ XIX ს.-ის ზოგი დასავლეთ ევროპელი მეცნიერი ალაროდიულ ენებში აერთიანებდა სავარაუდებელ ენობრივ ერთობას (ქართველური, კავკასიის სხვა ენები და წინა აზიის მკვდარი ენები: ხეთური, ელამური, ურარტული და სხვ.), ტერმინი მომდინარეობს სასპერებთან (სპერი) ერთად აქემენიდთა სპარსეთის XVIII სატრაპიაში შემავალი ალაროდებისაგან.
რუსეთი მუდამ, განსაკუთებით ეს გამოჩნდა კავკასიის დაპყრობის შემდეგ, კავკასიელთა შორის ურთიერთშუღლის დათესვას ცდილობს, ამ მზაკვრულ გზაზე პირველ წინაღობად საქართველო მიაჩნია: ამიტომ რუსეთის სპეცსამსახურები ცალკე ანბანებს უქმნიდნენ და ამ გზით აცალკავებდნენ ქართველებს: აფხაზებს, სვანებს, მეგრელებს, წოვა-თუშებს, ხოლო ამ დროს ქართულ ენას ყოველნაირად დევნიდნენ. ნათელია, რომ წოვა-თუშები და აფხაზები აბსოლუტურად ერთ სიბრტყეზე დგანან და ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან. მეტიც: რუსებმა სიტყვა საქართველოს ხსენებაც კი აკრძალეს და ოფიციალურ დოკუმენტებში არსად იყო დაფიქსირებული, მის ნაცვლად შემოიღეს (ესაა „დაყავი და იბატონეს“ უსაზიზღრესი რუსულ-შოვინისტური გამოვლინება): თბილისის, ქუთაისისა და ყარსის გუბერნიები, ჯერ სოხუმის სამხედრო განყოფილება (თითქოს სამხედრო-საწვრთნელი პოლიგონი ყოფილიყოს), შემდეგ კი ზაქათალის, ბათუმის, სოხუმისა და სოჭის ოლქები. პარალელურად, რუსეთის იმპერატორი საკუთარ თავს ასეც უწოდებდა „ცარ ივერსკი“. ამ მხრივ თავი გამოიჩინა რუსმა ლინგვისტმა, პეტრე უსლარმა, რომელიც ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჟანდარმერიის გენერლის წოდებას შემთხვევით არ ფლობდა.
საყურადღებო და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ინგილოურ დიალექტში თითქმის უცვლელადაა შემონახული ძველი მეტყველების შრე. ამიტომ, ერთი მხრივ, ახლოსაა ფერეიდნულთან, მეორე მხრივ, განიცდის ხუნძურის ძლიერ გავლენას (რა თქმა უნდა, აზერბაიჯანულისაც) და თუკი ასე გაგრძელდა, შესაძლოა ზუსტად იგივე ან მსგავსი ლინგვისტური სურათი მივიღოთ, რაც დღეს გვაქვს წოვა-თუშებთან და აფხაზებთან ან გვქონდა დვალებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ეთნიკურ კუთვნილებას ვერ განსაზღვრავს, ისევე როგორც ვერავინ შეიტანს ეჭვს ინგილოთა, უფრო ზუსტად, ჰერეთელთა ქართველობაში. ასე რომ, დვალური ენის შემორჩენის შემთხვევაში ზუსტად იგივე სურათი შეიძლებოდა მიგვეღო დვალეთშიც, რომლის უმეტესი ნაწილი 1921 წლის ოკუპაციის შედეგად დღეს ალანიის შემადგენლობაშია.
დამატებით რისი თქმა შეგვიძლია დვალების შესახებ? პირველად მოიხსენიება I-II სს-ებში (თალის, ვალის, უალის სახელით). მეცნიერები დვალურ ენას უკავშირებენ ნახურ (ინგუშურ-ჩეჩნური) და ქართველურ (ძირითადად სვანური) ენებს და ასკვნიან: დვალების მეტყველება შექმნილი „ოფშორული ვითარებისა“ (რასაც ხელი შეუწყო ბუნებრივ-გეოგრაფიულმა გარემომაც) და ხშირი ურთიერთკავშირების შედეგად, ამ ენათა ნაზავს წარმოადგენდა.
