„ჩემო ძმაო“ _ ბერას პოლიტიკური გზავნილები

პოლიტიკური მიზნებისთვის, მით უმეტეს, პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის შვილების გამოყენება, თუ შვილიც, მშობლის მსგავსად, პოლიტიკური პროცესების მონაწილე არ არის, მინიმუმ, სიგოიმეა და ამაზე ცივილიზებული მსოფლიო კარგა ხანია, შეთანხმებულია, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საქართველოს ჯერ ისევ მცდელობა აქვს, რომ ცივილიზებული მსოფლიოს, ე. ი., დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს, ჩვენებურ პოლიტიკაში შვილებით მანიპულირება ისევ „მოსულა“.

ოპონენტები ერთმანეთის შვილებს განსაკუთრებით მაშინ „გადასწვდებიან“ ხოლმე, როცა საკამათოდ არგუმენტები აღარ ჰყოფნით და მტკიცედ არიან დარწმუნებული, რომ შვილზე იერიშის მიტანით „მოწინააღმდეგეს“ მორალურად გაანადგურებენ. ზუსტად ეს სცენარი გათამაშდა, მაგალითად, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის შემთხვევაშიც, ანუ მას შემდეგ, რაც ე. წ. კახელების კარტელმა დაინახა, რომ ელისო კილაძის მოსყიდვა და ამ ფორმით გაჩუმება შეუძლებელი იქნებოდა, მიიჩნია, რომ მისი გაუვნებელყოფა შვილის დაჭერით მოხერხდებოდა. დღეს უკვე ნათელი და დადასტურებულია, რომ დავით ხარშილაძისთვის ნარკოტიკების ჩადება მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა _ ელისო კილაძეს „ქრონიკა+“-ზე უარი ეთქვა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ გახლდათ, როცა მიზანმა საშუალება გაამართლა და, შესაბამისად, ავანტიურისტებსაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: არც ელისო გატყდა, არც _ დავით ხარშილაძე და „ნარკოინტრიგის“ დამკვეთ-შემსრულებლებიც გამოაშკარავდნენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ბრძოლა ყველას ბოლომდე შეუძლია.
ასე, მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ რეალობას ახსოვს შემთხვევები, როცა საზოგადოებისთვის ცნობილ ერთ-ერთ სახეს შვილით დაუწყეს შანტაჟი (ეს ამბავი, ჯერ კიდევ, 2012 წლის არჩევნებამდე მოხდა) და ეს ცნობილი სახეც იძულებული გახდა, ტონი შეერბილებინა (ამ კონკრეტული შემთხვევის ფიგურანტებს ერთადერთი მოტივით არ ვასახელებთ _ არ გვინდა, ადამიანებს ძველი იარები განვუახლოთ).
ამ დრამატული შემთხვევების გარდა ისეთი ეპიზოდებიც გვახსოვს, როცა მშობლების პოლიტიკური კარიერისთვის საფუძველი შვილებს მოუმზადებიათ და ამ კონტექსტში, უპირველესად, ბერა ივანიშვილი უნდა გავიხსენოთ. კი ბატონო, ბერა აქტიურ პოლიტიკაში არ არის ჩართული, მაგრამ, თავის დროზე, თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის სახელწოდება _ „ქართული ოცნება“ _ შვილმა, ანუ ბერამ მიაწოდა.
ზოგადად, ბერა, როგორც რეპერი იმ დროს აქტიურდება ხოლმე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იძაბება. შესაბამისად, პოლიტტექნოლოგები
ამბობენ, რომ ბერას მუსიკა, თავიდან ბოლომდე, პოლიტიკურია.
ეს რომ ნამდვილად ასეა, ბოლო მაგალითიც მოწმობს _ „ქართული ოცნების“ მეხუთე ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში ბერას ახალი სიმღერა _ „ჩემო ძმაო“ გამოჩნდა.
