“პირადი ფირების” სკანდალი – ბრალდებულები განაჩენის მოლოდინში

პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების სკანდალი 2015 წლის ბოლოს დაიწყო. „ქრონიკა+“-ში მოქალაქე გელა ღურწკაიამ ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანა. ამ ფაქტისა და შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ გამოძიება დაიწყო და 2016 წლის 3 თებერვალს გელა ღურწკაია დააკავეს, 2016 წლის 25 თებერვალს უკვე დააკავეს ნიკოლოზ ხაჭაპურიძე, 2016 წლის 13-14 მარტს კი ირაკლი ფხალაძე და ზურა ჯამალაშვილი დააკავეს, ხოლო ინგა ჩატოიანი, მართალია, საქმეში ბრალდებულის სტატუსით ამავე პერიოდში გამოჩნდა, თუმცა პროკურატურამ „ღვაწლი“ დაუფასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოიყენა 5000 ლარის ოდენობით, რომელიც არ გადაუხდია. მოგვიანებით, დაზარალებულმა დეპუტატმა ქალბატონმა, რომელმაც არანაირი სახის ინფორმაცია არ მიაწოდა არც გამოძიებას და არც სასამართლოს, გამოძიების დასრულების ეტაპზე, რატომღაც, ბრალდებული პირების მიმართ ჰუმანურობა გამოიჩინა და მათთვის საპროცესო გარიგების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადა. ამის შემდგომ პროკურატურამ ხუთი ბრალდებულიდან მხოლოდ ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ინგა ჩატოიანი შეარჩია და მათ მიერ გამოძიებისთვის გაღებული ღვაწლის სანაცვლოდ საპროცესო გარიგება გაუფორმეს ყოველგვარი ფულადი ჯარიმის გარეშე. ამის გარდა ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ასევე ბრალდებული იყო სხვა სისხლის სამართლის მრავალბრალდებულიან საქმეზე, სადაც მხოლოდ ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს იქაც გაუფორმეს საპროცესო გარიგება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების ადვოკატ ირაკლი ფხალაძის, ზურაბ ჯამალაშვილისა და გელა ღურწკაიას მიმართ. ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, რის შემდეგაც სასამართლომ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა უნდა მოისმინოს და შემდგომ გამოცხადდება განაჩენი. პროცესები დახურულია და როგორც ბრალდებულებს, ისე მათ ადვოკატებს საქმის მასალებზე საჯაროდ საუბარი არ შეუძლიათ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე და ზურაბ ჯამალაშვილი ბრალს არ აღიარებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურას მათ მიმართ არანაირი მყარი მტკიცებულებები არ გააჩნდა ბრალის დასადასტურებლად. ამაზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ პროკურატურა ცდილობდა, საქმე საპროცესო შეთანხმებით დაემთავრებინა ბრალდებულების ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ზურაბ ჯამალაშვილის მიმართ. ეს მეტყველებდა და მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები იყო და არის სუსტი. რა მოხდა სინამდვილეში?
დავიწყოთ იმით, რომ თბილისის პროკურატურამ, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად შეარჩია და დაგეგმა ადვოკატის საქმეში ჩათრევა, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატის პროფესია დაკავშირებულია ისეთ საქმიანობასთან, რომელსაც შესაძლებელია, გარკვეული წვდომები ჰქონდეს გარკვეულ ინფორმაციებზე, რაც, ბუნებრივია, დანაშაული არ არის, თუმცა კი პროკურატურა ცდილობდა, ეს ფაქტორი ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საწინააღმდეგოდ გამოეყენებინა და შეურაცხყოფა მიაყენა არა კონკრეტულ პირს, რომელიც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული, არამედ სრულად ადვოკატთა კორპუსს.
