სასჯელად ქცეული თავისუფლება

ზემო არცევიდან დევნილ ყოფილ პატიმარ დავით ჯარმელიშვილის ისტორია საინტერესო და დამაიმედებელიცაა. მან ციხის დატოვების შემდეგ ცხოვრების ხელახლა დაწყება და საქმეში წარმატების მიღწევაც მოახერხა.

ყოფილი პატიმარი ამჟამად გორის რაიონის სოფელ ახალუბანში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
დევნილობის პერიოდში, 2011 წელს, იგი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, ხოლო ამნისტიის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა და „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩაერთო. მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ და გაიმარჯვა კიდეც.
ის საოკუპაციო ხაზზე ქართულ და ევროპულ ვაზის ჯიშებს უვლის და სხვადასხვა დასახელების ღვინოს ამზადებს.
ეს ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის წარმატებული მაგალითია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და საკმაოდ ეფექტიანადაც.
თუმცა რეალურად პრობლემა მეტია და იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებმაც ციხის დატოვების შემდეგ სოციუმში კვლავ ჩართვა ვერ მოახერხეს.
პრობაციონერები სასჯელის მოხდის ან ამნისტიის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებენ და მათთვის კიდევ უფრო მძიმე სასჯელი _ ცხოვრება იწყება.
ყოფილ პრობაციონერებს ციხის დატოვების შემდეგ საკმაოდ ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. მათ შორის უმთავრესი მაინც რესოციალიზაციის პრობლემაა, რაც გულისხმობს დასაქმების, განათლების მიღებისა თუ ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობაზე ნაკლებ წვდომას.
დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პირველი სირთულე, რისი გადალახვაც პატიმრებს უწევთ, არის პენიტენციური სტრესი, რომელიც მათ ცხოვრებაზე განთავისუფლების შემდეგაც მნიშვნელოვნად მოქმედებს.
პატიმრობის პერიოდში და მას შემდეგაც უმრავლესობას აღენიშნება ფსიქოლოგიური სირთულეები და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, რასთან გამკლავებაც დიდ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს.
დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრების სოციალური უნარები ქვეითდება, რაც განთავისუფლების შემდეგ სხვადასხვა სირთულეს წარმოშობს. მათ შორის არის თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, განათლების მიღება, დასაქმებისთვის საჭირო უნარების გაძლიერება და, ზოგადად, საკუთარ პრობლემებთან გამკლავება.
ყველა ამ პრობლემის სათავე და ამომავალი წერტილი მაინც საზოგადოებაში არსებული სტიგმაა, რომელიც ყოფილი პატიმრების მიმართ უნდობლობასა და დისკრიმინაციული გარემოს შექმნას განაპირობებს.
სწორედ ამ ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად და ყოფილ პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროცესის წარმატებით დასასრულებლად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს, დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად.
პროგრამას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის ცენტრი და მისი მიზანია ყოფილ პრობაციონერთა საზოგადოებაში დაბრუნება და მათი სოციუმის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პირები, რომლებიც წარსულში იხდიდნენ სასჯელს ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პენიტენციურ დაწესებულებაში.
სოციალური სამუშაოს სპეციალისტები/მთავარი სპეციალისტები ბენეფიციართა საჭიროებებს გამოკვეთენ ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების საფუძველზე და საჭიროებებიდან გამომდინარე, რთავენ სარეაბილიტაციო პროგრამებში.
რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ეტაპობრივად ხორციელდება მომსახურებების მოძიება/განახლება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც თავს იყრის მომსახურებების ბაზის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
პროგრამა ნებაყოფლობითია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოფილ პატიმრებს შეუძლიათ, საკუთარი სურვილით ჩაერთონ ამ პროგრამაში და გამოიყენონ ყველა ის სერვისი, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით 2012-2016 წლებში პროგრამით 1733-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. ამათგან ფსიქოლოგის მომსახურება 276 ბენეფიციარს გაეწია; 260 ყოფილი პატიმარი დასაქმდა; 217-მა ბენეფიციარმა პროფესიული გადამზადების კურსები გაიარა;
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს.
თუმცა მიუხედავად ამ რიცხვებისა, რეალობა მაინც მძიმე სურათს გვიჩვენებს: რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის გართულების გამო საკმაოდ ხშირია დანაშაულის განმეორებისა და ყოფილ პრობაციონერთა კვლავ ციხეში დაბრუნების ფაქტები.