ბოროტმეტყველთა გასაგონად, ლინგვისტურად ვაინახურ ჯგუფში გაერთიანებულ, მაგრამ ტომობრივად ქართველ თუშებზე (წოვა-თუშებზე ანუ ბაცბებზე) დავძენთ, რომ ალაზნის სათავეების შემცველ რაიონში მცხოვრებ თუშებს ლეკები დღესაც „მოსსოხს“ ეძახიან. ი. ჯავახიშვილი შენიშნავს: „თუკი წოვა-თუშნი (ტუსკ-ოი _ ესაა ბერძნული ფორმა და თუშ ფუძის შესატყვისია) ჩაჩნების ან ნახჭუოს ტომია, ლეკები კი მათ „მოსსოხს“ უწოდებენ, მაშინ ეს სახელი „მოსსოხ“ ნახჭუოს ტომის სახელადაც გამოდის და ჩვეულებრივ კი ქართველთა ტომის, მესხების სახელად იხმარებოდა“. იკვეთება, რომ ტერმინი „მესხი“, უძველეს პერიოდში, ერთიანი ნაციონალური სახელმწიფოს აღმნიშვნელი იყო. შეგახსენებთ: ჩაჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორია ქართულ პროვინციას წარმოადგენდა, ათი საუკუნის (VII-XVI სს.) მანძილზე ადმინისტრაციულად ქისტეთ-ჩეჩნები და ხუნძახელები (დაღესტნური ტომი) ფშავ-ხევსურებთან ერთად პანკის-კვეტარის სამოურავოში შემოდიოდნენ. ქართულის გავლენით ჩეჩნურში რთული დაქვემდებარებული წინადადებაც კი განვითარდა.
აფხაზებთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, სტრატეგიული თვალსაზრისით, სვანურ-კოლხური ტომები უცხო ელემენტს განდევნიდნენ ან ასიმილაცია მაინც მოხდებოდა. ამისთვის საკმარისი იყო მრავალი საუკუნე, მაგრამ ეს არ მოხდა ერთი უბრალო მიზეზის გამო, აფხაზები და აფხაზური, სვანურთან და ზანურთან ერთად, მშობლიურად მიაჩნდათ, არც აფხაზურ ენას დამუქრებია საფრთხე, ხოლო ოფიციალურ-სავალდებულო-გამაერთიანებელი ენა მუდამ ქართული გახლდათ და ყოველთვის ყველამ იცოდა. საქართველოს გამაერთიანებელი აფხაზთა მეფეების პირველი ნაბიჯიც აფხაზეთის მცხეთის საკათალიკოსოსთვის დაქვემდებარება და დამპყრობი ბერძნულის ნაცვლად მშობლიური ქართული წირვა-ლოცვის დამკვიდრება გახლდათ. აქვე კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ხუხუტი ბღაჟბას სიტყვები: „აფხაზთა აფრიკული წარმოშობის თეორიის მცდარობა გასაგებია, ვინაიდან აფხაზები წარმოადგენდნენ ქართველთა ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ტომს, რომელიც სახლობდა საქართველოსა და კავკასიაში“. სრულიად აშკარაა, რომ აფხაზები და წოვა-თუშები აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში მოიაზრებიან!
უუძველეს პერიოდში გვაქვს თუ არა ერთიანი ნაციონალური შეგნების არსებობის შესახებ ხმამაღალი განცხადების დამატებითი საფუძველი? ერთ-ერთ ამგვარ გამაერთიანებელ საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ უდის განძი _ აღმოჩენილი ადიგენის რაიონში, დათარიღებული ძვ. წელთაღრიცხვის XIII ს.-ით, რომელიც ტიპური კოლხური ნაწარმია და ადასტურებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ისტორიულ ერთობას.