რა ვითარებაში მოხდა ადვოკატ ირაკლი ფხალაძის დაკავება და მის სახლში ჩხრეკის ჩატარება, რომელიც რეალურად მის საცხოვრებელ ბინას არც წარმოადგენდა? 2016 წლის 13 მარტს ადვოკატ ირაკლი ფხალაძის ე. წ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დაგეგმა და ჩაატარა თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერენაშვილმა, რომელსაც თან ახლდა დაახლოებით რვა ადამიანი, მათ შორის, გურგენ გილაური, ეს პირებიც შემდგომ საქმიდან გაქრნენ და ბრალდების მხარე დღემდე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ პირებს ადვოკატ ირაკლი ფხალაძის ე. წ. ბინის ჩხრეკაში არ მიუღიათ მონაწილეობა, თუ გამოძიება დაიწყება, ამის დადგენა არცთუ ისე ძნელი იქნება. მოკლედ, მოხდა ისე, რომ ჩხრეკის მიმდინარეობის დროს ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს არ მისცეს იმის საშუალება, რომ მისი მხრიდან მოწმე მოეწვია და ჩხრეკის პროცესზე დაესწრო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს ინგა ჩატოიანმა, რომელიც ირაკლი ფხალაძის კლიენტი იყო, საუბარი ჩაუწერა, საიდანაც დანაშაულებრივი არაფერი იკვეთება. თუმცა კი პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა ეს ადვოკატ ირაკლი ფხალაძესთან უკანონო ჩხრეკის ჩატარების საფუძვლად გამოიყენა. ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ინგა ჩატოიანის შეხვედრიდან დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ადვოკატს მისი დის საცხოვრებელ სახლში შეუვარდნენ, სადაც ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დაახლოებით ათი წუთის შესული იყო, თან ჩხრეკაზე შევიდნენ არა სასამართლოს განჩინებით, არამედ გადაუდებელი აუცილებლობით, რაც არანაირ სამართლებრივ და საპროცესო ნორმებში არ ჯდება, ვინაიდან პროკურატურას ექვსი საათი ჰქონდა დრო იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მიემართა და სასამართლო განჩინებით ჩაეტარებინათ ჩხრეკა, მაგრამ აქ სხვა ფაქტორთან გვაქვს საქმე, რადგანაც სასამართლო ერთი, რომ ასეთ ნებართვას არ გასცემდა და მეორეც ის, რომ მერაბ ჯერენაშვილი თავის გემოზე ვეღარ დაგეგმავდა და შეკერავდა საქმეს. პროკურატურამ, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი გზით, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ირაკლი ფხალაძეს ხელიდან წაართვა მისი პერსონალური კომპიუტერი, ე. წ. ლეპტოპი, რასაც მისი საადვოკატო საქმიანობისთვის იყენებდა და მასში ინახავდა საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმის მასალას, რაც პროკურატურამ უკანონოდ ჩაიგდო ხელში. საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლა და ჩარევა არის დანაშაული. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მერაბ ჯერანაშვილი გახლავთ ის პირი, რომელიც ადვოკატ ირაკლი ფხალაძესთან შედიოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში და მასზე ახდენდა ზეწოლას, შანტაჟს და უცხადებდა, რომ მას ციხეში პრობლემებს შეუქმნიდნენ, ბევრ წელს გაატარებინებდნენ, თუ ბრალს არ აღიარებდა. ეს იმიტომ სჭირდებოდათ, რომ სხვანაირად საქმე გაუხსნელი რჩებოდა და ბრალსაც ვერ დაადასტურებდნენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პროკურატურას არ ჩაუტარებია შესაბამისი ექსპერტიზები, კერძოდ არ ჩაატარეს ექსპერტიზა ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ინგა ჩატოიანის შეხვედრის ამსახველ კადრებზე, რომლის ავთენტურობა და სისწორე უნდა დაედასტურებინა სწორედ ექსპერტიზას, მაგრამ ბრალდებას ეს არ აწყობდა, კადრებში არის წყვეტები და იგი არ ადასტურებს საუბრის შინაარსის სისწორეს. მეორე და ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, რომ საქმეში მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ როდესაც პროკურატურამ იძულებით დანაშაულებრივი გზით წაიღო ადვოკატ ირაკლი ფხალაძის კომპიუტერი და მასზე ლუქები დაადო, პროკურატურაში ხდება ის, რომ დალუქულ კომპიუტერზე ჯერ გამომძიებელი მირიან დევიძე ერთპიროვნულად არღვევს ლუქებს და შემდგომ უკვე მირიან დევიძის დალუქულ კომპიუტერს არღვევს მეორე გამომძიებელი, ასევე ერთპიროვნულად, ვახტანგ ჭიბალაშვილი და იმავე დღეს აგზავნის კომპიუტერს ექსპერტიზაზე, მაგრამ ექსპერტიზაზე გაგზავნამდე გამომძიებელი ვახტანგ ჭიბალაშვილი ოქმს ადგენს და მასში აღწერს, თუ რომელი ფაილი რა ფაილია, რომელს რა თარიღი აწერია და ესა თუ ის თარიღი რას ნიშნავს, თუმცა საინტერსოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი: ადვოკატ ირაკლი ფხალაძის განცხადებით, ვინაიდან მის კომპიუტერში არანაირი კადრები არ იყო და, შესაბამისად, ეს რომ ესეა, ამის გამომრიცხავი მტკიცებულება ასევე მოიპოვება საქმეში, რადგანაც ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის სასამართლო პროცესზე დაკითხვის დროს დაისვა შესაბამისი შეკითხვები, რაზეც ექსპერტმა განაცხადა, რომ როგორც წესი ფაილებს აქვს სამი თარიღი და ეს თარიღები აცდენილია კომპიუტერში არსებულ რეალობას, ანუ აქედან დასკვნა, რაში სჭირდებოდათ გამომძიებლებს კომპიუტერზე ლუქების დაღვევა და რას ეძებდნენ შიგნით?! ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტიზის კომპეტენცია იყო და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდებოდა სინამდვილეში, იყო თუ არა ადვოკატ ირაკლი ფხალაძის კომპიუტერში რაიმე დანაშაულებრივი, რაც სარწმუნო იქნებოდა სასამართლოსთვისაც და ასევე საზოგადოებისთვისაც. აქედან გამომდინარე ეჭვს იწვევს ყოველივე, რაღა საჭირო იყო ერთპიროვნულად ირაკლი ფხალაძის კომპიუტერის დათვალიერება ორჯერ ცალ-ცალკე ორი გამომძიებლის მიერ?! მით უმეტეს, რომ ამოღებული თუ იძულებით წაღებული კომპიუტერი წარმოადგენდა მთავარ მტიცებულებას და მასზე შემხებლობა ისიც შესაბამისი სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა ჰქონოდა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტებს და არა გამომძიებლებს თავისი შეხედულებისამებრ.
