ჯინსის ჩოხა, დედისერთა ფაშისტი და ჰარის თეთრი აჩუა

ბოლო ხანებია, გაწყდა წელში გუგულა ძალო, _ მაღრაძე. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ლამისაა და შპაგატში ჩაჯდეს, მნიშვნელოვანი თემებიდან რომ როგორღაც მოგვწყვიტოს, აგვაყაყანოს და ცოტა ეს მშიერი თავებიც შეგვაქცევინოს სანახაობით, რომელსაც ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე ქმნის _ თავისი რეპლიკებით თუ ხანაც ვრცელი მონოლოგებით. აი, ასე, ამოატრიალებს ვედროს, ჩამოჯდება იმ ვედროზედ და დაამღერებს რასმე _ გულში ჩამწვდომს, ისეთს, რომელზეც მერე დღეები და კვირები გაგვაქვს და გამოგვაქვს, ვთუხთუხებთ, ვფუხფუხებთ და ამასობაში გადის დრო, ხდება მოვლენები, რომელზედაც რეაქცია უნდა გვქონდეს და ამ გუგულობანაში გვეპარება ყურადღების მიღმა…

გაწყდა წელში _ ჯერ პაპიროზი აგვიკრძალა, მერე ტკბილეულს მისდგა, კალორიებს, ბილწსიტყვაობას, ცოტაც და ძილის დროს თვალების დახუჭვასაც აგვიკრძალავდა, ეს დალოცვილები რომ არ შეხიდებოდნენ.
აქეთ პატარა ზუგდიდის საკრებულო და იქით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. ამათ ჭირით, იმათ ლხინით. ამათ _ დამჯდარი დამარხვა დაგვიკანონეს, იმათ კიდევ „იმფერი“ რძალი შეიყვანეს ჭერქვეშ, მთელი საქართველო აალაპარაკეს. ამ ორ ამბავს შუა კი განიფინა ამბები დედისერთა ფაშისტისა, მორჩილ სოსანას გამხელილი ცუკერბერგ-სოროსის გეგმები ჩვენს ფიზიკურ ამოწყვეტაზე, ასევე დახეული ჯინსებისა და ტატუებისა _ უკვე ჩვენს გადაგვარებაზედ…. მართალია, გუგულა ძალომ ტკბილის ჭამა აგვიკრძალა და დავით გურამიშვილის შეგონება (ჯერ მწარის და შემდგომ ტკბილის ჭამასთან დაკავშირებით) ანტიკონსტიტუციურად გამოგვიცხადა, მე მაინც ჯერ მწარე ამბიდან დავიწყებ და ტკბილზედ შემდეგ გადავალ.
გასკდა ამბავი იმისა, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ზუგდიდის საკრებულომ _ მიცვალებულის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვა დააკანონეს. პირველი აზრი, ფიქრი, ვერსია, რაც ყველას თავში მოუვიდა ის იყო, რომ მიწას ზოგავენ, იმდენ მიწას აღარ იმეტებენ და უფრო პატარა ფართობში გვმარხავდნენ. არადა, გაირკვა, რომ მათი მიღებული კანონი თითო საფლავისთვის 12 კვ.მ. მიწის გამოყოფას ითვალისწინებს. 12 კვადრატული მეტრი კაი „სპალნის“ ფართობია _ ოთხი სამზე. ამ ფართში კაი ორსაწოლიანიც ჩაეტევა თავის „ტუმბოჩკებით“ და „ტრილიაჟით“. და თუ ამხელა ფართს აძლევ, მოკუნტვა რაღა საჭიროა? გარდა ამისა, ძალიან ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდა კაცს _ ამ დადგენილებით ვერ ირკვევა, „ტაბურეტკას“ ჩაგვატანენ თუ ისე უნდა ჩავჯდეთ? ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მე თუ მკითხავ, ძაან არსებითია, პირდაპირ კუბოში გსვამენ, ტაბურეტზე გაჯენენ თუ „გარშოკზე“. ამ კანონით არც ის ირკვევა, ფეხის ფეხზე გადადება შეიძლება თუ მოწაფესავით „სმირნაზე“ გაჯგიმული უნდა იჯდე მაინცდამაინც?
მაგრამ რა დროს ეს კითხვებია, მადლობა ვთქვათ, რომ „რაკამ“ დამარხვა არ დააკანონეს… ეს კანონი რომ გავიგე, პირველი ის ვიფიქრე, რა ვქნა, სიკვდილზე დროულად ხომ არ ვიფიქრო, სანამ ასეთივე კანონი გორშიც არ მიუღიათ-მეთქი და ცივი წყალი გადამასხეს, თურმე ნუ იტყვით და ზუგდიდამდე ასეთი კანონი სხვა საკრებულოებსაც მიუღიათ და რატომღაც, მაინცდამაინც, ზუგდიდის საკრებულოს გაუბაზრდა. სხვა საკრებულოებმა ჩუმ-ჩუმად მიიღეს ეს წესი _ მკვდრის მჯდომარედ ჩარგვის.
