თელავის მუზეუმი _ ვაიდან ვუიმდე…

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 1927 წელს დაარსდა, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 8 წლის განმავლობაში მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაკეთდა.

სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის:
„კახთ მეფეთა სასახლე“, მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ XVIIIს-ის 50-იან წლებში დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები, აგრეთვე ყოფილი წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეისა და ადმინისტრაციული კორპუსები.
მეფე ერეკლეს მემორიალური ნივთების გარდა მუზეუმში დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, XVII-XIX სს.-ის სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღის, ხევსურული სამოსელის კოლექციები.
ქეთევან იაშვილის სახ. სამხატვრო გალერეაში დაცულია ქეთევან იაშვილის მიერ მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემული კერძო კოლექციის 187 ექსპონატი: მათ შორის XIX-ის ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, რუსული (ი. აივაზოვსკის, ა. კრამსკოისა და „პერედვიჟნიკების“ პერიოდის სხვა მხატვართა ნაწარმოებები) მხატვრობისა და მცირე პლასტიკის საინტერესო ნიმუშები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის, ჯ. ხუციშვილისა და სხვათა) ნამუშევრები.
არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ნუმიზმატიკის, ტექსტილის, ხელნაწერთა და ფერწერული ტილოების კოლექციების გარდა მუზეუმში არსებობს სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც 5000-ზე მეტ წიგნად ფონდს ითვლის, ფოტოფონდი (ალექსანდრე როინაშვილი, ვასილ როინაშვილი, დიმიტრი ერმაკოვი, შარკანოვი, ბარკალაია, სოსნოვი, ტორი, სიმონოვი და სხვა ფოტოხელოვანთა) ქალაქ თელავის შესანიშნავი ხედებით, ყოფაცხოვრების ამსახველი 7000-ზე მეტი ფოტომასალით.
ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსი ბოლო 6 წლის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის დახურული იყო.
თელავის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 60 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ბანკმა გაიღო, 15 მილიონი აშშ დოლარი _ საქართველოს მთავრობამ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავში მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებდა, 2013 წელს კი მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერდა, კულტურის მაშინდელი მინისტრი სამ-ოთხ თვეში სხვადასხვა სახის განცხადებას აკეთებდა, მაგალითად, ასეთს:
_ უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ აღვადგინოთ თელავის მუზეუმი და იაშვილის გალერეა.
რამდენიმე თვის მერე:
_ 2013 წლის ბოლოს, მუზეუმი აღდგება ახალი სახით და ძველებურად დაიწყებს ფუნქციონირებას…
2014 წელი:
_ კომპლექსური ძეგლის ქსოვილში შეტანილი უხეში ცვლილებების გამოსწორებისა და შექმნილი მდგომარეობის ძეგლთა დაცვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, აუცილებელია, დამუშავდეს თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმა.