რაც შეეხება ჩრდილოკავკასიაში მცხოვრებ ბალყარებს, ყარაჩაელებსა და ოსებს, ენობრივად ისინი იბერიულ-კავკასიურ ოჯახში არ ერთიანდებიან, თუმცა მათ მეტყველებაზე ქართულის უსაზღვრო გავლენა ნათელია. ოსებთან დაკავშირებით კი ნიკო მარის მოსაზრება საყურადღებოა, რომელიც უარყოფდა ოსთა ირანელებთან ნათესაობას და ოსების ეროვნულ თავსახელს „ჰირ“ აღმოსავლეთ ქართულ ტერმინ „ჰერს“ (ჰერეთი) უკავშირებდა, რასაც ეთანხმება ბევრი ოსი მეცნიერი. მაგალითად, ვ. აბაევი აღნიშნავს: ფეხთ-ალი-შახის ყაბარდოელებისადმი, ჩეჩნებისადმი და ოსებისადმი მიმართულ 1804 წლის ფირმანში ოსებს ჰირ ეწოდებათ, ხოლო ჩეჩნები, ანდიელები და ავარელები ოსებს დღესაც ზუსტად იგივენაირად მიმართავენო _ ჰირი“.
ყოფილი სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის კიდევ ერთი, 1926-1928 წლებში მოქმედი, ეს უკვე მეორე, ე. წ. „ანალიტიკური ანბანის“ ავტორი და აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი აქტიური წამქეზებელი, ქართულ საზოგადოებასთან უმიზეზოდ დაპირისპირებული თვით ნიკო მარიც კი რეალობის წინაშე უკან იხევს და საქართველოს ისტორიას საერთოკავკასიურ ჭრილში, კავკასიის ისტორიის რანგში განიხილავს. ნიკო მარი აღიარებს, რომ აფხაზური სატომო სახელი წარმოიშვა „მასხიდან“ („მესხი“). იგივეს ამტკიცებს და უტყუარს ხდის პავლე ინგოროყვაც, ჩერქეზული წარმოშობის ჭეშმარიტი ქართველი. ივანე ჯავახიშვილი სარწმუნოდ მიიჩნევს მარის ამ მოსაზრებას, აზუსტებს და ყურადღებას ამახვილებს ბიბლიაში მოხსენიებული კიდევ ერთი ქართველური ტომის „მეშეხად“ წოდებულ საკუთარ სახელზე, კერძოდ კი „-ხი“ დაბოლოებაზე, რომელიც ეროვნების აღმნიშვნელი ქართული სუფიქსია! ანუ გაბედულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქართველთა ერთ-ერთი უძველესი გამაერთიანებელი ტერმინია „მესხი!“ საქართველოს უძველესი დედაქალაქის სახელწოდება „მცხეთაც“ ხომ მესხთა ქალაქს ნიშნავს.
სწორედ ამ მრავალფეროვნების სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა რუსეთი, დღემდე აქტიურად მიმართავს „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკას და როდესაც „მეცნიერული კვლევებით“ ვერაფერს ხდება, უხეშ ძალას მიმართავს. ვერც საბჭოეთის დროინდელმა ოფიციოზმა დამალა და მხოლოდ „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ თავშეკავებული მონაცემების თანხმად, კრემლის სისხლიანი პოლიტიკის შედეგად, სიკვდილისგან თურქეთში გაქცევით თავს უშველა 750 ათასმა(!) ჩრდილოკავკასიელმა, მათ შორის, ოსებმა. „მუჰაჯირობისა“ და რუსული რეპრესიების განსაკუთრებული მსხვერპლი გახდნენ მაჰმადიანი და კათოლიკე ქართველები, ხოლო მართლმადიდებელ ქართველთა წინააღმდეგ გარუსების მახინჯი პოლიტიკა ბატონობდა, განსაკუთრებით დაუმორჩილებლებს ან სამუდამოდ ციმბირში ასახლებდნენ, ან სიკვდილით სჯიდნენ!