ეს ამბავი რომ გასკანდალდა და ატყდა ზრიალ-წრიალი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ თავი გამოიდო და „გააპრავა“, _ ეგ წესი იმიტომ მივიღეთ, ხან უპატრონო მიცვალებულები მასე მჯდომარე მდგომარეობაში იყინებიან და ჰორიზონტალურად ვერ ვმარხავთო… გეკითხებით, ასეთი რა ცოდვა მიგვიძღვის ღვთისა და ერის წინაშე, რომ ხულოელებს, ხაშურლებს, ახმეტლებს ეჩვენებათ, რომ მეტრო აქვთ და მოსაკრებელს ადგენენ და ზუგდიდლებს კიდევ თავი ციმბირში ჰგონიათ… ასეთს რას ეწევიან და ასეთს რას ყლაპავენ?
მოკლედ, ამათ კანონის შემყურეს ისღა გრჩება, ლუარსაბ თათქარიძესავით გაგორდე და სხვებსაც შესძახო, სანამ დროა, წამოწექით, წაწექით, მიწექით, მოწექით, თორემ მოვა სიკვდილი და ჯდომა მერეც გეყოფათ! ისე, ლუარსაბზე ფართოდ კი გვმარხავენ, ხომ იცით? ილია ჭავჭავაძე გარკვევით წერს: „ნუთუ ნახევარი საუკუნე იმისთვის იცხოვრეს, რომ ოთხი ფიჭვის ფიცარი ეშოვათ და სამ-სამი ადლი მიწა?“-ო.
ადლი 101,15 სანტიმეტრია. უხეშად რომ ვთქვათ, მეტრი. ანუ იმ დროს სამ-სამ მეტრ მიწაში აბინავებდნენ, ახლა 12 მეტრს იმეტებენ, მერე რა, რომ გვაჯენენ… ამ თემაზე რაღა არ ითქვა და რაღა არ დაიწერა ფეისბუკსა შინა, აგერ ირინა სარიშვილმა ინატრა: „ღმერთო, იქამდე წამიყვანე, სანამ ესენი შპაგატზე დამარხვის წესს მიიღებენ, დამჯდარს კიდო გაუძლებ“…
ისე, ჩვენ ახლა გავიკვირვეთ და ოდესღაც მართლა მარხავდნენ დამსხდრებს საქართველოში. ამის შესახებ თავის პოსტში თამარ ცოფურაშვილი წერდა, რომელსაც, თავის დროზე, გახსნილი სამაროვანი უნახავს, როცა რადიორეპორტაჟისთვის არქეოლოგიურ გათხრებზე მისულა: „ცარიელ საფლავებს რომ ჩავხედე, გამიკვირდა, ძალიან პატარა ადგილი იყო, აქ როგორ ატევდნენ-მეთქი? _ ორად მოხრილებსო, _ მითხრა ერთ-ერთმა. თან მივდიოდით, თან ვლაპარაკობდით. თუმცა ახლავე გაჩვენებო და სანამ აზრზე მოვიდოდი, პირდაპირ ზედ წამაყენა ძვლებიან საფლავს.
ზუსტად იმხელაზე ვისკუპე უკან, ჯანმრთელი მამალი კენგურუ რომ ისკუპებს დინგოს დანახვაზე… 🙂
მოკლედ, ჯერ ქრისტიანობის გარიჟრაჟზე დაგვაბრუნეს, ეპისკოპოსები ერთმანეთს რომ წამლავდნენ და ურწმუნოებს სცემდნენ, მერე ბრინჯაოს ხანაში. საბოლოო პუნქტი, ალბათ, ზეზვას და მზიას ეპოქა იქნება…“
ზეზვამდე და მზიამდე, მართლაც, არცთუ შორია, თუ გავიხსენებთ, რა ამბები გამოვიარეთ ამ 17 მაისს. თუმცა მოლოდინი ისეთი მძიმე იყო, რაც მოხდა რაღას ვჩიოდით. აქეთ მარშისტები დარბოდნენ, იქით _ ფაშისტები, ცალკე მღვდლები იცავდნენ ოჯახის სიწმინდეს მრევლთან ერთად, ვიღაც ჩოხებში იყო გამოფენილი, ვიღაც ცხენზე ამხედრებული აბჯარ-მუზარადიანიც დადიოდა რუსთაველზედ და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნებოდა _ გაძლიერებული დაცვის პირობებში. მართალია, ამ დღეს ყველაფერი ერთი არასრულწოვნის მიერ გამომსვლელისთვის მოქნეული მუშტით დასრულდა, მაგრამ რაც იმ დღეს ამბები და აზრები ტრიალებდა, მხოლოდ დიდ სიბნელეზე და წყვდიადზე მიუთითებს და არა უბრალოდ იმაზე, რომ აქ რაღაც ჯგუფებს მათგან განსხვავებული აღიზიანებს.
