1918 წლის 26 მაისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##3-16.

1918 წლის 26 მაისი – დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდის ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ – სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადაწყვეტილება ერთგვარი იძულებისა და სხვის მიერ კარნახის შედეგად მიიღო, სხვები კი ამტკიცებენ, რომ დამოუკიდებლობის აქტის მიღება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანას ამის საშუალება საერთაშორისო ვითარებამ მისცა და გერმანიის იმპერიის სახით ძლიერი პარტნიორი გამონახა.
შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა უძღოდა წინ 26 მაისს, როგორი იყო ქართული პოლიტიკური ძალების პოზიცია და როგორ გამოცხადდა სინამდვილეში ქვეყნის დამოუკიდებლობა.
ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთში 1917 წლის თებერვალს მომხდარი რევოლუციისა და ტახტიდან მეფის გადადგომის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები განახლებული რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიის სახით ხედავდნენ. ასეთი პოზიცია ჰქონდა როგორც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ასევე ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასაც, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე ეროვნულ პოზიციაზე მდგომ პარტიად მიიჩნეოდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შეხედულებით, რუსეთის ფედერალური მოწყობის შემთხვევაში საქართველოს ფართო ეროვნული ავტონომია უნდა მოეთხოვა, ხოლო თუ რუსეთი უნიტარული რესპუბლიკის ფორმას მიიღებდა, მაშინ საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით განსაზღვრული უფლებებით უნდა ესარგებლა, რაც ქვეყნის შეზღუდული ტიპის პოლიტიკურ ავტონომიას გულისხმობდა.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდა საქართველოს ყველაზე გავლენიან სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. საქართველოს ბედს ისინიც რუსეთს უკავშირებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში სოციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ერთიანი რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული თვითმმართველობის ფორმა და ფართო კულტურული ავტონომია უნდა მიეღო.
საქართველო რომ რუსეთის ორბიტაში უნდა დარჩენილიყო, ეს პოზიცია არც 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ შეცვლილა. საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალები ლენინის პარტიას გაემიჯნენ, მაგრამ რუსეთისგან განცალკევება არ უფიქრიათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბოლშევიკები ქვეყნის სათავეში დიდხანს არ დარჩებოდნენ და მომავალში რუსეთი დემოკრატიული გზით გააგრძელებდა განვითარებას. ამას ადასტურებს 1917 წლის 19 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის რეზოლუციაც, სადაც საქართველოს რუსულ ორბიტაში დარჩენას, მწვავე დაპირისპირებისა და კამთის შემდეგ, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც დაუჭირა მხარი. ძირითადი ამონარიდი რეზოლუციის პროექტიდან:
„ქართულმა ეროვნულმა ყრილობამ, მოისმინა რა მოხსენება ნ. ჟორდანიასი შესახებ დღევანდელი მომენტისა და ქართველი ერის პოლიტიკური მდგომარეობისა, ადგენს:
ქართველი ერი, როგორც ამ ასი წლის განმავლობაში, სდგას რუსეთის ორიენტაციის ნიადაგზე;
ქართულმა დემოკრატიამ დღიდან თავისი პოლიტიკური არსებობისა, თავისი სვებედი მჭიდროდ დაუკავშირა რუსეთის დემოკრატიას და მასთან ერთად მოქმედებით ფიქრობს თავისი პოლიტიკური, ეკონომიური და ნაციონალური მისწრაფებანი განახორციელოს.
რუსეთის შუაგულში გაჩაღებული სამოქალაქო ომის მეოხებით, დღეს არ არსებობს ერთი ცენტრალური რევოლუციური მთავრობა, ცნობილი მთელი რევოლუციური რუსეთის მიერ. ამ გარემოებამ აიძულა ყველა განაპირა ქვეყნები და მათ შორის ამიერკავკასიაც, თავისი შინაური საქმეები თავისივე ძალ-ღონით მოაგვარონ და შესაფერი დაწესებულებანი შექმნან.