თელავის საზოგადოებას თელავის ისტორიული მუზეუმის ახალი კონცეფცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 26 აპრილს წარედგინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა მსჯელობა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბატონის ციხის კომპლექსის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით, განხილულ იქნა მუზეუმის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ტექნიკური დავალება არსებული მშენებარე ნაგებობის ადაპტაციისთვის…
მანამდე კი ექსპონატებმა ბევრი გზა გამოიარეს, კერძოდ მათი ნაწილი ზოგი პირველი საჯარო სკოლის სარდაფში იყო განთავსებული, ნაწილი კი თავდაპირველად მუნიციპალურ შენობაში განათავსეს.
ექსპონატების ნაწილი თელავის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზშიც იყო შენახული, თუმცა მას მერე, რაც ქალაქი თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბდა, სოფელთა ერთობლიობამ კი თემის მუნიციპალიტეტის სტატუსი მოიპოვა, დღის წესრიგში დადგა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალიტეტის შენობის გადანაწილების საკითხი, რის შემდეგაც მუზეუმის ქონება შენობიდან გაიტანეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ინფრასტრუქტურის მინისტრი თელაველებს ეუბნებოდა, ყურით მიათრევდა რებილიტირებულ ბატონის სასახლესთან, ბატონის სასახლე 2 წლის შემდეგ გაიხსნა, _ სულ რაღაც, 3 დღის წინ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ბატონის მუზეუმი გახსნა, რომლის მშენებლობაც რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ პარტნიორს, საქართველოში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის ხელშეწყობისთვის და აღნიშნა, რომ ახალი მუზეუმი ტურისტების ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცევა.
„როგორც მითხრეს, რამდენიმე ათეული ათასი, მაქსიმუმ, სამოცდაათი-ოთხმოცი ათასი ტურისტი ჩამოვა ამ ახალ მუზეუმში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი იქნება ასეულობით ათასი, გამომდინარე იმ სიმდიდრიდან, რაც ამ მუზეუმში და მეფეთა სასახლეშია დაცული და ასევე, გამომდინარე თელავის სტუმართმოყვარეობიდან, იმ უამრავი, უმდიდრესი კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლიდან, რომელიც აქ არის, იმ ახალი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ამ ძეგლების მიმდებარედ შეიქმნა“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მუზეუმის ფარგლებში მოეწყო შიდა და გარე კაფე, ამფითეატრი, საოფისე ფართი თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებისთვის; დამონტაჟდა გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან.
პროექტის ღირებულებამ 10,9 მლნ ლარი შეადგინა. მუზეუმის მშენებლობასთან ერთად მუზეუმი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით (ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა, საექსპოზიციო ვიტრინები, საოფისე ავეჯი). ბატონის მუზეუმი თელავის ისტორიული მუზეუმის მართვაშია.
ერეკლე მეფის სასახლისა და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა), დაახლოებით, 14 მილიონი ლარია.
ბატონის ციხის მთელი კომპლექსი წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც ახალი მუზეუმი და სამეფო სასახლე, ძეგლის თითოეული კომპონენტი, უზრუნველყოფს ვიზიტორთათვის ინფორმაციის მიწოდების სრულ ხელმისაწვდომობას, უქმნის მათ კულტურულ ფასეულობათა სათანადოდ აღქმისა და ახლებურად გააზრების შესაძლებლობას.
მოგეწონათ, ხომ?
ახლა, როგორც თელაველი, ხომ მადლობას უნდა ვიხდიდე?!
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მუდამ გვავიწყდება…
უშველებელ ტერიტორაზე ცალ-ცალკეა ბატონის სასახლე და მუზეუმი… საპირფარეშო მხოლოდ ერთია, ისიც მუზეუმის შენობაში…
წყალი 13.00 საათამდე მოდის, შემდეგ წყდება, წყლის ავზი არ არსებობს, 2012 წლამდე მუზეუმის ეზოში სპეციალურად დამთვალიერებლებისთვის ცალკე იყო აშენებული საპირფარეშო… ახლა ის აღარ არის… ბატონის სასახლისა და მუზეუმის გარდა სპეციალური გადასახედი ხედი იყო, რომელიც მთელ კახეთს გადაჰყურებდა, საიდანაც ჩანდა გრემიც და ალავერდიც, რაც ექსკურსიამძღოლს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი თვალით დაენახვებინა დამთვალიერებლისთვის, თუ საიდან შემოდიოდა მტერი, როგორ ხედავდნენ თელავიდან ყვარლისა და ლაგოდეხის მიდამოებში შემოსულ მტერს…
საპირფარეშოდ ბავშვები მეფე ერეკლეს ცნობილ აბანოს იყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტს იქ ვერც შეიყვან და თუ თავისით გადაწყვიტა შესვლა, სულ დაეკარგება ყველაფერ ქართულზე შთაბეჭდილება…
14 მილიონი ლარი დაიხარჯა, ღია და შიდა კაფე რესტორნები გაკეთდა და საპირფარეშო არსად ჩაჯდა პროექტში… ფინალში კი, ვინც მეფის აბანოში არ შევა, იქვე ბუჩქებთან ან რაფიელ ერისთავის საფლავთან დაიკმაყოფილებს ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, ან კიდევ ბარბარე ჯორჯაძის საფლავთან ჩაიცუცქება…
მერე ვიტყვით, _ რაოოო, ჩვენ, ქართველებიოოო…
ექსპონატების მხოლოდ 5%-ია დარბაზში განთავსებული… დანარჩენი კი სარდაფებში დაემალება მზეს…
მუზეუმი და გალერეა, რომელიც თელავს ამშვენებდა 2012 წლით დასრულდა…
თელავში საშინლად განიცადეს 2012 წელს მუზეუმისა და გალერეის შენობის დანგრევა, რადგან ორივე შენობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა მრავალი წელი და საუკუნეზე მეტს ითვლიდა…
მაშინ ვაი იყოო, ახლა უია…

მაკა მოსიაშვილი