ვიღაც მოსთქვამს, რომ თურმე ტატუ ეშმაკისაა და ღმერთს რომ სდომოდა, თვითონ დაგვახატავდა. აი, ადამიანს რომ თავიდან ასეთი წვეტიანი აზრი ამოუვა, როგორ გინდა, რომ გადაუქლიბო? უნდა დადგე და უხსნა, რომ ამავე ლოგიკით ღმერთი დედიშობილა გვაჩენს და რომ უნდოდეს, თავადვე ჩაგვაცმევდა, ე. ი. მთელი ტანისამოსი გასახდელ-გადასაყრელია. ისინი კი ნაცვლად ამისა, დახეულ ჯინსებში ხედავენ მთელ საფრთხეს, რომელიც ოჯახის სიწმინდეს ემუქრება. მოდის ქართულ კაბაში გამოკვანწული ქალბატონი და მოგვძახის, აი, ასე გვინდა იარონ ქართველებმა და არა დახეული ჯინსებით და გამოგლეჯილი შარვლებითო. რომ გითხრათ, ეს ჩვენი ისტორიული კოსტიუმი კარგად მოქმედებს ამ ჩვენს თანამედროვე მამულიშვილებზედ-მეთქ, მაგრად მოგატყუებთ. აგერ, ბატონო, ჩოხაში გამოკვანწულმა ვაჟკაცმა ამაღლების ნაცვლად ხარება მოგვილოცა ეკრანებიდან. ეგრე გააგრძელონ სხვების ლოგინში ჭოგრიტით ყურება და მალე შობას წითელ კვერცხებსაც გააგორებენ.
მოკლედ, ოჯახის სიწმინდე დაიყვანეს ტატუების ტაბუმდე, გამოხეული ჯინსების აკრძალვამდე და ჩოხების ჩაცმამდე. არ მიყვარს ეს დახეული ჯინსები და არც მაქვს, მაგრამ იმდენს იზამენ, დახმარებას მეზობლის ცუგას ვთხოვ… ან, ნეტავ, ჯინსის ჩოხა რომ ჩავიცვა, თუ მოვიგებ ორივე მხარის გულს? თუ ორივე ერთად ჩამმარხავს, თან ჩამჯდარს?
დახეული ჯინსი ბილწავს თურმე ოჯახის სიწმინდეს და არა გარე-გარე მსუბუქ ქალებში მონავარდე ქმარი და ცალკე ათასი კლდის დამლაშქრავი ცოლი… თურმე ცოლების უმოწყალოდ ხოცვა კი არ ყოფილა საგანგაშო, რომელიც ასე გახშირებულია, არამედ გაშორების სტატისტიკა. გამოვიდნენ, ქუჩები დალაშქრეს, იზეიმეს ოჯახის სიწმინდის დღე… თუმცა კვლავ გაურკვეველი რჩება მთავარი კითხვა, _ რატომ, მაინცდამაინც, 17 მაისს? ნუთუ, მათ ოჯახის სიწმინდეს ის პირები უქმნიან საფრთხეს, ვინც ამ დღეს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს? კარგად ვერ ვიგებ და იქნებ, ვინემ ამიხსნას, თუ არც ცოლია ლგბტ პირი და არც მისი ქმარი, მათი ოჯახის სიწმინდეს როგორც ხელყოფს მესამე ლგბტ პირი? ხანჯალივით შუაში ჩაუწვება თუ ლამპით ხელში შეუვარდება? თუ მათ წმინდა კერაზე გადაჭიმავს ცისარტყელას?