რუსეთის დამფუძნებელ კრებას ჩვენ მოვთხოვთ შექმნას ისეთი ნაციონალური ნორმები ქართველი ერისათვის, რომელიც მას მისცემს საშვალებას თავისუფალ კულტურული განვითარებისას. ასეთ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის სრული თვითმმართველობა საკუთარი საკანონმდებლო კრებით ადგილობრივ კითხვებზე. ტერიტორიის საზღვრები გაიმიჯნებიან დაინტერესებულ მოსაზღვრე ერების თანხმობით. საქართველოში მომწყვდეული ნაციონალური უმცირესობანი მიიღებენ სრულ უფლებრივ გარანტიას კულტურული განვითარებისას.
თუ რუსეთის სამოქალაქო ომი გაგრძელდება და დამფუძნებელი კრების მოწვევა ახლო მომავალში ვერ მოხერხდება, უნდა იქმნას მოწვეული ადგილობრივი კრებები, რომელიც ურთიერთის თანხმობით დაამყარებენ შესაფერ დემოკრატიულ და ნაციონალურ წესწყობილებას, როგორც თვითოეულ ეროვნულ ტერიტორიულ ერთეულში, ისე მთელ ამიერ-კავკასიაში“.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ქვეყნის დამოუკიდებლობა საერთოდ არ ანაღვლებდა. ერთი შეხედვით, რუსეთში დაწყებული საერთო ქაოსი დამოუკიდებლობის გამოცხადების საშუალებას წარმოშობდა: იმპერია ინგრეოდა, რუსული საზოგადოება ერთმანეთს ებრძოდა და საქართველოს მსგავსი კოლონიებისთვის ნაკლებად ეცალა. მაგრამ მოცემულ ვითარებაში არსებობდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა – გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი მსოფლიო ომისა და რუსული რევოლუციების შედეგად წარმოიქმნა.
1917 წლის დასაწყისში წარმოუდგენელი იყო ომში გამარჯვებული მხარის გამოცნობა და იმის განსაზღვრა თუ როგორი იქნებოდა ახალი მსოფლიო წესრიგი. ეს გარემოება საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო. ეს სურვილი მსოფლიოს რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს მხარდაჭერით უნდა ყოფილიყო გამაგრებული.
ამოცანას ისიც ართულებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სუბიექტად არავინ იცნობდა – იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და ამდენად, ბუნებრივია, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მას სწორედ რუსეთის ტერიტორიად აღიქვამდნენ. ეს მოცემულობა 1917 წლის დეკემბერში ტფილისში ანტანტის წარმომადგენელთა ვიზიტმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებთან შეხვედრისას ევროპელებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი არ ემხრობიან დამოუკიდებლობის იდეას და გარე აგრესიის შემთხვევაში საქართველო მათგან დახმარებას არ უნდა ელოდოს.
ასეთ ვითარებაში დამოუკიდებლობის გამოცხადება საკმაოდ სარისკო წამოწყებას წარმოადგენდა. ჩვენს ქვეყანას არც ხელისუფლება გააჩნდა და არც შეიარაღებული ძალები ჰყავდა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ქართული სეპარატიზმის აღსაკვეთად, კავკასიის ფრონტზე განლაგებული რუსული არმია, რომელიც 184 ათას ქვეით ჯარისკაცს, 32 ათას კავალერისტს და 600-მდე საარტილერიო დანადგარს ითვლიდა, ჩვენს ქვეყანაში შემოსულიყო, რაც კატასტროფულ შედეგს გამოიწვევდა.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელი იყო ოსმალთა ფაქტორიც: თუ რუსეთი კავკასიის ფრონტზე პოზიციებს მიატოვებდა, საქართველო თურქეთის თითქმის 100 ათასიანი ჯარის პირისპირ რჩებოდა. და ეს მაშინ, როდესაც ოსმალეთს კავკასიის რეგიონის მიმართ მუდმივად ჰქონდა საკუთრი ინტერესი.
მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, მაინც რუსეთი იყო. რუსეთის ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოს საკუთარ ტერიტორიად განიხილავდა და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი გახლდათ. ასე იყო მეფის რუსეთის დროს, იგივე პოლიტიკას ატარებდა დროებითი მთავრობა და მსგავსი პოზიცია ჰქონდათ ბოლშევიკებსაც. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი რუსული ძალები შესაძლოა, ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ რუსული იმპერიის ურღვევობის თაობაზე ყველა თანხმდებოდა.
კავკასიის რეგიონი და კერძოდ საქართველოც რუსეთისა და ოსმალეთის მკვეთრი შეჯახების ასპარეზად იქცა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო საქართველოს დამოუკიდებლობის თემით რომელიმე ძლიერი ევროპული სახელმწიფოს დაინტერესება და ძლიერი პარტნიორის მეშვეობით რუსულ-თურქული გავლენის აცილება.
ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად ჩვენი ქვეყანა გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ ქვეყანამ მომლოდინე პოზიცია დაიკავა და სახელისუფლებო ვაკუუმიის შესავსებად 1917 წლის ნოემბერში ამიერკავკასიის მთავრობა, იგივე ამიერკავკასიის კომისარიატი დააფუძნა. ამ კომისარიატში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გაერთიანდა. 1918 წლის იანვარში ბოლშევიკების მიერ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გარეკვისა და ხელისუფლების სრული უზურპაციის შემდეგ კი ამიერკავკასიის კომისარიატმა უკვე საკუთარი სეიმი, იგივე საკანონმდებლო ორგანო დააფუძნა. სეიმის ხელმძღვანელად ქართველ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.
ამიერკავკასიის კომისარიატის დამფუძნებელ კრებაზე ჩხეიძის სიტყვით გამოსვლა ნათლად ადასტურებდა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ფიქრები რუსეთის დემოკრატიისკენ იყო მიმართული და სწორედ ამ კონტექსტში განიხილებოდა რეგიონისა და, მათ შორის, საქართველოს მომავალიც:
ნიკოლოზ ჩხეიძე: „…ამიერ კავკასიის დემოკრატია მტკიცე საფუძველი იქნება ამიერ კავკასიის სეიმისა, რადგანაც სეიმი დაადგება რევოლუციის მოპოვებათა განმტკიცებისა და რუსეთის დიდ რევოლუციის ლოზუნგების ცხოვრებაში გატარების გზას…
ერის თვითგამორკვევის ლოზუნგი დიდი ხანია ფრაზა არ არის და, მე ვფიქრობ, ამიერ კავკასიის არც ერთ ხალხს არ შეუძლია დათანხმდეს თავის არსებითი უფლებების შეკვეცას. მაგრამ ამავე დროს ფანატიზმი და დოქტრინერობა, ვიტყვი სისულელე იქნებოდა, თუ აქ არ აღმოჩნდებოდა ურთიერთ გაგების, შეთანხმებისა და კომპრომისის ადგილი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ერთა თვითგამორკვევის დიდი ლოზუნგი გადაიქცეოდა ამიერ კავკასიის ეროვნებათა ურთიერთთა ამოჟლეტად. სეიმმა უნდა შეჰქმნას პირობები, რომ მშვიდობიანად გადაჭრას ეს საკითხები და მას აქვს შეძლება შეჰქმნას ეს პირობები, თუ იგი გამონახავს ნიადაგს ყველა ეროვნებათა დემოკრატიის ინტერესების ერთიანობისათვის, და ეს, მე ვფიქრობ, არ არის შეუძლებელი…
რუსეთის დამფუძნებელი კრება რჩება დღეს ლოზუნგად და ამით ზოგადათ ისახება სეიმის ჩარჩოები და კომპეტენცია, ამასთანავე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ჩარჩოები, – ვფიქრობ მე, – გაფართოვდებიან პირობებისა და ცხოვრების მსვლელობის მიხედვით. დასასრულ, მე ვფიქრობ, რომ სეიმი, თუ ივლის აღნიშნული გზით, შესძლებს აღმასრულებელ ორგანოს მისცეს საჭირო სიძლიერე. ძველად ამბობდენ – ღმერთია მოწყალეო, მე ვიტყვი – რევოლუციაა მოწყალე. გაუმარჯოს რევოლუციას, გაუმარჯოს პირველ ამიერ კავკასიის სეიმს“.
