ძვირფასი ლითონი _ სანდოობა და რისკები

დღევანდელ მსოფლიოში ადამიანს ძალიან ბევრი მიმართულებით შეუძლია ბიზნესის წარმოება. რაც უფრო მეტადაა ის კონკრეტულ საკითხში სწორად გათვითცნობიერებული და გაწაფული, მით მეტია მისი ბიზნესის წარმატების ალბათობა. ყველა წარმოება ფინანსებს უკავშირდება, შესაბამისად, საკმაო ხარისხის რისკებს გულისხმობს. გარდა ბიზნესმენებისა, ბიზნესის სფეროში არსებობს მომხმარებელი, რომელიც საქმიანობის წინსვლას განსაზღვრავს. მწარმოებელს მისი ნდობის მოპოვება სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია სისუფთავე და სიმართლე. ძვირფასი ლითონის წარმოება და რეალიზება ერთ-ერთია იმ სფეროებს შორის, რომლისთვისაც ნდობა და მომხმარებლის ერთგულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ძვირფასი ლითონის ექსპერტი _ ირმა მოსიაშვილი:
_ 22 წელიწადია, რაც ამ სისტემაში ვარ. თავიდან არ მივსულვარ, როგორც ექსპერტი. მაშინ ერქვა „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია“, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. თავდაპირველად 21 წლის ჩვეულებრივი მდივანი გახლდით, მაგრამ შემდეგ მეტად დამაინტერესა ამ პროფესიამ და საქმიანობას ნელ-ნელა მაქსიმალურად დავეუფლე.
_ ზოგადი ინფორმაცია ოქროს სინჯების შესახებ როგორია?
_ ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება ოქრომჭედლობაში საიუველირო ნივთების დასამზადებლად. არსებობს ოქროს შემდეგი სინჯები: 375, 500, 585, 750, 900, 916, 958. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი სინჯისაა ოქრო, მით მეტია ოქროს შემცველობა ნაკეთობაში. ძვირფასი ლითონების ნაკეთობები, თუ დილერს დახლზე უდევს და გამზადებულია გასაყიდად, აუცილებლად უნდა იყოს დადამღული. ბევრ ქვეყანაში მიღებულია სინჯის გამოხატვის კარატული სისტემა, რომელსაც საქართველოს ოქროს ბირჟებსა და მაღაზიებშიც შევხვდებით. 24კ. _ 999,9 სინჯია, რომელსაც საქართველოში მონეტების სახით შევხვდებით; 18კ. _ 750 სინჯია; 14კ _ 585 სინჯია და ა. შ.
_ როგორც ცნობილია, ძვირფასი მეტალის არაერთი სახეობა არსებობს. მათ შორის რა სხვაობაა?
_ ძვირფასი მეტალი ძალიან ბევრი სახეობის არსებობს. იწყება ყველაზე დაბალი სინჯით და მთავრდება ყველაზე მაღალი სინჯით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან დღემდე დაბალი სინჯი საქართველოში იწყებოდა 375-ით და მთავრდებოდა 999,9-ით. ეს უკანასკნელი არის ყველაზე სუფთა ოქრო, რომელიც ბოლო სინჯის ოქროა. გარდა იმისა, რომ, როგორც საქართველოში, ისე _ მსოფლიოში, მეტალს სინჯებით განასხვავებენ, ასევე შესაძლებელია ფერების მიხედვით განსხვავებაც _ თეთრი, ყვითელი, მოწითალო, მომწვანო…
_ სად არის საქართველოში ძვირფასი მეტალის მოპოვებისა და წარმოების ძირითადი კერები?
_ საქართველო ძალიან მდიდარია მსგავსი კერებით, მაგრამ ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ყველამ ვიცით, რომ მარტო კაზრეთში მოიპოვება. სუფთა სახით ოქროს მისაღებად საჭიროა მისი ქიმიური დამუშავება. საბადოში მეტი წილი მიწა და სილაა. თავდაპირველად გამოდის ყველაზე დაბალი სინჯის ოქრო და შემდეგ, ლაბორატორიული და ქიმიური დამუშავებით, სუფთავდება და სუფთა ოქრო იწარმოება.
_ ქართული ძვირფასი მეტალი ექსპორტზე რა ფორმით გადის?
_ ექსპორტზე გადის კაზრეთის ოქრო ჩვეულებრივი ჯართის სახით, რომელიც ჩამოსხმულია ზოდებად.
_ ძვირფასი მეტალის წარმოებას ქართული ეკონომიკის განვითარებაში რა წვლილი აქვს?
_ ქართული ეკონომიკის განვითარებაში ამ სფეროს დიდი წვლილი უჭირავს, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით საქართველოს ოქროს ბირჟებზე დიდი განუკითხაობაა. ზემოთ „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია“ ვახსენე. საქართველოში ასეთი ინსპექცია კიდევ რომ გაიხსნას, დიდი სიკეთე იქნება როგორც ქართველი ერის, ისე მომხმარებლის წინაშე. ოქროს ბირჟებს ძალიან სჭირდება კონტროლი.
