სამართლიანი სასამართლოს მოლოდინში

სამართლიანი სასამართლო რომ სახელმწიფოში საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ამაზე ყველანი შევთანხმდით! იმაზეც ვთანხმდებით, რომ მოსამართლეებიც და პროკურორებიც ხშირად ტენდენციურები არიან. ისიც ვიცით, რომ საქმეები წლების მანძილზე იწელება და ისიც, რომ ძალიან ხშირად ადამიანები დაუმსახურებელ სასჯელებს იხდიან.

ამბავს, რომელზეც დღეს უნდა გიამბოთ, ნაკლებად გასდევს სამართლიანობის შეგრძნება. განაჩენი, რომელიც საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელით 22 წლის ბიჭს გამოუტანა, დიდი ალბათობით, მას კრიმინალისგან კი არ აარიდებს, პირიქით, წააქეზებს კიდეც, უსამართლობის გრძნობასაც გაუჩენს და დაუცველობისაც!
გარდა იმისა, რომ სწორედ ამ უსამართლობის გრძნობით სასოწარკვეთილმა დედამ რედაქციაში მოგვაკითხა სამარლიანობის აღდგენის იმედით, თუ განაჩენს წაიკითხავთ ან მოსამართლის პროფესიონალიზმში შეგეპარებათ ეჭვი, ან მის სამართლიანობასა და კომპეტენციაში. საქმე კი შემდეგი გახლავთ:
– კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლი. განზრახ მკვლელობის მცდელობა.
– საქართველოს მოქალაქე ბუბა ხელაშვილს ბრალი დაედო ლევან აბესაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.
ყველაფერი გასული წლის ივნისის ბოლოს თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სპორტულ შეჯიბრზე იწყება:
გასული წლის 25 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სპორტული შეჯიბრი ტარდებოდა, სადაც მონაწილე სპორტსმენები და მათი გულშემატკივრები იკრიბებოდნენ. შეჯიბრის მაყურებელთა რიგებში იყო ასევე ყოფილი სპორტსმენი ბუბა ხელაშვილი (შემდეგში მსჯავრდადებული(!), რომელსაც მისმა მეგობარმა, ირაკლი ებანოიძემ დაურეკა და იქ წასვლა შესთავაზა.
ბუბა ხელაშვილი მეგობრობდა ირაკლი ებანოიძესთან, რომელსაც კამათი მოუვიდა ლევან აბესაძესთან (შემდგომში დაზარალებული), ამავდროულად, ხელაშვილი იცნობდა ხსენებულ აბესაძესაც, რომელთან ერთადაც ადრე ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა.
ირაკლი ებანოიძესა და ლევან აბესაძეს შორის თავიდან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. მიუხედავად ამისა, ლევან აბესაძის ერთ-ერთი მეგობარი, გიორგი ბაქრაძე, თავის მეგობრებს ურეკავს და ადგილზე მოსვლას სთხოვს, რათა აბესაძე „არავინ დაჩაგროს“. ცოტა ხანში ადგილზე მოდიან გიორგი ქარდავა, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ მას გიორგი ბაქრაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ აბესაძეს დაძაბული სიტუაცია ჰქონდა, რაც უნდა განმუხტულიყო. სწორედ ამიტომ გიორგი ქარდავა, მისი ძმა, ალექსანდრე ქარდავა, შოთა და ირაკლი მარტინენკოები, ჯაბა კუტალია და ედუარდ სტეფანიანი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მივიდნენ. აღსანიშნავია, რომ „გამოძახებულ“ მეგობრებთაგან ალექსანდრე ქარდავას კუთვნილი პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა, რომელიც სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოგვიანებით გაისროლა, თუმცა გასროლას ჩხუბი და დაძაბული საუბარი უძღოდა წინ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ლევან აბესაძემ სასამართლოზე განაცხადა, _ ბუბა ხელაშვილთან კონფლიქტი არ მომსვლია, არც დაჭრის მომენტში და არც მანამდეო. თქვა ისიც, რომ დაჭრის შემდეგ გონება დაკარგა და აღარაფერი ახსოვს…
თავად ირაკლი ებანოიძის ჩვენებიდან (რომელსაც შემდეგ უკვე დაჭრილ ლევან აბესაძესთან ჰქონდა უთანხმოება) ირკვევა, რომ მას და აბესაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც მალევე დასრულდა. შეჯიბრზე გამოცხადებული შესვენების დროს კი როცა თავად ბუბა ხელაშვილი და მისი თანმხლები პირები ტოვებდნენ დარბაზს, მათ თავს დაესხა 10 ადამიანი, შემდეგ დაემატა კიდევ 8 პირი. თავდამსხმელებს ხელჯოხები ჰქონდათ, გინებითა და ჩხუბით წამოიწიეს. ებანოიძე ამბობს, რომ ამ დროს მან თავისი კუთვნილი სანადირო დანა ამოიღო და მას ატრიალებდა, რისი დანახვისთანავეც თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს. რამდენიმე წამში დაინახა, რომ უცნობმა პირმა პისტოლეტი ამოიღო და ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, სროლის შემდეგ კი ის და ბუბა ხელაშვილი უკვე თბილისი ცენტალში მივიდნენ და სამარშრუტო ტაქსით ზესტაფონში, სოფელ ძირულაში გაემგზავრნენ არა იმიტომ, რომ დამალულიყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სიტუაციას გარიდებოდნენ. ებანოიძე ამბობს, რომ მას ჩხუბის დროს არ დაუნახავს, ხელაშვილს რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო საგანი გამოეყენებინა. მან ასევე ვერ დაინახა აბესაძის დაჭრის ფაქტი.
ორ დღეში ებანოიძესა და ხელაშვილს სოფელ ძირულაში, ირაკლი ებანოიძის ბაბუის სახლში აკავებენ, იმ დღეებში სახლში სხვა არავინ ყოფილა.
ჩხუბის დროს დაიჭრა შოთა მარტინენკო, ლევან აბესაძე, შალვა არაბული და გიორგი ბაქრაძე. მათგან ერთი _ ლევან აბესაძე, მძიმედ. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო საქმის გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ირაკლი ყიზილაშვილი, რომ მან დაინახა დაბალი სიმაღლის პირი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში (თუმცა ბუბა ხელაშვილი სტატისტიკურად დაბალ ადამიანს არ წარმოადგენს!).
შეხლა-შემოხლის ამბავი მთავრდება მაშინ, როდესაც რამდენჯერმე გასროლის ხმა ისმის და ცოტა ხანშივე ლევან აბესაძე და სხვა დაჭრილები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