1918 წლის მარტში პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკში ლენინის მთავრობამ სეპარატული ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალური სახელმწიფოების (გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბულგარეთი, ოსმალეთი) კავშირთან, რითაც, ფაქტობრივად, კაპიტულაცია გამოაცხადა და პირველი მსოფლიო ომიდან გამოვიდა.
მშვიდობის სანაცვლოდ გერმანიამ ბოლშევიკებს უმძიმესი ულტიმატუმი წამოუყენა, რაზედაც ლენინის მთავრობა იძულებული შეიქმნა, დათანხმებულიყო. რუსეთი კარგავდა ბალტიისპირეთს, უკრაინას, ბელორუსიის ნაწილს, პოლონეთს, ფინეთს. რუსეთი პოზიციებს თმობდა ამიერკავკასიაშიც. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლი, რომლის თანახმადაც, რუსეთი თმობდა გერმანიის მოკავშირე ოსმალეთის სასარგებლოდ ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქებს.
ამონარიდი საზავო ხელშეკრულების მეოთხე მუხლიდან: „რუსეთი ყველაფერს გაიყვანს, რათა დაუყოვნებლივ დაიცალოს რუსული მხედრობისგან არდაგანის, ყარსისა და ბათუმის ოკრუგები. რუსეთი არ ჩაერევა ამ ოკრუგების ახალ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში, არამედ მისცემს საშუალებას ამ ოკრუგების მოსახლეობას, დაამყაროს ახალი სისტემა სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით თურქეთთან თანხმობით“.
თანახმა იყო თუ არა საქართველო არდაგანისა და ბათუმის გადაცემაზე, ამით არავინ დაინტერესებულა. ამიერკავკასიის სეიმისა და მთავრობის სახელით ევგენი გეგეჭკორისა და ნიკოლოზ ჩხეიძის მიერ განცხადებულმა პროტესტმა შედეგი არ გამოიღო.
ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შემდეგ მთლიანად დაიშალა რუსეთის კავკასიური ფრონტი. ჯარისკაცებმა რუსეთში დაბრუნება დაიწყეს და კავკასიის საზღვრები სრულიად დაუცველი აღმოჩნდა. ამით მშვენივრად ისარგებლა თურქეთმა და ამიერკავკასიაში შემოიჭრა. 13 აპრილს ოსმალებმა ბათუმი დაიკავეს. 15-21 აპრილს თურქული ჯარები უკვე ოზურგეთს, ქობულეთს, მთელ მესხეთს აკონტროლებდნენ და ბორჯომის მისადგომებთან გამოჩნდნენ. შეიქმნა ვითარება, როდესაც ამიერკავკასია არა მარტო ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებულ ტერიტორიებს კარგავდა, არამედ მას ტოტალური ოკუპაციის საფრთხე ემუქრებოდა. პირველ რიგში, ეს საქართველოს დედაქალაქ ტფილისს ეხებოდა, რომლის დაკავებასაც ოსმალები სერიოზულად განიხილავდნენ.
ასეთ მძიმე ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმის საგანგებო სხდომა ჩატარდა. იმ პირობებში, როდესაც ამიერკავკასიას ძალა არ შესწევდა, სამხედრო წინააღმდეგობა გაეწია ოსმალთა არმიისთვის, თურქების შესაჩერებლად ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადება უპირველესი ვარიანტი გახდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში შესაძლებელი ხდებოდა ოფიციალური მოლაპარაკების წარმოება და იმ ტერიტორიების შენარჩუნებაზე ფიქრი, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის ზავით თურქეთს არ ეკუთვნოდა.