„ჩემო ძმაოს“ კი „ლეგალიზაცია“ მოჰყვა. სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში „ლეგალიზაცია“ შესაძლოა, მხოლოდ იმის დემონსტრირება ყოფილიყო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ვაჟი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა, მაგრამ ბერამ „ლეგალიზაცია“ საკუთარ „ფეისბუქზე“ იმ დროს ატვირთა, როცა თბილისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ათასობით ახალგაზრდა იყო შეკრებილი და 12 მაისს ღამე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდა, ანუ როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, საკუთარ თავისუფლებას იცავდა. იმ წუთიდან, რაც აღნიშნულმა კლიპმა დღის სინათლე იხილა და 40 წუთში, ლამის, 400 „ფეისბუქმომხმარებელმა“ გააზიარა, აქციაზე მოვლენები რადიკალურად სხვა სცენარით განვითარდა. კერძოდ, პროტესტანტებთან შს მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა და განაცხადა, რომ მარიხუანის ლეგალიზება მოხდებოდა, არადა, თუ კარგად გავიხსენებთ, ქუჩაში გამოსულების თავდაპირველი მოთხოვნა რომელიმე ნარკოტიკის, მაგალითად, მარიხუანის ლეგალიზება კი არა, პრემიერისა და შს მინისტრების გადადგომა იყო, თუმცა სოციალურ ქსელში ბერას გააქტიურებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ყოველ შემთხვევაში, შს მინისტრი მომიტინგეებს მარიხუანის ლეგალიზებას დაჰპირდა და ამბოხებული ახალგაზრდების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. შესაბამისად, ისიც აღარავის გახსენებია, რომ ეს ახალგაზრდები ქუჩაში სწორედ შს მინისტრის გადადგომის გამო გამოვიდნენ.
ერთი სიტყვით, ბერას კლიპი მორიგ პოლიტმესიჯად მოგვევლინა და შეფასებებმაც არ დააყოვნა.
„განსაკუთრებით ცირკს დაემსგავსა, როცა ბერამ დადო მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით ტრეკი აქციის მიმდინარეობის დროს და ზუსტად კლიპის დადებას რომ ელოდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომ თავის განცხადება გაეკეთებინა“, _ განაცხადა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ 12-13 მაისის მოვლენების შეფასებისას.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი კითხვას, თუ რას ფიქრობს მარიხუანის ლეგალიზაციაზე, ასე უპასუხა:
„ესეც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რაიმე პოზიციის დაფიქსირება ერთი ან მეორე მიმართულებით. ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და ამის საფუძელზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება“.
სხვათა შორის, ბერას „ლეგალიზაციის“ პარალელურად შეცვლილ სამთავრობო პოზიციას სოციალურ ქსელში ცინიკური შეფასებები მოჰყვა და ზოგმა „იუზერმა“ ისიც აღნიშნა, კარგი იქნება, პენსიების მომატებაზე, ეკონომიკურ წინსვლასა თუ, ზოგადად, კარგ ცხოვრებაზეც იმღეროს და მთავრობაც იძულებული გახდება, „უფლისწულის“ „დარიგებებს“ მიჰყვესო.
რაც შეეხება კლიპ „ჩემო ძმაოს“ ამ სიმღერის ტექსტი პოლიტიკური თუნდაც იმიტომ არის, რომ ბერა თანამდებობის პირებს, ეკლესიაში არსებულ ვითარებას აკრიტიკებს და ყბადაღებულ ჩადებებსაც ეხება.
ამასთან, ბერა ირწმუნება, რომ სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, წყენა უნდა დაივიწყოს და საერთო მტერს ერთად დაუპირისპირდეს.
სხვა დროსა და სიტუაციაში ბერას ამ ტექსტისთვის ყურადღება შესაძლოა, არავის მიექცია, მაგრამ ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა, ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე აღიარა და ხაზგასმით განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა, სწორედ „ოცნების“ შიდა ომია.
„რატომ გადავწყვიტე ახლა კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე?
პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები.
მეორე, ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე, ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია, სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, _ თქვა ბატონმა ივანიშვილმა „ოცნების“ მეხუთე ყრილობაზე.
ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს „ჩადებების თემა“, რომელსაც ბერა უკვე მეორედ შეეხო:
ყველას გვახსოვს, „ბირჟა მაფიის“ დაპატიმრებული წევრები, რომელთაც ნარკოტიკებს ედავებოდნენ, სწორედ ბერას სტატუსის შემდეგ გაათავისუფლეს.
12 მაისის ღამეს თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციაც ბერას სტატუსს მოჰყვა:
„ჩემი Facebook-ის გვერდზე უამრავი კომენტარი იწერება: პოზიტიურიც და ნეგატიურიც, კეთილის მსურველიც და კრიტიკულიც. ყველას აზრს გაგებით ვეკიდები და უკიდურესი ლანძღვისასაც კი ვცდილობ თავის შეკავებასა და შენდობას. მეგონა, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა, უკვე დამაბრალეს და წაკითხული ან გაგონილი მქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თუ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში დამადანაშაულებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. სწორედ ამ ბრალდებამ მაიძულა სტატუსის დაწერა.