 საინტერესოა, რომ არც განაჩენში და არც სასამართლო პროცესებზე არაფერია ნათქვამი ბაქრაძის საქციელზე, რომელმაც ხალხი სპეციალურად მოიყვანა სიტუაციის განსამუხტად, როდესაც პოლიციის შენობა გაცილებით უფრო ახლოსაა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან(!).

 არაფერია ნათქვამი სხვა იარაღზე, ებანოიძის დანაზე, ხელჯოხებზე, პნევმატურ პისტოლეტზე. გაიჩხრიკა მხოლოდ ბუბა ხელაშვილის ბინა და მხოლოდ 2 თვის შემდეგ, მოთხოვნის საფუძველზე, გაჩხრიკეს ებანოიძის სახლიც.

 საგულისხმოა ისიც, რომ თითქმის ყველა იმ მოწმემ, რომლის ჩვენებაშიც ეწერა, რომ დანა ბუბა ხელაშვილის ხელში ნახეს, სასამართლოზე განაცხადეს, რომ ისეთ სიტუაციაში მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს, რომ არც აინტერესებდათ, რა ეწერა შიგნით. მაგალითისთვის, სასამართლოზე სტეფანიანი ამბობს, რომ ეროვნებით სომეხია, ქართულად წერა-კითხვა უჭირს და შესაბამისად, არც იცის, რას მოაწერა ხელი. ყიზილაშვილმა თქვა, რომ მისი ძმა იყო დაჭრილი, მასზე ნერვიულობდა და არც მას აინტერესებდა, რას აწერდა ხელს, შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ თავად იყო დაჭრილი და წაკითხვის თავი არ ჰქონდა! სხვებმა კი თქვეს, ჩემი მეგობარი აბესაძე იყო დაჭრილი და არც წაგვიკითხავს, რა ეწერა დოკუმენტში, პირდაპირ მოვაწერეთ ხელიო.

 გაბათილდა რამდენიმე მოწმის ჩვენება, მათ შორის იყო წიფლაშვილი, რომელსაც ხელი მოწერილი ჰქონდა დოკუმენტზე, სადაც ბუბა ხელაშვილს ადანაშაულებდა, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოზე სხვაგვარი ჩვენება მისცა, დროსა და ფაქტებში აირია…

 შალვა არაბულის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი ყველაზე ახლოს იდგა ბუბა ხელაშვილთან, ხელი გადახვეული ჰქონდა და ამ დროს ბუბას დანა ხელში არ ჰქონია! სწორედ ამ მომენტში ჩაარტყა უკნიდან ვიღაცამ მათ და ისინიც ჩხუბში ჩაერთვნენ.