– რა სირთულეები ახლავს ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციას?
– გარდა ამ პროგრამისა კიდევ რა სერვისების შეთავაზებაა მათთვის აუცილებელი სახელმწიფოს მხრიდან?
„ქრონიკა+“-ის ამ და სხვა კითხვებს პასუხობს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი _ თათია ხოჭოლავა:
_ რა სარეაბილიტაციო პროგრამები არსებობს ყოფილი პატიმრებისთვის, რაც მათ საზოგადოებაში რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს და რამდენად ეფექტიანია ის?
_ ყოფილ პატიმართა დასახმარებლად პირველი სახელმწიფო პროგრამა 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. პროგრამის მიზნად განისაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან განთავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები მსჯავრდადებულებთან მუშაობას, ჯერ კიდევ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყებენ; ხვდებიან იმ პოტენციურ ბენეფიციარებს, რომლებსაც განთავისუფლებამდე 1-3 თვე რჩებათ. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს მათ. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდადებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც ბენეფიციარის საჭიროებებს აფასებს და მას შესაბამის სერვისებს სთავაზობს;
ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდადებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება.
ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა, კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვ. გარდა ამისა, ქვეყანაში აღნიშნულ მიზნობრივ ჯგუფთან მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთანაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს.
_ ყოფილი პატიმრების მიმართ საზოგადოებაში არსებობს სტიგმა. ამ კუთხით რისი გაკეთება შეიძლება და რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება?
_ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომელიც ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციის პროცესში ხვდებათ, ეს არის მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმა. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით ბიზნესსექტორის დარწმუნება, რომ წარმატებული ყოფილი პატიმარი ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხო გარემოს, დაცულ საზოგადოებას. ყოფილი პატიმრის წარმატებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებული ძალისხმევა.
იყო შემთხვევა, როცა პროგრამის ამოქმედებიდან ძალიან მოკლე დროში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ და მისმა ხელმძღვანელმა საკუთარ კომპანიაში 12 ყოფილი პატიმარი დაასაქმა. ძალიან მოკლე დროში ამ ბენეფიციარებმა იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურეს, რომ რამდენიმე მათგანი საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც დაინიშნა… ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. ამ ყოფილმა პატიმრებმა მიიღეს მორიგი შანსი ცხოვრებისგან, რომ დაბრუნებოდნენ საზოგადოებას სრულუფლებიან წევრებად. აქ გამოჩნდა როგორც კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ისე ყოფილი პატიმრების მზაობა _ წარმატებით შეეცვალათ საკუთარი ცხოვრების სცენარი. პროგრამის სლოგანიც სწორედ ესაა _ „შეცვალე სცენარი“.
_ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. რამდენად დიდია მომართვიანობა, ამ სერვისებით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი და რატომ?
_ დანაშაულის პრევენციის ცენტრში პირველი სოციალური მუშაკი 2013 წლის პირველ იანვარს დასაქმდა. ვინაიდან 2012 წლის ნოემბრამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფუნქცია არასოდეს ყოფილა ყოფილ პატიმართა უფლებებზე მუშაობა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ცენტრს სოციალური მუშაკი არ ჰყოლია. დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრში 17 სოციალური მუშაკი მუშაობს. ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ პროგრამაზე მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობა ეტაპობრივად, საჭიროების მიხედვით იზრდებოდა.
2013-2017 წლებში პროგრამაში მონაწილეობის სურვილით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ 3345-მა ყოფილმა პატიმარმა მიმართა; პროგრამის განმავლობაში 527 მათგანი დასაქმდა. რაც შეეხება სხვა სერვისებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი 1233-მა ბენეფიციარმა გაიარა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი მიიღო 308 ბენეფიციარმა; ფსიქოლოგის მომსახურება გაეწია 311 ბენეფიციარს; 301-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა პროფესიული გადამზადების კურსები; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის (მათ შორის, 24 ქალის) 106 ბიზნესიდეა დაფინანსდა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს; 823 ბენეფიციარს გაეწია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 643-მა ბენეფიციარმა; ტატუს მოცილების უფასო პროგრამით ისარგებლა 123-მა ყოფილმა პატიმარმა (მათ შორის 65 არასრულწლოვანია); სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში მონაწილეობდა 532 და სხვ.