ქართული კვალი კავკასიაში

XIX საუკუნის პერიოდიკა მოწმობს, რომ ჩრდილოკავკასიის ყველა კუთხეში ძალიან კარგად ფლობენ ქართულს. საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასიაში, დღემდე ცხოვრობს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართველობა და მათ შეინარჩუნეს მშობლიური ენა. ქართული დიალექტებიდან, რომელსაც აღიარებს „ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“, აღსანიშნავია იმერხეული (თურქეთი, სადაც ასევე ცხოვრობენ მრავალრიცხოვანი ლაზები), ფერეიდნული (ირანი) და ყიზლარ-მოზდოკური. ყიზლარ-მოზდოკური _ ესაა მოზდოკსა (ალანია) და ყიზლარში (დაღესტანი) მცხოვრებ ქართველთა მეტყველება. ხალხური გადმოცემით აქ ქართველები ჩამოსახლებულან XVIII ს.-ში ქართლიდან, კახეთიდან, უმთავრესად ლეკთა ლაშქრობების გამო. ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით შამილის წინააღმდეგ ომის მონაწილეც ყოფილა. ისტორიული წყაროების მიხედვით, თავდაპირველად, ყიზლარში ქართული ახალშენი 1724 წელს დააარსა რუსეთში მიმავალ ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამალის ერთმა ნაწილმა. მოზდოკში ცხოვრობდნენ ის ქართველებიც, რომელნიც 1735 წლამდე რუსეთის ჯარში მსახურობდნენ და რუსების მიერ კასპიისპირეთის დასავლეთის დატოვების შემდეგ თან არ გაჰყოლიან და იქვე დარჩნენ. ამ მოსახლეობას თანდათან ემატებოდნენ ქართველთა სხვა ჯგუფები. შემორჩენილია ქართული გვარები: ზედგენიძე, ლომიძე, ფხაკაძე, ბიწაძე და სხვ. უმეტესობა შეცვლილია რუსული გვარებით. ამ დიალექტისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა ქართული კილოს შერწყმა.
სასარგებლოა მცირედით კიდევ გავეცნოთ კავკასიაში არსებულ უნიკალურ ვითარებასა და მის ჭეშმარიტ ისტორიას, რომელიც უხსოვარი დროიდან ქართულ გავლენას მთელ კავკასიაზე ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს. მკითხველისთვის არც ის უნდა იყოს მოულოდნელი, რომ მართალი ისტორია რუსთა ბატონობის პერიოდში მაქსიმალურად იჩქმალებოდა.
დურძუკეთ-ღვლიღეთში (დღევანდელი ჩეჩნეთი), ასას ხეობაში, არის ქართული ტაძრები თხაბა-ერდის (იგივე ტყობაიერდი, სოფელ ხი-რახის მახლობლად) სახელწოდებით და ასომთავრული წარწერით, თარიღდება IX საუკუნით, აქვეა ნაპოვნი IX-XI საუკუნეების ქართული ხელნაწრი ფსალმუნი. აღნიშნული „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ მითითებული არ არის!
ჩეჩნეთ-დაღესტნის, ზაქათალის ყოფილი ოლქისა და ნუხას ყოფილი მაზრის მოსახლეობა პოლიტიკურად და სარწმუნოებრივად საქართველოს ეკლესიას ექვემდებარებოდა. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ჩეჩნებ-დაღესტნელები თემურ ლენგის შემოსევებამდე (XIV ს.-ის ბოლო) მთლიანად ქრისტიანები იყვნენ და ქართულსაც ჩვეულებრივად ფლობდნენ.
ყაბარდო-ბალყარეთში დღემდე შემორჩენილია სვანი ოსტატების მიერ აშენებული ბალყარუკოვების კოშკი (XVII ს.), ისინი XVIII საუკუნემდე მისდევდნენ ქრისტიანობასა და წარმართობას, მათ ლექსიკაში უხვადაა ქართული სიტყვები.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიაში დღემდეა ჩვენამდე მოღწეული უამრავი ხუროთმოძღვრული ძეგლი. აღსანიშნავია X-XI სს.-ის ქრისტიანული ჯვარ-გუმბათიანი ტაძრები (შოანის მთაზე, სოფელ კოსტა ხეთაგუროვის მახლობლად _ „შოანი“ მეგრულად „სვანს“ ნიშნავს), სენტანის ტაძარი _ ფრესკების ნარჩენები სოფელ ქვემო თებერდასთან, ყუბანისპირეთში VII-XII საუკუნეთა დოლმენებისმაგვარი მიწისზედა აკლდამები.
დაღესტანი, განსაკუთრებით მთიანი ნაწილი, საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ გავლენას განიცდიდა, რამაც პიკს მიაღწია, რა თქმა უნდა, XI-XIII საუკუნეებში. საქართველოს გავლენა კი იმდენად დიდი ყოფილა, რომ იქ აშკარად ფიქსირდება რამდენიმე ქართული ეპარქიის არსებობა (ხუნძეთის, წახურის, ანწუხის). დაღესტანში ქართული ეკლესიის მიტროპოლია არსებობდა.