მივმართავ „ნაციონალური“ მოძრაობის წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს: ვიცი, თქვენ ჩემი სტატუსი არც გაგაწითლებთ და არც მონანიების სურვილს აღგიძრავთ, ვინაიდან თქვენმა არაერთმა რეპლიკამ, სტატუსმა და მოგონილმა ზღაპარმა დამარწმუნა ამაში. მაგალითად, ქალბატონ მეგი გოცირიძეს არც მაშინ შერცხვენია, როცა გამოგონილი ამბავი მამას ინსულტის შესახებ მთელი მონდომებით აიტაცა და აპიარა და არც მაშინ, როცა, თითქოს, სამძიმრის სახით, გვირგვინი დადო ბებიას სახლის ჭიშკართან. რომ არა ის ორი ფაქტორი, რომ ქალბატონი ბრძანდებით და ასაკით ბებიად მეკუთვნით, საქმეს სხვანაირად წარვმართავდი და პასუხსაც გაგებინებდით, თუმცა თქვენდამი ჩემი ასეთი ყურადღება ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. ისიც ვიცი, თქვენნაირი მენტალობის ადამიანებს მორალის თემები არც ესმით და არც აწუხებთ.
მივმართავ მათ, ვინც პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ვალდებულნი არიან ესმოდეთ, რას ნიშნავს უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება _ ჟურნალისტებს: სანამ ჩემ წინააღმდეგ ცილისმწამებელ ინფორმაციას გამოიყენებთ, ერთი დამამტკიცებელი საბუთი მაინც მოიძიეთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად მოგთხოვთ პასუხს კანონის ფარგლებში.
დაბოლოს, ვისაც შეგიძლიათ თეთრის შავისგან გარჩევა და სიმართლის დანახვა: კლუბი „ბასიანი“ ჩემი არასდროს ყოფილა, არც რამე კავშირი მაქვს მის მფლობელებთან და არასდროს ვყოფილვარ ამ დაწესებულებაში. პირადად მე და მთელ ჩემს ოჯახს დიდი სურვილი გვაქვს ამ კლუბში მომხდარი „მკვლელობების“ გამოძიებისა და დამნაშავეების სასტიკი დასჯის. იმედია, ასეც მოხდება.
მე კი გულწრფელად თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას.
მუდამ თქვენი ბერა“, _ დაწერა ბერამ სოციალურ ქსელ Facebook-ში მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, მეგი გოცირიძემ, იგივე სოციალური ქსელით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
„ბერა ივანიშვილის კლუბი „ბასიანი“ ნამდვილ სასაკლაოდ იქცა, სიგარეტსა და პრეზერვატივებთან ბრძოლას, ნარკორეალიზატორებს უნდა ებრძოდეს ხელისუფლება, მაგრამ არ ებრძვის იმიტომ, რომ ერის გენოციდი აქვს განზრახული, ეკოკატასტროფას ვიღა ჩივის, პატარა გოგო-ბიჭების გვამები გამოაქვთ ბერას კლუბიდან!“
ახლა, ზოგმა, შეიძლება, უბრალო დამთხვევად მიიჩნიოს, მაგრამ ფაქტია _ ღამის კლუბებში, მათ შორის, „ბასიანშიც“ „ბართლომეს ღამე“ სწორედ ბერას განცხადების მერე ჩატარდა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ძალოვნებმა ღამის კლუბების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ გაილაშქრეს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ხმა, „ბასიანს“ ბერა მფარველობსო, გაექარწყლებინათ.
ცნობისთვის: 2011 წელს ბერამ კლიპი _ „ქართული ოცნება“ გადაიღო, რომლითაც ახალგაზრდები „ოცნებით“ მიიზიდა. ამასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ბერას კიდევ ერთი ახალი კლიპის _ „გპირდების“ პრემიერა შედგა. მაშინ ითქვა, რომ 17 წლის მომღერალმა პოლიტიკა და შოუბიზნესი ერთმანეთს შეუთავსა. ამის გამო ბევრმა ბერა გააკრიტიკა და თქვა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის რეპის გამოყენება არაეთიკური იყო.
2011 წელსვე ბერას კლიპზე _ „ქართული ოცნება“ მედია ბერას სწერდა. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ:
„რა მუსიკალური ღირებულება გააჩნია ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს „ქართული ოცნება“ და რა მესიჯებს უგზავნის სიმღერის ტექსტის მეშვეობით ქართველი მილიარდერის შვილი საზოგადოებას?
ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის აზრით ბერას კლიპის ტექსტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მესიჯებს იმეორებს:
„მსგავსი კლიპების კეთების გამოცდილება არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში არსებობს, განსაკუთრებით ამერიკაში“, – ამბობს ნინია კაკაბაძე. მისივე თქმით, კეთდება პოლიტიკური დატვირთვის მქონე კლიპები, თუმცა მათი უმეტესობა, უბრალოდ, იმისთვისაა, რომ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდოს, მაგრამ დამალული არაა შემსრულებლის სიმპათიები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.
„ამერიკის ბოლო არჩევნებს თუ გავიხსენებთ, ყველამ იცოდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ არჩევნებში მონაწილეობისკენ, იყვნენ დემოკრატების მხარდამჭერები“, _ დასძენს კაკაბაძე. მისივე აზრით, ასეთი კლიპები ძალიან ხშირ შემთხვევაში კარგად მუშაობს და დიდი ეფექტი აქვს: „ამ სიმღერაშიც არის გარკვეული პოლიტიკური მესიჯები, თუმცა ბევრად უფრო გამაღიზიანებელი, მაგალითად, მუდმივად „ქართულზე“ აპელირება“. ნინია კაკაბაძე ფიქრობს, რომ საქართველოში, რომელიც მულტიკულტურული ქვეყანაა, სასიამოვნო არაა სიტყვა „ქართულზე“ ასეთი დიდი აქცენტის გაკეთება:
„ყველაფერი ქართული“, „გაგება ქართული, კაცობა ქართული“, _ ეს მესიჯები არ არის ჩემთვის მისაღები. არ აქვს მნიშვნელობა, მას პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი ავრცელებს, თუ მისი შვილი ბერა ივანიშვილი“, – ამბობს ნინია კაკაბაძე. მისი აზრით, ბერას კლიპი ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური კლიპია, რომლის მსგავსიც საქართველოში მრავლად მოგვისმენია:
„ჩვენ კარგად გვახსოვს ლევან გაჩეჩილაძისთვის დამზადებული მუსიკალური კლიპები, რომელთაც, ძირითადად, მისი ძმა „უცნობი“ ასრულებდა, ასევე ძალიან კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილისთვის შექმნილი მუსიკალური კლიპები, მაგალითად, „მიშა მაგარია“, რომელიც ერთ-ერთმა მისმა მინისტრმა შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ბერას კლიპი ხარისხით ან შინაარსით რომელიმეზე მეტი ან ნაკლები იყოს… ბერას კლიპი შეიძლება გახდეს პოპულარული, თუმცა მე გული მწყდება, რომ ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური კულტურა არ ვითარდება, არ ვითარდება ეს ჟანრიც, რასაც პირობითად პოლიტიკური მუსიკა შეგვიძლია დავარქვათ. დაველოდოთ, იქნებ მომავალში ბერამ რაიმე განსხვავებულიც შემოგვთავაზოს „ქართული ოცნების“ გარდა და სიტყვა „ქართული“ მაინც ჩაანაცვლოს რაიმე სხვა სიტყვით“.
ბერას კლიპი უკვე არსებულ კლიპებთან ასოცირდება მუსიკის კრიტიკოს ბიძინა მაყაშვილის აზრითაც:
„სიმღერაში არაფერი ახალი არ არის, რიტმებით დაწყებული, ტექსტით დამთავრებული. თვითონ ეს სტილი თავისუფლებას უნდა ქადაგებდეს, რასაც ვერ ვიტყვით ამ კლიპის შემთხვევაში. მე ასოციაცია გამიჩნდა, რომ ყველაფერი ვიღაცის მიბაძვა და მიმსგავსებაა. მაგალითად, კლიპში გამოყენებულმა შავმა მაისურებმა ცნობილ რეპერ Eminem-ის მიერ გამოყენებული თეთრი მაისურები გამახსენა. ასევე გამიჩნდა ასოციაცია „უცნობის“ კლიპთან, რომელიც შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გამოიყენა, მაგრამ ეს შეიძლება უბრალოდ ჩემი ასოციაციებია, ვიზუალური თუ მუსიკალური“.