_ პროდუქციის გაყალბებაზე რას გვეტყვით?
_ გაყალბება ხშირი არ არის. შეიძლება, ოქროს მოპოვების პროცესი შესაბამისად არ კონტროლდებოდეს (როგორც ზემოთ აღვნიშნე), მაგრამ გაყალბების შემთხვევები მაინც არ არის ხშირი. ვერ ვიტყვი, რომ ოქროს ბირჟაზე სპილენძია და ოქროდ ყიდიან ან ვერცხლი არ არის და ვერცხლად ყიდიან, მაგრამ სინჯებს კონტროლი მაინც სჭირდება. ბაჯაღლოები, მეტ-ნაკლებად, საქართველოში გამოსწორებულია. ერთი პერიოდი ბაჯაღლოს რგოლში შიგნით გატარებული იყო არაძვირფასი მეტალი და ქვაზე დასინჯვით იმ სიღრმეში ვერ ჩავდიოდით, რომ არაძვირფასი მეტალი შესაბამისი დონით დაგვესინჯა, ამიტომ უნდა ჩაქლიბულიყო, გადაჭრილიყო… ერთი პერიოდი გაიპარა კიდევაც უსუფთაო პარტია: ერთმა დაჯგუფებამ ბირჟაზე ისეთი ნიშნობის ბეჭდები შემოიტანა, რომელიც, ოფიციალურად, ოქროს ბირჟის ინდივიდუალურ სასინჯ ზედამხედველობის ოთახში დაისინჯა, დაიდამღა, მაგრამ შიგნით არაძვირფასი მეტალი აღმოჩნდა. ეს ამბავი დროთა განმავლობაში გაირკვა. ახლა საქართველოში 5-6 წელიწადია, კუთრი წონის აპარატია შემოსული. იგი ცნობილია უძველესი დროიდან, ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან და რგოლი ისინჯება ამოგდების ძალით: ზუსტი სინჯი დგინდება, შიგნით არის თუ არა ყალბი მეტალი.
_ როგორც ბიზნესი ეს სფერო რამდენად სარისკოა და რა უნარებს მოითხოვს?
_ ზოგადად, ყველა ბიზნესს სჭირდება ჭკუა და გონება. ამ მიმართულებით, ვფიქრობ, სწორი მუშაობა უნდა იცოდე: ყველანაირ ინფორმაციას უნდა ფლობდე ოქროს გარშემო. ჩვენთან, „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში“, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ბრძანება იყო, რომ დილერი დახლთნ ვერ დაჯდებოდა, თუ ის, ელემენტარულად, სინჯთან, ფერთან, წელთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ ფლობდა, ბეჭდი რომ მიეწოდებინა. დაახლოებით მაინც უნდა სცოდნოდა ამ ბეჭდის შინაარსი, 50-70%-ით მაინც: დამღის ამოცნობა, სახელობითი დამღა (სად არის დადამღული)… იყო კიდევ მესამე დამღა, რომელსაც ერქვა ლიტერდე _ დამატებითი დამღა. ეს ნიშნავს შემდეგს: 583-ია ცენტრალური, მთლიანი ბეჭედი და 750 სინჯში ზის ბრილიანტები. ზუსტად ეს ნიუანსებია დღეს ბირჟაზე მისახედი და გასათვალისწინებელი. დასახვეწი და დასასუფთავებელია ჩვენი ბირჟები.
_ რა პასუხისმგებლობები აქვს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტს?
_ ექსპერტს დიდი პასუხისმგებლობები აქვს იმ პირთან, რომელიც ბირჟაზე შემოდის და ნივთს ყიდულობს. ძალიან ბევრია საქართველოში ისეთი მომხმარებელი, რომელიც იყიდის და მიდის, მაგრამ ბევრია ისეთიც, რომელიც შემოდის, სინჯავს და დარწმუნებული უნდა იყოს მის სისუფთავეში. როგორც აღვნიშნე, მე ვმუშაობ კუთრი წონის, არქიმედეს კანონის აპარატით აპარატით. შეძლებისდაგვარად, პატარა ბლანკები მაქვს, რომელზეც ჩემი სახელი და გვარი აწერია. ვავსებ მათ და საკასო აპარატით ვმუშაობ, რომელშიც ყველანაირი მონაცემია დაფიქსირებული. თუ რაიმე სადავო იარსებებს, ადვილად მოვიძებნები.
_ რა არის ლიგატურა?
_ ლიგატურა დამხმარე შენადნობია, რომლის მეშვეობითაც თხევად ლითონს მარეგულირებელ ელემენტებს უმატებენ ლითონის გადნობისთვის და გამყარებული ლითონისთვის განსაზღვრული თვისებების მისანიჭებლად. ლიგატურას იღებენ სხვადასხვა ლითონის შელღობით. მაგალითად, თუ გვინდა მივიღოთ ყვითელი ფერის ოქროს ლიგატურა, შეზავებული უნდა იყოს მეტი წილი ვერცხლით, საიდანაც მივიღებთ ყვითელ ფერს.