VIII-XIV საუკუნეებში, დაღესტანში ახალი ტალღით გავრცელდა ქართული კულტურა, ქართული ანბანის საფუძველზე იქმნებოდა ხუნძური ენის წერილობითი ძეგლები. ხუნძეთში ქრისტიანობას ქართველი მისიონერები ქადაგებდნენ. იყო უამრავი ქართული საყდარ-მონასტერი, ზოგმა ჩვენამდეც მოაღწია _ სოვეტსკოეს რაიონში დღემდეა შემორჩენილი IX ს.-ის დათუნას ქართული ეკლესია.
X ს.-ის ხუნძახში აღმოჩნდა ქვის ჯვარი ქართული ასოებით ქართულ-ავარიული სიტყვებით, რაც მეცნიერთა მტკიცებით მიუთითებს ქართული ანბანის საფუძველზე ხუნძური დამწერლობის შექმნის ცდაზე.
დაღესტანში გვხვდება უშუალოდ ქართული წარწერებიც (არაუგვიანეს XIV საუკუნისა), ზოგი მათგანი კი, როგორც უკვე მივუთითეთ, ქართულ-ხუნძურია.
ყოველივეს შემდეგ გასაკვირი აღარ უნდა იყოს შემდეგი: ხუნძური ენისათვის იყენებდნენ ქართულ ანბანს. ნაპოვნია ქართული ანბანით შესრულებული ხუნძური ნაწერები ქვებზე, რომლებიც მუზეუმებშია დაცული. ეს წარწერები შესრულებულია ქართული ანბანით და განეკუთვნება XII-XIV საუკუნეებს. 1865 წელს უსლარმაც აიდემირ ჭირკიელთან ერთად შედგენილ ხუნძურ ანბანში (გამოიყენებოდა ძირითადად სლავურ-კირილური გრაფიკა, გუთური), გვერდი ვერ აუარა ქართულს (ქართული წ და ჭ). იმავე წელს სკოლაც გახსნეს, მაგრამ უსახსრობის საბაბით დაიხურა. პირველი ხუნძური ტექსტები იოჰან გიულ-ბერაშტედის მიერ 1771-1772 წლებში ჩაწერილია ერეკლე II-ის კარზე, რომელიც 1792 წელს პეტერბურგში გერმანულ ენაზე გამოიცა. აქვეა მოყვანილი „მამაო ჩვენოს“ ტექსტი ხუნძურად. ხოლო 1862 წელს ლითოგრაფიული წესით თბილისში გამოვიდა უსლარის „ხუნძური ენა“, ბეჭდური წესით კი _ 1889 წელს. 1962 წელს გამოვიდა ხუნძური ენის შესახებ დღემდე არსებული სამეცნიერო ლიტერატურიდან ყველაზე სრული, ზუსტი, ღრმად მეცნიერული მონოგრაფია _ „ხუნძური ენა“, რომლის ავტორები არიან არნოლდ ჩიქობავა და ილო ცერცვაძე, ხოლო 1982 წელს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე პარიზში გამოიცა გ. შარაშიძის „ხუნძური ენა“.
ქართული სამყარო ჩრდილოეთით მოსახლე ნათესავებზე მეურვეობას ყოველთვის გრძნობდა და ისინიც საქართველოსკენ მოილტვოდნენ, ხოლო კავკასიის სამხრეთ კალთებს უშუალოდ განაგებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1920-იან წლებში ქართული ჯარი სრულად აკონტროლებდა სოჭის ოლქს! ხოლო ნიკოფსიას, ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს.-ის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსში დაცული ცნობის თანახმად, ეწოდებოდა „ძველი ლაზიკა“, ზოგ წყაროში მას „ლაზთა ქალაქადაც“ მოიხსენიებენ!
ოსებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ქართული ტაძრებით მოფენილია მთელი ოსეთი, განსაკუთრებით X-XII საუკუნეთა ძეგლებით, მათ შორის აღსანიშნავია დავით აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) შვილის, ოვსეთის დედოფლის, თამარ უმრწმესის მიერ აშენებული თიღვაშის მონასტერი და პირადად საქართველოს მეფის, თამარის (1184-1213 წწ.) მიერ, რომლის დედაც ოსი გახლდათ, აგებული მარიამ-კაუშის ტაძარი.
რაც შეეხება ქართველთა მეურვეობას ჩრდილოკავკასიელთა მიმართ: 1751 წელს ქართველებმა მოზდოკში გახსნეს ოსური სკოლა, ეს იყო მოგვიანო პერიოდის პირველი სასწავლებელი მთლიანად ჩრდილოკავკასიაში, რომელიც წინანდებურად ისევ ქართველებმა დააფუძნეს, სადაც ნიადაგ ქართველი განმანათლებლები მოღვაწეობდნენ.
„დაყავი და იბატონეს“ კიდევ ერთი გამოვლინებაა „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“~ შეფასებები, რომლის თანახმადაც, დვალებისგან განსხავევბით, რომელსაც იბერიულ-კავკასიურ ტომს უწოდებს, კასპიები იბერიულ-კავკასიური ჯგუფის ტომებად მოიხსენიება. რასაკვირველია, ამგვარი დაყოფა რუსულ-კომუნისტური კონიუნქტურის შედეგია და აღნიშნული დანაწილების მიხედვით სხვა რომელიმე ტომი დასახელებული არ არის, რაც ქართველურ და სხვა ტომებთან ერთად მათ საერთო წარმოშობას ნიშნავს.

ვინ არიან კასპიები?

კასპიები აღმოსავლეთ აზერბაიჯანის აღმოსავლეთ სტეპებში ცხოვრობდნენ. პირველად მათ შესახებ წყაროებში. ჯერ კიდევ. ძვ. წ. V ს.-ში ჰეროდოტე საუბრობს, მათი სახელი ეწოდა კასპიის ზღვას და ძველი აზერბაიჯანის ერთ-ერთ ოლქს _ კასპიანეს. ისინი. დაახლოებით. ძვ. წ. I ს.-ში, შეერივნენ მონათესავე ალბანელებს, მიდიელებსა და სხვა ტომებს. მიდია ჩრდილო-დასავლეთ ირანში არსებული სახელმწიფოა. სხვათა შორის, იგივე ჰეროდოტეს ცნობით მიდიელებს სახელი კოლხი მეფის ასულის, მედეას მიხედვით ეწოდათ!
ასევე აღსანიშნავია ტოპონიმი გოგარენე _ ისტორიული ქვემო ქართლის ბერძნული სახელწოდება, სომხური წყაროებით გუგარქი. პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. 64-63 _ ახ. წ. 23-24 წწ.), როგორც იბერიის პროვინცია. სომხური გეოგრაფიული თხზულების „აშხარჰაცუიცის“ (VIII ს.) ცნობების მიხედვით, რომელიც გაცილებით ძველ ვითარებას ასახავს, გუგარქის საპიტიახშო მოიცავდა იბერიის სამეფოს სამხრეთ პროვინციებს კლარჯეთიდან ხუნანამდე. გოგარენე-გუგარქი ამსახველია ტერმინისა „გუჯარეთი“. ძველი ქართული ადმინისტრაციული დანაწილებით საკუთრივ გოგარენე-გუგარქი ემთხვეოდა სამშვილდის საერისთავოს ტერიტორიას.
გუგარები _ გოგარების უძველესი საცხოვრისი იყო მდ. დებედას ზემო დინების ხეობა, რომელსაც ძველი ქართული და სომხური წყაროებით კანგარი ეწოდება. ამჟამად სომხეთში შემორჩენილია ტოპონიმი გოგარანი (დღეს სოფ. გუგარქი). სომხურ წყაროებში გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდცი). მაგალითად, ჰოვანეს დრასხანაკერტცი კი პირდაპირ ქართველ ტომს უწოდებს. ასევე გუგართა პიტიახშს, არშუშას, V ს.-ის სომეხი ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ქართლისა და ქართველთა პიტიახშს უწოდებს.