 პროკურორმა თინა ჭურღულიამ სასამართლოზე ნივთმტკიცების სახით წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ შეჯიბრის დაწყებამდე ბიჭები და მათ შორის ერთ-ერთი ბუბა ხელაშვილი სიგარეტს ეწევა, ხელაშვილი მას აქრობს, ურნაში აგდებს და დარბაზში შედის. მეორე კადრში კი ჩანს სისხლის რამდენიმე წვეთი და შედარებით მოზრდილი ლაქა. კადრში არ ჩანს არეულობის დრო და ფაქტობრივად, ვიდეოჩანაწერი ნივთმტკიცებად არ შეიძლება მივიჩნიოთ!

 საინტერესოა ისიც, რომ კანდელაკიშვილის ჩვენებაში წერია, მან დაინახა დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ლევან აბესაძე, რომელსაც დანით ხელში ბუბა ხელაშვილი ედგა თავზე, დაჭრის მომენტი კი არ დაუნახავს! ამავდროულად, ხელაშვილის შარვალზე, ქამარზე, ზედატანსა თუ საცვლებზე არც სისხლის და არც აბესაძის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა(!!!)

 მაშ, საკითხავია, რომელი ფაქტობრივი და ხელჩასაჭიდი მასალის საფუძველზე მივიდა მოსამართლე გიორგი დარახველიძე დასკვანმდე, რომ ბუბა ხელაშვილი დამნაშავეა და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა?!

დაკავებულის დედა ლალი ლომთაძე ყვება, რომ თავად შეესწრო შემდეგ ფაქტს: „პროკურორი თინა ჭურღულია მოწმეებს, ძმებ მარტინენკოსა და ყიზილაშვილს ეუბნებოდა, _ პროკურატურაში რომ მოგიყვანეთ და ხელმოწერა რომ გვაქვს, ხომ მითხარი, ბუბა ხელაშვილია დამნაშავეო?! ეს ბიჭი კი კინაღამ გადახტა პროკურორისკენ და გაბრაზებულმა მიაძახა, _ მერე ხომ გითხარი, ეს ჩემი ხელმოწერა არაა-მეთქი?!“
ლალი ლომთაძევე ამბობს, რომ პროკურორ თინა ჭურღულიას განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება და ურთიერთობა ჰქონდა ლევან აბესაძესთან, რაც გულთბილ ჩახუტებაში, მოკითხვებსა და არაფორმალურ საუბრებში გამოიხატებოდა. ამას გარდა, შესვენების დროს, სანამ სხდომა დაიწყებოდა, ჭურღულია მოწმეებს იმასთან დაკავშირებით არიგებდა, თუ ვის რა უნდა ეთქვა სასამართლოზე. სწრედ ამიტომ მოხდა ისე, რომ ზოგმა „ვერ დაიზეპირა“, რაც უნდა ეთქვა, აირია და მათი ჩვენებები გაბათილდა კიდეც!
დაკავებულის დედა ღიად საუბრობს პროკურორისა და მოსამართლის ტენდენციურობასა და მათ გულგრილ დამოკიდებულებაზე საკითხის მიმართ, საუბრობს მისი შვილის უფლებების დარღვევაზეც:
„დარწმუნებული ვარ, ბუბა ხელაშვილი იმიტომ აირჩიეს, რომ ის დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. არ მქონდა თანხები, არ ვიყავი ცნობილი და ვერავის მივმართავდი, ხმას ვერ ამოვიღებდი, ამას ფიქრობდნენ. შეიძლება ასეც იყოს და ვერაფერი გავაკეთო თუ სისტემა ჩემ წინააღმდეგ წავიდა. შიშველი ხელებით მგლის ხროვაში ვერაფერს გავაწყობ.
ბუბა ხელაშვილი არ არის ნასამართლევი და პრობლემური არასდროს ყოფილა! მახსოვს, როცა დააკავეს, ამის შესახებ მოგვიანებით ზესტაფონის პოლიციიდან მაცნობეს. არც ვიცოდი, სად უნდა მომეძებნა ჩემი შვილი. გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში მივედი, სადაც არ მომცეს დაკვალიანება. მერე გავიგე, რომ პროკურატურაში უნდა წავსულიყავი, რათა გამერკვია, ფიზიკურად სად იყო ჩემი შვილი. მაშინ შევხვდი პირველად თინა ჭურღულიას, რომელმაც არც კი გამიმხილა დაჭრილის ვინაობა. მითხრა, რომ ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი, რომ აპარატზე იყო შეერთებული რეანიმაციაში ხან ხსნიდნენ და ხანაც აერთებდნენ აპარატზე. ვინ იქცევა დღეს ასე?! მითხრა, გონებადაკარგული გამოიყვანეს დაჭრილი დარბაზიდანო, იქ სისხლის გუბეები იდგაო. არადა, მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი რომ ვნახე, აბესაძე თავისი ფეხით გამოდის დარბაზიდან და სისხლის გუბეები კი არა, ლაქები შეიმჩნევა მხოლოდ!
ფირზე ისიც ჩანს, რომ ჩემი შვილი ძალიან მშვიდად იქცევა იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ჯიქურ და ანერვიულებული სახეებით მოდიოდნენ, ბუბას კი ნელი მოძრაობითაც ეტყობა, რომ არც ფიქრობს ცუდზე, სიმშვიდე ჩანს ყველაფერში. ფირზე არც ჩხუბი ჩანდა, არც რაიმე დაძაბულობა! მეტი არაფერი იყო, რაც ხელაშვილს ამტყუნებდა!
ასევე როცა მოწმე ამბობს, რომ დაბალი ბიჭის ხელში ნახა დანა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი შვილი დაბალი არ არის!