თითოეული წარმატებული ყოფილი პატიმრის უკან ინდივიდუალური სამუშაო, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და ეფექტიანი მომსახურება იგულისხმება.
პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტ „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც შეუძლიათ.
პროექტის ფარგლებში 108 ყოფილი პატიმრის 106 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. იუსტიციის სამინისტრომ ამ პროექტის დასაფინანსებლად, 2014-2017 წლებში, ჯამურად, დაახლოებით, 480 ათასი ლარი უკვე გასცა. ყოფილი პატიმრების ბიზნესიდეები კონკურსის წესით სამი მიმართულებით ფინანსდება: სოფლის მეურნეობა, წარმოება, მომსახურება. წარმატებული მაგალითების გათვალისწინებით იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად გასცემს და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, სურვილის მიხედვით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას; მაგალითად: ოფისმენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მზარეული, ფარმაცევტის თანაშემწე, გამყიდველ-კონსულტანტი, ბუღალტერი, შემდუღებელი და სხვ. პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2012-2017 წლებში მემორანდუმები გაფორმდა: სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრების სოციალიზაცია საზოგადოებაში შემდგომი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად?
_ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზნად საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისგან დაცვა განისაზღვრა. ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია თავისთავად მოიაზრებს არსებული სტიგმის დაძლევა/შემცირებას, სოციალური უნარების განვითარებას, დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. წარმატებული ყოფილი პატიმარი კი დანაშაულს აღარ ჩაიდენს და საზოგადოების უსაფრთხოებაც დაცული იქნება.
ჩვენს პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრების დაახლოებით 96%-ს, პროგრამის სერვისებით სარგებლობის განმავლობაში, განმეორებითი დანაშაული აღარ ჩაუდენია. ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის შეფასების კრიტერიუმებით ძალიან მაღალი და კარგი მაჩვენებელია. ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები დღეს თავიანთ ოჯახებთან ერთად მომავლის პერსპექტივით უყურებენ ცხოვრებას. მათ ამ პროგრამის მეშვეობით შეძლეს, თვალი გაესწორებინათ იმ გამოწვევისთვის, რასაც თავისუფლების პირისპირ ყოფნა, საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება ჰქვია.
_ კიდევ რა დამატებითი სერვისების ან პროგრამების დანერგვა შეიძლება, რაც ხელს შეუწყობს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის პროცესს?
_ პროგრამის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში პროგრამა კიდევ უფრო დაიხვეწა, ბენეფიციარების საჭიროებებს მოერგო და შესაძლებელია ვიმსჯელოთ პროგრამის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში გაიზარდოს ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყოფილ პატიმრებში მთავარ გამოწვევად რჩება ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და დასაქმების ხელშეწყობა, რაშიც ხელს გვიწყობს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამები (ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ჯანდაცვა).
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებაზე. მედიაცია არასრულწლოვნებში _ ეს „არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის“ შემადგენელი ნაწილია. უახლოეს მომავალში კი „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს შევთავაზებთ მედიაციას, როგორც დამატებით სერვისს. მისი მიზანი იქნება როგორც ბენეფიციარის, ისე მის მიერ დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინება. სისხლის სამართლის მედიაციის განვითარება კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრის ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციის პროცესში, ხელი შეეწყობათ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, შემცირდება კონფლიქტის რისკები დაზარალებულთან და, ამავდროულად, მაქსიმალურად დაცული იქნება დაზარალებულის ინტერესები ამ პროცესში.

წარმატებული მაგალითები გვაჩვენებს, რომ რეალურად ადამიანები იმსახურებენ მეორე შანსს და ყოფილი პრობაციონერისთვის მისი წარსული არ უნდა იქცეს იარლიყად, რომელიც ხელს შეუშლის მათ რეაბილიტაციას.
მანამ, სანამ საზოგადოება იმაზე მსჯელობს, ციხის დატოვების შემდეგ ადამიანს ენდოს თუ არა და მისცეს თუ არა მას მეორე შანსი, ბატონი დავითი აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე ეროვნულ საქმიანობას და ღვინის წარმოებით არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მოაქვს წარმატება.
მან შეცვალა სცენარი, წინასწარ განსაზღვრული და თითქოს ბუნებრიობად ქცეული რეალობა. მან მიიღო მეორე შანსი და წარმატებითაც იყენებს მას ოჯახისა და ქვეყნის სასახელოდ.

ანა ურუშაძე