ხანგრძლივი კამათის შემდეგ სეიმის დეპუტატებმა რუსეთის შემადგენლობიდან რეგიონის გასვლისა და ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქად ტფილისი დასახელდა. ფედერაციაში სამი კავკასიური ქვეყანა: საქართველო, სომხეთი და აზებაიჯანი გაერთიანდა. სეიმის თავმჯდომარედ ქართველი სოციალ-დემოკრატი ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს.
ამის პარალელურად თურქული არმიამ კიდევ უფრო წინ წაიწია. 25 აპრილს ოსმალებმა ყარსი აიღეს და ახალი ულტიმატუმი წამოაყენეს: ამიერკავკასიის ფედერაციას თავისი შეიარაღებული ძალები 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე არსებული საზღვარის მიღმა უნდა გაეყვანა. ეს საზღვარი კი მდინარე ჩოლოქისა და არპაჩაის ხაზზე გადიოდა. ცხადი გახდა, რომ თურქეთის ტერიტორიული ამბიცია ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობებით არ შემოიფარგლებოდა და იგი მთელი რეგიონის ოკუპაციას შეეცდებოდა.
აპრილის ბოლოს გერმანიის სახით კავკასიაში ახალი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა. მართალია, ოსმალეთი გერმანიის მოკავშირე იყო, მაგრამ კაიზერის მთავრობას საკუთარი მიზნები ამოძრავებდა და ამ მიზნებში ოსმალთა კავკასიაში გაბატონება სულაც არ შედიოდა. 27 აპრილს კონსტანტინოპოლში, გერმანიის ზეწოლით, ოსმალეთი იძულებული გახდა, კავკასიაში გავლენის სფეროების გადანაწილებას დათანხმებოდა. თურქებს უკვე ოკუპირებული ქართული ტერიტორიები და სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩებოდათ, დანარჩენი კავკასია კი გერმანიის ინტერესის საგნად ცხადდებოდა. საქართველოსა და გერმანიას შორის ინტენსიური მოლაპარაკება დაიწყო. 14 მაისს გერმანიის წარმომადგენელმა, გენერალმა ოტო ფონ ლოსოვმა, კერძო საუბარში აკაკი ჩხენკელს აცნობა, რომ მისი მთავრობა მზად იყო დახმარებისთვის, თუ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებდნენ გერმანელები თურქების წინსვლის შეჩერებას. სწორედ გერმანიის გარანტიების შემდეგ გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
იმავე დღეს, ანუ 14 მაისს ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა. ეროვნულმა საბჭომ რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო, რომელიც ბათუმის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის მეთაურ აკაკი ჩხენკელს გერმანული მხარისთვის უნდა გადაეცა:
1. ეცნობოს გერმანიის საზავო დელეგაციის თავმჯდომარე გენერალ ლოსოვს, რომ საქართველოს ეროვნული საბჭოს სურვილი და თხოვნაა, ყოველნაირად ხელი შეუწყოს გერმანიამ საქართველოს საერთაშორისო და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი საკითხების რაც შეიძლება უმტკივნეულდ გადაწყვეტას.
2. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს, მიიღოს სათანადო ღონისძიება, რომ გერმანიის ჯარმა განაგრძოს სვლა ჩრდილო-კავკასიაში, რათა იმდენად დაუახლოვდეს საქართველოს საზღვრებს, რომ შესაძლებელი იყოს მასთან კონტაქტის დაჭერა და საქართველო უზრუნველყოფილი იქნას გარედან მოსალოდნელი რაიმე საფრთხისგან;
3. ეთხოვოს გენერალ ლოსოვს… დასტოვოს საქართველოში მყოფი გერმანელი ტყვეები და მიანდოს გერმანიის ოფიცერთ მათი სამხედრო ორგანიზაცია, რათა საქართველოს მთავრობას შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ეს ჯარი შინაურ წესრიგის დასაცავად და ანარქიასთან საბრძოლველად.