მთელი რიგი უფლებები დაირღვა! ერთი ზარის განხორციელების უფლებაც კი არ მისცეს ბუბა ხელაშვილს და, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი მასზე! როცა თინა ჭურღულიას ამის მიზეზი ვკითხე, მითხრა, თავად არ მოინდომა დარეკვაო. არადა, ბუბამ პირიქით, არც მომცეს საუბრის უფლება, არც ჩემი უფლებები განმიმარტეს დაკავების დროსო, მითხრა!
თავიდანვე არ გვყოლია ადვოკატი. არც კი ვიფიქრებდით, რომ ასე წარიმართებოდა საქმე! სასაცილო ის იყო, რომ როცა პოლიციელებმა ებანოიძე და ხელაშვილი, ჩამოიყვანეს გამომძიებელმა სასამართლოზე თქვა, ხელაშვილს თბილისში დედაც და მამაც დახვდაო, ამ დროს ჭურღულიამ თვალით ანიშნა გამომძიებელს და მერე ისიც მიხვდა, რომ სისულელე თქვა. ბუბას მამა 20 წელია, გარდაიცვალა!
სასაცილო იყო პროკურორის მთავარი კითხვა ბუბას მიმართ, _ სად მდებარეობს თბილისი ცენტრალი? და მეორე, _ სახლში თუ იცოდნენ, რომ მიდიოდით?!
მოგვიანებით, სასამართლოზე გავიგე, რომ შუაღამეს ებანოიძის სახლში ხუთი პოლიციელი შევარდნილა. ამათგან 3 ებანოიძისკენ გაწეულა დასაჭერად და ჩემი „4 ადამიანის დამჭრელი“ შვილისკენ კი _ ორი მათგანი!
მოსამართლე დარახველიძეს რაც შეეხება, მისგანაც აშკარა იყო გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ. მუდმივად იგვიანებდა ან გაურკვეველი მიზეზებით დებდა სასამართლო პროცესებს. მეტიც, შესვენების დროს სხვა სასამართლო პროცესს მართავდა(!), ზოგჯერ მოწმეების მოსმენაც სწყინდებოდა და მდივანთან საუბრობდა ხოლმე.
9 თვის მანძილზე გაგვიწელეს ეს ამბავი, როცა იცოდნენ, რომ 8 წელი რომ უნდა მიესაჯათ ჩემი შვილისთვის! აღარაფერს ვიტყვი დაგვიანებებსა და აშშ-დან სპეციალურად რომ უნდა ჩართულიყო იმ სამედიცინო ექსპერტზე, დროში განსხვავების გამო მის გაღვიძებას და რამდენიმეწუთიან ჩართვას ველოდით, რომ მხოლოდ ორი წინადადება ეთქვა _ ჩემ მიერაა ექსპერტიზა ჩატარებული და აბესაძე მძიმედ იყო!
ვეჭვობ, ამ ყველაფერს ჭურღულია იმიტომ აკეთებდა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წასულიყო საქმე, თორემ თავიდან საქმე განზრახ დაზიანების მცდელობის მუხლით იყო აღძრული. როცა გირაო შევთავაზეთ (სახლი მაქვს და ვიფიქრე, გავყიდი, ერთადერთი შვილი მყავს და მასთან ერთად მინდა ყოფნა, აბა, ეს ქონება რა ოხრად მაქვს?!) და რომ მიხვდა, შეგვეძლო თანხის გადახდა, მომიტრიალდა და ზუსტად ასე მითხრა (არ ვაჭარბებ!): თქვენ ფული არ გქონდათ, თურმე ფულიც გაგჩენიათ! ანუ იმიტომ გვაწვებოდა, რომ ფული არ მქონდა?!
არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს პროკურატურის სახე დღეს თინა ჭურღულიაა!
პროკურორი ტენდეციური რომ იყო, ეს თავიდანვე გამოვლინდა, ამიტომაც ჩემმა შვილმა ორი თვის მანძილზე, აგვისტო-სექტემბერში, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით იშიმშილა!“ _ ამბობს ლალი ლომთაძე.
საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშია შეტანილი. სასამართლო, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ჩაინიშნება.