მაყაშვილის თქმით, საზღვარგარეთაც იწერება მუსიკა, რომელიც შემდეგ ამა თუ იმ პოლიტიკურ მოწოდებებთან გვიქმნის ასოციაციას, მაგრამ მათგან განსხვავებით, საქართველოში ყველაფერი პირიქითაა:
„ლენონს აქვს რამდენიმე სიმღერა, მაგალითად, „power to the people“, რომელიც შემდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ჰიმნად იქცა. ანუ ჯერ სიმღერა დაიწერა და შემდეგ მიიღო რაღაც დატვირთვა. ჩვენთან პირიქითაა, პოლიტიკური მიზნით კეთდება სიმღერა. საზღვარგარეთაც ხდება, რა თქმა უნდა, დაკვეთით მსგავსი სიმღერების კეთება, მაგრამ ჩვენთან თავიდანვე გამოკვეთილია, რომ ეს პოლიტიკური სიმღერაა. მუსიკალურად მაინც რომ მომწონდეს, კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს, მაგრამ მუსიკალურადაც არ ვარგა“.
მაყაშვილის თქმით, რეპში ტექსტს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ბერას სიმღერის შემთხვევაში კი „ტექსტიც ბანალური და გამაღიზიანებელია“. ბიძინა მაყაშვილი ნინია კაკაბაძის მსგავსად აღნიშნავს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მსგავსი აქცენტების დასმა და ქართველობაზე ხაზგასმა მიუღებელია.
სხვათა შორის, ბერას პოლიტიკური მესიჯების შემცველი კლიპები ტელევიზიებით კი არა, როგორც წესი, ინტერნეტით ვრცელდება ხოლმე.
2011 წელს ბერამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„ყველა მედიასაშუალებამ უარი თქვა ამ კლიპის გაშვებაზე, მხოლოდ youtube-ზე შევძელით მისი ატვირთვა“.
რაც შეეხება ბერას ბოლო კლიპს, ანუ როგორც თვითონ უწოდებს, სუბტიტრულ სიმღერას, „3 წლის დაგროვილი სათქმელი“, _ ამ მინაწერით გამოქვეყნდა „ჩემო ძმაო“ ბერა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე.
„მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს“, _ ეს არის ფრაზა აღნიშნული კლიპიდან. მართალია, პოლიტიკაში დაბრუნებული ყოფილი პრემიერის მომღერალი შვილი უშუალოდ სასულიერო პირებს არ ახსენებს, მაგრამ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბერას ბოლო სიმღერამ „ციანიდის სკანდალის“ საიდუმლო რაღაცნაირად ამოხსნა, ანუ გამყარდა ეჭვი, რომ „ციანიდის საქმე“ „ოცნების“ მაღალჩინოსანთა აქტიური მონაწილეობით შეიკერა.
ამასთან, საგულისხმოა კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც ბერამ გააჟღერა:
„როცა არ ვიქნები აქ, მაინც ვიქნები აქ!
ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე,
ვინც მატყუებენ ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე,
როგორ იზრუნონ შენზე, არ ფიქრობენ თავის შვილებზე,
ისტორია არ ლაპარაკობს გამოგონილ გმირებზე!“
რა გამოდის? _ ბერა ამბობს, მაშინაც აქ ვიყავი, როცა არ ვიყავიო და ეს ფრაზა შეგვიძლია, ალეგორიულად, მამამისის ნათქვამად მივიღოთ, ანუ ბიძინა ივანიშვილმა ჩინოვნიკებს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, კორუფციაში არიან ჩაფლულები, შვილის პირით მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, _ ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის და ჩემ წინ სირბილს არავის შეგარჩენთო.
ბერა შემთხვევით, ალბათ, არც „გამოგონილ გმირებს“ ახსენებს და ისიც არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ამბობს, ჯერ არავინ გამდიდრებულა კომენტარების წერითო.
ცნობილია, რომ სუს-ში, სოსო გოგაშვილის მითითებით, არაოფიციალური სამსახური იყო შექმნილი, რომლის არაოფიციალურ თანამშრომლებსაც ჰონორარებს სოციალურ ქსელში სტატუსების დაწერისა და სხვების გაშავებისთვის უხდიდნენ, თუმცა ბოლო დროს ეს, როგორც ელისო კილაძე ამბობს ხოლმე, „კარმუშკა“ დაიხურა.
ბერას კლიპს ამ დროისთვის youtube-ზე 690 ათასზე მეტი ნახვა აქვს, თუმცა აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ბერას ახალი სუბტიტრული სიმღერა არ მოუსმენია:
„გამიჭირდება კომენტირება, რადგან ეს კლიპი უშუალოდ არ მაქვს ნანახი, შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ, რის გამოც ქოცებმა კობახიძე სოციალურ ქსელში დაგმეს და გააქილიკეს.
ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი _ სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს, თუმცა პოლიტიკური აქტიურობით ყველაზე მეტად ბერა გამოირჩევა.

გიორგი აბაშიძე