ამავე კრებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ამიერკავკასიის ფედერაცია არაბუნებრივი გაერთიანებაა, რომლის სუბიექტებს განსხვავებული ორიენტაცია აქვთ და ამიტომ დადგა დრო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს, თუმცა ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ამიერკავკასიის ფედერაციულ გაერთიანებას ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიან ორგანიზმად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ კავკასიის ხსნა ერთობაში იყო.
15 მაისს ბათუმიდან ჩხენკელის გამოგზავნილი წერილი მოვიდა, რომელშიც იგი კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მხოლოდ ასე თუ გადაურჩებოდა თურქულ ოკუპაციას: „უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველ მიზეზს გარეშე. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ზავის შეკვრა ჩვენთვის მისაღებ პირობებში… ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინ: უნდა გადაწყდეს, გაყვებიან თუ არა ამ გზას ქართველებიც, როგორც ამას აქამდისინ ჩადიოდნენ რევოლუციური ფრაზეოლოგიით დამთვრალნი… ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სიცოცხლესაც. დამოუკიდებლობას კი შეუძლია ჩვენი ხსნა. თურქები თუ ნებით არა, ძალით გაივლიან ამიერკავკასიას. თუ ძალით გაივლიან, ჩვენ დაპყრობილნი ვართ… თქვენ ვალდებულნი ხართ, ქართველ ერს უხელმძღვანელოთ, თუ არ შეგიძლიათ, უკეთესია გადადგომა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერი დაიღუპება… საჭიროა გამბედაობა. ნუ აქცევთ ერის და სახელმწიფოს საქმეს პარტიის საქმედ…“
16 მაისს ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი კვლავ შეიკრიბა, რომელმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების თემაზე იმსჯელა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის საჭირო ნიადაგის მოსამზადებლად სამკაციანი კომისიის ჩამოყალიბება გადაწყდა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი, ეროვნულ-დემოკრატი დავით ვაჩნაძე და სოციალ-ფედერალისტი შალვა-ალექსი მესხიშვილი.
23 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელზე გამოგზავნილ წერილში აკაკი ჩხენკელი უკვე დაუყოვნებლივ მოითხოვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას: „მე ვფიქრობ, თქვენ უკვე გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა. თუ არა, მაშინ მე არ მესმის თქვენი ტაქტიკა. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ესაა. სხვა გზა დახშულია…
…საქართველოს მთავრობის პირველი ნაბიჯი შემდეგი უნდა იყოს: სთხოვოს გერმანიას მფარველობა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად. დადგენილება ამის შესახებ უნდა გადაეცეს გრაფ შულენბურგს. ყველა ეს ხდება საიდუმლოდ. შულენბურგს მიეცემა აქედან ინსტრუქცია, რომლის ძალით ის ამ თქვენს შუამდგომლობას გადასცემს თავის მთავრობას. შეიძლება პასუხის მოსვლამდის უკვე იკისროს გერმანიის იმპერიის წარმომადგენლის როლი. ამ შემთხვევაში ის გამოიყვანს თავის პატარა რაზმს, ტყვეებისგან შემდგარს და მიეგებება მომხდომ თურქებს და განუცხადებს, რომ საქართველო უკვე გერმანიის მფარველობის ქვეშ იმყოფება…
…აუცილებლად საჭიროა მყისვე შემატყობინოთ დამოუკიდებლობის გამოცხადება არა მარტო ტელეგრამით, არამედ წერილობითაც, კანონიერად შემოწმებული ქართულ ენაზე, აგრეთვე დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი…. კიდევ ვიმეორებ, ყოყმანი ამ წუთში დანაშაულია. ჩვენ გვიხსნის მხოლოდ გამბედაობა, სისწრაფე, მტკიცე ნაბიჯები. ყველა ისინი, ვინც ამ წუთში დაძრავს ენას რუსეთის ორიენტაციის შესახებ, შესაბოჭია…“
1918 წლის 25 მაისს, ტფილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე (დღევანდელი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა) მდებარეობდა, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომა ერთადერთ საკითხს იხილავდა – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ამიერკავკასიის სეიმის სხდომა 26 მაისს დილის ათ საათზე შედგებოდა, რის შემდეგაც გაიმართებოდა ეროვნული საბჭოს სხდომა, სადაც გამოცხადდებოდა კიდეც საქართველოს დამოუკიდებლობა.