ნიკა სადრაძე ბუბა ხელაშვილის ადვოკატად მას შემდეგ აიყვანეს, რაც ის უკვე დაკავებული იყო და დასკვნითიც შეფარდებული ჰქონდა, ადვოკატის თქმით განაჩენი ცალსახად არაობიექტურია:
„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მოსამართლის განაჩენი არაობიექტურია! სამართლებრივად რომ ვიმსჯელოთ, მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული. განაჩენი არის ცხრაგვერდიანი და აქედან დასაბუთება არის მხოლოდ ნახევარი გვერდი. მოწმეთა ჩვენებები გაბათილებული იყო და მოსამართლეს განაჩენში ისეთი ინტერპრეტაცია აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის დასაყენებლად ყველაფერს აკეთებს, თორემ რეალურად იმდენი ეჭვი იყო და გამოძიების ეტაპზე წამოწეული იმდენი გარემოება აქვს გამორიცხული, რომ ცალსახად შეგვიძლია არაობიექტურობაზე ვისაუბროთ!“

სახლის ჩხრეკასა და პოლიციელების დამოკიდებულებაზე საუბრობს ლალი ლომთაძე:
„25 ივნისს, სანამ ყველაფერს გავიგებდი, მულოდნელად, გამთენიისას თავზე პოლიციელები დამადგნენ. მითხრეს, სახლის ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. ადრე გაგებული მქონდა, რომ ასე ნარკოტიკებს უდებდნენ ხოლმე სახლში და ვუთხარი, იმედია, მაგას არ აპირებთ-მეთქი! _ არა, მაგ ამბავზე არ ვართ მოსულებიო! მაშინ ვერც წარმომედგინა, რომ ჩემს შვილს განზრახ მკვლელობაში დასდებდნენ ბრალს!
გაჩხრიკეს სახლი, თან დროდადრო ვინმე თინას ურეკავდნენ, მერე მივხვდი, რომ ეს იყო პროკურორი, ჭურღულია ყოფილა.
არც აივანი ან სარდაფი შეუმოწმებიათ. არც კი უკითხავთ, არ ვიცი, რატომ იფიქრეს, რომ შეიძლებოდა ვინმეს სისხლიანი დანა სახლში შეენახა. სამი საათის მანძილზე ჩხრეკდნენ სახლს და ვერაფერი ნახეს. მერე ფურცელი მომიტანეს და მითხრეს, ხელი მოაწერეო. სანამ არ ვნახავ, ხელს არ მოვაწერ-მეთქი! არ მინდოდა, რამე შემოეტყუებინათ! _ ისეთი არაფერია, სახლი რომ გავჩხრიკეთ და ვერაფერი ვიპოვეთ, მაგის საბუთია და არ გინდა წაკითხვაო. მაინც სათვალე გავიკეთე, წავიკითხე და ისე მოვაწერე! ახლა დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბიჭებთაგან ზოგიერთსაც ასე მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე!
მეორე დღეს ბუბამ დამირეკა, _ კარგად ვარ, რას შვრებიო? მობილური რომ არ მაქვს, ხომ არ შეგეშინდა, „ებასთან“ (ებანოიძეს ასე ეძახდნენ მეგობრები) ვართ სოფელშიო. ვუთხარი, _ აქ დაჭრა მომხდარა და პოლიციელები იყვნენ წუხელ სახლში-მეთქი. _ რაო? _ ძალიან გაუკვირდა! _ მოწმის სახით ხარ დაბარებული, ამიტომ ჩამოდი და ყველაფერი გაარკვიე-მეთქი. _ კი, თანხას ვიშოვით, მოვახერხებთ და წამოვალთო. არც უთქვამს, მერე ჩამოვალო და არც შიში შემიტყვია რამის გამო! რომ მცოდნოდა ასე წავიდოდა საქმე, იმ დღიდან დავიწყებდი ადვოკატის ძებნას!
იმავე დილას დაუკავებიათ. გლდანი-ნაძალადევის პოლიციას რომ მივაკითხე, იქ ზაქარია ხეთაგურმა მითხრა, _ თქვენმა შვილმა 4 ადამიანი დაჭრაო. ვუთხარი, _ მაგას რომ ასე დარწმუნებული ამბობთ, ამით ჯერ უდანაშაულობის პრეზუმპციას არღვევთ და მეორე, არც ვიცოდი, ასეთი ძლიერი შვილი თუ მყავდა სახლში-მეთქი!“ _ აღნიშნავს დაკავებულის დედა!