მოგეხსენებათ, კომპიუტერული ტექნიკა ისეთი რამ არის, რომ მასში ჩაწერა, გადაწერა, გადმოწერა და გადაკოპირება წამების და წუთების საქმეა. ანუ ფაქტობრივად ამ მოქმედების შემდეგ წაღებული კომპიუტერი დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგანაც მასზე ზემოქმედების საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება. აქვე არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: გამომძიებელს ექსპერტიზაზე გაგზავნამდე ოქმში მითითებული აქვს ისეთი დეტალები, რაც მხოლოდ ექსპერტიზის პრეროგატივა იყო. საიდან იცის გამომძიებელმა ასე დაწვრილებით ასეთი საკითხები? გამომძიებელი ექსპერტიცაა?! თუ რასთან გვაქვს საქმე?! აქვე ისიც საინტერესოა, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულა სათანადო წესებით, იგი ჩატარდა გამომძიებლების მიერ თვითნებურად გადაკოპირებულ მასალაზე, რაც ასევე დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგანაც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო პირველ წყაროზე _ არაერთ კომპიუტერზე, ფლეშმეხსიერების ბარათზე. ასევე არ ჩატარებულა ექსპერტიზა იდენტურობასთან დაკავშირებით, კერძოდ რამდენად იყო საქმეზე ნივთმტკიცებად დართული თვითნებურად გადაკოპირებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები იდენტური და ავთენტური, ასევე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ფირებზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და არც დაზარალებულებს უნახავთ დასახელებული ფირები, შესაბამისად, არც დაადასტურეს და არც უარყვეს ფირების ნამდვილობა. საინერესოა ის გარემოებაც, რომ ადვოკატი ირაკლი ფხალაძე გამოძიების პროცესში დაჟინებით ითხოვდა, როგორც თავად აცხადებს, მისი კომპიუტერის დათვალიერებას, რაც გამოძიებამ მიზანმიმართულად არ გააკეთა. რეალურად, აღნიშნულ საქმეზე პოტენციურ დამნაშავედ მოიაზრება ხუთი პირი, თუმცა არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ამ პირთა დანაშაულებრივ კავშირზე მეტყველებს, არ არსებობს მტკიცებულება, რომლის შესაბამისადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი წამოვიდა ერთი რომელიმე კონკრეტული პირისგან, გაიარა და გადავიდა ხელიდან ხელში და საბოლოოდ მივიდა „ქრონიკა+“-ის რედაქციაში. შესაბამისად, გაურკვეველია თუ ვისგან მოპოვებული ფირი მიიტანა გელა ღურწკაიამ ქრონიკა+“-ის რედაქციაში, მით უფრო რომ გელა ღურწკაია, გამოძიებაში აცხადებადა, რომ ფირები მას გადასცა ვინმე ვ. ც-შვილმა, ხოლო სასამართლოში მან აბსოლუტურად სხვა პირზე მიუთითა. გელა ღურწკაიას საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ დაუმალავს, რომ ინტერესი ჰქონდა, საქმე დასრულებულიყო მის მიმართ საპროცესო შეთანხმებით. საქმეში ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ ხუთ პირს ერთმანეთთან აკავშირებს, ეს არის პროკურატურის მიერ საგანგებოდ დამუშავებული მოწმე ინგა ჩატოიანი, რომელიც სასამართლო პროცესებზე პროკურატურის დაწერილი სცენარებით მოქმედებდა, თუმცა სასამართლოში დაკითხვისას მისი ჩვენება, მიუხედავად მრავალი მეცადინეობისა, მაინც არსებით წინააღმდეგობაში მოვიდა ასევე პროკურატურის ხელდასხმული მოწმე ნიკოლოზ ხაჭაპურიძის ჩვენებასთან. ბრალდებულები განაჩენის მოლოდინში არიან, პროცესუალურად არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დაყენების მინიმალური შანსებიც კი, თუმცა გაბედავს კი სასამართლო გამამართლებელი განაჩენის დაყენებას?! ეს დამოკიდებულია მხოლოდ მისი თავისუფლების ხარისხზე. არის კი დღეს სასამართლო თავისუფალი?!

ელისო კილაძე