წმინდა ოჯახი ან გაქვს, ან არ გაქვს და იმ ოჯახის სიწმინდე შენს სიყვარულსა და ერთგულებაზეა და არა იმაზე, სადღაც როგორ ცხოვრობს ვიღაც მესამე პირი _ შენთვის მისაღებად თუ შენთვის მიუღებლად. ეს ყველაფერი მაინც ლირიკაა, მთავარი ისაა, ვინც წელს ეს დღე ასე ზარზეიმით აღნიშნა, მათ ოჯახში მომავალ 17 მაისამდე ცოლი არ დაიკლას და გაისადაც დაე, ასე ერთად იზეიომონ ეს დღე. ესაა მთავარი, სხვას რაღას დავეძებთ…
მარშისტები არ გვეყოფოდა და ახლა ასპრეზზე ფაშისტები დაწინაურდნენ. ღუდუშაურში მისვენებული სანდრო წამებული არ გვეყოფოდა და ახლა ეს ნეოფაშისტი არ გადაწვა? კონსტანტინე გამსახურდია რომ წერს, სიკვდილშიც არ ჰქონიაო ბედი მეფე გიორგის, ჩვენი საქმეც ზუსტად ასეა _ ფაშისტებშიც არ გვქონია ბედი…
ფაშისტი გვყავს პაციფისტი _ 2008 წელს ომში არ ვყოფილვარ, დედისერთა ვარო, იმ დროს ვსწავლობდიო. კარგი, გავიგეთ, რომ დედისერთა ფაშისტი გვყავს, ისიც გავიგეთ, რომ ომში არ ყოფილა და ომის დროს სწავლობდა… მაგრამ ოთხოზორიას დროსაც რომ სწავლობდა, თურმე? დიახ, ასე განაცხადა: „ოთხოზორიას შემთხვევაში მე გასული ვიყავი ქვეყნის გარეთ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ. სასწავლებლად ვიყავი“.
ეს კაცი 2008 წელს სწავლობდა, 2016 წელს სწავლობდა, გამაგებინეთ, ეს კაცი ფაშისტია თუ „ვეჩნი“ სტუდენტი პიოტრ სერგეევიჩ ტროფიმოვი ჩეხოვის „ალუბლის ბაღიდან“?
თან რომ გვემუქრება? გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებსო. ვერ გავიგე, ამათი სულიერი ლიდერი გებელსია, მუსოლინი, ჰიტლერი თუ ჩანგლის მოხმარებით განთქმული ლალი მოროშკინა?
ფაშისტების უთომ რა უნდა გვიქნას, თურმე ჩვენი მთავარი მტერი ცუკერბერგი ყოფილა სოროსთან ერთად. დიახ, პარლამენტთან ნაცისტების მიტინგზედ სიტყვით გამოსულმა მორჩილმა სოსანამ გვამცნო, ცუკერბერგსა და სოროსს ქართველი ერის შემცირების გეგმა აქვთო. ავარიებში თურმე ასი ათასი ქართველი უნდა ამოწყდეს, მისი თქმით აქედან 75 ათასი მანქანების შეჯახების შედეგად უნდა დაიღუპოს, 25 ათასი კი ქვეითთან შეჯახებისას. მარტო ეს კი არა, ფაროსანა, თურმე, ამ გათახსირებულ ცუკერბერგსა და სოროსს შემოუსევია. აი, რა გინდა, რომ ელაპარაკო? თურმე, ისე გავმრავლდით ქართველები, ჩვენს შემცირებაზე დაუწყია ზრუნვა ცუკერბერგს. მაგრამ როგორ? სოსანა არ ამხელს და მე გაგიმხელთ: ფეისბუკი ჩვენ ამოსაწყვეტად შექმნა, აი, ასე, ფეხით სიარულისას თუ საჭესთან ჯდომისას ფეისბუკში გავერთობით და ერთმანეთს შევასკდებით და ამოვწყდებით. არ მკითხოთ, ახლა, ამ ამბავში სოროსი რა შუაშიაო?.. ცოტა მარტივი რამე მკითხეთ, როგორც ძველ ანეკდოტშია, ნარკუშას რომ ყიფშიძის ქუჩას ეკითხებიან… არადა, რეალურად სწორედ ცუკერბერგმა დაგვანახვა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ _ ხილული გახადა ყველას ფიქრები და აზროვნება… ვსქროლავ ფეისბუკს და ხანდახან ვფიქრობ, როგორც ბიძგვინას პინგვინი ცაში არწივად არ აიჭრება, ისე ამ ქვეყნისგან სახელმწიფო არ დადგება…
რაც შეეხება პრინც ჰარისა და მეგანის ქორწილს… ვკითხულობდი პოსტებს და მანდაც საბოლოოდ ვრწმუნდებოდი, რომ მპოსტავთა უმეტესობის ადგილი ამოტრიალებულ ვედროებზეა, „ტაბურეტკის“ ღირსიც არ არიან… ისე ჭორავდნენ სამეფო ოჯახს, გეგონება მათ მულიშვილს მოეთრიოს ცოლი შუაღამისას… შეუფასეს კაბა, წელი, წვივი, მუხლი, თეძო, მკერდი, კანის ფერი და ასაკი. ივიშვიშეს, ისლუკუნეს, იხითხითეს… მგონი, მივხვდი, რატომაც გადაიტანეს ასე მძიმედ ჰარის ქორწინება. ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ მათ მიადგებოდა ჰარი თეთრი აჩუით…

რეზო შატაკიშვილი