დღემდე შემონახულია ტოპონიმი გუგუბა _ სოფელი სამხრეთ საქართველოში, არტაანის მტკვრის ზემოთში (ამჟამად თურქეთი), X ს.-ის ექვსაფსიდიანი ეკლესიის ნანგრევებით.
სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ქართველთა მჭიდრო ურთიერთობა და ნათესაური კავშირები ისედაც ცნობილია. საკმარისია ჰაოსისა და ქართლოსის ძმობის აღნიშვნა, ერეკლე მეორის კარზე არსებობდა სომეხი მოღვაწე-პატრიოტების მიერ შედგენილი ერთიანი ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის პროექტი, დედაქალაქით თბილისი; ხოლო ალბანური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთიანდება. ნიშანდობლივია, ალბანეთში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია) მცხოვრებნი, ანტიკურ წყაროთა თანახმად, 26(!) ენაზე საუბრობდნენ.
ალბანეთში, რომელიც, თავის დროზე, ქრისტიანული სახელმწიფო იყო და თავიანთი ეპისკოპოსიც ჰყავდათ, შემონახული არქიტექტურა _ სოფელ გუმის ბაზილიკური და სოფელ ლექოთის (V-VI სს. რიყის ქვა, კირქვა, აგური) მრგვალი ტაძრები, ლევან კახთა მეფის მიერ აშენებული ბახტალის ღვთისმშობლის ეკლესია (XVI ს.), საქართველოსა და სომხეთის არქიტექტურის მსგავს ძეგლებთან ერთად ამიერკავკასიის მხატვრულ წრეს განეკუთვნება. აქვე აღვნიშნავთ სომხეთში დღემდე არსებულ XIII ს.-ის ქართული ხუროთმოძღვრების ტაძრებსაც _ ახტალის, ქობაირის, აქორის…
საქართველოსა და კავკასიის უნიკალურობის მანიშნებელია ისიც, რომ დაღესტანში ცხოვრობენ „მთიელი ებრაელები“, რომელთა ენა ინდოევროპულია. საქართველოში ერთ დროს დამწერლობის მქონე მრავალრიცხოვან უდებსაც კი თავიანთი ენა შენახული აქვთ და დღესაც ლაღად ცხოვრობენ ყვარლის რაიონში.
ასეთია ქართული საზოგადოება!
რამდენად შორს ვრცელდებოდა ქართველთა გავლენა ჩრდილოეთით? სტეფანე ბიზანტიელის მიერ შემონახული ისტორიული ტრადიციის თანახმად ქალაქი-სახელმწიფო პანტიკაპეიონი (ქერჩი) კოლხთა მეფე აიეტის ვაჟს დაუარსებია. ეს ცნობა უსაფუძვლო არაა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს. 1899 წელს ყუბანის ოლქში აღმოჩენილია ერთი ვერცხლის ფიალაც _ კოლხეთში არტემისა (მთვარე) და მისი ძმის აპოლონის (მზე) კულტი და ტაძარი არსებულა, რომელზედაც დაცულია ასეთი შესანიშნავი ბერძნული წარწერა: „მე ვარ (ვეკუთვნი) აპოლონ წინამძღოლს, რომელიც ფაზისშია (ან ფაზისელ-ფოთელს)“. აღნიშნული ფიალა დათარიღებულია ძვ. წ. V ს.-ით! პანტიკაპეიონის, ნიმფეონის, მიჩმეკიონის, ტიროტაკას გათხრებისას აღმოჩენილია ძვ. წ. VI-IV სს. კოლხური კერამიკის ფირფიტები, კოლხური ვერცხლის მონეტები („კოლხური თეთრი“), თიხის ჭრაქი ბერძნული წარწერით („კოლხოს“). ასევე კოლხეთში ნაპოვნია ბოსფორული ამფორები, პანტიკაპეიონისა და ნიმფეონის მონეტები.
ალბათ ამ დიდი ისტორიული მახსოვრობისა და ტრადიციის შედეგია ისიც, რომ გუთელი ეპისკოპოსი, იოანე გუთელი, გუთეთის (ყირიმის სამხრეთი) ეპისკოპოსად VIII ს.-ის შუა წლებში აკურთხა იოანე ქართლის კათოლიკოსმა!!!

ხვიჩა ჯოჯუა