1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის გამზირზე (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა. 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა.
იმავე დარბაზში, დაახლოებით ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. სხდომას უამრავი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. აქ იყვნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, გერმანიის ხელისუფლების წარგზავნილი გრაფი შულენბურგი და გერმანელი ოფიცრები, ტფილისის მიტროპოლიტი ლეონიდე თავის ამალასთან ერთად, ქართველი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ქართველი ოფიცრები.
მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენციის წინ მდებარე მოედანი და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე. შენობის თავზე ქართული სამფეროვანი დროშა ფრიალებდა. მიუხედავად ქვეყანში შექმნილი საგანგაშო ვითარებისა, განწყობა ყველას ამაღლებული ჰქონდა.
საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიამ გახსნა: „მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა. და თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა.
საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია, დღევანდელი ისტორიული ქარტეხილებისაგან დაიფაროს თავისი თავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში…“
შესავალი სიტყვის შემდეგ, ჟორდანიამ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ წაიკითხა, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა:
„ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ითვალისწინებს რა ზემოჩამოთვლილ პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 22 გიორგობისთვეს 1917 წ. დღეს საყოველთაოდ აცხადებს:
1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა;
2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა;
3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა;
4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან;
5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა;
6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს;
7) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე“.
ამავე სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაც: ნოე რამიშვილი _ მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მონისტრი, აკაკი ჩხენკელი _ საგარეო საქმეთა მინისტრი; გრიგოლ გიორგაძე _ სამხედრო მინისტრი; გიორგი ჟურული _ ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი; გიორგი ლასხიშვილი _ სახალხო განათლების მინისტრი; ნოე ხომერიკი _ მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი; შალვა მესხიშვილი _ იუსტიციის მინისტრი; ივანე ლორთქიფანიძე _ გზათა მინისტრი.
1918 წლის 28 მაისს ფოთში გერმანულ სამხედრო გემზე (შშ Mინნა Hორნ) ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, რომლის მიხედვითაც საქართველომ გერმანიის მფარველობა მიიღო. გერმანიის მხრიდან შეთანხმებას ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოვი, საქართველოს მხრიდან – პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.
გერმანია საქართველოს საერთაშორისო აღიარებას და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში სრულ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. ტფილისში გერმანიის მთავრობის საგანგებო წარმომადგენლად გრაფი შულენბურგი დაინიშნა.
სულ მალე გერმანელებმა საქართველოს ყველა სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს. ფოთში მათი გარნიზონი 10 ათას ჯარისკაცს უტოლდებოდა, ტფილისში 5 ათასი მებრძოლი განალაგეს. გერმანელი სამხედროები იდგნენ: სიღნაღში, გორში, ქუთაისში, ოჩამჩირესა და ახალ სენაკში. საქართველოში გერმანიის საექსპედიციო კორპუსის საერთო რიცხვი, დაახლოებით, 30 ათას სამხედროს ითვლიდა, რომელსაც გენერალი ფრიდრიხ-კრეს ფონ კრესენშტაინი ხელმძღვანელობდა.
გერმანიამ საქართველო ოსმალთა სრული ოკუპაციისგან იხსნა, თუმცა საქართველო მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. 1918 წლის 4 ივნისს ოსმალთა მიერ ოკუპირებულ ბათუმში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით თურქეთის მფლობელობაში გადადიოდა ბათუმისა და არდაგანის ოლქები, აგრეთვე ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები.

მიხეილ ბასილაძე