ერთადერთი ნივთმტკიცება არის ის დანა, რომელზეც განაჩენში ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვთქვათ, ხელაშვილის ქამრიდან ამოღებული დანით რომ არის დაჭრილი აბესაძე. შესაბამისად, გადაჭრით ვერ საბუთდება ამ დანის შესაბამისობა!
დაკარგული ან საქმიდან გამქრალია ის დანა, რომელიც ირაკლი ებანოიძეს ჰქონდა და როგორც ამბობს, ჩხუბის დროს იქნევდა, რომ ვინმე არ მიჰკარებოდა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, ლალი ლომთაძის თქმით, ყველა ელოდა, რომ ბუბა ხელაშვილს გაამართლებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და მეტიც, მას არა მინიმალური, ანუ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, არამედ, 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს:
„ადამიანი, რომელიც 2 წლის წინ რასიზმის მუხლით იყო გასამართლებული, ცამდე მართალი აღმოჩნდა, ასევე ის ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იყვნენ. ადამიანები, რომლებსაც გაზის პისტოლეტი, ხელკეტები ჰქონდათ, „სუფთები“ აღმოჩნდნენ და მხოლოდ ბუბა ხელაშვილი აღმოჩნდა დამნაშავე იმ დანის გამო, რომელზეც ექსპერტიზას მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია თქვას, რომ იგი ნამდვილად გამოიყენეს დაჭრის დროს!“ _ ამბობს ბუბას დედა.
ცნობისთვის: თავად ლევან აბესაძე ამბობს, რომ იგი არის სუსის უფროს ვახტანგ გომელაურის ნათლული, ამიტომ ყველგან გზა ხსნილი აქვს! დედა პოლიციის, მამა კი სუსის თანამშრომელია. ამასთან, იგი 2015 წელს რასიზმის მუხლით ჩადენილი დანაშაულის, რუსთაველის მოედანზე ფერადკანიანის ცემის ფაქტზე დააკავეს. ცემის ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში, თუმცა აბესაძე ყველა მისი „მფარველის“ საქმეში ჩარევის შედეგად ორი წლის ვადით გირაოთი გაათავისუფლეს. აბესაძესთან ერთად რასიზმში დადანაშაულებული იყო მისი მეგობარი ავაზაშვილი.
ბუბა ხელაშვილი დანაშაულს უარყოფს და იგი ჩვენებაშიც ამბობს, რომ აბესაძე მას ეუბნებოდა, იგი სუსში მუშაობდა (არაოფიციალურად), რის გამოც ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე მისვლა და მისი დარბევა ან ცემა შეეძლო. იმავეს სთავაზობდა ბუბა ხელაშვილსაც, თუმცა მან ამ შემოთავაზებაზე უარი უთხრა! ამის შემდეგ ურთიერთობა ჩვეულებრივ გაგრძელდა, არანაირი დაძაბულობა და კონფლიქტი არ ჰქონიათ, თუმცა ურთიერთობა არ იყო ძალიან ახლო და მეგობრული.
დღეს ლევან აბესაძეც და ავაზაშვილიც საპატიმროში 4-წლიან სასჯელს იხდიან.
ბუბა ხელაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, თუმცა საქმე სააპელაციო სასამართლოშია შეტანილი და თვის ბოლოს სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.

ნინო ტაბაღუა