სახელმწიფო კონტროლი, ამ მიმართულებით, არ არსებობს. არავინ აკონტროლებს, როგორი ნაკეთობები იყიდება დღევანდელ ოქროს ბირჟებზე. 1999 წელს ფინანსთა სამინისტომ მიიღო დოკუმენტი „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობა) გახორციელების დამტკიცების თაობაზე“. მოცემული დოკუმენტი ამავე წელს გამოქვეყნდა, ხოლო უკვე 2006 წელს მან ძალა დაკარგა. ხსენებული პუბლიკაცია გულისხმობდა შემდეგ თავებს: სასინჯ კონტროლზე ნაწარმის მიღება, შენახვა და გაცემა; სასინჯი სამუშაოების აღრიცხვა და მოსაკრებელთა გადახდა; ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების გასინჯვა; ძვირფასი ლითონების ნაწარმიდან და მათი შემცვლელი სხვა მასალებიდან სინჯის აღება; ძვირფასი ლითონების შემცველი ნაწარმისა და სხვა მასალების საკონტროლო და საარბიტრო ანალიზები; ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაოთა წარმოება; სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების, ეტალონური ნემსებისა და რეაქტივების აღრიცხვა; სახელობითი დამღის რეგისტრაცია; ინსპექციაში წარმოქმნილი ძვირფასი ლითონების ნარჩენების შეგროვება. ეს წესი აშკარაა, რომ ყველა იმ მოცემულობებს მოიაზრებს, რომლებიც სწორი და სუფთა ოქროს ბირჟის უზრუნველყოფას უნდა გულისხმობდეს. მსგავსი კანონის არსებობა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ძვირფასი ლითონები იმდენად არის გადაჯაჭვული ბიზნესთან და ფინანსებთან, რომ მას აუცილებლად სჭირდება მარეგულირებელი, რაც გაზრდის ნაწარმის მიმართ სანდოობასა და ხარისხს. აღნიშნული კანონის მსგავსი დოკუმენტი მწარმოებლებისთვის ბარიერს წარმოქმნის ნაწარმის უსუფთაობასთან მიმართებით.
გარდა ზემოხსენებული დოკუმენტისა, არსებობდა და, მოგვიანებით, ძალა დაკარგა შემდეგმა კანონმა: „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის ანალიზისა და დადამღვის შესახებ“. ეს კანონი მოიაზრებდა დღევანდელი ქართული ძვირფასი ლითონების სამყაროსთვის აუცილებელ შემდეგ დებულებებს: ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლი, ანალიზი და დადამღვა. სასინჯი კონტროლი (ზედამხედველობა); სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობა) განმახორციელებელი ორგანოები; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით დასაქმებულ პირთა ვალდებულება; ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვაბთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი. ის 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით გამოქვეყნდა, მალევე, 2005 წელს, მან ძალა დაკარგა.
ბპნ ჯორჯია – ბიზნესპროფესიონალთა ქსელი (BPN – Bussines Professionals Network – BPN Georgia) აქვეყნებს ძვირფასი ლითონების პირველ ხუთეულს:
პირველი ადგილი: კალიფორნიუმ-252. მისი ერთი გრამის ფასი 27 მილიონი დოლარია;
მეორე ადგილი: ოსმიუმ-187, რომლის ერთი გრამის ფასი 200 000 დოლარია;
მესამე ადგილი: პლატინა _ ერთი გრამის ღირებულება _ 50 დოლარი;
მეოთხე ადგილი: ოქრო _ ერთი გრამის ღირებულება 40-45 დოლარი;
მეხუთე ადგილი: როდიუმი _ ერთი გრამი _ 35-40 დოლარი.
საქართველოს აქვს რესურსი, აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს სუფთა ოქრო. ეს საერთო სურათი კი კონკრეტულ ინდივიდებზეა დამოკიდებული. უპირველესია მეწარმის კეთილსინდისიერება. სხვა მრავალ მარაგთან ერთად ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ძვირფასი მეტალის რეალიზებითაც გაითქვას სახელი, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო კონტროლის აღდგენა. ათეული წელია, რაც ზემოაღნიშნული კანონების არსებობა აღარ ყოფილა განხილვის საგანი. ოქროს ბირჟას კი წესრიგი და კანონი სჭირდება. ასეთი კანონის არსებობის შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ მინიმუმამდე დავა ან, სულაც, აღარ იარსებებს წარმოების გაყალბების შემთხვევები. რაც უფრო მეტი უკმაყოფილო მომხმარებელი ეყოლება ამ მიმართულებით ძვირფასი ლითონების სფეროს, მით მეტად იარსებებს იმპორტის მოთხოვნა, როგორც ალტერნატივა. ამ შემთხვევაში კი საქართველოს რესურსი არაეფექტიანი იქნება.

მარიამ ტიელიძე